დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 02.03.2023
საქმის ნომერი
ას-1003-2022
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
02.03.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1003-2022 2 მარტი, 2023 წელი,თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.ნ–ძე (ი. ხ–ის, ლ. ხ–ისა და მ. ხ–ის უფლებამონაცვლე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხეები – შპს „ი–სი“, მ.ჭ–ია (თ.ჭ–იას უფლებამონაცვლე), თ.ჭ–ია, ლ.ჭ–ია, პ.ნ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების წილის მესაკუთრედ ცნობა, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ.ნ–ძე (ი. ხ–ის, ლ. ხ–ისა და მ. ხ–ის უფლებამონაცვლე) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მარტის განჩინებას, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით, სს ,,თ.ბ–ის" სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

1.1. მოპასუხეებს შპს ,,ი–სს", თ.ჭ–იას და პ.ნ–ძეს მოსარჩელე სს ,,თ.ბ–ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ: 2013 წლის 30 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 115 388,32 აშშ დოლარის, პროცენტის 10 893,75 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს 2 000 აშშ დოლარის გადახდა; 2015 წლის 26 აგვისტოდან დავალიანების სრულად დაფარვამდე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 115 388,32 აშშ დოლარის წლიური 11,3%-ს და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს 0,02%-ს გადახდა; 2013 წლის 24 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 100 000 აშშ დოლარის, პროცენტის 9 191,77 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს 5 000 აშშ დოლარის გადახდა; 2015 წლის 26 აგვისტოდან დავალიანების სრულად დაფარვამდე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 100 000 აშშ დოლარის წლიური 11%-ს და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს - 0,02%-ს გადახდა; ლ. ხ–ი, ი. ხ–ი და მ. ხ–ი ცნობილი იქნენ უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი #....), მ. ხ–ის სახელზე აღრიცხული 1/2 წილის მესაკუთრეებად და საჯარო რეესტრში თანაბარწილად აღირიცხოს ლ. ხ–ის, ი. ხ–ის და მ. ხ–ის თანასაკუთრებად; შპს ,,ი–სის", თ.ჭ–იას და პ.ნ–ძისთვის გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი #......) იძულებით აუქციონზე რეალიზაცია; იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი მოსარჩელის მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, აღსრულება მიექცეს შპს ,,ი–სის", თ.ჭ–იას და პ.ნ–ძის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე;

2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორის განმარტებით, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული იქნა უკანონო გადაწყვეტილება ნ.ნ–ძის საჩივართან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას იმ ნაწილში რომლითაც დადგინდა, რომ უძრავი ქონება N01.72.14.034.818 გარდაცვლილ მ. ხ–ის სახელზე აღრიცხული 1/2 წილის მესაკუთრეებად და მითითებული ქონების 1/2 წილი საჯარო რეესტრში თანაბარწილად აღირიცხოს მოპასუხეების ლ. ხ–ის, ი. ხ–ის და მ. ხ–ის თანასაკუთრებად; შპს ,,ი–სის", თ.ჭ–იას და პ.ნ–ძისთვის გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი #........) იძულებით აუქციონზე რეალიზაცია.

2.1. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ ისე დაადგინა ლ. ხ–ი, ი. ხ–ი და მ. ხ–ი (რომელთა უფლებამონაცვლეა ნ.ნ–ძე) უძრავი ქონების მესაკუთრეებად, რომ გადაწყვეტილებით ფაქტი იმის შესახებ, რომ სამივე მემკვიდრე შეუდგა სამკვიდროს ფლობას არ დაუდგენია. სამოქალაქო კოდექსის თანახმად კი პირი, რომელმაც უნდა მიიღოს სამკვიდრო და ცნობილი იქნეს მემკვიდრედ არ კმარა მხოლოდ ის ფაქტი რომ პირი იყოს ნათესაური ხაზით მემკვიდრე, ანუ კონკრეტულ შემთხვევაში შვილი. ამისათვის საჭიროა, რომ პირი შეუდგეს სამკვიდროს ფლობას ან/და ექვსი თვის ვადაში მიიღოს სამკვიდრო ნოტარიუსში განცხადების წარდგენის გზით. მოცემულ შემთხვევაში კი შვილებს ასეთი რამ არ გაუკეთებიათ. გარდა ამისა, სს „თ.ბ–მა“ მოთხოვნა სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში არ წაუყენა გარდაცვლილ მ. ხ–ის მემკვიდრეებს, რის გამოც მან მათ მიმართ მოთხოვნა დაკარგა, ანუ ბანკმა დაკარგა დაკისრებული დავალიანების უზრუნველყოფის „იპოთეკის“ მოთხოვნის უფლება ნ.ნ–ძის ნაწილში საერთო ქონების 1/2 ნაწილში. საქმეში არ არის წარმოდგენილი წერილობითი მოთხოვნა, რომელიც ჩაბარდა მ.ი ხ–ის მემკვიდრეებს. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა ნ.ნ–ძის კუთვნილი წილის (1/2) დავალიანების გადასახდელად რეალიზაცია საჯარო აუქციონზე არის უკანონო დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შემოწმების მიზნით.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ნოემბრის განჩინებით, თ.ჭ–იას უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მ.ჭ–ია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

6.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

7.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2013 წლის 29 მაისს სს ,,თ.ბ–ს’’ და შპს ,,ი–სს’’ შორის გაფორმდა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით ბანკი აცხადებდა თანხმობას კლიენტისთვის ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით მიეწოდებინა საბანკო მომსახურების პაკეტი.

7.2. 2013 წლის 29 მაისის ხელშეკრულების 9.3. პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ამ ხელშეკრულების ან/და მის ფარგლებში გაფორმებული დამატებითი ხელშეკრულებების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ან/და დაგირავებული ქონების (უზრუნველყოფის ობიექტების) რეალიზაციით მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება ამ ხელშეკრულების ან/და მის ფარგლებში გაფორმებული დამატებითი ხელშეკრულებების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების მთლიანად შესასრულებლად, კლიენტის ვალდებულებები ჩაითვლება შესრულებულად მხოლოდ იპოთეკისა და გირავნობის საგნების რეალიზაციით მიღებული თანხების ტოლი ოდენობით, რაც ნიშნავს იმას, რომ კლიენტი ვალდებული იქნება გადაუხადოს ბანკს თანხა, რომელიც ტოლი იქნება სხვაობისა კლიენტის ვალდებულებების საერთო მოცულობასა და იპოთეკის/გირავნობის საგნების რეალიზაციით მიღებული თანხების ჯამურ ოდენობას შორის.

7.3. საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 5.3. პუნქტის თანახმად, საპროცენტო სარგებელი ერიცხება კლიენტის ფაქტობრივ დავალიანებას ბანკის მიმართ და იანგარიშება პროდუქტით ფაქტობრივად სარგებლობის დღეების შესაბამისად 365 დღეზე გაანგარიშებით. სს ,,თ.ბ–ს’’ და შპს ,,ი–სს’’ შორის გაფორმებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით: ა) 2013 წლის 29 მაისს, სს ,,თ.ბ–ს“, თ.ჭ–იას და ი. ხ–ს შორის გაფორმდა #123123198202 და #123123198206 იპოთეკის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა თ.ჭ–იას და ი. ხ–ის საკუთრებაში არსებული ორი უძრავი ქონება: 1) მდებარე - თბილისი, ....., უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #.......; 2) მდებარე - თბილისი, სოფელი დიღომი, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #....... მოგვიანებით, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთები გაერთიანდა და მიენიჭა საკადასტრო კოდი #......; ბ) 2013 წლის 29 მაისს სს ,,თ.ბ–ს” და თ.ჭ–იას შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების მიხედვით, თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა შეადგენს 2 000 000 აშშ დოლარს; გ) 2013 წლის 29 მაისს სს ,,თ.ბ–ს” და პ.ნ–ძეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების მიხედვით, თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა შეადგენს 2 000 000 აშშ დოლარს.

7.4. 2013 წლის 30 მაისს სს ,,თ.ბ–ს“ და შპს ,,ი–სს’’ შორის, საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, გაფორმდა შემადგენელი საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა - 300 000 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - წლიური 11,3%, ხელშეკრულების ვადა - 1091 დღე, პირგასამტეხლო - დავალიანების 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

7.5. 2013 წლის 2 ივლისს სს ,,თ.ბ–ს“ და შპს ,,ი–სს’’ შორის გაფორმდა შეთანხმება 2013 წლის 30 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, კერძოდ, ცვლილება შევიდა 2013 წლის 30 მაისის ხელშეკრულების 2.3. პუნქტში და კრედიტის თანხად განისაზღვრა 190 000 აშშ დოლარი.

7.6. საბანკო კრედიტის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს კრედიტი უნდა დაებრუნებინა ნაწილ-ნაწილ, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, ყოველთვიურად სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის ნაწილის გადახდით.

7.7. 2013 წლის 24 დეკემბერს სს ,,თ.ბ–ს“ და შპს ,,ი–სს’’ შორის, საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, გაფორმდა შემადგენელი საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 100 000 აშშ დოლარის ოდენობით, სარგებლის - წლიური 11%-ს დარიცხვით, ხელშეკრულების ვადა 366 დღე, პირგასამტეხლო დავალიანების 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

7.8. მსესხებელს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა საპროცენტო სარგებელი, ხოლო სესხის ძირითადი თანხა უნდა დაეფარა ორ ნაწილიდან ხელშეკრულების მოქმედების ბოლო ორი თვის განმავლობაში.

7.9. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები და გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსესხებელს წარმოეშვა სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის დავალიანება, ასევე დაერიცხა პირგასამტეხლო.

7.10. 2017 წლის 4 ნოემბერს გარდაიცვალა იპოთეკით დატვირთული ქონების (მდებარე - თბილისი, ....., უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #......) ½ წილის მესაკუთრე მ. ხ–ი. მე. ხ–ის სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა გაცემული არ არის.

7.11. ლ. ხ–ი, ი. ხ–ი და მ. ხ–ი არიან გარდაცვლ. მ. ხ–ის პირველი რიგის მემკვიდრეები, კერძოდ, ლ. ხ–ი არის მ. ხ–ის მეუღლე, ი. ხ–ი და მ. ხ–ი კი არიან მ. ხ–ის შვილები.

7.12. 2015 წლის 26 აგვისტოს მდგომარეობით, შპს ,,ი–სის’’ დავალიანება სს ,,თ.ბ–ის” მიმართ: 1) 2013 წლის 30 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 144 627,35 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 115 388,32 აშშ დოლარი, პროცენტი 10 893,75 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 18 345,28 აშშ დოლარი; 2) 2013 წლის 24 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 161 724,34 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 100 000 აშშ დოლარი, პროცენტი 9 191,77 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 52 532,57 აშშ დოლარი.

7.13. წარდგენილი სარჩელით მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხეების შპს ,,ი–სის’’, თ.ჭ–იას და პ.ნ–ძისთვის 2013 წლის 30 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 144 627,35 აშშ დოლარის და 2013 წლის 24 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 161 724,34 აშშ დოლარის სოლიდარულად გადახდის დაკისრებას.

8. დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია, ლ. ხ–ის, ი. ხ–ისა და მ. ხ–ის უძრავი ქონების - მდებარე: თბილისი, ......, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი N ....., მ.ხ–ის სახელზე აღრიცხული 1/2 წილის მესაკუთრეებად ცნობასა და მითითებული ქონების 1/2 წილი საჯარო რეესტრში თანაბარწილად მოპასუხეების ლ. ხ–ის, ი. ხ–ის და მ. ხ–ის თანასაკუთრებად აღრიცხვის თაობაზე, ასევე, კასატორის კუთვნილი (1/2) წილის დავალიანების გადასახდელად საჯარო აუქციონზე რეალიზაციის შესახებ.

9. სამოქალაქო კოდექსი ადგენს კანონით მემკვიდრეების რიგითობას, თუ როგორ უნდა განაწილდეს სამკვიდრო ქონება მემკვიდრეებს შორის - კერძოდ, 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები). სსკ-ის 1337-ე მუხლის მიხედვით, წინა რიგის, თუნდაც ერთ-ერთი მემკვიდრის არსებობა, გამორიცხავს შემდგომი რიგის მემკვიდრეობას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებულია მემკვიდრეობის ორი სახე - კანონით მემკვიდრეობა და ანდერძით მემკვიდრეობა, რომლებიც თავისი სპეციფიკურობით ხასიათდებიან. სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. სამკვიდროს მიღების წესი ერთნაირია როგორც კანონით, ისე ანდერძით მემკვიდრეობის დროს და იგი შეიძლება მიღებულ იქნეს სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანით, სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობითა და მართვით. მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში, რომელშიც მამკვიდრებელი ცხოვრობდა, განიხილება სამკვიდროს მიღებად, რამდენადაც მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა გარდაცვლ.ს ნივთების ფლობას. განსახილველ შემთხვევაში, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების - მდებარე: თბილისი, ....., უძრავი ქონების საკადასტრო კოდი N .... - 1/2 წილის მესაკუთრეს მ. ხ–ი წარმოადგენდა, რომელიც 2017 წლის 4 ნოემბერს გარდაიცვალა. მ. ხ–ს ჰყავს სამი პირველი რიგის მემკვიდრე: მეუღლე - ლ. ხ–ი და შვილები - ი. ხ–ი და მ. ხ–ი.

10. კანონით მემკვიდრეების რიგითობა, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემულია სსკ-ის 1336-ე მუხლში. ყველა რიგის მემკვიდრეს ერთნაირი სიახლოვე არ აქვს მამკვიდრებელთან, ამიტომ ფიზიკურ პირთა მემკვიდრეებად მოწვევის თანმიმდევრობა ძირითადად დადგენილია მამკვიდრებელთან ნათესაური კავშირის ხარისხის (რიგითობის) მიხედვით. სამვიდროს გახსნის შემდეგ, სამკვიდროს მისაღებად მოწვეული იქნებიან პირველი რიგის მემკვიდრეები. თუ პირველი რიგის თუნდაც ერთი მემკვიდრე მაინც სახეზეა, მაშინ მეორე რიგის მემკვიდრეები სამკვიდროს ვერ მიიღებენ.

11. ამდენად, სამემკვიდრეოსამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობა და სამემკვიდრეო უფლებების განხორციელება უკავშირდება არა მარტო სამკვიდროს გახსნის მომენტს (სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღეს სსკ-ის 1319-1320-ე მუხლები), არამედ მემკვიდრეთა მხრიდან გარკვეული იურიდიული მოქმედების შესრულებას. მართალია, კანონის თანახმად, სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრება ხდება მისი გახსნის მომენტიდან (სსკ-ის 1433-ე მუხლი), მაგრამ, აუცილებელია, მემკვიდრემ კანონით დადგენილ ექვსთვიანი ვადის დაცვით შეასრულოს სამკვიდროს მიღებისათვის აუცილებელი მოქმედება (სსკ-ის 1424-ე მუხლი). სამკვიდროს მიღების წესი დადგენილია სსკ-ის 1421-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომლის მიხედვითაც მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადებას ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი (შდრ. სუსგ №ას-283-268-2017, 07.07.2017). სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 15 მაისის წერილის საფუძველზე დადგენილია, რომ მ. ხ–ის სამკვდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა გაცემული არ არის. დადგენილია, რომ ლ. ხ–მა, ი. ხ–მა და მ. ხ–მა ფაქტობრივი ფლობით მემკვიდრეობით მიიღეს მ. ხ–ის კუთვნილი 1/2 წილი უძრავი ქონებისა, მდებარე - თბილისი, სოფელი დიღომი, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი N ...... ფაქტობრივი ფლობისკენ მიმართული ნებისმიერი მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება (სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, აუცილებელია ნების ნამდვილობა). მემკვიდრის ყველა ამგვარი მოქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა (მაგალითად: მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში ცხოვრება, მამკვიდრებლის ნივთების, როგორც საკუთარის მიღება და განკარგვა, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვა, მოვლა და სხვა) (შდრ. სუსგ. Nას-283-268-2017, 07.07.2017; Nას-1172-1127-2016, 31.03.2017წ; Nას-203-193-2016, 02.06.2016; Nას-972-921-2015, 15.12.2015წ; Nას-482-455-2012, 31.05.2012წ).

12. სამოქალაქო კოდექსი ადგენს მამკვიდრებლის კრედიტორებს და მემკვიდრეებს შორის ურთიერთობის სპეციალურ წესს. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, მითითებული წესების დაუცველობა გამოიწვევს კრედიტორების მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვას. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის შინაარსზე, კერძოდ, მითითებულ მუხლში საუბარია არა სასარჩელო ხანდაზმულობის, არამედ პრეტენზიის წარდგენის ვადებზე, რაც განსხვავებული ცნებებია. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული მუხლით დადგენილი ექვსთვიანი ვადა არის მამკვიდრებლის კრედიტორთა მიერ მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენისა და არა სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ, თუ მამკვიდრებლის კრედიტორებმა ზემოხსენებული ვადის დაცვით არ წარუდგინეს მოთხოვნა მემკვიდრეებს, ისინი კარგავენ მოთხოვნის უფლებას, რაც, შემდგომში, სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იქნება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის №ას-570-2020 და 2022 წლის 1 ივლისის №ას-1028-2021 განჩინება).

13. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო სამკვიდროს გახსნის დრო (საქმეში წარმოდგენილი იქნა მ. ხ–ის გარდაცვალების მოწმობა, ასევე მისი გარდაცვალების გამო სასამართლოს განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება, რაც ჩაბარდა მოსარჩელე მხარეს). რაც შეეხება მემკვიდრეების შესახებ ინფორმაციას, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, მ. ხ–ის სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა არ გაცემულა. შესაბამისად, ბანკისთვის ერთმნიშვნელოვნად არ იყო ცნობილი მ. ხ–ის მემკვიდრეების შესახებ. ამასთან, კანონისმიერი მემკვიდრეების შესახებ ინფორმაცია მოსარჩელემ მოიძია და ამავდროულად 2018 წლის 22 მარტს წერილი გაუგზავნა ლ. ხ–ს, ი. ხ–ს და მ. ხ–ს და მათ წაუყენა შესაბამისი მოთხოვნა. მოსარჩელემ დასახელებულ მოპასუხეებს წერილი გაუგზავნა თავდაპირველად აღძრულ სარჩელზე ამავე მოპასუხეების მიერ წარმოდგენილ შესაგებელში მითითებულ მისამართებზე, თუმცა არაერთი მცდელობის მიუხედავად, მოთხოვნის ჩაბარება დასახელებული მოპასუხეებისთვის ვერ მოხერხდა (იხ. სს ,,თ.ბ–ის" 2018 წლის 22 მარტის წერილი, საფოსტო შეტყობინებები და მისამართზე გამოცხადების ოქმები, ტომი 3, ს.ფ. 94-107). ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სს ,,თ.ბ–მა" მ. ხ–ის სავარაუდო მემვიდრეებს მოთხოვნა წაუყენა სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში. ლ. ხ–ი, ი. ხ–ი და მ. ხ–ის სს ,,თ.ბ–ის" მიერ თავდაპირველად აღძრულ სარჩელში მ. ხ–თან ერთად წარმოადგენდნენ მოპასუხეებს და მათთვის ცნობილი იყო სს ,,თ.ბ–ის" მოთხოვნის შესახებ. მ. ხ–ი იყო იპოთეკის საგნის მესაკუთრე, შესაბამისად უძრავ ქონებაზე იპოთეკის რეგისტრაცია იმთავითვე განაპირობებდა მ. ხ–ის სავარაუდო მემკვიდრეების ინფორმირებულობას კრედიტორის მოთხოვნის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ, ვინაიდან მამკვიდრებელს დარჩა სამი პირველი რიგის მემკვიდრე, წარმოშობდა საკმარის საფუძველს მათთვის სამკვიდროს ½ ნაწილის მისაკუთვნებლად, ამასთან, 30.05.2013წ. და 24.12.2013წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით. შესაბამისად, მოსარჩელეს გააჩნია იურიდიული ინტერესი, რომ აღნიშნული უძრავი ქონების 1/2 წილი, რომელიც საჯარო რეესტრში აღრიცხულია გარდაცვლ. მ. ხ–ის საკუთრებად, აღირიცხოს მისი მემკვიდრეების სახელზე. ამდენად, საკასაციო პრეტენზია ამ ნაწილშიც უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს გაზიარებული.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება.

15. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

16. სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

17. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.ნ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ნ.ნ–ძეს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს დ.ღ–ძის მიერ 12/10/2022წ. №0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი