საკასაციო საჩივარი

სამოქალაქო
საქმის ნომერი
ას-691-2019
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-691-2019 19 ივლისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (მოსარჩელე)

მეორე კასატორი - ი/მ ა. ჯ-ი (მოპასუხე)

თავდაპირველი მოპასუხე - შპს „ე.“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (შემდეგში - მოსარჩელე ან დეპარტამენტი ან პირველი კასატორი) სარჩელი აღძრა შპს ,,ე." (შემდეგში პირველი მოპასუხე) და ი/მ ა. ჯ-ის (შემდეგში - მეორე მოსარჩელე ან მეორე კასატორი) მიმართ სოლიდარულად ზიანის ანაზღაურების სახით 131 260 ლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით (იხ. დაზუსტებული სარჩელი, ტომი 2, ს.ფ. 9, 10), საიდანაც, დაზიანებული ჰაერის გამწოვების თურქეთის რესპუბლიკაში ტრანსპორტირების და აღდგენის ღირებულება შეადგენს 130 000, ხოლო და მოსარჩელის მიერ გაწეული ექსპერტიზის დასკვნის მომზადებისთვის საჭირო ხარჯი კი, 1 260 ლარს.

2. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია მასზე, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N407 დადგენილებით დამტკიცებული ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის" თანახმად, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზა ირიცხება დეპარტამენტის ბალანსზე. 2013 წლის 28 ნოემბერს, დეპარტამენტს მიმართა პირველმა მოპასუხემ და ითხოვა ტექნიკური პირობის გაცემა არაგაბარიტული ტვირთის გადაზიდვაზე, ფოთი - წითელი ხიდის მიმართულებით. 2013 წლის 11 დეკემბერს დეპარტამენტმა გასცა არაგაბარიტული ტვირთის გადაზიდვის ნებართვა. აღნიშნული ნებართვის თანახმად, ტვირთის გადაზიდვა უნდა განხორციელებულიყო გორის საავტომობილო გვირაბის ასაქცევი გზის გამოყენებით. 2012 წლის 07 სექტემბერს, პირველსა და მეორე მოპასუხეს შორის გაფორმდა გადაზიდვის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც არაგაბარიტული ტვირთის გადაზიდვა თავისი სატრანსპორტო საშუალებით უნდა განეხორციელებინა მეორე მოპასუხეს; პირველ მოპასუხესა და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს შორის 2013 წლის 23 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ტვირთის გაცილება, სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი ავტომობილის გამოყენებით, უნდა უზრუნველეყო სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გასაზღვრული არაგაბარიტული ტვირთის გადაზიდვის მარშრუტის შესახებ ცნობილი იყო გადაზიდვაში მონაწილე ყველა მხარისთვის. მიუხედავად ამისა, მოხდა წინასწარ განსაზღვრული მარშრუტიდან გადახვევა, კერძოდ, 2013 წლის 25 დეკემბერს, არაგაბარიტული ტვირთით დატვირთული სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არ დაემორჩილა ამკრძალავ საგზაო ნიშანს, სატვირთო ავტომანქანა შევიდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გვირაბში, სადაც გამოედო გვირაბის ჭერზე დამონტაჟებულ ვენტილატორებს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა გვირაბის ჭერში დამაგრებული ორი ერთეული ვენტილატორი. ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის საფუძველზეც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა მეორე მოპასუხის კუთვნილი ავტომანქანის მძღოლს - ი. ჩ-ს. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, დაზიანებული ჰაერის გამწოვების თურქეთის რესპუბლიკაში ტრანსპორტირების და აღდგენის ღირებულება შეადგენს 130 000 ლარს. გარდა ამისა, მოსარჩელის მიერ გაწეული იქნა ექსპერტიზის დასკვნის მომზადებისთვის საჭირო ხარჯი 1 260 ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა მოპასუხეებისთვის სოლიდარულად 131 260 ლარის გადახდის დაკისრება (იხ. დაზუსტებული სარჩელი, ტომი 2, ს.ფ. 3-10, იხ. 2018 წლის 26 ივნისის სასამართლოს სხდომის ოქმი).

3. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს. მეორე მოპასუხემ განმარტა, რომ ხელშეკრულების საფუძველზე. არაგაბარიტული ტვირთის გადაზიდვა ხორციელდებოდა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელთა თანხლებით. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კუთვნილმა ავტომობილმა გადაუხვია არაგაბარიტული ტვირთის გადაზიდვისთვის განსაზღვრულ მარშრუტს და შევიდა გვირაბში, მას მიჰყვა სატვირთო ავტომანქანაც და შედეგად მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. გარდა ამისა, მოსარჩელისთვის დამდგარი ზიანის შესახებ ცნობილი იყო 2013 წელს, თუმცა, მან მეორე მოპასუხის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოს სარჩელით მიმართა 2017 წელს, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხვა მოსარჩელემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის სრულად უარყოფის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - მეორე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 11850 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:

7. 28.11.2013 წელს შპს ,,გ. ა.“ (შემდეგში - ექსპედიტორი) განცხადებით მიმართა დეპარტამენტს, რომლითაც ფოთი - წითელი ხიდის მიმართულებით არაგაბარიტული ტვირთის გადაზიდვის მიზნით ტექნიკური პირობის გაცემა ითხოვა.

8. 11.12.2013 წელს დეპარტამენტმა ექსპედიტორის 28.11.2013 წლის განცხადების საფუძველზე ამ უკანასკნელის სასარგებლოდ არაგაბარიტული ტვირთის ტრანსპორტირების ნებართვა გასცა. აღნიშნული ნებართვის თანახმად, ტვირთის ტრანსპორტირება გორის საავტომობილო გვირაბის შემოვლითი გზის გამოყენებით უნდა განხორციელებულიყო.

9. ექსპედიტორსა და მეორე მოპასუხეს (გადამზიდავი) შორის გადაზიდვის ხელშეკრულება №11-297 გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით ექსპედიტორის დაკვეთით გადამზიდავმა მის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებით და მის მიერ დაქირავებული უფლებამოსილი მძღოლის მეშვეობით ტვირთის დანიშნულების ადგილამდე გადაზიდვის და მიღებაზე უფლებამოსილი პირისთვის მისი გადაცემის ვალდებულება იკისრა. ექსპედიტორის ვალდებულებას კი, გადაზიდვის საფასურის გადახდა წარმოადგენდა.

10. 2013 წლის 23 ნოემბერს ერთი მხრივ, ექსპედიტორის და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს შორის ხელშეკრულება №1/5611 გაფორმდა, რომლითაც სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოს ტერიტორიაზე ექსპედიტორის დატვირთული სატრანსპორტო საშუალების დაცვა-გაცილების ვალდებულება იკისრა.

11. 2013 წლის 25 დეკემბერს ერთი მხრივ, ექსპედიტორს და მეორე მოპასუხე შორის 07.09.2012 წელს გაფორმებული გადაზიდვის ხელშეკრულების საფუძველზე არაგაბარიტული ტვირთის გადაზიდვისას მეორე მოპასუხის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გადაადგილდებოდა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი ავტომობილის თანხლებით შევიდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გვირაბში და დააზიანა გვირაბის ჭერში დამაგრებული ორი ერთეული ჰაერის გამწოვი მოწყობილობა. საგზაო შემთხვევის ფაქტზე შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის საფუძველზეც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა სატრანსპორტო საშუალების მძღოლს - ი. ჩ-ს დაეკისრა.

12. 23.05.2017წ. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიის ამონაწერით ირკვევა, რომ 22.05.2017წ. განცხადების საფუძველზე ექსპედიტორის რეგისტრირებულ მონაცემებში განხორციელდა ცვლილება, რა დროსაც, შეიცვალა საზოგადოების საფირმო სახელწოდება და საზოგადოებას შპს ,,ე.’’ (შემდეგში - პირველი მოპასუხე) ეწოდა.

13. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ 2013 წლის 25 დეკემბერს მომხდარი შემთხვევის გამო, სახეზეა მხოლოდ მეორე მოპასუხისთვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები.

14. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების მიზნით, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 992, 997, 999-ე და 408.1. მუხლებით.

15. განსახილველ შემთხვევაში, უდავო გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 25.12.2013 წელს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გვირაბის ჭერში დამაგრებული ორი ერთეული ჰაერის გამწოვი მოწყობილობა არაგაბარიტული ტვირთით დატვირთული ავტონაქანის შეჯახების შედეგად დაზიანდა.

16. მხარეები არ დავობდნენ მასზედ, რომ სატრანსპორტო საშუალება, რომლის შეჯახების შედეგადაც თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გვირაბში ორი ერთეული ჰაერის გამწოვი მოწყობილობა დაზიანდა პირველი მოპასუხის საკუთრებას წარმოადგენდა, თავად სატრანსპორტო საშუალებას კი, ამ უკანასკნელის მიერ ავტომობილის სამართავად დანიშნული უფლებამოსილი მძღოლი მართვდა.

17. ავტოსატრასპორტო შემთხვევის დღეს, რა დროსაც, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილი გზაზე მდებარე გვირაბში ჰაერის გამწოვი მოწყობილობები დაზიანდა მეორე მოპასუხის მიერ სატრანსპორტო საშუალების სამართავად დანიშნული მძღოლი ტვირთის გადაზიდვას ერთი მხრივ, პირველი მოპასუხის და მეორე მხრივ, მეორე მოპასუხეს შორის 07.09.2013 წელს დადებული გადაზიდვის ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებდა. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით ექსპედიტორის დავალებით გადამზიდავს მის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებით და მის მიერ დაქირავებული უფლებამოსილი მძღოლის მეშვეობით ტვირთის დანიშნულების ადგილამდე გადაზიდვა და მიღებაზე უფლებამოსილი პირისთვის მისი გადაცემა უნდა განეხორციელებინა.

18. სსკ-ის 992–ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული მუხლის თანახმად, სამართლებრივი შედეგი (ზიანის ანაზღაურების ვალდებულება) ქმედების აბსტრაქტული შემადგენლობიდან (სხვა პირის მიმართ განხორციელებული ქმედება) გამომდინარეობს.

19. განსახილველ შემთხვევაში, წინამდებარე გადაწყვეტილების 4.1.3 პუნქტით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, სატრანსპორტო საშუალებას მეორე მოპასუხის მიერ დანიშნული უფლებამოსილი მძღოლი მართავდა, ხოლო ავტომანქანა თავად მეორე მოპასუხის სახელზე იყო რეგისტრირებული. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის (მფლობელის) მეორე მოპასუხის პასუხისმგებლობა, სსკ-ის 997-ე და 999-ე მუხლებს ეფუძნება, რომელიც, თავის მხრივ, ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის პასუხისმგებლობას, ბრალის გარეშე აწესებს.

20. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულების კერძო შემთხვევაა და მიუხედავად ბრალისა, მომეტებული საფრთხის წყაროს მესაკუთრეს (მფლობელს) ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს, კერძოდ, სსკ-ის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ან/და ნივთის დაზიანება,ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. მოხმობილი ნორმა ადგენს სატრანსპორტო საშუალების მფლობელის ვალდებულებას, ნორმაში ჩამოთვლილ სიკეთეთა ხელყოფის შემთხვევაში, ბრალის მიუხედავად აგოს პასუხი.

21. უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის მიხედვით სსკ-ის 999-ე მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების მიღების შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ, სამოქალაქო-სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია. შედეგად, ბრალის მიუხედავად, დგება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელის პასუხისმგებლობის საკითხი, თუ ზიანი მოჰყვა მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას.

22. უმნიშვნელოვანესია აქვე აღინიშნოს, რომ სსკ-ის 999-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების დაკისრებისას სატრანსპორტო საშუალების მფლობელის პასუხისმგებლობა უნდა გამოირიცხოს, თუ ზიანი გამოწვეულია, თუნდაც, ნივთის ექსპლუატაციის დროს, მაგრამ სხვა გარე ფაქტორების ზემოქმედებით და არა მომეტებული საფრთხის წყაროს თვისებებიდან გამომდინარე. პასუხისმგებლობის მთლიან ან ნაწილობრივ გამომრიცხველ გარემოებად უნდა ჩაითვალოს დაუძლეველი ძალა (სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი). დაუძლეველი ძალაში იგულისხმება, რომ, მიუხედავად ავტომანქანის გულისყურით მართვისა, ზიანის თავიდან აცილება ვერ ხერხდება. ასეთ შემთხვევაში, უნდა დადგინდეს, ზიანი გამოწვეულია თუ არა დაბრკოლებით, რომელიც არ შედიოდა ტრანსპორტის მფლობელის კონტროლის სფეროში და მას გონივრულად არ შეეძლო არც მისი წინასწარ გათვალისწინება და არც დაბრკოლების ან მისი შედეგების თავიდან აცილება, ან დაძლევა, ანუ პირი დაბრკოლებაზე ზემოქმედების შესაძლებლობას მოკლებული იყო.

23. განსახილველ შემთხვევაში, უდავო გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ არაგაბარიტული ტვირთის გადაზიდვა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული მარშრუტით უნდა განხორციელებული, რაც თავის მხრივ, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გვირაბის შემოვლითი გზით გადაადგილებას გულისხმობდა.

24. უდავოა ასევე, რომ მიუხედავად ტვირთის გადაზიდვის შესახებ წინასწარ განსაზღვრული მარშრუტის არსებობისა, რომლის თაობაზეც ცნობილი იყო გადაზიდვაში მონაწილე პირებისთვის, ი/მ სატრანსპორტო საშუალება თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გვირაბში მაინც შევიდა, რა დროსაც, გვირაბის ჭერში დამაგრებული ორი ერთეული ჰაერის გამწოვი მოწყობილობა დააზიანა. აღნიშნული გარემოების მხედველობაში მიღებით სააპელაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 25.12.2013 წელს მომხდარი შემთხვევის დროს ზიანის დადგომა დაუძლეველ ძალას არ გამოუწვევია. შესაბამისად, მეორე მოპასუხე, როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე, სსკ-ის 997-ე და 999-ე მუხლებზე დაყრდნობით, ბრალის გარეშე აგებს პასუხს, მარტოოდენ იმიტომ, რომ მან ავტოსატრანსპორტო საშუალება, ნებაყოფლობით, უფლებამოსილ მძღოლს მასთან დასაქმებულ მუშაკს გადასცა სამართავად, რომელმაც თავის მხრივ, ავტოსაგზაო შემთხვევა მოახდინა.

25. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც უდავოა, რომ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გვირაბის ჭერში დამაგრებული ორი ერთეული ჰაერის გამწოვი მოწყობილობის დაზიანება მეორე მოპასუხის მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალების შეჯახებას მოჰყვა, ფაქტი მასზედ, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს 28.11.2013 წელს ტვირთის გადაზიდვის მიზნით ტექნიკური პირობების გაცემის მოთხოვნით პირველმა მოპასუხემ (ექსპედიტორი) მიმართა, ამ უკანასკნელს 25.12.2013 წელს მომხდარი ავტოსატრასნპორტო შემთხვევის შედეგით გამოწვეულ ზიანზე მეორე მოპასუხესთან ერთად ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ სუბიექტად ვერ აქცევდა.

26. პირველი მოპასუხისათვის თანხის დაკისრების საფუძვლად, ამ უკანასკნელისგან მომდინარე მიზეზით ზიანის დადგომაზე უთითებდა სსკ-ის 992-ე მუხლი.,,საავტომობილო გზების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით სატრანსპორტო საშუალებებმა უნდა იმოძრაონ გზის სავალ ნაწილზე. აკრძალულია მუხლუხა ან ლითონისბორბლებიანი მანქანების მოძრაობა საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების შავსაფარიან სავალ ნაწილზე და გვერდულებზე. სატრანსპორტო საშუალებების გასატარებლად, რომელთა ღერძული დატვირთვა და გაბარიტები აღემატება ნორმატიულს, სატრანსპორტო საშუალებათა მფლობელები (უცხოელების ჩათვლით) დადგენილი წესით იღებენ ნებართვას და თუ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები დააზიანებენ გზის ელემენტებს, დადგენილი წესით იხდიან აღდგენის საფასურს. ამავე კანონის მე-16 მუხლის ,,ლ’’ პუნქტის შესაბამისად საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის საავტომობილო გზებზე აკრძალულია საგზაო ნაგებობების, საგზაო მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებების, მწვანე ნარგავების, თოვლდამცავი მოწყობილობის და სხვა საგზაო ქონების დაზიანება. ,,საავტომობილო გზების შესახებ’’ საქართველოს კანონის 21- ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად საწარმოებს, ორგანიზაციებს, დაწესებულებებსა და მოქალაქეებს, რომელთა მიზეზით დაზიანდება გზის საფარი, გვერდულები, მიწის ვაკისი, დამცავი მოწყობილობა, ხიდები, გზაგატარები, წყალამრიდი და სხვა ნაგებობანი, ეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვალდებულნი არიან აანაზღაურონ მიყენებული ზარალი.

27. სსკ-ის 992-ე მუხლის და ,,საავტომობილო გზების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-15, მე-16 და 21-ე მუხლების სიტყვა-სიტყვითი, ლოგიკური და შინარსობრივი ახსნა-განმარტებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული ნორმების რეგულირების ფარგლებში ექცევა პირის მიერ სხვა პირის მიმართ განხორციელებული ისეთი ქმედება, რასაც თავის მხრივ შედეგად ზიანის დადგომა მოჰყვება. ამ მიმართებით, სააპელაციო სასამართლომ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ უდავო გარემოებას, რომ თბილის-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გვირაბში ჰაერის გამწოვი მოწყობილობები მეორე მოპასუხის მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშულების შეჯახების შედეგად დაზიანდა, რომელსაც თავის მხრივ, როგორც გადამზიდავს, გარიგების საფუძველზე ნაკისრი ჰქონდა ტვირთის გადაზიდვის და უფლებასმოსილი პირისთვის გადაცემის ვალდებულება.

28. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ტვირთის გადაზიდვის მიზნით ტექნიკური პირობის გაცემის მოთხოვნით საავტომობილო გზების დეპარტამეპენტს პირველმა მოპასუხემ მიმართა, თუმცა, იმ უდავო გარემოებების გათვალისწინებით, რომ 1. ტვირთის გადაზიდვა მან მეორე მოპასუხეს დაუკვეთა, 2. საავტომობილო გზაზე არსებულ გვირაბში დამონტაჟებული ჰაერის გამწოვი მოწყობილობები მეორე მოპასუხის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების შეჯახების შედეგად დაზიანდა, რომელსაც ამ უკანასკნელთან დასაქმებული უფლებამოსილი მძღოლი მართვადა.

29. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი მოპასუხის სახელზე ტექნიკური პირობის გაცემა, რომელიც ამ უკანასკნელს ტვირთის გადაზიდვის მესამე პირისთვის დაკვეთას არ უკრძალავდა, მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის დადგომაში, კერძოდ, გვირაბში დამონტაჟებული ჰაერის გამწოვი მოწყობილობების დაზიანებაში მის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების ან/და მის მიერ დანიშნული უფლებამოლსი მძღოლის მონაწილეობის დადასტურების გარეშე არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს ამ უკანასკნელისთვის დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დასაკისრებლად, რადგან ამ შემთხვევაში, არ არსებობს, დელიქტით გამოწვეული ზიანის დაკისრების მთავარი წინაპირობა - მოსარჩელის მიმართ განხორციელებული ქმედება, რამაც ზიანის დადგომა გამოიწვია.

30. საბოლოოდ, სსკ-ის 992-ე მუხლის, ,,საავტომობილო გზების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-15, მე-16 და 21-ე მუხლებით გათვალისწინებული ქცევის წესის, რომლის მიხედვითაც ზიანის ანაზღაურების პასუხისმგებლობის დაკისრების სავალდებულო წინაპირობას სხვა პირის მიმართ მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორცილება წარმოადგენს და იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ პირველი მოპასუხე ზიანის დადგომაში უშუალოდ მონაწილე სუბიექტს, არც სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს არ წარმოადგენს, რომლის შეჯახების შედეგადაც მოსარჩელეს ზიანი მიადგა წარმოადგენდა და არც აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ყოფილა ამ უკანასკნელის მიერ ავტომობილის სამართავად დანიშნული პირი (მისი მუშაკი). შესაბამისად, პირველი მოპასუხის მიმართ მოთხოვნა უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული.

31. მეორე მოპასუხემ შესაგებლით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთ საფუძვლად სარჩელის ხანდაზმულობაზე მიუთითა.

32. სსკ-ის 1008-ე მუხლის მიხედვით, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.

33. სააპელაციო სასამართლომ გამოიკვლია კონკრეტულად რა მომენტიდან შეიტყო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ზიანისა და ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. ამასთან, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ მითითებული მუხლი განსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც დაზარალებულს ზიანის მიმყენებლისაგან სასამართლო წესით ან მის გარეშე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა შეუძლია და არ აქვს მნიშვნელობა, პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებაზეა საუბარი, თუ ერთჯერადად გადასახდელ თანხაზე (იხ. მაგ. სუსგ Nას-1014-271-08).

34. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა მასზედ, რომ დეპარტამენტისთვის ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის, კერძოდ, მეორე მოპასუხის შესახებ ცნობილი იყო ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დღეს - 2013 წლის 25 დეკემბერს, ყველაზე გვიან კი 2014 წლის 12 თებერვალს, მას შემდეგ, რაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარმა სამმართველომ საავტომობილო გზების დეპარტამენტს ავტოსაგზაო შემთხვევის მასალები: საჯარიმო ქვითარი, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სქემა და ახსნა-განმარტებები გადაუგზავნა.

35. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს 12.02.2014 წლის მიმართვით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის 25.12.2013 წელს მომხდარ ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შესახებ გადაგზავნილ მასალებზე, კერძოდ, საჯარიმო ქვითარზე, საიდანაც ირკვევა, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევასთან მიმართებით ბრალეულ პირად მიჩნეული იქნა მძღოლი, რომელიც მართავდა მეორე მოპასუხის ავტომანქანას. ეს უკანასკნელი კი, სამუშაო ადგილად პირველ მოპასუხე კომპანიას უთითებდა.

36. ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს მიერ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის გადაგზავნილი არცერთი დოკუმენტი არ იძლეოდა დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის - მეორე მოპასუხის შესახებ ცნობილი გახდა 2014 წლის 12 თებერვალს, მას შემდეგ, რაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარმა სამმართველომ საავტომობილო გზების დეპარტამენტს ავტოსაგზაო შემთხვევის მასალები გადაუგზავნა.

37. ამასთან, 28.11.2013 წელს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ტექნიკური პირობების გაცემის მოთხოვნით პირველმა მოპასუხემ მიმართა, სადაც აღნიშნული არ ყოფილა, რომ ექსპედიტორს და მესამე პირს, ამ შემთხვევაში, მეორე მოპასუხეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ტვირთი მეორე მოპასუხის მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებით, ამ უკანსკნელის მიერ ამ ავტომობილის სამართავად დასახელებულ უფლებამოსილ მძღოლს უნდა გადაეზიდა.

38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არც შემთხვევის დღეს და არც 12.02.2014 წელს ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის ცნობილი არ ყოფილა.

39. სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის - მეორე მოპასუხის შესახებ ცნობილი გახდა შპს ,,გ. ლ.’’ მიერ 09.10.2014 წელს სასამართლოში წარდგენილი შესაგებლიდან.

40. ამ მხრივ, საყურადღებოა შესაგებლის მე-5 გვერდზე შპს ,,გ. ლ.’’ მიერ მითითებული გარემოება, სადაც ეს უკანასკნელი განმარტავს, რომ შპს ,,გ. ა.’’ იგივე შპს ,,ე.’’ არაგაბარიტული ტვირთის გადაზიდვას უზრუნველყოფდა მეორე მოპასუხის კუთვნილი ავტყოსატრანსპორტო საშუალების მეშვეობით. ამასთან, 07.09.2013 წელს დადებული გადაზიდვის ხელშეკრულების შესაბამისად, მძღოლს კი ი. ჩ-ი წარმოადგენდა, რომელიც დაქირავებული იყო მეორე მოპასუხის მიერ. (ტ.1.ს.ფ. 120).

41. დეპარტამენტის მიერ დაზუსტებული სარჩელი, სადაც სარჩელზე პასუხისმგებელ პირად პირველ მოპასუხესთან ერთად დასახელებულია მეორე მოპასუხე, სასამართლოში წარდგენილია 30.06.2017 წელს (ტ.2.ს.ფ.1).

42. დაზარალებულის მიერ ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ ინფორამაციის შეტყობის (09.10.2014წ.) და დაზუსტებული სარჩელის სასამართლოში წარდგენის (30.06.2017წ) პერიოდის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ დეპარტამენტის მოთხოვნა მეორე მოპასუხის მიმართ არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ხანდაზმულად.

43. მიყენებული ზიანის ოდენობის ნაწილში, მოსარჩელის პოზიცია გათვალისწინებული იქნა მხოლოდ ნაწილობრივ, კერძოდ, მოსარჩელე საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულების (იხ. ტ.1 ს.ფ. 43, 51) საფუძველზე ზიანის ანაზღაურებას მოითხოვდა 130 000 ლარის ოდენობით. შეჯახების შედეგად დაზიანებული გამწოვი მოწყობილბობების (ე.წ. ვინტილიატორი 2 ცალი) აღდგენის ღირებულება საქმეში წარმოდგნეილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ერთ შემთხვევაში შეადგენდა 76 700 ლარს, ხოლო მეორე შემთხვევაში - 46 000 ლარს (იხ. ტ.1 ს.ფ. 43, 51). ჯამში ორივე გამწოვი მოწყობილობის აღდგენის ღირებულება შეადგენდა 122 700 ლარს. ამასთან, სარჩელის მიხედვით (იხ. მე-2 ტ. ს.ფ. 7, მე-7 ფაქტობრივი გარემოება) ზიანი მოიცავს ასევე ამ მოწყობილობების ტრანსპორტირების ხარჯებსაც, რაც შეადგენს 2400 + 4900 = 7 300 ლარს.

44. საბოლოოდ, ამ ორი კომპონენტის (აღდგენის და ტრანსპორტირების) გათვალისწინებით მოსარჩელე ზიანის სახით მოითხოვდა 130 000 ლარის დაკისრებას.

45. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ამ მოცულობით ზიანის ნაწილში, მოსარჩელის მტკიცების გაზიარების საფუძველი, ვინაიდან როგორც საქმეში წარმოდგნილი სხვა მტკიცებულებით დასტურდება (სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სახელზე კომპანია ერთ-ერთი კომპანიის მიერ 19.06.2018 წელს გაცემულ დოკუმენტზე, რომელიც თავის მხრივ 21.06.2018 წელს საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის მიერ. აღნიშნული დოკუმენტით ირკვევა, რომ EMAK-ის 2 ცალი რევერსიული ვენტილატორის ღირებულება 9000 ევროს შეადგენს, ტრანსპორტირების ღირებულება კი 2850 ევროა). ამ გამწოვი მოწყობილობების შეკეთება აღდგენის ღირებულება რამდენჯერმე აღემატება ახალი გამწოვი მოწყობილობის ღირებულებას. მაგალითად, როგორც თავად მოსარჩელის მიერ ამ გამწოვი მოწყობილობის მწარმოებელი ქარხნიდან გამოთხოვილი ინფორმაციით დასტურდება სრულიად ახალი 2 ცალი გამწოვი მოწყობილობის ღირებულება შეადგენს 9 000 ევროს.

46. შესაბამისად, ზიანის ოდენობა გამოანგარიშებული იქნა ახალი გამწოვი მოწყობილობის ღირებულების კვალობაზე და არა დაზიანებული გამოწოვი მოწყობილობის შეკეთება-აღდგენის ღირებულების კვალობაზე.

47. ამდენად, ნაცვლად მოთხოვნილი 122 000 ლარისა ზიანის ოდენობად განისაზღვრა 9000 ევროს ეკვივალენტი ლარი, რასაც ასევე დაემატა ამ მოწყობილობების ტრანსპორტირების ხარჯი 2850 ევროს ოდენობით (იხ. ტ2, ს.ფ. 291-292).

48. ჯამში, დამდგარი ზიანის ოდენობა განისაზღვრა 11 850 ევროს ეკვივალენტი ლარით. წინა პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების და მსჯელობის საფუძველზე სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელის მიმართ მისთვის მიყენებული ზიანისათვის სკ-ის 992-ე და 999-ე მუხლების საფუძველზე პასუხისმგებელ პირს, მოსარჩელის მიერ დასახელებული თანამოპასუხეებიდან, წარმოადგენდა მხოლოდ მეორე მოპასუხე, რომელსაც მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით უნდა დაჰკისრებოდა 11 850 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა.

49. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნის შედგენის ხარჯს, სააპელაციო სასამართლომ ამ ნაწილში, სარჩელი არ დაკმაყოფილა და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, დეპარტამენტის მხრიდან ექპერტიზის დასკვნის მომზადების მიზნით 1260 ლარის ოდენობით ხარჯის გაწევის ფაქტი დასტურდებოდა, თუმცა, გათვალისწინებით იმისა, რომ 25.12.2013 წელს მომხადრი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ოდენობის დადგენის მიზნით სასამართლომ არ გაიზიარა აღნიშნული დასკვნა და ზიანის ოდენობა დადგნილი იქნა საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულების საფუძველზე, ამგვარად, მიუხედავად დეპარტამენტის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა, არ არსებობდა ექსპერტიზის დასკვნის მომზადებისთვის გაწეული ხარჯის მოწინააღმდეგე მხარისთვის დაკისრების საფუძველი.

50. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გასაჩივრდა ორივე მხარის მიერ.

51. პირველმა კასატორმა (მოსარჩელე) მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდებოდა და მეორე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრებოდა 131 260 ლარისა და ექსპერტიზის დასკვნის შედგენის ხარჯის- 1260 ლარის გადახდა.

52. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში პირველი კასატორი - დეპარტამენტი სადავოდ ხდის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ მას უსაფუძვლოდ ეთქვა უარი ექსპერტიზის ხარჯების მეორე მოპასუხისათვის დაკისრებაზე.

53. ამასთან, პირველი კასატორის მითითებით, ზიანის ოდენობა შეადგენს 131 260 ლარს, რაც დადგენილია ექსპერტიზის დასკვნით. პირველი კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ორი ახალი ვენტილატორის ღირებულება განისაზღვრება 9000 ევროთი, უმართებულოა, ვინაიდან 2018 წლის 12 ივნისს დეპარტამენტის მიერ საქმეში წარმოდგენილ დოკუმენტში ასახულია ორი ვენტილატორის ფასი, მასში ასევე მითითებულია, რომ აღნიშნული ფასი მოქმედია ერთი თვის განმავლობაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ქარხანა-მწარმოებლის მიერ წარმოდგენილი ფასი ცვალებადია და არ შეიძლება მიჩნეულ იქნას მტკიცებულებად, ვინაიდან შესაძლებელია აღნიშნული ფასი (როგორც ინვოისშია მითითებული) შეიცვალოს ერთ თვეში. ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს ფასი გაიზრდება თუ შემცირდება, ვინაიდან ფაქტს წარმოადგენს, რომ იგი ცვალებადია და არ შეიძლება მასზე დაყრდნობა განსხვავებით ექსპერტიზის დასკვნისგან, რომელშიც გათვლილია ყველა დეტალი და ასახულია დეტალური ხარჯთაღრიცხვის სახით. ამასთან, სასამართლო დავა შესაძლებელია გაგრძელდეს ზემდგომ ინსტანციაში და გაურკვეველია სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის რა ღირებულების იქნება სადავო, დაზიანებული სახელმწიფო ქონება. აქედან გამომდინარე, დეპარტამენტს შესაძლებელია მაინც მიადგეს ზიანი, თუ ვენტილატორების ყიდვა/შეკეთება/დამონტაჟება დაჯდება იმაზე მეტი, ვიდრე სასამართლომ დაადგინა.

54. მეორე კასატორმა (მეორე მოპასუხე) მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდებოდა.

55. მეორე კასატორი სადავოდ ხდის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას მისთვის ზიანის დაკისრების ნაწილში და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა ხანდაზმულობის ვადასთან დაკავშირებით, კერძოდ, სასამართლოს განმარტებით, ხანდაზმულობის ვადა შეწყდა სასამართლოში სარჩელის წარდგენის მომენტიდან. კასატორის განცხადებით, ავტოსაგზაო ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა 2013 წლის 25 დეკემბერს. ამ დღეს, შეიტყო აპელანტმა ზიანის დადგომის შესახებ. 2014 წლის 13 თებერვალს, საპატრულო პოლიციიდან მასალების მიღების შემდეგ, დეპარტამენტისთვის ცნობილი გახდა ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირთა სავარაუდო წრე - პირველი მოპასუხე და ავტომანქანის მძღოლი. კასატორის მითითებით, სასამართლოში სარჩელი წარდგენილ იქნა 2014 წლის სექტემბერში პირველი მოპასუხის წინააღმდეგ, მაგრამ არ ყოფილა წარდგენილი მძღოლის წინააღმდეგ, შესაბამისად მეორე მოპასუხის მიმართ, უკიდურეს შემთხვევაში, 2014 წლის 13 თებერვლიდან დაწყებული დაწყებული ხანდაზმულობის ვადის დინება გაგრძელდა მაშინ, როცა მეორე მოპასუხის მიმართ სარჩელი წარდგენილ იქნა 2017 წლის ივნისში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

56. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 მაისის განჩინებით პირველი საკასაციო საჩივარი, ხოლო 2019 წლის 28 მაისის განჩინებით მეორე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

57. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

58. განსახილველ შემთხვევაში, პირველი კასატორი სადავოდ ხდის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ორი მიმართულებით, პირველი ექსპერტიზის დასკვნის შედგენის ხარჯის მეორე მოპასუხისათვის დაკისრებაზე უარის თქმისა და ზიანის ანაზღაურების ოდენობის დადგენის ნაწილში. მაშასადამე, პირველი საკასაციო საჩივარი წარმოდგენილია როგორც მატერიალური (ზიანი), ისე საპროცესო ნორმების დარღვევის საფუძვლით (სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილი).

59. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე ზიანის სახით მოითხოვდა 131 260 ლარის გადახდის დაკისრებას, საიდანაც, მოსარჩელის მითითებით, დაზიანებული ჰაერის გამწოვების თურქეთის რესპუბლიკაში ტრანსპორტირების და აღდგენის ღირებულება შეადგენდა 130 000 ლარს, ხოლო დანარჩენი - 1 260 ლარი წარმოადგენდადა მოსარჩელის მიერ გაწეული იქნა ექსპერტიზის დასკვნის მომზადებისთვის საჭირო ხარჯს.

60. სააპელაციო სასამართლომ დაზიანებული გამწოვი მოწყობილბობების (ე.წ. ვინტილიატორი 2 ცალი) აღდგენის ღირებულება განსაზღვრა არა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით, არამედ, საქმეში წარმოდგნილი სხვა მტკიცებულებით, კერძოდ, მხედველობაში იქნა მიღებული საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სახელზე კომპანია .... -ს მიერ 19.06.2018 წელს გაცემული დოკუმენტის შინაარსი, რომელიც თავის მხრივ, 21.06.2018 წელს საქმეში წარმოდგენილი იყო მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის მიერ. აღნიშნული დოკუმენტით გაირკვა, რომ EMAK-ის 2 ცალი რევერსიული EFF E JET R 1200-37/4 ვენტილატორის ღირებულება 9000 ევროს შეადგენს, ტრანსპორტირების ღირებულება კი 2850 ევროა. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ამ გამწოვი მოწყობილობების შეკეთება აღდგენის ღირებულება რამდენჯერმე აღემატება ახალი გამწოვი მოწყობილობის ღირებულებას. როგორც თავად მოსარჩელის მიერ ამ გამწოვი მოწყობილობის მწარმოებელი ქარხნიდან გამოთხოვილი ინფორმაციით დადასტურდა, სრულიად ახალი 2 ცალი გამწოვი მოწყობილობის ღირებულება შეადგენს 9 000 ევროს. შესაბამისად. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზიანის ოდენობა გამოანგარიშებული უნდა იქნეს ახალი გამწოვი მოწყობილობის ღირებულების კვალობაზე და არა დაზიანებული გამოწოვი მოწყობილობის შეკეთება აღდგენის ღირებულების კვალობაზე. სწორედ აღნიშნული მტკიცებულებების შეფასების შედეგად განისაზღვრა, რომ ნაცვლად მოთხოვნილი 122 000 ლარისა, ზიანის ოდენობად უნდა განისაზღვროს 9000 ევროს ეკვივალენტი ლარი.

61. სააკასაციო პალატა განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

62. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

63. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

64. მტკიცების ტვირთზე უთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.

65. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

66. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).

67. მტკიცებულებათა სახეები, რომელიც შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად, ამომწურავადაა განსაზღვრული სსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით. არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. აგრეთვე, არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ მტკიცებულების მნიშვნელობა წინასწარ არ არის განსაზღვრული და მისი ძალა და მნიშვნელობა სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული. მტკიცებულებათა შეფასების დროს მხარეებს უფლება აქვთ, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მტკიცებულებების სარწმუნოობა. მათი უტყუარობის თუ სიყალბის შესახებ მოსაზრებები შეიძლება გამოთქვან არამარტო მხარეებმა, არამედ მესამე პირებმა, აგრეთვე, სპეციალისტებმა და ექსპერტებმა, თუ ისინი მონაწილეობენ პროცესში. საბოლოოდ კი, წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო. ექსპერტიზის დასკვნა სავალდებულო არაა და მისი იურიდიული შეფასებისას (იმდენად რამდენადაც იგი სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას ეფუძნება) სასამართლოს და ფასდება საქმის ყოველმხრივი განხილვის (სუსგ №ას-406-383-2014, 17.04.2015). №ას-878-2018, 29 აგვისტო, 2018 წელი, პ-14.2). როგორც გასაჩივრებული გადაწყვეტილებითაა დადგენილი სააპელაციო სასამართლომ ზიანის ოდენობის დასადგენად უპირატესობა არ მიანიჭა ექსპერტიზის დასკვნას და საქმეში წარმოდგენილი სხვა დოკუმენტებით დაადგინა (იხ., ამ განჩინების პ -60) რა ოდენობის ზიანი მიადგა მოსარჩელეს ვენტილატორის დაზიანების შედეგად.

68. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 999-ე მუხლის პირველი ნაწილი მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს მოთხოვნის დამფუძნებულ ნორმას ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის (მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისათვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია, დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი). საკასაციო პლატის მოსაზრებით, აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს სამოქალაქო სამართლის ზოგადი პრინციპიდან (პასუხიმგებლობა მიყენებული ზიანის გამო პირს ეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მოქმედება არის ბრალეული) განსხვავებულ – სატრანსპორტო საშუალების მომხმარებლის ისეთ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, რა დროსაც, მისი დაკისრებისათვის ბრალეულობა სავალდებულო არ არის. ამ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების დადგომის შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივი სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია.

69. ხოლო რაც შეეხება ზიანის ოდენობას, მისი მოცულობის დადგენას, საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 408-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. სსკ-ის 409-ე მუხლის შესაბამისად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც (იხ., სუსგ №ას-153-2019, 8 მაისი, 2019 წელი, პ-9). განსახილველ შემთხვევაში, სსკ-ის 999-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულია და ამ ნაწილში, გარდა, ზიანის მოცულობისა, პირველ კასატორს პრეტენზია არ გააჩნია. პირველი კასატორის (მოსარჩელის) პრეტენზია, რომ ზიანის მოცულობა უნდა განსაზღვრულიყო დაზიანებული ჰაერის გამწოვების თურქეთის რესპუბლიკაში ტრანსპორტირებისა და აღდგენის ღირებულებით, სააპელაციო სასამართლოს დასკვნის საპირწონედ, როგორც დასაბუთებული საკასაციო შედავება (სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილი) ვერ იქნება მიჩნეული. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არც საექსპერტო დასკვნის მომზადებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე უარს თქმის ნაწილშია წარმოდგენილი დასაშვები საკასაციო პრეტენზია.

70. მეორე კასატორი სადავოდ ხდის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას მისთვის ზიანის დაკისრების ნაწილში და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად აითვალა დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების სასამართლო წესით ხანდაზმულობის ვადა (სსკ-ის 130-ე და 1008-ე მუხლები)

71. საკასაციო პალატა არ იზიარებს მეორე კასატორის პოზიციას და მიიჩნევს, რომ მეორე კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

72. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007, გვ.63; შდრ. სუსგ 11.06.2012 საქმე №ას-547-515-2012).

73. აღსანიშნავია, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება. ხანდაზმულობის ვადა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით. ხანდაზმულობის ვადის საფუძველია უფლების დარღვევა, რომელიც შესაძლოა კანონიდან გამომდინარეობდეს ან ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვას. ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების (მხარის) მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში.

74. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოპსპობას, გაქარწყლებას. „მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად არის ვადით შეზღუდული. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება №1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ოლღა სუმბათაშვილი და იგოგ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

75. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები ასეე მიიჩნევა საქმის სწორად გადაწყვეტის ერთ–ერთ ეფექტურ გარანტიად. კერძოდ: გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, შესაბამისად, მტკიცებულებათა უტყუარობა, მათი ვარგისიანობის, ნამდვილობის უტყუარად დადგენის შესაძლებლობა უმნიშვნელოვანესია სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად. სამართალწარმოებაში შეცდომის თავიდან აცილება უპირველესი მიზანია. ამასთან, ხანგრძლივი დროის გასვლამ შეიძლება გამოიწვიოს მტკიცებულებების შეცვლა ან მათი მოპოვების უკიდურესად გართულება, ზოგჯერ კი – განადგურება, რაც, საბოლოო ჯამში, გაართულებს სადავოდ გამხდარი მტკიცებულებების საიმედოობის დადგენას. როდესაც ხანგრძლივი დროა გასული იმ მოვლენიდან, რომელმაც სადავო გარემოებები წარმოშვა, მაღალია ალბათობა, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ადრე არსებობდა, შეიძლება დაკარგული ან სახეშეცვლილი იყოს, ასევე გაფერმკრთალდება მოწმეთა მეხსიერება, რომელთა ჩვენებებს სასამართლო დავის გადაწყვეტისას უნდა დაეყრდნოს, გაიზრდება სავარაუდო, არასანდო მტკიცებულებათა რიცხვი. შედეგად, მეტი ალბათობით შეიქმნება ნიადაგი საქმის ფაქტობრივი გარემოებების არაობიექტური შეფასებისათვის. ხანდაზმულობის ვადა წარმოადგენს მცდელობას, დაიცვას მხარეები ასეთი საფრთხეებისაგან.

76. ზემოთ ჩამოთვლილი ლეგიტიმური მიზნების არსებობას იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც. 1996 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე სტაბინგი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, სასამართლო განმარტავს: „... ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისგან, რომლებისგან თავის დაცვაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან გადაწყვიტომ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც შესაძლოა, დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს“ (პარ.51).

77. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების საფუძველია უფლების დარღვევა, რომელიც შესაძლოა კანონიდან გამომდინარეობდეს ან ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვას. ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში. მოთხოვნის ხანდაზმულობაზე სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის შესახებ მოპასუხეს შესაგებელში აქვს მითითებული ან მიუთითებს პირველ ინსტანციაში საქმის მომზადების დასრულებამდე. (იხ. დამატებით: ჰ.ბოელინგი, ლ. ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 170).

78. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ განსახილველი დავა დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარეობს, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხზე მსჯელობისას სააპელაციო პალატამ სწორად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლით, რომელიც, დელიქტიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნებისთვის ხანდაზმულობის ვადას აწესებს, კერძოდ, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.

79. იმ საკითხის ირგვლივ თუ თუ რა მომენტიდან შეიტყო დეპარტამენტმა ზიანისა და ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ, დადგენლია, რომ თავდაპირველად, ავტოსატრანსპორტო შემთხვევასთან მიმართებით ბრალეულ პირად მიჩნეული იქნა მძღოლი, რომელიც მართავდა მეორე მოპასუხის ავტომანქანას. ეს უკანასკნელი კი, სამუშაო ადგილად პირველ მოპასუხე კომპანიას უთითებდა. ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს მიერ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის გადაგზავნილი არცერთი დოკუმენტი არ იძლეოდა დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ დეპარტამენტისთვის ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის - მეორე მოპასუხის შესახებ ცნობილი გახდა 2014 წლის 12 თებერვალს, მას შემდეგ, რაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარმა სამმართველომ საავტომობილო გზების დეპარტამენტს ავტოსაგზაო შემთხვევის მასალები გადაუგზავნა.

80. ამასთან, 28.11.2013 წელს დეპარტამენტს ტექნიკური პირობების გაცემის მოთხოვნით პირველმა მოპასუხემ მიმართა, სადაც აღნიშნული არ ყოფილა, რომ ექსპედიტორს და მესამე პირს, ამ შემთხვევაში, მეორე მოპასუხეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ტვირთი მეორე მოპასუხის მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებით, ამ უკანასკნელის მიერ ამ ავტომობილის სამართავად დასახელებულ უფლებამოსილ მძღოლს უნდა გადაეზიდა.

81. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არც შემთხვევის დღეს და არც 12.02.2014 წელს ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის ცნობილი არ ყოფილა.

82. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ დეპარტამენტისთვის ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის - მეორე მოპასუხის შესახებ ცნობილი გახდა შპს ,,გ. ლ.’’ მიერ 09.10.2014 წელს სასამართლოში წარდგენილი შესაგებლიდან. ამ მხრივ, საყურადღებოა შესაგებლის მე-5 გვერდზე შპს ,,გ. ლ.’’ მიერ მითითებული გარემოება, სადაც ეს უკანასკნელი განმარტავს, რომ შპს ,,გ. ა.’’ იგივე შპს ,,ე.’’ არაგაბარიტული ტვირთის გადაზიდვას უზრუნველყოფდა მეორე მოპასუხის კუთვნილი ავტყოსატრანსპორტო საშუალების მეშვეობით. ამასთან, 07.09.2013 წელს დადებული გადაზიდვის ხელშეკრულების შესაბამისად, მძღოლს კი ი. ჩ-ი წარმოადგენდა, რომელიც დაქირავებული იყო მეორე მოპასუხის მიერ (ტ.1.ს.ფ. 120). დეპარტამენტის მიერ დაზუსტებული სარჩელი, სადაც სარჩელზე პასუხისმგებელ პირად პირველ მოპასუხესთან ერთად დასახელებულია მეორე მოპასუხე, სასამართლოში წარდგენილია 30.06.2017 წელს (ტ.2.ს.ფ.1).

83. ამდენად, დაზარალებულის მიერ ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ ინფორამაციის შეტყობის (09.10.2014წ.) და დაზუსტებული სარჩელის სასამართლოში წარდგენის (30.06.2017წ) პერიოდის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ სწორად დაასკვნა, რომ დეპარტამენტის მოთხოვნა მეორე მოპასუხის მიმართ არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ხანდაზმულად.

84. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრების დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც, საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

85. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვისას ზიანის მიყენების, მისი ოდენობისა და დელიქტით მიყენებული ზიანის ხანდაზმულობის საკითხზე დადგენილია უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა ნაწილიც ასახულია განჩინებაში.

86. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივრები, რის გამოც, მათ უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

87. პირველი კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კანონის საფუძველზე.

88. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, მეორე კასატორს უკან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ი/მ ა. ჯ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

3. კასატორ ი/მ ა. ჯ-ს (2300100...) უკან დაუბრუნდეს 2019 წლის 24 მაისს ა. ჯ-ის მიერ საგადახდო დავალება N7977260092 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (1835.60 ლარი) 1284.92 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი