დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1630-2022
31 მარტი, 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ღია საზოგადოება „ა.გ–ის“ ფილიალი საქართველოში (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.დ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – შრომის ანაზღაურების დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გ.დ–ძემ (შემდეგში მოსარჩელემ) ბოლნისის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა ღია საზოგადოება „ა.გ–ის“ ფილიალის (შემდეგში მოპასუხის) მიმართ, შრომის ანაზღაურებისა და კომპენსაციის დაკისრების მოთხოვნით.
1.1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 04 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ.დ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ღია საზოგადოება „ა.გ–ის“ ფილიალს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2020 წლის აპრილის, მაისის და ივნისის თვეების მიუღებელი შრომის ანაზღაურების გადახდა 2700 ლარის ოდენობით (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადებისა და გადასახდელების გამოკლებით). დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა
2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 04 ნოემბრის გადაწყვეტილებითა სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და დავის საგნის არარსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა.
2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 05 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად. ამავე სასამართლოს 2022 წლის 02 სექტემბრის განჩინებით განისაზღვრა სააპელაციო საჩივრის სასამართლო სხდომაზე განხილვის თარიღი. კერძოდ: საქმის ზეპირი განხილვა დაინიშნა სასამართლოს მთავარ სხდომაზე 2022 წლის 19 ოქტომბერს, 16:00 საათზე (დისტანციურად, ვიდეოკონფერენციის მეშვეობით), რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
2.2. 2022 წლის 19 ოქტომბერს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე - გ.დ–ძე, ხოლო აპელანტის წარმომადგენელი - ტ.უ–ძე სასამართლო სხდომას დაესწრო დისტანციურად, მის მიერ მოწოდებული ელექტრონული ფოსტის მისამართის (t–ze@gmail.com) მეშვეობით. მხარეთა შესაძლო მორიგების ხელშეწყობის მიზნით, საქმის განხილვა გადაიდო და მხარეებთან შეთანხმებით განისაზღვრა მომდევნო სასამართლო სხდომის თარიღი - 2022 წლის 2 ნოემბერი, 11:00 საათი.
2.3. სხდომის ჩატარების დროისა და ადგილის თაობაზე მხარეებს ეცნობათ სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. მოწინააღმდეგე მხარე - გ.დ–ძემ, რომელიც ესწრებოდა სასამართლო სხდომას, სასამართლო ხელწერილზე ხელმოწერით დაადასტურა, რომ გაეცნო სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შესახებ უწყებას და გამოუცხადებლობის შედეგებს, ხოლო აპელანტის წარმომადგენელი - ტ.უ–ძე მომდევნო სასამართლო სხდომის თარიღისა და დროის, ასევე, გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილებულ იქნა დისტანციურად, ვიდეოკონფერენციის საშუალებით.
2.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2022 წლის 02 ნოემბერს დანიშნულ სხდომაზე დისტანციურად ჩაერთო მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარე გ.დ–ძე, აპელანტი წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, არც დისტანციურად ჩაერთო და გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზეც არ უცნობებია სასამართლოსთვის.
2.5. მოწინააღმდეგე მხარემ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 04 ნოემბრის გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 02 ნოემბრის განჩინებით ღია საზოგადოება „ა.გ–ის“ ფილიალის სააპელაციო საჩივარი ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 04 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი, აპელანტის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო.
3.1. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტის წარმომადგენელი, რომელის კანონით დადგენილი წესით იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის შესახებ. მას არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის. პალატამ მიიჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საფუძვლიანი იყო და დააკმაყოფილა იგი.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხის წარმომადგენელმა და მოითხოვა მისი გაუქმება.
4.1. კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს სხდომაზე გამოუცხადებლობა ჩაეთვალოს საპატიოდ, მიუთითებს, რომ არის კომპანიის ერთადერთი წარმომადგენელი და 2022 წლის 22 ნოემბერს იმყოფებოდა საზღვარგარეთ.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
6. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
8. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია აპელანტის გამოუცხადებლობის საფუძვლით გამოტანილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი.
9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
10. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი კანონით დადგენილი წესით მოწვეული იყო საქმის განხილვაში და არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით (სუსგ №ას-1668-2019, 28.02.2020წ; №ას-1380-2019, 24.12.2019წ.). მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია და კერძო საჩივრით შედავებული არ არის, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება წარმოადგენს მხარის სასამართლოს სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის პროცესუალურ შედეგს და მისი გამოყენების მართლზომიერება პირდაპირ უკავშირდება საკითხს იყო თუ არა მხარე ინფორმირებული სასამართლო სხდომის შესახებ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის მიხედვით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის შესახებ და უწყება ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაჰბარდა ერთ-ერთ მათგანს ან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
12. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია და კერძო საჩივრით შედავებული არ არის ის გარემოება, რომ ღია საზოგადოება „ა.გ–ის“ ფილიალი კანონით დადგენილი წესით იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის შესახებ.
13. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება ავადმყოფობა, ახლო ნათესავის გარდაცვალება ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
14. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ ვინაიდან კომპანიის ერთადერთი წარმომადგენელია და 2022 წლის 22 ნოემბერს იმყოფებოდა საზღვარგარეთ, სხდომაზე გამოუცხადებლობა სასამართლომ საპატიოდ უნდა მიიჩნიოს. საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ავტორის აღნიშნულ არგუმენტს ვერ გაიზიარებს და მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომელიც ავალდებულებს მხარეს, დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ შესაბამის მტკიცებულებაზე დაყრდნობით კანონით დადგენილი წესით ვერ უზრუნველყო სასამართლო სხდომაზე მისი საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის ფაქტის დადასტურება. 2022 წლის 22 ნოემბერს აპელანტის წარმომადგენლის - ტ.უ–ძის საზღვარგარეთ ყოფნა კი 2022 წლის 02 ნოემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობას თავისთავად ვერ დაადასტურებს. კერძო საჩივრის ავტორს პროცესზე გამოუცხადებლობის სხვა ობიექტური, საპატიო მიზეზის თაობაზე არ მიუთითებია და ვერც ის გარემოება დაადასტურა, რომ საპატიო მიზეზით ვერ შეძლო წინასწარ ეცნობებინა სასამართლოსთვის მისი გამოუცხადებლობის შესახებ.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მოპასუხის სააპელაციო საჩივარი და არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ღია საზოგადოება „ა.გ–ის“ ფილიალის საქართველოში კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე