დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 20.05.2022
საქმის ნომერი
ას-32-2022
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.05.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-32-2022 20 მაისი, 2022 წელი,თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

I კასატორი - გ. მ. (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ი. გ. (მოპასუხე)

II კასატორი - ი. გ.

მოწინააღმდეგე მხარე - გ. მ.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტლება

I კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გ. მ-ემ (შემდგომ - დაზარალებული, მოსარჩელე, აპელანტი, პირველი კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. გ-ის (შემდგომ - მოპასუხე, მეორე კასატორი) მიმართ და მოითხოვა მატერიალური ზიანის - 3235 ლარისა და მორალური ზიანის - 100 000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.

სარჩელის საფუძვლები

2. მოპასუხემ, რომელიც ე-ი და კ-კა ,,ჰ-ს“ ხელმძღვანელია, ამავე სამედიცინო ცენტრში მოსარჩელეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა 2016 წლის 20 აპრილს, როდესაც მას ამავე კლინიკის ექიმების მიერ დედამისისთვის არასწორად დანიშნული მკურნალობის თაობაზე სურდა საუბარი. მოსარჩელემ გამოიძახა საპატრულო პოლიცია. დაზარალებული გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პოლიციის განყოფილებიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მოსარჩელე გადაიყვანა ,,ღ-ის სახელობის ე. ს. ც-ში“, სადაც 20.04.2016 წლიდან 22.04.2016 წლამდე იწვა სტაციონარულ განყოფილებაში. მიღებული დაზიანებებით მოსარჩელეს დაუსვეს შემდეგი დიაგნოზი: ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, მარჯვენა მხარის პროქსიმალური ბოლოს დიდი ბორცვის მოტეხილობა, მარცხენა თხემის მიდამოს ნახეთქი ჭრილობა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, აღნიშნული დაზიანებები მიეკუთვნება სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებას ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 03.12.2018 წლის გადაწყვეტილებით მოპასუხე სასამართლომ ცნო დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.

3. ძალადობრივმა ფაქტმა გამოიწვია მატერიალური ზიანი, კერძოდ, ექიმების გამოწერილი წამლებისათვის, სამედიცინო გამოკვლევებისა და პროცედურებისათვის, რაც მითითებულია ე.წ. ფორმა 100-ში, ნევროლოგისა და ტრავმატოლოგის მიერ გაცემულ პაციენტის გასინჯვის ფურცელში, ასევე, სამედიცინო ცენტრის მიერ მომზადებული ანგარიშფაქტურებით მოსარჩელეს ჯამურად 3194 ლარი სჭირდება, ხოლო უკვე გაღებული ხარჯი - 41 ლარია.

4. მოსარჩელის მტკიცებით, ფაქტმა მას მორალური ზიანიც მიაყენა, კერძოდ, ვერ შეძლო, ყველა ღონე ეხმარა დედის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისათვის, გადაეყვანა ის უკეთეს კლინიკაში, მოეწვია საუკეთესო სპეციალისტები. დედის გარდაცვალების შემდეგ, წოლითი რეჟიმის გამო სრულყოფილად ვერ შეძლო დაკრძალვაში მიეღო მონაწილეობა. მოსარჩელემ განიცადა უმძიმესი სულიერი ტანჯვა. ამასთან, მარჯვენა მხარის პროქსიმალური ბოლოს დიდი ბორცვის მოტეხილობის გამო, რაც ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან არის დაკავშირებული, ვერ მართავდა ავტომობილს. მოსარჩელისთვის, როგორც პროფესიით ინჟინერისთვის, რომელიც ხანგრძლივი დროით მუშაობდა მექანიკოსად, მნიშვნელოვანია ხელის სრულყოფილი მოძრაობა, რასაც დღემდე ვერ ახერხებს ტკივილის გარეშე. შესაბამისად, იგი არ მუშაობს თავისი სპეციალობით. მოსარჩელემ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოითხოვა მოპასუხისათვის 100 000 ლარის დაკისრება.

მოპასუხის შესაგებელი

5. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი მხოლოდ მოსარჩელის მიერ გაღებული ხარჯის - 41 ლარის ნაწილში ცნო და მიუთითა, რომ იგი წამოეგო სწორედ მოსარჩელე მხარის პროვოკაციას და აგო კიდეც პასუხი. მოსარჩელემ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც ეწინააღმდეგება ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლას. მოსარჩელე მხოლოდ ორი დღე იწვა სტაციონარში. მან წარმოდგენილი სამედიცინო ცნობები გარკვეული პერიოდის შუალედებით გააკეთებინა საკუთარი ინიციატივით, რათა დაედასტურებინა ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა. არცერთ ცნობაში არ არის ავადმყოფობის რთულ ფორმებზე მითითება, არ დასტურდება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლაც, ყველა სამედიცინო გამოკვლევა უფასო აქციის ფარგლებში გაიკეთა და, მისი გადმოცემით ,კონსულტაციის დონეზე. მხარეებს შორის კონფლიქტი მოხდა 2016 წლის აპრილში, გამოკვლევების თარიღია 2019 წელი და ინვოისებიც სწორედ ამ დროს არის გამოწერილი. შესაბამისად, მოსარჩელის ამჟამინდელი საჭიროება არ უკავშირდება სამი წლის წინანდელ შემთხვევას. სასამართლო სხდომებზე მოპასუხემ სარჩელი ცნო მატერიალური ზიანის - 1500 ლარისა და მორალური ზიანის 1500 ლარის ანაზღაურების ნაწილში.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს დაეკისრა მატერიალური ზიანის - 1500 ლარის და მორალური ზიანის - 2000 ლარის გადახდა მოსარჩელის სასაგებლოდ. მოთხოვნა მორალური ზიანის - 98 000 ლარისა და მატერიალური ზიანის - 1735 ლარის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. ამავე სასამართლოს 2020 წლის 11 თებერვლის დამატებითი გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა საადვოკატო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის - 200 ლარის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ.

7. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. ამასთან, მან მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში მოთხოვნა 20 000 ლარამდე შეამცირა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტები მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში და მე-4 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მოპასუხეს დაეკისრა მორალური ზიანის - 7000 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

9. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ მატერიალური ზიანის ნაწილში 1500 ლარის დაკისრება, არ ფარავდა ამ ეტაპზე მისი საჭირო მკურნალობისთვის გასაწევ ფინანსურ ხარჯს. წარდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად (27.04.2016 ჯანმრთელობის N…ცნობა, 20.06.2016 წლის N …ჯანმრთელობის ცნობა, კ. ე. სახელობის ექსპერიმენტალური და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმ-ტრავმატოლოგისა და ექიმ-ნევროლოგის მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 07.10.2016 წლის დასკვნა, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 27.08.2019 წლის წერილი) პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, თუმცა მისი მოთხოვნა 2016 წლის 20 აპრილს მიღებული ტრავმის შედეგად სამომავლო (გასაწევი) მკურნალობის ხარჯის ნაწილში, საქმეზე წარმოდგენილი სამედიცინო ცნობებით ვერ იქნება დადასტურებული, რადგან პაციენტს ეძლევა მკურნალი ექიმის მიერ რეკომენდაციების სახით და საქმეში არ მოიპოვება აღნიშნული ჩივილების შესაბამისი მკურნალობისათვის გაწეული ან გასაწევი ხარჯების შესახებ სათანადო მტკიცებულება. სააპელაციო პალატის მითითებით, შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობისას, სასამართლო ჰიპოთეზურად ვერ იმსჯელებდა მოწინააღმდეგე მხარისათვის დამატებით 1735 ლარის დაკისრების მოთხოვნის საფუძვლიანობაზე.

10. სააპელაციო პალატამ მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე აპელანტის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მორალურ ზიანად 7000 ლარი გნსაზღვრა. პალატამ მიაჩნია, რომ მოსარჩელეს მიადგა მორალური ზიანი, რომელიც გამოწვეულია აპელანტის ფსიქიკის ნეგატიური ცვლილების არსებობით, რაც გამოიხატება ფიზიკურ და ზნეობრივ ტანჯვაში. 7000 ლარი ადეკვატურია მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის, ვინაიდან დადასტურებულ ფაქტს წარმოადგენს, რომ დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური და სულიერი ტანჯვა, ტკივილები და დისკომფორტი ჯანმრთელობის გაუარესებით. მიყენებული ტრავმის, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულებით განცდილი მორალური ზიანის მიმართ, განცდების ინტენსივობით, მოსარჩელის მიერ გადატანილი სულიერი ტანჯვის, მოპასუხის ბრალის, მისი მატერიალური მდგომარეობის, გონივრულობისა და სამართლიანობის კრიტერიუმების გათვალისწინებით, პალატის აზრით, აღნიშნული თანხა მორალური ზიანის სამართლიან კომპენსაციაა.

11. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.

I კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

12. მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

13. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა მკურნალობისათვის საჭირო წინასწრი ფინანსური ხარჯის საჭიროება. საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებში, რომლებიც გაცემულია ექიმების მიერ, აღნიშნულია, რომ მოსარჩელეს ესაჭიროება სამედიცინო გამოკვლევები და მკურნალობა. სასამართლომ არასწორად შეაფასა 20.06.2016 წლის N… ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, არ გაითვალისწინა ცნობაში სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციების გრაფაში ექიმის მიერ მითითებული, ნევროლოგის, ტრავმატოლოგისა და ოფთალმოლოგის კონსულტაციების აუცილებლობა, აგრეთვე -კ. ე. სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმ-ტრავმატოლოგისა და ექიმ-ნევროლოგის მიერ გაცემული ჯანმრთელობის შესახებ ცნობები. მატერიალური ზიანის ნაწილში 1500 ლარის დაკისრება არ ფარავს მკურნალობისთვის გასაწევ ფინანსურ ხარჯს. მოსარჩელემ ექიმების მიერ გაცემული ჯანმრთელობის შესახებ ცნობების საფუძველზე წინასწარ ითხოვა მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება და არა მისი ზეპირსიტყვიერი ჩივილების გამო. ცნობებში მითითებული დაზიანებები სრულად შეესაბამება იმ დაზიანებებს, რომელიც მოპასუხემ მიაყენა, რაც დასტურდება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითაც. წარდგენილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 12.08.2019 წლის №../…. წერილის თანახმად, სახელმწიფო დაზღვევის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ უფინანსებს ტრავმატოლოგის კონსულტაციას, მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის კვლევას, ხოლო სხვა საჭირო სამედიცინო მომსახურება უფინანსდება ნაწილობრივ.

14. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მკურნალობისთვის საკმარისი იქნებოდა 7-10 დღე, რადგან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის 2019 წლის 27 აგვისტოს წერილში განმარტებულია, რომ „ცნება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა“ აშკარაა მაშინ, როცა ადამიანის რომელიმე ორგანოს დაავადება სჭარბობს 21 დღეს, ერთმევა შრომისუუნარობა. ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების დროს ადამიანი შრომისუნარიანობას კარგავს ერთ მესამედზე ნაკლებად.

15. არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ არ დაასაბუთა, რატომ მიიჩნევს მოპასუხისთვის 7000 ლარის დაკისრებას გონივრულ და სამართლიანად. მარჯვენა მხარის, მხრის ძვლის დიდი ბორცვის მოტეხილობა ჯანმრთელობის ყველაზე მძიმე დაზიანებაა, რომელმაც ხანგრძლივი დროით შეცვალა მისი ყოველდღიური ცხოვრების წესი. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის განმარტებით, მოსარჩელის ჯანმრთელობა ხანგრძლივად მოიშალა. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა უზენაესი სასამართლოს ენციკლოპედიური განმარტება (სუსგ №ას-762-818-2012), რომ მორალურ ზიანის ანაზღაურებას სამი ფუნქცია აქვს: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლებების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მოსარჩელემ მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში შეამცირა მოთხოვნა 20 000 ლარამდე. 7000 ლარის დაკისრება კი, არ ემსახურება სამართლიანობის აღდგენას, მით უფრო, რომ ძალადობრივი დანაშაულით გამოწვეულ სამოქალაქო სამეებზე უმკაცრესი სასჯელი უნდა გამოიტანოს სასამართლომ.

16. კასატორი შუამდგომლობს, საკასაციო სასამართლომ გამოითხოვოს მსჯავრდებული მოპასუხის მიმართ სისხლის სამართლის საქმის მასალები. ამ საქმის მასალებს არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისათვის.

17. სასამართლომ უნდა განიხილოს საკასაციო საჩივარზე დართული სს ,,ო. ღ-ს სახელობის ე. ს. ც-ის'' 01.10.2020 წლის განმარტება და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 17.02.2021 წლის წერილი, რომელშიც ექიმ-ტრავმატოლოგი და სამედიცინო ექსპერტი განმარტავენ თავდასხმის შედეგად მოსარჩელის მკურნალობისათვის საჭირო დროს.

II კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

18. მოპასუხემ წარმოდგენიილ საკასაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვა.

19. მეორე კასატორის მტკიცებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. სააპელაციო სასამართლომ ზუსტად იმავე დასაბუთებით, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაშია ასახული, გაზარდა მორალური ზიანის ოდენობა. მოსარჩელე მორალური ზიანის მოთხოვნას აფუძნებდა დედის გარდაცვალებისა და მის გარდაცვალებაზე დაუსწრებლობის გამო მიღებულ სულიერ ტრავმას, რაც მან ვერ დაადასტურა, რადგან არ წარმოადგინა დედის გარდაცვალების მოწმობა.

20. სასამართლომ მორალური ზიანის ოდენობის გაზრდა დააყრდნო ტრავმის შედეგად მოსარჩელის ცხოვრების რეჟიმის გაუარესებას, მაშინ როდესაც მოსარჩელე მხოლოდ 2 დღე იმყოფებოდა სტაციონარში და არ დასჭირვებია ხანგრძლივი მკურნალობა, არც შემდგომი მკურნალობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. პალატამ მორალური ზიანის ანაზღაურება დაუკავშირა არა მოსარჩელის სულიერ ტანჯვას, არამედ კასატორის ფინანსურ შესაძლებლობას, რაც არასწორია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

21. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

22. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

24. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

25. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

26. მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება), 408.3 (დაზარალებულს უფლება აქვს, მკურნალობის ხარჯები მოითხოვოს წინასწარ. იგივე წესი მოქმედებს მაშინაც, როცა აუცილებელი ხდება პროფესიული გადამზადება.) და 413-ე (არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც) მუხლები.

27. სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულების წინაპირობებია: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა (გენერალური დელიქტი). განსახილველ შემთხვევაში ორივე კასატორი მხოლოდ დაკისრებული ზიანის ოდენობაზე დავობს.

28. პირველი კასატორის საკასაციო პრეტენზია ქვემდგომი სასამართლოს მიერ, სამედიცინო ცნობებისა და სამედიცინო დაწესებულების მიერ მკურნალობაზე გასაწევი ხარჯის წინასწარი კალკულაციის არასწორი შეფასების შედეგად, ზიანის ოდენობის არასწორად განსაზღვრას ეფუძნება. მისი მტკიცებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა მკურნალობისათვის საჭირო წინასწრი ფინანსური ხარჯი და მკურნალობის დრო. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ამ პრეტენზიას და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ, სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, სწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მართებულად დაასკვნა, რომ არ დგინდებოდა დამატებით 1735 ლარის მკურნალობისათვის დაკისრების საჭიროება. მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ მის მიერ წარმოდგენილი 2019 წლის აპრილში შედგენილი კალკულაციასა თუ ანგარიშფაქტურაში მითთებული თანხა 2016 წლის მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების სამკურნალოდ იყო საჭირო. მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეფასდა ინციდენტის დროს სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ მტკიცებულებებთან ერთობლივად, კერძოდ, 2016 წლის 27 აპრილს გაცემული ჯანმრთელობის №… ცნობით პაციენტს დაენიშნა წოლითი რეჟიმი 1 კვირა, სიმპტომური მკურნალობა და ოჯახის ექიმის მეთვალყურეობა. თავზე არსებული ნაკერის მოხსნა 1 კვირაში. მარჯვენა მხრის რბილი ფიქსაციის მოხსნა 2 კვირაში. ჯანმრთელობის №… ცნობით (ექიმთან მიმართვის თარიღი 2016 წლის 27 აპრილი) კი დასტურდება, რომ პაციენტს დაენიშნა ტრავმატოლოგის, ნევროლოგისა და ოფთალმოლოგის კონსულტაცია. კასატორის პრეტენზია ისაა, რომ სასამართლომ ეს უკანასკნელი დოკუმენტი მატერიალური ზიანის დაკისრებისას არ გაითვალისწინა. პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ანგარიშფაქტურა, რომლითაც დათვლილია სხვადასხვა სამედიცინო მომსახურების ხარჯი, 2019 წლის 12 აპრილს, სამი წლის შემდგომ არის მომზადებული. ამასთან, რომც დავუშვათ მიზეზობრივი კავშირის არსებობა 2016 წლის 20 აპრილის ფაქტსა და 2019 წლის ანგარიშფაქტურით დათვლილ გასაწევ მკურნალობას შორის, ანგარიშფაქტურის მიხედვით - კონსულტაციების ღირებულება 160 ლარია.

რაც შეეხება მოსარჩელის მიერ კ. ე. სახელობის ე. და კ. ქ. ე. ცენტრში 2017 წლის 7 მარტს უფასო აქციის ფარგლებში ექიმ-ტრავმატოლოგისა და ექიმ-ნევროლოგის კონსულტაციას, პალატა მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაშიც დაკისრებული 1500 ლარი სრულად ფარავს საჭირო კვლევების შესახებ მათ მიერ გაცემულ რეკომენდაციასა თუ დანიშნულ მედიკამენტებს (ფონოფორეზი ჰიდროკორტიზონით ფასი ანგარიშფაქტურის თანახმად, 300 ლარია; რეკომენდაცია ანალიზის კონტროლისა და თავის ტვინის კვლევისთვის, კალკულაციის თანახმად, 30 და 550 ლარია. რაც შეეხება მედიკამენტებს, თუკი მათი ფასი 2019 წლის აპრილში დათვლილია 2017 წლის მარტის ექიმის რეკომენდაციის საფუძველზე, მხოლოდ 6 წამალია დანიშნული, დათვლილი კი 10 წამლის ფასია, ამასთან, გაზრდილი რაოდენობით - ექიმმა პაციენტს 3 კვირის შემდეგ განმეორებითი კონსულტაცია დაუნიშნა). შესაბამისად, 2017 წლის დანიშნულებითაც რომ ვიხელმძღვანლოთ, დაკისრებული თანხა საკმარისია როგორც ექიმების კონსულტაციებისა და დანიშნული გამოკვლევების, ისე მედიკამენტებისთვისაც. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ 2019 წლის ანგარიშფაქტურა გასაწევი ხარჯების თაობაზე სარწმუნო მტკიცებულებადაც რომ მივიჩნიოთ, მისგან გამომდინარეც კი, არ დგინდება სამკურნალოდ დამატებით 1735 ლარის საჭიროება. სხვა მტკიცებულება კი, საქმეში წრამოდგენილი არ არის და მასზე არც კასატორი მიუთითებს.

29. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 408.1 მუხლით განმტკიცებულია ზიანის სრულად გამოსწორების პრინციპი, რაც გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ვალდებულებას, სრულად აანაზღაუროს ზიანი, თუმცა ზიანის ანაზღაურების კომპენსაციის ფუნქციიდან გამომდინარე, მისი ოდენობა დაზარალებულისათვის რეალურად მიყენებული ზიანით უნდა შემოიფარგლოს და არ უნდა გამოიწვიოს ამ უკანასკნელის გამდიდრება. მკურნალობის ხარჯების ზიანად დაკვალიფიცირებისათვის კი, საჭიროა, რომ ის საღად მოაზროვნე პირის თვალსაწიერიდან, დაზარალებულის მდგომარეობის გათვალისწინებით, რესტიტუციისათვის აუცილებელი ხარჯიიყოს. სხვა შემთხვევაში, პირს ფიქციური მკურნალობის ხარჯების წაყენებაც შეეძლებოდა დამზიანებლისათვის.

30. საკასაციო პალატა განმარტავს იმასაც, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპს ემყარება და მხარის პოზიციის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად უტყუარად შეძლებს იგი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურებას (სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლები). ამასთან, ექსპერტიზის დასკვნა თუ სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტები (ანგარიშფაქტურები თუ სამედიცინო ცნობები) ისევე, როგორც საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სხვა მტკიცებულებები, სსსკ-ის 105-ე მუხლით (სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ) დადგენილი წესით ფასდება. მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, ზემოხსენებული საპროცესო ნორმის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია არ შეიცავს იმგვარ ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც პალატა დამატებით 1735 ლარის რესტიტუციისათვის (მკურნალობისათვის) საჭირო ხარჯად მიიჩნევდა.

31. რაც შეეხება მორალურ ზიანს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა 7000 ლარი მორალური ზიანის ოდენობად და ვერცერთმა კასატორმა ვერ წარმოადგინა დასაბუთებელი პრეტენზია მისი გაზრდისა თუ შემცირების თვალსაზრისით. მოსარჩელე მორალური ზიანის არსებობის ფაქტს უკავშირებს იმ ფსიქო-ემოციურ სტრესს, რაც მან განიცადა მომხდარი ინციდენტის შედეგად მიღებული ფიზიკური ტკივილებითა და სულიერი ტანჯვით. პალატა მიუთითებს, რომ მორალური ზიანის მახასიათებელია ადამიანის ფსიქიკურ და სულიერ სფეროზე ნეგატიური ზემოქმედება, რაც გამოიხატება მის ზნეობრივ ტანჯვაში. ზიანის ანაზღაურებისას გადამწყვეტ როლს ასრულებს ზიანის სიმძიმე. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების შეფასებით იკვეთებოდა დაკისრებული მორალური ზიანის ანაზღაურების გაზრდის საფუძველი. მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით გადასახდელი თანხის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულობისა და სამართლიანობის კრიტერიუმებით. პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული დამოკიდებულია პირის ფსიქიკურ სფეროზე ნეგატიური ზემოქმედების ხარისხსა და ხასიათზე, რასაც, თავის მხრივ, კონკრეტული პირის სუბიექტური თავისებურებები განაპირობებს. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ზიანის სიმძიმე, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება მორალური ზიანის მიმართ, განცდების ინტენსივობა, შელახული უფლების მნიშვნელობა, ბრალის ხარისხი, დაზარალებულის ცხოვრებისეული პირობები (სუსგ №ას-660-660-2018, 20 ივლისი, 2018 წელი). მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული მორალური ზიანის ოდენობა - 7000 ლარი გონივრული და სამართლიანია.

32. პირველმა კასატორმა უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა დამატებითი მტკიცებულებები. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს უზენაესი სასამართლოს მხრიდან დავის ფაქტობრივი ნაწილის შეფასების ფარგლებს, კერძოდ, საკასაციო სასამართლო მსჯელობს საპროცესო წესების დაცვით მოპოვებული მტკიცებულებებისა და მხარეთა მიერ მიცემული ახსნა-განმარტებების შეფასების კანონიერებაზე იმგვარად, რომ თავად ვერც ახალ ფაქტებს დაადგენს და ვერც ახალ განმარტებებს მიიღებს მხარეებისგან. ამდენად, სსსკ-ის 407.1 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას საქმეს დაურთოს და გამოიკვლიოს კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე დართული დოკუმენტები (5 ფურცლად).

33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება.

34. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

35. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრების განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

36. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (სუსგ №ას-660-660-2018, 20 ივლისი, 2018 წელი; №ას-380-2019, 24 მაისი, 2019 წელი; №ას-477-477-2018, 25 იანვარი, 2019 წელი; Nას-1156-1176-2011, 20 იანვარი 2012 წელი).

37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები, რის გამოც უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.

38. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 300 ლარის 70% - 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. მ-სა და ი. გ-ის საკასაციო საჩივრები დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. ი. გ-ლს (პ/ნ ...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი ..., მიმღების ანგარიშის №..., სახაზინო კოდი ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადასახადო დავალება №..., გადახდის თარიღი 24.02.2022), 70% - 210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე