საკასაციო საჩივარი

სამოქალაქო
საქმის ნომერი
ას-762-2020
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-762-2020 26 ნოემბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – დ.კ–ი, გ.მ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ლ.კ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გ.მ–ძემ და დ.კ–მა (შემდეგში: პირველი ან მეორე მოსარჩელე ან პირველი ან მეორე აპელანტი ან პირველი ან მეორე კასატორი ან შემდგომში ერთად წოდებული როგორც მოსარჩელეები ან აპელანტები ან კასატორები) სარჩელი აღძრეს შპს ,,ლ.კ–ის” (შემდეგში: მოპასუხე ან მოპასუხე კომპანია ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით გამოწვეული ზიანის - 159 265 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.

2. სასარჩელო მოთხოვნა დაეფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელეების საკუთრებაში ირიცხებოდა კერძო საცხოვრებელი სახლი, მდებარე: თბილისი, ....... (შემდეგში - მოსარჩელეთა უძრავი ქონება). მოსარჩელეები არიან დედა-შვილი. 2013 წლის 16 აპრილს, პირველ მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხე კომპანიამ მოსარჩელეს სესხის სახით გადასცა 15 000 აშშ დოლარი 6 თვის ვადით და სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელეების უძრავი ქონება. აღნიშნული ხელშეკრულების დადების შემდეგ, პირველი მოსარჩელე ყოველთვიურად იხდიდა სესხის პროცენტებსა და სესხის ხელშეკრულების ვადის გასვლამდე გადაწყვიტა, რომ კერძო იპოთეკარებით ჩაანაცვლებდა იპოთეკას, რადგან მას იმ დროისთვის სესხის ძირი თანხა არ ჰქონდა. 2013 წლის 24 სექტემბერს, პირველმა მოსარჩელემ გ.მ–ის, მ.ჭ–ისა და ჟ.კ–ისგან ისესხა 18 000 აშშ დოლარი, საიდანაც 15 000 აშშ დოლარი გადაუხადა მოპასუხეს, რომელმაც გააუქმა 2013 წლის 16 აპრილის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და ამის შემდგომ უკვე გ.მ–ის, მ.ჭ–ისა და ჟ.კ–ის სასარგებლოდ დაიტვირთა მოსარჩელეების საკუთრებაში რიცხული ზემოხსენებული უძრავი ნივთი. პირველ მოსარჩელეს ზემოხსენებულ ფიზიკურ პირებთანაც გაუჭირდა სესხისა და პროცენტის გადახდა, რის გამოც, მან კვლავ გადაწყვიტა იპოთეკარების ჩანაცვლება და ამ მიზნით, 2014 წლის 13 მაისს შპს ,,კ.ს.კ–თან” დადო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სესხის სახით აიღო 25 000 აშშ დოლარი აღნიშნული თანხით გაისტუმრა კერძო იპოთეკარები. მოპასუხესთან და შპს ,,კ.ს.კ–თანაც” დადებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების, იპოთეკის საგანი, კერძოდ: მოსარჩელეების საკუთრებაში რიცხული საცხოვრებელი სახლი შეფასდა 100 000 აშშ დოლარით. პირველმა მოსარჩელემ ამჯერადაც ვერ შეძლო სესხისა და პროცენტის გადახდა, რის გამოც, დავალიანება გაიზარდა 30 000 აშშ დოლარამდე. კრედიტორის მხრიდან ვალის მოთხოვნის გამო, აღნიშნული ვალის დაფარვის მიზნით მოსარჩელეებმა გადაწყვიტეს, რომ ისინი გაყიდდნენ მათ საკუთრებაში რიცხულ საცხოვრებელ სახლს, საბაზრო ღირებულების შესაბამისად 100 000 აშშ დოლარში, 30 000 აშშ დოლარს გადაუხდიდნენ შპს ,,კ.ს.კ–ს”, ხოლო დარჩენილი 70 000 აშშ დოლარით კი იყიდნენ სხვა საცხოვრებელ სახლს. იპოთეკით დატვირთული საცხოვრებელი სახლის გაყიდვის მიზნით მოსარჩელეებმა დაიწყეს კლიენტების მოძიება და შესაბამისი სარეკლამო განცხადებების გამოქვეყნება პრესაში და ინტერნეტში. საცხოვრებელი სახლის გაყიდვის პროცესში მოსარჩელეებისთვის ცნობილი გახდა ის ფაქტი, რომ პირველი მოსარჩელის წილ საკუთრებაში რიცხულ უძრავ ნივთზე სააპელაციო სასამართლომ აუკრძალა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დაიტვირთა. ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღარ საჩივრდებოდა, ამის გამო, აღნიშნული სასამართლო აკრძალვა დარჩა ძალაში, მთელი სასამართლო დავის განმავლობაში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ, 2014 წლის 21 ივლისის განჩინებით მიღებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შემდეგ, მოპასუხემ სამოქალაქო სარჩელი აღძრა პირველი მოსარჩელის და სხვათა მიმართ და მოითხოვა იპოთეკის შეწყვეტის შესახებ წერილებისა და მის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა იპოთეკის შეწყვეტის რეგისტრაციის შესახებ, თანხის დაკისრება, იპოთეკის უფლების აღდგენა და ქონების რეალიზაცია. მოპასუხის მიერ აღძრული სამოქალაქო სარჩელის პირველ ინსტანციაში განხილვის პარალელურად, შპს ,,კ.ს.კ–მა” დაიწყო სააღსრულებო წარმოება მოსარჩელეების წინააღმდეგ და იგი მოსარჩელეებისგან კატეგორიულად ითხოვდა, რომ მათ დაეფარათ არსებული დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელეების ქონებას გაიტანდნენ იძულებით აუქციონზე და ამ გზით ამოიღებდნენ არსებულ დავალიანებას. იმის გამო, რომ პირველი მოსარჩელის წილს ჰქონდა სასამართლო აკრძალვა, ეს დამაბრკოლებელი გარემოება საფუძველი იყო იმისა, რომ მოსარჩელეების სახლს არავინ ყიდულობდა. მოპასუხის გაუმართლებელი მოთხოვნის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამო, მოსარჩელეებმა ვერ გაყიდეს მათ საკუთრებაში რიცხული, 100 000 აშშ დოლარად შეფასებული საცხოვრებელი სახლი, რის გამოც, სააღსრულებლო ბიურომ იძულებით აუქციონზე, 70 400 ლარად გაყიდა მოსარჩელეების კუთვნილი საცხოვრებელი სახლი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2015 წლის 14 დეკემბერს გამოტანილი გადაწყვეტილებით შპს ,,ლ.კ–ის” სამოქალაქო სარჩელი, მოპასუხეების გ.მ–ძის და სხვათა მიმართ არ დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს ,,ლ.კ–მა” მოსარჩელე გ.მ–ძის მიმართ აღარ შეიტანა სააპელაციო საჩივარი და 2015 წლის 14 დეკემბრის სასამართლო გადაწყვეტილება, გ.მ–ძის მიმართ არსებული მოთხოვნის ნაწილში, შევიდა კანონიერ ძალაში.

3. მოსარჩელეთა უძრავი ქონება აუდიტის დასკვნის შესაბამისად შეფასდა - 229 665.00 ლარით. ზემოხსენებული უძრავი ნივთი თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ, იძულებით აუქციონზე გაყიდული იქნა 70 400 ლარად. მოპასუხის გაუმართლებელი შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შედეგად, მოსარჩელეებმა ვეღარ გაყიდეს მათი კუთვნილი საცხოვრებელი სახლი, საბაზრო ღირებულების ფასად 229 665 ლარად, რის გამოც, მათ განიცადეს 159 265 (229665-70400) ლარის ზარალი.

4. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარმოადგინა, რომელშიც აღნიშნა, რომ საექსპერტო წესით, ქონების შეფასება არ განხორციელებულა. შეფასება, რომელიც ხელშეკრულებით არის განსაზღვრული არ წარმოადგენს კომპეტენტური პირის/ორგანოს მიერ გაკეთებულ შეფასებას. რაც შეეხება მხარის მიერ წარმოდგენილ შეფასებას, იგი არ არის სრულყოფილი და შეფასებული კომპეტენტურად, ისე რომ უშუალოდ შემფასებელს ქონება არც კი აქვს ნანახი და ძირითადად ქონების შეფასებისას იხელმძღვანელა თავად მოსარჩელის ახსნა - განმარტებით. ამასთან, მოსარჩელემ შეგნებულად არ წარმოადგინა სააუქციონე შეფასების დოკუმენტი, რომელიც ბევრად უფრო კომპეტენტური დოკუმენტი იქნება, ვიდრე კერძო აუდიტორის შეფასება. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ ჩანს, რომ მოსარჩელეს საბაზრო ღირებულებით სურდა აღნიშნული ქონების რეალიზაცია, წარმოდგენილია მხოლოდ გაზეთ „სიტყვა და საქმის“ ქსეროასლი, სადაც საწყის ღირებულებად მითითებულია 140 000 აშშ დოლარი. ამასთანავე, მოსარჩელე ვერ ადასტურებს, რომ სახლს სწორედ 100 000 აშშ დოლარად გაყიდდა და არა 80 000 აშშ დოლარად ან უფრო ნაკლებად. მოპასუხემ მიიჩნია, რომ სასამართლო აკრძალვა ვერანაირად ვერ იქნებოდა მყიდველისათვის დამაბრკოლებელი გარემოება, ვინაიდან სამართლებრივად ასეთ შემთხვევაში, არსებობს მრავალი გზა, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა აღნიშნული ქონების შეძენა, მხარეთა შეთანხმებით აკრძალვა მოიხსნებოდა, თუმცა, მოსარჩელეს სურვილი არ გამოუხატავს.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი იურიდიული ფაქტები:

8. 2014 წლის 13 მაისს, მოსარჩელეებსა და შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ.ს.კ–ს“ შორის დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ.ს.კ–მა“ 60 თვის ვადით გასცა, ხოლო მოსარჩელეებმა სესხად მიიღეს 25 000 აშშ დოლარი, წლიური 30% სარგებლით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

9. 2014 წელს შპს ,,ლ.კ–მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე გ.მ–ძის მიმართ, იპოთეკის შეწყვეტის შესახებ წერილების და მის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, თანხის დაკისრების, იპოთეკის უფლების აღდგენისა და ქონების რეალიზაციის მოთხოვნით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.07.2014 წლის განჩინებით მოპასუხე გ.მ–ძეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ლ.კ–ის“ სარჩელი მოპასუხე გ.მ–ძის მიმართ არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე გ.მ–ძეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

11. გ.მ–ძისა და დ.კ–ის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 2014 წლის 10 ოქტომბერს კრედიტორის შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ.ს.კ–ი“-ს მოთხოვნის საფუძველზე ნოტარიუსის მიერ გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი და დაიწყო იძულებითი აღსრულება.

12. თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 16 მარტის განკარგულების საფუძველზე მოვალეების გ.მ–ძისა და დ.კ–ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება გასხვისდა იძულებით საჯარო აუქციონზე 70 400 ლარად. აღსრულება განხორციელდა უზრუნველყოფილი კრედიტორის შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ.ს.კ–ის“ სასარგებლოდ.

13. ინდივიდუალური აუდიტორ დ.რ–ძის 2016 წლის 24 სექტემბრის აუდიტორული დასკვნის თანახმად, მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება აუდიტის დასკვნის შესაბამისად შეფასდა - 229 665.00 ლარით. შეფასება განხორციელდა დამკვეთის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტების საფუძველზე, რადგან ქონების დაწვრილებით დათვალიერება-შემოწმება ვერ მოხერხდა. ამასთან, ქონების სარეალიზაციო ღირებულების შეფასება გაკეთებულია 2016 წლის მდგომარეობით.

14. აპელანტები განმარტავდნენ, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების არსებობის გამო, მათ ვერ გაყიდეს კუთვნილი საცხოვრებელი სახლი საბაზრო ღირებულების - 229 665 ლარად, რის გამოც, განიცადეს 159 265 (229665-70400) ლარის ზარალი.

15. აპელანტების ზემოაღნიშნულ განმარტებასთან მიმართებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურების პასუხისმგებლობის ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის იურიდიულად მნიშვნელოვანი მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს. მიზეზობრივი კავშირი, როგორც ამგვარი ვალდებულების ერთ-ერთი წინაპირობა, მტკიცების ისეთივე რეჟიმში ექცევა, როგორც სხვა ფაქტობრივი გარემოებები.

16. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტებისთვის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით ზიანის მიყენების ფაქტი, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა.

17. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოცემულ საქმეზე საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ არ არსებობდა იურიდიულად მნიშვნელოვანი მიზეზობრივი კავშირი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.07.2014 წლის განჩინებით გამოყენებულ აკრძალვას და გ.მ–ძისა და დ.კ–ის მიერ შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ.ს.კ–თან“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება-შეუსრულებლობას შორის.

18. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, გ.მ–ძის მიერ, შემდგომში, სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობა ვერ შეფასდება მის ქონებაზე აკრძალვის არსებობის უშუალო შედეგად, მით უფრო იმ პირობებში, როცა მის მიერ არ დასტურდება ის გარემოება, რომ აპელანტი დასახელებული სასესხო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მისი ფულადი ვალდებულების (სესხის დაბრუნება) შესრულებას თავიდანვე გეგმავდა იმ უძრავი ნივთის რეალიზაციის გზით, რომლის დაყადაღებაც განხორციელდა შპს ,,ლ.კ–ი“-ს სარჩელის გამო.

19. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსსკ-ის 102-ე მუხლის მეორე ნაწილით არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. აგრეთვე, არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ მტკიცებულების მნიშვნელობა წინასწარ არ არის განსაზღვრული და მისი ძალა და მნიშვნელობა სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული. მტკიცებულებათა შეფასების დროს მხარეებს უფლება აქვთ, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მტკიცებულებების სარწმუნოობა. მათი უტყუარობის თუ სიყალბის შესახებ მოსაზრებები შეიძლება გამოთქვან არამარტო მხარეებმა, არამედ მესამე პირებმა, აგრეთვე, სპეციალისტებმა და ექსპერტებმა, თუ ისინი მონაწილეობენ პროცესში. საბოლოოდ კი წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო. ექსპერტიზის დასკვნის შეფასებისას, (იმდენად რამდენადაც იგი სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას ეფუძნება) ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას, მათ შორის, გამოსაკვლევად მიწოდებულ მასალას, მის კვლევით ნაწილს, რადგან სწორედ კვლევითი ნაწილია ასახული საბოლოო დასკვნაში. მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზსს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (სუსგ ას-917-2019).

20. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდნენ, რომ შპს ,,ლ.კ–ი“-სათვის ცნობილი იყო გ.მ–ძე ვერ ასრულებდა მითითებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, რის გამოც, სურდა უძრავი ქონების რეალიზაცია და ვალის გასტუმრება. საქმეში არ იყო წარმოდგენილი ასევე იმ გარემოების დამადასტურებლი მტკიცებულებები, რომ გ.მ–ძეს უძრავი ნივთების დაყადაღებამდე ან/და დაყადაღებისას მცდელობა ჰქონდა ამ უძრავი ნივთის რეალიზაციისა და ამის თაობაზეც ცნობილი იყო შპს ,,ლ.კ–ი“-სათვის. გარდა ამისა აპელანტები ვერ ადასტურებდნენ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მათ ჰყავდათ უძრავი ქონების მყიდველი, რომელიც უძრავ ქონებაში იხდიდა 100 000 აშშ დოლარს და უძრავი ქონების გასხვისება ვერ განხორციელდა ქონებაზე არსებული აკრძალვის გამო.

21. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

22. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ დასტურდებოდა მიზეზშედეგობრიობის არსებობა შპს ,,ლ.კ–ი“-ს განცხადების საფუძველზე სასამართლოს მიერ გამოყენებულ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასა და გ.მ–ძის სასესხო ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებს შორის. კერძოდ, არ იკვეთება, რომ გ.მ–ძის მიერ დასახელებული სასესხო და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობა, რასაც საბოლოოდ მოჰყვა იპოთეკის საგნის იძულებითი რეალიზაცია, წარმოადგენდა შპს ,,ლ.კ–ი“-ს მიერ მის სარჩელზე (გაუმართლებელი) უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების უშუალო შედეგს.

23. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გასაჩივრდა აპელანტების მიერ. კასატორები მოითხოვენ სარჩელის დაკმაყოფილებას.

24. საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ მოპასუხის თხოვნით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა (სსსკ-ის 199-ე მუხლი) იმის გამო, რომ მას უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. ასევე, დადასტურებულია, რომ წინამდებარე საქმეში მოსარჩელეებს ნამდვილად მიადგათ ზიანი, რაც იმაში გამოიხატა, რომ მესაკუთრეს, რომელსაც სურდა მის საკუთრებში არსებული უძრავი ნივთის განკარგვა-გასხვისება და აღნიშნული თანხის ნაწილით ვალდებულების შესრულება, რითაც თავიდან აიცილებდა მოსალოდნელ აუქციონს, ხოლო დარჩენილი თანხით შეიძენდა უფრო ნაკლები ღირებულების მქონე ბინას, რითაც თავიდან აიცილებდა მრავალრიცხოვანი ოჯახის, მათ შორის, ორი მცირეწლოვანი ბავშვის ქუჩაში დარჩენას. ზიანის ოდენობა შეადგენს 159 265 ლარს. კასატორები არ იზიარებენ მოპასუხეთა შედავებას, რომლითაც მოპასუხეების არ ეთანხმებიან ზიანის ოდენობას და მიუთითებენ, რომ საქმეზე ექსპერტიზა არ არის ჩატარებული, ხოლო აუდიტორული დასკვნა არ არის მისაღები. კასატორები მიუთითებენ სსსკ-ის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაადასტუროს ის გარემოება, რომელსაც მისი პოზიცია ემყარება. კასატორები მიუთითებენ, რომ სასამართლო არასარწმუნოდ მიიჩნევს აუდიტორულ დასკვნაში მითითებულ ფასს, თუმცა ყურადღების მიღმა ტოვებს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში მითითებულ უძრავი ქონების ფასს და არაფერს ამბობს თავად მოპასუხის მიერ დადგენილ იპოთეკის საგნის შეფასებაზე. პროცესზე მოწმეებმა დაადასტურეს, რომ კასატორებს მყიდველი ჰყავდათ, რომლიც იხდიდა 100 000 აშშ დოლარს, მაგრამ იმის გამო, რომ ბინა სადავო იყო, მასზე აკრძალვა ვრცელდებოდა ანუ უფლებრივი ნაკლის მქონე იყო, შეუძლებელი აღმოჩნდა ბინის ყიდვა. პირველი კასატორი მივიდა მოპასუხესთან და სთხოვა ბინაზე აკრძალვის მოხსნა, რაზედაც უარი მიიღო იმ დასაბუთებით, რომ სასამართლოში მიმდინარეობდა დავა. კასატორები მიუთითებენ, რომ თავად მოპასუხეს არ წარმოუდგენია საპირისპირო მტკიცებულება (ექსპერტიზის ან აუდიტორის დასკვნა), რომლიც გააბათილებდა საქმეში წარმოდგენილ დასკვნას.

25. კასატორები მიუთითებენ, რომ არსებობს მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და მოსარჩელეთათვის მყენებულ ზიანს შორის. როდესაც მოსარჩელეებმა ვერ შეძლეს ვალდებულების შესრულება მათ გადაწყვიტეს გაეყიდათ ბინა, ჰყავდათ რელური მყიდველი, რომელიც ბინას 100 000 აშშ დოლარად იყიდდა, თუმცა ხელი შეეშალათ ბინაზე არსებული საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის გამო. აღნიშნულმა აკრძალვამ შესაძლებლობა მოუსპო მესაკუთრეს, თავის დროზე, თავისუფლად განეკარგა უძრავი ნივთი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

26 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 08 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

27 საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

28 საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დავის განხილვისას სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მოსარჩელე თავის მოთხოვნას. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია რა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, პირის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა ამავე პირის ნებაზეა დამოკიდებული. მხარეები სამოქალაქო სამართალწარმოებაში თვითონვე განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ (სსსკ-ის მე-3, მე-4 მუხლები), რაც კანონის მოთხოვნათა დაცვით (ამავე კოდექსის 178-ე მუხლი) უნდა აისახოს მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში (შეადრ: სუსგ-ები №ას-1163-2018, 08.02.2019წ.; №ას-495-2020, 23 ოქტომბერი, 2020 წელი, პ.10).

29 განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება (იხ., ამ განჩინების პ. 1).

26. საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის საპირისპიროდ კასატორებს დასაბუთებული (დასაშვები) საკასაციო შედავება არ წარმოუდგენიათ:

27. 2014 წლის 13 მაისს მოსარჩელეებსა და შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ.ს.კ–ს“ შორის დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ.ს.კ–მა“ 60 თვის ვადით გასცა, ხოლო მოსარჩელეებმა სესხად მიიღეს 25 000 აშშ დოლარი, წლიური 30% სარგებლით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

28. 2014 წელს შპს ,,ლ.კ–მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე გ.მ–ძის მიმართ, იპოთეკის შეწყვეტის შესახებ წერილების და მის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, თანხის დაკისრების, იპოთეკის უფლების აღდგენისა და ქონების რეალიზაციის მოთხოვნით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.07.2014 წლის განჩინებით მოპასუხე გ.მ–ძეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

29. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ლ.კ–ის“ სარჩელი მოპასუხე გ.მ–ძის მიმართ არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე გ.მ–ძეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

30. გ.მ–ძისა და დ.კ–ის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 2014 წლის 10 ოქტომბერს კრედიტორის შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ.ს.კ–ის“ მოთხოვნის საფუძველზე ნოტარიუსის მიერ გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი და დაიწყო იძულებითი აღსრულება.

31. თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 16 მარტის განკარგულების საფუძველზე მოვალეების გ.მ–ძისა და დ.კ–ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება გასხვისდა იძულებით საჯარო აუქციონზე 70 400 ლარად. აღსრულება განხორციელდა უზრუნველყოფილი კრედიტორის შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ.ს.კ–ის“ სასარგებლოდ.

32. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუმართლებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულების სპეციალურ სახეს წარმოადგენს და იგი არა ზიანის ანაზღაურების ზოგადი წესებით, არამედ - სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგულირდება (თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, ანდა იმის გამო, რომ სასამართლომ ამ კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ან 36330 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გააუქმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რომელიც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების შედეგად), რაც იმას ნიშნავს, რომ: ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის გამოყენებული უნდა იყოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება; ეს ღონისძიება უნდა იყოს გაუმართლებელი; უზრუნველყოფის ღონისძიების შედეგად უნდა არსებობდეს ზიანი და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი.

33. ის გარემოება, რომ მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმად გვევლინება საპროცესო სამართლის ნორმა, არსებითად არ ცვლის ვითარებას. აღნიშნული საკანონმდებლო ტექნიკის საკითხია და სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირების მხოლოდ მასზე დამყარება არ ეწინააღმდეგება მართლწესრიგის პრინციპებს. ეს ნორმა მნიშვნელოვანია იმ კონტექსტშიც, რომ იგი ერთი მხრივ, მოსამართლეს აძლევს პრევენციული მოქმედების განხორციელების შესაძლებლობას _ ზიანის აშკარა საფრთხის შემთხვევაში, მხარეს შეიძლება დაეკისროს მისი უზრუნველყოფა, ამასთანავე, პირს, რომლის ინტერესების დაცვასაც ემსახურება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, განემარტება ამ ღონისძიების გაუმართლებლობის გამო შესაძლო ზიანზე პასუხისმგებლობა.

34. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების არსებობის გამო, მათ ვერ გაყიდეს კუთვნილი საცხოვრებელი სახლი საბაზრო ღირებულების - 229 665 ლარად, რის გამოც, განიცადეს 159 265 (229665-70400) ლარის ზარალი. ამასთან, არსებობს მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და მოსარჩელეთათვის მყენებულ ზიანს შორის. კერძოდ, როდესაც მოსარჩელეებმა ვერ შეძლეს ვალდებულების შესრულება, მათ გადაწყვიტეს გაეყიდათ ბინა, ჰყავდათ რელური მყიდველი, რომელიც ბინას 100 000 აშშ დოლარად იყიდდა, თუმცა ხელი შეეშალათ ბინაზე არსებული საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის გამო. აღნიშნულმა აკრძალვამ შესაძლებლობა მოუსპო მესაკუთრეს, თავის დროზე, თავისუფლად განეკარგა უძრავი ნივთი.

35. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სსსკ-ის მე-4 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, რა დროსაც, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, იმ გარემოების დამტკიცების ტვირთი, რომ მოპასუხის მოთხოვნით გამოყენებული საპროცესო ღონისძიებით (სარჩელის უზრუნველყოფა), მოსარჩელეებმა ზარალი, ზიანი განიცადეს, მოსარჩელეთა მხარეზეა.

36. თავიანთი მტკიცების ტვირთის ფარგლებში მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი იქნა ინდივიდუალური აუდიტორ დ.რ–ძის 2016 წლის 24 სექტემბრის აუდიტორული დასკვნა. დასკვნის თანახმად, მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება აუდიტის დასკვნის შესაბამისად შეფასდა - 229 665.00 ლარით. შეფასება განხორციელდა დამკვეთის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტების საფუძველზე, რადგან ქონების დაწვრილებით დათვალიერება-შემოწმება ვერ მოხერხდა. ამასთან, ქონების სარეალიზაციო ღირებულების შეფასება გაკეთებულია 2016 წლის მდგომარეობით.

37. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც მათ სრულ და ობიექტურ განხილვას უნდა ემყარებოდეს, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალურ წესს ითვალისწინებს (მაგ. შრომით-სამართლებრივი დავები), მტკიცების ტვირთის გადანაწილების ზოგადი წესი მოქმედებს, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ ის გარემოებები უნდა დაამტკიცოს, რომლებზეც იგი თავის მოთხოვნას ამყარებს. არ შეიძლება მხარეს ისეთი გარემოების მტკიცების ტვირთი დაეკისროს, რომლის ზიდვაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ ინდივიდუალური აუდიტორ დ.რ–ძის 2016 წლის 24 სექტემბრის აუდიტორული დასკვნა, არ წარმოადგენს იმ სახის მტკიცებულებას, რომლითაც შეიძლება დადგინდეს ზიანი. აღნიშნული დასკვნა ეყრდნობა თავად დამკვეთის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და არ ეყრდნობა ქონების უშუალო დათვალიერებას.

38. პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა სახეები, რომელიც შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად, ამომწურავადაა განსაზღვრული სსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით. არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. აგრეთვე, არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ მტკიცებულების მნიშვნელობა წინასწარ არ არის განსაზღვრული და მისი ძალა და მნიშვნელობა სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული. მტკიცებულებათა შეფასების დროს მხარეებს უფლება აქვთ, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მტკიცებულებების სარწმუნოობა. მათი უტყუარობის თუ სიყალბის შესახებ მოსაზრებები შეიძლება გამოთქვან არამარტო მხარეებმა, არამედ მესამე პირებმა, აგრეთვე, სპეციალისტებმა და ექსპერტებმა, თუ ისინი მონაწილეობენ პროცესში. საბოლოოდ კი, წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო (შეადრ: სუსგ-ები №ას-878-2018, 29 აგვისტო, 2018 წელი, პ.14.2.; სუსგ №ას-406-383-2014, 17.04.2015). აუდიტორული დასკვნის შეფასებისას (იმდენად რამდენადაც იგი სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას ეფუძნება) ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: გამოსაკვლევად მიწოდებულ მასალას, მის კვლევით ნაწილს, რადგან სწორედ კვლევითი ნაწილია ასახული საბოლოო დასკვნაში. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სწორედ ამ თვალსაზრისით შეაფასეს საქმეში წარმოდგენილი დასკვნაც, ვინაიდან მტკიცებულების გამოკვლევა, უპირველესად, გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ., წინამდებარე განჩინების პ.20).

39. საკასაციო პალატა ვერ გაზიარებს კასატორთა მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ თავად მოპასუხეს არ წარმოუდგენია საპირისპირო მტკიცებულება (ექსპერტიზის ან აუდიტორის დასკვნა), რომლიც გააბათილებდა საქმეში წარმოდგენილ დასკვნას.

40. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო შედავება დაფუძნებულია იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეებმა განიცადეს ზიანი, რადგან ვერ გაყიდეს ქონება, რომელზეც ყადაღა იყო რეგისტრირებული. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ ამ გარემოების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეთა მხარეზეა, სწორედ მოსარჩელეებს უნდა ედასტურებინათ სარწმუნოდ სხვაობა უძრავი ქონების ფასებს შორის, აღნიშნული არ იყო მოპასუხეთა მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოება. ამ შემთხვევაში, მოთხოვნის წარმოშობის სამართლებრივი საფუძვლების განმაპირობებელი აბსტრაქტული შემადგენლობა, საიდანაც შეიძლება გამომდინარეობდეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, მოსარჩელეებს ეკისრებოდათ.

41. საკასაციო პალატა მიუთითებს დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე რომლის მიხედვით მოსარჩელეებმა სარწმუნოდ უნდა დაადასტურონ ზიანის ფაქტი, მხოლოდ ფაქტი გაუმართლებელი სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების თაობაზე, საკმარის არ არის. მაგ., ერთ-ერთ საქმეში, რომელშიც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახედ გამოყენებული იყო პირთა უძრავი ქონებიდან გამოსახლების აკრძალვა და საბოლოოდ, სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი, რომლის უზრუნველსაყოფადაც გამოყენებული იყო უზრუნველყოფის ღონისძიება, გამოიკვეთა სსსკ-ის 199-ე მუხლით დადგენილი პირობები და სარჩელის აღმძვრელ პირებს დაევალათ, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით, რომელიც უსაფუძვლო აღმოჩნდა, განცდილი ზიანის დაზარალებული პირისათვის ანაზღაურება (იხ., სუსგ Nას-138-130-2017, 5 მაისი, 2017 წელი).

42. ამასთან, საკასაციო პალატა განარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების პასუხისმგებლობის ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის იურიდიულად მნიშვნელოვანი მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს. მიზეზობრივი კავშირის არსებობა ასევე მოსარჩელეთა მტკიცების ტვირთში შემავალი გარემოებაა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, რომ პირდაპირი კავშირი გაუმართლებელ ყადაღასა და ქონების რეალიზაციას შორის არ დასტურდება, არ არსებობს იურიდიულად მნიშვნელოვანი მიზეზობრივი კავშირი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.07.2014 წლის განჩინებით გამოყენებულ აკრძალვას და გ.მ–ძისა და დ.კ–ის მიერ შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ.ს.კ–თან“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება-შეუსრულებლობას შორის.

43. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ერთ-ერთ საქმეში, რომელშივ დავის საგანი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუმართლებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება იყო, სარჩელს უარი დაკმაყოფილებაზე სწორედ მტკიცების ტვირთის ჯეროვნად რეალიზების შეუძლებლობის გამო ეთქვა უარი. აღნიშნულ საქმეში განიმარტა, რომ: „არც თავად სასესხო სამართლებრივი ურთიერთობისა და არც იპოთეკის სანივთო ბუნების არსი (იხ. სკ-ის 286-ე და 623-ე მუხლები) არ იძლევა იმ დასკვნის საფუძველს, რომ სესხის დაბრუნება აუცილებლად უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით უნდა განხორციელდეს, არამედ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად (იხ. სკ-ის 361.2 მუხლი), რაც შეეხება მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, ის არის კრედიტორის გარანტია, მოვალის მხრიდან ვალდებულების დარღვევისას მოთხოვნა დაიკმაყოფილოს უზრუნველყოფის საგნით. ის გარემოებაც, რომ უძრავი ქონების აუქციონზე იძულებითი რეალიზაცია მოწესრიგებულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველო კანონის XIII თავით, ხოლო იპოთეკის საგნის აუქციონზე რეალიზაციის წესს განსაზღვრავს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლი, რაიმე გონივრულ არგუმენტაციას სარჩელი არ შეიცავს იმ კუთხით, ქონებაზე ყადაღის გაუმართლებელმა გამოყენებამ იმოქმედა თუ არა სააუქციონო ფასზე“ (იხ., სუსგ Nას-1216-1136-2017, 18 მაისი, 2018 წელი).

44. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

45. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. საიჯარო ქირის დაკისრების საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

46. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

47. კასატორები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კანონის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ.კ–ის და გ.მ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი