კერძო საჩივარი

სამოქალაქო
საქმის ნომერი
ას-1064-2020
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

9 ოქტომბერი, 2020 წელი,№ას-1064-2020 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მზია თოდუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - რ.გ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ.ბ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა, თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მ.ბ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვდა რ.გ–ძისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე ან კერძო საჩივრის ავტორი) და ნ.გ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე) უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული წყალტუბოში ..... მდებარე უძრავი ქონების (ს/კ ......) გამოთხოვასა და მისთვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემას, ასევე, მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ქირის, 2019 წლის 1 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 345 ლარის დაკისრებას, დაკმაყოფილდა.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებმაც გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივლისის განჩინებით (შემდეგში - გასაჩივრებული განჩინება), მოპასუხე - რ.გ–ძის სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველად. ამავე სასამართლოს 2020 წლის 23 ივლისის განჩინებით შეჩერდა სამოქალაქო საქმის წარმოება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, მოპასუხე - ნ.გ–ძის უფლებამონაცვლის დადგენამდე არაუმეტეს 2020 წლის 20 ოქტომბრისა.

4. გასაჩივრებული განჩინების ასლი მოპასუხე - რ.გ–ძეს საქმეში არსებულ მისამართზე გაეგზავნა და 2020 წლის 3 აგვისტოს მას პირადად ჩაჰბარდა.

5. 2020 წლის 24 სექტემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შევიდა მოპასუხე - რ.გ–ძის კერძო საჩივარი, რომელიც სასამართლოში გაგზავნილია ფოსტით ამავე წლის 23 სექტემბერს. აღნიშნული კერძო საჩივრით კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

7. სსსკ-ის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.

8. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ გასაჩივრებული განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორს გაეგზავნა და 2020 წლის 8 აგვისტოს მას პირადად ჩაჰბარდა, რაც დასტურდება ფოსტის უკუგზავნილით. შესაბამისად სასამართლო გზავნილი აღნიშნულ თარიღში მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება.

9. სსსკ-ის მე-60-ე და 61-ე მუხლების მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანის 12-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2020 წლის 9 აგვისტოს ამოიწურა ამავე წლის 20 აგვისტოს საქმის მასალებით ირკვევა, რომ კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ფოსტით არის შესული, რომელზეც გაგზავნის თარიღად აღნიშნულია 2020 წლის 23 სექტემბერი. შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილება კერძო საჩივრით კანონით დადგენილი ვადის დარღვევით არის გასაჩივრებული.

10. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

11. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან მხარემ კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა კერძო საჩივარი, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 420-ე, 399-ე, 372-ე, 416-ე, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ.გ–ძის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე : მზია თოდუა