გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ას-1952-2018 29 მარტი, 2019 წელი,თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ბესარიონ ალავიძე,ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – ნ.ბ.
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – შპს „რ.გ.“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2017 წლის 26 ოქტომბერს ნ.ბ–მა (შემდეგში - მოსარჩელე აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა შპს „რ.გ–ის“ (შემდეგში მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილ იქნა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინებით, აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინებით, მოსარჩელის/აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა, აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, დაევალა, განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის, 5 000 ლარის, გადახდა და გადახდის დამადასტურებელი საბუთის სასამართლოში წარდგენა. ამავე განჩინებით განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
4.2. 2018 წლის 21 ნოემბერს აპელანტმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა მიეთითებინა სასამარლოს, თუ რა სახის მნიშვნელოვანი და სარწმუნო მტკიცებულება უნდა წარედგინა მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დასადასტურებლად, რომ დადებითად გადაწყვეტილიყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საკითხი ან გაეთავისუფლებინა იგი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 374-ე, 368.7-ე და 70-ე-78-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი. პალატამ მიუთითა, რომ, აპელანტს არ წარმოუდგენია მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც სასამართლო დადებითად გადაწყვეტდა ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საკითხს.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
6. დასახელებული გაჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა აპელანტმა მისი გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
6.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა ეკონომიკური მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, რომლითაც დასაბუთებულია სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობა, ასეთ პირობებში გაუგებარია, რატომ მიიჩნია სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისად.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
კერძო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
8. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
9. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შეუვსებლობა, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა.
10. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინება გასაუქმებელია, ვინაიდან სასამართლოს სსსკ-ის 47-ე მუხლის თანახმად, უნდა დაეკმაყოფილებინა სააპელაციო საჩივარში მითითებული შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე.
11. სსსკ-ის 47-ე და 48-ე მუხლები ითვალისწინებს შეღავათებს სახელმწიფო ბაჟის გადახდაში. ეს ის შემთხვევებია, როდესაც სასამართლო უფლებამოსილია, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის შეფასებით განსაზღვროს პროცესის მონაწილეთა მიმართ აღნიშნული მუხლის გავრცელების დასაშვებობა. სსსკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია, მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. სსსკ-ის 48-ე მუხლის მიხედვით კი, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. ამდენად, სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების, ოდენობის შემცირებისა და გადახდის გადავადების შესაძლებლობა არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მხარის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეუძლია საერთოდ, კონკრეტული დროისათვის ან გარკვეული ოდენობით.
12. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა ზოგადი ხასიათის სახელმძღვანელო პრინციპები, კერძოდ,12.1. საქმეში „Kreuz v. Poland“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლო ხარჯების გადახდის ვალდებულება, როგორიცაა სახელმწიფო ბაჟი, შეესაბამება სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებას, თუ ის ზიანს არ აყენებს ამ უფლების არსს. ამასთან, სასამართლო ბაჟის ოდენობა უნდა გამოანგარიშდეს ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, მომჩივნის ფინანსური მდგომარეობისა და სამართალწარმოების ეტაპის გათვალისწინებით, როცა აღნიშნული შეზღუდვა იქნა გამოყენებული; ეს კრიტერიუმები არის ხელშესახები იმის განსაზღვრისათვის, იქნა თუ არა პირი უზრუნველყოფილი სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებით.
12.2. საქმეში „Kreuz v. Poland, Jedamski and Jedamska v. Poland, Weissman and Others v. Romania“ სტრასბურგის სასამართლომ, დასაშვებობის ეტაპზე დიდი ოდენობით სასამართლოს ხარჯების გადახდის დაწესება ჩათვალა კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების დარღვევად. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხელმისაწვდომობის საკითხზე იმსჯელა, ასევე, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებთან მიმართებითაც: საქმეში „Chatellier c. France“ სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ კონვენციის მე-6 მუხლი არ აკისრებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ვალდებულებას, დაარსონ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოები, თუმცა, თუ აღნიშნული იურისდიქციები მაინც იარსებებს, მათ მიერ საქმის განხილვის პროცედურა უნდა შეესაბამებოდეს მე-6 მუხლით დადგენილ გარანტიებს. მათ შორის უზრუნველყოფდეს მხარეთათვის სასამართლოსადმი ეფექტურ ხელმისაწვდომობას, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც უკავშირდება სამოქალაქო უფლებებსა და ვალდებულებებს.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას სამართალწარმოების განხორციელების დროს სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ შემუშავებული ზოგადი ხასიათის სახელმძღვანელო პრინციპებთან მიმართებით, კერძოდ, ის რომ, სასამართლო ბაჟის ოდენობა უნდა გამოანგარიშდეს ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, მომჩივნის ასაკის, სამედიცინო მდგომარეობისა და ყოველთვიური შემოსავლის გათვალისწინებით.
14. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. კერძო ინტერესის დაცვას ემსახურება ქართულ კანონმდებლობაში ბაჟთან დაკავშირებით დაწესებული ზედა ზღვარი, ასევე, საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტირებული უფლება იმისა, რომ ბაჟისაგან გათავისუფლების ან ბაჟის შემცირების საკითხი გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რა დროსაც, მხედველობაშია მისაღები მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს.
15. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე: სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ ისე, რომ არ მიუთითებია, თუ რა სახის მნიშვნელოვანი და სარწმუნო მტკიცებულება უნდა წარედგინა აპელანტს, მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დასადასტურებლად, რომ დადებითად გადაწყვეტილიყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საკითხი, მით უფრო მაშინ, როცა, აპელანტი თავად თხოვდა სასამართლოს მიეთითებინა თუ რა მტკიცებულებები წარედგინა დამატებით. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს აპელანტების მიერ მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დასადასტურებლად წარდგენილ მტკიცებულებებზე (სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობა, სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა #100/ა ) და აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ არ დააკმაყოფილა აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე, ისე, რომ საერთოდ არ იმსჯელა მითითებულ მტკიცებულებებზე და არ დაასაბუთა, თუ რატომ არ იყო საკმარისი წარდგენილი მტკიცებულებები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გასათავისუფლებლად.
16. ამასთანავე, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით და განმარტავს, რომ სააპელაციო პალატის 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინების პასუხად, აპელანტმა წარადგინა განცხადება, რომლითაც ითხოვა სასამართლოს მიეთითებინა თუ, რა მტკიცებულება წარედგინა დამატებით, რაც ფაქტობრივად ვადის გაგრძელების თხოვნას გულისხმობდა იმ შემთხვევისთვის, თუ წარდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ იქნებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საკითხის დადებითად გადასაწყვეტად.
17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეაფასოს მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და, თუ მათ საკმარისად არ მიიჩნევს, შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი სათანადოდ უნდა დაასაბუთოს, საჭიროების შემთხვევაში კი, დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენაც მოითხოვოს.
18. საკასაციო პალატა ამ მიმართულებით მიუთითებს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს პრაქტიკაზეც, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების დაწყებისათვის ხარჯების გადახდის მოთხოვნა არ შეიძლება, მიჩნეულ იქნეს სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვად და კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელ პარაგრაფთან შეუსაბამოდ (Weissman and Others v. Romania, no. 63945/00, §§ 34 and 35, ECHR 2006-... (extracts)), თუმცა ასეთი ხარჯების გონივრულობა უნდა შეფასდეს მოცემული საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, მათ შორის, მომჩივნის უნარი, გადაიხადოს ის და სასამართლო პროცესის ეტაპი, რომელზედაც ვრცელდება ასეთი შეზღუდვა (იხ. Kreuz მითითებული ზემოთ, §§58 და 60). უფრო მეტიც, შეზღუდვა სასამართლო მიმართვაზე შეესაბამება მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ემსახურება კანონიერ მიზანს და არსებობს გონივრული ურთიერთდამოკიდებულება პროპორციულობისა, გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზანს შორის (Weissman and Others, ციტირებული ზემოთ, §36). თუ მხარის განცხადება გადახდისუუნარობის შესახებ საეჭვო ან არასაკმარისია, სასამართლომ უნდა მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია წარსადგენი დოკუმენტაციის მითითებით და/ან უბრძანონ წარდგენილი ინფორმაციის გადამოწმება (იხ. „mutatis mutandis, Jedamski and Jedamska, cited above, § 64; Kreuz“, ციტირებული ზემოთ, §64), (იხ. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - საფეხბურთო კლუბი „მრეტები“ საქართველოს წინააღმდეგ; საქმე #ას-998-942-2015, 2015 წლის 17 ნოემბრის განჩინება).
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ვერ შეძლო, დაეცვა სამართლიანი ბალანსი, ერთი მხრივ, სასამართლო ხარჯების გადახდის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინტერესსა და, მეორე მხრივ, მომჩივნის ინტერესებს შორის -დაემტკიცებინა თავისი საჩივრის სამართლიანობა სასამართლოს გზით, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის განხილვის სტადიიდან საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ბ–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი