დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-1243-2018 15 მაისი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – დ. ლ-ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „… …..“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და გაუქმებულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. სს „…. …“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. ლ-ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 26 იანვარს მხარეთა შორის გაფორმდა N--- საკრედიტო ხელშეკრულება და მსესხებელს გადაეცა 7870 ლარი 36 თვის ვადით, წლიური 13%-ის დარიცხვით.
3. 2015 წლის 26 სექტემბრიდან მოპასუხე ასევე სარგებლობდა საკრედიტო ბარათის - ე.წ „ამექსის“ 1000-ლარიანი ლიმიტით, რომლის მიხედვით საკრედიტო წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 22%-ს სავაჭრო ობიექტებში გახარჯულ თანხებზე, 36% - განაღდებისა და სხვა დანარჩენი ოპერაციებით ათვისებულ კრედიტზე, გადახარჯულ კრედიტზე წინა შემთხვევაში განსაზღვრულ საპროცენტო სარგებელზე დამატებული 10%. საშეღავათო პერიოდი შეადგენდა 56 დღემდე, რა დროსაც ლიმიტის ფარგლებში ათვისებულ თანხას არ დაერიცხებოდა პროცენტი, თუკი კლიენტის მიერ თანხა სრულად დაიფარებოდა და არ დარჩებოდა ვადაგადაცილებული დავალიანება. ვადაგადაცილების თარიღიდან 62-ე დღეს უქმდებოდა საკრედიტო ბარათი, თუკი არ მოხდებოდა დავალიანების სრულად დაფარვა. პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენდა 10 ლარს, თუკი ბარათი არ იყო გაუქმებული, ხოლო 50 ლარს - ბარათის გაუქმების შემთხვევაში, რასაც დაემატებოდა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული დავალიანების 0.2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
4. მოპასუხე ვალდებულებებს ასრულებდა შესაბამის საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანით. ამჟამად მითითებული ბარათი გაუქმებულია ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო, ხოლო დავალიანება შეადგენს 3977.57 ლარს.
5. 2015 წლის 29 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმდა საბანკო ხელშეკრულება სახელფასო პროგრამაში ჩართული პირების ოვერდრაფტის ლიმიტის შესახებ, რომლის საფუძველზეც მსესხებელს განესაზღვრა ოვერდრაფტი 895 ლარის ოდენობით 12 თვის ვადით, 14%-იანი წლიური საპროცენტო განაკვეთით. პირგასამტეხლომ შეადგინა ათვისებული კრედიტის ან/და მათზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის ვადაგადაციებული თანხის წლიური 36%.
6. 2015 წლის 2 ივნისს მხარეთა შორის 12 თვის ვადით გაფორმდა ხელშეკრულება დისტანციური საბანკო მომსახურების გაცემული სამომხმარებლო კრედიტის მიღების შესახებ, რომლის ლიმიტი შეადგენდა 250 ლარს.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხე იმყოფება ვადაგადაცილებაში და, 2015 წლის 26 იანვრის N--- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხზე ერიცხება დავალიანება - 9453,78 ლარი, საიდანაც ძირი თანხა არის 5800,48 ლარი, პროცენტი - 761,71 ლარი, ჯარიმა - 2831.59 ლარი და საკომისიო - 60 ლარი.
8. 2015 წლის 26 სექტემბრის საკრედიტო ბარათიდან გამომდინარე, მოპასუხეს სესხზე ერიცხება დავალიანება 3977,57 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 1833,21 ლარი, პროცენტი - 529,76 ლარი, ჯარიმა - 1614,60 ლარი.
9. 2015 წლის 2 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხის დავალიანებაა 744,60 ლარი, საიდანაც ძირი თანხა არის 250 ლარი, ჯარიმა - 98,60 ლარი, ხოლო საკომისიო - 396 ლარი.
10. 2015 წლის 29 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ოვერდრაფტის დავალიანებამ სესხზე შეადგინა 1076,59 ლარი, საიდანაც ძირი თანხა არის 901,39 ლარი, პროცენტი კი - 175,20 ლარი.
მოპასუხის პოზიცია:
11. მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 15 252,54 ლარის გადახდა.
13. ამავე სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის განჩინებით აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, ხოლო მოპასუხის საჩივარს ეთქვა უარი.
14. საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი უცვლელად დატოვების შესახებ მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი უცვლელად დატოვების შესახებ დარჩა ძალაში.
16. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
16.1. მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით და შესაგებლის წარმოსადგენად განესაზღვრა 10 დღის ვადა;
16.2. მოპასუხემ შესაგებელი სასამართლოში დადგენილ ვადაში არ წარადგინა, რის გამოც საქმეზე მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
17. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის პრეტენზია და მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო გარემოება საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. ამასთან, საქმეზე დადასტურებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
18. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 2321 მუხლით, 233-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით, 241-ე მუხლით და მიუთითა, რომ სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მოპასუხე მხარის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო გარემოების არსებობის საფუძვლით, საპატიო გარემოებად კი დასახელებულია შესაგებლის წარუდგენლობის თანმდევი სამართლებრივი შედეგების გაუცნობიერებლობა.
19. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო შედავება იმის შესახებ, რომ მოპასუხემ ვერ გააცნობიერა შესაგებლის წარუდგენლობის თანმდევი შედეგები. დადგენილია, რომ მოპასუხეს სსსკ-ის 201-ე მუხლის საფუძველზე სარჩელსა და თანდართულ მასალებთან ერთად გადაეცა სასამართლოს შესაბამისი გზავნილი, რომლითაც მხარეს განესაზღვრა შესაგებლის (პასუხის) წარდგენის კონკრეტული ვადა. აღნიშნულ გზავნილში მითითებულია ის მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგები, რაც შეიძლება გამოიწვიოს დადგენილ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობამ. სააპელაციო პალატის შეფასებით, ის გარემოება, რომ მოპასუხე სათანადო გულისხმიერებით არ მოეკიდა სასამართლო გზავნილს, ვერ გახდება შესაბამისი საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობით წარმოშობილი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი.
20. რაც შეეხება დაუსწრებელი გადაწყვეტილების იურიდიულ დასაბუთებულობას, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ კანონით დადგენილ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის გამო, შესაბამისი მტკიცებულების არარსებობის პირობებშიც, დადასტურებულად მიიჩნევა სარჩელში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები.
21. 2015 წლის 26 იანვარს მხარეთა შორის გაფორმდა N--- საკრედიტო ხელშეკრულება და მსესხებელს გადაეცა 7870 ლარი 36 თვის ვადით, წლიური 13%-ის დარიცხვით. 2015 წლის 26 სექტემბრიდან მოპასუხე სარგებლობდა მოსარჩელის საკრედიტო ბარათით - ე.წ „ამექსის“ 1000-ლარიანი ლიმიტით, რომლის მიხედვით საკრედიტო წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 22%-ს სავაჭრო ობიექტებში გახარჯულ თანხაზე, 36% განაღდების და სხვა დანარჩენი ოპერაციებით ათვისებულ კრედიტზე, გადახარჯულ კრედიტზე წინა შემთხვევაში განსაზღვრულ საპროცენტო სარგებელზე დამატებული 10%. საშეღავათო პერიოდი შეადგენდა 56 დღემდე, რა დროსაც ლიმიტის ფარგლებში ათვისებულ თანხას არ დაერიცხებოდა პროცენტი, თუკი კლიენტის მიერ სრულად დაიფარებოდა ეს თანხა და მას არ დარჩებოდა ვადაგადაცილებული დავალიანება. ვადაგადაცილების თარიღიდან 62-ე დღეს უქმდებოდა საკრედიტო ბარათი, თუკი არ მოხდებოდა დავალიანების სრულად დაფარვა. პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენდა 10 ლარს, თუკი ბარათი არ გაუქმდებოდა და 50 ლარს - ბარათის გაუქმების შემთხვევაში, რასაც დაემატებოდა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული დავალიანების 0.2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხის მიერ ვალდებულებების შესრულება ხდებოდა შესაბამის საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანით. ამ ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო, მითითებული ბარათი გაუქმდა, ხოლო დავალიანებამ შეადგინა 3977.57 ლარი.
22. 2015 წლის 29 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმდა საბანკო ხელშეკრულება სახელფასო პროგრამაში ჩართული პირების ოვერდრაფტის ლიმიტის შესახებ, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე დაიშვა ოვერდრაფტი 895 ლარის ოდენობით 12 თვის ვადით, 14%-იანი წლიური საპროცენტო განაკვეთით. პირგასამტეხლო განისაზღვრა ათვისებული კრედიტის ან/და მათზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის ვადაგადაციებული თანხის წლიური 36%-ით.
23. 2015 წლის 2 ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა დისტანციური საბანკო მომსახურების გაცემული სამომხმარებლო კრედიტის მიღების შესახებ ხელშეკრულება 12 თვის ვადით, 250-ლარიანი ლიმიტით.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს დაუფიქსირდა ვადაგადაცილება და, 2015 წლის 26 იანვრის N--- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, N--- სესხზე დაერიცხა დავალიანება - 9453,78 ლარი, საიდანაც ძირი თანხა არის 5800,48 ლარი, პროცენტი - 761,71 ლარი, ჯარიმა - 2831,59 ლარი და საკომისიო - 60 ლარი; 2015 წლის 26 სექტემბრის საკრედიტო ბარათიდან გამომდინარე, N--- სესხზე ერიცხება დავალიანება 3977,57 ლარი, საიდანაც ძირი თანხა არის 1833,21 ლარი, პროცენტი - 529,76 ლარი, ჯარიმა - 1614,60 ლარი.
25. 2015 წლის 2 ივნისის დისტანციური საბანკო მომსახურების გაცემული სამომხმარებლო კრედიტის მიღების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, N--- სესხზე დაერიცხა დავალიანება 744,60 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხა არის 250 ლარი, ჯარიმა - 98,60 ლარი და საკომისიო - 396 ლარი. 2015 წლის 29 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ოვერდრაფტის დავალიანებამ N--- სესხზე შეადგინა 1076,59 ლარი, საიდანაც ძირი თანხა არის 901,39 ლარი, პროცენტი კი - 175,20 ლარი.
26. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 867-ე, 868-ე, 417-ე, 418-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო გარემოების არსებობა აპელანტმა ვერ დაადასტურა, რაც შეიძლებოდა სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გამხდარიყო. შესაბამისად, გასაჩივრებული სასამართლო აქტები გამოტანილია საპროცესო ნორმების დაცვით, ხოლო წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
28. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, 2015 წლის 2 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ჯარიმის სახით მოპასუხისათვის დაკისრებული 2831,54 ლარისა და 1614,60 ლარის დაკისრების ნაწილში.
29. კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ განიხილა მისი სააპელაციო საჩივარი ზეპირი მოსმენის გარეშე, რა დროსაც მხარეს არ მიეცა შესაძლებლობა, მოეხსენებინა საკუთარი არგუმენტები გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების უკანონობასთან დაკავშირებით.
30. კასატორის მითითებით, მისთვის ჯარიმების დაკისრება უკანონოა, რაზეც სააპელაციო პალატას არ უმსჯელია.
31. კასატორმა აღნიშნა, რომ ჰყავს მეუღლე და წლინახევრის შვილი, ამასთან, საკუთრების უფლება რაიმე უძრავ ნივთზე არ გააჩნია.
32. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
33. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
34. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
35. მოცემულ შემთხვევაში კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო პალატის განჩინების კანონიერებას, რომლითაც უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო, ასევე, განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე.
36. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიცაა შესაგებელი.
37. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება, მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი ასევე ერთგვარი გამოხატულებაა დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპისა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან.
38. საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს სამოქალაქო საპროცესო სამართალში გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტის სამართლებრივი არსი და მისი მნიშვნელობა, რაც მისი სწორად გამოყენების აუცილებლობითაა ნაკარნახევი: სსსკ-ის მე-4 მუხლის დანაწესით, სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
39. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთება ეკისრებათ თავად მხარეებს. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ თუ რომელი ფაქტები დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს და რა კონკრეტულ გარემოებებს დაემყარება მათი შესაგებელი. შეჯიბრებითობის პრინციპის კონკრეტული გამოვლენაა სსსკ-ის 102-ე მუხლის დებულება, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. შეჯიბრებითობის პრინციპის კონკრეტული გამოვლენაა სსსკ-ის 2321 მუხლიც, რომლის შესაბამისად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ვადაში პასუხის (შესაგებელის) წარმოუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, სარჩელი წარმატებულია, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო ნიშნავს მთავარ სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
40. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შესაგებლის წარმოუდგენლობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტს, საფუძველი ჩაეყარა 2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით, სახელდობრ, კოდექსს დაემატა 2321 მუხლი, რომლის პირველი წინადადების თანახმად, „მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე, გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება“.
41. ამდენად, კოდექსში აღნიშნული ცვლილებების განხორციელების შემდეგ მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარმოდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ მოპასუხის მიერ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მის მიმართ დგება არასასურველი საპროცესო-სამართლებრივი შედეგი, კერძოდ, საქმის განმხილველ მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთან, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ერთ-ერთ წინაპირობად მოსარჩელის შუამდგომლობის არსებობას, როგორც ეს გათვალისწინებულია სსსკ-ის 230-ე მუხლში, კანონმდებელი არ ითვალისწინებს - სსსკ-ის 2321 მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის საკმარისია იმ პროცესუალური შემადგენლობის ნიშნების არსებობა, როგორიცაა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტაციის მოპასუხისათვის სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარება და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, არასაპატიო მიზეზით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობა. ამ ფაქტობრივი წინაპირობების კუმულატიურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, ხოლო, სარჩელის დაკმაყოფილების მიზნებისათვის კი, სახეზე უნდა იყოს ერთი დამატებითი პირობაც, როგორიცაა სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული მართებულობა.
42. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 2321 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა არ წარმოადგენს საქმის განმხილველი სასამართლოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, რომლის დროსაც სასამართლო თვითონ წყვეტს საკითხს ამგვარი გადაწყვეტილების გამოტანაზე მიზანშეწონილობის საფუძველზე, არამედ კანონით იმგვარი იმპერატიული პირობაა დადგენილი, რომ სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. უფრო მეტიც, ამ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას მოსარჩელის შუამდგომლობაც არ სჭირდება. ამ თვალსაზრისით, შესაგებლის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ვალდებულება, განსხვავდება სასამართლოში საქმის ზეპირ განხილვაზე - სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისაგან, რა დროსაც, სასამართლო ხელმძღვანელობს მოსარჩელის მითითებებით და მოპასუხის გამოუცხადებლობის პირველ შემთხვევაში, მხოლოდ მოსარჩელის შუამდგომლობის არსებობისას გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას.
43. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსსკ-ის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული წესით საქმის განხილვის დროს მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და თუ მათი ერთობლიობა, ქმნის იმ სამართლებრივი შედეგის დადგომის შესაძლებლობას, რომლის მიღებაც მოსარჩელეს სურს, საქმის განმხილველი მოსამართლე გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას (შდრ. სუს-ს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი, პ.32; სუსგ №ას-948-884-2017, 12 სექტემბერი, 2017 წ.).
44. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხს არეგულირებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავი, კერძოდ კი, მოპასუხის მიერ შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის სახეზე უნდა იყოს (სსსკ-ის 2321 მუხლი) შემდეგი წინაპირობები: ა) მოპასუხე სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული სარჩელი და თანდართული მასალები და ამომწურავად უნდა ჰქონდეს განმარტებული 201-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე; ბ) მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა. ამ ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა განაპირობებს სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევის აუცილებლობას იმგვარად, რომ სასამართლო არათუ ვალდებული, უფლებამოსილიც არაა შეამოწმოს და შეფასება მისცეს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს სარჩელში წარმოდგენილ ნებისმიერ, მათ შორის, საპროცესო ხარჯების საკითხზე.
45. ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა კი, ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა, იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები (სარჩელში მითითებული ფაქტები) ამართლებენ თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოთხოვნის დამფუძნებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება იძლევა თუ არა დამფუძნებელი ნორმის შემადგენლობას. მითითებულ წინაპირობათაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა იწვევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმასა და მხარეთა დაბარებას სასამართლო სხდომაზე. ასეთ შემთხვევაში, განსხვავებულია მოპასუხის უფლებრივი მდგომარეობა, კერძოდ, მოპასუხისაგან მტკიცებულებები არ მიიღება, სამართლებრივი ბალანსი იმგვარია, რომ მოპასუხეს მხოლოდ სამართლებრივი შესაგებლის წარდგენის უფლება აქვს, ანუ თავდაცვის საპროცესო საშუალება მხოლოდ მოთხოვნასთან მიმართებით მისი სამართლებრივი მოსაზრებით შემოიფარგლება (იხ. სუსგ საქმე №ას-975-2019 5.06.2020წ.).
46. მოცემულ შემთხვევაში კასატორი (მოპასუხე) მის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის ფაქტს სადავოდ არ ხდის და ვერც შესაგებლის წარსადგენად სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აღნიშნული საპროცესო დოკუმენტის წარუდგენლობის საპატიო მიზეზზე მიუთითებს.
47. სააპელაციო პალატის მიერ დადგინდა მოპასუხის მიერ შესაგებლის შეუტანლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების ყველა წინაპირობის არსებობა, რის წინააღმდეგაც კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ვერ წარმოადგინა.
48. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება მხარის არგუმენტი მოპასუხისათვის ჯარიმის უკანონოდ დაკისრების შესახებ. მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის პირობებში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა დადგენილად მიიჩნეს მოსარჩელის მიერ სარჩელში ასახული ფაქტობრივი გარემოებანი, რომ მხარეთა შორის არსებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს დაუგროვდა დაუფარავი დავალიანება მოსარჩელის მიმართ. აღნიშნული კი წარმოადგენდა პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას.
49. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობაზე, რაც ვალდებულების შეუსრულებლობასა ან ვალდებულების დარღვევაში მდგომარეობს.
50. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (შდრ. სუსგ №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).
51. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
52. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
53. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას (სსკ-ის 417-ე მუხლი), რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. ვალდებულების დარღვევის ხარისხის განსაზღვრა, პირგასამტეხლოს გონივრულობის დადგენის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა (შდრ. ილონა გაგუა, ბიზნესდავები და სასამართლო პრაქტიკა, თბილისი, 2017 წ. გვ, 47).
54. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან (საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს თავისებურებებთან დაკავშირებით ყურადსაღებია გერმანიის საკანონმდებლო და პრაქტიკული მიდგომები საქართველოსათვის, როგორც რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემის ქვეყნისათვის. შესაბამისად, იხ., Gottwald, in MüKo BGB, 6. Aufl. Band II §340,rn.15; Rieble in Staudinger BGB Komm, Buch 2, Neubearbaitung 2009, §340,Rn.71; BGH NJW 1975, S. 164f. Walchner in Dauner-Lieb/Langen BGB Komm. 2.Aaul., Rn.6; BGH NJW 1963, შ.1197).
55. ამდენად, პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
56. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული (იხ. ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590).
57. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (შდრ. სუსგ Nას-164-160-2016, 28.07.2016წ., ას-971-2019, 28.10.2019წ.).
58. განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ მოპასუხემ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვია და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა.
59. დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას არ წარმოადგენს კასატორის მითითება, რომ სააპელაციო პალატამ საქმე არასწორად განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე.
60. სსსკ-ის 3761 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, აგრეთვე თუ საქმე შეეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას და საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული (მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული) სესხის (კრედიტის) გაცემის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავებს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს. ზემოთ აღნიშნული გარემოებების არსებობის შემთხვევაშიც მოსამართლეს უფლება აქვს, საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენით.
61. საქმეში „ჰერმი იტალიის წინააღმდეგ'' (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება) ადამიანის უფლებათა სასამართლომ მიიჩნია, რომ ზეპირი მოსმენის აუცილებლობა „დამოკიდებულია შესაბამისი სამართალწარმოების კონკრეტულ მახასიათებლებზე; მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ეროვნული მართლმსაჯულების მთლიანი სისტემა და მასში სააპელაციო სასამართლოს როლის მნიშვნელობა.“
62. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას ვერ გამოიწვევს კასატორის პრეტენზია, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე არ უნდა განეხილა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განხილვის ფორმას ადგენს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა და რიგ შემთხვევაში, ზეპირი ფორმით პროცესის ჩანიშვნისა თუ ზეპირი მოსმენის გარეშე დავის გადაწყვეტის არჩევანს სასამართლოს შეხედულებას მიანდობს (შდრ: სუსგ №ას-1208-2019, 21 ნოემბერი, 2019 წ.).
63. მოცემულ შემთხვევაში წინამდებარე დავა შეეხება, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულების შესრულებას, შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო, საქმე განეხილა ზეპირი მოსმენის გარეშე.
64. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
65. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
66. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
67. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
68. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
69. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 9 ოქტომბრის №- საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. დ. ლ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. დ. ლ-ეს (პ/ნ ---) დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 9 ოქტომბრის №- საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი ---, მიმღების ანგარიშის №---, სახაზინო კოდი ---;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე