დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 09.03.2026
საქმის ნომერი
ას-1550-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1550-2025

09 მარტი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან ნემსაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),არჩილ კოჭლამაზაშვილი, მიხეილ ჯინჯოლია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ზ.ლ–ია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ბმა „დ–ა“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ბმა „დ–ამ“ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „ამხანაგობა“ ან „აპელანტი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ.ლ–იას (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“) მიმართ უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვის მოთხოვნით. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; აღიარებულ იქნა მოსარჩელის უფლება მოპასუხის თანხმობის (ნებართვის) გარეშე ჩაერთოს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (კორპუსის), მდებარე: თბილისი, …….. - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 06.05.2022წ. N10-48 დადგენილების („ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის შესახებ“) საფუძველზე ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაში. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 6.1. ამხანაგობა ქ. თბილისში, ……….. ქ. თბილისის ისნის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აღრიცხულია 22.07.2011 წლიდან. ამხანაგობის თავმჯდომარეს 28.11.2023წ.-დან 22.11.2028 წლამდე წარმოადგენს ნ.ს–ძე;

6.2. მოპასუხე წარმოადგენს ამხანაგობის წევრს;

6.3. ქ. თბილისში, ………. მდებარე საცხოვრებელი სახლიდან მოპასუხის საკუთრებაში რეგისტრირებულია 10,03 კვ.მ ფართი, ს.კ N………. აღნიშნული ქონების მესაკუთრეებს, მოპასუხესთან 13.02.2024წ. ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე, წარმოადგენდნენ სარჩელის თავდაპირველი მოპასუხეები: ი.გ–ძე, მ.გ–ძე და მ.გ–ძე. უძრავი ქონების რეალური გაყოფის 26.10.2023წ. ხელშეკრულების გაფორმებამდე ზემოხსენებულ საცხოვრებელ სახლში ი.გ–ძეს, მ.გ–ძესა და მ.გ–ძეს ო.ყ–სთან ერთად თანასაკუთრებაში ჰქონდათ 20,05 კვ.მ ფართის ბინა N23, ს.კ. N........;

გაყოფის შედეგად ჩამოყალიბდა ორი საკადასტრო ერთეული და ო.ყ–ძის საკუთრებაში მოექცა N..........საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 10,02 კვ.მ, ხოლო ი.გ–ძის, მ.გ–ძისა და მ.გ–ძის საკუთრებაში - N..........საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 10.03 კვ.მ. ამ მიზნით წინასწარ ჩატარებული ინსპექტირების ანგარიშის მიხედვით, გამიჯვნის სამუშაოები უარყოფით ზეგავლენას არ ახდენდა შენობის კონსტრუქციის სიმტკიცეზე, მდგრადობაზე და ა.შ. N........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ფართის გაყოფის შესახებ გადაწყვეტილება დადგენილი წესით დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. მოპასუხემ ქონება შეიძინა მას შემდგომ, რაც ფართი საჯარო რეესტრში უკვე არსებობდა ცალკე საკადასტრო კოდის ქვეშ რეგისტრირებულ ინდივიდუალურ საკუთრებად;

6.4. ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის მიერ 10.01.2022წ. მომზადდა დასკვნა N01/617 ქ. თბილისი, ………. შენობის ტექნიკურ მდგომარეობაზე. დასკვნა-რეკომენდაციით განისაზღვრა, რომ 29.12.2021წ.-ს ვიზუალურად გამოკვლეული შენობის ტექნიკური მდგომარეობა, ავარიულობის თვალსაზრისით, შეესაბამება დაზიანების III ხარისხს;

საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური, აგრეთვე, მზიდი კონსტრუქციებისა და კვანძების დეტალური გამოკვლევის, შენობის კონსტრუქციათა ამგები მასალების სიმტკიცის მაჩვენებლების შესწავლისა და მიმდინარე დეფორმაციების გამომწვევი მიზეზების დადგენის საფუძველზე, ექსპერტმა საჭიროდ მიიჩნია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამუშავებულ-შეთანხმებული პროექტის მიხედვით, შესრულდეს შენობის მზიდი კონსტრუქციების გამაგრება-აღდგენის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები და შეკეთდეს შენობის წყალშემცველი კომუნიკაციები;

6.5. ამხანაგობის 23.03.2023წ. N8 საერთო კრების ოქმის მიხედვით, ამხანაგობის წევრებმა (85 მომხრე) ამხანაგობის თავმჯდომარეს მიანიჭეს ავარიული კორპუსის ახლით ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობის უფლებამოსილება;

2023 წლის 28 მარტს ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდში შევიდა ქ. თბილისში, ………. (ს.კ. N………) მცხოვრები მესაკუთრეების წერილი, რომლითაც მოთხოვნილ იქნა ავარიული სახლის ჩანაცვლება;

6.6. N........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის თანამესაკუთრეებმა: ი.გ–ძემ, მ.გ–ძემ და მ.გ–ძემ უარი განაცხადეს ჩანაცვლების პროგრამაში ამხანაგობის მონაწილეობაზე, რასთან დაკავშირებითაც, ინფორმაციის გავრცელების მიზნით, 30.11.2023 წელს ჩატარდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრება. იმავე კრებაზე გადაწყდა წინამდებარე სარჩელის წარდგენის საკითხი;

6.7. თბილისის მერიამ ამხანაგობის თავმჯდომარე ნ.ს–ძეს 2024 წლის 06 თებერვალს აცნობა, რომ ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდი, როგორც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროექტის განმახორციელებელი, მესაკუთრეთა არასრული თანხმობის პირობებში, მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების პროექტი;

პროექტის განმახორციელებლების მიერ 2023 წლის 18 და 19 სექტემბერს დაიგეგმა და განხორციელდა ინდივიდუალური შეხვედრები ზემოაღნიშნულ მისამართზე მცხოვრებ მესაკუთრეებთან. წერილიდან ირკვევა, რომ შეხვედრების შემდგომ პროექტის პირობებს არ დათანხმდა მისამართზე რეგისტრირებული ყველა მესაკუთრე, კერძოდ, N........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული თანამესაკუთრეებიდან პროექტში ჩართვას დათანხმდა მხოლოდ ო.ყ., ხოლო ი.გ–ძე, მ.გ–ძე და მ.გ–ძე არ გამოცხადებულან პროექტის განმახორციელებლის მიერ ჩანიშნულ შეხვედრებზე;

6.8. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 02.07.2024წ. N004348424 დასკვნის მიხედვით, ქ. თბილისში, ..........(ს.კ. N..........) მდებარე შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და, ასევე, შეუსაბამოა სეისმურ ნორმებთან; დაზიანებები მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით II-III-IV ხარისხისაა; სველი წერტილების გადახურვის ფილებისა და კიბის უჯრედში ბათქაშის ჩამოშლის საფრთხის გათვალისწინებით, აღნიშნული მონაკვეთების ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია. იმავე დასკვნიდან ირკვევა, რომ შემდგომში მოსალოდნელია დეფორმაციების გაზრდა, რამაც შესაძლოა ცალკეული კონსტრუქციების მყისიერი რღვევა გამოიწვიოს. მისი უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის საჭიროა მასშტაბური აღდგენა-გაძლიერების სამუშაოების ჩატარება, დეტალური კვლევების საფუძველზე დამუშავებული პროექტის მიხედვით.

7. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ისევე როგორც საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას, სააპელაციო საჩივრის ფარგლებშიც, ერთადერთ და საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან სადავო საკითხს წარმოადგენდა იმ გარემოების შეფასება, მიჩნეულ უნდა იქნეს თუ არა პროგრამაში ჩართვაზე მოპასუხის უარი მის მიერ უფლების ბოროტად გამოყენებად. აპელანტის მტკიცებით, საქმეში წარდგენილი დასკვნებით დგინდება, რომ მოპასუხის უარი საფრთხეს უქმნის შენობაში მაცხოვრებელთა სიცოცხლესა და უსაფრთხოებას.

8. საქმეზე დადგენილი გარემოებების, სარჩელის, შესაგებლის, სააპელაციო საჩივრის, ექსპერტთა დასკვნებისა და ჩვენებების (იხ.15.10.2025წ. სხდომის ოქმი) შეფასების შედეგად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, ..........მდებარე საცხოვრებელი სახლის (ს.კ. N..........) ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით მოპასუხის უარი უფლების ბოროტად გამოყენებას წარმოადგენს.

9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ქ. თბილისში, .......... მდებარე საცხოვრებელი სახლიდან მოპასუხის საკუთრებაში რეგისტრირებულია 10,03 კვ.მ ფართი, ს.კ. N...........01.522. აღნიშნული ქონების მესაკუთრეებს მოპასუხესთან 13.02.2024წ. ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგენდნენ სარჩელის თავდაპირველი მოპასუხეები: ი.გ–ძე, მ.გ–ძე და მ.გ–ძე. ამასთან, უძრავი ქონების რეალური გაყოფის 26.10.2023წ. ხელშეკრულების გაფორმებამდე ამ უკანასკნელებს ხსენებულ საცხოვრებელ სახლში ო.ყ–სთან ერთად თანასაკუთრებაში ჰქონდათ 20,05 კვ.მ ფართის ბინა N23, ს.კ. N......... უდავოა, რომ მოპასუხემ ქონება შეიძინა მას შემდგომ, რაც ფართი საჯარო რეესტრში უკვე არსებობდა ცალკე საკადასტრო კოდის ქვეშ რეგისტრირებულ ინდივიდუალურ საკუთრებად. შესაბამისად, უძრავი ქონების რეალური გაყოფის 26.10.2023წ. ხელშეკრულების გაფორმებამდე განხორციელდა პროექტის განმახორციელებლების მიერ 2023 წლის 18 და 19 სექტემბერს ინდივიდუალური შეხვედრები ზემოაღნიშნულ მისამართზე მცხოვრებ მესაკუთრეებთან. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია მოპასუხის პოზიციას, რომ მას ამხანაგობა სთავაზობს ახლად აშენებულ კორპუსში ფართს სხვა პირთან ერთად თანასაკუთრების უფლებით მხოლოდ იმიტომ, რომ საწყის ეტაპზე უძრავი ქონება იმყოფებოდა ო.ყ–ძის, ი.გ–ძის, მ.გ–ძისა და მ.გ–ძის თანასაკუთრებაში. მოპასუხეს მიაჩნია, რომ ვინაიდან მან იყიდა ცალკე საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ინდივიდუალური საკუთრების საგანი, დემონტაჟის შემდგომ ახალ შენობაში ქონების თანასაკუთრების უფლებით გადაცემა ლახავს მისი, როგორც მესაკუთრის უფლებებს; მისი ლეგიტიმური უფლებაა, სურდეს ახალ კორპუსშიც ინდივიდუალური საკუთრების საგანი და არანაირ უფლების ბოროტად გამოყენებას ადგილი არ აქვს.

10. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ წინამდებარე დავის ფარგლებში სასამართლო ვერ შეაფასებს მერიისა და მისი შესაბამისი სტრუქტურების მიერ მოპასუხესთან მისაღწევი შეთანხმების პირობებს. ამ მიმართებით, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია დაუსაბუთებლად მოსარჩელის განმარტება, რომ ქალაქ თბილისის მერია წინააღმდეგია მოპასუხის სასარგებლოდ გათვალისწინებულ იქნეს ინდივიდუალური საკუთრების საგანი, ვინაიდან საქმეს არ ერთვის აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება და მოსარჩელის პოზიცია შემოფარგლულია მხოლოდ მისი წარმომადგენლის განმარტებით.

11. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლო ვერც იმ დასკვნას გამოიტანდა, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პროექტში ჩართვის შემთხვევაში, იქნება ეს დემონტაჟი თუ შენობის გამაგრება/აღდგენა ან სხვა.

12. სააპელაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ მოპასუხის, როგორც მესაკუთრის უფლებაა სურდეს ახალ შენობაშიც ინდივიდუალური საკუთრების საგნის მიღება, თუკი ახალი შენობა აშენდება. თუმცა, მოცემულ ვითარებაში აღნიშნული სურვილით განპირობებული უარიც კი აშკარად ვერ გადაწონის მოსარჩელის მხარეს არსებულ ლეგიტიმურ ინტერესს - დაცულ იქნას შენობაში მაცხოვრებელთა სიცოცხლე და უსაფრთხოება.

13. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის 10.01.2022წ. N01/617 დასკვნა-რეკომენდაციაზე (ხელს აწერს, მათ შორის, ზ.კ–ია - წამყვანი სპეციალისტი და ო.წ–ი - განყოფილების უფროსი), რომელიც მომზადდა ქ. თბილისი, ………. შენობის ტექნიკურ მდგომარეობაზე, ასევე, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 02.07.2024წ. N004348424 დასკვნაზე (ექსპერტი გ.მ–ია). ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს 15.10.2025წ. სხდომაზე ზემოაღნიშნულ დასკვნებთან დაკავშირებით გამოიკითხნენ ექსპერტები: ზ.კ–იას განმარტებით, შენობა არასეისმომედეგია; ხოლო, ო.წ–ის განმარტებით, დაზიანებების ის ხარისხი, რაც შენობას აქვს, მომასწავებელია ავარიულობის; გ.მ–იას განმარტებით კი, შენობაში ცხოვრება ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია, თუმცა შესაძლებელია სათანადო სამუშაოების შესრულებით მისი აღდგენა.

14. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ცალსახად დგინდება ამჟამად შენობაში არსებული დაზიანებების გამო ადამიანებისთვის საფრთხის არსებობა, რის გამოც, მოპასუხის უარი პროექტში ჩართვაზე შედეგობრივად ქმნის მის მიერ უფლების ბოროტად გამოყენების ტოლფას მდგომარეობას, მიუხედავად იმისა, რომ მას პირდაპირი განზრახვა სხვებისთვის ზიანის მიყენების შესახებ არ გააჩნია. რამდენადაც მოპასუხე თავადვე მიუთითებს, რომ მზადაა შენობის აღდგენის სამუშაოებში ფინანსური მონაწილეობა მიიღოს და არ უარყოფს შენობის დაზიანებების არსებობას, შესაბამისად, სადავო პროექტში ჩართვაზე მისი უარით უშვებს ასეთი ზიანის მიყენების საფრთხეს სხვა ბინათმესაკუთრეთათვის.

15. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 8.3, 115-ე, 170.2 მუხლებით, ასევე, დამატებით მოიხმო საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 56.7, 137-ე მუხლები და მიიჩნია, რომ მოსარჩელემ/აპელანტმა დაძლია მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი და დაამტკიცა, რომ მოპასუხის უარი პროექტში ჩართვაზე ქმნის მის მიერ საკუთრების უფლების ბოროტად გამოყენების შემადგენლობას. თუმცა, სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს და არა სასამართლოს შესაფასებელია ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაში ჩართვის შედეგად მოხდება თუ არა არსებული კორპუსის დემონტაჟი და მის ნაცვლად ახალი კორპუსის აშენება. აღნიშნულის გათვალისწინებით კი, სარჩელი მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

16. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

17. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

17.1. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით; სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და გამოიყენა საპროცესო ნორმების უხეში დარღვევით მიღებული მტკიცებულებები; ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მტკიცების ტვირთი ერთი მხარიდან მეორეზე გადაიტანა, რაც უკანონო და დაუშვებელია;

17.2. სასამართლომ მტკიცებულებათა გამოკვლევის დროს თავისი ინიციატივით მოწმის სახით დასაკითხად მოიწვია ექსპერტი გ.მ–ია და თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის თანამშრომლები ზ.კ–ია და ო.წ–ი. სასამართლომ სამივე მოწვეული პირი სხდომის დაწყებისთანავე მიიწვია დარბაზში და დაიწყო მათი მოწმის სახით გამოკითხვა, სამივე მოწმე თავიდანვე უსმენდა ერთმანეთის მიერ მიცემულ განმარტებას. სსსკ-ის 148-ე მუხლის თანახმად, ყოველი მოწმე ცალკე უნდა დაიკითხოს, რომლებსაც ჯერ არ მიუციათ ჩვენება არ უნდა იყვნენ სასამართლო დარბაზში. მოწმეთა ერთდროულად, მათ დაკითხვამდე სხდომის დარბაზში ყოფნა, არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევა. ასევე, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ დაკითხვამდე მოწმეები არ გაფრთხილებულან ცრუ ჩვენების მიცემისთვის პასუხისმგებლობის შესახებ; აღნიშნული დარღვევები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია, რადგან საპროცესო ნორმების დარღვევებით მიღებული მტკიცებულებები დაუშვებელი მტკიცებულებებია და არ შეიძლება ისინი დაედოს საფუძვლად სასამართლოს გადაწყვეტილებას;

17.3. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო სსკ-ის 8.3 და 115-ე მუხლებს და განმარტა, რომ „კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა“, თუმცა არ გაითვალისწინა, რომ მოპასუხე არის მესაკუთრე, რომელიც უარს არ ამბობს პროგრამაში ჩართვაზე, მაგრამ მოითხოვს ჩართული იყოს ისე, როგორც დამოუკიდებელი მესაკუთრე, რომელსაც თავისი უფლება რეგისტრირებული აქვს;

17.4. მოსარჩელის მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში არსად არ არის მითითებული, რომ სახლი ავარიულია. შენობა-ნაგებობის ჩანაცვლების წესი კი ავარიული სტატუსის მქონე შენობებზე ვრცელდება იმავე წესში მითითებული პირობებით. სახლს ავარიული სტატუსი რომც ჰქონდეს დადგენილი, თუკი ერთი მესაკუთრე მაინც არ იქნება თანახმა, პროგრამაში ჩართვა შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ აღიარა მოსარჩელის უფლება მოპასუხის თანხმობის გარეშე ავარიული სახლების პროგრამაში ჩართვაზე, ასეთი გადაწყვეტილება მაინც ვერ აღსრულდება. სარჩელს იურიდიული ინტერესი არ გააჩნია, რადგან საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება ვერ აღსრულდება;

17.5. საქმეში არ არის იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ შენობა არ ექვემდებარება სარეაბილიტაციო სამუშაოებს; შენობის კონსტრუქციული მდგრადობა კრიტიკულია და მისი დაუყოვნებელი დემონტაჟი უნდა განხორციელდეს. პირიქით, საქმეში არსებულ ორივე დასკვნაში ცალსახადაა მითითებული, რომ საჭიროა შენობაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება;

17.6. საქმეში არსებული დასკვნების თანახმად, მომავალში რომ არ მოხდეს დეფორმირების გაზრდა, საჭიროა აღდგენა-გაძლიერების სამუშაოების ჩატარება და არა სახლის დემონტაჟი. დასკვნა გაცემულია 02.07.2024 წელს. მიუხედავად ამისა, ამხანაგობის წევრებსა და თავმჯდომარეს არ უზრუნიათ დასკვნებში მითითებული რეკომენდაციების შესრულებაზე და უმოქმედობით თავად უწყობენ ხელს კორპუსის შემდგომ დაზიანებას;

17.7. მოპასუხე თანახმაა ჩატარდეს შენობაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ისე, როგორც მითითებულია საქმეში არსებულ დასკვნებში. ასევე, თანახმაა ჩაერთოს ჩანაცვლების პროგრამაში, როგორც დამოუკიდებელი მესაკუთრე და არა თანამესაკუთრე;

17.8. მოპასუხის უფლება, რომ გაიუმჯობესოს თავისი საცხოვრებელი პირობები, არ შეიძლება ჩაითვალოს მის მიერ უფლების ბოროტად გამოყენებად.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

19. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მოპასუხის მიერ უფლების განხორციელების მართლზომიერება. კერძოდ, მოპასუხის, როგორც მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთი მესაკუთრის, უარი ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობაზე წარმოადგენს თუ არა მის მიერ უფლების ბოროტად გამოყენებას. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ დაუსაბუთებელი და საფუძველს მოკლებულია კასატორის პრეტენზია, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების უხეში დარღვევით მიიღო მტკიცებულებები, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებები და დაუშვებელ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოიტანა გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო აღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს 09.10.2025წ. საოქმო განჩინების საფუძველზე, გ.მ–ია, ო.წ–ი და ზ.კ–ია სასამართლო სხდომაზე მიწვეულ იქნენ როგორც სპეციალისტები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 203-204-ე მუხლების შესაბამისად და ისინი საქმეში მოწმის სახით არ ყოფილან დაკითხულები. კერძოდ, დასახელებული საოქმო განჩინების თანახმად, 15.10.2025წ. სასამართლო სხდომაზე მიწვეულ იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტი გ.მ–ია (ექსპერტიზის დასკვნა N004348424), ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის ავარიული შენობების ტექნიკური მდგომარეობის განყოფილების უფროსი ო.წ–ი და იმავე განყოფილების წამყვანი სპეციალისტი ზ.კ–ია (10.01.2022წ. N01/617 დასკვნა). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით; აღნიშნული კოდექსის 204-ე მუხლი ითვალისწინებს სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას სპეციალისტის მოწვევის შესაძლებლობას. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისას (ადგილზე დათვალიერება, მოწმეთა დაკითხვა, მტკიცებულებათა უზრუნველყოფა, გეგმებისა და გაანგარიშებების შედგენა და ა. შ.) სასამართლოს შეუძლია მოიწვიოს სპეციალისტი; იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, სპეციალისტად მოწვეული პირი ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლოში, გაუწიოს მას კონსულტაცია, აღმოუჩინოს ტექნიკური დახმარება; სპეციალისტის ზეპირი კონსულტაცია შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში, ხოლო მისი წერილობითი პასუხები დაერთვის საქმეს. აღნიშნული მოქმედებების განხორციელება სასამართლოს შეუძლია, როგორც მხარეთა შუამდგომლობით, ისე საკუთარი ინიციატივით (იხ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი, რჩეული მუხლები, თბილისი, 2020, გვ. 776-777). ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სპეციალისტების განმარტებების ცალცალკე მოსმენის ვალდებულებას. 15.10.2025წ. სხდომის ოქმს ერთვის ხელწერილები, რომლებსაც ხელს აწერენ ზემოთ დასახელებული სპეციალისტები და რომლითაც ისინი გაფრთხილებულ იქნენ წინასწარი შეცნობით არასწორი განმარტებებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ (იხ. ტ. 2. ს.ფ. 119-121). კასატორი დავობს, რომ სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და არასწორად მიიჩნია, რომ მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა უფლების ბოროტად გამოყენებას. კერძოდ, იგი თანახმაა ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობაზე, თუმცა, როგორც დამოუკიდებელი მესაკუთრე და არა თანამესაკუთრე, ხოლო მისი უფლება გაიუმჯობესოს საცხოვრებელი პირობები, არ შეიძლება უფლების ბოროტად გამოყენებად იქნეს მიჩნეული; გარდა ამისა, დასკვნების თანახმად, საჭიროა შენობის აღდგენა-გაძლიერების სამუშაოების ჩატარება და არა სახლის დემონტაჟი. საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ წინამდებარე დავის ფარგლებში სასამართლო ვერ შეაფასებს პროექტის განმახორციელებლის მიერ მოპასუხესთან მისაღწევი შეთანხმების პირობებს. იმ გარემოების განსაზღვრა მოპასუხე ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობას მიიღებს როგორც ინდივიდუალური მესაკუთრე თუ როგორც თანამესაკუთრე, არ წარმოადგენს ამხანაგობის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხს. შენობა-ნაგებობის ჩანაცვლების, ასევე, ჩანაცვლებულ შენობა-ნაგებობაში დაინტერესებული პირისათვის გადასაცემი ფართის მოცულობისა და მდგომარეობის საკითხს არეგულირებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 06.05.2022წ. N10-48 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესი“. აღნიშნული წესის 4.1 და 2.„თ“ პუნქტების თანახმად, ავარიული სახლების ჩანაცვლებას ახორციელებს პროექტის განმახორციელებელი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „თბილისის განვითარების ფონდი“. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპის - „კეთილსინდისიერების პრინციპის“ გამოხმაურებაა. აღნიშნული კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი, რაც „ინდივიდის ერთგვარი შეზღუდვაა“. სამოქალაქო კოდექსის მე-9 მუხლი და მე-10 მუხლის მე-2 ნაწილი პირს ანიჭებს თავისუფლებას, კერძოსამართლებრივ ურთიერთობაში განახორციელოს კანონით აუკრძალავი ნებისმიერი ქმედება, თუმცა აქვე ზღუდავს ნების ავტონომიის ფარგლებს მაშინ, როდესაც ის ხელყოფს მესამე პირთა უფლებებს. სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლით კანონმდებელი განსაზღვრავს ზოგად აკრძალვას იმ შემთხვევებისათვის, როდესაც უფლების ბოროტად გამოყენების კონკრეტული შემთხვევა კანონის სპეციალური იმპერატიული ნორმებით არ არის გათვალისწინებული. (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, სამოქალაქო კოდექსის ზოგადი დებულებები, თბილისი, 2017, 115-ე მუხლის კომენტარი, გვ. 654). ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. კეთილსინდისიერების პრინციპი სათავეს იღებს რომის სამართლიდან. კეთილსინდისიერების პრინციპი თანამედროვე განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობასა და დოქტრინაში დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. უნდა აღინიშნოს, რომ სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი და 115-ე მუხლი მთელი სამოქალაქო ბრუნვის ქვაკუთხედია. აღნიშნული ნორმები საშუალებას იძლევა ნებისმიერი ურთიერთობა სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასდეს. გარდა აღნიშნულისა, კერძოსამართლებრივ ურთიერთობათა კეთილსინდისიერად წარმართვის ვალდებულებას სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა ზოგჯერ პირდაპირ ადგენს, ხოლო ნორმათა უმრავლესობა, მართალია, პირდაპირ არ უთითებს მასზე, მაგრამ მაინც მას ეფუძნება. საკასაციო სასამართლო არაერთ საქმეში განმარტავს, რომ კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა, რაც ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია. კეთილსინდისიერება არა მარტო უფლების არსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას (იხ. სუსგ საქმე Nას-1338-1376-2014, 29 ივნისი, 2015). საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მართლსაწინააღმდეგოდ უნდა ჩაითვალოს უფლების განხორციელება, რომელიც სხვა პირს ზიანს აყენებს და მიზნად არ ისახავს უფლების განხორციელების აუცილებლობით ნაკარნახევი ინტერესის დაცვას (იხ. სუსგ საქმე Nას-1535-1438-2012, 18 თებერვალი, 2013 წელი). უფლების გამოყენების მართლზომიერების ფარგლები ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ცალკეული უფლებისა და გარემოებების შეფასების საფუძველზე დგინდება. სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის შესაბამისად, უფლების გაუმართლებელ განხორციელებად ჩაითვლება ცალკეული შემთხვევა, როდესაც ობიექტური დამკვირვებლის თვალსაწიერიდან არ დგინდება პირის მიერ უფლების განხორციელების არანაირი მიზანი, გარდა სხვა პირისათვის ზიანის მიყენებისა. უფლების ასეთი განხორციელება დაუშვებელია. უფლების განხორციელება გამართლებულია, თუ არსებობს ობიექტურად შეცნობადი დასაბუთებული ინტერესი, რომელიც მის განხორციელებას გაამართლებს. ამასთან, სხვა პირისათვის ზიანის მიყენების მიზანი უფლების განმახორციელებლის თვალსაწიერიდან უნდა შეფასდეს. უფლების განმახორციელებელი პირის მიზანი ვლინდება როგორც ქმედების შედეგად ზიანის მიყენების შეგნებაში, ასევე, ამ ზიანის დადგომის შესაძლებლობის დაშვებაში (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, სამოქალაქო კოდექსის ზოგადი დებულებები, თბილისი, 2017, 115-ე მუხლის კომენტარი, გვ. 656). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კეთილსინდისიერების ჭრილში მოქმედებას და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას აზუსტებს საკუთრების მარეგულირებელი სანივთო-სამართლებრივი ნორმებიც, რომლებიც კრძალავს საკუთრებით ბოროტად სარგებლობის შემთხვევას და ასეთად განიხილავს საკუთრებით ისეთ სარგებლობას, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია (სსკ-ის 170.2 მუხლი). სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი მესაკუთრეს უფლებას აძლევს განკარგოს თავისი ნივთი მისი შეხედულებისამებრ, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, თუმცა იმავე მუხლით დგინდება, რომ საკუთრების უფლება აბსოლუტურ უფლებას არ წარმოადგენს და მისი შეზღუდვა კანონით დადგენილ შემთხვევაში შესაძლებელია (იხ. სუსგ საქმე Nას-833-2018, 15 ნოემბერი, 2019 წელი). საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის ზოგადი წესის შესაბამისად, მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ პირს, რომელიც უფლების ბოროტად გამოყენებაზე აპელირებს. თუმცა, რამდენად ჰქონდა პირს უფლების განხორციელების ობიექტური ინტერესი, ასევე, მესამე პირისათვის ზიანის მიყენების მიზანი, უფლების განმახორციელებელმა უნდა ამტკიცოს (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, სამოქალაქო კოდექსის ზოგადი დებულებები, თბილისი, 2017, 115-ე მუხლის კომენტარი, გვ. 661). წინამდებარე საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების, კერძოდ: ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის 10.01.2022წ. N01/617 დასკვნის (იხ. ტ. 1, ს.ფ. 138-154), სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 02.07.2024წ. N004348424 დასკვნისა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 239-262) და სააპელაციო სასამართლოს 15.10.2025წ. სხდომაზე სპეციალისტების - ზ.კ–იას, ო.წ–ისა და გ.მ–იას მიერ გაკეთებული განმარტებების (იხ. წინამდ. განჩინების მე-13 პუნქტი) ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ქ. თბილისში, ............ მდებარე საცხოვრებელი სახლი, მისი მდგომარეობისა და არსებული დაზიანებების გათვალისწინებით, ადამიანებისათვის არის საფრთხის შემცველი, ხოლო მოპასუხემ ვერ დაასაბუთა იმგვარი ინტერესის არსებობა, რაც გაამართლებდა მისი უფლების განხორციელებას და გადაწონიდა აღნიშნულ შენობაში მცხოვრებ სხვა მესაკუთრეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის არიდების აუცილებლობას. იმ პირობებში, როდესაც დადასტურებულია, რომ შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია (დაზიანების ხარისხი II-III-IV) და იქ ცხოვრება არ არის უსაფრთხო ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, ობიექტურად გამართლებად არგუმენტად ვერ განიხილება ის გარემოება, რომ მოპასუხეს ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობა სურს როგორც დამოუკიდებელ მესაკუთრეს (რათა ჩანაცვლებულ შენობაში ინდივიდუალური საკუთრების საგანი მიიღოს) და არა თანამესაკუთრეს. ასეთ პირობებში კი, გამართლებულია საკუთრების დაცულ სფეროში ჩარევა. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში განმარტა შემდეგი: „დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები წარმოაჩენს, რომ სადავო მისამართზე მდებარე საცხოვრებელი სახლი რეალურად არის არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში, რომელიც საჭიროებს გარკვეულ სამუშაოებს, რათა უსაფრთხო გახდეს მისი ექსპლუატაცია. ამ სამუშაოების განხორციელების დამაბრკოლებელ გარემოებად მოპასუხეთა მხრიდან საკუთრებით სარგებლობის უფლების ბოროტად გამოყენება წარმოჩინდა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ეს ის შემთხვევაა, როდესაც მწვავე ობიექტური საჭიროებისა და სხვათა (მოსარჩელეთა) ქონებრივი უფლებების დაცვის თვალსაზრისით, წარმოშობილია საკუთრების დაცულ სფეროში ჩარევის აუცილებლობა. ასეთ შემთხვევაში კი, დავის გადაწყვეტის ამოსავალ დებულებად უფლების კეთილსინდისიერებისა და მართლზომიერების საფუძვლებზე განხორციელება წარმოადგენს“ (იხ. სუსგ საქმე Nას-833-2019, 15 ნოემბერი, 2019 წელი). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის უარი ჩაერთოს ჩანაცვლების პროგრამაში გაუმართლებელია და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მისი ქმედება ქმნის სწორედ უფლების ბოროტად გამოყენების შემადგენლობას, რაც სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ზ.ლ–იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. ზ.ლ–იას (პ.ნ. .........) დაუბრუნდეს თ.ი–ძის (პ.ნ. .......) მიერ 2025 წლის 04 დეკემბერს №72634906 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლევან ნემსაძე

მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი

მიხეილ ჯინჯოლია