დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 22.04.2026
საქმის ნომერი
ას-1479-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

22 აპრილი, 2026 წელი,საქმე №ას-1479 -2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მიქაბერიძე,ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ბ.ჭ–ძე, ც.წ–ია (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე - ც.ც–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება, სასაზღვრო მიჯნის მოშლა, ქმედების დავალდებულება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო სჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბ.ჭ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორცპირველი მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) და ც.წ–ია (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) ასაჩივრებდნენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებას, რომლითაც მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ახალი გადაწყვეტილებით ც.ც–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე) წინააღმდეგ აღძრული მოთხოვნა მეზობელ ნაკვეთებს შორის აღმართული ბეტონის ღობის დემონტაჟის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ასევე უცვლელად იქნა დატოვებული გასაჩივრებული გადაწყვეტილება კასატორების სარჩელის ნაწილობრივ განუხილველად დატოვების შესახებ. საკასაციო პრეტენზიით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია, სახელდობრ:

1.1. კასატორების მტკიცებით, როგორც სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, ასევე ადგილზე დათვალიერებითა და წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ მოპასუხემ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაირეგისტრირა მიწის ნაკვეთი, რითიც საერთო სარგებლობის გზა და ჭა მიითვისა. უკანონო რეგისტრაციის გაუქმების გარეშე კი, მოსარჩელეებს საზღვრის გადაწევის, სავალი გზის გათავისუფლებისა და ჭით სარგებლობის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველიც ესპობათ, ასევე კანონიერია უნებართვოდ აღმართული მიჯნის დემონტაჟის მოთხოვნა, რომელიც სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 27 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. მხარეები ბათუმში, ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობენ, კერძოდ:

4.4. ბათუმში, ........... მდებარე დაზუსტებული 527 კვ.მ, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა 193,44 კვ.მ, ს/კ-ით # .........., 2012 წლის 23 ივლისიდან, 1999 წლის 1 მაისის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების #22/1-32 აქტის საფუძველზე, პირველი მოსარჩელის საკუთრებაა.

4.5. ბათუმში, ..........., მდებარე დაზუსტებული 403 კვ.მ, მასზე არსებული შენობა-ნაგებობა 352,10 კვ.მ, ს/კ-ით #..........., 2017 წლის 14 აგვისტოდან, ხელვაჩაურის ადგილობრივი არქივის 2007 წლის 24 მაისის #40-წ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 დეკემბრის შეთანხმების საფუძველზე, მეორე მოსარჩელის საკუთრებაა.

4.6. ბათუმში, ..........., მდებარე დაზუსტებული 141 კვ.მ, ს/კ-ით #.........., 2019 წლის 21 იანვრიდან, 2019 წლის 14 იანვრის #2 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე, მეორე მოსარჩელის საკუთრებაა.

4.7. ბათუმში, ..........., მდებარე დაზუსტებული 21 კვ.მ, ს/კ-ით #.........., 2019 წლის 21 იანვრიდან, 2019 წლის 14 იანვრის #3 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე, მეორე მოსარჩელის საკუთრებაა.

4.8. ამდენად, ბათუმში, .........., მდებარე დაზუსტებული 565 კვ.მ და შენობა-ნაგებობა 352,10 კვ.მ, ს/კ-ით #.........., ნაკვეთის წინა ნომერი - .........., ........., .........; 2019 წლიდან, ხელვაჩაურის ადგილობრივი არქივის 2007 წლის 24 მაისის N40-წ ცნობის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 დეკემბრის შეთანხმებისა და 2019 წლის 14 იანვრის N2 და N3 საკუთრების უფლების მოწმობების საფუძველზე, მეორე მოსარჩელის საკუთრებაა.

4.9. მოპასუხე ჟ.ლ–ას კომლის წევრია.

4.10. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელვაჩაურის ადგილობრივი არქივის 2010 წლის 28 ივლისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელვაჩაურის არქივის 2021 წლის 11 თებერვლის ცნობების თანახმად, ჟ.ლ–ას კომლს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ............., 1980-2000 წწ. 0.03ჰა, 2002-2006 წწ. კი, 0.10 ჰა ერიცხებოდა.

4.11. მოპასუხემ, როგორც გარდაცვლილი ჟ.ლ–ას პირველი რიგის მემკვიდრემ, საარქივო მონაცემებით რიცხული 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება სრული მოცულობით ვერ მოახერხა, შემოგარენში მიწების არ არსებობის გამო, რის გამოც საჯარო რეესტრისაგან მის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული 665 კვ.მ ნაკვეთის რეგისტრაცია მოითხოვა.

4.11.1. შედეგად, ბათუმში, ............. (ხელვაჩაური, .........., .......... ქუჩა N7), მდებარე დაზუსტებული - 666 კვ.მ და შენობა-ნაგებობა 319,54 კვ.მ, ს/კ-ით #......, ნაკვეთის წინა ნომერი - ........., 2010 წლის 29 დეკემბრიდან, ხელვაჩაურის ადგილობრივი არქივის 2010 წლის 28 ივლისის N129-ლ ცნობისა და 2010 წლის 15 დეკემბრის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, მოპასუხის საკუთრებაა.

4.11.2. 2010 წელს მოპასუხემ თავდაპირვეელად მის მფლობებაში არსებული 300 კვ.მ, შემდგომში კი, შემომატებული 365 კვ.მ მიწის ნაკვეთი ერთდროულად დაირეგისტრირა.

4.12. სადავო 366 კვ.მ მიწის ნაკვეთის მდებარეობა დაუდგენელია, კერძოდ, მეორე მოსარჩელის მითითებით, იგი მდებარეობს მოპასუხის საცხოვრებელი სახლის მარჯვნივ, ჭასთან, სადაც საფეხმავლო ბილიკი გადიოდა, ხოლო მოპასუხის განმარტებით, მისი საცხოვრებელი სახლის მარცხნივ, პირველი მოსარჩელის მხარესაა. ექსპერტის განმარტებით კი, საქმეში დაცული მასალებიდან გამომდინარე, შემდგომში შემატებული - 366 კვ.მ ნაკვეთის მდებარეობის დადგენა შეუძლებელია. ამდენად, ის გარემოება თუ სად მდებარეობს კომლზე თავდაპირველად რიცხული 0.03 ჰა მიწის ნაკვეთი და სად შემდგომში დამატებით შევსებული მიწის ნაკვეთი დადგენილი ვერ იქნა.

4.13. 2018 წელს, მაშინ როცა მეორე მოსარჩელეს მოპასუხის მომიჯნავედ მდებარე 419 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით დარეგისტრირებული არ ჰქონდა, მოპასუხემ სამშენებლო ნებართვის საფუძველზე, მეორე მოსარჩელის მიწის ნაკვეთის მხარეს ბეტონის ღობე (მიჯნა) ააშენა.

4.14. სადავო ჭა დანიშნულებით გამოყენებისთვის გამოუსადეგარია, არაჰიგიენური, უსარგებლო ნივთებითა და მოხმარებისათვის უვარგისი წყლითაა სავსე.

4.15. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, მოსარჩელეებს როგორც საჯარო ისე ე.წ. აღაბეგბადის ნაკვეთთან მისასვლელი გზა გააჩნიათ.

საფეხმავლო ბილიკი, რომელიც ექსპერტიზის ჩატარების დროისათვის მოპასუხის რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნაწილია და მის მიერაა შემოღობილი, მოსარჩელეების მიწის ნაკვეთიდან, საჯარო გზასთან დამაკავშირებელი მისასვლელი არ არის.

4.16. მეორე მოსარჩელისა და მოპასუხის მიწის ნაკვეთებს 2018 წელს აგებული სადავო ბეტონის ღობე ჰყოფს.

4.17. ექსპერტის განმარტებით, ბეტონის ღობის მდებარეობის აცდენა ანუ შეუსაბამობა, მოპასუხის საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ მონაცემებთან, ღობის მხოლოდ ბოლო ნაწილში იკვეთება და უმნიშვნელოა. ეს აცდენა უფუნქციო და გაუწმენდავი ჭის გაგრძელებაზეა და ექსპერტიზის დასკვნაში (კვლევით ნაწილში) მითითებული სხვაობა - 0,6 სმ-ია, რომელიც ცხადია მეორე მოსარჩელეს სახლის უკანა ეზოში შესვლაში, ანუ თავისი ინტერესის დაკმაყოფილებაში ხელს ვერ შეუშლის. ეს მონაკვეთი ფაქტიურად არის ადრე არსებული ბილიკის ნაწილი, რომელიც, მისი მოცულობიდან გამომდინარე (0,6 სმ), ცხადია, ვერავისთვის გამოყენებადი ვერ იქნება.

4.17.1. ამდენად, ამ მონაკვეთზე მოპასუხის მიერ საზღვრის დარღვევა მხოლოდ - 0,60 სმ-ზე, ბეტონის ღობის მხოლოდ ბოლო მონაკვეთზე დასტურდება. ამასთან, მოპასუხის მიერ აშენებული ბეტონის ღობის ბოლოს, მისი მოსაზღვრე სხვა მეზობლის მიერ აშენებულია ქვის ღობე, რის გამოც, სადავო ღობის ამ მონაკვეთის მოშლის შემთხვევაშიც კი, მეორე მოსარჩელე იქ ადრე არსებული საცალფეხო ბილიკით მაინც ვერ ისარგებლებს, რადგან იქ სხვა მეზობლის მიერ აშენებული ბეტონის ღობის გამო, ამდენად ვიწრო ჩიხი დარჩება, რომ მისით სარგებლობა ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება.

5. უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების, სასაზღვრო მიჯნის მოშლისა და ქმედების დავალდებულების თაობაზე მოთხოვნის წარუმატებლობა სსკ-ის 174-ე (მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს. მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება) 179.1 (თუ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მშენებლობის დროს განზრახვის გარეშე გადაცდა მეზობელი ნაკვეთის საზღვრებს, მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრემ ეს უნდა ითმინოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამის საწინააღმდეგოდ, წინასწარ ან შეტყობინებისთანავე განაცხადა) და 180.1 (თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო-, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს) მუხლების ფაქტობრივი შემადგენლობის არარსებობამ განაპირობა.

6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 174-ე მუხლით დამკვიდრებულია მეზობელთა ურთიერთპატივისცემის პრინციპი, იგი სამეზობლო თანაცხოვრებისას მესაკუთრეთა ინტერესების დაბალანსებას ეხება და კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების გარდა, მეზობლებს ავალდებულებს, პატივი სცენ ერთმანეთს.

ურთიერთპატივისცემა, უწინარესად, თითოეული მესაკუთრის მიერ ქონებით სარგებლობისას, აწესებს ვალდებულებასაც, პატივი სცეს მეზობლის უფლებებს, რაც შესაძლოა საკუთარი ქონებით სარგებლობის გარკვეულ შეზღუდვაშიც გამოიხატოს. საკუთრება, როგორც ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება, სოციალური მოვლენაა, რომელსაც დაცვა და მეზობელთა შორის ურთიერთობისას მოფრთხილება სჭირდება.

7. სამეზობლო ურთიერთპატივისცემის ელემენტები შემდეგნაირად არის ჩამოყალიბებული: „ა) დაიცვან კანონით დადგენილი წესი და აკრძალვები; ბ) პატივი სცენ ერთმანეთს. ჩამოთვლილთაგან, პირველი ობიექტურ ფაქტორს წარმოადგენს და მის დარღვევად ყოველთვის შეიძლება მივიჩნიოთ მატერიალური კანონმდებლობით დადგენილი კონკრეტული აკრძალვები; რაც შეეხება მეორე ელემენტს, ის შეფასების საგანს წარმოადგენს და, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება მსჯელობის საგნად იქცეს“ (შდრ. სუსგ # ას-122-116-2014, 25.05.2015წ.).

8. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადავო 366 კვ.მ მიწის ნაკვეთის მდებარეობა დაუდგენელია, კერძოდ, მეორე მოსარჩელის მითითებით, იგი მდებარეობს მოპასუხის საცხოვრებელი სახლის მარჯვნივ, ჭასთან, სადაც საფეხმავლო ბილიკი გადიოდა, ხოლო მოპასუხის განმარტებით, მისი საცხოვრებელი სახლის მარცხნივ, პირველი მოსარჩელის მხარესაა. ექსპერტის განმარტებით, საქმეში დაცული მასალებიდან გამომდინარე, შემდგომში შემატებული - 366 კვ.მ ნაკვეთის მდებარეობის გარკვევა შეუძლებელია და ამდენად, ის გარემოება თუ სად მდებარეობს კომლზე თავდაპირველად რიცხული 0.03 ჰა მიწის ნაკვეთი და სად შემდგომში დამატებით შევსებული მიწის ნაკვეთი დადგენილი ვერ იქნა.

9. დადგენილია, რომ - 666 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით, მოპასუხის საკუთრებაა. რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ისიც უდავოა, რომ მოსარჩელეებს მოპასუხის საკუთრების უფლებადამდგენი საფუძვლები და შესაბამისად, მისი საკუთრების უფლება, კანონით დადგენილი წესით სადავოდ არ გაუხდიათ.

10. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელეებს როგორც საჯარო გზასთან ისე ე.წ. აღაბეგბადის ნაკვეთთან მისასვლელი გზა გააჩნიათ. საფეხმავლო ბილიკი, რომელიც ექსპერტიზის ჩატარების დროისათვის მოპასუხის რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნაწილია და მის მიერაა შემოღობილი, მოსარჩელეების მიწის ნაკვეთიდან, საჯარო გზასთან დამაკავშირებელ მისასვლელს არ წარმოადგენს (იხ. ექსპერტიზის დასკვნა).

ამასთან, ექსპერტის განმარტებით, ბეტონის ღობის მდებარეობის აცდენა ანუ შეუსაბამობა, მოპასუხის საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ მონაცემებთან, მხოლოდ ღობის ბოლო ნაწილში იკვეთება და უმნიშვნელოა. ეს აცდენა უფუნქციო და გაუწმენდავი ჭის გაგრძელებაზეა და ექსპერტიზის დასკვნაში (კვლევით ნაწილში) მითითებული სხვაობა - 0,6 სმ-ია, რომელიც ცხადია მეორე მოსარჩელეს სახლის უკანა ეზოში შესვლაში, ანუ თავისი ინტერესის დაკმაყოფილებაში ხელს ვერ შეუშლის. ეს მონაკვეთი ფაქტიურად არის ადრე არსებული ბილიკის ნაწილი, რომელიც, მისი მოცულობიდან გამომდინარე (0,6 სმ), ცხადია, ვერავისთვის გამოყენებადი ვერ იქნება.

ამავე მონაკვეთზე მოპასუხის მიერ საზღვრის დარღვევა მხოლოდ - 0,6 სმ-ზე და ბეტონის ღობის ბოლო მონაკვეთზე დასტურდება. გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხის მიერ აშენებული ბეტონის ღობის ბოლოს, მისი მოსაზღვრე სხვა მეზობლის მიერ აშენებულია ქვის ღობე, რის გამოც, სადავო ღობის ამ მონაკვეთის მოშლის შემთხვევაშიც კი, მეორე მოსარჩელე იქ ადრე არსებული საცალფეხო ბილიკით მაინც ვერ ისარგებლებს, რადგან იქ სხვა მეზობლის მიერ აშენებული მიჯნის გამო, იმდენად ვიწრო ჩიხი წარმოიქმნება, რომ მისით სარგებლობა ფაქტობრივად ხდება შეუძლებელი.

11. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ ისიც დადგენილია, რომ სადავო ჭა დანიშნულებით გამოყენებისთვის სრულიად გამოუსადეგარია, იგი არაჰიგიენური, უსარგებლო ნივთებითა და მოხმარებისათვის უვარგისი წყლითაა სავსე (იხ. დათვალიერების ოქმი).

12. ზემოაღნიშნული სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ შექმნილი რეალობის პირობებში, მოსარჩელეთა მტკიცება მოპასუხის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის უკანონო რეგისტრაციის თაობაზე, დაუსაბუთებელია. რაც ამ ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას სრულად გამორიცხავდა.

13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 179-ე მუხლი ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მშენებლობის დროს განზრახვის გარეშე გადასცდა მეზობელი ნაკვეთის საზღვარს. ასეთ დროს საკვანძო საკითხია თუ როგორ მოხდა საზღვრის გადაცდენა: განზრახი თუ გაუფრთხილებელი მოქმედების შედეგად. თუ საზღვრის გადასვლა მოხდა განზრახ, მესაკუთრეს შეუძლია დაეყრდნოს 172.2 მუხლს. თუ საზღვრის გადაცდენა მოხდა განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის გარეშე, რადგან ამ შემთხვევაში სახეზეა მეორე მხარის ეკონომიკური ინტერესი, კანონმდებლობა ავალდებულებს მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრეს, ითმინოს მის მიწის ნაკვეთზე ეს ზემოქმედება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამის წინააღმდეგ წინასწარ ან შეტყობისთანავე განაცხადა. საზღვრის დარღვევა, თუკი ასეთს აქვს ადგილი, ადვილად შესამჩნევი ხდება მეზობელი მესაკუთრისთვის. სწორედ ამიტომ კანონმდებლობა იმ მესაკუთრისაგან, რომლისათვისაც მნიშვნელოვანია, რომ მისი მიწის ნაკვეთზე არ ჰქონდეს ადგილი მსგავს ზემოქმედებას, მოითხოვს საზღვრის დარღვევის შესახებ მეორე მხარის დაუყოვნებლივ ინფორმირებას შეტყობისთანავე - იმ მომენტში, როგორც კი აღნიშნული მისთვის ცნობილი გახდა. თუკი მესაკუთრემ არ განახორციელა ეს მოქმედება, შემდგომ იგი კარგავს მისი მიწის ნაკვეთზე არსებული კონსტრუქციის დემონტაჟის მოთხოვნის უფლებას (იხ. თამარ ზარანდია „სანივთო სამართალი“, თბილისი, 2019 წელი, გვ. 275; ასევე, სუსგ საქმე Nას-1065-2020, 08 აპრილი, 2021 წელი).

როგორც აღინიშნა, მოსარჩელის მოთხოვნა სსკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარეობდა. აღნიშნული ნორმის გამოყენებისათვის კი საჭიროა, დადგინდეს საკუთრების უფლების განხორციელების ხელშეშლის ფაქტი. მესაკუთრეს სხვა პირის (პირთა) გამო, არ უნდა შეეზღუდოს საკუთრებაში არსებული ნივთის თითოეული ნაწილით თავისუფალი სარგებლობა, ფლობა და განკარგვა. თუ ასეთი ფაქტი იარსებებს, მიჩნეული იქნება, რომ მას საკუთრების უფლების რეალიზებაში ხელი ეშლება

14. დადგენილია, რომ 2018 წელს, მაშინ როცა მეორე მოსარჩელეს მოპასუხის მომიჯნავედ მდებარე 419 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით დარეგისტრირებული არ ჰქონდა, მოპასუხემ სამშენებლო ნებართვის საფუძველზე, მეორე მოსარჩელის მიწის ნაკვეთის მხარეს ბეტონის ღობე (მიჯნა) ააშენა, რომელიც შემდგომში 0.6 სმ-ით მეორე მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში (ღობის ბოლო მონაკვეთში) მოექცა. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი მოცემულობიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ ღობის აშენებისას მოპასუხეს საზღვრის დარღვევის განზრახვა არ ამოძრავებდა; ამასთან, ისიც დადგენილია, რომ 2019 წელს ანუ მას შემდეგ რაც მეორე მოსარჩელემ მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა, მას სარჩელის აღძვრამდე ბეტონის ღობის საწინააღმდეგოდ, რაიმე ხასიათის პრეტენზია არ გამოუთქვამს, შესაბამისად, მან დაკარგა მის მიწის ნაკვეთზე არსებული მიჯნის უმნიშვნელო ნაწილის დემონტაჟის მოთხოვნის უფლებას

15. ზემოაღნიშნული სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ, სწორი და დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“ # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

18. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

20. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ.ა–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება #7516, გადახდის თარიღი 12.02.2026წ), 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბ.ჭ–ძისა და ც.წ–იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ბ.ჭ–ძისა (პ/ნ .........) და ც.წ–იას (პ/ნ .........) დაუბრუნდეთ მ.ა–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება #7516, გადახდის თარიღი 12.02.2026წ), 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

ბადრი შონია