დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 05.05.2022
საქმის ნომერი
ას-575-2021
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.05.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-575-2021 5 მაისი, 2022 წელი,თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ა–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.03.2021 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 07.06.2019 წლის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „კასატორი“, „სამინისტრო“) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მ.ა–ძეს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 2 640 ლარის ოდენობით.

2. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.03.2021 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

3.1. 30.04.2018 წელს, დაახლოებით 00:20 საათზე, თბილისში, ვ–ის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს შეეჯახა ავტომანქანა „შკოდა“, სახელმწიფო ნორმით - ...., რომელსაც მართავდა გ.თ–ია და „მიცუბიშის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნორმით - ....., რომელსაც მართავდა მოპასუხე.

3.2. მოსარჩელის კუთვნილი ავტომობილი „შკოდა“, სახელმწიფო ნორმით - „....“, სამსახურებრივად სამართავად ჰქონდა გადაცემული გ.თ–იას. გ.თ–ია 30.04.2018 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ, რის გამოც მას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (შემდეგში სასკ) 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი - მართვის უფლების შეჩერება 6 თვის ვადით.

3.3. მოპასუხეს სასკ-ის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი - ჯარიმა 250 ლარი.

3.4. 30.04.2018 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა, აღდგენითი სამუშაოების გათვალისწინებით, შეადგენს 5 280 ლარს (ს.ფ. 22-24).

3.5. მოპასუხეს სადავო არ გაუხდია მიყენებული ზიანის ოდენობა და მან ცნო სასარჩელო მოთხოვნის ნახევარი - 2 640 ლარი (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 208-ე მუხლი). ამასთან, მოპასუხის მითითებით, მხოლოდ მას არ უნდა დაჰკისრებოდა სრული ოდენობით ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, ვინაიდან ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გ.თ–ია იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში.

3.6. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 999-ე მუხლზე, ასევე ამავე კოდექსის 415-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თანახმად, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში – თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი.

3.7. სასამართლოს განმარტებით, სსკ-ის 415-ე მუხლი ზიანის მიყენებისას ითვალისწინებს არა რომელიმე მხარის ბრალის გამორიცხვას, არამედ შერეული ბრალის არსებობას, რა შემთხვევაშიც დაზარალებული ინარჩუნებს ზიანის ანაზღაურების უფლებას, თუმცა იმ ფარგლებში, რაც შეესაბამება ზიანის მიმყენებლის ბრალს. ამდენად, მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა იცნობს ისეთ შემთხვევას, როდესაც მხარისათვის მიყენებული ზიანი შეიძლება გამოწვეული იყო ორივე მხარის მიზეზით და არსებობდეს მხარეთა ე.წ. „შერეული ბრალი“. ასეთ დროს, სასამართლო ვალდებულია, დაადგინოს, რომელ მხარეს რა მოცულობით ეკისრებათ მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა და მისი ანაზღაურების ოდენობაც აღნიშნული მოცულობის პროპორციულად განსაზღვროს.

3.8. სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი პოლიციის კაპიტან გ.თ–იას მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების დასკვნის თანახმად, 30.04.2018 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გ.თ–ია ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა, რის გამოც მას სასკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი - მართვის უფლების შეჩერება 6 თვის ვადით. პალატამ მიიჩნია, რომ ალკოჰოლური თრობის ქვეშ ავტომობილის მართვა თავისთავად წარმოშობს პრეზუმფციას, რომ მძღოლი ვერ შეძლებს მომეტებული საფრთხის წყაროს შესაბამისი სიფრთხილითა და წინდახედულობით მართვას. მხოლოდ ის გარემოება, რომ საქმის მასალებში არსებობს სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მოპასუხე სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი, არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებამოსილი მძღოლის ბრალის არსებობასაც. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ ყოველგვარი დამატებითი მტკიცებულებისა და კვლევის გარეშეც კი, აპელანტის უფლებამოსილი მძღოლის მიერ ავტომანქანის ალკოჰოლური თრობის ქვეშ მართვით, უსაფრთხოებისა და სიფრთხილის ზომების დარღვევა პრეზუმირებულია, რაც უხეშ გაუფრთხილებლობას წარმოადგენს. ეს გარემოება პირველი ინსტანციის სასამართლოში შერეული ბრალის დადგენის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი მართებულად გახდა.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა სსკ-ის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის (მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი), 408-ე მუხლის პირველი ნაწილისა (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლების დანაწესიდან გამომდინარეობს.

9. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის დაკისრების ერთ-ერთ საფუძველს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს, რომლისაგან ნაწარმოები პასუხისმგებლობის გენერალური დათქმაც მოცემულია სსკ-ის 992-ე მუხლში. ნორმის თანახმად, პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია შემდეგი ელემენტების კუმულატიური ერთობა: პირის ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) ქმედება; ზიანი; მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. შეიძლება ითქვას, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულების კერძო შემთხვევაა და მიუხედავად ბრალისა, მომეტებული საფრთხის წყაროს იურიდიულ მფლობელს (რომელიც შეიძლება მესაკუთრედაც განვიხილოთ) აკისრებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას (სსკ-ის 999-ე მუხლი) (სუსგ №ას-589-2021, 14.09.2021 წელი, პუნქტი 41).

10. მოპასუხის დელიქტური ვალდებულება ზიანის ანაზღაურებაზე სადავო არაა, სადავოა ამ ვალდებულების ფარგლები. გადაწყვეტილებით მოსარჩელის უფლებამოსილი მძღოლის თანაბრალეულობის (სსკ-ის 415-ე მუხლი) გათვალისწინებით მოპასუხეს დაეკისრა მიყენებული ზიანის ნაწილის ანაზღაურება, რაც შედავებულია მოსარჩელის მიერ იმ საფუძვლით, რომ მას სრულად უნდა აუნაზღაურდეს მიყენებული მატერიალური ზიანი. ამდენად, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებითა და გამორკვეული გარემოებებით რამდენად დასტურდება ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გამოწვეული ზიანის მიმართ სსკ-ის 415 მუხლით (1. თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. 2. ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში – თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი) გათვალისწინებული შერეული (კრედიტორისა და მოვალის თანმხვედრი) ბრალის არსებობა. აქვე პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თუ რაიმე სპეციალური კანონი განსხვავებულ წესს არ ითვალისწინებს, სსკ-ის 415-ე მუხლი მოქმედებს ყველა სახელშეკრულებო და კანონისმიერი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შემთხვევაში, მაშინაც კი, როდესაც ბრალის გარეშე პასუხისმგებლობას ეხება საქმე (Oetker, in MüKo BGB, 7. Aufl., 2016, § 254, Rn 7 ff) (გ.რუსიაშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, თბილისი 2019, მუხლი 415, ველი 9). დელიქტურ ვალდებულებებთან მიმართებაში სსკ-ის 415-ე მუხლის გამოყენება ეფუძნება ამავე კოდექსის 326-ე მუხლს, რომლის თანახმადაც წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს (შდრ. სუსგ-ებები: Nას-786-735-2017, 03.11.2017წ.; Nას-150-150-2018 , 16.03.2018წ; ას-504-481-2016, 30.09.2016წ.).

11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მთელ რიგ შემთხვევებში კონკრეტული ზიანის დადგომაში არა მხოლოდ დამზიანებელს, არამედ ასევე დაზარალებულსაც შეაქვს თავისი „წვლილი“. სსკ-ის 415-ე მუხლი აწესრიგებს იმ წინაპირობებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც უნდა მოხდეს დაზარალებულის ამ „წვლილის“ გათვალისწინება, და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს (გ.რუსიაშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, თბილისი 2019, მუხლი 405, ველი 1). შერეული ბრალის არსებობისას სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრა გულისხმობს არა ზიანის ანაზღაურებას დაზარალებულის მიერ, არამედ ზიანის მიმყენებლის პასუხისმგებლობის შემცირებას და ზიანის შესაბამისი ნაწილის დაზარალებულზე (კრედიტორი) დაკისრებას. ამ ვითარებაში არსებული ზიანი მოვალისა და დაზარალებულის ერთობლივი მოქმედების განუყოფელი შედეგია. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ანაზღაურების მოცულობა განისაზღვრება მხარეთა ბრალეულობის ხარისხით – უფრო მეტად თუ რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული (სსკ-ის 415-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევის ანალოგიურ დებულებებს ითვალისწინებს გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 254-ე პარაგრაფი – ,,თანაბრალეულობა” (იხ: Münch Komm BGB/Oetker §254. Bd 2a. Rn. 10. Palandt/Heinrichs, §254. Rn.15. Staudinger/Schiemann. §254. Rn.67. Bamberger/Roth., Grüneberg §254. Bd. 1. Rn.11. 19.) (სუსგ Nას-992-2020, 29.09.2021წ.).

12. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის, რომ სადავო ავტოსაგზაო შემთხვევისას გ.თ–ია, რომელსაც მოსარჩელისაგან სამართავად ჰქონდა გადაცემული ავტომანქანა, იყო ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ და მას სასკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით (სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა, თუ მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობა არანაკლებ 0,3 და არაუმეტეს 0,7 პრომილეა) გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი - მართვის უფლების შეჩერება 6 თვის ვადით. როგორც გასაჩივრებულ განჩინებაშიც მართებულადაა აღნიშნული, ავტომანქანის, როგორც მომტებული საფრთხის წყაროს, სპეციფიკური თვისებებიდან გამომდინარე, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართვა თავისთავად წარმოშობს პრეზუმფციას, რომ მძღოლი ვერ შეძლებს შესაბამისი სიფრთხილითა და წინდახედულობით მის მართვას, რაც სსკ-ის 415-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხის პასუხისმგებლობის ფარგლების შემცირების საფუძველია. სასამართლომ მართებულად დააკისრა მოპასუხეს ზიანის ანაზღაურება 2 640 ლარის ოდენობით.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

14. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

15. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია