დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-363-339-2017 16 ივნისი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ მ. ც-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ თ. ე-ი (მოსარჩელე)
თავდაპირველი თანამოპასუხე _ თ. ჭ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. თ. ე-იმ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, მესაკუთრე ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ჭ-ისა და მ. ც-ის (შემდგომში _ მოპასუხეები, აპელანტები ან მოვალეები, მ.ც-ე _ ასევე მსესხებელი ან კასატორი, ხოლო თ.ჭ-ე _ იპოთეკის საგნის მესაკუთრე) მიმართ მოპასუხეებისათვის 11 000 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2008 წლის 18 იანვარს სს ,,თ-სა“ (შემდგომში _ კრედიტორი, გამსესხებელი ან იპოთეკარი) და მ. ც-ეს შორის გაფორმდა #... საკრედიტო ხელშეკრულება 300 000 აშშ დოლარის სესხად გაცემის თაობაზე, რომლის სესხის უზრუნველსაყოფადაც 2008 წლის 18 იანვრის #...-1 ხელშეკრულებით იპოთეკით დაიტვირთა თ. ჭ-ის საკუთრებში არსებული ქ.ზესტაფონში, ჩ-ას ქუჩა #1-ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ ...). უზრუნველყოფილი თანხის ოდენობა შეადგენდა 41.000 აშშ დოლარს. იპოთეკარსა და თ.ჭ-ეს შორის 2008 წლის 18 იანვარს ასევე გაფორმდა #...-2 ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული ქ.ზესტაფონში, შ-ის ქუჩა #27/21-ში მდებარე უძრავი ქონება, უზრუნველყოფილი თანხის ოდენობამ შეადგინა 6 000 აშშ დოლარი. 2010 წლის 28 იანვარს გამსესხებელსა და მ. ც-ეს შორის გაფორმდა სესხის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულება 50 800 აშშ დოლარზე. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კრედიტორ გ. ს-ის მოთხოვნათა დაკმაყოფილების მიზნით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, აუქციონზე გაიტანა იპოთეკის ორივე საგანი, თუმცა, აუქციონზე გაიყიდა მხოლოდ ქ.ზესტაფონში, ჩ-ას ქუჩა #1-ში მდებარე ქონება. აღნიშნული შეიძინა მოსარჩელემ და ქონება დაირეგისტრირა თავის საკუთრებად, რომელსაც გადაჰყვა მასზე არსებული იპოთეკა. გამსესხებლის სასარგებლოდ დადებული იპოთეკის ხელშეკრულება სესხის უზრუნველსაყოფად მოიცავდა არა ერთ, არამედ ორ უძრავ ქონებას, ორივე ქონება ირიცხებოდა თ. ჭ-ის სახელზე. მოსარჩელემ შეიძინა რა იპოთეკის საგანი, იმის გამო რომ კრედიტორის სასარგებლოდ არსებული ვალდებულების გამო არ გაყიდულიყო მისი საკუთრება, დაიწყო ქონებაზე არსებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის დაფარვა, რომელსაც არ იხდიდა მოპასუხე, შესაბამისად, 2011 წლის 3 ნოემბრიდან 2015 წლის თებერვლამდე იგი ყოველთვიურად რიცხავდა 1 350 აშშ დოლარს. გადახდილმა თანხამ ჯამში 53 935 აშშ დოლარი შეადგინა და შედეგად ორივე ქონებაზე იპოთეკის რეგისტრაცია გაუქმდა.
2. მოპასუხეების პოზიცია:
მარტივი/მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით მოითხოვეს: სასამართლოს გადაწყვეტილებით თ. ჭ-ეს გ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა თანხის გადახდა, რის გამოც იპოთეკის ორივე საგანი სააღსრულებო ბიურომ გაიტანა აუქციონზე. გაიყიდა ჩ-ას ქუჩაზე მდებარე ქონება, ხოლო შ-ის ქუჩაზე მდებარე ქონება არ გაყიდულა. ქონებები იპოთეკით იყო დატვირთული გამსესხებლის სასარგებლოდ მ.ც-ის მიერ აღებული სესხის უზრუნველსაყოფად. მოსარჩელემ ქონების შეძენისას იცოდა, რომ იგი იპოთეკით იყო დატვირთული, ასევე ის, რომ უნდა გადაეხადა იპოთეკის თანხა, ვინაიდან იპოთეკით დატვირთული ნივთის შეძენისას შემძენზე გადავიდა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებაც. გარდა ამისა, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, იგი სახელშეკრულებო ვალდებულებიდან გამომდინარე დავაა და მასზე უნდა გავრცელდეს სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. ვადის ათვლა კი, უნდა მოხდეს 2010 წლიდან, მოსარჩელის მიერ იპოთეკის საგნის შეძენიდან.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილოვბრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 6 000 აშშ დოლარის გადახდა, მსესხებელს ასევე დაეკისრა 5 000 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო იპოთეკის საგნის მესაკუთრისათვის 5 000 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტების მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით მსესხებლის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, იპოთეკის საგნის მესაკუთრის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა ამ უკანასკნელისათვის 6 000 აშშ დოლარისა და პროცესის ხარჯების სოლიდარულად დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით თ.ჭ-ის მიმართ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსესხებელმა, მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. 2008 წლის 18 იანვრის იპოთეკის ხელშეკრულებით, მ. ც-ის საბანკო კრედიტის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა თ. ჭ-ის საკუთრებაში არსებული ქ.ზესტაფონში, ჩ-ას ქ#1-ში მდებარე უძრავი ქონება (რომელიც შემდგომში აუქციონის წესით შეიძინა მოსარჩელემ) და უზრუნველყოფილი თანხის ოდენობა განისაზღვრა 41 000 აშშ დოლარით;
1.2.2. 2008 წლის 18 იანვრის იპოთეკის ხელშეკრულებით იმავე 2008 წელს, ასევე, მ. ც-ის საბანკო კრედიტის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა თ. ჭ-ის საკუთრებაში არსებული ქ.ზესტაფონში, შ-ის ქ#27-ში მდებარე ქონება და უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა 6 000 აშშ დოლარით განისაზღვრა;
1.2.3. იპოთეკის საგნის მესაკუთრის კრედიტორს წარმოადგენდა გ. ს-ე და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, სწორედ მისი მოთხოვნის უზრუნველსაყოფად აუქციონზე გავიდა იპოთეკის ორივე საგანი, თუმცა გაიყიდა მხოლოდ ჩ-ას ქუჩაზე მდებარე ქონება, რომელსაც გადაჰყვა გამსესხებლის სასარგებლოდ (მ. ც-ის მიმართ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად) არსებული იპოთეკა.
1.2.4. მოსარჩელემ შეიძინა რა აუქციონზე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, იმის გამო, რომ მ.ც-ის ვალდებულების შესრულების მზნით ბანკის მხრიდან არ მომხდარიყო მისი საკუთრების რეალიზაცია, 2011 წლის 3 ნოემბრიდან 2015 წლის 3 თებერვლის ჩათვლით ყოველთვიურად 1 349.57 აშშ დოლარის, ჯამში _ 53 982.33 აშშ დოლარის გადახდით, სრულად დაფარა კრედიტის თანხა და შეასრულა #... ძირითადი და #... დამატებითი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მსესხებლის ვალდებულება, რითაც მ.ც-ის მიმართ გამსესხებლის მოთხოვნის უფლება გადავიდა მოსარჩელეზე;
1.2.5. მართალია, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ თ.ჭ-ემ თავდებობის ხელშეკრულებით მ.ც-ის ვალდებულების შესრულებაზე იკისრა სოლიდარული თავდებობა, თუმცა, ამ გარემოებაზე მოსაჩელეს სარჩელში არ მიუთითებია და საქმის მომზადების ეტაპზე არ დაუზუსტებია სარჩელი, არამედ, მისი პოზიცია მთლიანად ემყარებოდა იმას, რომ მოსარჩელის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულებით იპოთეკის საგნის მესაკუთრემ დაზოგა თანხა, მან მხოლოდ პაექრობის ეტაპზე მიუთითა თავდებობიდან გამომდინარე სოლიდარული ვალდებულების ფაქტზე.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:
1.4.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა/განმარტა კანონი და არასწორად შეფასა კასატორის მითითება იპოთეკის, როგორც აქცესორული უფლების თაობაზე, კერძოდ, როდესაც მოსარჩელემ შეიძინა უფლებრივი ნაკლის მქონე ქონება, მან საკუთარი ნებით იტვირთა ყველა ის ვალდებულება, რაც დაკავშირებული იყო იპოთეკით დატვირთულ ქონებასთან. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, რომლის მიმართაც მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, მოსარჩელისათვის ცნობილი იყო უძრავი ქონების სამართლებრივი მდგომარეობა;
1.4.2. გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ სარჩელი იყო ხანდაზმული;
1.4.3. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 286-ე, 294-ე, 295-ე, 296-ე, 301-ე, 302-ე, 487-ე, 488-ე, 489-ე, 490-ე, 495-ე მუხლები, ასევე, „სააღსრულებო წარმოებათ შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმები.
1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები. პალატა საკასაციო პრეტენზიებთან მიმართებით დამატებით განმარტავს შემდეგს:
1.5.1. გასათვალისწინებელია, რომ საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს მ.ც-ის ვალდებულების არსებობის საკითხი წარმოადგენს მოსარჩელის მიმართ. ამ თვალსაზრისით კი, დადგენილი გარემოებები იძლეოდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს (იხ. სამოტივაციო ნაწილის 1.2.1.-.1.2.4. პუნქტები). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იპოთეკის სანივთო უფლების აქცესორული ბუნება ნიშნავს არა იპოთეკით უზრუნველყოფილი საგნის შეძენის შემთხვევაში ვალდებულების შემძენზე გადასვლას, არამედ იპოთეკის არსებობას მანამ, ვიდრე იარსებებდა უზრუნველყოფილი მოთხოვნა. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ აუქციონის გზით მოსარჩელე გახდა ქონების მესაკუთრე, რომელიც სხვა პირის ვალდებულბულებას უზრუნველყოფდა. იგი რაიმე სამართლებრივ ურთიერთობაში სესხის ხელშეკრულების კრედიტორთან ან მოვალესთან არ იმყოფებოდა, ამასთანავე, მან შეასრულა კრედიტორის (გამსესხებელი) წინაშე მოვალის ვალდებულება. ამ ფაქტების სამართლებრივი ანალიზისათვის საკასაციო პალატა ხელმძღვანელობს სამოქალაქო კოდექსის 292-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (უძრავი ნივთის მესაკუთრე უფლებამოსილია დააკმაყოფილოს კრედიტორი, როცა მოთხოვნის შესრულების ვადა უკვე დადგა, ან როცა პირადი მოვალე უფლებამოსილია შეასრულოს შესაბამისი მოქმედება. თუ მესაკუთრე არ არის პირადი მოვალე, მოთხოვნა გადადის მასზე მაშინ, როცა მესაკუთრე კრედიტორს დააკმაყოფილებს) და იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომლის თანახმადაც იპოთეკის საგნის შემძენის მიერ ვალდებულების შესრულების გამო მას წარმოეშვა მოთხოვნის უფლება მოვალის (ვალდებული პირი) მიმართ, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მსესხებლის მიმართ დასაბუთებულია.
1.5.2. საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის პრეტენზიას მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზეც: როგორც ზემოთ ითქვა, მოსარჩელე არავითარ სამართლებრივ ურთიოერთობაში არ იმყოფებოდა არც გამსესხებელთან და არც კასატორთან, არამედ, სანივთო უფლებით დატვირთული ქონების შეძენისა და ამ ქონების რეალიზაციის თავიდან არიდების შედეგად მას წარმოეშვა მოთხოვნის უფლება კასატორის მიმართ (სკ-ის 130-ე მუხლი). იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა არ არსებობდა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაზე უნდა გავრცელდეს არა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული სახელშეკრულებო მოთხოვნის 3 ან 6-წლიანი, არამედ, ამავე კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საერთო _ 10-წლიანი ხანდაზმულობა. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ის, რომ სარჩელი აღძრულია 2016 წლის 5 თებერვალს.
1.6. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრის მიერ კრედიტორის დაკმაყოფილებისა და ამ გზით მასზე მოთხოვნის უფლების გადასვლის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლებოდა ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თოაბაზე, ხოლო, კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მ. ც-ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 აპრილის განჩინებით გადავადებული ბაჟის _ 550 აშშ დოლარის 30%-ის _ 165 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ც-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ მ. ც-ეს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 აპრილის განჩინებით გადავადებული ბაჟის _ 550 აშშ დოლარის 30%-ის _ 165 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარის გადახდა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე