დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-343-2025 24 ივლისი, 2025 წელი,თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს „ჩ.რ.ბ.ჯ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ი.ქ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ი.ქ–ძემ (შემდგომში – მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) შპს „ჩ.რ.ბ.ჯ–ისა“ (შემდგომში – პირველი მოპასუხე, კასატორი) და სს „ს.რ–ის“ (შემდგომში – მეორე მოპასუხე) მიმართ ზიანის – 27 090 აშშ დოლარის ანაზღაურების თაობაზე სარჩელი აღძრა.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, მისი საკუთრება იყო 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომლის მიმდებარედ მეორე მოპასუხის დაკვეთით პირველი მოპასუხე თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების დროს გასცდა მშენებლობის ნებართვის ფარგლებს და ჩამოაჭრა კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან 30 კვ.მ.
3. პირველი მოპასუხის მიერ წარმართული სამუშაოების შედეგად ასევე ფიზიკურად მოისპო ნაკვეთთან მისასვლელი ცენტრალური გზა და ნაკვეთის გვერდით ფასადის გასწვრივ ცენტრალური გზიდან ალტერნატიული შესასვლელი. ამასთან, სამშენებლო სამუშაოების შედეგად ერთ განზომილებაში არსებული გზა და მიწის ნაკვეთი აღმოჩნდა 3-4 მეტრის სიმაღლის სხვაობით სხვადასხვა სიბრტყეში და აღარ არსებობს მიწის ნაკვეთთან მისასვლელი.
4. ზემოაღნიშნულის გამო გაუფასურდა ნაკვეთის ღირებულება. ქონების შეფასების აქტის მიხედვით, სარკინიგზო ხაზის გაყვანამდე მიწის ნაკვეთის ღირებულება შეადგენდა 69 279 ლარს, ხოლო რკინიგზის გაყვანის შემდეგ – 6 720 ლარს. 1 კვ.მ მიწის ღირებულება განსაზღვრულია 30 აშშ დოლარით, შესაბამისად, მოსარჩელეს მიადგა ზიანი 27 090 აშშ დოლარი.
მოპასუხის პოზიცია:
5. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს. პირველმა მოპასუხემ მიუთითა, რომ თბილისის შემოვლითი სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე პროექტი შეთანხმებულია და მშენებლობის ნებართვა გაცემულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2010 წლის 11 ივნისის №1-1/987 ბრძანებით, რომლის შესაბამისადაც მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები. ამასთან, ნებართვა გაცემულია მეორე მოპასუხის სახელზე, შესაბამისად, პირველი მოპასუხე მოკლებული იყო შესაძლებლობას, ცვლილება შეეტანა პროექტში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ ზიანის – 900 აშშ დოლარის ანაზღაურება, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში – მოსარჩელემ, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში – მეორე მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით – გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 27 090 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, ხოლო სარჩელი მეორე მოპასუხის მიმართ არ დაკმაყოფილდა.
კასატორის (პირველი მოპასუხის) მოთხოვნა
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე პირველმა მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო სასამართლოს განჩინება:
9. საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 19 აპრილის განჩინებით, პირველი მოპასუხის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
10. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სააპელაციო პალატის მიერ მხოლოდ აის დასკვნის საფუძველზეა შეფასებული ზიანის ოდენობა 27 090 აშშ დოლარად. აის დასკვნა მიწის ნაკვეთის პერსპექტიულობის დაკარგვასთან დაკავშირებით, ძირითადად ემყარება მიწის ნაკვეთის მდებარეობასა და 30 კვ.მ-ით შემცირებას, რამაც, აის მოსაზრებით, ზეგავლენა იქონია ნაკვეთის გამოყენების შესაძლებლობაზე. სააპელაციო სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა სხვა გარემოებები, რომელიც უკავშირდება მიწის ნაკვეთთან მისასვლელი ალტერნატული გზის არსებობას, ამგვარი გზის მოძიების ობიექტურ შესაძლებლობას, ასეთი შესაძლებლობის შემთხვევაში, ცენტრალური სასმელი წყალმომარაგების სისტემასთან და ბუნებრივი აირის საკომუნიკაციო ქსელთან კავშირის არსებობა-არარსებობის დადგენას შესასრულებელი სამუშაოების (სავარუდო სამომავლო ხარჯები) ღირებულებას და ა.შ.
11. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი ქონების შეფასების აქტის მიხედვით, გაურკვეველია, რას ეფუძნება მიწის ნაკვეთის ღირებულების მნიშვნელოვნად შემცირების თაობაზე აის დასკვნა. ამასთან, აქტი არ შეიცავს მითითებას, მიწის ნაკვეთთან მისასვლელი სხვა გზის მოწყობის შეუძლებლობაზე.
12. საკასაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ზიანის მიყენებაში დაზარალებულის ბრალეულობასთან დაკავშირებულ კასატორის პრეტენზიაზეც და აღნიშნა, რომ მოსარჩელემ 2014 წლის 29 ივლისს 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან გაასხვისა 1000 კვ.მ 20 000 აშშ დოლარად ბიძაშვილზე და შემძენმა საკუთრების უფლება დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმის შესახებ, რომ მან ეს ნაკვეთი კი არ გაყიდა, არამედ ფორმალურად გადააფორმა ნათესავზე. სხვა შემთხვევაში მას ნაკვეთის გასხვისებისას უნდა დაეტოვებინა (და ყველა ნორმალური ადამიანი ასე მოიქცეოდა) თავის ნაკვეთთან მისასვლელი გზა.
13. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნულ მსჯელობასთან ერთობლივად კასატორის აღნიშნული პრეტენზიაც დასაბუთებულად უნდა იქნეს მიჩნეული, რადგან სააპელაციო პალატას გასაჩივრებულ განჩინებაში არ უმსჯელია ამ გარემოებაზე.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და საფუძვლები:
14. თბილისის სააპელაციო სასამათლოს 2024 წლის 22 თებერვლის განჩინებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 27 090 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა.
15. სააპელაციო სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 26 ოქტომბრის №006803822 დასკვნის საფუძველზე მიუთითა, რომ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს მოპასუხის მიერ შესრულებული სამუშაოების გამო მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მდგომარეობის არსებითი (მიწის ნაკვეთი აღმოჩნდა იზოლირებული ცენტრალური საავტომობილო გზიდან და სხვა მიწის ნაკვეთების გამოყენების გარეშე მოსარჩელეს მოესპო კუთვნილ ნაკვეთში შესვლის შესაძლებლობა) გაუარესებით (და არა მხოლოდ 30 კვ.მ -ის ჩამოჭრით მიყენებული ზიანი) მიყენებული ზიანი.
16. ზიანის ოდენობის დადგენის კუთხით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შპს „ი–ის“ 2015 წლის 30 აპრილის ქონების შეფასების აქტზე, ასევე, - შპს „ა-კ–ის“ 2023 წლის 7 დეკემბრის დასკვნებზეც და მათი ურთიერთშეჯერების შედეგად დადასტურებულად მიიჩნია მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 27 090 აშშ დოლარით, მიწის ნაკვეთის არსებითი გაუარესებით, მისთვის ზიანის მიყენება.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
17. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე პირველმა მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
18. კასატორის მითითებით, საქმის მასალებით დგინდება, რომ არც მოსარჩელის და არც მის მიერ გასხვისებულ მიწის ნაკვეთს არც მანამდე და არც ამჟამად აქვს ცეტრალური გზიდან მისასვლელი გზა, რისი გათვალისწინებითაც, გაუგებარია, როგორ გაუარესდა მოსარჩელის უძრავი ქონება. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია ექსპერტიზის დასკვნები, რომლის მიხედვით ნაკვეთის ფასი ამჟამად 19 000 აშშ დოლარია და არა 27 090 აშშ დოლარი.
19. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 29 იანვრის მეორე მოპასუხის ოფიციალური დოკუმენტით დგინდება, რომ მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ადგილზე შესწავლითა და დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ არსებობს გზა, რომელიც სოფლიდან ადის მოსარჩელის მიწის ნაკვეთთან. ამ ინფორმაციაში თუ ეჭვი ეპარებოდა სასამართლოს, ადგილზე უნდა შეემოწმებინა ვითარება, რაც არ გაუკეთებია, არც ექსპერტები მოუწვევია, შესაბამისად, ამ დოკუმენტით დგინდება, რომ მოსარჩელეს ხელი არ ეშლება საკუთარი უძრავი ქონებით სარგებლობაში.
20. მართალია, მშენებლობის დროს გზა გაღრმავდა, მაგრამ დარჩენილ ნაკვეთზე არც მაშინ არ შეიძლებოდა გზის მოწყობა, ხოლო გასხვისებული ნაკვეთის მხრიდან დღესაც ჩვეულებრივად შეიძლება საავტომობილო გზის მოწყობა და შესვლა ნაკვეთში. მოწინააღმდეგე მხარეს რომ არ გაესხვისებინა ნაკვეთის მეორე ნახევარი, იგი დღესაც თავისუფლად შეძლებდა თავისი მიწის ნაკვეთში შესვლას ავტოსატრანსპორტო საშუალებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
21. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
22. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
24. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
24.1 მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის საკუთრება იყო თბილისში, სოფელ პატარა .......... მდებარე 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
24.2 2014 წლის 29 ივლისს მოსარჩელემ გაასხვისა მიწის ნაკვეთის ნახევარი - 1000 კვ.მ გ.ქ–ძეზე და შემძენმა საკუთრების უფლება დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში.
24.3 თბილისში, დიდ .........., სოფელ პატარა .........., ქ. თბილისის შემოვლითი სარკინიგზო ხაზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდა პირველი მოპასუხე და კონტრაქტორი კომპანია 2010 წლის 14 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
25. ზიანის, 27 090 აშშ დოლარის, ანაზღაურების შესახებ სარჩელის მოთხოვნა ეფუძნება იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ პირველი მოპასუხის მშენებლობამ გააუარესა მოსარჩელის მდგომარეობა, რაც გამოიხატა იმით, რომ მშენებლობა გავრცელდა მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის 30 კვ.მ-ზეც, გარდა ამისა, მიწის ნაკვეთმა დაკარგა მისასვლელი გზა, რის გამოც გაუფასურდა დარჩენილი ნაწილის (30 კვ.მ ფართობის გამოკლებით) ღირებულება.
26. პალატა მიუთითებს, რომ ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან.
27. სსკ-ის 992-ე მუხლით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, ამ მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, რომელიც წარმოიშობა პირის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან, დელიქტური ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი შედეგსა და ქმედებას შორის. ამ წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება (იხ.: სუსგ №ას-1570-2019, 29.05.2020წ.: №ას-1237-2023, 14.02.2024წ.). მოცემულ შემთხვევაში, ამ ნორმით გათვალისწინებული წინაპირობები შესრულებულია.
28. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უდავოა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობა, კერძოდ, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული შემადგენლობა. სადავოა მხოლოდ ზიანის ოდენობა, რომელიც სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულია 27 090 აშშ დოლარით.
29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში ზიანში მოიაზრება ქონებაზე ან სამართლებრივად დაცულ სხვა სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგი. ზიანი წარმოადგენს სამართალდარღვევის შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს. თუ არაა ზიანი, არც ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს. ზიანი სწორედ რომ მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგია. იგი წარმოადგენს სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგს.
30. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას ზიანის ოდენობის არასწორად განსაზღვრასთან დაკავშირებით და მიწის ნაკვეთის გაუფასურების საკითხის შესაფასებლად მიუთითებს შპს „ი–ის“ ქონების შეფასების შესახებ 2015 წლის 30 აპრილის აის დასკვნაზე (აორს მიეცა დავალება, რომ შეეფასებინა მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება რკინიგზის ხაზის გაყვანამდე და გაყვანის შემდეგ არსებული მდგომაროებით. დასკვნის თანახმად, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ღირებულება რკინიგზის ხაზის გაყვანამდე არსებული ვითარებით განისაზღვრა 69 279 ლარით, ხოლო რკინიგზის ხაზის გაყვანის შემდეგ არსებული ამჟამინდელი მონაცემებით – 6 720 ლარით. ამა გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მიწის ნაკვეთი შემოვლითი რკინიგზის ხაზის გაყვანამდე გეგმაში მართკუთხედი ფორმისაა, მდებარეობდა მოასფალტებული სავალი გზის პირას და ერთ სიბრტყეში იყო სავალ გზასთან. მოასფალტებული გზის პარალელურად არსებობდა დაპროექტებული ალტერნატული გზა, სადავო მიწის ნაკვეთის გვერდითი ფასადის გასწვრივ, სადაც გადის ცენტრალური სასმელი წყალმომარაგების სისტემა და ბუნებრივი აირიც. დღვანდელი მდგომარეობით ქონების შეფასებისას მიწის ნაკვეთს ჩამოეჭრა 30 კვ.მ ფართი, მომსპარია და შეუძლებელია როგორც მოასფალტებული, ასევე – ალტერნატული გზით სარგებლობა, არ არსებობს საფეხმავლო მისასვლელი გზა, მიწის ნაკვეთი ჩაიკეტა და დაკარგა სარგებლობის პერსპექტივა, შესაბამისად, აის დასკვნით, რკინიგზის ხაზის გაყვანის შემდეგ არსებული (დღევანდელი) ვითარებით მიწის ნაკვეთის ღირებულება 6720 ლარია), ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ექსპერტიზის დასკვნასა (ექსპერტის წინაშე დასმული იყო შემდეგი კითხვები: 1. მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთს, დღეს არსებული ფაქტობრივი მდგომარეობით, გააჩნია თუ არა საჯარო გზიდან ნებისმიერი დანიშნულების მისასვლელი გზა; ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, არსებობს თუ არა მისასვლელი გზის (საავტომობილო, საფეხმავლო), მოწყობის შესაძლებლობა და რა მასშტაბის სამუშაოების გატარება იქნება აუცილებელი, მის მოსაწყობად (მიახლოებითი დანახარჯების გათვალისწინებით); 2. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული და დღეს არსებული ფაქტობრივი მდგომარეობით, ქ. თბილისში, .......... მდებარე №........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გაყოფამ, გამოიწვია თუ არა მოსარჩელის საკუთრებაში დარჩენილ გამოყოფილ მიწის ნაკვეთთან (საკადასტრო კოდით .......) საავტომობილო მისასვლელი გზის გაუქმება; ნაკვეთის გასხვისებამდე (ნაკვეთის ერთიანობის შემთხვევაში) შესაძლებელი იქნებოდა თუ არა ნაკვეთში შესასვლელი საავტომობილო გზის მოწყობა; ამასთან მიწის ნაკვეთის გაყოფით, გაუარესდა თუ არა ნაკვეთზე მისასვლელი გზისა და კომუნიკაციების მოწყობის შესაძლებლობა; 3. არის თუ არა მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთთან ახლოს დენის, გაზის და წყლის მიერთების შესაძლებლობა, ხოლო ასეთის არსებობის შემთხვევაში, რა მანძილზეა დაშორებული ნაკვეთიდან და მის რომელ მხარეს მდებარეობს; 4. კუთვნილი მიწის ნაკვეთის გასხვისებამ, მოსარჩელეს მოუშალა თუ არა დენის, წყლისა და გაზის კომუნიკაციებთან მიერთების შესაძლებლობა; 5. მოცემული დროისათვის, საბაზრო ფასის გათვალისწინებით, რა ღირებულების არის მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისში, ........... (საკადასტრო კოდით №..........), იმის მხედევლობაში მიღებით, აღნიშნულ ნაკვეთს აქვს თუ არა ალტერნატიული საავტომობილო/საფეხმავლო გზისა და კომუნიკაციებთან ჯეროვანი კავშირის შესაძლებლობა; სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 26 ოქტომბრის №006803822 დასკვნის საფუძველზე დადგინდა, რომ დღეისათვის თბილისში, .........., სოფელ პატარა .......... მდებარე მოსარჩელის №........ საკ. კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს არ გააჩნია აუცილებელი - საავტომობილო და საფეხმავლო კავშირი საჯარო გზასთან (მისასვლელი გზა), ისე რომ გზამ არ გაიაროს რეგისტრირებული მიწის ნაკვეთებზე. ტექნიკური თვალსაზრისით, №......... საკ. კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან საავტომობილო და საფეხმავლო გზის მოწყობა შესაძლებელია სამი მიმართულებიდან, კერძოდ, პირველი ვარიანტით №........ საკ. კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი საავტომობილო და საფეხმავლო გზა შესაძლებელია მოეწყოს ნაკვეთის ჩრდილოეთით არსებული გზიდან №......... მიწის ნაკვეთის გავლით, თუმცა ასეთი სახით გზის მოწყობის შემთხვევაში, №.........., №........ და №......... მიწის ნაკვეთებს შორის არსებული დაურეგისტრირებელი სივრცე (გზა) უნდა გაფართოვდეს აღნიშნული ნაკვეთების ხარჯზე სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნათა შესაბამისად (იხ. დანართ №1-ზე ლურჯი ფერის ისრებით ნაჩვენები მიმართულება). მეორე ვარიანტით №.......... საკ. კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი საავტომობილო და საფეხმავლო გზა შესაძლებელია, მოეწყოს ნაკვეთის ჩრდილოეთით არსებული გზიდან №....... და №........ მიწის ნაკვეთების გავლით (იხ. დანართ №1-ზე მწვანე ფერის ისრებით ნაჩვენები მიმართულება). მესამე ვარიანტით №........ საკ. კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი საავტომობილო და საფეხმავლო გზა შესაძლებელია მოეწყოს ნაკვეთის აღმოსავლეთით არსებული ცენტრალური გზიდან, თუმცა მიწის ნაკვეთსა და გზას შორის არსებული დიდი დონეთა შორის სხვაობის გამო აღნიშნული მიმართულებიდან გზის მოწყობის შემთხვევაში საჭირო იქნება რთული საინჟინრო-სამშენებლო სამუშაოები (საყრდენი კედლების მოწყობა, პანდუსების მოწყობა და სხვა), რაც მნიშვნელოვან დანახარჯებს მოითხოვს (იხ. დანართ №1-ზე ვარდისფერი ისრებით ნაჩვენები მიმართულება). რაც შეეხება №......... საკ. კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი საავტომობილო და საფეხმავლო გზების მოწყობასთან დაკავშირებულ ხარჯებს, აუცილებელია, გაფორმდეს გზის პროექტი, შესაბამისი კომპეტენტური საპროექტო სამსახურის მიერ, რომელშიც გათვალისწინებული იქნება სამშენებლო ნორმებისა და წესების, ასევე, ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნები. მხოლოდ აღნიშნული პროექტის შედგენის შემდგომ იქნება შესაძლებელი გზის მოწყობასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობის დადგენა. აქვე გაცნობებთ, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო არ ადგენს გზის მოწყობასთან დაკავშირებულ პროექტებს, შესაბამისად, საპროექტო დოკუმენტაცია უნდა მომზადდეს შესაბამისი კომპეტენციის მქონე საპროექტო სამსახურის მიერ. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიწის ნაკვეთს არც გამიჯვნამდე და არც გამიჯვნის შემდგომ არ გააჩნია მიწის ნაკვეთთან მისასვლელი აუცილებელი საავტომობილო და საფეხმავლო კავშირი საჯარო გზასთან, ისე რომ გზამ არ გადაკვეთოს რეგისტირებული მიწის ნაკვეთებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, №....... საკ. კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გამიჯვნას არ გამოუწვევია მოსარჩელის საკუთრებაში დარჩენილ, გამოყოფილ მიწის ნაკვეთთან (საკადასტრო კოდი №......) საავტომობილო მისასვლელი გზის გაუქმება. მოსარჩელის №......... საკ. კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის გარშემო დენის, გაზისა და წყლის ქსელების სიახლოვის (ნაკვეთის გარშემო მათი არსებობის საკითხი) და მათი მიწის ნაკვეთამდე მიყვანის საკითხი არ არის ინჟინერ-ექსპერტის კომპეტენცია. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპეტენტური პასუხი უნდა გაიცეს უშუალოდ ამ კომუნიკაციების მფლობელი და გამანაწილებელი კომპანიების წარმომადგენლების მიერ. ამავე დასკვნის თანახმად, ქალაქ თბილისში, .......... მდებარე ი.ქ–ძის საკუთრებაში არსებული 1000 კვ/მ მიწის ნაკვეთის (ს.კ. №.....) საბაზრო ღირებულება 2022 წლის 26 ოქტომბრის მონაცემებით საორიენტაციოდ შეადგენს 54 000 ლარს) და სასამართლო სხდომაზე ექსპეტის მიერ გაკეთებულ განმარტებებზე და მიუთითებს, რომ კასატორის მიერ შესრულებული სამუშაოების დროს ცენტრალური გზა დაღრმავდა, რის შედეგადაც მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთი და ცენტრალური გზა, რომელსაც ემიჯნებოდა ნაკვეთი, აღმოჩნდა სხვადასხვა სიბრტყეში და ამჟამად მათ შორის დაშორება სიმაღლეში დაახლოებით 10 მეტრია. ამ ცვლილების შედეგად, მოსარჩელის კუთვნილ ქონებას მოესპო მისასვლელი გზა. რაც შეეხება ალტერნატიული გზების მოწყობის საკითხს, პალატა მიუთითებს, რომ ის ვარიანტები, რაც შემოთავაზებულია ექსპერტიზის დასკვნაში, ვერ იქნება მიჩნეული ცენტრალური გზის დაღრმავებამდე არსებული მდგომარეობის ალტერნატიულ ვარიანტად, ვინაიდან ორ შემთხვევაში გზის მოსაწყობად საჭიროა სხვა მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა თანხმობა, რაც საკმაოდ რთული სამართლებრივი პროცესია და შესაბამის ხარჯებთანაცაა დაკავშირებული, ხოლო მესამე ვარიანტი საჭიროებს რთულ და ძვირიან საინჟინრო-სამშენებლო სამუშაოებს. ყოველივე ამის გათვალისწინებით დგინდება, რომ ამჟამად მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთს ალტერნატიული მისასვლელი გზა, რომლის მოწყობაც რაიმე განსაკუთრებულ ძალისხმევას არ მოითხოვს, არ გააჩნია და ნაკვეთი ფაქტობრივად ჩაკეტილია.
31. პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხემ კვალიფიციური შედავების პირობებში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გასაქარწყლებლად ვერ შეძლო დამაჯერებელი არგუმენტებისა და ისეთი დასაშვები მტკიცებულების წარდგენა, რაც საწინააღმდეგოს დაადასტურებდა. საკასაციო საჩივრით იგი, ერთი მხრივ, მიუთითებს, რომ არც მოსარჩელის ამჟამიდნელ უძრავ ქონებას და არც მის მიერ გასხვისებულ მიწის ნაკვეთს არც მანამდე და არც ამჟამად არ აქვს ცეტრალური გზიდან მისასვლელი გზა, რისი გათვალისწინებითაც, გაუგებარია, როგორ გაუარესდა მოსარჩელის უძრავი ქონება, ხოლო, მეორე მხრივ, ამტკიცებს, რომ საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 29 იანვრის მეორე მოპასუხის ოფიციალური დოკუმენტით დგინდება სოფლიდან მოსარჩელის მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზის არსებობა, რაც ურთიერთგამომრიცხველი გარემოებებია. ამასთან, ეს უკანასკნელი გარემოება უსაფუძვლოა, ვინაიდან დაინტერესებული პირის (მხარეს წარმოადგენდა მეორე მოპასუხე) მიერ გაცემული დოკუმენტი, სსსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უტყუარ და სარწმუნო მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა, მით უფრო, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთმნიშვნელოვნად საწინააღმდეგო გარემოებას ადასტურებს.
32. რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ მოწინააღმდეგე მხარემ უძრავი ქონების ნაწილის გასხვისებით თავად გამოიწვია ზიანი, ექსპერტიზის დასკვნით დაუსაბუთებელია, ვინაიდან მოსარჩელის მიერ კუთვნილი მიწის ნაკვეთის გამიჯვნასა და ნაწილის გასხვისებას დარჩენილი ნაკვეთის მისასვლელ გზაზე გავლენა არ მოუხდენია, შესაბამისად, მოსარჩელეს კუთვნილი 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან ნახევრის გასხვისებით დარჩენილი მიწის ნაკვეთი საავტომობილო და საფეხმავლო გზის გარეშე ხელოვნურად არ დაუტოვებია.
33. პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების უპირატესობა ის იყო, რომ მიწის ნაკვეთი მდებარეობდა ცენტრალური საავტომობილო გზის პირას და აქედან ამ ნაკვეთში შესასვლელი გზის მოწყობა სირთულეს არ წარმოადგენდა, რამდენადაც გზა და მიწის ნაკვეთის დონე ერთ სიმაღლეზე იყო და ერთ სივრცეში, ეს ინფრასტრუქტურა უშუალოდ ემსახურებოდა მოსარჩელის მიწის ნაკვეთსაც. მოპასუხის მიერ შესრულებულმა სამუშაოებმა კი, არსებითად შეცვალა მდგომარეობა ამ თვალსაზრისით, ვინაიდან მოსარჩელის კუთვნილი მიწის გაყოლებაზე მასშტაბური სამუშაოები შეასრულა, რის შედეგადაც მიწის ნაკვეთი აღმოჩნდა დაახლოებით 10 მეტრით დაშორებული სააავტომობილო გზიდან და აუცილებელი გახდა ხელოვნური ფერდის მოწყობა მიწის ნაკვეთიდან საავტომობილო გზამდე, საგულისხმოა, რომ ფაქტობრივად 30 კვმ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც ამ სამუშაოებისას ჩამოეჭრა მოსარჩელეს, გამოყენებულ იქნა სწორედ ამ ხელოვნური ფერდის მოწყობისთვის. შედეგად მიწის ნაკვეთმა ამ სამუშაოების შედეგად დაკარგა არა თუ ის უპირატესობა, რაც მას ეძლეოდა საავტომობილო გზასთან უშუალო სიახლოვით, არამედ საერთოდ, რელიეფური ცვლილების გამო, ის აღმოჩნდა იზოლირებული ამ ცენტრალური საავტომობილო გზიდან და ფაქტია, რომ სხვა მიწის ნაკვეთების გამოყენების გარეშე მოსარჩელე თავის ნაკვეთში ვეღარ შედის. ამასთან, დადგენილია, რომ არ არსებობს ნაკვეთამდე მისასვლელი ალტერნატიული გზა ან გზის მოწყობის ისეთი ვარიანტი, რომელიც რთულ სამართლებრივ პროცესთან, ან დიდ ძალისხმევასთან და მნიშვლეოვან ხარჯებთან არაა დაკავშირებული, შესაბამისად, პირველი მოპასუხის მოქმედებებმა მოსარჩელის მიწის ნაკვეთი ფაქტობრივად ჩაკეტა, რაც შეუძლებელს ხდის მისი რაიმე დანიშნულებით გამოყენებას. შედეგად მიწის ნაკვეთმა ამ სამუშაოების შედეგად დაკარგა არა თუ ის უპირატესობა, რაც მას ეძლეოდა საავტომობილო გზასთან უშუალო სიახლოვით, არამედ, საერთოდ რელიეფური ცვლილების გამო, როგორც აღინიშნა, ის აღმოჩნდა იზოლირებული ამ ცენტრალური საავტომობილო გზიდან და ფაქტია, რომ სხვა მიწის ნაკვეთების გამოყენების გარეშე მოსარჩელე თავის ნაკვეთში ვეღარ შედის. ამრიგად, სახეზეა სსკ-ის 992-ე მუხლის შემადგენლობა (მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის), რაც მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველია.
34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მითითებით, მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს, მოპასუხის მიერ შესრულებული სამუშაოების გამო, მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მდგომარეობის არსებითად გაუარესებით (და არა მხოლოდ 30 კვ.მ-ის ჩამოჭრით მიყენებული ზიანი) მიყენებული ზიანი.
35. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, საკასაციო პალატა კასატორის მიერ ან ნაწილში წარმოდგენილ პრეტენზიებასაც არ იზიარებს და მიუთითებს, რომ ზოგადად, სასამართლო მტკიცებით პროცესში, საპროცესო უფლების ჯეროვნად რეალიზების მიზნით, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნას (სსსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები, 219-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოსარჩელის მიერ, ამ საპროცესო ვალდებულების შესრულების შემთხვევაში კი, უკვე მოპასუხეზეა დამოკიდებული, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების არსებობის უარყოფა (სსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილი). სსსკ-ის მე-4 მუხლი განსაზღვრავს შეჯიბრებითობის პრინციპს, რომლის თანახმად, მტკიცების საგნის განსაზღვრა და მასში შემავალი ფაქტები დამტკიცების ტვირთი მხარეებს ეკისრებათ. სსსკ-ის მე-3 მუხლი განსაზღვრავს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეებს ანიჭებს თავისუფლებას - განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამდენად, გარემოება დამტკიცებულად შეიძლება ჩაითვალოს, თუ ერთი მხარე მიუთითებს მასზე და მეორე მხარე არ ეწინააღმდეგება ამ მითითებას.
36. საკასაციო პალატამ ერთ-ერთ საქმეზე აღნიშნა, რომ სსსკ-ის 201-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილების თანახმად, „პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში ასახულ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია, მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები). სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს და რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნისა თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია, წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენით გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულება აღარ მიიღება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს“ (იხ. სუსგ დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 02.03.2017წ.).
37. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე შესაგებლით ზიანის ოდენობას არ შესდავებია და მისი შესაგებელი ძირითადად ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ თბილისის შემოვლითი სარკინიგზო ხაზის მშენებლობის პროექტი შეთანხმებულია და მშენებლობის ნებართვა გაცემულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს ბრძანებით და სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობის ნებართვის თანახმად, შესაბამისად, კასატორის (მოპასუხის) პრეტენზია, რომელიც სამართალწარმოების შესაბამის საპროცესო ეტაპზე შესაგებლით შედავებული არ არის, უსაფუძვლოა და მოპასუხისათვის უარყოფით სამართლებრივ შედეგებს იწვევს.
38. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოხსენებულის თაობაზე კასატორს შესაგებელშიც რომ მიეთითებინა, სასამართლო მის პოზიციას საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, მაინც ვერ გაიზიარებდა, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ზიანის ოდენობას ადასტურებს, როგორც 2015 წლის 30 აპრილის აის დასკვნა (იხ. წინამდებარე განჩინების 29-ე პუნქტი), ასევე – შპს „ა-კ–ის“ 2023 წლის 7 დეკემბრის დასკვნები (2023 წლის 7 დეკემბრის პირველი დასკვნის მიხედვით, მოსარჩელის სახელზე არსებული უძრავი ქონების და მის მიმდებარედ არსებული მსგავსი მიწის ნაკვეთების საშუალო საბაზრო ღირებულებამ 1 კვ/მ-ზე 06.12.2023 წლის ვითარებით (დამრგვალებით) შეადგინა 70 აშშ დოლარი. დასკვნის კვლევით ნაწილში, ქონების აღწერაში მითითებულია, რომ შესაფასებელი ქონება წარმოადგენს აღნიშნულ ტერიტორიაზე და მის მიმდებარედ არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების საშუალო საბაზრო ღირებულებას 1 კვ/მ-ზე. უძრავი ქონება შეფასდა ყოველგვარი ნაკლოვანებების გარეშე იმ დასაშვებობით, რომ: მიწის ნაკვეთს აქვს მისასვლელი სამანქანო/საფეხმავლო, როგორც ცენტრალური, ასევე – მეორეხარისხოვანი გზიდან, მდებარეობს სამშენებლო ზონაში და არ ვრცელდება შეზღუდვის ზონა). შპს „ა-კ–ის“ 2023 წლის 7 დეკემბრის მეორე დასკვნის მიხედვით, მოსარჩელის სახელზე არსებული უძრავი ქონების საშუალო საბაზრო ღირებულებამ 1 კვ/მ-ზე 06.12.2023 წლის მდგომარეობით (დამრგვალებით) შეადგინა 24 აშშ დოლარი (დასკვნის კვლევით ნაწილში, ქონების აღწერაში მითითებულია, რომ შესაფასებელი ქონება წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო, სწორი რელიეფის მქონე მიწის ნაკვეთს, რომელიც არ არის შემოღობილი და არც გაუმჯობესებული. მიწის ნაკვეთს არ აქვს დამოუკიდებელი მისასვლელი გზა, მოხვედრა მიწის ნაკვეთზე არის შესაძლებელი მომიჯნავედ მდებარე, სხვა საკადასტრო კოდზე არსებული ნაკვეთის გავლით. ნაკვეთი შეზღუდვის ზონაშია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიწის ნაკვეთზე არ გაიცემა სამშენებლო ნებართვა, შესაბამისად, უძრავი ქონება არის ნაკლებად მიმზიდველი მყიდველისთვის)), რომელთა ურთიერთშეჯერების შედეგად დგინდება, რომ პირველი მოპასუხის სამუშაოების შედეგად წარმოშობილი მოსარჩელის მიწის ნაკვეთის ნაკლოვანებები, 06.12.2023 წლის მდგომარეობით, ქონების საბაზრო ღირებულებას აუფასურებს 46 აშშ დოლარით 1 კვ/მ-ზე, რაც 1000 კვ/მ მიწის ნაკვეთისთვის შეადგენს 46 000 აშშ დოლარს, რაც არ ეწინააღმდეგება სააპელაციო პალატის მიერ დანიშნული სასამართლო ექსპერტიზის დასკვნასაც (რომლის თანახმადაც, თბილისში, დიდ .........., სოფელ პატარა .......... მდებარე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 1000 კვ/მ მიწის ნაკვეთის (ს.კ. №.......) საბაზრო ღირებულება 2022 წლის 26 ოქტომბრის ვითარებით საორიენტაციოდ შეადგენს 54 000 ლარს), ვინაიდან, ამ შემთხვევაში ექსპერტიზის კვლევის საგანი არ ყოფილა მოპასუხის მიერ სამუშაოებამდე არსებული ვითარებით მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულების განსაზღვრა.
39. პალატა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ზემოთ მითითებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ასკვნის, რომ მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება მკვეთრად (65%-ით) გაუფასურდა. ამის საწინააღმდეგო მტკიცებულებებზე მოპასუხეს არ მიუთითებია. მის მიერ სადავოდ გამხდარი ზიანის ოდენობა არცერთი სამართლებრივად ვარგისი და წონადი მტკიცებულებით არ არის გამყარებული, რაც სასამართლოდ შესაძლებლობას მისცემდა, გაექარწყლებინა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებულობა ან, თუნდაც ერთმანეთისთვის შეედარებინა მხარეთა მიერ მტკიცების ტვირთის ფარგლებში წარდგენილი საექსპერტო დასკვნები/ ექსპერტთა მოსაზრებები. მოპასუხეს არ წარუდგენია ზიანის სხვაგვარად გამოთვლის საფუძვლის, ზიანის რეალური ოდენობის თაობაზე რაიმე დოკუმენტაცია, შესაბამისად, ზიანის ოდენობის თაობაზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და კასატორისათვის დაკისრებული ზიანის ოდენობა - 27 090 აშშ დოლარი, მართებული.
40. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
41. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
42. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია, შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
43. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
44. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ჩ.რ.ბ.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. შპს „ჩ.რ.ბ.ჯ–ს“ (ს/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 3725.28 ლარის (საგადახდო დავალება №011/ გადახდის თარიღი 22.04.2025) 70% - 2607.6 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
გიზო უბილავა