გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.04.2026
საქმის ნომერი
ას-1181-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ას-1181-2025 21 აპრილი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან ნემსაძე, მიხეილ ჯინჯოლია

კასატორი – ლ.ა–ია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.ბ–ვი (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე - გ.ტ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა, მორალური ზიანის ანაზღაურება

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ა.ბ–ვმა (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი აღძრა რუსთავის საქალაქო სასამართლოში გ.ტ–ძისა და ლ.ა–იას (შემდეგში: მოპასუხეები, კასატორი) მიმართ შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:

მოპასუხე გ.ტ–ძეს დაევალოს ა.ბ–ვთან დაკავშირებით, მის ოფიციალურ facebook გვერდზე, 2021 წლის 20 სექტემბერს განთავსებული სტატუსის „ბ–ვი კლავს“ უარყოფა და მისი facebook გვერდიდან აღება (წაშლა).

მოპასუხე გ.ტ–ძეს დაევალოს მის ოფიციალურ facebook გვერდზე, 2021 წლის 22 სექტემბერს გამოქვეყნებული შემდეგი ინფორმაციის უარყოფა: „ბ–ვი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ამუშავებს დასაქმებულებს, არ გასცემს ხელფასებს, დასცინის თავის თანამშრომლებს და უღირსად ეპყრობა მათ. ამ გაუცემელი ხელფასის გამო ინფარქტით გარდაიცვალა რუსთაველებისათვის ყველაზე თბილი ადამიანი ბატონი ვ.მ–ი“.

მოპასუხე ლ.ა–იას დაევალოს TV4.ge-ის პირდაპირ ეთერში 2021 წლის 26 ნოემბერს 20:29 საათზე სიუჟეტში გავრცელებული ინფორმაციის : „ს.ბ–ვი არის ადამიანი, რომელიც არის ორჯერ ნასამართლევი“ უარყოფა იმავე სატელევიზიო ეთერის საშუალებით.

მოპასუხეებს გ.ტ–ძეს და ლ.ა–იას მორალური ზიანის სახით თითოეულს დაეკისროს 500 000 ლარის გადახდა ა.ბ–ვის სასარგებლოდ.

2. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა.ბ–ვის სარჩელი მოპასუხე გ.ტ–ძის მიმართ არ დაკმაყოფილდა. ა.ბ–ვის სარჩელი მოპასუხე ლ.ა–იას მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხე ლ.ა–იას დაევალა სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 14 კალენდარული დღის ვადაში, TV4.ge-ის ეთერით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნება შემდეგი სახით: - სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ TV4.GE-ის პირდაპირ ეთერში 2021 წლის 26 ნოემბერს 20:29 საათზე გავრცელებული ინფორმაცია - ს.ბ–ვი არის ადამიანი, რომელიც არის ორჯერ ნასამართლევი“, არ შეესაბამება სიმართლეს, შეიცავს მცდარ ფაქტს ა.ბ–ვის შესახებ. ლ.ა–იას ა.ბ–ვის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა.ბ–ვმა და ლ.ა–იამ. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. მოპასუხემ კი, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ივნისის განჩინებით ა.ბ–ვის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ლ.ა–იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ იზიარებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ, საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

6.1.გ.ტ–ძემ 2021 წლის 20 სექტემბერს საკუთარ Facebook-ის (ფეისბუქი) გვერდზე G.T-ის სახელით გაავრცელა ინფორმაცია, გამოხატული შემდეგი სიტყვებით: „ბ–ვი კლავს“.

6.2. გ.ტ–ძემ 2021 წლის 22 სექტემბერს საკუთარ Facebook-ის (ფეისბუქი) გვერდზე G. T-ის სახელით გაავრცელა ინფორმაცია, გამოხატული შემდეგი სიტყვებით: „ბ–ვი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ამუშავებს დასაქმებულებს, არ გასცემს ხელფასებს, დასცინის თავის თანამშრომლებს და უღირსად ეპყრობა მათ. ამ გაუცემელი ხელფასის გამო ინფარქტით გარდაიცვალა რუსთაველებისათვის ყველაზე თბილი ადამიანი ბატონი ვ.მ–ი“.

6.3. 2021 წლის 26 ნოემბერს, TV4.ge -ის პირდაპირ ეთერში 20:29 საათზე გასულ სიუჟეტში ლ.ა–იამ გაავრცელა ინფორმაცია, გამოხატული შემდეგი სიტყვებით: ს.ბ–ვი არის ადამიანი, რომელიც არის ორჯერ ნასამართლევი“.

6.4. მოპასუხეები არიან საქართველოს პროფესიული კავშირის წევრები.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:

6.5. სააპელაციო პალატამ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლზე, რომლის შესაბამისად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. თუ პირის პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის ან პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემლახველი ცნობები გავრცელებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მაშინ მათი უარყოფაც უნდა მოხდეს ამავე საშუალებებით. თუ ამგვარ მონაცემებს შეიცავს ორგანიზაციის მიერ გაცემული საბუთი, მაშინ ეს საბუთი უნდა შეიცვალოს და ამის შესახებ ეცნობოს დაინტერესებულ პირებს. პალატამ ასევე მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლზე, რომლის თანახმად, პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა.

6.6. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, გააჩნდეს საკუთარი შეხედულება, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია ან იდეები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ვერ დააბრკოლებს სახელმწიფოს, მოახდინოს რადიომაუწყებლობის, ტელევიზიისა და კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება. ხოლო მეორე ნაწილის მიხედვით, ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ისინი განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს კანონით დადგენილ ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი უწესრიგობის თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა უფლებების ან ღირსების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად, ანდა სასამართლოს ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

6.7. კონვენცია ადგენს რა ადამიანის ძირითად უფლებებსა და მათი დაცვის მექანიზმებს, ამ ძირითად უფლებებს ყოფს ე.წ. „აბსოლუტურ“ და „შეზღუდვად“ უფლებებად. აბსოლუტურია უფლება, რომელიც არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება შეიზღუდოს და სახელმწიფო ვერ წარმოაჩენს მათი შეზღუდვის ვერცერთ ლეგიტიმურ საფუძველს (ასეთია მაგალითად კონვენციის მე-3 მუხლი წამების აკრძალვის თაობაზე). კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული გამოხატვის თავისუფლება კი, სწორედ ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ლეგიტიმური წინაპირობების არსებობის შემთხვევაში შესაძლოა შეიზღუდოს.

6.8. სასამართლომ განმარტა, რომ მნიშვნელობა ენიჭება აზრისა და ფაქტის დეფინიციებს. აზრი, რომელიც არის შეფასებითი კატეგორია და ნაკლებად ექვემდებარება მტკიცებას, შედარებით უფრო დაცულია. თუმცა არც ეს დაცვაა აბსოლუტური: ევროპის სასამართლო განმარტავს, რომ რაც უფრო უხეში და სერიოზული ბრალდების შემცველია აზრი, და ამავე დროს რაც უფრო დაუცველი პირის მიმართ არის ის გამოთქმული, მით მეტია ალბათობა ასეთი გამოხატვის შეზღუდვისა. მეორეს მხრივ, შედარებით ნაკლებად შეიძლება იყოს დაცული ფაქტების გავრცელება. თუმცა აბსოლუტური და ერთობლივი მიდგომა არც აქ არსებობს.

6.9. სასამართლომ იმსჯელა მტკიცების ტვირთზე და აღნიშნა, რომ სარჩელის დაკმაყოფილებისთვის მტკიცების ტვირთის სტანდარტიდან გამომდინარე, მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს, რომ: ა) მოპასუხემ მის შესახებ გაავრცელა სადავო განცხადება; ბ) სადავო განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს, ანუ იგი მცდარი ფაქტების შემცველია; დ) სადავო განცხადება ზიანს აყენებს მის პატივს, ღირსებასა ან/და საქმიან რეპუტაციას. ამასთან, სასამართლომ მიუთითა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ.

6.10. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველი დავის ფარგლებში გადასაწყვეტი იყო - მოპასუხეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია თავსდებოდა თუ არა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში და ხომ არ არსებობდა ამგვარი გამოხატვის შეზღუდვის ისეთი კანონით დაცული საფუძველი, როგორიცაა ადამიანის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი იყო, რომ 1999 წლიდან 2021 წლის 21 მაისამდე სს „რ.ს.ს–ის“ დირექტორი იყო მოსარჩელე ა.ბ–ვი. შრომის ინსპექციის მოკვლევის შედეგად, სს „რ.ს.ს–ში“, რომლის დირექტორი 1999 წლიდან 2021 წლის 21 მაისამდე იყო მოსარჩელე, აღმოჩენილი იქნა დარღვევები, რომელიც უკავშირდებოდა სამუშაო დროის ხანგრძლივობას, შრომის, მათ შორის ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას, ანაზღაურებად შვებულებას, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წესს, ზედიზედ ორ ცვლაში მუშაობის წესის დარღვევას და ა.შ. მართალია შრომის ინსპექციის მიერ განხორციელებული მოკვლევის პერიოდში მოსარჩელე აღარ იყო სს „რ.ს.ს–ის“ დირექტორი, მაგრამ როგორც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით ირკვევოდა, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე დარღვევები მხოლოდ მოსარჩელის მიერ დირექტორის თანამდებობის დატოვების შემდეგ არ წარმოშობილა. ამასთანავე, მოპასუხე მხარის განმარტებით, მოსარჩელე არის სს „რ.ს.ს–ის“ 100% წილის მფლობელი პირი. აღნიშნულს ადასტურებდა მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება. საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია.

6.11. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე გ. (გ.) ტ–ძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რაც გამოიხატა მის მიერ ფეისბუქის გვერდზე გაკეთებული განცხადების ფორმით, წარმოადგენდა სს „რ.ს.ს–ში“ დამსაქმებელს და დასაქმებულებს შორის არსებული შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე არსებული გარემოებების შეფასებას და სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებით დადგენილი იყო, რომ მოპასუხის მიერ გაკეთებულ სადავო განცხადებას გააჩნდა გარკვეული ფაქტობრივი საფუძველი. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა გ.ტ–ძის მიმართ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

6.12. რაც შეეხება მოპასუხე ლ.ა–იას მიერ გაკეთებულ, სადავოდ გამხდარ განცხადებას, მოსარჩელის მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილი იქნა სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის 24.12.2018 წლის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, პირობით მსჯავრდებული ა.ბ–ვი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2016 წლის 2 ივნისის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1432-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი. დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით, მასვე ერთი წლის ვადით ჩამოერთვა სამედიცინო დაწესებულებაში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი თანამდებობის დაკავების უფლება. გადაწყვეტილების თანახმად, თბილისის პრობაციის უფროსის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და პირობით მსჯავრდებულ ა.ბ–ვის მიმართ გაუქმდა პირობითი მსჯავრი და მოეხსნა ნასამართლობა. შესაბამისად, პალატა დაეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელე მხარემ დაადასტურა, რომ მოპასუხე ლ.ა–იას მიერ გავრცელებული განცხადება: ,,ს. ბ–ვი არის ადამიანი, რომელიც არის ორჯერ ნასამართლევი“, შეიცავდა არსებითად მცდარ ფაქტს მოსარჩელე ა.ბ–ვის შესახებ.

6.13. პალატამ მიიჩნია, რომ ლ.ა–იას მიერ TV4.GE-ის პირდაპირ ეთერში 2021 წლის 26 ნოემბერს 20:29 საათზე გავრცელებული ინფორმაცია - ს.ბ–ვი არის ადამიანი, რომელიც არის ორჯერ ნასამართლევი“, არ შეესაბამება სიმართლეს, შეიცავს მცდარ ფაქტს ა.ბ–ვის შესახებ.

6.14. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი და მესამე პუნქტების შესაბამისად, ცილისწამებასთან დაკავშირებით მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხე ლ.ა–იას მართებულად დაევალა სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 14 კალენდარული დღის ვადაში, TV4.ge-ის ეთერით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნება შემდეგი სახით: - სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ TV4.GE-ის პირდაპირ ეთერში 2021 წლის 26 ნოემბერს 20:29 საათზე გავრცელებული ინფორმაცია - ს.ბ–ვი არის ადამიანი, რომელიც არის ორჯერ ნასამართლევი“, არ შეესაბამება სიმართლეს, შეიცავს მცდარ ფაქტს ა.ბ–ვის შესახებ.

6.15. მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობასთან მიმართებით მხარეთა პრეტენზია, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა და მიიჩნია, რომ ლ.ა–იასათვის მორალური ზიანის საკომპენსაციოდ დაკისრებული თანხა 500 ლარი წარმოადგენდა სამართლიან ანაზღაურებას და მისი ოდენობის გაზრდის ან შემცირების საფუძველი არ არსებობდა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 23 ივნისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ლ.ა–იამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

8. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

8.1. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს არ შეუფასებია ლ.ა–იას მიერ გამოთქმული აზრი სრულ კონტექსტში და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მსგავსად შეაფასა მხოლოდ მისი ნაწილი. ასევე არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე მოქმედებდა პროფესიული კავშირის სახელით.

8.2. სასამართლოს არ გაუმახვილებია ყურადღება იმ ფაქტზე, თუ რამდენად წარმოიდგენდა კასატორი, რომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის გასამართლებულ მოსარჩელეს ნასამართლობა მოხსნილი ჰქონდა, ან თუ იცოდა ნასამართლობის მოხსნის შესახებ.

8.3. სასამართლოს უნდა ემსჯელა იმ საკითხზეც, მოხდა თუ არა კასატორის მიერ არსებითად მცდარი ფაქტის გავრცელება. ყურადღება არ გამახვილებულა მასზედ, რომ მოსარჩელე მხარის მიმართ ორჯერ ნასამართლობის საკითხთან დაკავშირებით, მცდარი ინფორმაციის გამავრცელებლი იყო მედია-საშუალებები, შესაბამისად, საზოგადოებაში უკვე გავრცელებული იყო ინფორმაცია ა.ბ–ვის ორჯერ ნასამართლობის შესახებ. მოპასუხემ კი, მხოლოდ გააჟღერა საზოგადოების ფართო მასებისათვის ისედაც ცნობილი ინფორმაცია.

8.4. კასატორის ქმედება ექცევა გამოხატვის თავისუფლების დაცვის მაღალ ხარისხში და შესაბამისად, არ არსებობს მის მიმართ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ნოემბრის განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 07 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად 391-ე მუხლის მე-4 ნაწილის (არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე) საპროცესო სამართლებრივი საფუძვლით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

11. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

13. საკასაციო საჩივრის ფარგლებში პალატის შეფასების საგანია ლ.ა–იას მიერ TV24.ge-ს პირდაპირ ეთერში გავრცელებული განცხადება წარმოადგენს თუ არა ცილისწამებას, რასაც შედეგად მოსარჩელის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვა მოჰყვა. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, მოპასუხე ლ.ა–იას მიერ გავრცელებული განცხადება არსებითად მცდარი ფაქტის შემცველია და პირისთვის ზიანის მიმყენებელია, რის გამოც გამართლებულია გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა.

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ლ.ა–იას მიმართ წარდგენილ მოთხოვნასთან მიმართებით, ქვემდგომი სასამართლოების მიერ დადგენილია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები:

13.1. 2021 წლის 26 ნოემბერს, TV4.ge -ის პირდაპირ ეთერში 20:29 საათზე გასულ სიუჟეტში ლ.ა–იამ გაავრცელა ინფორმაცია, გამოხატული შემდეგი სიტყვებით: ს.ბ–ვი არის ადამიანი, რომელიც არის ორჯერ ნასამართლევი“.

13.2. მოპასუხე არის საქართველოს პროფესიული კავშირის წევრი.

14. საკასაციო პალატა, მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს რამდენიმე თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე საკითხზე, როგორიცაა: სახელმწიფოს ნეგატიური და პოზიტიური ვალდებულებანი; ერთი მხრივ გამოხატვის თავისუფლებისა და მეორე მხრივ, პატივისა და ღირსების დაცვის ურთიერთმიმართება; დაცულ უფლებაში ჩარევის სტანდარტი; სადავო განცხადების შინაარსი.

15. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (შემდგომში - კონვენცია) პირველი მუხლის მიხედვით, მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ყველასათვის თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში უზრუნველყოფენ ამ კონვენციის I კარში განსაზღვრულ უფლებებსა და ვალდებულებებს. სიტყვით „უზრუნველყოფენ“ პრეცედენტული სამართლის მიხედვით განიმარტება არა მხოლოდ სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულებანი, არ ხელყოს კონვენციური უფლებანი, არამედ ასევე, პოზიტიური ვალდებულებანი, დაიცვას უფლებანი და თავისუფლებანი, მათ შორის მესამე პირების მიერ დარღვევის შემთხვევაში. დაცვაში იგულისხმება რეალური, ეფექტური დაცვა შესაბამისი ინსტიტუტების და პროცედურების საშუალებით. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების ერთ-ერთი ასპექტია, უზრუნველყოს საკანონმდებლო და ადმინისტრაციული საფუძველი მე-8 მუხლით დაცული უფლების რეალიზაციისათვის. პრეცედენტული სამართლის თანახმად, გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფუძველს და ერთ-ერთ ძირითად პირობას მისი პროგრესისა და თითოეული ინდივიდის თვითრეალიზაციისათვის. მე-10 მუხლის შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლება ექვემდებარება გამონაკლისებს, რომლებიც უნდა განიმარტოს მკაცრად, თუმცა რაიმე სახის შეზღუდვის საჭიროება დამაჯერებლად უნდა დასაბუთდეს. ზედსართავი სახელი „აუცილებელი“, 10.2 მუხლის მნიშვნელობით, გულისხმობს „გადაუდებელი სოციალური საჭიროების“ არსებობას. ხელშემკვრელ სახელმწიფოებს გააჩნიათ დისკრეციული უფლებამოსილების გარკვეული ფარგლები ამგვარი საჭიროების არსებობის შესაფასებლად, თუმცა ეს მჭიდროდ არის დაკავშირებული ევროპულ ზედამხედველობასთან, რომელიც ეხება როგორც კანონმდებლობას, ისე კანონმდებლობის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, თუნდაც ისინი დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ იყოს გამოტანილი. სასამართლომ უნდა განიხილოს სადავო ჩარევა მთლიანი საქმის კონტექსტის ჭრილში და დაადგინოს, იყო თუ არა ის „ლეგიტიმური მიზნის თანაზომიერი“ და რამდენად „სათანადო და საკმარისია“ ეროვნული ხელისუფლების ორგანოების მიერ აღნიშნული ჩარევის დასაბუთებისათვის მოყვანილი მიზეზები. სასამართლომ უნდა გადაამოწმოს და დარწმუნდეს, რომ ეროვნული ხელისუფლების ორგანოებმა გამოიყენეს სტანდარტები, რომლებიც შეესაბამებოდა მე-10 მუხლით განსაზღვრულ პრინციპებს და დაეყრდნენ შესაბამისი ფაქტების მისაღებ შეფასებას („ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (1976 წლის 7 დეკემბერი, სერია A, N24), „სტოლი შვეიცარიის წინააღმდეგ“ ([დიდი პალატა] N 69698/01, § 101, ECHR 2007-V), „ცხოველთა უფლებების დამცველები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ [დიდი პალატა] N 48876/08, §100, EჩHღ 2013).

16. იმ საქმეებში, რომლებშიც წინააღმდეგობაში მოდის ერთი მხრივ გამოხატვის თავისუფლება (კონვენციის მე-10 მუხლი) და მეორე მხრივ, პატივისა და ღირსების დაცვა (კონვენციის მე-8 მუხლი), პირველ რიგში ყურადღება ექცევა შემდეგ საკითხებს: ა) რამდენად ეხება კონკრეტული გამონათქვამი საზოგადოებრივი ინტერესის საგანს; ბ) იმ შემთხვევაში, თუ ჩრდილი მიადგა პატივსა და ღირსებას, როგორია კონტექსტი - ეხება თუ არა გამონათქვამი პიროვნების საჯარო საქმიანობას, საქმე გვაქვს ფაქტთან თუ შეფასებით მსჯელობასთან, როგორია გამოხატვის ფორმა და შინაარსი; გ) რამდენად იყო პირის მიმართ გავრცელებული გამონათქვამი პროვოცირებული თავად ამ პირის მიერ; დ) ეროვნულმა ორგანოებმა როგორ დაიცვეს ბალანსი გამოხატვის თავისუფლებასა და პატივისა და ღირსების დაცვას შორის.

17. როდესაც ვსაუბრობთ ჩარევის სტანდარტზე, პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვებს: ექცევა თუ არა საკითხი კონვენციის შესაბამისი მუხლით დაცულ სფეროში? ჰქონდა თუ არა ადგილი დაცულ სფეროში ჩარევას? ჩარევა გათვალისწინებულია თუ არა კანონით? ჩარევა ემსახურება თუ არა ლეგიტიმურ მიზანს? ჩარევა აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში? ჩარევის ფორმა არის თუ არა მწვავე საზოგადოებრივი საჭიროების პროპორციული?. ჩარევის ფარგლებთან დაკავშირებით სახელმწიფოებს აქვთ თავისუფალი შეფასების ფარგლები, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებს აქვთ გარკვეული თავისუფლება კონვენციური უფლების შეზღუდვის მიზანშეწონილობის კუთხით, რომელიც როგორც ზემოთ ვახსენეთ, ექცევა საერთაშორისო საზედამხედველო ორგანოების, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კონტროლის ქვეშ.

18. რაც შეეხება გამოხატვის ბუნებას, აღიარებულია, რომ მე-10 მუხლი იცავს გამოხატვის ისეთ ფორმებსაც, რომლებიც სხვებისთვის დამაზიანებელია ან ასეთი ზიანის საფრთხეს ქმნიან. ზოგადად, მოსაზრებები, რომლებიც მისაღებია საზოგადოების უმრავლესობისთვის, ნაკლებად ექვემდებარება სახელმწიფოს მხრიდან ჩარევას, თუმცა პრეცედენტული სამართლით აღიარებულია, რომ მე-10 მუხლი ფარავს ისეთ აზრებს და ინფორმაციასაც, რომლებიც მისაღებია უმცირესობისთვის ან ცალკეული ინდივიდებისთვის, მათ შორის რომლებიც შოკისმომგვრელია უმრავლესობისთვის. ინდივიდუალური მოსაზრებების შემწყნარებლობა მნიშვნელოვანი კომპონენტია დემოკრატიული პოლიტიკური სისტემისა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ მე-10 მუხლი იცავს არა მხოლოდ „ინფორმაციას“ ან „იდეებს“, რომლებიც დადებითი, არაშეურაცხმყოფელი ან უმნიშვნელოა, არამედ შეურაცხმყოფელ, შოკისმომგვრელ ან შემაწუხებელ ინფორმაციას, ან იდეებს. ასეთია პლურალიზმის, შემწყნარებლობისა და ლიბერალური აზროვნების მოთხოვნები, რომელთა გარეშე „დემოკრატიული საზოგადოება“ არ არსებობს („ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (1976 წლის 7 დეკემბერი, სერია A, N24)). ამგვარი გამონათქვამების დაცვა დამოკიდებულია გამოთქმის კონტექსტზე და კრიტიკის მიზანზე. იმ საქმეებში, სადაც გამონათქვამი ეხება საჯარო დებატებს ან საჯარო ინტერესს, ან კრიტიკა მიმართულია საჯარო მმართველობის წინააღმდეგ, „მძაფრი“ ანდა „მკვახე გამონათქვამები“ უფრო მეტად არის შეწყნარებული.

19. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგნისა და სარჩელის ფაბულის გათვალისწინებით, უდავოა, რომ საკითხი ექცევა კონვენციის მე-10, ასევე საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლებით დაცულ სფეროში. ვინაიდან მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისაგან ამ უკანასკნელის მიერ მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას. ეს ცალსახად მიუთითებს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება განიხილება ჩარევად დაცულ სფეროში, რომელიც უნდა განხორციელდეს ზემოთ განხილული პირობების მკაცრად დაცვით (გათვალისწინებულია კანონით; ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს; აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით (მუხლი 4.1), ამასთან, სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირების კუთხით, სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია ცილისწამებისთვის (არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება).

20. გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობიდან, ასევე გასაჩივრებული განჩინების ფარგლებიდან გამომდინარე (ვინაიდან, საკასაციო საჩივრის ავტორია მოპასუხე ლ.ა–ია), პირველ რიგში უნდა შეფასდეს სადავო განცხადება წარმოადგენს თუ არა ცილისწამებას (ფაქტების შემცველ განცხადებას), დადებით შემთხვევაში, შეილახა თუ არა კონვენციის მე-8 მუხლით დაცული მოსარჩელის უფლებები. იმისათვის, რომ კონვენციის მე-8 მუხლი მოქმედებაში მოვიდეს, პირის რეპუტაციაზე თავდასხმა უნდა ატარებდეს სიმძიმის გარკვეულ ხარისხს და განხორციელებული უნდა იყოს პირის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებაზე წინასწარ შექმნილი განწყობით გავლენის მოხდენის მიზნით (იხ. „Delfi AS v. Estonia“ [GC], no. 64569/09, § 137, ECHR 2015 და „Medžlis Islamske Zajednice Brčko and Others v. Bosnia and Herzegovina“ [დიდი პალატა], N 17224/11, § 76, 27 ივნისი 2017). იმ საშუალების ზომა, რომლის ფარგლებშიც ჩაითვლება დაცულად კონვენციის მე-8 მუხლი, ხელშემკვრელი სახელმწიფოების თავისუფალი შეფასების ფარგლებში ექცევა, პოზიტიურია სახელმწიფოს ეს ვალდებულება თუ ნეგატიური. იმავენაირად, კონვენციის მე-10 მუხლის ფარგლებში, ხელშემკვრელ სახელმწიფოებს აქვთ გარკვეული თავისუფლება იმის შეფასებისას, თუ რამდენად და რა მოცულობით ჩაითვლება აუცილებლად ჩარევა ამ მუხლით დაცული გამოხატვის თავისუფლებაში (იხ. „Satakunnan Markkinapörssi Oy and Satamedia Oy v. Finland“ [დიდი პალატა], N 931/13, § 162, 27 ივნისი 2017 და „Couderc and Hachette Filipacchi Associés v. France“ [დიდი პალატა], N 40454/07, § 90, ECHR 2015 (ამონარიდები)). პრეცედენტული სამართლის თანახმად, ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს განცხადებები ფაქტებთან დაკავშირებით და შეფასებითი მსჯელობა („ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ“, 1986 წლის 8 ივლისი, § 46, სერია A, N10 და „ობერშლიკი ავსტრიის წინააღმდეგ“, (N 1), 1991 წლის 23 მაისი, § 63, სერია A, N 204). ფაქტების არსებობა შეიძლება დადასტურდეს, ხოლო, შეფასებითი მსჯელობის ჭეშმარიტების დამტკიცება შეუძლებელია. შეფასებითი მსჯელობის ჭეშმარიტების დამტკიცების შესახებ მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია და არღვევს თავად გამოხატვის თავისუფლებას, რაც წარმოადგენს მე-10 მუხლით დაცული უფლების ძირითად ნაწილს (იხ. „დე ჰაესი და გიჯსელსი ბელგიის წინააღმდეგ“, 1997 წლის 24 თებერვალი, §42, ანგარიშები 1997-I), თუმცა, როდესაც განცხადება უტოლდება შეფასებით მსჯელობას, ჩარევის თანაზომიერება შეიძლება დამოკიდებული იყოს იმაზე, არსებობს თუ არა საკმარისი „ფაქტობრივი საფუძველი“ გასაჩივრებული განცხადებისათვის. თუ არ არსებობს, ასეთი შეფასებითი მსჯელობა შეიძლება დადგინდეს, როგორც გადაჭარბებული (იხ. „დე ჰაესი და გიჯსელსი ბელგიის წინააღმდეგ“ §47; „ობერშლიკი ავსტრიის წინააღმდეგ“ (N2), 1997 წლის 1 ივლისი, §33, ანგარიშები 1997-IV; „რასილიერი საფრანგეთის წინააღმდეგ“, N71343/01, § 36, 11/04/2006 და „ლინდონი, ოჩაკოვსკი-ლაურენსი და ჟული“, §55). ფაქტობრივი ბრალდებისა და შეფასებითი მსჯელობის გასამიჯნად აუცილებელია საქმის გარემოებებისა და გამონათქვამების ზოგადი კონტექსტის გათვალისწინება. მხედველობაშია მისაღები აგრეთვე, რომ განცხადებები საზოგადოებრივი ინტერესის საკითხების თაობაზე, შესაძლოა, წარმოადგენდეს შეფასებით მსჯელობას და არა ფაქტის დაფიქსირებას. აზრისა და ფაქტის ერთმანეთთან მჭიდრო კავშირის გამო, მათი გამიჯვნა საკმაოდ რთულია, ამიტომ სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი (იხ. სუსგ №ას-1477-1489-2011, 3 აპრილი, 2012 წელი). ცილისწამების მაკვალიფიცირებელი ერთ-ერთი მთავარი ნიშანია განმცხადებლის მიერ იმ ფაქტების მითითება, რომლებიც რეალობასთან არც ისე შორსაა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე სუბიექტური და, რაც მთავარია, მისი დადასტურება (დამტკიცება) შესაძლებელია (იხ. სუსგ №ას-179-172-2012, 1 ოქტომბერი, 2014 წელი).

21. განსახილველ შემთხვევაში, ლ.ა–იამ 2021 წლის 26 ნოემბერს 20:29 საათზე, TV4.GE-ის პირდაპირ ეთერში გაავრცელა ინფორმაცია - ს.ბ–ვი არის ადამიანი, რომელიც არის ორჯერ ნასამართლევი“. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მიერ არასწორი ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვა მისი ღირსების შელახვა. ამდენად, ა.ბ–ვი სადავოდ ხდის, მოპასუხის მიერ გავრცელებული ცნობის სინამდვილესთან შეუსაბამობას და აფასებს მათ, როგორც ცილისწამებას. სადავო განცხადების შინაარსის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ მოპასუხის მიერ გავრცელებული განცხადება შეიცავს ფაქტს.

22. მოსარჩელის მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილი იქნა სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის 24.12.2018 წლის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, პირობით მსჯავრდებული ა.ბ–ვი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2016 წლის 2 ივნისის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1432-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი. დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით, მასვე ერთი წლის ვადით ჩამოერთვა სამედიცინო დაწესებულებაში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი თანამდებობის დაკავების უფლება. გადაწყვეტილების თანახმად, თბილისის პრობაციის უფროსის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და პირობით მსჯავრდებულ ა.ბ–ვის მიმართ გაუქმდა პირობითი მსჯავრი და მოეხსნა ნასამართლობა.

23. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელე მხარემ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით დაადასტურა, რომ მოპასუხე ლ.ა–იას მიერ გავრცელებული განცხადება (ს.ბ–ვი არის ადამიანი, რომელიც არის ორჯერ ნასამართლევი“), შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს ა.ბ–ვის შესახებ.

24. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების მიხედვით, საჯარო პირი არის - „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი; პირი, რომლის გადაწყვეტილება ან აზრი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე; პირი, რომლისკენაც მისი გარკვეული ქმედების შედეგად ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება, ხოლო, კერძო პირი არის - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ არის საჯარო პირი ან ადმინისტრაციული ორგანო. ამავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით, საზოგადოებრივ ყურადღებად განიმარტება - საზოგადოების ინტერესი (და არა ცალკეულ პირთა უბრალო ცნობისმოყვარეობა) იმ მოვლენისადმი, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განხორციელებასთან.

25. ამდენად, კანონი ერთმანეთისაგან მიჯნავს კერძო და საჯარო პირის ცილისწამებას. კერძო პირის ცილისწამებისათვის პირს მხოლოდ მაშინ დაეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა, ხოლო საჯარო პირის ცილისწამებისათვის პირს მაშინ ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება. ზემოაღნიშნული კანონის მე-16 მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობის ფარგლებს ცილისწამებისათვის. აღნიშნული მუხლის თანახმად, პირს ცილისწამებისათვის არ ეკისრება პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში, თუ მან არ იცოდა არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ცილისწამებას ავრცელებდა.

26. ამდენად, კანონი კერძო და საჯარო პირის ცილისწამებისათვის (ორივე შემთხვევაში) მტკიცების ტვირთს იმგვარად ანაწილებს, რომ მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ფაქტი მასზედ, რომ მის წინააღმდეგ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია და რომ აღიშნული ინფორმაცია მოსარჩელისათვის ზიანის მომტანია.

27. კანონი საჯარო პირისათვის, მისი სტატუსიდან გამომდინარე, დამატებით მოთხოვნას აწესებს, კერძოდ, მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებად ასახელებს ასევე მის წინააღმდეგ მცდარი ინფორმაციის განზრახ ან აშკარა და უხეში გაუფრთხილებლობით გავრცელებას, ანუ საჯარო პირის შემთხვევაში, მოსარჩელემ დამატებით უნდა ამტკიცოს ასევე ფაქტი იმის შესახებ, რომ ინფორმაციის გამავრცელებელმა იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ ინფორმაცია, რომელსაც იგი ავრცელებდა, მცდარი იყო.

28. ფაქტები კი, როგორც წესი, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ანუ ფაქტის გადამოწმება და დადგენა, რეალურად არსებობდა თუ არა ის, შესაძლებელია.

29. ფაქტობრივი ბრალდებისა და შეფასებითი მსჯელობის გასამიჯნად აუცილებელია საქმის გარემოებებისა და გამონათქვამების ზოგადი ტონის გათვალისწინება. მხედველობაშია მისაღები აგრეთვე, რომ განცხადებები საზოგადოებრივი ინტერესის საკითხების თაობაზე, შესაძლოა, წარმოადგენდეს შეფასებით მსჯელობას და არა ფაქტის დაფიქსირებას (იხ. Morice v. France [GC], no. 29369/10, §126, ECHR 2015).

30. განსახილველი კატეგორიის დავებში, კანონმდებელი მტკიცების ტვირთს მთლიანად მოსარჩელეს აკისრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოში სარჩელის წარდგენისას მოსარჩელეა ვალდებული, დაამტკიცოს: ა) მოპასუხემ მის შესახებ გაავრცელა სადავო განცხადება; ბ) სადავო განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს ანუ იგი მცდარი ფაქტების შემცველია; გ) განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა; დ) სადავო განცხადება ზიანს აყენებს მის პატივს, ღირსებასა ან/და საქმიან რეპუტაციას.

31. სარჩელის წარმატებისათვის ისიც უნდა გაირკვეს ხომ არ არსებობდა ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებები, კერძოდ, ის რომ განცხადება, სპეციალური კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პოლიტიკური ან სასამართლო სიტყვის თავისუფლების ფარგლებში არ გავრცელებულა. უნდა დადგინდეს ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოების არარსებობა.

32. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ ინფორმაციის გავრცელების ფაქტი სადავო არ არის. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ გავრცელებული ინფორმაცია შეიცავდა არსებითად მცდარ ფაქტს. თუმცა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან, მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობისა და სისხლის სამართლის საქმის შინაარსის გათვალისწინებით, მოცემული საკითხის მიმართ არსებობდა საზოგადოების მაღალი ინტერესი, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის „ი“ ქვეპუნქტის მიხედვით, კასატორი საჯარო პირია. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილებისთვის მოპასუხე მხარის ბრალეულობის დადასტურებაც არის საჭირო. დასახელებული საკითხის შეფასებისას კი, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მართალია, საქმეში წარმოდგენილია სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ა.ბ–ვის მიმართ გაუქმდა პირობითი მსჯავრი და მოეხსნა ნასამართლობა. თუმცა მოსარჩელე 2016 წლის 02 ივნისის განაჩენით ცნობილ იყო დამნაშავედ. ნასამართლობის შესახებ ინფორმაციის მოპასუხისთვის ხელმისაწვდომობაზე კი მოსარჩელე არ მიუთითებს. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს პასუხი ლ.ა–იასა და გ.ტ–ძის მიმართვაზე. განმცხადებლებს განემარტათ, რომ ნასამართლობის ცნობა არ გაიცემა, თუ მისი გაცემა მოითხოვა არაუფლებამოსილმა პირმა... და ვინაიდან, განმცხადებლებმა ვერ წარადგინეს ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემისათვის საჭირო დოკუმენტები, შსს მომსახურების სააგენტომ მიუთითა, რომ მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს, დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა მოქალაქე ა.ბ–ვის ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე (იხ.: მსგავს საკითხზე, სუსგ. ას-1609-2022, 27.06.2023წ).

33. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან სადავო განცხადება მიმართული იყო საჯარო პირისადმი, საზოგადოებაში იმ პერიოდში არსებულ აქტუალურ საკითხთან მიმართებით და ეფუძნებოდა მოსარჩელის მიმართ დამდგარ განაჩენს, რომლის შესახებ ინფორმაციაც გავრცელებული იყო სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით, მოსარჩელემ დამაჯერებლად ვერ დაადასტურა, რომ მოპასუხისათვის ცნობილი იყო გავრცელების დროისათვის ფაქტების მცდარობა ან მან გამოიჩინა უხეში დაუდევრობა. აღნიშნული კი, მხარის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველია.

34. რაც შეეხება მორალური ზიანის ანაზღაურებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 18.2-ე მუხლით, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც.

35. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. მორალური ზიანის ანაზღაურებით დაცული არამატერიალური სიკეთე ადამიანის საყოველთაო უფლებებისა და თავისუფლების ნაწილია. „მორალური ზიანი“ სულიერი გრძნობებისა და ურთიერთობების სფეროში მიყენებულ ზიანს გულისხმობს. იგი ნეგატიურ ცვლილებებს იწვევს ადამიანის ორგანიზმში, რამაც ქონებრივ დანახარჯებთან ერთად შეიძლება არამატერიალური უფლებების ხელყოფა - ფსიქიკური ტანჯვა (მორალური ზიანი) გამოიწვიოს. ადამიანის ფსიქიკაში ნეგატიური ცვლილებების არსებობას, რაც გამოიხატება ფიზიკურ და სულიერ ტანჯვაში, გარეგნული გამოხატულება არ გააჩნია და, შესაბამისად, არამატერიალიზებული ზიანია. არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფა კი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას იწვევს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმე #ას-1477-1489-2011, 03 აპრილი, 2012 წელი).

36. ამასთან, მორალური ზიანის ისევე როგორც ზოგადად ზიანის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს, თვით ზიანის ფაქტი, ზიანის მიმყენებლის არამართლზომიერი მოქმედება ან უმოქმედობა; არამართლზომიერ ქმედებასა და მორალურ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი; ზიანის მიმყენებლის ბრალი. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს გავრცელებული ცნობის უარყოფის საფუძველი, რაც თავის მხრივ, გამორიცხავს მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას

37. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინების მე-2 და მე-3 პუნქტები და ა.ბ–ვის სარჩელი ლ.ა–იას მიმართ არ დაკმაყოფილდეს.

38. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

39. განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც წინამდებარე გადაწყვეტილებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა, მოსარჩელეს ლ.ა–იას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრების გამო გადახდილი ბაჟის - 450 (150+300) ლარის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 408.3-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ლ.ა–იას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ივნისის განჩინების მე-2 და მე-3 პუნქტები და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ა.ბ–ვის სარჩელი ლ.ა–იას მიმართ, პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ცნობების უარყოფის, მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.

4. ა.ბ–ვს (........) ლ.ა–იას (..........) სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო და საკასაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით 450 ლარის გადახდა;

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: ლევან ნემსაძე

მიხეილ ჯინჯოლია