გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ას-888-888-2018 29 ივნისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – სს „მ“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – შპს „ქ.ლ.“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 აპრილის განჩინებით :
- სს „მ–ს“ (შემდეგში მოსარჩელის) შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
1.1. ყადაღა დაედო შპს „ქ.ლ–ს“ (შემდეგში მოპასუხის) (ს/ნ ....) სახელზე რეგისტრირებულ ავტოსატრასპორტო საშუალებებს, რომელთა რეკვიზიტებია:
ა) HONDA CR-V, სახ. # ...., გ/წ 2001, სარ.მოწმ ...1; ბ) VOLKSWAGEN GADDY 2.0, სახ # ...., გ/წ 2005, სარ. მოწმ ....; გ) IVEGO 75 E 15, სახ. №....., გ/წ 2003, სარ. მოწმ ....; დ) IVEGO 75 E 15, სახ. # BB852FF, გ/წ 2004, სარ. მოწმ AL4185003; ე) IVEGO 75 E 15, სახ. ...., გ/წ 2004, სარ. მოწმ .....; ვ) IVEGO 75 E 15, სახ. # ......, გ/წ 2004, სარ. მოწმ ......; ზ) IVEGO 75 E 15, სახ. # ......, გ/წ 2004, სარ. მოწმ ...; თ) IVEGO 75 E 15, სახ. # ....., გ/წ 2004, სარ. მოწმ .....
1.2. მოსარჩელის შუამდგომლობა, მოპასუხის საბანკო ანგარიშებსა და დეპოზიტებზე განთავსებული ფულადი სახსრების 185 000 ლარის ფარგლებში დაყადაღების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელის წარმომადგენლებმა შეიტანეს საჩივარი და მოითხოვეს მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი განჩინების მიღებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობის სრულად დაკმაყოფილება.
3. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 აპრილის განჩინებით საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 30 მაისის განჩინებით საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და უცვლელად დარჩა მხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 აპრილის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე.
5. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
8. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ კერძო საჩივრით გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის განჩინება, რომლითაც მოსარჩელის საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
9. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლზე, რომლითაც მოწესრიგებულია უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრის განხილვის პროცედურები. კერძოდ, 1971 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო საჩივარს წარმოებაში იღებს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული წესების თანახმად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, იგი აკმაყოფილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5 დღის ვადაში. ამდენად, უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საჩივრებზე საპროცესო კანონი ითვალისწინებს ორი ინსტანციის წესით საქმის განხილვის შესაძლებლობას, რაც ნიშნავს იმას, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და აღარ საჩივრდება. აღნიშნული პრინციპი განმტკიცებულია 1971 მუხლის მე-3 ნაწილით, რომელიც მითითებას აკეთებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლზე, სადაც ერთმნიშვნელოვანი დათქმაა ზემდგომი სასამართლოს განჩინებით საქმის განხილვის დასრულებაზე (419-ე მუხლის მე-3 ნაწილი).
10. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების კანონიერებაზე საჩივრის ფარგლებში იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ, როგორც ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ და მიიღო 2018 წლის 30 მაისის განჩინება. შესაბამისად, აღნიშნული განჩინება წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ, ზემდგომი სასამართლოს განჩინებას, რომელიც საბოლოაა და მისი კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
11. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ კერძო საჩივარი დასაშვები რომც იყოს, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, ვინაიდან, საჩივრის ავტორის მიერ გაშვებულია საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ვადა.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, განუხილველად უნდა დარჩეს.
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს უნდა დაუბრუნდეს 2018 წლის 13 ივნისს #11 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი 50 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
14. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით. 419-ე, 420-ე , 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „მ–ს“ კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს „მ–ს“ (ს/ნ ....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2018 წლის 13 ივნისის #11 საგადახდო დავალებით გადახდილი 50 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე პ. ქათამაძე