დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-553-553-2018 13 ივლისი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ე. და ვ. ბ-ები (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა. მ-ის უფლებამონაცვლეები: ნ., ნ., ე., ვ., ი. და ლ. მ-ები (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უფლების თანამესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ა. მ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ. და ე. ბ-ების მიმართ ქ.თბილისში, მ. ქ#..-ში მდებარე ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „მ.-ში“ 119,45 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის საკუთრებაში მიღების უფლების 1/2 ნაწილში თანამესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.
2. მოპასუხეების პოზიცია:
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი/შემწყვეტი შესაგებლის ფარგლებში განმარტეს, რომ სადავო უძრავ ქონებაზე უფლება შეძენილია ე. ბ-ის პირადი სახსრებით, ხოლო არასაცხოვრებელი ფართი არა მისი, არამედ ვ. ბ-ის საკუთრებაა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელე ცნობილ იქნა ე. ბ-ის კუთვნილი ქ.თბილისში, მ. ქ#.-ში მდებარე იბა „მ-ში“ 119,45 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის საკუთრებაში მიღების უფლების 1/2-ის მესაკუთრედ.
4. აპელანტების მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი, ასევე შემაჯამაბელი გადაწყვეტილების წინმსწრები განჩინებების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების (გასაჩივრებული) სარეზოლუციო ნაწილი:
საქმის სააპელაციო წესით განხილვის ეტაპზე გარდაიცვალა არჩილ მამაგეიშვილი, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 30 სექტემბრის განჩინებით შეაჩერა საქმის განხილვა გარდაცვლილი პირის უფლებამონაცვლის დადგენამდე.
სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ნ. და ნ. მ-ების კანონიერმა წარმომადგენელმა და მოითხოვა ამ პირთა ა. მ-ის უფლებამონაცვლედ ცნობა იმ საფუძვლით, რომ არასრულწლოვნებმა სანოტარო წესით მიღეს მამის სამკვიდრო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივნისის განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ა.მ-ის უფლებამონაცვლეებად მიჩნეულ იქნენ ნ. და ნ. მ-ები. ეს განჩინება უცვლელად იქნა დატოვებული საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინებით.
სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს გარდაცვლილი მოსარჩელის პირველი რიგის მემკვიდრეებმა, მშობლებმა: ე. და ვ. მ-ებმა, რომლებმაც ასევე მიიღეს შვილის სამკვიდრო და მოითხოვეს მის უფლებამონაცვლედ ცნობა, რაც სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა.
გარდა ამისა, 2018 წლის 6 მარტის განჩინებით ა. მ-ის უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნენ ასევე მისი პირველი რიგის მემკვიდრეები, შვილები: ლ. და ი. მ-ები.
6. კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:
6.1. სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს ვალენტინა და ე. ბ-ებმა, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სააპელაციო სასამართლომ დროულად არ მოამზადა 2018 წლის 13 თებერვლის დასაბუთებული განჩინება, რის გამოც მხარე კარგავს მისი გასაჩივრების შესაძლებლობას, გარდა ამისა, ა. მ-ს, გარდა ე. და ვ. მ-ებისა, ჰყავს ორი მემკვიდრე _ შვილები: ი. და ლ. მ-ები, რომლებიც ასევე მოითხოვენ მამის უფლებამონაცვლედ ცნობასაც.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. და ვ. ბ-ების კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:
ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;
გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, საპროცესო უფლებამონაცვლეობის კანონიერება. ამ თვალსაზრისით კი, დადგენილია საკითხის სწორად შეფასებისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1.2.1. განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში ერთ-ერთი მეუღლის მიერ შეძნილ ქონებაზე თანასაკუთრების უფლების წარმოშობის საკითხი (ქონებრივი უფლებები);
1.2.2. ა. მ-ი გარდაიცვალა 2016 წლის 18 ივლისს;
1.2.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად (სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება მოქალაქის გარდაცვალებისას, თუ სადავო-სამართლებრივი ურთიერთობა დასაშვებად თვლის უფლებამონაცვლეობას), სააპელაციო სასამართლომ შეაჩერა საქმის წარმოება გარდაცვლილი პირის უფლებამონაცვლის დადგენამდე;
1.2.4. სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართეს ე. და ვ. მ-ებმა და წარადგინეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა. ამ სამკვიდრო მოწმობის შესწავლით კი, ირკვევა, რომ ე. და ვ. მ-ები არიან მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეები _ მშობლები (იხ. სკ-ის 1336-ე მუხლი: კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან I. პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები)), რომლებმაც სანოტარო წესით მიიღეს შვილის სამკვიდრო (იხ. სკ-ის 1421-ე მუხლი: სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო);
1.3. საკასაციო პალატა, სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე (სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა, ხოლო, თუ ქონების გაყოფა ნატურით შეუძლებელია, მაშინ – ამ ქონების ღირებულება) განმარტავს, რომ ის შესაძლო ქონებრივი უფლებები, რომლებიც სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვის შედეგად უნდა დადასტურდეს, სწორედ მამკვიდრებელ ა. მ-ის სამკვიდროს ნაწილს შეადგენს და განსახილველ სამართალურთიერთობაში, როგორც უფლებამონაცვლეობის დაშვების, ისე _ მამკვიდრებლის სამკვიდროს მიღების შემთხვევაში, უფლებამონაცვლედ მემკვიდრის დაშვების შესაძლებლობას განსაზღვრავს.
1.4. იმ პირობებში, როდესაც უდავოა, რომ გარდაცვლილი პირის სამკვიდრო მისი პირველი რიგის მემკვიდრეებმა მიიღეს კანონით დადგენილი წესით, სააპელაციო პალატამ სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილით (სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე) და მართებულად მიიჩნია ეთერ და ვასილ მამაგეიშვილები ა. მ-ის უფლებამონაცვლეებად. ამ გარემოების საწინააღდმეგოდ, რაიმე დასაბუთებულ შედავებას კერძო საჩივარი არ შეიცავს, შესაბამისად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით განსაზღვრული წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. და ვ. ბ-ების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი