დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 16.03.2023
საქმის ნომერი
ას-1639-2022
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.03.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ას-1639-2022

16 მარტი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – უ.მ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ააიპ „ა.მ.“, ვ.უ–ძე, ლ.ფ–ვა (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – მოპასუხეთა მიერ საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებების ცილისწამებად აღიარება, გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფა, მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 05 აგვისტოს გადაწყვეტილებით:

1. უ.მ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

1.1. მოპასუხეების მიერ გავრცელებული სადავო განცხადებები აღიარებული იქნა ცილისწამებად და დაევალა მოპასუხე ორგანიზაციას ანტიკორუფციულ მოძრაობას და მის წარმომადგენლებს ვ.უ–ძეს და ლ.ფ–ვას, მოსარჩელის შესახებ გავრცელებული ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის განმავლობაში ტელეკომპანია პირველების გადაცემა „დღის ამბებში“, ტელეკომპანია „მთავარის“ საინფორმაციო გამოშვებაში, რადიო თავისუფლების ეთერში, ევრონიუს ჯორჯიას ეთერში, ტელეკომპანია მთავარის გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ და ასევე ორგანიზაცია ა.მ–ის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე, სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ შემდეგი სახით ცნობის გამოქვეყნების გზით, კერძოდ:

1.2. ორგანიზაციის წარმომადგენლის, ვ.უ–ძის მიერ 2022 წლის 30 იანვარს ტელეკომპანია პირველის გადაცემა დღის ამბებში გაკეთებული მტკიცებითი განცხადება, კერძოდ: „ეს არის ადამიანი, კორუფციის სიმბოლო საქართველოში, შეიძლება ითქვას, ეს არის უ.მ–ი, რომელიც ხელმძღვანელობს და მფარველობს საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ დანაშაულს, ეს არის ტრანსნაციონალური დანაშაული და ყველას გვაქვს ინფორმაცია ე.წ. ქოლ ცენტრების შესახებ, საიდანაც ხდება ევროპის მოქალაქეების კიბერთავდასხმა“ - არის არსებითად მცდარი და ცილისმწამებლური.

1.3. ორგანიზაციის წარმომადგენლის, ვ.უ–ძის მიერ 2022 წლის 31 იანვარს რადიო თავისუფლების ჟურნალისტთან გაკეთებული მტკიცებითი განცხადება, კერძოდ: „ამ ქოლცენტრების უკან დგანან კონკრეტული პირები, მათ აქვთ სახელები და გვარები. ეს არის უ.მ–ი, ი–ის დეიდაშვილი, რომელიც კურირებს მთლიანად ამ ბიზნესს საქართველოში, თუ ამას შეიძლება ბიზნესი დავარქვათ“ - არის არსებითად მცდარი და ცილისმწამებლური.

1.4. ორგანიზაციის წარმომადგენლის, ვ.უ–ძის მიერ 2022 წლის 18 თებერვალს ტელეკომპანია მთავარის გადაცემა მთავარ აქცენტებში გაკეთებული მტკიცებითი განცხადება, კერძოდ: „გამორჩეულად ქოლცენტრები, რომლებსაც ფლობენ უ.მ–ი და თქვენ როგორც აღნიშნეთ ბიზნესის ფრთა, რომლებიც პირადად აფინანსებენ საარჩევნო კამპანიებს არაფორმალურ ნაწილში ეს არის ამომრჩევლების მოსყიდვა ე.წ. ქუჩის დაფინანსება, ისინი რჩება, განსაკუთრებული ზომების დაცვით, მათი ოფისები იქნება განთავსებული თაუერების ბოლო სართულებზე, სადაც შესვლა ფაქტიურად შეუძლებელია.“ - არის არსებითად მცდარი და ცილისმწამებლური.

1.5. ორგანიზაციის წარმომადგენლის, ვ.უ–ძის მიერ 2022 წლის 10 თებერვალს ევრონიუს ჯორჯიას სიუჟეტში გასული მტკიცებითი განცხადება, კერძოდ: „გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რომ საქართველოსა და იმ ქვეყნებს შორის საიდანაც ჩვენ ვყიდულობთ ელექტროენერგიას, არსებობენ შუამავალი კომპანიები, რომლებიც ასრულებენ მხოლოდ და მხოლოდ ერთ როლს, ეს არის უ.მ–ისთვის დამატებითი თანხების აკუმულირება, რაც თავისთავად აძვირებს თვითღირებულებას ელექტროენერგიის და ეს არის მთავარი წყარო საქართველოში ელექტროენერგიის გაზრდის“- არის არსებითად მცდარი და ცილისმწამებლური.

1.6. ორგანიზაციის წარმომადგენლის, ლ.ფ–ვას მიერ 2022 წლის 10 თებერვალს ტელეკომპანია მთავარის ეთერში გასული მტკიცებითი განცხადება, კერძოდ: „ჩვენ ვიცით, რომ არსებობენ ქვეყანაში არაფორმალური მმართველები, როგორიც არის ბატონი ფ–ძე, ბატონი უ.მ–ი, რომლის კომპანიები და კონკრეტულად ის შუამავალი კომპანიები, რომლებიც იმპორტიდან სარგებლობენ და მიაქვთ ე.წ „შავი ფული“ და ამაში ჩართული არის სემეკის თავმჯდომარე ბატონი ნ–ა და ეს არის დიდი ერთობლივი, ორკესტრირებული კორუფციული სქემა, რომელსაც ხელმძღვანელობს ი–ის რეჟიმი“ - არის არსებითად მცდარი და ცილისმწამებლური.

1.7. ორგანიზაციის წარმომადგენლის, ვ.უ–ძის მიერ 2022 წლის 10 თებერვალს ტელეკომპანია ფორმულას ეთერში გასული მტკიცებითი განცხადება, კერძოდ: „დღეს ჩვენ მოვედით ასევე ესკოსთან, ენერგეტიკული ბაზრის მმართველ კომპანიასთან, რომელიც უშუალოდ აფორმებს ამ ხელშეკრულებებს უ.მ–ის ე.წ. შუამავალ კომპანიებთან და ამ შემთხვევაში ხდება ფასნამატის გაკეთება, შუამავალი კომპანიების მეშვეობით, სადაც სახელმწიფოს და მოქალაქეების ხარჯზე მილიონობით ლარს აკეთებს უ.მ–ი და მისი გარემოცვა, რომელიც არის დაკავებული კრიმინალური და კორუფციული საქმიანობით ამ ქვეყანაში.“ - არის არსებითად მცდარი და ცილისმწამებლური.

1.8. ორგანიზაციის წარმომადგენლის, ვ.უ–ძის მიერ 2022 წლის 21 იანვარს ტელეკომპანია მთავარის ეთერში გასული მტკიცებითი განცხადება, კერძოდ: „ეს კამპანია ემსახურება იმ კორუფციული სქემის დამარცხებას, რომელიც არის საქართველოს ელექტროსისტემაში და ის, რომ ჩვენ (მოსახლეობას) ელექტროენერგიის ტარიფი გვიძვირდება ამას ჰყავს თავისი შემოქმედები და მათ აქვთ სახელები და გვარები, ეს არის არაფორმალური ვერტიკალის ერთ-ერთი მთავარი ბოსი შეიძლება ითქვას, უ.მ–ი, რომელიც თავისი კომპანიებით, თავისი გარემოცვით არის ჩართული კორუფციულ სქემაში, როცა საქართველო ახდენს ელექტროენერგიის შეძენას იმპორტზე, ეს არის რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი.“ - არის არსებითად მცდარი და ცილისმწამებლური.

2. ააიპ ა.მ–ბას უ.მ–ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის კომპენსაციის სახით - 5000 ლარის გადახდა.

3. ვ.უ–ძეს უ.მ–ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის კომპენსაციის სახით - 5000 ლარის გადახდა.

4. ლ.ფ–ვას უ.მ–ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის კომპენსაციის სახით - 5000 ლარის გადახდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს 2022 წლის 05 აგვისტოს გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2022 წლის 13 ივნისის, 06 ივლისის და 29 ივლისის მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინებებთან ერთად სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა – ააიპ ა.მ–ამ, ვ.უ–ძემ და ლ.ფ–ვამ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და საოქმო განჩინებების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 დეკემბრის განჩინებით ააიპ „ა.მ–ის“, ვ.უ–ძის და ლ.ფ–ვას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 05 აგვისტოს გადაწყვეტილება, ასევე 2022 წლის 13 ივნისის, 06 ივლისის და 29 ივლისის საოქმო განჩინებები მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა უ.მ–მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 08 თებერლის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ უ.მ–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი საქმის განხილვის წესებით, თუ აღნიშნული წესები საკასაციო პალატისათვის განსაზღვრულ სპეციალურ ნორმებს არ ეწინააღმდეგება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

სსსკ-ის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული. სსსკ-ის 391-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. შესაბამისად, თუ მხარე არ ეთანხმება პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, იგი უნდა გაასაჩივროს სააპელაციო წესით და თუ სააპელაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს მის სააპელაციო საჩივარს, უფლებამოსილია წარადგინოს საკასაციო საჩივარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას არა აქვს საკასაციო საჩივრის წარდგენის უფლება.

მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).

დასახელებული ნორმის მიხედვით, სარჩელი შეიძლება განუხილველად დარჩეს იმის შემდეგაც, რაც მიიღება წარმოებაში. აღნიშნული დასაშვებია, თუ სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველი ცნობილი გახდება სარჩელის ან სხვა სახის საჩივრის წარმოებაში მიღების შემდეგ. კანონის აღნიშნული დანაწესი ვრცელდება საკასაციო საჩივრის მიმართაც. აღნიშნულ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 თებერვლის №ას-1244-1184-2014 განჩინება).

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 08 თებერვლის განჩინებით უ.მ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად. საქმის მასალების შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლომ დაადგინა, რომ უ.მ–ს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2022 წლის 05 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია და შესაბამისად მის მიმართ იგი კანონიერ ძალაშია შესული, რაც მისი სკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია (იხ. სუსგ.: Nას-652-614-2012, 18.05.2012; Nას-614-584-2013, 22.07.2013; Nას-263-2021, 26.03.2021).

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 6000 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 391-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. უ.მ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. უ.მ–ს (.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ლ.ძ–ას მიერ 2023 წლის 30 იანვარს №1860 საგადახდო დავალებით გადახდილი 6000 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

ლაშა ქოჩიაშვილი