დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო
საქმის ნომერი
ას-831-2022
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-831-2022 29 სექტემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – დ. დ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე-----თ კ-----ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შპს „ე-----თ -----იმ“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. დ-სა (შემდგომ – მოპასუხე) და დ. ქ-ის (შემდგომ – მეორე მოპასუხე) მიმართ უკანონო მფლობელობიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოთხოვის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეთა მფლობელობაშია მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანა, რომელსაც ისინი საკუთარი ნებით მესაკუთრეს არ უბრუნებენ.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სადავო ავტომანქანა მოსარჩელეს გადაეცა ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მომენტში, ხოლო მეორე მოპასუხის განმარტებით, აღნიშნული მოძრავი ნივთი მის მფლობელობაში არასდროს ყოფილა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო მოძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან, მეორე მოპასუხის ნაწილში კი მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 372-ე მუხლის, 70-ე მუხლის პირველი ნაწილის, 369-ე და 2591 მუხლების თანახმად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული დანაწესი ავალდებულებს მხარეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონი ადგენს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

7. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3-4 პუნქტები შეიცავს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესს. ასევე, დადგენილია, რომ 2021 წლის 7 ივნისს გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რის შესახებაც ცნობილი იყო მოპასუხის წარმომადგენლისათვის. აღნიშნული დადასტურდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 მაისის სხდომის ოქმით და გაფრთხილების ხელწერილით (ს.ფ ….-…..). ვინაიდან მოპასუხე მხარისათვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, სსსკ-ის 2591 მუხლის შესაბამისად, მოპასუხე (მისი წარმომადგენელი) ვალდებული იყო, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი, კერძოდ, მოპასუხეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების ასლის მისაღებად ბათუმის საქალაქო სასამართლოსათვის უნდა მიემართა არა უგვიანეს 2021 წლის 7 ივლისისა.

8. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოპასუხის წარმომადგენელმა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა 2021 წლის 3 აგვისტოს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით. ასეთ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების საფუძველზე, აპელანტისათვის სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2021 წლის 8 ივლისიდან და ამოიწურა 2021 წლის 21 ივლისს, 24:00 საათზე. მოპასუხე მხარემ კი სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს წარუდგინა 2021 წლის 3 აგვისტოს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.

10. რაც შეეხება სააპელაციო საჩივარში მითითებულ შუამდგომლობას, ადვოკატის „კოვიდ“ ინფექციით ინფიცირების ფაქტის გამო, გასაჩივრების დარღვეული ვადის საპატიოდ ჩათვლისა და გაგრძელების შესახებ, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ, სსსკ-ის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. შესაბამისად, აპელანტის მოთხოვნა სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და ვერ დაკმაყოფილდება.

11. ამასთან, საქმის მასალებიდან დგინდება, რომ მოპასუხე/აპელანტი არ არის სსსკ-ის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირი, რომელსაც სასამართლოს ინიციატივით გადაწყვეტილების ასლი ეგზავნება.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

13. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის განმავლობაში აპელანტის წარმომადგენელი დაინფიცირდა „კოვიდ 19-ის“ ვირუსით და, იმჟამად არსებული რეგულაციების დაცვით, 12 დღის განმავლობაში იმყოფებოდა იზოლაციაში, რის გამოც ვერ შეძლო სააპელაციო საჩივრის შედგენა. თავად აპელანტი კი საქართველოში არ იმყოფებოდა. ამდენად, არსებობს სააპელაციო საჩივრის შეტანის საპროცესო ვადის აღდგენისათვის საპატიო მიზეზი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

14. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

15. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია, მოპასუხის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება. ამავდროულად, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა სააპელაციო საჩივრის შეტანის საპროცესო ვადის აღდგენა.

16. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის დასაშვებ პერიოდს განსაზღვრავს სსსკ-ის 369-ე მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

17. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. შესაბამისად, აღნიშნული ნორმით დადგენილი წესის შესრულებად ვერ ჩაითვლება მხარის მიერ სასამართლოსათვის გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მიმართვა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღემდე და 30-ე დღის შემდეგ.

18. აღნიშნული ვალდებულება ფაკულტატურია და, შესაბამისად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე, კერძოდ, განსახილველი ნორმის თანახმად „გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი“. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქმედებს დანაწესი, რომლის თანახმად „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს“ (შდრ: სუს-ს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის №ას-1161-1106-2014 განჩინება).

19. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარის მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20-დან 30-ე დღემდე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოუცხადებლობა წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის (მიუხედავად იმისა, უქმე დღეა თუ არა აღნიშნული) მომდევნო დღიდან, რადგან სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (სუს 2015 წლის 12 იანვრის №ას-843-807-2014 განჩინება).

20. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის წარმომადგენელი ინფორმირებული იყო პირველი ინსტანციის სასამართლოში 2021 წლის 7 ივნისს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შესახებ, რაც არც კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია.

21. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ აპელანტი არ წარმოადგენდა სსსკ-ის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტს, შესაბამისად, აპელანტს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად უნდა მიემართა არა უგვიანეს 2021 წლის 7 ივლისისა. აღნიშნულის ნაცვლად, მან სასამართლოს მიმართა 2021 წლის 3 აგვისტოს, რაც სამართლებრივ საფუძველს აძლევს სასამართლოს, გასაჩივრების ვადა აითვალოს სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღის შემდეგი დღიდან.

22. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

23. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ აპელანტისათვის სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2021 წლის 8 ივლისიდან და ამოიწურა 2021 წლის 21 ივლისს. მოპასუხე მხარემ კი სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს წარუდგინა 2021 წლის 3 აგვისტოს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, რის გამოც სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.

24. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მხარის პოზიციას საპროცესო ვადის საპატიო მიზეზით დარღვევის თაობაზე და განმარტავს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადებთან მიმართებით სსსკ-ის 65-ე მუხლი არ გამოიყენება (საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება, აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები), რადგანაც თავად ნორმის დათქმა – „თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული“ მიანიშნებს იმაზე, რომ იგი რელატიური წესია, ამ ნორმის საპირისპიროდ, იმპერატიულ დებულებას შეიცავს ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილი, რომლის თანახმადაც სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია (იხ. სუსგ 24.12.2018წ. საქმე №ას-1014-2018).

25. სსსკ-ის 65-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო საპროცესო ვადის აღდგენას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენა დაუშვებელია, მიუხედავად იმისა, ვადის გაშვება საპატიო მიზეზით მოხდა თუ არა (იხ. სუსგ 18.10.2016წ. საქმე № ას-790-757-2016; 29.05.2015წ. საქმე №ას-221-208-2015, 16.11.2018წ. საქმე № ას-1685-2018).

26. ზემოაღნიშნულ მსჯელობაზე გავლენას ვერ მოახდენს და სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენას ვერ გამოიწვევს კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი საპროცესო ვადა დაარღვია საპატიო მიზეზით, - წარმომადგენელს დაუდგინდა „კოვიდ-19-ის“ ვირუსი, ასევე, ის გარემოება (მისი დადასტურების შემთხვევაშიც კი), რომ აპელანტს საქართველოში არყოფნის გამო, პირადად არ შეეძლო სააპელაციო საჩივრის წარდგენა.

27. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. დ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე