დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 20.09.2018
საქმის ნომერი
ას-885-2018
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-885-2018 20 სექტემბერი, 2018 წელი,ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შ.დ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შ.ც–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – მესაკუთრედ ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შ.დ–ძესა (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, მყიდველი ან კასატორი) და შ.ც–ძეს (მოპასუხე, მესაკუთრე, გამყიდველი) შორის, 2012 წლის 8 სექტემბერს დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდეგში: ხელშეკრულება), რომლის თანახმად, მყიდველმა 280 000 აშშ დოლარად შეიძინა უძრავი ქონება მდებარე, ქ. თბილისში, ....., დაზუსტებული ფართი 600 კვ.მ., ...... (შემდეგში: უძრავი ქონება; იხ. ხელშეკრულება, ტ.1, ს.ფ. 16).

2. უძრავი ქონების ნასყიდობის საფასური - 280 000 აშშ დოლარი, 2013 წლის 8 მარტს გადასცა მყიდველმა გამყიდველს (იხ. მიღება-ჩაბარების აქტი თანხის გადაცემის თაობაზე, ტ.1, ს.ფ. 17).

3. საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, სადავო უძრავი ქონება, 2013 წლის 31 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლებით აღრიცხულია დ.ბ–ის (შემდეგში: უძრავი ქონების მესაკუთრე) სახელზე.

4. სარჩელის საფუძვლები

4.1 მყიდველმა 2016 წლის 21 ოქტომბერს სარჩელით მიმართა გამყიდველის წინააღმდეგ და სადავო უძრავი ქონების მის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვა მოითხოვა.

4.2 მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების პირველ და მე-2 პუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა და განმარტა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, გადაეხადა უძრავი ქონების ნასყიდობის საფასური (280 000 აშშ დოლარი), პირნათლად შეასრულა, ხოლო მოპასუხეს, მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, სადავო ნივთზე საკუთრების უფლება მოსარჩელის სახელზე არ აღურიცხავს საჯარო რეესტრში.

5. მოპასუხის შესაგებელი

5.1 საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხეს სარჩელის და თანდართული მასალების ჩაბარებიდან 10 დღეში სასამართლოსათვის შესაგებელი არ წარუდგენია, ამასთან, სასამართლოს 2016 წლის 22 დეკემბრის სხდომაზე არ გამოცხადებულა.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

6.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით უძრავი ქონების მყიდველის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

6.2 სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე, 103-ე, 2321-ე, 248-ე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 183-ე, 311-ე, 3111-ე, 312-ე, 317-ე, და 477-ე მუხლებით, მიუთითა წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე და დაადგინა, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებისათვის, საკმარისი არ არის მხარეთა შორის წერილობითი ხელშეკრულების დადება, არამედ, აუცილებელია აღნიშნული გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

6.3 საქალაქო სასამართლომ სსსკ-ის 2321-ე, 201-ე და 70-78-ე მუხლებზე მითითებით დაადგინა, რომ წინამდებარე შემთხვევაში, მოპასუხეს (გამყიდველს, უძრავი ქონების მესაკუთრეს) განსაზღვრულ ვადაში სასამართლოსათვის შესაგებელი არ წარუდგენია, მიუხედავად იმისა, რომ კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარდა სარჩელი და თანდართული დოკუმენტები (იხ. ტ.1, ს.ფ. 21), იგი არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა, მიუხედავად იმისა, რომ ეცნობა 2016 წლის 22 დეკემბერს, 11:00 სთ-ზე ჩანიშნული სხდომის თაობაზე (იხ. ტ.1, ს.ფ. 22).

6.4 საქალაქო სასამართლოს შეფასებით, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობისა და სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მიუხედავად, სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ მასში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა მოთხოვნას (იხ. სსსკ-ის 232 1 მუხლი).

7. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

7.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ (მყიდველმა), გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

7.2 აპელანტის განმარტებით, საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდებოდა, რომ 2012 წლის 8 სექტემბერს მოპასუხესთან დადო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ის წარმოადგენს უძრავი ქონების კეთილსინდისიერ შემძენს.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

8.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

8.2 სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები.

8.3 საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნულ, 2018 წლის 13 მარტის სხდომაზე, კანონით დადგენილი წესით იყო მოწვეული მოპასუხე (ტ.2, ს.ფ. 36 - სატელეფონო შეტყობინების აქტი), თუმცა, არც გამოცხადებულა და არც გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. ამასთან, მხარის გამოუცხადებლობის მოტივით, აპელანტმა მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

8.4 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმისათვის, რომ მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღოს სასამართლომ, საჭიროა მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდეს სასარჩელო მოთხოვნას.

8.4.1 წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი და მეორე პუნქტები), თუმცა, არ მომხდარა აღნიშნული გარიგების საჯარო რეესტრში შესაბამისი წესით რეგისტრაცია, რაც გამორიცხავს მყიდველის საკუთრების უფლებას ხელშეკრულების საგანზე, ვინაიდან, უძრავ ნივთებთან დაკავშირებით ხელშეკრულების დადება, ავტომატურად არ გულისხმობს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობას (სსკ-ის 183-ე მუხლი).

8.4.2 ამასთან, საქმის მასალებით დგინდება და არც მოსარჩელე უარჰყოფს, რომ სადავო ქონება 2013 წლის 31 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლებით აღირიცხა მესამე პირის - დ.ბ–ის სახელზე.

8.5 ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები იურიდიულად გაუმართლებელია, რის გამოც სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

9. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

9.1 სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

9.2 კასატორის მტკიცებით, ის სადავო უძრავი ქონების კეთილსინდისიერი შემძენია, ვინაიდან ხელშეკრულების დადების მომენტში მოპასუხე (გამყიდველი) უძრავი ქონების მესაკუთრედ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში და მხარეთა შორის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წერილობით დაიდო ხელშეკრულება, რის გამოც უძრავი ქონება უნდა აღირიცხოს მის სახელზე.

9.3 კასატორმა სსკ-ის 485-ე მუხლზე მიუთითა „თუ გამყიდველმა ერთი და იგივე საქონელი რამდენიმე პირს მიჰყიდა, უპირატესობა ეძლევა იმ მყიდველს, რომლის მფლობელობაშიც პირველად გადავიდა იგი, ხოლო თუ საქონელი არც ერთს არ გადასცემია, მაშინ - მას, ვისთანაც ხელშეკრულება უფრო ადრე დაიდო“ და განმარტა, რომ ვინაიდან მოპასუხე კვლავ ცხოვრობს სადავო ფართში, სწორედ მას უნდა გადაეცეს სადავო ქონება.

10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

10.1 მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ივლისის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

13. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 183-ე მუხლი „უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში“ იმპერატიულად განსაზღვრავს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლად აღნიშნულ ქონებაზე გარიგების დადებასა და გარიგების შემდგომ რეგისტრაციას საჯარო რეესტრში. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი „ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით“ და მეორე „არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომელიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ“ ნაწილების გათვალისწინებით, წინამდებარე შემთხვევაში კასატორს სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება არ წარმოშობია, შესაბამისად, მისი მოთხოვნა უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა.

17. წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე მხარე არ გამოცხადებულა საქმის ზეპირი მოსმენით ჩატარებულ სხდომებზე, არც პირველი ინსტანციისა და არც სააპელაციო სასამართლოების მიერ საქმის განხილვისას, რა დროსაც სსსკ-ის 230-ე მუხლი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას ითვალისწინებს, გარკვეული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში. ასეთ წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე და სარჩელში მითითებული გარემოებების საფუძვლიანობა, რომლითაც ჩაითვლება, რომ ეს გარემოებები ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, რაც თავის მხრივ, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო არ დააკმაყოფილებს სარჩელს. ანალოგიური პრინციპით სსსკ-ის 387-ე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტება. აღნიშნული ნორმით კანონმდებელი უშვებს შესაძლებლობას, სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე დადგენილ და გაზიარებულ იქნას სააპელაციო საჩივარში დასახელებული ფაქტობრივი გარემოებანი, თუ ისინი იურიდიულად ამართლებენ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდება.

18. საქმის მასალებით დადგენილია და არც მოსარჩელეს გაუხდია სადავოდ იმ ფაქტის მართლზომიერება, რომ სადავო ქონება საჯარო რეესტრში აღრიცხულია მესამე პირის - დ.ბ–ის სახელზე, რაც გამორიცხავს მოსარჩელის მოთხოვნების იურიდიულ მართებულობას, იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რომელიც საქმეში მოიპოვება (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი, მეორე და მესამე პუნქტები).

19. კასატორი უთითებს, რომ სსკ-ის 485-ე მუხლის გათვალისწინებით, ვინაიდან მოპასუხე კვლავ ცხოვრობს სადავო ფართში, ხოლო აღნიშნულ ფართთან დაკავშირებით თავდაპირველ მესაკუთრესთან (გამყიდველთან) პირველად სწორედ მან დადო ნასყიდობის ხელშეკრულება, სადავო ქონების მესაკუთრედ ის უნდა აღირიცხოს.

20. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს წინამდებარე განჩინების მე-16 პუნქტში მოხმობილი მსჯელობის გათვალისწინებით, რომ კასატორსა და სადავო ქონების თავდაპირველ მესაკუთრეს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, თუმცა, მხოლოდ აღნიშნული გარიგების საფუძველზე, მხარე ვერ გახდება ქონების მესაკუთრე მანამ, სანამ არ მოხდება გარიგების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წინამდებარე დავის ფარგლებში სადავოს არ წარმოადგენს უძრავი ქონების ამჟამინდელი მესაკუთრის მიერ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების ფაქტის მართლზომიერება, რის გამოც საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს აღნიშნულ საკითხზე (იხ. სსსკ-ის 248-ე მუხლი).

22. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ.დ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე