დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო
საქმის ნომერი
ას-245-2022
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-245-2022 21 ივნისი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - გ. ქ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ი. ბ. შ. შ-ნ

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი:

გ. ქ-ემ 2020 წლის 19 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ი. ბ. შ. შ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით გ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისში, ….. დასახლება, მასივი …., კვარტალი ., კორპუსი „.“-ში, 239.00 კვ.მ. N. ფართიდან (საკადასტრო კოდი N----ნაწილი - 48.09 კვ.მ. და დადგინდა, რომ აღნიშნული ქონება გ. ქ-ეს თავისუფალ მდგომარეობაში უნდა გადასცემოდა. მითითებული გადაწყვეტილება ი.ბ. შ.შ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 სექტემბრის ი. ბ. შ. შ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით გ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება გ. ქ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად არ გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები და არ იმსჯელა მოსარჩელის განმარტებებზე, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სასამართლომ არასწორად შეაფასა მხარეთა შორის დავის საგანი, კერძოდ კასატორი არ დავობს მოსარჩელის სასარგებლოდ განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერებაზე, არამედ სადავოდ ხდის, მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის კანონიერი საფუძვლით ფლობას. მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი რეგისტრირებულია დამოუკიდებელი ობიექტად (სარდაფ სართული) და მინიჭებული აქვს დამოუკიდებელი საკადასტრო კოდი. კასატორი მიუთითებს, რომ მოპასუხეს დაკავებული აქვს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ფართი 239.00 კვ.მ.) ნაწილი (ფართი 48.09 კვ.მ.), იმგვარად, რომ სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია ნივთის კანონიერი ფლობის საფუძველი, ამდენად არსებობს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

კასატორი, ასევე, მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა, რითაც მოპასუხეს წაერთვა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების თაობაზე განმარტებების გაკეთების შესაძლებლობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ გ. ქ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს მოპასუხის მფლობელობაში არსებული უძრავი ნივთის გამოთხოვა წარმოადგენს.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ამრიგად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის №ას-577-2019 და 2018 წლის 20 მარტის №ას-246-246-2018 განჩინებები).

სადავო შემთხვევაში დადგენილია, რომ უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისში, …. დასახლება, მასივი …, კვარტალი .., კორპუსი „…-ში“ მდებარე ბინა N…ფართი - 48.09 კვ. მ., საკადასტრო კოდი: N….. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების შესაბამისად, რეგისტრირებულია ი. ბ. შ. შ-ის საკუთრებად. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს 2015 წლის 25 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს.

საქმეზე, ასევე, დადგენილია, რომ გ. ქ-ის სასარგებლოდ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებულია უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისში, … დასახლება, მასივი …, კვარტალი .., კორპუსი „..ში“ ფართი N… - 239.00 კვ. მ. უფლების დამადასტრებელ დოკუმენტს წარმოადგენს 2016 წლის 19 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულება.

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს წინამდებარე საქმეში წარმოდგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 2 ოქტომბრის დასკვნის შინაარს. კერძოდ, ექსპერტიზის წინაშე დასმულ შეკითხვაზე, საქმეში არსებული აზომვითი ნახაზების შესაბამისად, წარმოადგენდა თუ არა - 48.09 კვ. მ. ფართი (მოპასუხის საკუთრებაში არსებული ნივთი) 239.00 კვ. მ. ფართის (მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ნივთი) შემადგენელ ნაწილს, ექსპერტმა დადებითად უპასუხა. დადასტურებულია, რომ უძრავი ქონების ფართი, რომელსაც რეგისტრირებული უფლების საფუძველზე ფლობს მოპასუხე, ასევე წარმოადგენს მოსარჩელის რეგისტრირებულ საკუთრებაში არსებული 239.00 კვ. მ. ფართის შემადგენელ ნაწილს.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც ერთი მხრივ, სახეზეა ერთი და იმავე ობიექტზე სხვადასხვა კოორდინატთა სისტემაში ორი ჩანაწერის კონკურენცია და მეორე მხრივ, დავის საგანს არ წარმოადგენს საკუთრების უფლების ნამდვილობის საკითხი, სასამართლო ვერ დაადგენს რეგისტრირებულ უძრავი ნივთის ფლობის არამართლზომიერებას, რაც გამორიცხავს ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვასთან დაკავშირებით კი, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3761 მუხლის მესამე ნაწილიდან გამომდინარე, დავის საგნის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო, სააპელაციო საჩივარი მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე განეხილა და გადაეწყვიტა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ერთ-ერთი წინაპირობის არარსებობას, რაც მართებულად გახდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. ამდენად, განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთანავე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% - 105 ლარი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ქ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება;

3. გ. ქ-ეს (პ/ნ …..) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 2022 წლის 19 იანვარს №…. საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% - 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ….., მიმღების ანგარიშის №....., სახაზინო კოდი .....;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე