საკასაციო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-710-710-2018 20 სექტემბერი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე
კასატორი – არჩილ გურაშვილი (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ ქ. მ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე – მ. გ-ი (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ მ. თ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ა. გ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, კასატორი ან მესაკუთრე) სარჩელი აღძრა სასამართლოში მარიამ გურაშვილის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე ან მფლობელი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი ქ.სიღნაღში, თ. მ. ქ#....-ში მდებარე უძრავი ქონების გამოთხოვა.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელეს საკუთრებაში აქვს სადავო უძრავი ქონება. მესაკუთრის სურვილის საწინააღმდეგოდ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ნივთს ფლობს მოპასუხე, არის აგრესიული, მესაკუთრეს, მის მეუღლესა და მშობლებს აყენებს შეურაცხყოფას და ემუქრება, ახდენს დანაშაულის პროვოცირებას, რის გამოც, მოსარჩელე ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქირით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მარტივი შედავებით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ სადავო სახლში ცხოვრობს არასრულწლოვან შვილთან ერთად და სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია, მოსარჩელე თავად ძალადობს მასზე, რის გამოც ორჯერ იქნა გამოწერილი შემაკავებელი ორდერი.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო უძრავი ქონება და გადაეცა მოსარჩელეს.
4. აპელანტის მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩვრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მხარეთა შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება დავის მორიგებით დასრულების თაობაზე, შესაბამისად, მათ იშუამდგომლეს მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, მოისმინა მათი პოზიციები და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია, რის გამოც უნდა გაუქმდეს ამ საქმეზე ქვემდგომი სასამართლოების მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო, მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. მორიგების თაობაზე მხარეთა შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის დასაბუთება:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივლისის განჩინებით არჩილ გურაშვილის საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიჩნეულ იქნა დასაშვებად და განისაზღვრა საქმის მხარეთა დასწრებით განხილვა. სასამართლოს სხდომაზე სასამართლომ განკარგა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლით განსაზღვრული წინაპირობები და საბოლოოდ მიღწეულ იქნა შეთანხმება დავის მორიგებით დასრულების თაობაზე. მხარეებმა საბოლოოდ დააზუსტეს მორიგების პირობები და მხარი დაუჭირეს მის შემდეგი სახით დამტკიცებას:
1. ა. გ-ი კისრულობს ვალდებულებას, მ. გ-ს გადაუხადოს თანხა _ 5 000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული თანხის გადახდა მოხდება შემდეგნაირად:
ა) თანხის ნახევარს _ 2 500 (ორი ათას ხუთასი) აშშ დოლარს არჩილ გურაშვილი მ. გ-ს გადასცემს 2018 წლის 24 სექტემბერს. თანხის გადახდა უნდა მოხდეს საბანკო ანგარიშსწორების გზით სს „ლ. ბ.“ საშუალებით (მ. გ-ის მიერ მითითებული ანგარიშის ნომერი: 7....);
ბ) თანხის მეორე ნაწილს _ 2 500 (ორი ათას ხუთასი) აშშ დოლარს ა. გ-ი მ. გ-ს გადასცემს მ. გ-ის მიერ საცხოვრებელი სახლის (მდებარე სიღნაღში, თ. მ. ქ#...-ში, ს/კ #56.....) გამოთავისუფლების შემდგომ, კერძოდ, 2018 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით. თანხის ჩარიცხვა უნდა მოხდეს მ. გ-ის მიერ მითითებულ ანგარიშზე სს „ლ. ბ.“ (ანგარიშის ნომერი: 7...);
2. მ. გ-ი კისრულობს ვალდებულებას, თანხის პირველი ნაწილის ჩარიცხვიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში დატოვოს ა. გ-ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი (მდებარე სიღნაღში, თ. მ. ქ#....-ში, ს/კ #56.....) თანმხლებ პირთან, მის ვაჟთან _ ბ. შ-თან ერთად და გადასცეს მესაკუთრეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში;
3. მ. გ-ისა და მისი ვაჟის _ ბ. შ-ის მიერ მითითებული მორიგების აქტის მე-2 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, მ. გ-ი ვალდებულია ა. გ-ს დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი თანხა _ 2 500 (ორი ათას ხუთასი) აშშ დოლარის ოდენობით, ასევე, ა. გ-ს ეხსნება წინამდებარე შეთანხმების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება _ მ. გ-ისათვის თანხის მეორე ნაწილის _ 2 500 (ორი ათას ხუთასი) აშშ დოლარის გადახდის თაობაზე, ამასთან, ა. გ-ი უფლებამოსილია, მიმართოს სასამართლოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით მის საკუთრებაში არსებული სახლიდან (მდებარე სიღნაღში, თ. მ. ქ#...-ში, ს/კ #56....) მ. გ-ისა და ბ. შ-ის გამოსახლებისა და საცხოვრებელი სახლის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარების, ასევე, თანხის პირველი (გადახდილი) ნაწილის _ 2 500 (ორი ათას ხუთასი) აშშ დოლარის დაბრუნების თაობაზე;
4. ა. გ-ის მიერ წინამდებარე შეთანხმების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დათქმულ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, მ. გ-ი უფლებამოსილია, მიმართოს სასამართლოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის თხოვნით ა. გ-ის მიერ 5 000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის გადახდის მოთხოვნით;
5. მ. გ-ის მიერ ა. გ-ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ვადამდე დაბრუნების (გამოთავისუფლების) შემთხვევაში, მ. გ-ი ვალდებულია, ა. გ-ს საფოსტო წერილით აცნობოს საცხოვრებელი სახლის გათავისუფლების შესახებ, ხოლო, ა. გ-ი ვალდებულია ზემოაღნიშნული შეტყობინების მიღებიდან მეორე საბანკო დღეს მ. გ-ს გადაურიცხოს თანხის მეორე ნაწილი _ 2 500 (ორი ათას ხუთაისი) აშშ დოლარი.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილითა და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი.
საკასაციო პალატამ შეამოწმა მორიგების აქტზე ხელმომწერ პირთა უფლებამოსილება და მიიჩნევს, რომ არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი, შესაბამისად, უნდა განემარტოთ მხარეებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება შეწყდება, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
2. პროცესის ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მხარეთა შორის შეთანხმება დავის მორიგების გზით დასრულების შესახებ მიღწეულ იქნა საქმის არსებითად განხილვამდე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სამართალწარმოების ეტაპისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 83-ე, 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მხარეთა შუამდგომლობა დავის მორიგებით დასრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს მორიგება, ერთი მხრივ, კასატორ ა. გ-სა (პ/#4...) და, მეორე მხრივ, მოწინააღმდეგე მხარე მ. გ-ს (პ/#4...) შორის შემდეგი პირობებით:
2.1. ა. გ-ი კისრულობს ვალდებულებას, მ. გ-ს გადაუხადოს თანხა _ 5 000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული თანხის გადახდა მოხდება შემდეგნაირად:
ა) თანხის ნახევარს _ 2 500 (ორი ათას ხუთასი) აშშ დოლარს ა. გ-ი მ. გ-ს გადასცემს 2018 წლის 24 სექტემბერს. თანხის გადახდა უნდა მოხდეს საბანკო ანგარიშსწორების გზით სს „ლ. ბ.“ საშუალებით (მ. გ-ის მიერ მითითებული ანგარიშის ნომერი: 7...);
ბ) თანხის მეორე ნაწილს _ 2 500 (ორი ათას ხუთასი) აშშ დოლარს ა. გ-ი მ. გ-ს გადასცემს მ. გ-ის მიერ საცხოვრებელი სახლის (მდებარე სიღნაღში, თ. მ. ქ#...-ში, ს/კ #56....) გამოთავისუფლების შემდგომ, კერძოდ, 2018 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით. თანხის ჩარიცხვა უნდა მოხდეს მ. გ-ის მიერ მითითებულ ანგარიშზე სს „ლ. ბ.“ (ანგარიშის ნომერი: 7...);
2.2. მ. გ-ი კისრულობს ვალდებულებას, თანხის პირველი ნაწილის ჩარიცხვიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში დატოვოს ა. გ-ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი (მდებარე სიღნაღში, თ. მ. ქ#...-ში, ს/კ #56....) თანმხლებ პირთან, მის ვაჟთან _ ბ. შ-თან ერთად და გადასცეს მესაკუთრეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში;
2.3. მ. გ-ისა და მისი ვაჟის _ ბ. შ-ის მიერ მითითებული მორიგების აქტის 2.2. პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, მ. გ-ი ვალდებულია ა. გ-ს დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი თანხა _ 2 500 (ორი ათას ხუთასი) აშშ დოლარის ოდენობით, ასევე, ა. გ-ს ეხსნება წინამდებარე შეთანხმების 2.1. პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება _ მ. გ-ისათვის თანხის მეორე ნაწილის _ 2 500 (ორი ათას ხუთასი) აშშ დოლარის გადახდის თაობაზე, ამასთან, ა. გ-ი უფლებამოსილია, მიმართოს სასამართლოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით მის საკუთრაბაში არსებული სახლიდან (მდებარე სიღნაღში, თ. მ. ქ#...-ში, ს/კ #56....) მ. გ-ისა და ბ. შ-ის გამოსახლებისა და საცხოვრებელი სახლის გამოთავისუფლებულ მდგომაროებაში ჩაბარების, ასევე, თანხის პირველი (გადახდილი) ნაწილის _ 2 500 (ორი ათას ხუთასი) აშშ დოლარის დაბრუნების თაობაზე;
2.4. ა. გ-ის მიერ წინამდებარე შეთანხმების 2.1. პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დათქმულ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, მ. გ-ი უფლებამოსილია, მიმართოს სასამართლოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის თხოვნით ა. გ-ის მიერ 5 000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის გადახდის მოთხოვნით;
2.5. მ. გ-ის მიერ ა. გ-ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ვადამდე დაბრუნების (გამოთავისუფლების) შემთხვევაში, მ. გ-ი ვალდებულია, ა. გ-ს საფოსტო წერილით აცნობოს საცხოვრებელი სახლის გათავისუფლების შესახებ, ხოლო, ა. გ-ი ვალდებულია ზემოაღნიშნული შეტყობინების მიღებიდან მეორე საბანკო დღეს მ. გ-ს გადაურიცხოს თანხის მეორე ნაწილი _ 2 500 (ორი ათას ხუთაისი) აშშ დოლარი.
3. შეწყდეს წარმოება სამოქალაქო საქმეზე ა. გ-ის სარჩელის გამო, მ. გ-ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.
4. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები.
5. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საფუძვლითა და იმავე საგანზე დაუშვებელია.
6. კასატორ ა. გ-ლს (პ/#4...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 06.06.2018წ. #16783250 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 150 ლარი.
7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი