დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო
საქმის ნომერი
ას-172-2022
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-172-2022 21 ივნისი, 2022 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - შპს „ჩ-ი“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ. მ-ძე

დავის საგანი - სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი: თ. მ-ემ 2020 წლის 16 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შპს „ჩ-ის“ მიმართ, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით თ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი შპს „ჩ-ის“ დირექტორის 2020 წლის 29 ივლისის ზეპირი ბრძანება თ. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და შპს „ჩ-ის“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის ანაზღაურება 8400 ლარის (ხელზე ასაღები) ოდენობით.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ჩ-იმ“, აპელანტმა მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 დეკემბრის განჩინებით შპს „ჩ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი განმარტავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. კასატორის მოსაზრებით, არასწორია სასამართლოს შეფასება თითქოს დამსაქმებელმა თ. მ-ძე სამსახურიდან გაათავისუფლა საქართველოს შორმის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით (დღეს მოქმედი რედაქციით საქართველოს შორმის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი) გათვალისწინებული საფუძვლით. კასატორის განმარტებით, დამსაქმებელს არ გამოუხატავს თ. მ-თან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ნება, დასაქმებულმა თავად მიატოვა სამსახური და შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა. დამატებით, კასატორი მიუთითებს სარჩელის ხანდაზმულობაზე, რაც სარჩელი დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დამატებითი არგუმენტია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 თებერვლის განჩინებით შპს „ჩ-ის“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ შპს „ჩ-ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერება.

საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილი (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს მოქმედი 37-ე მუხლის პირველი ნაწილი) ადგენს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების ჩამონათვალს, ხოლო საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლი (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს მოქმედი 38-ე მუხლი) განსაზღვრავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესს. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად დასაქმებულს უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს მას წერილობითი შეტყობინება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობით დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე, ხოლო მე-5 ნაწილის შესაბამისად დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მიერ მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. მე-7 ნაწილის მიხედვით, თუ დამსაქმებელი დასაქმებულის მიერ მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით არ დაასაბუთებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს, დასაქმებულს უფლება აქვს, 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ამ შემთხვევაში, დავის ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება.

ზემოთმითითებული სამართლებრივი ნორმებით დადგენილი მოწესრიგება ემსახურება დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის განსაზღვრას და აღნიშნულის დასაქმებულისთვის შესაბამისი პროცედურის დაცვით განმარტებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-7 ნაწილის ჩანაწერი დამასაქმებელს, კანონით განსაზღვრულ ვადაში შრომითი ხელშეკრულების შეყვეტის თაობაზე განმარტების გაუცემლობის შემთხვევაში, პირდაპირ აკისრებს დავის ფაქტობრივი გარემოებებთან დაკავშირებით მტკიცების ტვირთს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შრომითი ურთიერთობის შენარჩუნებას აქვს პრიორიტეტი მის რღვევასთან შედარებით. ამდენად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. „თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესით უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 იანვრის №ას-891-2015 განჩინება).

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებული დავის განხილვისას, აუცილებელია „Ultima Ratio“-ს („უკიდურესი საშუალება“) პრინციპის გათვალისწინება. „Ultima Ratio“-ს პრინციპის მიხედვით, დამსაქმებლის მხრიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტამდე გამოყენებულ უნდა იქნეს უფრო მსუბუქი ზომა, თუკი, ამის საშუალებას, ჩადენილი დარღვევიდან გამომდინარე, იძლევა მისი კანონიერი ინტერესი. ცხადია, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა წარმოადგენს უკიდურეს დისციპლინურ ღონისძიებას, რომელიც შესაძლოა დამსაქმებელმა გამოიყენოს დასაქმებულის მიერ ვალდებულების „უხეში“ დარღვევის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ დამსაქმებელმა გაითვალისწინოს, არამართლზომიერი ქცევის ანდა ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, სხვა, უფრო ნაკლებად მკაცრი დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის №ას-949-2021 განჩინება).

დადგენილია, რომ 20.. წლის 29 ივლისს, შერატონ მეტეხი პალასში მოეწყო პროდუქციის გამოფენა-დეგუსტაცია, სადაც მონაწილეობას იღებდა შპს „ჩ-ი“, წარმომადგენლად გაიგზავნა მოსარჩელე თ. მ-ძე, რომელმაც დააგვიანა გამოფენაზე დანიშნულ დროს მისვლა. დაგვიანებით გამოცხადების გამო, შპს „ჩ-ის“ დირექტორსა და თ. მ-ეს შორის მოხდა უთანხმოება და კომპანიის დირექტორის ზეპირი გადაწყვეტილების საფუძველზე 20.. წლის 29 ივლისს თ. მ-ძე გათავისუფლდა დაკავებული პოზიციიდან, დამსაქმებლის ინიციატივით. 2020 წლის 5 აგვისტოს თ. მ-ემ წერილობით მიმართა შპს „ჩ-ის“ და მოითხოვა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთება. შეტყობინება მოპასუხეს ჩაბარდა 2020 წლის 6 აგვისტოს, თუმცა მოსარჩელეს შპს „ჩ-გან“ არანაირი წერილობითი დასაბუთება არ მიუღია.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულ გარემოებებთან მიმართებით, იმ პირობებში, როდესაც თ. მ-ძე მიუთითებს შპს „ჩ-ის“ დირექტორის მიერ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტზე, სწორედ დამსაქმებელ ორგანიზაციას ეკისრება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტასთან დაკავშირებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დადასტურების ტვირთი.

საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს მოქმედი 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი) შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ანდა შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შრომისსამართლებრივი ვალდებულების დარღვევის „უხეშად“ მიჩნევისთვის შეფასებულ უნდა იქნას ჩადენილი დარღვევის ხასიათი, სიმძიმე, შედეგი, დასაქმებულის პიროვნება და შემთხვევის ინდივიდუალური თავისებურებები.

პალატის მოსაზრებით, კასატორმა ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების სასამართლოსთვის დადასტურება, კერძოდ ვერ დაადასტურა მოსარჩელის მხრიდან შრომითი ვალდებულების „უხეში“ დარღვევის ჩადენა, რომელიც შესაძლებელია გამხდარიყო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერი საფუძველი.

რაც შეეხება კასატორის არგუმენტაციას სარჩელის ხანდაზმულობასთან მიმართებით, პალატა ვერ გაიზიარებს მხარის პოზიციას, ვინაიდან ასეთი შინაარსის შესაგებელი მოპასუხეს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებით განხილვამდე არ წარმოუდგენია, რაც ასევე წარმოადგენდა მოპასუხის საპროცესოსამართლებრივ ვალდებულებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ამდენად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, შპს „ჩ-ის“ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ჩ-ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 დეკემბრის განჩინება;

3. შპს „ჩ-ის“ (ს/ნ ----) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თ. კ-ას (პ/ნ ---) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 420 ლარის (საგადახდო დავალება №-, გადახდის თარიღი 2.02.2022წ.) 70% - 294 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ---, მიმღების ანგარიშის №---, სახაზინო კოდი ---;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე