დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-541-2024 22 ივლისი, 2024 წელი,თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს „ს.ფ–ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - გ.ყ–ი (მოსარჩელე)
მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - სს „ს.ს.ჯ.ი“, ბ.ბ–ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 3 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გ.ყ–მა (შემდეგ - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს.ფ–ის“ (შემდგომ - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ 8 900 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 8 900 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა, რაც ამ უკანასკნელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 3 აპრილის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ მოპასუხის ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მოქმედება არ შეესაბამებოდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა არ დადგებოდა. ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხე კომპანიის მძღოლი ცნობილ იქნა დამრღვევ პირად სადავო ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე და სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 250 ლარი. ამასთან, უდავოა რომ ამ უკანასკნელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ გაუსაჩივრებია. აღნიშნულის საპირისპიროდ, რაიმე მტკიცებულებები, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული იყო არა მოპასუხე კომპანიის ავტომანქანის მძღოლის, არამედ მოსარჩელის ბრალით, საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის.
5. სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის მითითება, რომ შემოწმებისას მოსარჩელის სისხლში აღმოჩენილი მარიხუანის კვალი, ქმნის საფუძვლიან და გონივრულ ვარაუდს, რომ, შესაძლოა, მოსარჩელე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს იმყოფებოდა არაფხიზელი და მიუთითა, რომ არც სისხლის სამართლოს საქმის მასალებით და არც მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელე სადავო ავტოსაგზაო შემთხვევის დროს არაფხიზელი იყო.
6. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
8. კასატორის მითითებით, აშკარა იყო მინიმუმ შერეული ბრალის არსებობა, რისი გათვალისწინებითაც, მიყენებულ ზიანში სრულად მოპასუხისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება არასწორია. ამასთან, სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა ის ფაქტი, რომ შემოწმებისას მოსარჩელის სისხლში აღმოჩნდა მარიხუანის კვალი, რაც ქმნის გონივრულ ვარაუდს, რომ შესაძლოა მოსარჩელე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს იმყოფებოდა არაფხიზელი. ეს ფაქტი გავლენას ახდენს მის ბრალის ხარისხზე და, შესაბამისად, მოთხოვნილი ზიანის მოცულობის პროპორციაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
9. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
13. მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 999-ე მუხლის პირველი ნაწილი (მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია, დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლები.
14. აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობა მომეტებული საფრთხის წყაროს იურიდიულ მფლობელთა მიმართ პასუხისმგებლობის მაღალ სტანდარტს აწესებს, რაც ნივთის სპეციფიკური თვისებებიდან - გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ან გამოუსწორებელი ზიანი (ადამინის სიცოცხლის ხელყოფა, ნივთის დაზიანება და ა.შ.) - გამომდინარეობს (იხ. დამატებით: პეტერ ლუთრინგჰაუსი, დელიქტური სამართალი, GIძ, თბილისი, 2011, გვ.32). სსკ-ის 999-ე მუხლების მიზანია, ასეთი ნივთის იურიდიული მფლობელები აიძულოს, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ თავიანთ საკუთრებაში არსებული საფრთხის შემცველი საშუალების გამოყენებიდან გამომდინარე შესაძლო ნეგატიურ შედეგებს (იხ.: სუსგ №ას-630-2019, 30.09.2020წ.; №ას-1129-2023, 26.12.2023წ).
15. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულების კერძო შემთხვევაა და, მიუხედავად ბრალისა, მომეტებული საფრთხის წყაროს იურიდიულ მფლობელს (რომელიც შეიძლება მესაკუთრედაც განვიხილოთ) აკისრებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, კერძოდ: სსკ-ის 999-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს სატრანსპორტო საშუალების იურიდიული მფლობელის ვალდებულებას, ნორმაში ჩამოთვლილ სიკეთეთა ხელყოფის შემთხვევაში, აგოს პასუხი. თავის მხრივ, ნორმის სუბიექტები არიან ვალდებული და დაზარალებული პირები. ვალდებულ პირად კანონი განიხილავს ნივთის მფლობელს, ანუ პირს, რომელსაც ამ ქონებაზე საკუთრება მართლზომიერად აქვს მოპოვებული, თუმცა, მფლობელი, როგორც ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირი, შეიძლება იყოს, როგორც პირდაპირი, ისე - არაპირდაპირი. ამ უკანასკნელ შემთხვევაში სახეზე გვყავს კვლავ „მფლობელი“ (არაპირდაპირი) და „მოსარგებლე“ (პირდაპირი მფლობელი). ნორმის მიზანია, ასეთი ნივთის იურიდიული მფლობელები აიძულოს, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ თავიანთ საკუთრებაში არსებული საფრთხის შემცველი საშუალების გამოყენებიდან გამომდინარე შესაძლო უარყოფით შედეგების მიმართ (იხ.: სუსგ №ას-1187-2018, 30.04.2020წ.; №ას-1129-2023, 26.12.2023წ.).
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სსკ-ის 999-ე მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების მიღების შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ, სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია (იხ.: სუსგ №ას-494-463-2010, 9.11.2010წ.; №ას-1129-2023, 26.12.2023წ.). სსკ-ის 999-ე მუხლი ითვალისწინებს გამონაკლისსაც - ნივთის იურიდიულ მფლობელს პასუხისმგებლობა არ ეკისრება კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში (ნორმის მე-2 და მე-3 ნაწილები), მათ შორის - მაშინაც, როდესაც სატრანსპორტო საშუალებას მართავდა სხვა პირი, თუმცა, ამ შემთხვევაში ვალდებული პირის დადგენა ხდება იმის მიხედვით, თუ რა გზით (იურიდიულად ნამდვილი უფლების საფუძველზე) აღმოჩნდა ნივთი მოსარგებლის ფაქტობრივი ბატონობის არეალში (ნორმის მე-4 ნაწილი). თუ პირი, რომელიც იყენებს სატრანსპორტო საშუალებას მისი მფლობელის ნებართვის გარეშე (არამართლზომიერი მფლობელი) ამ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციით მიაყენებს ზიანს სხვას, სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ უკანასკნელს და არა სატრანსპორტო საშუალების მფლობელს“ (იხ.: სუსგ №ას-504-481-2016, 30.09.2016წ.; №ას-1245-2020, 1.07.2021წ.; №ას-1129-2023, 26.12.2023წ.).
17. კასატორი სადავო ხდის მის ბრალეულობას სატრანსპორტო შემთხვევაში, ამასთან, შერეულ ბრალზე მიუთითებს.
18. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ზიანი მოპასუხის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციამ გამოიწვია. ამასთან, სადავო არ არის, რომ მოსარგებლეს აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება სამართავად გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გამოვლენილია სსკ-ის 999-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობები, რაც მოპასუხისათვის, როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელისათვის, ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველია.
19. საკასაციო პალატა, მოპასუხის (კასატორის) საკასაციო პრეტენზიას არ იზიარებს და სსსკ-ის მე-4 (სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები) და ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებზე (თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით) მითითებით განმარტავს, რომ ამ უკანასკნელს სათანადო მტკიცებულებებით არ დაუდასტურებია თავისი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა, კერძოდ, კასატორს არ წარუდგენია სათანადო მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გამოწვეული ზიანის მიმართ სსკ-ის 415.1 მუხლით გათვალისწინებული შერეული ბრალის არსებობა იკვეთება ან და მისი ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის ბრალეულობა არ დასტურდება. აღნიშნულს საწინააღმდეგოდ კი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების (მეჯვრისხევი) 2021 წლის 13 ოქტომბრის წერილით (რომლის თანახმად, 2020 წლის 14 აგვისტოს დღისით, გორის რაიონის სოფელ რ–ის საავტომობილო გზაზე, ერთმანეთს შეეჯახნენ ავტომობილი მერსედესი, სახელმწიფო ნომ. ....., რომელსაც მართავდა გორის რაიონის სოფელ რ–აში მცხოვრები 1993 წელს დაბადებული მოსარჩელე და მოპასუხის კუთვნილი ავტომობილი ნივა, სახელმწიფო ნომრით ....., რომელსაც მართავდა 1985 წელს დაბადებული მოპასუხე კომპანიის მძღოლი. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ორივე სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ფხიზელი იყო. 2020 წლის 20 ნოემბერს, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა, ვინაიდან მოპასუხე კომპანიის ავტომანქანის ქმედებაში გამოიკვეთა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. იმ პირის მიმართ ვინც მოპასუხის კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებას მართავდა შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, დაჯარიმდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 125-ე მუხლით და დაეკისრა ჯარიმა – 250 ლარი, რომელიც არ გასაჩივრებულა), 2020 წლის 3 სექტემბრის ავტოტექნიკური ექსპერტიზის №899/ა დასკვნითა (რომლის თანახმად, ტექნიკური თვალსაზრისით, მოსარჩელე, მის განკარგულებაში არსებული მანძილის სიმცირის გამო, სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღენიშნება. რაც შეეხება შემთხვევაში მონაწილე მეორე მძღოლს, დასკვნის თანახმად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხე კომპანიის ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის /მუხლი 31 პუნქტი 3 და მუხლი 32 1-ის/ მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა არ იარსებებდა) და სამართალდარღვევის ოქმით (რომელიც არ გასაჩივრებულა, რაც გულისხმობს იმას, რომ მოპასუხე მხარე ოქმში მოყვანილ გარემოებათა კვალიფიკაციას დაეთანხმა) დგინდება მოპასუხე კომპანიის ავტოსატრანსპორტო მძღოლის ბრალეულობა დამდგარ ზიანში.
20. დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ იქნება განხილული კასატორის არგუმენტი იმის თაობაზეც, რომ შემოწმებისას მოწინააღმდეგე მხარის სისხლში აღმოჩენილი მარიხუანის კვალი, ქმნის საფუძვლიან და გონივრულ ვარაუდს, რომ შესაძლოა, მოსარჩელე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს იმყოფებოდა არაფხიზელი.
21. პალატის მითითებით, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა შესაძლებლობას, რომ სასამართლომ თუნდაც ე.წ. შერეული ბრალიდან (სსკ-ის 415-ე მუხლი) გამომდინარე პასუხისმგებლობის გადანაწილებაზე იმსჯელოს. ქიმიურ - ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის 12.10.2020 წლის დასკვნაში მითითებული მცენარეული კანაფის ნარკოტიკულად აქტიური კომპონენტის არსებობა სისხლის ნიმუშში, არ ადასტურებს, რომ მოსარჩელე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს არაფხიზელი იყო. აღნიშნულის ადასტურებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების (მეჯვრისხევი) 2021 წლის 13 ოქტომბრის წერილიც, რომლის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მძღოლები ფხიზლები იყვნენ. პრაქტიკაში ცნობილია, რომ ამა თუ იმ ნივთიერების მოხმარების კვალი ორგანიზმში შესაძლოა, დარჩეს გარკვეული დროის განმავლობაში, თუმცა სხვადასხვა ფაქტორის (მოხმარების ხანდაზმულობა, ხანგრძლივობა, პერიოდულობა, პიროვნების ინდივიდუალური თვისებები, ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლური პროცესები და სხვა) გათვალისწინებით, ვადები არ არის კატეგორიულად განსაზღვრული და მაქსიმალური. უფრო მეტიც, სასამართლო აღნიშნავს, რომ მძღოლის არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნის ფაქტი, შეიძლება გახდეს შესაბამისი სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის საფუძველი და არა შესაბამისი წინაპირობების არარსებობისას - ავტოსაგზაო შემთხვევაში პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიუთითებს, რომ სისხლში აღმოჩენილი მარიხუანის კვალი ვერ იქნება მოსარჩელისათვის ავტოსაგზაო შემთხვევის ბრალეულობის შემრაცხველი, ვინაიდან საქმის მასალებით მისი ბრალეულობა არ დადასტურებულა.
22. პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება.
23. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
24. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
25. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
26. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (იხ.: სუსგ №ას-1464-2018, 30.04.2020წ.; №ას-1242-2022, 28.12.2022წ.; №ას-1911-2018, 31.05.2022წ.; №ას-1510-2023, 31.01.2024წ.).
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
28. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ს.ფ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. შპს „ს.ფ–ას“ (ს/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 445 ლარის (საგადახდო დავალება №380 / გადახდის თარიღი 28.05.2024), 70% – 311.5 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე