კერძო საჩივარი

სამოქალაქო
საქმის ნომერი
ას-1149-2019
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1149-2019 23 დეკემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – ლ.მ–ი, ნ.ბ–ი, ლ.ხ–ი (კანონიერი წარმომადგენელი დედა - ლ.მ–ი) (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ე.პ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ე.პ–მა (შემდგომში − „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.მ–ის (შემდგომში − „პირველი მოპასუხე“), ნ.ბ–ისა (შემდგომში − „მეორე მოპასუხე“) და ლ.ხ–ის (კანონიერი წარმომადგენელი დედა − პირველი მოპასუხე) (შემდგომში − „მესამე მოპასუხე“) (შემდგომში ერთობლივად − „მოპასუხეები“ ან „კერძო საჩივრის ავტორები“) მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 აგვისტოს განჩინებით მოპასუხეებს დაევალათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარდგენა.

7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ასევე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 3 აგვისტოს განჩინება გაეგზავნათ მოპასუხეებს და ჩაბარდათ 2018 წლის 7 აგვისტოს.

8. სააპელაციო პალატის მითითებით, ხარვეზის შევსების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 8 აგვისტოს და ამოიწურა 2018 წლის 21 აგვისტოს. თუმცა მოპასუხეებს ხარვეზი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში არ აღმოუფხვრიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავთ სასამართლოსთვის. პირველმა მოპასუხემ სასამართლოს მიმართა დაგვიანებით, 2018 წლის 22 აგვისტოს და წარადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩენილიყო განუხილველად.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

10. კერძო საჩივრის ავტორების მითითებით, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება პირველმა მოპასუხემ ჩაიბარა მაშინ, როდესაც მას შვილი ჰყავდა ავად. მისთვის ძალიან ძნელი იყო გაეცნობიერებინა, რომ განჩინება დროულად გადაეცა ადვოკატისთვის. როდესაც პირველმა მოპასუხემ ადვოკატს გადასცა განჩინება, იგი იმდენად დაბნეული იყო, რომ სწორად ვერ უთხრა თუ როდის ჩაიბარა იგი. შედეგად, მათ განჩინება ფოსტას ჩააბარეს ერთი დღის დაგვიანებით. აღნიშნულის გამო კერძო საჩივრის ავტორები ითხოვენ პირველი და მესამე მოპასუხეებისთვის გაშვებული ვადის აღდგენას.

11. კერძო საჩივრის ავტორების მითითებით, ხარვეზის შევსების ვადის დარღვევა გამოწვეულია იმითაც, რომ მეორე მოპასუხეს საერთოდ არ ჩაბარებია განჩინება, არც პირადად და არც ოჯახის წევრის მეშვეობით, რის გამოც სასამართლოს მისთვის ხარვეზის შევსების ვადა არ უნდა აეთვალა პირველი მოპასუხისთვის განჩინების ჩაბარებიდან.

12. კერძო საჩივრის ავტორებმა იშუამდგომლეს კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

14. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ კერძო საჩივრის ავტორების შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, განჩინება გამოიტანება საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს კერძო საჩივრის ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება და ვერც შუამდგომლობის ავტორები ასაბუთებენ საქმის გარემოებათა გარკვევის მიზნით ზეპირი მოსმენის აუცილებლობას. შესაბამისად, წარმოდგენილი კერძო საჩივარი განხილულ უნდა იქნას ზეპირი მოსმენის გარეშე.

16. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

18. დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 3 აგვისტოს განჩინებით მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და ხარვეზის შესავსებად მათ განესაზღვრათ 14-დღიანი ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან. ამასთან, მოპასუხეებს განემარტათ, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში მათი სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი (იხ. ტ. 4. ს.ფ. 235-237).

19. დადასტურებულია ისიც, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება მოპასუხეებს გაეგზავნათ სააპელაციო საჩივარში მათ მიერ მითითებულ მისამართზე. პირველი მოპასუხისთვის განკუთვნილი გზავნილი 2018 წლის 7 აგვისტოს ჩაბარდა პირადად ადრესატს (იხ. ტ.4. ს.ფ. 252). ამავე დღეს პირველმა მოპასუხემ ჩაიბარა მეორე და მესამე მოპასუხეებისათვის განკუთვნილი გზავნილებიც, როგორც მეორე მოპასუხის ოჯახის წევრმა (ადრესატის შვილიშვილი) (იხ. ტ.4. ს.ფ. 251) და მესამე მოპასუხის დედამ (იხ. ტ.4. ს.ფ. 250).

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორების პრეტენზიას, რომ მეორე მოპასუხეს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება არ ჩაბარებია.

21. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესს. კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

22. ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს იმის შესაძლებლობას, რომ მხარის მიერ მითითებულ მისამართზე ამ უკანასკნელის არყოფნის შემთხვევაში, გზავნილი ჩაბარდეს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, რაც ჩაითვლება გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარებად და სასამართლოს შეუძლია განახორციელოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება.

23. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მეორე მოპასუხეს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე და 2018 წლის 7 აგვისტოს ჩაიბარა ადრესატის ოჯახის წევრმა (შვილიშვილი) - პირველმა მოპასუხემ, რასაც იგი ადასტურებს საკუთარი ხელმოწერით (იხ. ტ.4. ს.ფ. 251). შესაბამისად, რადგან გზავნილი ჩაიბარა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა უფლებამოსილმა პირმა – ადრესატის ოჯახის წევრმა, გზავნილი მეორე მოპასუხისათვის ჩაბარებულად ითვლება.

24. ამდენად, დადასტურებულია, რომ 2018 წლის 7 აგვისტოს მოპასუხეებს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ჩაბარდათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.

25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე-63-ე მუხლების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

26. ზემოაღნიშნულ ნორმათა ურთიერთშეჯერებისა და საქმეში არსებული მასალების შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხეებისთვის ხარვეზის შესავსებად დადგენილი 14-დღიანი საპროცესო ვადის დენა დაიწყო ხარვეზის განჩინების მათთვის ჩაბარების მომდევნო დღეს − 2018 წლის 8 აგვისტოს და ამოიწურა ამავე წლის 21 აგვისტოს. მიუხედავად ამისა, აღნიშნულ ვადაში მოპასუხეებს ხარვეზი არ შეუვსიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავთ სააპელაციო სასამართლოსთვის. დადგენილია და კერძო საჩივრის ავტორებიც არ ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი პირველმა მოპასუხემ სააპელაციო სასამართლოში წარადგინა საპროცესო ვადის ამოწურვის შემდეგ, ერთი დღის დაგვიანებით, 2018 წლის 22 აგვისტოს (იხ. ტ.4. ს.ფ. 257-268). ამგვარად, მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.

27. კერძო საჩივრის ავტორები ითხოვენ პირველი და მესამე მოპასუხეებისთვის გაშვებული საპროცესო ვადის აღდგენას იმ საფუძვლით, რომ პირველმა მოპასუხემ შვილის ავადმყოფობის გამო დროულად ვერ გადასცა განჩინება ადვოკატს. ამავე დროს, იგი იმდენად დაბნეული იყო, რომ სწორად ვერ უთხრა მას განჩინების ჩაბარების თარიღი, რამაც განაპირობა საპროცესო ვადის დარღვევა.

28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის აღდგენის შესაძლებლობას ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლი. ამ ნორმის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები. ზემოხსენებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში აღადგენს საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრულ ვადას, თუ ვადა საპატიო მიზეზითაა გაშვებული.

29. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

30. დასახელებული საპროცესო ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად შეიძლება მივიჩნიოთ მხოლოდ ისეთი გარემოება, რომელიც მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების დროულად შესრულებას. ასეთ გარემოებაზე მითითების ვალდებულება შესაბამისი ვადის გამშვებ პირს აკისრია, რომელმაც პირველ რიგში უნდა იშუამდგომლოს გაშვებული ვადის აღდგენის თაობაზე და ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, სათანადოდ უნდა დაადასტუროს ვადის გაშვების საპატიო საფუძვლის არსებობა.

31. მოცემულ შემთხვევაში პირველი მოპასუხე უთითებს შვილის ავადმყოფობაზე, თუმცა საქმის მასალებში წარმოდგენილი არაა და არც კერძო საჩივარს ერთვის რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადის განმავლობაში პირველი მოპასუხის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის იმგვარ გაუარესებას, რაც პირველი მოპასუხის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას შეუძლებელს გახდიდა. შესაბამისად, არ არსებობს პირველი და მესამე მოპასუხეებისთვის ხარვეზის შევსების ვადის აღდგენის საპატიო მიზეზი და, აქედან გამომდინარე, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

32. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო. ამგვარად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ლ.მ–ის, ნ.ბ–ისა და ლ.ხ–ის (კანონიერი წარმომადგენელი დედა - ლ.მ–ი) შუამდგომლობა კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. ლ.მ–ის, ნ.ბ–ისა და ლ.ხ–ის (კანონიერი წარმომადგენელი დედა - ლ.მ–ი) კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის განჩინება;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე