კერძო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-1420-2020 18 დეკემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „უ.ნ.კ–ა“
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ზ–ი
თავდაპირველი მოპასუხე – ვ.ა–ა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მ.ზ–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების – ვ.ა–ასა და შპს „უ.ნ.კ–ის“ მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით მ.ზ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეებს – ვ.ა–ასა და შპს „უ.ნ.კ–ას“ მ.ზ–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 10000 ლარის გადახდა. მოსარჩელე მ.ზ–ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეთათვის სოლიდარულად 10000 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „უ.ნ.კ–ამ“ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 სექტემბრის განჩინებით შპს „უ.ნ.კ–ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „უ.ნ.კ–ამ“ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „უ.ნ.კ–ის“ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან ათი დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სხვა წინაპირობებთან ერთად არკვევს შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, განჩინების გასაჩივრებისათვის კანონი ადგენს 12-დღიან ვადას, რომლის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია და მხარეს უფლება ეძლევა კერძო საჩივარი შეიტანოს განჩინების კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ჩაბარების ან მისი გამოცხადების მომენტიდან. აღნიშნული ნორმა იმპერატიული ხასიათისაა და ამ ვადის შეცვლა არ დაიშვება.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ გასაჩივრებული განჩინება კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს მის მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით. სასამართლოში დაბრუნებული საფოსტო შეტყობინებიდან ირკვევა, რომ გზავნილი ნ.გ–ს ჩაბარდა 2020 წლის 29 სექტემბერს (ს.ფ. 205). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია, ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, განჩინების გასაჩივრების 12-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2020 წლის 30 სექტემბერს და ამოიწურა ამავე წლის 12 ოქტომბერს, ვინაიდან 11 ოქტომბერი იყო დასვენების დღე - კვირა, ხოლო კერძო საჩივარი შპს „უ.ნ.კ–ის“ წარმომადგენელმა ნ.გ–მა შეიტანა 2020 წლის 16 ოქტომბერს (ს.ფ.213-215), ე.ი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების 12-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს კერძო საჩივრის შეტანის საპროცესო ვადის გაშვების გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე, 420-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „უ.ნ.კ–ის“ კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი