დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 04.07.2019
საქმის ნომერი
ას-796-2019
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-796-2019 4 ივლისი, 2019 წელი,თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),პაატა ქათამაძე,ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს–ა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 მარტის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობასა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, შემკვეთი ან გამგეობა) და შპს „ს–ას“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, შემსრულებელი ან მენარდე) შორის 2012 წლის პირველ თებერვალს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხეს ყოველდღიურად უნდა უზრუნველეყო გამგეობის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავება. ხელშეკრულების ღირებულება 163048 ლარით, ხოლო მომსახურების გაწევის ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2012 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განისაზღვრა.

2. ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ან/და ვადის გადაცილების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.2%-ით განისაზღვრა.

3. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას კონტროლს უწევდნენ ა(ა)იპ „ხელვაჩაურის გამწვანებისა და დასუფთავების სამსახური“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც დასუფთავების სამსახური) და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შესაბამისი თემის რწმუნებულები (შემდეგში ტექსტში ასევე მოხსენიებული, როგორც რწმუნებულები). გაწეული ან/და გასაწევი მომსახურების მოცულობის, ხარისხისა და მიწოდების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, აღნიშნულ პირებს ევალებოდათ კონტროლის, ზედამხედველობისა და მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება.

4. მომსახურება (შესყიდვის ობიექტი) მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ ჩაითვლებოდა.

5. ხელშეკრულების მიხედვით, სარფის გზის, კერძოდ, ხელვაჩაურის საზღვრიდან სარფამდე მონაკვეთის (40000 კვ.მ.) დასუფთავება გათვალისწინებული იყო ყოველდღიურად (დღეში ერთხელ).

6. 2012 წლის თებერვლიდან იმავე წლის მაისის ჩათვლით, მხარეებმა შეადგინეს შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტები, რომელთა მიხედვით, მოპასუხეს შესრულებული ჰქონდა მთლიანად 40 385.1 ლარად ღირებული სამუშაოები, სახელდობრ: 2012 წლის თებერვალში - 13461.7, მარტში - 13461.7, ხოლო აპრილში - 13461.7 ლარად ღირებული სამუშაოები. აღნიშნული აქტების თანახმად, თითოეული თვის მიხედვით, შემდეგი მოცულობის სამუშაო შესრულდა: 1. დაგვა-დასუფთავება (ყოველდღე, ორჯერ) - 22734 კვ.მ; 2. დაგვა-დასუფთავება (ორ დღეში ერთხელ) - 40000 კვ.მ; 3- სანაპიროს დასუფთავება (ყოველდღე) - 36000 კვ.მ. თავის დროზე (სამუშაოს მიღებისას) მოსარჩელეს რაიმე პრეტენზია შესრულებული სამუშაოს მოცულობასა და ხარისხთან დაკავშირებით არ განუცხადებია.

7. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური შესაბამისობის ანგარიშის მიხედვით, გამგეობას ეცნობა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 40000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის დაგვა-დასუფთავება, ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველი დღისა, ხდებოდა ორ დღეში ერთხელ, დაბრუნებას ექვემდებარებოდა 2012 წლის თებერვლიდან მაისის ჩათვლით ზედმეტად გადახდილი 5760 ლარი. აღნიშნულის თაობაზე მოპასუხეს 2015 წლის 16 სექტემბრის წერილით ეცნობა.

8. 2016 წლის 3 თებერვალს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, ზედმეტად გადახდილი თანხის - 5760 ლარისა და პირგასამტეხლოს - 19567.7 ლარის დაკისრების მოთხოვნით. ის ამტკიცებდა, რომ ხელშეკრულების თანახმად, 2012 წლის თებერვლიდან იმავე წლის მაისის ჩათვლით, ხელვაჩაურის საზღვრიდან სარფამდე ტერიტორია მოპასუხეს ყოველდღიურად უნდა დაესუფთავებინა, თუმცა, იგი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოს ასრულებდა არა ყოველდღიურად, არამედ ორ დღეში ერთხელ, ანაზღაურება კი სრული მოცულობით მიიღო. ჯამურად გამგეობამ მოპასუხეს ზედმეტად გადაურიცხა 5760 ლარი, რაც უკან დაბრუნებას ექვემდებარებოდა. გარდა ამისა, სამუშაოების არაჯეროვანი შესრულების გამო, მენარდე ვალდებული იყო, შემკვეთისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო გადაეხადა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0.2%, რაც მთლიანად 19567.7 ლარს შეადგენდა.

9. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მან წარადგინა როგორც მოთხოვნის გამომრიცხველი, ისე მისი განხორციელების ხელის შემშლელი (ხანდაზმულობის) შესაგებელი და განმარტა, რომ მას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ დაურღვევია, სამუშაოებს კეთილსინდისიერად და ჯეროვნად ასრულებდა, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნების თაობაზე, უსაფუძვლო იყო. მოპასუხის მტკიცებით, მიღება-ჩაბარების აქტის შედგენისას მხარეებმა ტექნიკური შეცდომა დაუშვეს, რაც განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ მათ ერთმანეთთან სახელშეკრულებო ურთიერთობა აკავშირებდათ 2011 წელსაც. მითითებულ პერიოდშიც ანალოგიური სამუშაოები ტარდებოდა, თუმცა არა ყოველდღიურად, არამედ ორ დღეში ერთხელ. ამიტომ, რადგანაც, მას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ დაურღვევია, უსაფუძვლო იყო მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნაც. გარდა ამისა, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული იყო, ვინაიდან მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2012 წლის თებერვლიდან მაისის ჩათვლით, ხოლო სარჩელი სასამართლოში წარდგენილია სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.

10. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი უარყოფილ იქნა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 629-ე, 361-ე, 649-ე, 655-ე, 128-ე-130-ე მუხლები გამოიყენა.

11. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 25 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

12.1. სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე დაასკვნა და შესაბამისად, გაიზიარა გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, რომ მიღება-ჩაბარების აქტებში დაშვებული იყო ტექნიკური შეცდომა. პალატამ, იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას კონტროლს უწევდნენ დასუფთავების სამსახური და მუნიციპალიტეტის შესაბამისი თემის რწმუნებულები, სარწმუნოდ არ მიიჩნია ის გარემოება, რომ მოპასუხე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოს, არაჯეროვნად ასრულებდა;

12.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, რადგანაც მოპასუხეს მომსახურება უნდა გაეწია 2012 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო 2013 წლის იანვრიდან, საიდანაც სსკ-ის 645-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის აღძვრის ერთწლიანი ხანდაზმულობის ვადა გასული იყო.

13. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით :

13.1. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ სარფის გზის, კერძოდ, ხელვაჩაურის საზღვრიდან სარფამდე მონაკვეთის (40000 კვ.მ) დასუფთავება გათვალისწინებული იყო ყოველდღიურად (დღეში ერთხელ). მოპასუხემ კი, 2012 წლის თებერვლიდან მაისის ჩათვლით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულა არა ყოველდღიურად, არამედ ორ დღეში ერთხელ, თუმცა ანაზღაურება მიიღო სრული მოცულობით. ჯამურად, მოსარჩელემ, მოპასუხეს, ზედმეტად გადაურიცხა 5760 ლარი, რაც მას მიღებული აქვს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და მოსარჩელეს უკან უნდა დაუბრუნდეს. ამასთან, რადგანაც მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, სარჩელი საფუძვლიანი იყო პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილშიც;

13.2. საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა არასწორად იხელმძღვანელეს სსკ-ის 655-ე მუხლით და შესაბამისად, უსაფუძვლოდ დაასკვნეს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ერთწლიანი ვადა გასული იყო, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს ქმნიდა. სასამართლოების მიერ სსკ-ის 976-ე მუხლის გამოყენების შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულად ვერ მიიჩნეოდა;

13.3. გარდა ამისა, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი არასწორად გაანაწილეს.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2019 წლის 31 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

16.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება);

17. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, სამუშაოების ნაკლიან შესრულებაში ზედმეტად გადახდილი საზღაურის დაბრუნებისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნა, სსკ-ის 645-ე (შემკვეთს, რომელიც არც ხელშეკრულების დამატებით შესრულებას მიიღებს საამისოდ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ და არც უარს განაცხადებს ხელშეკრულებაზე, შეუძლია იმ თანხით შეამციროს საზღაური, რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას) და 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებიდან გამომდინარეობს.

18. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დავის მოსაწესრიგებლად უსაფუძვლო გამდიდრების ნორმები უნდა გამოეყენებინა და მის მოთხოვნებზე საერთო ხანდაზმულობის ათწლიანი ვადა უნდა გაევრცელებინა.

პალატა განმარტავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტი სუბსიდიური ხასიათისაა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ამ ინსტიტუტის გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ურთიერთობის სპეციალური მომწესრიგებელი ნორმა, როდესაც იკვეთება უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის გამოყენების უპირატესობა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ „კონდიქციური დანაწესების (სკ-ის 976-ე-991-ე მუხლები) გამოყენების უმთავრესი წინაპირობა მის სუბსიდიურობაში ვლინდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების წესები მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებად გვევლინება მხოლოდ მაშინ, როდესაც სასამართლო მოვლენათა დინამიკის გათვალისწინებით დაასკვნის, რომ გამორიცხულია სხვა უფრო სპეციალური ნორმის გამოყენება (მაგ: პოსესორული ან ვინდიკაციური სარჩელები (სანივთო სამართალი), სარჩელი ვალდებულების შესრულების შესახებ (როგორც პირველადი, ისე - მეორადი მოთხოვნები და სხვა).“ (შდრ. სუსგ №ას-774-723-2017, 11.10.2017).

ხანდაზმულობის ვადები ვრცელდება მოთხოვნებზე, რომელთა განხორციელებაც დროში იზღუდება და გარკვეულ ჩარჩოში ექცევა. კანონმდებლის მიზანია ხანდაზმულობის ვადების დაწესებით კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე გამორიცხოს და ამით ხელი შეუწყოს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას. გარდა ამისა, ის ემსახურება სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლის გაძლიერებას, რაც დარღვეული უფლების დაუყოვნებლივ აღდგენის სტიმულირებას ახდენს. ხანდაზმულობის ვადის საფუძველია უფლების დარღვევა, რომელიც შესაძლოა კანონიდან გამომდინარეობდეს ან ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვას. შესაბამისად, ერთი და იმავე ურთიერთობის ფარგლებში შესაძლოა წარმოიშვას რამდენიმე მოთხოვნა ხანდაზმულობის სრულიად განსხვავებული, დამოუკიდებელი ვადებით. გარდა ამისა, ერთი და იმავე ფაქტობრივი შემადგენლობის საფუძველზე პირს შესაძლოა ჰქონდეს ერთი მოთხოვნა სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლით. ასეთ შემთხვევაში, სასარჩელო ხანდაზმულობის საფუძველზე, შეიძლება მოთხოვნა ერთი სამართლებრივი საფუძვლით განხორციელებადი იყოს, მეორეთი კი - არა.

სსკ-ის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის საერთო ვადაა 10 წელი. ეს ვადა დადგენილია ყველა იმ ურთიერთობისათვის, რომელთათვისაც კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული სპეციალური მოწესრიგება, მათ შორის კონდიქციური ვალდებულებიდან გამომდინარე მოთხოვნებისათვის. ზოგიერთ შემთხვევაში კანონმდებელი სპეციალური ნორმებით განსაზღვრავს ამა თუ იმ უფლების განხორციელების სპეციალურ ხანდაზმულობის ვადებს, რომლებიც შესაძლოა ზოგადი ხანდაზმულობის ვადებთან მიმართებით უფრო მცირე, ან უფრო ხანგრძლივი იყოს. აღნიშნულ შემთხვევაში ზოგად და სპეციალურ ნორმებს შორის წარმოიშობა კონკურენცია. ხანდაზმულობის სპეციალური ვადების მოწესრიგების მიზანია მხარეთა ინტერესების დაბალანსება, ცალკეულ შემთხვევაში - პირვანდელი მდგომარეობის დროული აღდგენა. ეს განპირობებულია ასევე იმით, რომ დროის გასვლის თანაზომიერად რთულდება საქმის გარემოებების სასამართლოს მიერ დადგენა. (იხ.: ჩაჩავა.ს., „მოთხოვნებისა და მოთხოვნის საფუძვლების კონკურენცია კერძო სამართალში“.)

განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურდღებას ამახვილებს სასარჩელო მოთხოვნასა და მის სამართლებრივ საფუძველზე, სახელდობრ, მოსარჩელე, მოპასუხისგან, ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში, ნაკლიანი შესრულების გამო საზღაურის შემცირებას (განახევრებას) და ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს გადახდას ითხოვს.

სსკ-ის 655-ე მუხლის შესაბამისად, მოთხოვნა შესრულების ნაკლის გამო შემკვეთმა შეიძლება წარადგინოს ერთი წლის მანძილზე, შესრულებული სამუშაოს მიღების დღიდან. ამავე კოდექსის 656-ე მუხლის თანახმად კი, თუ ხელშეკრულების მიხედვით სამუშაო მიღებულია ნაწილ-ნაწილ, ნაკლის გამო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა იწყება სამუშაოს მთლიანად მიღების დღიდან.

განსახილველ შემთხვევაში პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიური ხასიათისაა და ამასთან, ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესრულების ნაკლის გამო მოთხოვნებზე სპეციალური ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ნაკლიანი შესრულების გამო საზღაურის შემცირების შესახებ განხორციელებადი ვერ იქნება, რადგან გასულია მოსარჩელის მხრიდან სამუშაოს მთლიანად მიღების დღიდან (31.12.2012წ) ხანდაზმულობის სპეციალური ერთწლიანი ვადა.

18.1. სსკ-ის 145-ე მუხლის შესაბამისად, მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა.

აღნიშნული სამართლებრივი ნორმის საფუძველზე, საკასაციო პალატას მოსარჩელის ძირითად მოთხოვნასთან ერთად, ხანდაზმულად მიაჩნია ასევე მისი დამატებითი მოთხოვნაც - პირგასამტეხლოს გადახდევინების შესახებ.

19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

20. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

22. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, კანონის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი