საკასაციო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-67-2019 6 მაისი, 2019 წელი,ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ა.კ., ტ.ყ., ნ.ო., ა.ს., ი.ა. (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „კ.ბ.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს „კ.ბ–ის“ სარჩელი ა.კ–ის, ტ.ყ–ის, ნ.ო–ის, ა.ს–ას და ი.ა–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 იანვრის განჩინებით მოპასუხეებს დაევალათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ 7883,30 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის და 677,91 ლარის ჯამის 5%-ის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, ტ.ყ–ის, ნ.ო–ის, ა.ს–ას და ი.ა–ის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია.
საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ განჩინება კასატორს ჩაბარდა 2019 წლის 1 მარტს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა.კ–ის, ტ.ყ–ის, ნ.ო–ის, ა.ს–ას და ი.ა–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 იანვრის განჩინებით კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ 7883,30 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის და 677,91 ლარის ჯამის 5%-ის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, ტ.ყ–ის, ნ.ო–ის, ა.ს–ას და ი.ა–ის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია.
საქმეში არსებული უკუგზავნილით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი 2019 წლის 1 მარტს, ჩაბარდა ა.კ–ს.
დადგენილია, რომ კასატორებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორებისათვის ხარვეზის შევსების 7-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 2 მარტს და ამოიწურა 2019 წლის 11 მარტს (ორშაბათი). შესაბამისად, საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი უნდა შევსებულიყო 2019 წლის 11 მარტის ჩათვლით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა.კ–ის, ტ.ყ–ის, ნ.ო–ის, ა.ს–ას და ი.ა–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396.3-ე, 401-ე, 408.3-ე, 63-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.კ–ის, ტ.ყ–ის, ნ.ო–ის, ა.ს–ას და ი.ა–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი