დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-1318-2020 25 ივნისი, 2021 წელი,ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს "ს.ლ.კ–ა" (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ხ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს "ს.ლ.კ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, კომპანია, აპელანტი ან კასატორი) მფლობელობაში არსებული ავტომობილი ,,სკანიას“ მარკის ტრაილერი სახ. ნომრით ...., რომელსაც მართავდა რ.ფ–ძე, შეეჯახა ორ ავტომანქანას, მათ შორის მ.ხ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე) კუთვნილ ავტომანქანას. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბრალეულ პირად რ.ფ–ძე იქნა მიჩნეული, რომლის მიმართაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა.
2. ავტოავარიის შემდეგ მოსარჩელის ავტომობილი გადაყვანილი იქნა გორის საჯარიმო სადგომზე, სადაც 8 დღის განმავლობაში იდგა. სასაქონლო ექსპერტიზის თანახმად, ავტომანქანის დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანი 5500 ლარს შეადგენს. ამავე დასკვნის მიხედვით, ავტომობილის აღდგენა რეკომენდირებული არ არის.
3. ავტოავარიის მომენტში მანქანაში მოსარჩელის შვიდი წლის შვილი იმყოფებოდა, რომელმაც ძლიერი შიში განიცადა და სტრესი მიიღო. მოსარჩელეს მძიმე მატერიალური და მორალური ზიანი მიადგა, რომლის ოდენობა ჯამში 10 886 ლარით განისაზღვრა.
4. სარჩელის საფუძვლები
4.1. მოსარჩელემ, 2019 წლის 7 ივნისს, სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა და, მის სასარგებლოდ, მოპასუხისათვის 10 886 დაკისრება მოითხოვა.
5. მოპასუხის შესაგებელი
5.1. მოპასუხეს მის წინააღმდეგ წარდგენილ სარჩელზე შესაგებელი არ წარუდგენია.
6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დასკვნები
6.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 10 886 ლარის გადახდა დაეკისრა.
6.2. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს სარჩელი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად 2019 წლის 17 ივნისს ჩაბარდა. მოპასუხემ, დანიშნულ ვადაში შესაგებელი არ წარადგინა, არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის და არც შესაგებლის წარმოდგენის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით მიუმართავს.
6.3. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316-ე, 317-ე, 413-ე, 992-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 70-78-ე, 184-ე, 201-ე, 2321-ე მუხლებით და დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია, ხოლო სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.
7. საჩივრის საფუძვლები
7.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 აგვისტოს საჩივრით მიმართა მოპასუხემ, ამავე სასამართლოს 2019 წლის 26 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით.
7.2. საჩივრის ავტორის განმარტებით, მართალია, სარჩელი 2019 წლის 17 ივნისს ჩაბარდა, თუმცა მისი ჩაბარებიდან მეორე დღეს ქ. თბილისში შვილიშვილი წაიყვანა სამკურნალოდ, სადაც ბავშვს ჩაუტარდა ოპერაცია და შემდეგ მკურნალობა. თბილისიდან კი აგვისტოს თვეში დაბრუნდა, რა დროსაც შესაგებლის წარდგენის ვადა გასული იყო.
8. საქალაქო სასამართლოს განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
8.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
8.2. საქალაქო სასამართლომ, სსსკ-ის 70-73 მუხლებზე მიუთითა და მიიჩნია, რომ მოპასუხეს გზავნილი კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა.
8.3. სასამართლოს მითითებით, მოპასუხეს გზავნილით განემარტა, რომ ის ვალდებული იყო წერილობითი პასუხი (შესაგებელი) სარჩელსა და მასში დასმულ საკითხებზე, თავის მოსაზრებებთან ერთად, სასამართლოსთვის სარჩელის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარედგინა. ამასთან, მხარეს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანდა დაუსწრებელ გადაწყვეტილებას. მიუხედავად ამისა, მოპასუხეს შესაგებელი მითითებულ ვადაში არ წარუდგენია. ამასთან, არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის. შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობდა.
9. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი
9.1. მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე 2019 წლის 12 ნოემბრის განჩინება, მათი გაუქმება და საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვა.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
10.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა აპელანტის (მოპასუხის) სააპელაციო საჩივარი, საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინება უცვლელად დარჩა.
10.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები, მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე.
10.3. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ შესაგებლის წარუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. შეაფასა საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებები და მიუთითა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის მიხედვით, მოპასუხის შვილიშვილი ექიმთან 2019 წლის 5 ივლისიდან 2019 წლის 8 ივლისამდე იმყოფებოდა სამკურნალოდ. შესაგებლის წარდგენისათვის დადგენილი 10 დღიანი ვადის დენა, მოპასუხის მიმართ დაიწყო 2019 წლის 18 ივნისს და ამოიწურა იმავე წლის 27 ივნისს. შესაბამისად, წარდგენილი დოკუმენტი არ ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, საჩივრის ავტორს შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზი გააჩნდა.
10.4 სააპელაციო სასამართლომ, სსსკ-ის 2321 მუხლის შესაბამისად, დამტკიცებულად ჩათვალა მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნები სსკ-ის 413-ე და 992-ე მუხლებიდან გამომდინარეობდა.
11. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
11.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მისი და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება მოითხოვა.
11.2. კასატორის განმარტებით, საქმეში წარდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ადასტურებს მისი შვილიშვილის ავადმყოფობის ფაქტს, რომელიც მასთან ცხოვრობს და ოჯახის წევრად ითვლება. კასატორის შეფასებით, აღნიშნული ცხადყოფს, რომ მოპასუხეს შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზი გააჩნდა.
11.3. კასატორის პრეტენზია მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილსაც შეეხება. მისი განმარტებით, მოსარჩელე მხარე უთითებდა ავტოავარიის შედეგად მისი შვილისათვის მიღებულ სტრესტზე, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. ამდენად, ამ ნაწილში გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და კანონს ეწინააღმდეგება.
12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
12.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 აპრილის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
15. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
18. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, თუ რამდენად მართებულად შეაფასა სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საპროცესოსამართლებრივი წინაპირობები და არსებობდა თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სსსკ-ით გათვალისწინებული საფუძვლები.
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსსკ-ის 2321-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის განმაპირობებელია:
19.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხეს, სარჩელი სსსკ-ის 70-73-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა და 2019 წლის 17 ივნისს ჩაბარდა. ამასთან, მხარე ინფორმირებული იქნა შესაგებლის წარუდგენლობის სამართლებრივ შედეგებზე.
20. სსსკ-ის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. ამავე კოდექსის 241-ე მუხლით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხს არეგულირებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავი, კერძოდ კი, მოპასუხის მიერ შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის სახეზე უნდა იყოს (სსსკ-ის 2321 მუხლი) შემდეგი წინაპირობები: ა) მოპასუხე სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული სარჩელი და თანდართული მასალები და ამომწურავად უნდა განემარტოს 201-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე; ბ) მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა. ამ ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა განაპირობებს სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევის აუცილებლობას იმგვარად, რომ სასამართლო არათუ ვალდებული, უფლებამოსილიც არაა შეამოწმოს და შეფასება მისცეს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს სარჩელში მითითებულ ნებისმიერ, მათ შორის, საპროცესო ხარჯების საკითხზე.
22. იმისათვის, რომ სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები (სარჩელში მითითებული ფაქტები) ამართლებენ თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოთხოვნის დამფუძნებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება იძლევა თუ არა დამფუძნებელი ნორმის შემადგენლობას. მითითებულ წინაპირობათაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა იწვევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმასა და მხარეთა დაბარებას სასამართლო სხდომაზე. ასეთ შემთხვევაში, განსხვავებულია მოპასუხის უფლებრივი მდგომარეობა, კერძოდ, მოპასუხისაგან მტკიცებულებები არ მიიღება, სამართლებრივი ბალანსი იმგვარია, რომ მოპასუხეს მხოლოდ სამართლებრივი შესაგებლის წარდგენის უფლება აქვს, ანუ თავდაცვის საპროცესო საშუალება მხოლოდ მოთხოვნასთან მიმართებით მისი სამართლებრივი მოსაზრებით შემოიფარგლება (იხ.სუსგ საქმე №ას-975-2019, 5 ივნისი, 2020 წელი).
23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის დიდი პალატის გადაწყვეტილების (საქმეზე N ას-664-635-2016; პუნქტი 201) მიხედვით: „2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება“.
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სწრაფი, ეკონომიური და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელება როგორც სასამართლო ხელისუფლების, ისე სამართალწარმოების მონაწილე პირთა პასუხისმგებლობაა და საამისოდ ყველა ლეგიტიმური შესაძლებლობის გამოყენებაა საჭირო, რაც თანაბრად უზრუნველყოფს მხარეთა თანასწორობას საქმის განხილვის ყველა ეტაპზე და ხელს შეუწყობს სასამართლოში საქმეთა განხილვის გაჭიანურების არიდებას. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დამკვიდრებულია პრინციპი, რომლის თანახმად მხარეებს (ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს), შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში როგორც პირადად, აგრეთვე წარმომადგენლის მეშვეობით. სასამართლო წარმომადგენლობა ესაა კანონით გარანტირებული შესაძლებლობა მხარემ აწარმოოს საქმე სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. სასამართლო წარმომადგენელი არის პირი, რომელიც ასრულებს სასამართლოში მარწმუნებლის სახელით და მისი ინტერესების შესაბამისად ყველა იმ საპროცესო მოქმედებას, რაც გათვალისწინებულია კანონით და მარწმუნებლის მიერ გაცემული მინდობილობით. სასამართლო წარმომადგენლობა დაიშვება უკლებლივ ყველა საქმეზე, რომელიც სასამართლოს ექვემდებარება უწყებრივად. წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ: ა) ნებაყოფლობით ანუ სახელშეკრულებო წარმომადგენლობას; ბ) იურიდიული პირის წარმომადგენლობას; გ) კანონისმიერ წარმომადგენლობას. ნებაყოფლობითი (სახელშეკრულებო) წარმომადგენლობა წარმოიშობა მხარეთა თავისუფალი ნების საფუძველზე დავალების ხელშეკრულების დადებით (სსკ-ის 709-ე მუხლი). სსსკ-ის 96-ე მუხლი ითვალისწინებს წარმომადგენლის უფლებამოსილების გაფორმების პროცედურებს, ხოლო სსსკ-ის 98-ე მუხლი კი, ითვალისწინებს წარმომადგენლის უფლებამოსილების ფარგლებს. (იხ. ზ.ძლიერიშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, ნაწილი I, ავტორთა კოლექტივი, თბილისი, 2014, გვ.180-199).
25. სსსკ-ის 93-ე მუხლის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს - იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს. მხარეებს, შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში.
26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს საპროცესო მოქმედების შესრულების შეუძლებლობაზე. მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამ შემთხვევაში ისევე, როგორც ზოგადად სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. მეტიც, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. სამედიცინო ცნობაში გასაგებად უნდა იკითხებოდეს მხარის ჯანმრთელობის ისეთი მძიმე მდგომარეობის არსებობა, რომელიც რეალურად შეუშლის ხელს მხარეს გადაადგილებაში და სასამართლოსთან კომუნიკაციაში.
27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებას და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია (შდრ. სუსგ №ას-964-929-16, 06 მარტი, 2017)
28. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის შედეგად (იხ. წინამდებარე განჩინების 10.3 პუნქტში ასახული მსჯელობა) ჩამოყალიბებულ დასკვნას, რომ კასატორის მიერ წარდგენილი ცნობის მიხედვით, მისი შვილიშვილი სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა 2019 წლის 5 ივლისიდან 2019 წლის 8 ივლისამდე პერიოდში, ხოლო შესაგებლის წარდგენისათვის დადგენილი 10 დღიანი ვადის დენა, მოპასუხის მიმართ დაიწყო 2019 წლის 18 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 27 ივნისს. შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, საჩივრის ავტორს შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზი არ გააჩნდა.
29. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებსაც, რომ მოპასუხე იურიდიული პირია, რომელსაც მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება იმ რისკების მაქსიმალურ დონემდე შემცირება, რომლის გაუთვალისწინებლობამაც შესაძლოა გარკვეული პრობლემების წინაშე დააყენოს კომპანია. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი სასამართლო გაიზიარებდა მოპასუხის არგუმენტაციას შესაგებლის წარუდგენლობის საპატიოობის თაობაზე, მოპასუხეს (კომპანიის დირექტორს) გონივრული წინდახედულობის ფარგლებში არახელსაყრელი შედეგის თავიდან ასაცილებლად, შეეძლო სასამართლოში საქმე წარმომადგენლის მეშვეობით ეწარმოებინა, რაც მხარეს არ განუხორციელებია.
30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტიან საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს ერთგვარ სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსსკ-ის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ, კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და თუ მათი ერთობლიობა ქმნის იმ სამართლებრივი შედეგის დადგომის შესაძლებლობას, რაც სარჩელით არის მოთხოვნილი, საქმის განმხილველი მოსამართლე გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 17.03.2016წ. განჩინება საქმეზე N 121-117-2016).
31. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული და შესაგებლის წარუდგენლობის გამო დამტკიცებულად მიჩნეული გარემოებები სსკ-ის 413-ე, 992-ე მუხლების საფუძველზე იურიდიულად ამართლებს მოთხოვნას.
32. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით აღიარებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო პრინციპი, თუმცა იგი არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას. თავის მხრივ, შეზღუდვა ლეგიტიმურია, თუ იგი კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ საფუძველს ემყარება. ამგვარ საფუძველს წარმოადგენს სსსკ, რომლის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.
34. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ს.ლ.კ–ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს "ს.ლ.კ–ის" (ს/კ ....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს, საკასაციო საჩივარზე, ზ.დ–ძის (პ/ნ .....) მიერ, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 544,50 ლარის (საგადახდო დავალება N10378431591, გადახდის თარიღი 2021 წლის 22 იანვარი), 70% – 381,15 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე