შუამდგომლობა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ა-4242-შ-99-2020 23 დეკემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – მ.პ–ა
მოწინააღმდეგე მხარე – თ.ჭ–ძე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – საფრანგეთის რესპუბლიკის პარიზის მაღალი ინსტანციის სასამართლოს 2019 წლის 4 მარტის RG 18/36711-№Portalis352J-W-B7C-CNJP2 გადაწყვეტილება
დავის საგანი – მეურვეობის დადგენა
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის განხილვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საფრანგეთის რესპუბლიკის პარიზის მაღალი ინსტანციის სასამართლოს 2019 წლის 4 მარტის RG 18/36711-№Portalis352J-W-B7C-CNJP2 გადაწყვეტილებით 2009 წლის 11 დეკემბერს დაბადებულ არასრულწლოვან - დ.ჭ–ზე მშობლის უფლება მიენიჭა მ.პ–ს (შემდეგში: შუამდგომლობის ავტორი).
2. შუამდგომლობის ავტორმა, 2020 წლის 2 ნოემბერს მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი სასამართლო გადაწყვეტილებისა და თანდართული დოკუმენტების შესწავლით დასტურდება, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. ასევე დადგენილია, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრის განჩინებით, შუამდგომლობა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
5. შუამდგომლობაზე დართული უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, უდავოდაა დადგენილი, რომ მცირეწლოვანზე ერთპიროვნული მეურვეობა გადაეცა ბავშვის დედას (შუამდგომლობის ავტორი).
6. შუამდგომლობაზე დართული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით უმჯობესი იყო მეურვეობის უფლება გადაცემოდა დედას, ამასთან, მიზანშეწონილი იყო იმის შეხსენება, რომ მამა მაინც ინარჩუნებს ბავშვის რჩენასა და აღზრდაზე დაკვირვების უფლებას და მისთვის ცნობილი უნდა იყოს მნიშვნელოვანი არჩევანები ბავშვის ცხოვრებასთან დაკავშირებით.
7. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ საფრანგეთის ტერიტორიიდან ბავშვის გაყვანა ორივე მშობლის თანხმობის გარეშე აკრძალულია. ამასთანავე, ბავშვის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის საცხოვრებელი.
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
9. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში როგორც, მეურვე, ასევე პირი, რომელსაც მეურვეობა ესაჭიროება საქართველოს მოქალაქეები არიან. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, „მეურვეობისა და მზრუნველობის საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ მეურვე, მზრუნველი ან პირი, რომელსაც მეურვეობა ან მზრუნველობა ესაჭიროება, საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს“. ამდენად, სპეციალური კანონის წინაპირობების არსებობა დადასტურებულია.
10. ამ განჩინების მე-8 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს, წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად, მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები არ არის საქმეში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.პ–ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს, საფრანგეთის რესპუბლიკის პარიზის მაღალი ინსტანციის სასამართლოს 2019 წლის 4 მარტის RG 18/36711-№Portalis352J-W-B7C-CNJP2 გადაწყვეტილება, რომლითაც არასრულწლოვან შვილზე დ.ჭ–ზე (დაბ. 2009 წლის 11 დეკემბერი), მშობლის უფლების განხორციელება გადაეცა მხოლოდ დედას - მ.პ–ას (......);
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე