დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო
საქმის ნომერი
ას-345-2022
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

22 ივნისი, 2022 წელი,საქმე №ას-345 -2020 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),გიორგი მიქაუტაძე,ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შპს „კ-ს ა-სი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „.. C-y“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „კ-ის ა-ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, კასატორი ან მყიდველი/შემძენი) საკასაციო პრეტენზიით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „.. C-y-ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე ან გამყიდველი) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ - 14 760, 35 ლარის გადახდა დაეკისრა, სახელდობრ:

1.1. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში შპს „კ-ის ა-ის“ ძირითადი არგუმენტი სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობას ეფუძნებოდა, რომლის გასაქარწყლებლად კომპანიის ბუღალტრის წერილის გამოყენება არამართებულია. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, (შემდეგში ტექსტში სსკ-ის), 387-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებით, 2015 წლის 7 მაისს (ბოლო გადახდა) ანაზღაურებული 300 ლარი, რიგითობით პირველად მიღებული პროდუქციისთვის გადაიხადეს.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში ტექსტში სსსკ-ის) 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. მხარეებს შორის წლების განმავლობაში ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულება არსებობდა, რომლის ფარგლებში, მოსარჩელე გარკვეული პერიოდულობით მოპასუხეს საქონელს აწვდიდა, ხოლო მოპასუხე მიწოდებული საქონლის ღირებულებას ეტაპობრივად ანაზღაურებდა.

4.4. საქონლი, რომლის ღირებულების ანაზღაურებაცაა მოთხოვნილი მოსარჩელემ მოპასუხეს 2013 წლის 2 დეკემბრიდან 2014 წლის 2 ივლისამდე მიაწოდა.

4.5. შემძენმა გამყიდველს მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ნაწილი - 53 932,59 ლარი აუნაზღაურა, ხოლო - 15000.35 ლარი დავალიანებაა, მოსარჩელემ მოთხოვნა - 240 ლარით შეამცირა და საბოლოოდ ასანაზღაურებელი დარჩა -14 760.35 ლარი.

4.6. ხანდაზმულობის ვადის ათვლა - 2015 წლის 7 მაისს დაიწყო, როდესაც მოპასუხემ ნასყიდობის საფასურის ბოლო გადახდა განახორციელა.

4.7. მოსარჩელემ მოპასუხის წინააღმდეგ სარჩელი 2018 წლის 11 იანვარს აღძრა.

5. დადგენილია, რომ კასატორმა/მოპასუხემ მოსარჩელისგან ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში შეთანხმებული საქონელი მიიღო, რაც გამყიდველს მყიდველის მიმართ საპასუხო შესრულების მოთხოვნის უფლებას წარმოუშობს.

კერძოდ: ა) მოსარჩელემ 2013 წლის 2 დეკემბრიდან 2014 წლის 2 ივლისამდე - 68 932.94 ლარის ღირებულების საქონელი მიაწოდა, ბ) მოპასუხემ მოსარჩელეს შეძენილი პროდუქციის ღირებულების ნაწილი - 53 932,59 ლარი აუანაზღაურა, ხოლო - 15000.35 ლარი არ გადაუხდია, მოსარჩელემ მოთხოვნა - 240 ლარით შეამცირა და საბოლოოდ ასანაზღაურებელი დარჩა -14 760.35 ლარი.

ვინაიდან, საქმეში წარდგენილი არ იყო წერილობითი ხელშეკრულება და არც სხვა დოკუმენტებიდან დგინდებოდა მხარეთა შეთანხმება მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურების ვადის თაობაზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლო ნასყიდობის ხელშეკრულების კანონისმიერ მოწესრიგებას დაეყრდნო და სსკ-ის 477.2 (მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი), მუხლის საფუძველზე მიიჩნია, რომ ნასყიდობის საფასური მყიდველს კრედიტორის მოთხოვნიდან უნდა აენაზღაურებინა (სსკ-ის 365 მუხლი).

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის/კრედიტორის მოთხოვნა 2013 წლის 2 დეკემბრიდან 2014 წლის 2 ივლისამდე განხორციელებული მიწოდების ანაზღაურების შესახებ, საქმეში არ წარდგენილა, ამასთან, დადგენილია, რომ მიწოდებული საქონლის ღირებულებას მოპასუხე/მყიდველი ავტომატურად არ ანაზღაურებდა, შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დედნის ობიექტური მომენტის დადგენაც შეუძლებელი იყო და ხანდაზმულობის ვადა ბოლო გადახდის თარიღიდან აითვალა.

6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ ვალდებულებებისათვის, რომელთა შესრულების დროც გამომდინარეობს გარემოებებიდან, მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს შესრულების შესახებ კრედიტორის მოთხოვნის დროითი ფარგლები. განუსაზღვრელი ხასიათის ვალდებულებებიდან გამომდინარე, ითვლება, რომ მოთხოვნა არის ღია ნებისმიერ დროს (quod sine die debetur, statim debetur). ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი სახის ვალდებულებების მიმართ არ მოქმედებდეს ხანდაზმულობის ვადები. ზოგადი წესის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

7. სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ამასთან, სასარჩელო ხანდაზმულობა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაშიც პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი დარღვეული უფლების აღდგენა.

გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, 2007, გვ.63.).

8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ორმხრივ (სინალაგმატურ) ხელშეკრულებაში თითოეულ მხარეს გააჩნია უფლებებიც და მოვალეობებიც, ე.ი. თითოეული მხარე კრედიტორიცაა და მოვალეც. ხშირად, სამოქალაქო ბრუნვის მონაწილე, რომელიც გადასცემს რაიმე ქონებას კონტრაჰენტს მისგან სამაგიერო ქონებრივი სიკეთის მიღების სანაცვლოდ, დაინტერესებულია იმით, რომ „გაცვლის“ დრო მინიმალური იყოს.

როგორც წესი, ორივე მხარე ვალდებულია შესრულება განახორციელოს ერთდროულად. ორმხრივ ხელშეკრულებაში შესრულების რიგითობის დადგენას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულების მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისათვის.

სამოქალაქო სამართალში განასხვავებენ ურთიერთკავშირს გამყიდველის შესრულების ნაწილსა (საქონლის გადაცემა) და მყიდველის შესრულების ნაწილს (ფასის გადახდა) შორის, რომელიც შემდეგნაირი შეიძლება იყოს: ა) საქონლის (ქონების) გადაცემა წინ უსწრებს ფასის გადახდას; ბ) ფასის მთლიანად ან ნაწილობრივ (ბე, ავანსი) გადახდა წინ უსწრებს საქონლის (ქონების) გადაცემას.

საგულისხმოა კონტრაჰენტებიდან რომელმა უნდა შეასრულოს პირველმა ვალდებულება, თუ ხელშეკრულებით თანმიმდევრობა გათვალისწინებული არ არის. მიიჩნევა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ჯერ გამყიდველმა უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულება (გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი) და შემდეგ კი მყიდველმა უნდა გადაიხადოს ფასი, როგორც წესი, ქონების გადაცემისთანავე. ასეთი მიდგომა განპირობებულია იმით, თუ რა ინტერესია ჩადებული ქონების სამოქალაქო და სავაჭრო ბრუნვაში.

ქონება, ფართო გაგებით, ფულისაგან განსხვავებით, არ წარმოადგენს გაცვლის საყოველთაო საშუალებას. ქონების რეალიზაციისათვის საჭიროა მყიდველის მოძებნა. გამყიდველი კონკურენციის კანონების ძალით დაინტერესებულია იმით, რომ გაყიდოს თავისი საქონელი, ამიტომაც გამართლებულია, რომ მას დაეკისროს ორმხრივი ვალდებულების შესასრულებლად პირველი ნაბიჯის გადადგმა ანუ მყიდველისათვის ქონების (საქონლის) გადაცემა.

9. სსკ-ის 477-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს პრეზუმცია, რომ მყიდველის მიერ გამყიდველისათვის შეთანხმებული ფასის გადახდა ხდება ნაყიდი ქონების მიღებისას, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

სამართალწარმოებაში პრეზუმფციების არსებობა იმითაა განპირობებული, რომ ფაქტების გარკვეული ნაწილი მტკიცებას არ საჭიროებს. სამოქალაქო პროცესში მონაწილეობს ორი ერთმანეთისადმი დაპირისპირებული მხარე - მოსარჩელე და მოპასუხე. შესაბამისად, ერთი ნაწილი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტებისა ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მოპასუხის სასარგებლოდ. ის, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ ივარაუდება უნდა გააქარწყლოს მოპასუხემ, ხოლო ის, რაც მოპასუხის სასარგებლოდ ივარაუდება პირიქით, უნდა გააქარწყლოს მოსარჩელემ. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზუმფციები სასამართლოში მტკიცების მოვალეობისაგან კი არ ათავისუფლებს მხარეს, არამედ წარმოადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველს. მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი გარკვეული ფაქტების ნაწილი, ხოლო ამ ფაქტების მეორე ნაწილი ვალდებულია დაამტკიცოს მოპასუხემ. ნორმები, რომლებიც შეიცავს პრეზუმფციებს, წარმოადგენენ კანონის პირდაპირ მითითებას იმის შესახებ, რომელმა მხარემ კონკრეტულად რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს სამოქალაქო პროცესში (შდრ. სუსგ Nას-515-515-2018, 6.07.2018წ).

10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა სარჩელის საგანი – მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი, მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა.

სასარჩელო მოთხოვნის ინდივიდუალიზაციის შემდეგ სასამართლო შეუდგება შესაგებლის შესწავლას, რომელიც თავისი შინაარსით შეიძლება იყოს მოთხოვნის გამომრიცხველი, შემაფერხებელი ან შემწყვეტი.

შესაგებელი, რომელშიც მითითებულია ხანდაზმულობაზე, სასარჩელო მოთხოვნის წარმატებით განხორციელების შემაფერხებელ გარემოებას წარმოადგენს. იგი გულისხმობს მითითებას იმგვარ ვითარებაზე, როცა გასულია რა მოთხოვნის განხორციელების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, კრედიტორს აღარ შეუძლია იძულებით, სასამართლოს მეშვეობით, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა, თუკი მოვალე შესაგებელში სასარჩელო ხანდაზმულობაზე მიუთითებს და ამგვარად შეეცდება მოთხოვნის სასამართლო წესით რეალიზების შეფერხებას.

საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ მითითება ხანდაზმულობაზე, როგორც მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელ გარემოებაზე, პროცესუალურად მთლიანად მოპასუხის კუთვნილ შესაგებელს წარმოადგენს. რაც შეეხება ხანდაზმულობის შეჩერებისა და შეწყვეტის წინაპირობებს, მისი შესწავლა, შესაბამისი შედავების არარსებობის პირობებშიც კი, სასამართლოს ვალდებულებაა (შდრ. სუსგ საქმე Nას-1764-2018, 13.04.2020 წ).

11. სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. მნიშვნელოვანია, თუ საიდან აითვლება ხანდაზმულობის ვადა. ზოგად სსკ-ის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ე.ი. თუ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს, ამასთან იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას, მაშინ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, იმის გასარკვევად, თუ როდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის ათვლა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემურ საკითხებზე, 2007, გვ. 64)

12. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 1996 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე „სტაბინგი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ განმარტავს: „... ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისგან, რომლებისგან თავის დაცვაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან, გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც, შესაძლოა, დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს“ (პარ.51).

13. ხანდაზმულობის ვადებთან დაკავშირებით ასევე მნიშვნელოვანია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 05 ნოემბრის #3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე "ისრაელის მოქალაქეები - თ. ჯ-ლი, ნ. ჯ-ი და ი. ჯ-ლი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ". ამავე გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ, ხანდაზმულობის ვადების მნიშვნელობაზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მსჯელობა გაიზიარა და განმარტა: „სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები მიიჩნევა საქმის სწორად გადაწყვეტის ერთ-ერთ ეფექტურ გარანტიად. კერძოდ: გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს. შესაბამისად, მტკიცებულებათა უტყუარობა, მათი ვარგისიანობის, ნამდვილობის უტყუარად დადგენის შესაძლებლობა უმნიშვნელოვანესია სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად. სამართალწარმოებაში შეცდომის თავიდან აცილება უპირველესი მიზანია. ამასთან, ხანგრძლივი დროის გასვლამ შეიძლება გამოიწვიოს მტკიცებულებების შეცვლა ან მათი მოპოვების უკიდურესად გართულება, ზოგჯერ კი – განადგურება, რაც, საბოლოო ჯამში, გაართულებს სადავოდ გამხდარი მტკიცებულებების საიმედოობის დადგენას. როდესაც ხანგრძლივი დროა გასული იმ მოვლენიდან, რომელმაც სადავო გარემოებები წარმოშვა, მაღალია ალბათობა, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ადრე არსებობდა, შეიძლება დაკარგული ან სახეშეცვლილი იყოს, ასევე გაფერმკრთალდება მოწმეთა მეხსიერება, რომელთა ჩვენებებს სასამართლო დავის გადაწყვეტისას უნდა დაეყრდნოს, გაიზრდება სავარაუდო, არასანდო მტკიცებულებათა რიცხვი. შედეგად, მეტი ალბათობით შეიქმნება ნიადაგი საქმის ფაქტობრივი გარემოებების არაობიექტური შეფასებისათვის. ხანდაზმულობის ვადა წარმოადგენს მცდელობას, დაიცვას მხარეები ასეთი საფრთხეებისგან“.

14. უდავოა, რომ სარჩელი სახელშეკრულებო ვალდებულებიდან გამომდინარეობს, შესაბამისად, მის მიმართ ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 3-წლიანი ვადა. ხანდაზმულია თუ არა სარჩელი, უნდა გადაწყდეს მოთხოვნის წარმოშობის მომენტის სწორად განსაზღვრის გზით, სსკ-ის 130-ე მუხლის შესაბამისად.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 137-ე (ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას) და სსკ-ის 141-ე (თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან) მუხლებზე დაყრდნობით მართებულად დაასკვნა, რომ გამყიდველისათვის ნასყიდობის საგნის, მიწოდებული საქონლის დარჩენილი საფასურის გადახდის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა სსკ-ის 130-ე მუხლიდან გამომდინარე, 2015 წლის 7 მაისს დაიწყო, სარჩელი კი, 2018 წლის 11 იანვარსაა აღძრული, რითიც მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა დარღვეული არაა და დაცულია. აქედან გამომდინარე, სსკ-ის 129.1 მუხლის შესაბამისად, მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ კასატორისთვის 2013-2014 წლებში სხვადასხვა სახის საქონლის მიწოდება განხორციელდა მხარეთა შორის წლების წინ ზეპირი ფორმით დადებული ნასყიდობის ერთიანი ხელშეკრულების ფარგლებში. აქედან გამომდინარე 2015 წლის 07 მაისს თანხის ნაწილის გადახდის საფუძველზე სასარჩელო ხანდაზმულობის დინება შეწყდა ზემოაღნიშნული გარიგებით სხვადასხვა ეტაპზე გადაცემული ყველა პროდუქციის ღირებულების მიმართ.

16. მოპასუხეს/კასატორს, საკუთარი განმარტების გარდა, არ წარმოუდგენია სასამართლოსათვის სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულება, რომელიც მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებას გამორიცხავდა. მოსარჩელემ კი საკუთარი მტკიცების საპროცესო ვალდებულებას წარმატებით გაართვა თავი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა დისპოზიციურობის პრინციპზეა აგებული, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამ პრინციპზეა აგებული უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვა, რაც დაინტერესებული პირის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. მისი ნების გარეშე, არავის აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს. მხარეები თვითონ წარუდგენენ სასამართლოს მტკიცებულებებს. ისინი თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თუმცა, მხარემ უნდა უზრუნველყოს მტკიცების საპროცესო საშუალებათა დროული განკარგვა. სასამართლო კი, დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ვერ უზრუნველყოფს მხარისათვის იურიდიული დახმარების გაწევას, რაც თანაბრობას დაარღვევს და სამართალწარმოებას მიკერძოებულს გახდის (შდრ. სუსგ Nას-367-2021, 15.10.2021წ).

17. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის შედეგად სააპელაციო სასამართლოს მსჯელობებსა და დასკვნას, რომ წინამდებარე სარჩელი არ არის ხანდაზმული და გამოვლენილია მოპასუხისთვის მიწოდებული საქონლის ღირებულებიდან - 14 760,35 ლარის ანაზღაურების წინაპირობები. ამრიგად, კასატორის პრეტენზიები არ არის გაზიარებული მათი დაუსაბუთებლობის გამო.

18. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

19. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

21. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 738 ლარის (საგადახდო დავალება #...., გადახდის თარიღი 23.06.2020წ), 70% - 516,6 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი …, მიმღების ანგარიშის №..., სახაზინო კოდი ....

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „კ-ის ა-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „კ-ის ა-სს“ (ს/ნ …) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 738 ლარის (საგადახდო დავალება #..., გადახდის თარიღი 23.06.2020წ), 70% - 516,6 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი …, მიმღების ანგარიშის №..., სახაზინო კოდი ....

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები :

ვლადიმერ კაკაბაძე

გიორგი მიქაუტაძე

ლევან მიქაბერიძე