დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ა-2851-გან-5-2019 21 ივნისი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი – თ. კ-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „კ. ბ.“ (მოპასუხე)
განმცხადებლის მოთხოვნა _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილების განმარტება
დავის საგანი – შრომითი ურთიერთობის მოშლის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდური ხელფასის, პირგასამტეხლოსა და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ივნისის განჩინებით თ. კ-ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტისა) მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. კ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი შრომითი ურთიერთობის მოშლის თაობაზე სს „კ. ბ.“ 2017 წლის 17 მაისის ბრძანება და სს „კ. ბ.“ თ. კ-ას სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის _ 25 000 ლარის ანაზღაურება. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა თამარ კაჭარავამ და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების განმარტება, კერძოდ, იმის განსაზღვრა, გადაწყვეტილებით მის სასარგებლოდ დაკისრებული თანხა წარმოადგენდა ხელზე ასაღებს თუ უნდა დაექვითა დამსაქმებელს, რადგანაც განმცხადებლის განმარტებით, მოვალემ გადაწყვეტილება ნებაყოფლობით აღასრულა, თუმცა, კრედიტორს მოგებული თანხა 20%-ის დაქვითვით აუნაზღაურა.
საკასაციო სასამართლო გაეცნო განცხადებას, შეამოწმა მისი საფუძვლიანობა, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე საფუძვლიანია შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. დასახელებული საკანონმდებლო დათქმიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ამ საპროცესო ინსტიტუტის გამოყენება ემსახურება აღსრულების პროცესში იმ უფლების ზუსტ რეალიზაციას, რომელიც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე აქვს მოპოვებული უფლებადარღვეულ პირს, ამასთანავე, უმთავრესი პირობაა ის, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ერთმნიშვნელოვან დასკვნას არ უნდა იძლეოდეს აღსასრულებლად მიქცეული უფლების თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, კრედიტორი ადასტურებს, რომ მოვალემ აღასრულა გადაწყვეტილება, თუმცა, დაუქვითა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადი, შესაბამისად, მხარეთა შორის დავას იწვევს გადაწყვეტილებით განსაზღვრული თანხა ექვემდებარება თუ არა დაბეგვრას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შემდგომი წინადადება, რომ განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს, განცხადების განხილვის მიმართ დამაბრკოლებელი ვერ გახდება, რადგანაც ეს საკანონმდებლო დათქმა არ უნდა იქნეს ვიწრო პოცესუალური თვალსაზრისით განმარტებული. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი ამკვიდრებს რა სამართლიანი სასამართლოს პრინციპს, იგი არა მხოლოდ საქმის სამართლიანი განხილვის, არამედ, ამ განხილვის შედეგად მოპოვებული უფლების რეალიზაციასაც მოიცავს. ამავე კონვენციის მე-13 მუხლით რეგულირებულია ქმედითი სამართლებრივი მისაგებლის უფლება, რომელიც აღიარებულ ძირითად უფლებასთან, მათ შორის მე-6 მუხლთან შესაბამისობაში შემოწმებას ექვემდებარება და თუკი გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე დაირღვა კრედიტორის ინტერესები, მე-6 მუხლით გარანტირებული უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გაუმართლებლად მიიჩნევა (იხ. სუსგ №ას-684-638-2017, 7 ივლისი, 2017 წელი).
საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ვინაიდან შრომითი ურთიერთობის მოშლის თაობაზე დამსაქმებლის ცალმხრივი ნება მართლსაწინააღმდეგოდ იქნა მიჩნეული, თ.კ-ას დარღვეული უფლების აღდგენისათვის სასამართლომ სამართლიან ზომად პირისათვის კომპენსაციის მინიჭება მიიჩნია. თავად საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილშია განმარტებული, რომ კომპენსაცია, როგორც დარღვეული უფლების აღდგენის საშუალება, წარმოადგენს არა ხელფასს, იძულებით განაცდურს ან სხვა რაიმე გასაცემელს, არამედ, ის თანხაა, რომელიც შრომითი ურთიერთობის უკანონოდ შეწყვეტის გამო დასაქმებულის ინტერესების დაცვის საკანონმდებლო საშუალებაა და თავის თავში მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა გასაცემელს. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილების არც სამოტივაციო და არც სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს მითითებას, რომ ეს თანხა ექვემდებარება რაიმე სახის დაბეგვრას, რის გამოც, გამართლებულია განმცხადებლის არგუმენტი მოთხოვნილი თანხის სრულად ანაზღაურების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო უარყოფს მოწინააღმდეგე მხარის შეპასუხებას, რომ გადაწყვეტილების იმგვარად განმარტება, როგორც ამას განმცხადებელი მოითხოვს, მისთვის დამატებით ხარჯებს და სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის შეცვლას გამოიწვევს და ამ არგუმენტის საწინააღმდეგოდ მოიშველიებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლს, რომელიც, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ დადგენილი გრემოებების სადავოდ მიჩნევას გამორიცხავს, გარდა ამისა, ამავე კოდექსის 267-ე მუხლისა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კნონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აღსასრულებლად მიექცევა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში რაიმე მითითება დაკისრებული თანხის დაქვითვაზე არ არის, შესაბამისად, გაუმართლებელია სს „კ. ბ.“ მიდგომა, რომ მისთვის დაკისრებული თანხა უნდა დაბეგროს. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ სამოქალაქო დავის განხილვისა და გადაწყვეტილების გამოტანის დროს უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება პირის უფლების კერძოსამართლებრივ რეგულირებას, რაც შეეხება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხს, იგი საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ფინანსური ოპერაციაა, რომელიც სცილდება სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებს და შესაძლოა სამოქალაქო საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში ასახვაც კი არ ჰპოვოს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამავე სასამართლოს 2019 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 2.2 პუნქტი უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ სს „კ. ბ.“ თ. კ-ას სასარგებლოდ დაკისრებული კომპენსაცია _ 25 000 ლარი წარმოადგენს არა დარიცხულ, არამედ _ ხელზე ასაღებ თანხას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. კ-ას განცხადება გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 2.2 პუნქტი განიმარტოს იმგვარად, რომ სს „კ. ბ-ის“ თ. კ-ას სასარგებლოდ დაკისრებული კომპენსაცია _ 25 000 ლარი წარმოადგენს არა დარიცხულ, არამედ _ ხელზე ასაღებ თანხას.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ზ. ძლიერიშვილი