დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-126-2022 28 თებერვალი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.ფ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.მ–ი (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე – თ.ა–ი
თავდაპირველი მოსარჩელე – ი.მ–ი
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე – ნ.ღ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ნ.მ–მა და ი.მ–მა (შემდგომში - „მოსარჩელეები“) სარჩელი აღძრეს სასამართლოში მ.ფ–ისა (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) და თ.ა–ის (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“) მიმართ, მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის, აღნიშნული ხელშეკრულებების სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებად მიჩნევისა და ქ. გორში, ...... მდებარე უძრავი ქონების (ს/კ: .....) მოსარჩელეთა საკუთრებად აღრიცხვის მოთხოვნით.
პირველმა მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, ხოლო მეორე მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მიუთითა, რომ მასსა და პირველ მოსარჩელეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რეალურად, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას წარმოადგენდა.
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის 2014 წლის 25 თებერვალს გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება და მხარეთა შორის დადგინდა სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობა. ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის 2015 წლის 12 იანვარს გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება და მხარეთა შორის დადგინდა სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის უზრუნველსაყოფადაც ქ. გორში ...... მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ: № .....) გავრცელდა იპოთეკის უფლება. ზემოაღნიშნული უძრავი ქონება საკუთრებაში გადაეცა მოსარჩელეს და მასზე აღირიცხა იპოთეკა პირველი მოპასუხის სასარგებლოდ.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე პირველმა მოპასუხემ წარადგინდა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორმა ასევე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 თებერვლის განჩინებით მ.ფ–ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. მ.ფ–ს დაევალა აღნიშნული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი დედნის სახით; ბ) ან მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, ან 675 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს საგადახდო დავალება და სალაროს შემოსავლის ორდერი, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში – საგადახდო საბუთი, რომელზედაც დასმულია მომსახურე ბანკის შტამპი - „განაღდებულია“).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 თებერვლის განჩინება კასატორის წარმომადგენელს - თ.ტ–ძეს (იხ. მინდობილობა - ტ. 2, ს.ფ. 34-35) ჩაბარდა.
სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. მოცემულ შემთხვევაში, კასატორისთვის ხარვეზის შევსების 7 - დღიანი ვადის დენა 2022 წლის 15 თებერვალს დაიწყო და ამავე წლის 21 თებერვალს ამოიწურა. ამდენად, კასატორს ხარვეზი 2022 წლის 21 თებერვლის ჩათვლით უნდა შეევსო. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ.ფ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე