დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 18.10.2017
საქმის ნომერი
ას-1028-948-2017
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.10.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№330210016001384343

საქმე №ას-1028-948-2017 18 ოქტომბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს უ- ს- გ-ია (მოპასუხე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ე -ი“ (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 07 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1.1. სს „ე--მა“ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი აღძრა მოპასუხე შპს უ. ს- გ--იის (შემდეგში: მოპასუხე ან აკადემია) წინააღმდეგ და მოითხოვა: 10637.67 ლარის დაკისრება; მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე არსებულ ცენტრალურ შესასვლელზე თვითნებურად დამონტაჟებული სარეკლამო ბანერის დემონტაჟი; მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე თვითნებურად დამონტაჟებული შენობის ე.წ. „საქვაბის“ დემონტაჟი.

2. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ 2010 წლის აგვისტოდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, ქარხნის მთავარ შესასვლელთან, თვითნებურად, განათავსა სარეკლამო ბანერი 13,59 კვ.მ ფართობით და შენობა 11,92 კვ.მ ფართობით, ე.წ ,,საქვაბე”. მოსარჩელის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხე არ წყვეტს დაკავებული მიწის ნაკვეთით სარგებლობას [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 172-ე მუხლი].

3. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე კომპანიის საქმიანობის საგანს წარმოადგენს მიწის ნაკვეთების იჯარით გაცემა, ხოლო მოპასუხის მიერ დაკავებული ტერიტორიის იჯარით გაცემის შესაძლებლობის შეზღუდვით მოსარჩელე მოკლებულია შესაძლებლობას მიიღოს შემოსავალი საიჯარო ქირის სახით, მოსარჩელეს ადგება ზიანი [სსკ-ის 982-ე მუხლის პირველი ნაწილი].

4. განსახილველ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დანიშნა სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა 2016 წლის 06 ოქტომბერს 11:00 სთ.ზე, რის შესახებაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ეცნობა მოპასუხეს შესაგებელში მითითებულ მისამართზე, აკადემიის მენეჯერის მიერ გზავნილის პირადად ჩაბარების გზით.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 06 ოქტომბერს დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე.

6. მოსარჩელემ იშუამდგომლა მოპასუხის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ [სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილი].

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 06 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 10 637.67 ლარის გადახდა.

8. დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოპასუხემ.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 დეკემბრის განჩინებით საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 06 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 06 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

10. საქალაქო სასამართლომ საჩივარი განიხილა სსსკ-ის 241-ე მუხლით დადგენილი წინაპირობების დაცვით და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის გამოუცხადებლობას სასამართლოს სხდომაზე არ აბრკოლებდა სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული რომელიმე გარემოება, რაც მისი გამოუცხადებლობას საპატიო მიზეზად შეიძლება ყოფილიყო მიჩნეული. საპატიო გარემოების არსებობის დასადასტურებლად საჩივრის ავტორის მიერ წარდგენილი ცნობა, რომლითაც აკადემიის დირექტორი 2016 წლის 05 ოქტომბრიდან 2016 წლის 07 ოქტომბრამდე იმყოფებოდა ამბოლატორიულ მკურნალობაზე, არ იქნა მიჩნეული სსსკ-ის 215-ე მუხლის მიზნებისათვის დაუსწრებელი გადაწყვეტიებლის გამოტანის დამაბრკოლებელ გარემოებად. პირველი, აღნიშნულ ცნობას ხელს აწერდა არა სამედიცნო დაწესებულების ხელმძღვანელი, არამედ მკურნალი ექიმი. მეორეც, ცნობაში არ იყო მითითებული, რომ პაციენტი საჭიროებდა წოლით რეჟიმს და მისი გაადადგილება შეუძლებელი იყო. გარდა აღნიშნულისა, გაურკვეველი იყო თუ რომელ დაწესებულებაში გადიოდა აკადემიის დირექტორი მკურნალობას და იძლეოდა თუ არა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას გამოცხადებულიყო 2016 წლის 06 ოქტომბერს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე.

11. იმავდროულად, საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე 2016 წლის 06 ოქტომბერს დანიშნული სხდომის შესახებ სასამართლო უწყებით ეცნობა 2016 წლის 15 სექტემბერს, რაც მიუთითებდა იმ გარემოებაზეც, რომ მოპასუხეს ჰქონდა გონივრული ვადა, რათა უზრუნველეყო წარმომადგენლის მონაწილეობა სასამართლო სხდომაზე ან კანონით დადგენილი წესით ეცნობებინა სასამართლოსთვის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზები.

12. საჩივრის უარყოფისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი წარდგინა მოპასუხემ.

13. სააპელაციო საჩივარი უარყოფილი იქნა იმავე საფუძვლებით, რაც დასახელებულია ამ განჩინების პ: 10-11-ში.

14. იმავდროულად, სააპელაციო პალატამ უარყო აპელანტის არგუმენტი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთი წინაპირობის - მოთხოვნის იურიდიული მართებულობის არარარსებობის შესახებ [სსსკ-ის 230.2 მუხლი]. ამ თვალსაზრისით, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საჩივრის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე წარმოადგენდა აკადემიის ერთ-ერთ აქციონერს, არ იყო მნიშვნელოვანი მოცემული დავის გადაწყვეტისათვის, რამდენდაც არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას სწორედ ის წარმოადგენდა, რომ მხარე 2015 წლის 1 დეკემბერს გამოეყო სააქციო საზოგადოებას (აკადემიას) და დაფუძნდა შპს „ა–ა“ (100% წილის მოსარჩელე), რომლის საკუთრებაში აღირიცხა 766 კვ.მ ფართზე განლაგებული შენობა, საერთო ფართით 1796,43 კვ.მ (მათ შორის 1 სართული - 602,81 კვ.მ, მე-2 სართული - 592.14 კვ.მ, მე-3 სართული - 601,48 კვ.მ), ხოლო მის გარშემო მდებარე მიწის ფართები კვლავ რჩებოდა მოპასუხის საკუთრებაში და რეგისტრირებული იყო საჯარო რეესტრში მოპასუხის სახელზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას სსკ-ის 982.1 და 172.2 მუხლების სამართლებრივი საფუძვლებით.

15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 07 ივნისის განჩინების გაუქმების მოთხოვნით მოპასუხემ წარმოადგინა საკასაციო საჩივარი, რომელიც ეფუძნება იმავე გარემოებებსა და მოსაზრებებს, რასაც მოპასუხის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი, სახელდობრ:

16. კასატორი სადავოდ ხდის აკადემიის ინფორმირებულობას სასამართლო სხდომის დღის შესახებ და აღნიშნავს, რომ აკადემიის თანამშრომელს ჩაბარდა უწყება არდადეგების პერიოდში. აკადემიას ყავს დამფუძნებლები და დირექტორი, რომლებიც არ იყვნენ ინფორმირებულნი სხდომის დღის შესახებ.

17. იმავდროულად, კასატორი მიუთითებს აკადემიის დირექტორის ვადამყოფობაზე [სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი].

18. კასატორი აღნიშნავს, რომ სხდომის დღის შესახებ სასამართლომ გააფრთხილა აკადემიის გარიგებით წარმომადგენელი, რომელმაც შეწყვიტა აკადემიის ინტერესების დაცვა.

19. აგრეთვე, სადავოა მოთხოვნის იურიდიული მართებულობა [სსსკ-ის 320-ე მუხლის მე-2 ნაწილი].

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 03 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

21. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით სადავოდაა გამხდარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 06 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ 2016 წლის 27 დეკემბრის განჩინების კანონიერება.

22. მოცემულ საქმეზე დადგენილია ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2016 წლის 06 ოქტომბერს 11:00სთ.-ზე დანიშნული მოსამზადებელი სასამართლოს სხდომის თაობაზე მოპასუხე გაფრთხილებული იყო სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. საქმეში წარმოდგენილია გზავნილის ჩაბარების დასტური, რომლითაც დადგენილია, რომ აკადემიის მენეჯერმა 2016 წლის 15 სექტემბერს ჩაიბარა უწყება, რაც მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია. მართალია, კასატორი მიუთითებს გარიგებით წარმომადგენლის მხრიდან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეწყვეტის ფაქტზე, თუმცა, კასატორის მითითებას მნიშვნელობა ვერ მიენიჭება აკადემიის ინფორმირებულობის საკითხის კვლევისას, რამდენადაც როგორც დადგენილია, უწყება ჩაბარებული ჰქონდა აკადემიის მენეჯერს სასამართლოს სხდომამდე ორი კვირით ადრე, რაც შესაძლებლობას აძლევდა აკადემიას დაეცვა მისი ინტერესები სასამართლოში სსსკ-ით დადგენილი წესით.

23. სსსკ-ის 241-ე მუხლი განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

24. ამდენად, მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია გააქარწლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება თუ, დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.

25. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ერთ-ერთი პრეტენზია იმ მოსაზრებას ემყარება, რომ სასამართლოს სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რაც კონკრეტულ შემთხვევაში, აბრკოლებდა მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას.

26. კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და განმარტავს, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები ვერ ასაბუთებს სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის საპატიოობას და აღნიშნავს, რომ იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს მითითებულია სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რომლის ჩამონათვალს განსაზღვრავს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი. იმ გარემოებათა ჩამონათვალი, რომელიც სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისათვის მიიჩნევა საპატიოდ, გულისხმობს ისეთი გარემოების ანდა მოვლენის არსებობას, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოს სხდომაზე მხარის გამოცხადებისათვის ანდა გამოუცხადებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისათვის. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

27. დადგენილია, რომ მოპასუხის სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად აკადემიის დირექტორის ავადმყოფობაზე მითითება იმ საფუძვლით, რომ საპატიო გარემოების არსებობის დასადასტურებლად საჩივრის ავტორის მიერ წარდგენილი ცნობა, რომლითაც აკადემიის დირექტორი 2016 წლის 05 ოქტომბრიდან 2016 წლის 07 ოქტომბრამდე იმყოფებოდა ამბულატორიულ მკურნალობაზე, არ იქნა მიჩნეული სსსკ-ის 215-ე მუხლის მიზნებისათვის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელ გარემოებად. ჯერ ერთი, აღნიშნულ ცნობას ხელს აწერდა არა სამედიცნო დაწესებულების ხელმძღვანელი, არამედ მკურნალი ექიმი. ამასთან, ცნობაში არ იყო მითითებული, რომ პაციენტი საჭიროებდა წოლით რეჟიმს და მისი გაადადგილება შეუძლებელი იყო. ასევე, გაურკვეველი იყო, თუ რომელ დაწესებულებაში გადიოდა აკადემიის დირექტორი მკურნალობას და იძლეოდა თუ არა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას გამოცხადებულიყო 2016 წლის 06 ოქტომბერს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე.

28. საკასაციო საჩივრის მორიგი არგუმენტი კი, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების იურიდიული მართებულობის არარსებობასთან დაკავშირებითაც, იმ დასაბუთებით, რომ მოპასუხე მოსარჩელე საზოგადოების აქციონერი იყო და სხვა აქციონერების მსგავსად მასაც გარკვეული უფლებები ქონდა სააქციო საზოგადოების ქონების მიმართ, უარყოფილია სააპელაციო პალატის მიერ იმ დასაბუთებით, რომ 2015 წლის 1 დეკემბერს სააქციო საზოგადოებას გამოეყო და დაფუძნდა შპს ა-ა (100% წილის მოსარჩელე), რომლის საკუთრებაში აღირიცხა 766 კვ.მ ფართზე განლაგებული შენობა, საერთო ფართით 1796,43 კვ.მ (მათ შორის 1 სართული - 602,81 კვ.მ, მე-2 სართული - 592.14 კვ.მ, მე-3 სართული - 601,48 კვ.მ), ხოლო მის გარშემო მდებარე მიწის ფართები წარმოადგენს მოპასუხის საკუთრებას და ასეთად რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, სამოქალაქო კოდექსის 982.1 და 172.2 მუხლების სამართლებრივი საფუძვლით.

29. საქართველოს უზენაესი სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას და მიაჩნია, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

30. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან ამ კატეგორიის საქმეებზე უკვე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (იხ., სუსგ №ას-104-97-2015, 15 აპრილი, 2015 წელი; 2014 წლის 16 ივნისის Nას-299-281-2014 განჩინება), რომლითაც განმარტებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლები.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

32. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს უ- ს- გ-იის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2.კასატორ შპს უ- ს– გ--იას უკან დაუბრუნდეს 2017 წლის 27 სექტემბერს ელექტრონული საგადახდო დავალებით N0772 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (532 ლარი) 372.4 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე