დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 16.06.2017
საქმის ნომერი
ას-484-452-2017
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.06.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-484-452-2017 16 ივნისი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი, მოწინააღმდეგე მხარე: 1. სს „ა-ა“ (მოპასუხე)

2. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მოსარჩელე)

თავდაპირველი თანამოპასუხე _ შპს „მ-ი XXI +“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 თებერვლის განჩინება

კასატორების მოთხოვნა: 1. გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;

2. გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ხაშურის მინიციპალიტეტის გამგეობამ (შემდგომში _ მოსარჩელე, ბენეფიციარი, მეორე აპელანტი ან მეორე კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „მ-ი XXI +-ისა“ (შემდგომში _ თავდაპირველი თანამოპასუხე ან პრინციპალი) და შპს „ს-ის“ (უფლებამონაცვლე სს „ა-ა“, იხ. სააპელაციო სასამართლოს 02.02.2017წ. საოქმო განჩინება, შემდგომში _ მოპასუხე, გარანტი, პირველი აპელანტი ან პირველი კასატორი) მიმართ და მოითხოვა პრინციპალისათვის 2014 წლის 3 ივნისის #... ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს _ 66 039,04 ლარის, ხოლო გარანტისათვის _ 2014 წლის 23 ივნისისა და 18 აგვისტოს საბანკო გარანტიებიდან გამომდინარე _ 105 451,54 ლარის, ასევე, ექსპერტიზის ხარჯის _ 11 245,63 ლარის დაკისრება.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2014 წლის 3 ივნისს ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #... ხელშეკრულება, რომელის საგანს წარმოადგენდა ქ.ხაშურსა და დაბა სურამში ნაპირსამაგრი და ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 31 დეკემბერის ჩათვლით, ხოლო ღირებულება _ 570 743 ლარით. 2014 წლის 6 ნოემბრის შეთანხმებით ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და მისი ღირებულება განისაზღვრა 566 840.37 ლარით. პრინციპალმა დაარღვია ვალდებულება, კერძოდ, ვადაგადაცილებით შეასრულა 257 891,06 ლარის ღირებულების სამუშაო, ხოლო დანარჩენი ნაწილი არ შეუსრულებია, რის გამოც, ხელშეკრულების მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მან უნდა გადაიხადოს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების (566840,37 ლარის) 0,2 პროცენტის ოდენობით. ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობა შეადგენს 31-ს, პირგასამტეხლოს ოდენობა კი _ 35 144,08 ლარს. ხელშეკრულების მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, პრინციპალი ასევე ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 10%-ის ოდენობით, რაც 30 894,89 ლარს შეადგენს. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების უზუნველსაყოფად გარანტის მიერ 2014 წლის 23 ივნისს და 18 აგვისტოს გაცემულ იქნა საავანსო ანგარიშწორების საბანკო გარანტიები 120 000 და 165 000 ლარზე. ამ საბანკო გარანტიებით სადაზღვევო კომპანიამ იკისრა ვალდებულება, მშენებლისათვის მუნიციპალიტეტის მიერ საავანსო ანგარიშწორების სახით გადახდილი თანხების მოსარჩელისათვის დაბრუნების შესახებ საავანსო ანგარიშწორებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში. პრინციპალმა არ შეასრულა საავანსო ანგარიშწორების სახით გადახდილი თანხებიდან 105 451,54 ლარის სამუშაო, რაც უნდა დაეკისროს სადაზღვევო კომპანიას მოსარჩელის სასარგებლოდ. გარანტი ასევე ვალდებულია აუნაზღაუროს ბენეფიციარს შესრულებულ სამუშაოთა ღირებულების განსაზღვრისათვის ჩატარებული ექსპერტიზის ხარჯები, რომელიც 11 245,63 ლარს შეადგენს.

2. მოპასუხეების პოზიცია:

2.1. მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით პრინციპალმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სამუშაოთა შესრულების ვადის დარღვევა არ იყო გამოწვეული მისი ბრალით, რაც მის პასუხისმგებლობას გამორიცხავს. ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება გამოიწვია მოსარჩელის არაპროფესიონალიზმმა და მათ მიერ არასწორმა, დაუზუსტებელმა და დაგვიანებულმა პასუხებმა შესასრულებელი სამუშაოების პროექტის განმარტების შესახებ. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა არ მისცეს სამშენებლო კომპანიას სამუშაოების გაგრძელების - გაბიონების მოქსოვის ნება შეძენილი მავთულის ხელშეკრულებისადმი შეუსაბამობის მოტივით მანამ, სანამ არ მიიღეს საპროექტოდან დასკვნა მავთულის შესაბამისობაზე. გარდა ამისა, მოსარჩელემ არასწორად არ ჩაუთვალა პრინციპალს გარკვეული სამუშაო შესრულებულად და უსაფუძვლოდ უარყო დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც შესრულებული სამუშაო არის არა 257 891,46 ლარის, არამედ _ 306 126,3 ლარის ღირებულების;

2.2. წარდგენილი სარჩელი ასევე არ ცნო გარანტმა იმ დასაბუთებით, რომ დამატებითი ექსპერტიზის მიხედვით, პრინციპალის მიერ შესრულებულ სამუშაოთა საერთო ღირებულებამ რეალურად 306 126,30 ლარი შეადგინა. საავანსო ანგარიშწორების თანხა, რაზეც გაიცა საბანკო გარანტია, იყო 285 000 ლარი და ეს თანხა მცირდებოდა პრინციპალის მიერ ბენეფიციარისათვის საქონლის, მომსახურებისა თუ სამუშაოების ფაქტობრივი მიწოდებისა და სხვა მიზნობრივი ხარჯვის პროპორციულად. მოცემულ შემთხვევაში, შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება აღემატება ავანსად გაცემულ თანხას. გარდა ამისა, საბანკო გარანტიის პირობებით არ იყო გათვალისწინებული ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფასურის ანაზღაურება. ამდენად, სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან, სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის შესაბამისად, გარანტს შეუძლია უარი უთხრას ბენეფიციარს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ეს მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილოვბრივ დაკმაყოფილდა, პრინციპალს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის 3 ივნისის #... ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს _ 37 516,74 ლარის, ხოლო გარანტს _ 23 037,58 თეთრის გადახდა.

4. აპელანტების მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გარანტმა, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. ამავე გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემაც, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორების მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა და მოითხოვეს შემდეგი:

ა) გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (პირველი კასატორის მოთხოვნა);

ბ) გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (მეორე კასატორის მოთხოვნა).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ ისინი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 03.06.2014წ. მოსარჩელესა და პრინციპალს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #... ხელშეკრულება ქ.ხაშურსა და დაბა სურამში ნაპირსამაგრი და ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის თაობაზე. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა - 2014 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 570 743,28 ლარს. ხელშეკრულების 11.5 პუნქტის შესაბამისად, პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის შეადგენდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,2%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 11.6 პუნქტის მიხედვით კი, ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრებოდა შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 10%-ით. 06.11.2014წ. შეთანხმებით ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეიცვალა და განისაზღვრა 566 840,37 ლარით;

1.2.2. 23.06.2014წ. პირველმა აპელანტმა გასცა საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტია შემდეგი პირობებით:

- გარანტი - ს-ი;

- პრინციპალი - შპს „მ-ი XXI+“;

- ბენეფიციარი - ხაშურის მუნიციპალიტეტი;

- გარანტიის თანხა - 120 000 ლარი

- საბანკო გარანტიის ვადა - 23.06.2014წ.-დან 03.02.2015წ.-ჩათვლით.

- ძირითადი ვალდებულება - ქ. ხაშურში და დაბა სურამში ნაპირსამაგრი და ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოები;

- ვალდებულების საფუძველი - პრინციპალსა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული 03.06.2014წ. ხელშეკრულება N8-;

1.2.3. 18.08.2014წ. გარანტმა კვლავ გასცა საბანკო გარანტია პრინციპალსა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული 03.06.2014წ. ხელშეკრულების საავანსო ანგარიშსწორების უზრუნველსაყოფად, რომელშიც გარანტიის თანხა შეადგენდა 165 000 ლარს. საბანკო გარანტიის ვადა განისაზღვრა - 18.08.2014წ.-დან 03.02.2015წ.-ჩათვლით. ჯამში გარანტის მიერ საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტია გაიცა 285 000 ლარზე. როგორც 23.06.2014წ, ისე _ 18.08.2014წ. საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიებით გარანტმა იკისრა ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე, მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე დაებრუნებინა საავანსო ანგარიშსწორების წესით პრინციპალისთვის გადახდილი თანხა, მაგრამ არა უმეტეს გარანტიის თანხისა, პრინციპალის მიერ პროექტით განსაზღვრული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების საავანსო ანგარიშსწორებასთან დაკავშირებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში. 23.06.2014წ. და 18.08.2014წ. საბანკო გარანტიებში აღინიშნა, რომ გარანტია მოიცავდა ბენეფიციარის მიერ პრინციპალისთვის ფაქტობრივად გადახდილ საავანსო ანგარიშსწორების თანხას და შემოიფარგლებოდა მხოლოდ ამ საავანსო ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული ვალდებულებით, ნებისმიერი სხვა დამატებითი ვალდებულებისა და კერძო თუ საჯაროსამართლებრივი სანქციების გარეშე. გარანტიის თანხა მცირდება პრინციპალის მიერ ბენეფიციარისთვის საქონლის, მომსახურებისა თუ სამუშაოების ფაქტობრივი მიწოდებისა და სხვა მიზნობრივი ხარჯვის პროპორციულად;

1.2.4. ბენეფიციარმა პრინციპალს #... ხელშეკრულებიდან გამომდინარე ავანსის სახით გადაუხადა 285 000 ლარი;

1.2.5. მხარეთა მიერ შედგენილი: 04.09.2014წ., 12.11.2014წ., 19.11.2014წ., 28.11.2014წ., 09.12.2014წ., 29.12.2014წ., 31.12.2014წ., მიღება-ჩაბარების აქტების შესაბამისად, ვალდებულების ნაწილი პრინციპალმა შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადის დარღვევით (2014 წლის 30 ნოემბერი). ბოლო მიღება-ჩაბარების აქტი შედგენილ იქნა 2014 წლის 31 დეკემბერს და ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობა შეადგენს 31-ს. დაუდასტურებელია თავდაპირველი მოპასუხის განმარტებები იმის თაობაზე, რომ შემსრულებელს ბენეფიციარის წარმომადგენლებმა არ მისცეს სამუშაოთა შესრულების უფლება;

1.2.6. ბენეფიციარმა გარანტს 2015 წლის 8 იანვარს მოსთხოვა საავანსო ანგარიშწორების საბანკო გარანტიიდან გამომდინარე 105 451,54 ლარისა და ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფიდან გამომდინარე 11 415 ლარის გადახდა. ეს უკანასკნელი ვალდებულება სადაზღვევო კომპანიამ შეასრულა სარჩელის შეტანის შემდეგ, საქმის მომზადების სტადიაზე და მოთხოვნის ამ ნაწილში შეწყვეტილია საქმის წარმოება 2015 წლის 11 აგვისტოს საოქმო განჩინებით. ბენეფიციარმა 2015 წლის 6 თებერვალსა და 2015 წლის 15 მაისს კვლავ ითხოვა 105 451,54 ლარის ანაზღაურება;

1.2.7. მხარეთა შორის სადავოა პრინციპალის მიერ ფაქტობრივად განხორციელებული სამუშაოების ოდენობა, კერძოდ, პირველი აპელანტის განმარტებით, რაიონული სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას და არ გაითვალისწინა პრინციპალის დაკვეთით ჩატარებული ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც განსხვავებულად აფასებდა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულებას. მხარეთა შორის გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, მხარეები შესრულებული სამუშაოების ოდენობის განსაზღვრის საკითხს უკავშირებდნენ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შედგენილ საექსპერტო კვლევას (ხელშეკრულების 8.4. და 9.4.დ. პუნქტები), ამასთან, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2015 წლის 24 მარტის დასკვნა უფრო სრულყოფილად და დასაბუთებულად პასუხობს ექსპერტის წინაშე დასმულ შეკითხვას საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტთან დაკავშირებით. დასკვნის თანახმად, პრინციპალის მიერ ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებამ შეადგინა 267 844,84 ლარი. 2015 წლის 20 მაისის წერილით ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დააზუსტა ექსპერტიზის მონაცემები და მიუთითა, რომ შესრულებულ სამუშაოთა ხელახალი გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ნაცვლად 185 გრძივი მეტრისა, რელურად მოწყობილი იყო 187 გრძივი მეტრი ყორე-ქვის გაბიონი და აქედან გამომდინარე, შესრულებულ სამუშაოთა რეალური ღირებულება შეადგენდა 268 403,82 ლარს. მხედველობაში იქნა მიღებული ის ფაქტი, რომ დაბა სურამში, მდინარე სურამულას #5 მონაკვეთზე ფაქტობრივად შესრულებულია „ქარგილის მოწყობა და ბეტონის ჩასხმა (ბეტონის მარკა M300) 35,8 მ3, ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული „ბეტონის კედლის ლესვისა“. ასეთ შემთხვევაში შესრულებულ სამუშაოთა მთლიანი ღირებულება, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წერილის მიხედვით, იქნება 261 962,42 ლარი. პრინციპალის მიერ წარდგენილი შპს „ე-ის“ 30.06.2015წ. ექსპერტიზის დასკვნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 24 მარტის დასკვნაში მითითებული ხარჯთაღრიცხვის მოცულობებისა და ღირებულების ადეკვატურია და შეესაბამება რეალურ მონაცემებს, რომლის ღირებულება შეადგენს 268 403.82 ლარს. ამავე დასკვნაში აღნიშნულია, რომ გარდა ზემოაღნიშნულისა, თავდაპირველმა მოპასუხემ ექსპერტს მიაწოდა ინფორმაცია სამი ობიექტის ფიზიკური მახასიათებლების შესახებ და ფოტომასალა. დასკვნაში აღნიშნულია რომ ექსპერტი ხელმძღვანელობს დამკვეთის მიერ მიწოდებული მოცულობებით და აკეთებს დაშვებას, რომ მოცემული ინფორმაცია (სამშენებლო მოცულობები) შეესაბამება რეალურად შესრულებულ სამუშაოების მოცულობებს. აღნიშნული სამი ობიექტის ხარჯთარიღხვის ღირებულება, დასკვნის შესაბამისად, შეადგენდა 37 722.48 ლარს, ხოლო შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება - 306 126.30 ლარს. ამდენად, აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, კვლევის იმ ნაწილში, რის გამოც სამუშაოების ღირებულების დადგენის შესახებ ექპერტიზის დასკვნებს შორის არსებობს განსხვავება, შპს „ე-მა“ იხელმძღვანელა დამკვეთის მიერ მიწოდებული მოცულობებით და გაააკეთა დაშვება, რომ მოცემული ინფორმაცია (სამშენებლო მოცულობები) შეესაბამებოდა რეალურად შესრულებულ სამუშაოების მოცულობებს. მტკიცებულებების არარსებობის პირობებში არ იქნა გაზიარებული მოსარჩელის პოზიცია იმის თაობაზე, რომ გაბიონების ძირითადი ნაწილი არ შეესაბამებოდა პროექტში არსებულ გაბარიტებს, რის გამოც სამუშაო არ უნდა ჩაითვალოს შესრულებულად;

1.2.8. რაიონულმა სასამართლომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,2% მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და იგი შეამცირა 0,04%-მდე, შესაბამისად, ხელშეკრულების საერთო ღირებულებისა (566 840,37 ლარის) და ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობის გათვალისწინებით (31 დღე), პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 7 028,34 ლარით. გარდა ამისა, პრინციპალს ასევე დაეკისრა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების 11.6 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 10 %-ის ოდენობით, რაც ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებისა (566 840,37) და შესრულებულ სამუშაოთა ღირებულების (261 962,42 ლარი) გათვალისწინებით, შეადგენდა 30 487,8 ლარს (304877,95-ის 10%).

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:

ა) პირველი კასატორის შედავება

1.4.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 879-ე და 881-ე მუხლები. ამ შემთხვევაში, სასამართლომ გარანტის პასუხისმგებლობა დაუკავშირა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ექსპერტიზის დასკვნას და არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ გარანტია არ ითვალისწინებდა არც პრინციალის მიერ შესრულებული სამუშაოს რომელიმე ექსპერტის ან სპეციალისტის მიერ შეფასებას და არც ამ სამუშაოს ბენეფიციარის მიერ მიღებას. ამ თვალსაზრისით არც ერთი ინსტანციის სასამართლოს არ დაუდგენია პრინციპალის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მოცულობა და ავანსის მიზნობრივად ხარჯვის ფაქტი. გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (საქმე #ას-425-405-2015);

1.4.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის ფარგლებში კასტორის მიერ წარდგენილი ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა არასწორად იქნა შეფასებული სასამართლოს მხრიდან. სასამართლოს არ შეუსწავლია ამ დასკვნის ის ნაწილი, სადაც აღწერილია შესრულებული სამუშაოების დახასიათება. აღნიშნული დასკვნა, განსხვავებით სამხარაულის ბიუროს დასკვნისა, ასევე მოიცავდა სამი დამატებითი ობიექტის შეფასებას, რის გამოც, შესრულებული სამუშაოს ღირებულება 37 722,48 ლარით განისაზღვრა;

1.4.3. სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლი, რადგანაც საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიის პირობების შესაბამისად, გარანტიის თანხა მცირდებოდა პრინციპალის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მიწოდებისა და სხვა მიზნობრივი ხარჯების გათვალისწინებით. გარანტია გაიცა 285 000 ლარზე და სწორედ ამ ოდენობის თანხა გადაერიცხა პრინციპალს. სამხარაულის ბიუროს 24.03.2015წ. დასკვნის თანახმად, შესრულებული სამუშაოს მოცულობამ შეადგინა 267 844,84 ლარი, პრინციპალის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად კი, შესრულების ოდენობა განისაზღვრა 306 126,30 ლარით, რომელიც მოიცავდა სამხარაულის ბიუროს მიერ შეფასებულ სამუშაოსა და დამატებით სამ ობიექტზე შესრულებულ სამუშაოს. ამ გარემოებებისა და საბანკო გარანტიის პირობების გათვალისწინებით, გარანტიის თანხა უნდა შემცირებულოყო 305 567,32 ლარით, ანუ საგარანტიო პირობების გათვალისწინებით, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულებით და იმ სამუშაოთა ღირებულება, რაც სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში არ აისახა, უნდა ჩაეთვალა ავანსის თანხაში. საბანკო გარანტიის იურიდიული ბუნების თაობაზე კასატორმა მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკაზე: #ას-80-77-2014; #ას-562-871-09; #ას-781-996-08; #ას-161-151-2015; #ას-562-871-09; #ას-781-996-08; #ას-1303-1229-2012;

ბ) მეორე კასატორის შედავება

1.4.4. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 8.3. პუნქტის ფარგლებში ბენეფიციარმა პრინციპალს საავანსო ანგარიშსწორების ფარგლებში სულ 363 342,60 ლარი ჩაურიცხა, რაც ხელშეკრულების ღირებულების 64%-ია, ხოლო ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 257 891,06 ლარი, თანახმად სამხარაულის ბიუროს დასკვნისა. აღნიშნული ხელშეკრულების ღირებულების 45%-ია, შესაბამისად, გარანტის მიერ ბენეფიციარისათვის ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს ხელშეკრულების ღირებულების 19%-ს _ 105 491,54 ლარს (363 342,60 - 257 891,06). შესრულებული სამუშაოებისა და გარანტიის პირობების თანახმად, საავანსო თანხის (285 000 ლარი) პროპორციული თანაფარდობით დაკავებულმა თანხამ შეადგინა 105 451,54 ლარი, რომლის გადახდის ვალდებულების შესახებ 2015 წლის 8 იანვარსა და 6 თებერვალს ეცნობა გარანტს და ამ უკანასკნელს არ უარუყვია აღნიშნული მოთხოვნა;

1.4.5. სააპელაციო სასამართლომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს 0,2%-იდან 0,04%-მდე შემცირება დასაბუთებულად მიიჩნია და არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ იგი ვალდებულების დარღვევის არათანაზომიერი არ იყო. ამ ოდენობის პირგასამტეხლო სწორედ მხარეთა შეთანხმების საგანს წარმოადგენდა და პრინციპალს სწორედ 35 144,08 ლარი უნდა დაკისრებოდა.

1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორთა პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინების დასკვნები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მიღებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები. პალატა საკასაციო პრეტენზიებთან მიმართებით დამატებით განმარტავს შემდეგს:

1.5.1. ბენეფიციარის მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმად, როდესაც საბანკო გარანტიით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება წარმოადგენს დავის საგანს, სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლი გვევლინება. მოხმობილი ნორმის თანახმად კი, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. განსახილველი ნორმის თანახმად, სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ საბანკო გარანტია ცალმხრივი გარიგებაა, კერძოდ, გარანტი ცალმხრივად კისრულობს ვალდებულებას ბენეფიციარის მიმართ განახორციელოს გარკვეული ფულადი შესრულება ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის არსებული სამართალურთიერობის პრინციპალის მხრიდან დარღვევის შემთხვევაში. განსხვავებით ამ სამართლებრივი ურთიერთობისაგან, თავად გარანტსა და პრინციპალს შორის არსებობს დამოუკიდებელი ორმხრივი შეთანხმება, რომელიც საბანკო გარანტიის ნამდვილობაზე გავლენას არ ახდენს (იხ. სკ-ის 890-ე მუხლი). საკასაციო პალატა იზიარებს გარანტის პრეტენზიას საბანკო გარანტიის ძირითადი ვალდებულებისაგან დამოუკიდებლობის თაობაზე (სკ-ის 881-ე მუხლი), თუმცა, როგორც საბანკო გარანტიის, ისე _ კანონის ნორმათა განმარტების საფუძველზე უნდა ითქვას, რომ საბანკო გარანტიის ამოქმედება _ შესრულების იურიდიული ძალმოსილება წარმოიშობა პრინციპალის მხრიდან ვალდებულების დარღვევისას, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სარწმუნო მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს. საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს გარანტის მტკიცებას, რომ მიუხედავად სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ მტკიცებულებად სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს განსაზღვრისა, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს დადასტურება შესაძლებელია ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნითაც, თუმცა, პალატა თვლის, რომ ამ დარღვევას არასწორი გადაწყვეტილების მიღება არ მოჰყოლია შედეგად (სსსკ-ის 393.3 მუხლი), რამეთუ სასამართლომ დასაშვებ მტკიცებულებად მიიჩნია ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა და შეაფასა იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე (105-ე) მუხლით დადგენილი წესით. ამ თვალსაზრისით პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნის სარწმუნოობისა და შინაარსობრივი ხარვეზიანობის თაობაზე და თვლის, რომ გარანტის მხრიდან (მიუხედავად სადავო ალტერნატიულ დასკვნაში დამატებითი შესრულების ღირებულების განსაზღვრისა) ვერ იქნა დადასტურებული პრინციპალის მიერ საავანსო ანგარიშსწორების ფარგლებში ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ოდენობა და შესაბამისობა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობებთან;

1.5.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს გარანტის მტკიცებას მიღებული განჩინების საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკისაგან განსხვავების თაობაზე და განმარტავს, რომ #ას-425-405-2015 სამოქალაქო საქმის მსგავსად, წინამდებარე დავის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მოცულობა, რომელიც ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისათვს, რაც შეეხება კასატორის მიერ მითითებულ სხვა განჩინებებს (#ას-80-77-2014; #ას-562-871-09; #ას-781-996-08; #ას-161-151-2015; #ას-562-871-09; #ას-781-996-08; #ას-1303-1229-2012), ვერც გარანტი მიუთითებს ამ პრაქტიკისაგნ გასაჩივრებული განჩინების განსხვავების ფაქტზე და არც ამ განჩინებებში მოცემული სამართლებრივი შეფასება განსხვადება განსახილველ საქმეზე ქვემდგომი სასამართლოების მიერ გაკეთებული შეფასებებისაგან.

1.5.3. რაც შეეხება ბენეფიციარის პრეტენზიებს, პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ საბანკო გარანტიიდან გამომდინარე მოთხოვნის ოდენობის სადავოობისას, შესასრულებელი ვალდებულების მოცულობის დადასტურების ტვირთი აწევს გარანტს, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილისა, ამ თვალსაზრისით კასატორს სასამართლოსათვის დამაჯერებელი მტკიცება არ შემოუთავაზებია, ხოლო პირგასამტეხლოს ოდენობასთან მიმართებით, გასაჩივრებული განჩინება სრულ შესაბამისობაშია, როგორც სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მოთხოვნებთან, ისე _ სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკასთან (პირგასამტეხლოს შემცირებისა და სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის განმარტების თაობაზე იხ. სასამართლო პრაქტიკა: სუსგ №ას-914-864-2015, 4 დეკემბერი, 2015 წელი).

1.6. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც საბანკო გარანტიიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების, ასევე, პირგასამტეხლოს დაკისრების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორები ვერ მიუთითებენ იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლებოდა ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო, კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივრები, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.

2. მეორე კასატორის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დასაბუთება:

2.1. ბენეფიციარმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა მტკიცებულებების _ საგადახდო დავალებების საქმისათვის დართვის თაობაზე. კასატორის განმარტებით, ეს მტკიცებულებები წარდგენილ იქნა სააპელაციო სასამართლოში, თუმცა, რადგანაც ისინი პირველი ინსტანციით საქმის განხილვისას არ იყო წარმოდგენილი, სააპელაციო სასამართლომ უარი განაცხადა მის მიღებაზე.

2.2. საკასაციო პალატა შუამდგომლობის საფუძვლიანობასთან მიმართებით ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების წინმსწრები საოქმო განჩინება კასატორს სადავოდ არ გაუხდია, შესაბამისად, პალატა ვერ შეამოწმებს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე (3) და 380-ე მუხლების გამოყენების კანონიერებას, რაც შეეხება თავად საკასაციო სასამართლოს მიერ ამ მტკიცებულებების მიღების საკითხს, იგი უსაფუძვლოა, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს შუამდგომლობის გაზიარების საფუძველი, შესაბამისად, მის ავტორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული საგადახდო დავალებების ასლები 3 (სამი) ფურცლად.

3. სასამართლო ხარჯები:

3.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სს „ა-ას“ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 30.03.2017წ. #3025 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1 151,88 ლარის 70% _ 806,316 ლარი;

3.2. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 391-ე, 401-ე, 407-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ა-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

3. კასატორ ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შუამდგომლობა მტკიცებულებათა საქმისათვის დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, მას დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული საგადახდო დავალებების ასლები 3 (სამი) ფურცლად.

4. კასატორ სს „ა-ას“ (ს/კ #...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 30.03.2017წ. #3025 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1 151,88 ლარის 70% _ 806,316 ლარი.

5. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე