დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
15 სექტემბერი 2023 წელი
№ას-968-2023 თბილისი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ ნ.ი–ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ს.ს.ი.პ. გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით დაკისრებული კომპენსაციის ოდენობის გაზრდა.
დავის საგანი _ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება, დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენა, მორალური ზიანის დაკისრება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ნ.ი–მა სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე - ს.ს.ი.პ. გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის მიმართ და მოითხოვა:
1.1. მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მოპასუხის დირექტორის 2021 წლის 21 დეკემბრის №MOD 521 01347652 შეტყობინების და იმავე წლის 31 დეკემბრის №MOD 021 00001994 ბრძანების ბათილად ცნობა.
1.2. მოსარჩელის აღდგენა გათავისუფლებამდე დაკავებულ ან მის ტოლფას თანამდებობაზე.
1.3. 2022 წლის 1 იანვრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის სახით ყოველთვიურად დარიცხული 425 ლარის ანაზღაურება.
1.4. 2021 წლის გამოუყენებელი შვებულების - 425 ლარის ანაზღაურება.
1.5. მოსარჩელის მიმართ განხორციელებული პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენა და მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით 3000 ლარის დაკისრება.
2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის დირექტორის 31.12.2021 წლის №MOD 021 00001994 ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ; პირვანდელ/ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის შეუძლებლობის სანაცვლოდ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა კომპენსაციის სახით 5000 ლარის გადახდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2022 წლის 1 მარტიდან - სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 425 ლარის ოდენობით (დარიცხული სახით); დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით, კომპენსაციის ოდენობად 10 200 ლარის განსაზღვრა, ხოლო მოპასუხემ - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად უარყოფა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 იანვრის განჩინებით, სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ ფაქტობრივსამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:
5.1. მოსარჩელე მოპასუხესთან დასაქმებული იყო უვადოდ, მისი სამუშაო სტაჟი შეადგენდა 9 წელს, 11 თვესა და 28 დღეს.
5.2. 2021 წლის პირველი აპრილის შრომითი ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელე 2021 წლის პირველი აპრილიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ასრულებდა სახიფათო სამედიცინო ნარჩენების აღრიცხვის, ანგარიშგებასა და ნარჩენების დროებითი დაყოვნების სათავსის სანიტარულ მდგომარეობაზე პასუხისმგებელი პირის ფუნქციებს. მისი თანამდებობრივი სარგო განსაზღვრული იყო საბიუჯეტო სახსრებიდან ყოველთვიურად დარიცხული 300 ლარისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებიდან ყოველთვიურად დარიცხული 125 ლარის ოდენობით.
5.3. 2021 წლის 21 დეკემბერს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით მოსარჩელეს ჩაბარდა მოპასუხის NMOD 521 01347652 წერილი, რომლითაც ეცნობა, რომ 2022 წლიდან აღარ გაუფორმდებოდა/გაუგრძელდებოდა შრომითი ხელშეკრულება.
5.4. მოპასუხის დირექტორის 2021 წლის 31 დეკემბრის NMOD 021 00001994 ბრძანებით მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება შეწყდა და მოსარჩელე საქართველოს შრომის კოდექსის 47.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე 2022 წლის პირველი იანვრიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. დასაქმებულს მიეცა 2 თვის კომპენსაცია.
5.5. 2022 წლის 10 იანვარს მოსარჩელემ მიმართა დამსაქმებელს სამსახურიდან გათავისუფლების წერილობითი დასაბუთების მოთხოვნით. იმავე წლის 17 იანვრის №MOD 322 00041640 წერილით დამსაქმებელმა დასაქმებულს შეატყობინა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა განხორციელდა საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ამავე წერილის თანახმად, მოსარჩელის გათავისუფლების შემდგომ საშტატო ნუსხაში ცვლილება არ განხორციელებულა, თუმცა მის მიერ დაკავებული პოზიცია საშტატო ნუსხით არ იყო განსაზღვრული სამხედრო ჰოსპიტალში.
5.6. სამხედრო ჰოსპიტლის მთავარი სპეციალისტის 2022 წლის 13 ივნისის სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ 2021 წლის დეკემბრიდან დღემდე დამსაქმებელმა შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე 18 ახალი თანამშრომელი მიიღო, ხოლო დამსაქმებლის 2022 წლის 14 თებერვლის წერილით დგინდება, რომ სამხედრო ჰოსპიტალს 2021 წელს ჰქონდა შესაძლებლობა შრომითი ხელშეკრულებით აეყვანა 250 თანამშრომელი, 2022 წლიდან ხელშეკრულებით ასაყვან თანამშრომელთა რიცხოვნობა კი, განისაზღვრა 249 ერთეულით.
5.7. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, არ დადასტურდა მოსარჩელის მიერ შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის შემცირების ფაქტი, ვინაიდან თავად დამსაქმებელმა მიუთითა, რომ მოსარჩელის ფუნქციებს ამჟამად ასრულებს კერძო კომპანია, რომელიც ტენდერის საფუძველზე შეარჩია.
5.8. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც, მოპასუხე დაწესებულებამ მოსარჩელის ფუნქციების შესასრულებლად ხელშეკრულება გააფორმა კერძო ორგანიზაციასთან, დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მას, საწარმოს ფინანსური მდგომარეობის ან/და სხვა გარემოების გათვალისწინებით, აღარ ესაჭიროებოდა კონკრეტული თანამშრომელი. დამსაქმებელმა ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი საფუძვლიანად დაესაბუთებინა დასაქმებულის გათავისუფლების აუცილებლობა, დამაჯერებლად დაემტკიცებინა, რომ დასაქმებულების შემცირება არა სუბიექტური ფაქტორებით, არამედ - ობიექტური აუცილებლობით იყო გამოწვეული.
5.9. სააპელაციო პალატის განმარტებით, კეთილსინდისიერების პრინციპი ურთიერთობის მონაწილეთა ქცევის მართლზომიერების საზომია და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ისეთი სუბორდინაციული ურთიერთობების მოწესრიგებისას, როგორიც შრომითი ურთიერთობაა. განსახილველ შემთხვევაში, კეთილსინდისიერების ვალდებულებას პალატა შესრულებულად მიიჩნევდა იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე წარმოადგენდა მტკიცებულებებს, რომ დამსაქმებელმა განახორციელა ქმედითი ზომები მოსარჩელესთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შენარჩუნებისთვის. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, დადგენილი იყო, რომ მოსარჩელისათვის დამსაქმებელს არ შეუთავაზებია რაიმე ალტერნატიული, რაც რეორგანიზაციის საფუძვლით პირის გათავისუფლების პროცესში, დამსაქმებლის კეთილსინდისიერებისა და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებისას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ხშირად, გადამწყვეტი ფაქტორია.
5.10. სააპელაციო პალატის განსჯით, დამსაქმებლის ნება ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლით გათვალისწინებულ „მართლზომიერი ნების“ მაღალ სტანდარტებს. მან ვერ შეძლო დაემტკიცებინა საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წინაპირობები, რაც მართლზომიერ საფუძველზე განაპირობებდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას. შესაბამისად, მოპასუხის ქმედება არღვევდა მოსარჩელის შრომით უფლებებს და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე, ქმნიდა დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ბრძანების ბათილად ცნობის წინაპირობას.
5.11. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს შრომის კოდექსის 48.8 მუხლზე მიუთითა და აღნიშნა, რომ მოსარჩელის დასაქმების ხანგრძლივობის (9 წელი და 11 თვე), გათავისუფლების უკანონობის ხარისხის, შრომითი ხელშეკრულების უვადო ხასიათის, ასევე, დასაქმებულის ასაკისა და მისი შემდგომი დასაქმების პერსპექტივის გათვალისწინებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობა - 5000 ლარი, სამართლიანი და გონივრული იყო.
5.12. ვინაიდან, შრომითი ურთიერთობის მოშლის შესახებ დამსაქმებლის ნება ბათილად იქნა ცნობილი, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით თანმდევი სასარჩელო მოთხოვნა - მოსარჩელისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაც, მართებულად დაკმაყოფილდა. პალატის მითითებით, იმის გათვალისწინებით, რომ იანვრისა და თებერვლის ანაზღაურება დასაქმებულს მიეცა ორთვიანი კომპენსაციის სახით, დამსაქმებელს მართებულად დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2022 წლის 1 მარტიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 425 ლარის (დარიცხული სახით) ოდენობით.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით კომპენსაციის ოდენობად 10200 ლარის განსაზღვრა. კასატორის მტკიცებით, მისი ასაკის, დამსაქმებელთან მუშაობის გამოცდილების, დამსახურებისა და სამსახურიდან გათავისუფლების ფორმის გათვალისწინებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობა შეუსაბამოდ დაბალია.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობის მართებულობა.
11. კასატორის პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ მიკუთვნებული კომპენსაციის ოდენობა, მისი ასაკის, დამსაქმებელთან მუშაობის გამოცდილებისა და დამსახურების გათვალისწინებით, არ შეესატყვისება იმ ზიანს, რომელიც მას სამუშაოდან უკანონოდ დათხოვნით მიადგა.
12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ბრძანების ბათილად ცნობის თანმდევ შედეგებს ადგენს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილი, რომლის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მოხმობილი ნორმის დისპოზიციიდან გამომდინარე, კანონმდებელი ითვალისწინებს დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის სამ საშუალებას, რომლებიც თანმიმდევრობით უნდა შეამოწმოს სასამართლომ (ს.უ.ს.გ. №ას-1210-2018, 15 თებერვალი, 2019 წელი).
13. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილის ნორმატიული მიზანი სწორედ ის არის, რომ ბრძანების ბათილობის შედეგად, მოსარჩელემ მიიღოს იურიდიული შედეგი და იმ შემთხვევაში, როდესაც ამგვარი შედეგი სამუშაო ადგილზე აღდგენა არ არის, მოსარჩელეს მიეკუთვნება კომპენსაცია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს, მისი 48-ე მუხლის მე-8 ნაწილის ჩანაწერი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, მიიღოს კომპენსაციის დაკისრების გადაწყვეტილება როგორც სამსახურში აღდგენის ალტერნატივა და საკმარისი რესტიტუცია. ამასთან, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1982 წლის N158 კონვენცის „შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“ მე-10 მუხლის მიხედვით, „თუ კომპენტენტური ორგანოები დაასკვნიან, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა მოხდა არაკანონიერად და თუ სამსახურში აღდგენა არ არის შესაძლებელი, ეს ორგანოები უფლებამოსილი უნდა იყვნენ, რომ დააკისრონ დამსაქმებელს ადეკვატური კომპენსაცია“. კომპენსაცია, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, რა დროსაც, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავდეს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონო დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონო დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა, ხელშეკრულების ვადა და ა.შ. (ს.უ.ს.გ. №ას-1209-2021, 11 მარტი, 2022).
14. კომპენსაციის განსაზღვრასთან დაკავშირებით, გათვალისწინებული უნდა იქნას, რომ ეს არის პასუხისმგებლობის ზომაც, რაც ეკისრება დამსაქმებელს მუშაკის უკანონოდ დათხოვნისათვის და კომპენსაციის ოდენობამ უნდა უზრუნველყოს დასაქმებულის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნა, რითაც კომპენსაცია განსხვავდება ზიანის ანაზღაურებისას პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისგან (იხ. სუსგ-ები №ას-1208-2018, 18 თებერვალი, 2021 წ; №ას-727-680-2017, 15 სექტემბერი,2017 წ; №ას-353-338-2016, 03 მაისი,2016წ.). კომპენსაციის ოდენობა ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით ხორციელდება (იხ. სუსგ-ები: №ას-552-2023, 20 ივნისი, 2023 წ; №ას-146-2013, 11 აპრილი, 2023წ; №ას-1203-2022, 23 დეკემბერი, 2023 წ;).
15. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კომპენსაცია შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოფდეს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც გათავისუფლების შესახებ ბათილი ბრძანების შედეგად წარმოეშვა დასაქმებულს, ამავდროულად, მისი ოდენობა უნდა იყოს გონივრული და არ უნდა ქმნიდეს არც ერთი მხარისათვის უსაფუძვლო გამდიდრების ობიექტურ წინაპირობებს (სამოქალაქო კოდექსის 976-991-ე მუხლები) (ს.უ.ს.გ. №ას-787-736-2017, 10.11.2017წ.).
16. მოხმობილი სამართლებრივი ნორმებისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მათ შორის იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს კომპენსაციასთან ერთად დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2022 წლის 1 მარტიდან - სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ მოსარჩელისათვის მიკუთვნებული კომპენსაციის ოდენობა შეესაბამება იმ მატერიალურ და მორალურ ზიანს, რაც მას უკანონო დათხოვნით მიადგა, შესაბამისად, პალატის შეფასებით, მოსარჩელისათვის მიკუთვნებული კომპენსაციის ოდენობა სამართლიანი და გონივრულია და მისი მეტად გაზრდის ფაქტობრივსამართლებრივი წინამძღვარი, არ ვლინდება.
17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
18. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.ი–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი