დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-737-2021 14 ივლისი, 2021 წელი,ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ.ჭ–ა
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ს–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ....... კორპუსი, ბინა N38, საკადასტრო კოდი N ....... (სადაო ქონება) ნ.ს–ის (შემდგომში - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, მესაკუთრე) საკუთრებაა, რომელსაც არამართლზომიერად ფლობს გ.ჭ–ა (შემდგომში - მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი).
2. 2020 წლის 4 მარტს, მესაკუთრემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხის უკანონო მფოლობელობიდან სადავო ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული ქონება.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
6. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის შესაბამისად, დაიწყო გადაწყვეტილების ჩაბარების კანონით დადგენილი - 30 დღიანი ვადის გასვლის მეორე დღიდან - 2021 წლის 15 აპრილიდან და ამოიწურა 2021 წლის 28 აპრილს, თუმცა აპელანტს ამ ვადაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხემ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის ვადის დარღვევით 2021 წლის 26 აპრილს მიმართა და სააპელაციო საჩივარიც გასაჩივრების ვადის გაშვების შემდგომ, 2021 წლის 27 მაისს წარადგინა.
7. 2021 წლის 30 ივნისს მოპასუხემ კერძო საჩივრით მომართა საკასაციო სასამართლოს, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება.
9. სსსკ-ის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.
10. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ გასაჩივრებული განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს გაეგზავნა 2021 წლის 16 ივნისს და ამავე წლის 17 ივნისს ჩაჰბარდა ადრესატის ოჯახის წევრს, რაც დასტურდება საფოსტო შეტყობინების ბარათით (ს.ფ. 85).
11. სსსკ-ის მე-60-ე და 61-ე მუხლების მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანის 12-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 18 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 29 ივნისს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილია 2021 წლის 30 ივნისს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს სადავო განჩინება კერძო საჩივრით კანონით დადგენილი ვადის დარღვევით არის გასაჩივრებული.
12. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
13. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კერძო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დარღვევით წარედგინა სასამართლოს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 420-ე, 399-ე, 372-ე, 416-ე, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ჭ–ას კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივნისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: გ. მიქაუტაძე