დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 20.10.2022
საქმის ნომერი
ას-539-2020
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.10.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

20 ოქტომბერი, 2022 წელი,საქმე №ას-539 -2020 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მიქაბერიძე,მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

I კასატორი - შპს „ჯ.ტ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.კ.ე.ჯ–ა“ (მოპასუხე)

II კასატორი - სს „ს.კ.ე.ჯ–ა“

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ჯ. ტ–ი“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება

I კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

I კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - დაზღვევის ხელშეკრულებისა და დაზღვევის პოლისის რამდენიმე აქტის ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა

აღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „ჯ. ტ–ისა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე I კასატორი ან დამზღვევი) და სს „ს.კ.ე.ჯ–ას“ (ძველი სახელწოდება შპს/სს „ს. კ. ა. ჯ–ი“) (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, II კასატორი, მზღვეველი ან სადაზღვევო კომპანია) საკასაციო პრეტენზიებით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 39 000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ; დაზღვევის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მხარეებს შორის 2013 წლის 27 ივნისს დადებული ხელშეკრულების მესამე მუხლის C პუნქტის (i), (ii), (iii), (iv) ქვეპუნქტების, (iii) ქვეპუნქტის (i) და (j) ქვეპუნქტების ბათილად ცნობისა და ექსპედიტორისა და გადამზიდველის პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისის მეხუთე პუნქტის ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი უარყოფილ იქნა, სახელდობრ:

1.1. I კასატორის მტკიცებით, მართალია, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ აშკარა იყო სადაზღვევო შემთხვევა, თუმცა სრულიად უსაფუძვლოდ განმარტა, რომ ხელშეკრულების საგამონაკლისო ნორმების არსებობისას, სადაზღვევო შემთხვევის შედეგად წარმოშობილი სადაზღვევო ანაზღაურების სრულად გადახდის ვალდებულება მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოშობია.

1.2. კასატორის მითითებით, ხელშეკრულების საგამონაკლისო ნორმების შეფასებისას სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ გარიგება ეწინააღმდეგებოდა ზნეობის ნორმებს.

1.3. II კასატორის მტკიცებით, მზღვეველი თავისუფლდება მოვალეობის შესრულებისგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით, რისი დადგენაც გამოძიების დასრულებამდე შეუძლებელია, შესაბამისად, შეუძლებელია უპირობოდ მსჯელობა ზიანის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნებზე, მხოლოდ იმაზე დაყრდნობით რომ ზიანი სახეზეა.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 და 30 ივლისის განჩინებებით, საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრები დასაშვები რომც ყოფილიყვნენ, მათ არა აქვთ წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. 2013 წლის 27 ივნისს მხარეებს შორის სამი წლის ვადით დაზღვევის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება დაიდო, რომლის საგანს წარმოადგენდა მხარეთა ურთიერთთანამშრომლობა, დაკავშირებული ,,მზღვეველის“ მიერ ,,დამზღვევის“ ან მისი კონტრაქტორი/ქვეკონტრაქტორი პირების მიერ გადაზიდული/გადასაზიდი ტვირთ(ებ)ის და მასთან დაკავშირებული ექსპედიტორისა და გადამზიდველის პასუხისმგებლობის დაზღვევასთან და შესაბამისი მომსახურების განხორციელებასთან წინამდებარე პირობების, ,,მზღვეველის“ ექსპედიტორისა და გადამზიდველის პასუხისმგებლობის დაზღვევის და ,,ICC(A)“ დაზღვევის პირობების შესაბამისად.

4.4. დაზღვევის პირობები, სადაზღვევო ტარიფი, ფრანშიზი და ა.შ. სადაზღვევო პოლისითა და პირობებით განისაზღვრა (იხ. შეთანხმების 3.2 პუნქტი).

4.5. 2015 წლის 13 იანვარს, 2016 წლის 13 იანვრის ჩათვლით, მზღვეველის მიერ დამზღვევზე, ექსპედიტორისა და გადამზიდველის პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი გაიცა. რომლითაც დადგინდა დაზღვეული რისკები, ლიმიტები და ფრანშიზა, პრემიის გადახდის გრაფიკი, ტვირთის გადაზიდვის დამატებითი პირობები. ამავე პოლისით განისაზღვრა, რომ პოლისი, ტვირთისა და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის დაზღვევის პირობები, აი სი ჯგუფის ინსტრუქცია მძღოლებისთვის და დაზღვევის განაცხადები წარმოადგენდა ერთ მთლიან დაზღვევის ხელშეკრულებას.

4.5.1. ლიმიტი - 270 000 ევროთი (წლიური აგრეგირებული), განისაზღვრა ხოლო ქველიმიტი - 200 000 აშშ დოლარით, თითოეულ შემთხვევაზე, მაგრამ არაუმეტეს - 40 000 აშშ დოლარისა, იმ შემთხვევაში, თუ ქვეკონტრაქტორის პასუხისმგებლობა დაუზღვეველია, ხოლო ფრანშიზა - 1000 აშშ დოლარით თითოეულ შემთხვევაზე.

4.6. ტვირთისა და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის დაზღვევის პირობების შესახებ, შეთანხმების მე-3 მუხლის C პუნქტით განისაზღვრა სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის ვალდებულების გამომრიცხველი გარემოებები ე.წ. გამონაკლისები.

- C პუნქტის (i) პუნქტით, თუ პოლისით სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული, წინამდებარე დაზღვევა არ ვრცელდებოდა იმ მოთხოვნებზე, რომლებიც წარმოიშობოდა დამზღვევის ქვეკონტრაქტორის მიერ დაზღვევის არქონის შედეგად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უბედური შემთხვევის დადგომამდე დამზღვევი მიიღებდა წერილობით დადასტურებას ქვეკონტრაქტორის მზღვეველისაგან ან ქვეკონტრაქტორის დაზღვევის პოლისის ასლს და მიიღებდა ყველა გონივრულ ზომას, რათა დარწმუნებულიყო რომ კონტრაქტისა და კანონმდებლობის საფუძველზე წარმოქმნილი ქვეკონტრაქტორის პასუხისმგებლობა დამზღვევის მიმართ დაზღვეული იყო და რომ აღნიშნული დაზვევის თანახმად, პასუხისმგებლობის ლიმიტი შეადგენდა არანაკლებ 250 000 აშშ დოლარს და სადაზღვევო პერიოდი სრულდებოდა მომსახურების დასრულების შემდეგ;

- C პუნქტის (ii) პუნქტის მიხედვით, თუ დამზღვევი დანიშნავდა წარმომადგენელს, რომელსაც უნდა ემოქმედა დამზღვევის სახელით, დამზღვევი უნდა დარწმუნებულიყო, რომ მას აქვს დამაკმაყოფილებელი რეპუტაცია და ვალდებულების შესასრულებლად შესაბამისი გამოცდილება, ფლობს შესაბამისი პასუხისმგელობის დაზღვევას წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ან გააჩნია ისეთი ფინანსური მდგომარეობა, რომლის გამოც მას აქვს შესაძლებლობა, პასუხი აგოს თავისი შეცდომებითა და უმოქმედობით დამდგარ ზიანზე;

- C პუნქტის (iii) პუნქტით, დამზღვევის სახელით მოქმედ წარმომადგენელს წერილობით უნდა განემარტოს თავისი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა;

- C პუნქტის (iv) პუნქტის თანახმად, ნებისმიერი საწინააღმდეგო დებულების მიუხედავად, ,,მაღალი ღირებულების ტვირთის“ მოპარვის ან დაკარგვის გამო წამოყენებულ მოთხოვნასთან დაკავშირებული ზარალი დამზღვევს აუნაზღაურდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის გამოწვეული იქნებოდა: (a) დაცულ ან ჩაკეტილ შენობაში ან საწყობში ძალისმიერი შეჭრით; b) ჩაკეტილ ავტომანქანაში ძალისმიერი შეჭრით იმ პირობით, რომ ამგვარი ავტომანქანა არ იყო მიტოვებული მძღოლის გარეშე, გარდა ჩაკეტილ ავტოფარეხში, შენობაში ან საწყობში ყოფნისას, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ამგვარი ავტომანქანა მხოლოდ დროებით არის დატოვებული უყურადღებოდ მომხმარებლის შენობებში ან შენობებთან ტვირთის მიტანის მიზნით;

- C პუნქტის (iii) პუნქტის (i) ქვეპუნქტით, დამზღვევის ზედამხედველობის ან კონტროლის ქვეშ მყოფ მაღალი ღირებულების მქონე ტვირთთან დაკავშირებით, ქვეკონტრაქტორმა უნდა აიღოს გადაზიდვის ვალდებულება ისეთი პირობებით, რომლებიც შეესაბამებოდა დამზღვევის საკონტრაქტო ვალდებულებებს;

- C პუნქტის (iii) პუნქტის (j) ქვეპუნქტის მიხედვით, დამზღვევის მიერ ტვირთის ქვეკონტრაქტორის მეშვეობით გადაზიდვისას, გადამზიდველმა უნდა აიღოს ვალდებულება, რომ არ განახორციელებს საგზაო გადაზიდვას ქვეკონტაქტორის მეშვეობით და აღიაროს პასუხისმგებლობა იმავე პირობებზე, როგორიც მოცემულია მომხმარებელსა და დამზღვევს შორის დადებულ ხელშეკრულებაში.

4.7. 2013 წლის 10 აპრილს ანდრეი შაპოლოვსა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ექსპედიტორი) და მოსარჩელეს შორის სატრანსპორტო ექსპედირებისა და გადაზიდვის შესახებ შეთანხმება დაიდო, რომლითაც, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ, ექსპედიტორმა იკისრა ვალდებულება კლიენტის ერთჯერადი წერილობითი განცხადების საფუძველზე, ორგანიზება გაეწია ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებულ სატრანსპორტო-საექსპედიციო მომსახურებისთვის.

4.7.1. ექსპედიტორის პასუხისმგებლობის დაზღვევის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ წარდგენილა.

4.8. 2015 წლის 17 მარტს მოსარჩელესა და შპს „ჯ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც შემკვეთი ან კომპანია) შორის საავტომობილო ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვის მომსახურების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ფარგლებში მოსარჩელემ 4500 ევროს ეკვივალენტი ლარის ანაზღაურების სანაცვლოდ, პოლონეთის ქალაქ რობაკოვოდან საქართველოს დედაქალაქ თბილისამდე, შემკვეთის ტვირთის გადაზიდვის ვალდებულება იკისრა, რომელიც განტვირთვის პუნქტში დაუზიანებელი ლუქით უნდა ჩაბარებულიყო. დაზიანებული ლუქის ან/და ტვირთის დაკარგვისას გადამზიდველი შემკვეთს აუნაზღაურებდა ზარალს.

4.9. 2015 წლის 23 მარტს ექსპედიტორსა და კერძო კომპანია „ი–ს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც გადამზიდავი) შორის ტვირთის ექსპედირებისა და გადაზიდვის შესახებ ხელშეკრულება დაიდო, რომლის მიხედვით, შეთანხმების მოქმედების განმავლობაში გადამზიდავი ახორციელებდა ტვირთების გადაზიდვას ექსპედიტორის ერთჯერადი წერილობითი განცხადებების საფუძველზე, რომელიც წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად შედგებოდა და მისი განუყოფელი ნაწილი იქნებოდა. განაცხადში მითითებული უნდა ყოფილიყო შემდეგი მონაცემები: მარშრუტი, მიწოდების ვადა ჩასატვირთად, ტვირთის მიწოდების ვადები, ტვირთის სახეობა, ტვირთის წონა, რაც აუცილებელია გადამზიდავისთვის თავისი ვალდებულებების შესასრულებლად.

4.10. PHILIPS-ის განათების სისტემები (გადასაზიდი ტვირთი) არ ჩამოსულა დანიშნულების ადგილას - საქართველოში, ტვირთი უკრაინის ტერიტორიაზე დაიკარგა.

4.11. სადაზღვევო კომპანიამ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ზაკორპატიეს ოლქის სამმართველოში 2015 წლის 12 ოქტომბერს განაცხადა ტვირთის დაკარგვის შესახებ.

4.12. ექსპედიტორმა განცხადებით მიმართა გლუხოვის (სუმის ოლქი; უკრაინა) სარაიონთაშორისო პროკურატურას კს „ი–ის“ დირექტორის წინააღმდეგ 46065 გრივნას თაღლითობის გზით დაუფლების ფაქტის თაობაზე.

4.12.1. გლუხოვის სარაიონთაშორისო პროკურორის 2015 წლის 28 აპრილის დადგენილებით, ი.პ. ძე ლ–ის მიმართ სკ 190.1.მუხლით, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ფულადი სახსრების მოტყუების გზით დაუფლების ბრალდებით.

4.12.2. უკრაინის ფისკალური სამსახურის, სახელმწიფო ფისკალური სამსახურის ლვოვის საბაჟოს 2015 წლის 17 აპრილის ცნობით, საბაჟოს მონაცემთა ბაზაში არ მოიპოვებოდა ინფორმაცია 2015 წლის 25 მარტიდან ცნობის გაცემის თარიღამდე დროის შუალედში, უკრაინის საბაჟოს გავლით სატრანსპორტო საშუალება RENAULT-ის მოძრაობის შესახებ, რომლის გადამზიდველიც კერძო საწარმო „ი–ია“. ასევე არ მოიპოვება ინფორმაცია PHILIPS-ის პროდუქციით დატვირთული ტვირთების გადაზიდვების თაობაზე.

4.13. 2015 წლის 1 აპრილს მოსარჩელემ მოპასუხეს სადაზღვევო შემთხვევის შესახებ აცნობა და გაუგზავნა 94 269.28 ევროს ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა.

4.14. 2015 წლის 20 ოქტომბრის საპასუხო წერილით, სადაზღვევო კომპანიამ 2015 წლის 13 იანვრის ექსპედიტორისა და გადამზიდველის პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისზე თანდართული პირობების მე-7 მუხლის A პუნქტზე მიუთითა, რომლითაც დამზღვევის მიერ განხორციელებული არაკანონიერი ოპერაციებით, თაღლითობით, მოტყუებით ან გაყალბებით (მათ შორის, დამზღვევის უფლებამოსილი წარმომადგენლის ან სუბკონტრაქტორის მხრიდან გაყალბებით) ფარული გარიგებით, განზრახვით ჩადენილი ქმედების ან უხეში გაუფრთხილებლობის შედეგად დამდგარი ზიანი ექცეოდა გამონაკლისების სფეროში და არ ექვემდებარებოდა ანაზღაურებას.

მზღვეველის მითითებით, ვინაიდან საქმეში არსებული დოკუმენტაციით იკვეთებოდა თაღლითური ქმედება, უკრაინიდან შესაბამისი შემაჯამებელი საგამოძიებო დოკუმენტაციის მიღებამდე, კომპანია მოკლებული იყო შესაძლებლობას, მიეღო ობიექტური გადაწყვეტილება შემთხვევის შედეგად დამდგარი ზარალის ანაზღაურების ან ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ.

4.15. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბრის მხარეთა მორიგების გამო, საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც, კანონიერ ძალაში შესული განჩინება), მოსარჩელემ/შემკვეთმა 12010 ევროს მოთხოვნის ნაწილში უარი განაცხადა სასარჩელო მოთხოვნაზე, რომელიც მოსარჩელის მიერ მოპასუხის/პირველი კასატორის სატრანსპორტო მომსახურებისთვის გადასახდელი თანხის ანგარიშში ჩაითვალა. მოპასუხემ/პირველმა კასატორმა შემკვეთისთვის ეტაყობრივად, მორიგების შესახებ განჩინებით გაწერილი გრაფიკის შესაბამისად, 50 000 ევროს გადახდის ვალდებულება იკისრა, რომელიც სრულად შესრულდა.

4.16. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 1 ივლისის N003830616 დასკვნით, ექსპერტიზის წინაშე დასმული საკითხების გადასაწყვეტად მოხდა გამოსაკვლევად წარმოდგენილი მობილური ტელეფონის მეხსიერების დათვალიერება, რის შედეგად აღმოჩნდა, რომ მის მეხსიერებაში ფიქსირდება 2015 წლის 21 ოქტომბრიდან 23 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელებული მიმოწერა ,,555 44 44 23“ და ,,577 15 00 00“ სააბონენტო ნომრებს შორის, რაც ამოღებულ იქნა და მოცემულია დასკვნის თანდართულ დანართში. გაშიფრული სატელეფონო საუბრის შინაარსიდან ჩანს, რომ მოსარჩელის თანამშრომელმა სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელს აცნობა, რომ დამზღვევი აპირებდა შემკვეთთან დავის მორიგებით დასრულებას, რაზედაც სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელმა უპასუხა - ,,OK“.

5. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, სსკ-ის 799-ე (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა, აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა, გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება) და 820-ე (ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით) მუხლების დანაწესიდან გამომდინარეობდა.

6. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებით, რაც იმას ნიშნავს, რომ, უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).

7. საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას სასამართლო იკვლევს, რამდენად დგინდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებებისის ერთობლიობა, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნის, ან მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარმატებას განაპირობებს. სასამართლო ვალდებულია, განსაზღვროს მოთხოვნის ფარგლები (ისე რომ არ გასცდეს მას), მოძებნოს დავის მომწესრიგებელი შესატყვისი სამართლის ნორმა (სპეციალური ან ზოგადი წესი) დადაადგინოს იმ გარემოებათა არსებობა/არარსებობა (ფაქტობრივი გარემოებები), რომლებიც ამ ნორმის გამოყენებისთვის აუცილებელი წინაპირობაა.

8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების არსისა და მასში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრის თვალსაზრისით, დამფუძნებელ ნორმას სსკ-ის 799-ე მუხლი წარმოადგენს. იმავდროულად, ხელშემკვრელ მხარეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობა და განხორციელება დამოკიდებულია მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების (არსებობის შემთხვევაში ხელშეკრულების დანართების) პირობებსა და დათქმებზე, იმგვარად, რომ კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგია, მხარეების მიერ არსებითი პირობის სახით წინასწარ არის განსაზღვრული ხელშეკრულებაში.

9. ხელშეკრულება მხარეთა ვალდებულების განმსაზღვრელი იმ დებულებებისაგან შედგება, რომელიც ხელშემკვრელთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას ასახავს (სსკ-ის 327-ე მუხლი) და, კანონის თანახმად, სწორედ ამ ჩარჩოშია მოქცეული მათი პასუხისმგებლობის ფარგლებიც (გარდა კანონის იმპერატიული დანაწესებისა). ვალდებულებითი სამართლის ეს უზოგადესი პრინციპი თანაბრად ვრცელდება ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, რომელთა შორისაცაა დაზღვევის ხელშეკრულება. მეტი სიცხადისათვის შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობის სპეციალური ნორმები აზუსტებს ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების ზოგად პრინციპს. ამგვარ ნორმათა რიგს განეკუთვნება სსკ-ის 799-ე მუხლი (იხ. სუსგ №ას-92-88-2016, 11 მარტი, 2016 წელი).

10. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში განმარტა: ხელშეკრულებაში საგამონაკლისო ნორმების დანიშნულებაა, ამომწურავად განისაზღვროს იმ გარემოებათა/ქმედებათა წრე, რაც მზღვევლის პასუხისმგებლობას გამორიცხავს, ყველა სხვა შემთხვევა კი, დამზღვევის ინტერესების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

საგამონაკლისო შემთხვევების გაფართოების დაშვება ეწინააღმდეგება ხელშეკრულებაში ამგვარი დათქმების ჩართვის მიზანს. მხარეები თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში დებენ ხელშეკრულებას, თავადვე განსაზღვრავენ სახელშეკრულებო ურთიერთობების იმპერატიულ და დისპოზიციურ წესებს, რომელსაც ორივე მხარე განუხრელად უნდა დაემორჩილოს და იცავდეს. საგამონაკლისო დათქმები სადაზღვევო ხელშეკრულების სწორედ იმპერატიულ დანაწესთა იმ წყებას მიეკუთვნება, რომელიც სადაზღვევო თანხის ანაზღაურებისათვის დაუშვებლად მიჩნეულ ქმედებათა სრულ სპექტრს განსაზღვრავს (იხ. სუსგ №ას-1147-1067-2017, 29 დეკემბერი, 2017 წელი).

11. დაზღვევის ხელშეკრულება ფორმირდება მხარეთა კონსენსუსის შედეგად და მის ფარგლებში წარმოშობილი უფლება-მოვალეობების სისტემა ბოჭავს ამ ურთიერთობის მონაწილეებს.

12. სადაზღვევო ინტერესის ცნება განიხილება ეკონომიკური და სამართლებრივი მნიშვნელობით. ეკონომიკური არსი განპირობებულია ქონების ღირებულებითი ეკვივალენტურობით. რაც შეეხება სადაზღვევო ინტერესის სამართლებრივ შინაარსს, მას დაცვითი ფუნქცია აქვს და გულისხმობს პირის იურიდიულ კავშირს სადაზღვევო ობიექტის მიმართ. ამ კუთხით, სადაზღვევო ინტერესი განისაზღვრება, როგორც დამზღვევის გონივრული ზრუნვა და სურვილი, დაიცვას საკუთარი სიკეთე სხვადასხვა გაუთვალისწინებელი მოვლენისაგან.

13. ამდენად, სსკ-ის 799.1. მუხლი არ აკისრებს მზღვეველს ყოველგვარი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას და მიუთითებს, რომ ანაზღაურების საკითხი სახელშეკრულებო პირობების შინაარსის შესაბამისად განისაზღვრება.

მზღვეველის მოტივაცია, იმყოფებოდეს დაზღვევის სახელშეკრულებო ურთიერთობაში, კომერციული ინტერესით არის ნაკარნახები. ნაკისრი რისკი პროპორციულად და გონივრულად უნდა მიემართებოდეს იმ პრემიისკენ, რომელსაც სანაცვლოდ იღებს მზღვეველი.

სადაზღვევო ურთიერთობაში მიზანშეწონილი და სასურველიც კი არის, მხარეებმა წინასწარ და მკაფიოდ განსაზღვრონ ე.წ. „დაფარვები“ და „გამონაკლისები“, ესე იგი გარემოებები, რომელთა დადგომის შემთხვევაშიც გაიცემა სადაზღვევო ანაზღაურება და შემთხვევები, რომელთა არსებობაც გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.

პირობების დეტალიზაცია ამცირებს დავის წარმოშობის შესაძლებლობას და მხარეებს გონივრულ მოლოდინს უჩენს იმის თაობაზე, თუ როდის წარმოიშვება ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ან როდის არის აზრს მოკლებული სადაზღვევო კომპანიისათვის ასეთი მოთხოვნის წარდგენა. რომ არა რისკების გადანაწილების შესაძლებლობა, დაზღვევა დაკარგავდა იმ კომერციულ მიმზიდველობას, რის გამოც მზღვეველი ირჩევს ამ სფეროში ოპერირებას. უპირობო დაზღვევა არ არსებობს, ხოლო პირობების სიმკაცრე დამოკიდებულია პრემიის ოდენობაზე.

14. განსახვილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადაზღვევო რისკის ერთი წლის განმავლობაში „ტარების“ საფასური ჯამურად - 1700 დოლარია. იმ პირობებში, როდესაც დამზღვევის ძირითადი საქმიანობის სფერო გადაზიდვისა და საექსპედიციო მომსახურების გაწევაა და ამ ვალდებულების ფარგლებში მოსალოდნელია მისი მხრიდან ძვირადღირებულ პროდუქციაზე პასუხისმგებლობის სისტემატურად აღება, ცხადია, რომ სადაზღვევო კომპანია დაფარვის შემთხვევების დეტალური რეგლამენტირებით, დამატებითი პირობებისა და ვალდებულების დაწესების გზით ცდილობს, რომ გადამზიდველის/ექსპედიტორის მთელი ვალდებულებები მასზე არ გადმოვიდეს, ხოლო აღებული რისკების სიმძიმე გონივრულ შესაბამისობაში იყოს სანაცვლოდ მიღებული პრემიის ოდენობასთან.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია სახელდობრ:

16. დადაგენილია, რომ მოსარჩელე სათანადო გამოცდილებისა და ფინანსური სიძლიერის მქონე სუბიექტია, შესაბამისად, შეეძლო სადაზღვევო კომპანიასთან თანაბარ პირობებში წარემართა მოლაპარაკებები. შეთანხმების შემუშავების პროცესში არ მიეღო სადაზღვევო კომპანიის ერთი შეხედვით მკაცრი, მაგრამ სადაზღვევო პრემიასთან პროპორციული სადაზღვევო პირობები და სადაზღვევო პრემიის გაზრდის ხარჯზე მოეთხოვა შეცვლა.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ შეთანხმების არცერთი პუნქტი არ არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, არ ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგსა და ზნეობრივ ნორმებს. საგამონაკლისო წესების გათვალისწინება სადაზღვევო ურთიერთობაში სსკ-ის 799.1. მუხლით დაშვებულია ვინაიდან, დაზღვევის არსებობა ავტომატურად არ წარმოშობს ზიანის უპირობო ანაზღაურებას, მისი გაცემის წესი, საფუძვლები და პირობები სახელშეკრულებო შეთანხმების საგანია.

17. საქმეში დაცული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელემ ექსპედიტორს მოსთხოვა და მან წარადგინა პასუხისმგებლობის დაზღვევის დამადასტურებელი მტკიცებულება, აღნიშნული არც შეთანხმების პირობებიდან არ გამომდინარეობს. ასევე დადგენილია, რომ იმ მოთხოვნებზე, რომლებიც წარმოიშობოდა დამზღვევის ქვეკონტრაქტორის მიერ დაზღვევის არქონის პირობებში წინამდებარე დაზღვევის პირობები არ ვრცელდებოდა.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მიუხედავად, შეთანხმების მე-3 მუხლის C პუნქტის (i) ქვეპუნქტის და დაზღვევის პოლისის მე-5 მუხლით, სადაზღვევო შემთხვევა ანაზღაურებას ექვემდებარება ნაწილობრივ 40 000 აშშ დოლარის ქველიმიტის ფარგლებში, 1000 აშშ დოლარიანი არანაზღაურებადი მინიმუმის - ფრანშიზის გათვალისწინებით. ამდენად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მართებულად დაეკსრა - 39 000 აშშ დოლარის ანაზღაურება.

18. საკასაციო სასამართლოს დასკვნით, სადაზღვევო კომპანიის უარი სადაზღვევო თანხის გაცემაზე იმთავითვე ეწინააღმდეგებოდა სახელშეკრულებო პირობებს, რადგან მასში სავარაუდო დანაშაულის გამოძიების პროცესში სადაზღვევო ანაზღაურების დაყოვნებაზე დათქმას არ ითვალისწინებდა არც ხელშეკრულება და არც მასთან დაკავშირებული რომელიმე დოკუმენტი, ასეთ საფუძველს არც სამოქალაქო კოდექსი არ იცნობს.

სადაზღვევო კომპანიას მხოლოდ მაშინ ჰქონდა თაღლითობაზე ან სხვა დანაშაულებრივ აქტზე, როგორც პასუხისმგებლობის გამომრიცხველ გარემოებაზე, მითითების უფლება, თუ ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის იარსებებდა შემაჯამებელი დოკუმენტი გამამტყუნებელი განაჩენის სახით, რომლითაც დადგენილი იქნებოდა დამზღვევის, მისი ქვეკონტრაქტორის ან ვალდებულების შესრულებაში ჩართული სხვა პირის დანაშაულებრივი ქმედება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ეკისრებოდა დამდგარი ზიანის ანაზღაურება. ანაზღაურების განხორციელების შემდეგ დადასტურებული დანაშაულებრივი აქტი სადაზღვევო კომპანიას შესაძლებლობას მისცემდა მზღვეველისგან უკან გამოეთხოვა გადახდილი ანაზღაურება.

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია გაანალიზოს საკასაციო საჩივრებში გადმოცემული მხოლოდ ძირითადი არგუმენტები.

20. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

23. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8000 ლარის (საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 24.07.2020წ), 70% - 5600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „ჯ. ტ.“ (ს/ნ .....) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8000 ლარის (საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 24.07.2020წ), 70% - 5600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. სს „ს.კ.ე.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

4. სს „ს.კ.ე.ჯ–ას“ (ს/ნ .....) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 5600 ლარის (საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 17.02.2020წ), 70% - 3920 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე