დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 29.02.2024
საქმის ნომერი
ას-1536-2023
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.02.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1536-2023 29 თებერვალი, 2024 წელი,თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ააიპ „თ.გ.ფ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - დ.ფ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. დ.ფ–ძემ (შემდეგ - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ააიპ „თ.გ.ფ–ის“ (შემდგომ - მოპასუხე, ფონდი, აპელანტი, კასატორი) მიმართ და მოითხოვა, ამ უკანასკნელისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების შედეგად გამოწვეული ზიანის (ქონების გაუფასურებული ღირებულების) ანაზღაურების, 4 700 აშშ დოლარის, არაჯეროვნად შესრულებული სამშენებლო სამუშაოების გამოსწორებისათვის საჭირო თანხის - 7401 ლარისა და 2018 წლის თებერვლიდან მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე ბინის ქირის სახით ყოველთვიურად 400 ლარის გადახდის დაკისრება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 5451.6 ლარისა და 4 700 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩლის სასარგებლოდ დაეკისრა; მოპასუხისათვის 2018 წლის თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად ქირის, 400 ლარის, დაკისრების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 13 ივლისის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩირებული გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხემ მოსარჩელეს გადასცა ნივთობრივი ნაკლის მქონე ნაკეთობა, კერძოდ, თბილისში, ....... მდებარე შენობა-ნაგებობის (ს/კ ........) ფართის (ს/კ .......) გარე ფასადი, რომელიც გადის ...... ქუჩაზე, არ შეესაბამება ამავე შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციისათვის დამტკიცებულ სამშენებლო პროექტს, კერძოდ, დარღვეულია ფანჯრების ზომები. ამასთან, სამშენებლო სამუშაოები არ შეესაბამება ხელშეკრულების პირობებს, შესრულებულია უხარისხოდ. სასამართლოს მითითებით, უხარისხო სამუშაოების შედეგად წარმოშობილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად საჭირო სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება შეადგენს 5451.6 ლარს, რისი ანაზღაურებაც, აპელანტს კანონიერად დაეკისრა, ისევე, როგორც ზიანის - 4 700 აშშ დოლარის გადახდა, რაც წარმოადგენს ფანჯრების ზომების შემცირების შედეგად გამოწვეულ ზიანს (ქონების გაუფასურების ფულად მაჩვენებელს), რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

7. კასატორის განმარტებით, მის მიერ სახელშეკრულებო პირობები მხარეთა შეთანხმების შესაბამისად შესრულდა. ფანჯრის ღიობის ზომების შესახებ მხარეები არ შეთანხმებულან, მეტიც, მოწინააღმდეგე მხარემ იმთავითვე თანხმობა განაცხადა, რომ ფონდს საკუთარი პასუხისმგებლობით შეეთანხმებინა პროექტი, რომელსაც სამუშაოთა პროცესში შეეძლო, განეცადა ნებისმიერი სახის ცვლილება/გადაკეთება. ამასთან, უდავოა, რომ ადგილზე მოწყობილია ფანჯრები, რომელიც ნახევარსარდაფის სართულზე ჩვეულებრივი გამოყენებისათვის სრულიად დასაშვებია.

8. კასატორის მითითებით, ვინაიდან მხარეთა შორის წინასწარ არ იყო განსაზღვრული შენობის საპროექტო დეტალები, გაუგებარია, რას ეყრდნობა ექსპერტი, როდესაც ასკვნის, რომ მოწინააღმდეგე მხარის უძრავი ქონება არ შეესაბამება სახელშეკრულებო პროექტს. ამასთან, ფართი მიწისქვეშა სართულია, ხოლო ექსპერტიზის დასკვნაში მუდმივად მეორდება, რომ სტანდარტები, რომლითაც შეფასდა ფანჯრიდან ოთახის განათებულობა, დაანგარიშებულია საცხოვრებელი ბინისთვის, რაც არალოგიკურია.

9. ფონდმა საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია დაასრულა 2017 წლის მიწურულს, რა ეტაპზეც ხარვეზები მითითებულ მისამართზე არ არსებობდა. ფონდმა კონტრაქტორი კომპანიისგან ჩაიბარა და, შესაბამისად, გადასცა მესაკუთრეებს პროექტის შესაბამისად აშენებული შენობა. რეაბილიტაციის შემდგომ გასულია 3 წელიწადზე მეტი, როდესაც კონტრაქტორ კომპანიასთან არსებული საგარანტიო ვადა გასულია და კასატორი აღარ არის პასუხისმგებელი მესაკუთრის ფართში არსებულ რაიმე სახის სამუშაოს დამატებით განხორციელებაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

10. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

14. პალატა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ დაადასტურა მოპასუხისათვის სამუშაოს ნაკლიანი შესრულების გამო თანხის დაკისრების მართლზომიერება, რაც ამ უკანასკნელის მიერ სათანადოდ ვერ იქნა გაქარწყლებული.

15. უდავოა, რომ მხარეთა შორის 2012 წლის 24 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ფონდმა იკისრა ვალდებულება თბილისში, .... ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ......... ქუჩა №9-ში მდებარე შენობის დემონტაჟისა და იმავე მისამართზე პირვანდელი იერსახის ახალი საცხოვრებელი სახლის აშენებისა, რის შემდეგაც მესაკუთრე მოსარჩელეს ახლადაშენებულ შენობაში უცვლელი ადგილმდებარეობით, სარდაფის სართულზე უნდა გადასცემოდა არანაკლებ 39 კვ.მ ბინა. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა, რომ საპროექტო ან სამშენებლო სამუშაოების პროცესში, შესაძლებელია, შეიცვალოს შიდა გეგმარება, რაც არ გამოიწვევს მესაკუთრის მიერ მისაღები ფართის შემცირებას. ხელშეკრულების 1.4. პუნქტის შესაბამისად კი, მესაკუთრემ თანხმობა განაცხადა, რომ ფონდს საკუთარი სახსრებითა და პასუხისმგებლობით, მოემზადებინა და კანონმდებლობით დადგენილი წესით შეეთანხმებინა რეაბილიტაციის და მასთან დაკავშირებული სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებში და, საჭიროებისამებრ, მოეპოვებინა სამუშაოების წარმოების ნებართვები. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, ფართი მესაკუთრეს ჩაბარდება შემდეგ მდგმარეობაში: შიდა ტიხრები ამოყვანილი და გალესილი გაჯით, გარე კარ-ფანჯარა ჩასმული, ელ.გაყვანილობა, წყალი, გაზი, სავინტილაციო და საკანალიზაციო მილი შეყვანილი ბინაში, იატაკი მოჭიმული ცემენტის ხსნარით. ფონდის 2012 წლის 8 აგვისტოს განაცხადის საფუძველზე თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურთან შეთანხმდა ქ.თბილისში, ......... ქუჩა №9-ში მდებარე უძრავი ქონების რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც შემდგომში არ შეცვლილა. მოპასუხემ 2017 წლის მიწურულს დაასრულა ქ.თბილისში, ......... ქუჩა №9-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის პროცესი და ახალაშენებულ შენობაში მოწინააღმდეგე მხარეს 2018 წლის იანვარში გადასცა უცვლელი ადილმდებარეობით, სარდაფის სართულზე 49 კვ.მ ფართი.

16. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისი, ......... ქუჩა №9-ში მდებარე შენობის რეკონსტრუქციის პროექტით გათვალისწინებული იყო მოსარჩელის/მოწინააღმდეგე მხარის საკუთრებაში არსებულ ფართზე ......... ქუჩის მხრიდან 1.13 მეტრი სიმაღლის ფანჯრების დამონტაჟება. უდავოა, რომ მოპასუხის მიერ აშენებულ შენობაში, მოსარჩელის კუთვნილ ფართზე ......... ქუჩის მხრიდან დამონტაჟებულ იქნა 0.43 მეტრის სიმაღლის ფანჯრები, რომლის ღიობები ფართის შიდა მხრიდან შეესაბამება პროექტით გათვალისწინებულ პარამეტრებს (სიმაღლე - 1.13 მ), თუმცა ფაჯრის ქვედა ნაწილი ამოშენებულია ბლოკით. ამდენად, პროექტის მიხედვით მოპასუხისთვის გადაცემულ ფართს ქუჩის მხრიდან უნდა ჰქონოდა 1.13 მეტრის სიმაღლის ფანჯრები, ნაცვლად არსებული 0.43 მეტრის სიმაღლის ფანჯრებისა. ამასთან, გადაცემულ ფართში ქუჩის მხარეს მდებარე ფანჯრების ღიობების ზედა ნაწილები მთავრდება ნახევარსარდაფის გადახურვის პერიმეტრული რკინა-ბეტონის რიგელით, რომელიც შენობის კარკასის შემადგენელი ნაწილია და მოწყობილია კონსტრუქციული პროექტის შესაბამისად. ამდენად, ფანჯრის ღიობების ზედა ნიშნულები ფიქსირებულია და მათი ზევით აწევა ახალი კონსტრუქციული გადაწყვეტილებების მიღების გარეშე შეუძლებელია.

17. საქმეში წარმოდგენილია დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის შპს „ვ–ის“ 2019 წლის 4 ოქტომბრის ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის თანახმად, თბილისში, ......... ქ. №9-ში მდებარე შენობა-ნაგებობის (ს/კ ........) ფართის (ს/კ .........) გარე ფასადი, რომელიც გამოდის ......... ქუჩაზე, არ შეესაბამება ამავე შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციისათვის დამტკიცებულ სამშენებლო პროექტს, კერძოდ, დარღვეულია ფანჯრების ზომები. მოწინააღმდეგე მხარის საკუთრებაში არსებულ ფართში ფანჯრის ზომების შემცირების გამო საცხოვრებელ ფართში დღის სინათლე არ შედის და საჭიროა ელექტრონათურის დამატება მთელი დღის განმავლობაში, რაც ფართის მესაკუთრისათვის დამატებითი ხარჯია, ასევე, ფანჯრები უხარისხოა, ჩარჩოსა და ფანჯარას შორის არის 5-8 მმ-ის ღიობი, სივრცე, საიდანაც შემოდის მტვერი და ხმაური, დარღვეულია ბინის ჰერმეტულობა, ხოლო ზამთარში ბინის გასათბობად საჭირო იქნება დამატებითი საშუალებები, შესაბამისად – დამატებითი ხარჯიც. აღნიშნულის გამო, ფართი გაუფასურებულია 4700 აშშ დოლარით.

18. საკასაციო პალატა ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით განმარტავს, რომ მოპასუხისათვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 629-ე, 394-ე, 408-ე, 409-ე მუხლებიდან გამომდინარე კანონიერია 4 700 აშშ დოლარის დაკისრება. ამასთან, მართლზომიერია სამუშაოთა უხარისხოდ შესრულების გამო მოპასუხისათვის თანხის დაკისრებაც, რასაც ადასტურებს ასევე საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასვნა (რომლის თანახმად, თბილისში, ......... ქ. №9-ში მოწინააღმდეგე მხარის კუთვნილ ფართში (ს/კ ......) სამშენებლო სამუშაოები არ შეესაბამება მხარეთა შორის 2012 წლის 24 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების პირობებს, შესრულებულია უხარისხოდ, კერძოდ: გარეთა კედლებზე იქერცლება საღებავი და გაჩენილია ნაპრალები, რაც ზრდის ფართში წყლის შეღწევის ალბათობას; ეზოს მხრიდან მიწაში არსებულ კედელზე ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები შესრულებულია უხარისხოდ; გარეთა კედელზე სანიაღვრე მილიდან ბუნებრივი ნალექის წყალი იღვრება შენობის კედელზე; საცხოვრებელ ფართში დგას წყალი და კედლებზე აღინიშნება ობის კვალი; ფანჯრის ჩარჩოებში ნაპრალებია; შიდა კარები დამონტაჟებულია ისე, რომ მოჭიმვის მოწყობის შემდგომ საჭირო გახდება მათი ხელახლა მონტაჟი, რადგან მათი ქვედა ნაწილი მოექცევა მოჭიმვაში. აღნიშნული ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად საჭიროა ჩატარდეს სათანადო სარეაბილიტაციო სამუშაოები). პალატის მითითებით, უდავოა, რომ მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა ფონდს არსებული ნივთობრივი ნაკლის გამოსწორების მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ. ამასთან, დადგენილია, რომ უხარისხოდ წარმოებული სამუშაოების შედეგად წარმოშობილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად საჭირო სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება შეადგენს 5451.6 ლარს, რომლის მოპასუხისათვის დაკისრება მართლზომიერია (სსკ-ის 629-ე, 639-ე და 641.1, 642.1. 643-ე მუხლების საფუძველზე).

19. რაც შეეხება კასატორის საკასაციო პრეტენზიებს, პალატა დაუსაბუთებლობის მოტივით არ იზიარებს და მიუთითებს, რომ ........ №9-ში მდებარე შენობის რეკონსტრუქციის პროექტი მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ნაწილია, რომლის საწინააღმდეგო დასაბუთებული პოზიცია მოპასუხეს არ წარუდგენია. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ ფანჯრის ზომებთან დაკავშირებით მოპასუხის შესაგებელში წარდგენილი პოზიციაც (მშენებლობა განხორციელდა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში შეთანხმებული რეკონსტრუქციის პროექტის კონსტრუქციული ნაწილის გათვალისწინებით. მშენებლობის მიმდინარეობის პარალელურად დაიწყო ......... ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოებიც. მშენებლობის კონსტრუქციული ნაწილი სარდაფ სართულის დოენზე დასრულებული იყო, როდესაც გამოჩნდა ტრორუარის ნიშნულის და შენობის ურთიერთმიმართება, კერძოდ, ფანჯრის ღიობები მოეწყო კონსტრუქცული პროექტის გათვალისწინებით და არქიტექტურის ნახაზის ზომების გათვალისწინებით. რკინა ბეტონის ჩასხმის დროს ღიობისათვის ყალიბი მოწყობილია პროექტის ზომების მიხედვით, თუმცა იმის გამო, რომ აღნიშნული ფანჯრის ღიობის ქვედა ნაწილის გზის ტროტუარის მოწყობის შემდეგ აღმოჩნდა ტროტუარზე დაბალ ნიშნულზე, ღიობის ტროტუარის ქვემოთ მოქცეული ნიშნული ამოშენდა. ეს ქმედება გამოწვეული იყო ატმოსფერული ნალექების მოცილების პირობიდან გამომდინარე, რადგან ფანჯრის ღიობის ძირის ამოწევის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა წვიმის წყლის მოდენის შეჩერება) დაუსაბუთებელია, ვინაიდან აღნიშნულის საწინააღმდეგოდ საქმეში წარმოდგენილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის წერილი, რომლითაც დასტურდება, რომ ......... ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდა 2015 წელს, ტროტუარები, ბორდიურები და სავალი ნაწილი მოეწყო არსებულის ანალოგიურად, ქუჩის გეომეტრიული პარამეტრებისა და ნიშნულების შეუცვლელად. მერიის მხრიდან ტროტუარის მოწყობისას ნიშნულის 70-80 სმ-ით მაღლა აწევას და ამით ქ.თბილისი, ......... ქუჩა №9-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ფასადის დარღვას ადგილი არ ჰქონია.

20. რაც შეეხება კასატორის წინამდებარე განჩინების მე-9 პუნქტში მითითებულ საკასაციო პრენეტზიას, პალატა დაუსაბუთებლობის მოტივით არ იზიარებს და განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალები კასატორის მიერ ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებას ადასტურებს, რაც მისთვის ნადრობის სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე თანხის დაკისრების საფუძველია. ამასთან, პრეტენზია ექსპერტზის დასკვნასთან დაკავშირებითაც უსაფუძვლოა, ვინაიდან, კასატორი ამ კუთხით გარდა საკუთარი განმარტებისა, ვერ აბათილებს მასში მითითებულ მსჯელობებს.

21. პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება.

22. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

23. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

24. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

25. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-1222-2023, 2023 წლის 5 დეკემბრის განჩინება; საქმე №ას-859-2023, 2023 წლის 20 ოქტომბრის განჩინება; საქმე №ას-866-2023, 2023 წლის 13 ოქტომბრის განჩინება; საქმე №ას-1112-2022, 2023 წლის 24 ივლისის განჩინება).

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ააიპ „თ.გ.ფ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. ააიპ „თ.გ.ფ–ს“ (ს/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 903.23 ლარის (საგადახდო მოთხოვნა №00122 / გადახდის თარიღი 10.01.2024), 70% – 632 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე