დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
26 სექტემბერი 2025 წელი №ას-912-2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები - რ.ო–ნი, მ.ხ–ვი
მოწინააღმდეგე მხარე - ლ.ა–ნი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ლ.ა–ნმა (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე მხარე“, „მესაკუთრე“) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას რ.ო–ნისა და მ.ხ–ვის (შემდგომში მოხსენიებულნი, როგორც „მოპასუხეები“, „აპელანტები“, „კასატორები“, „მფლობელები“) მიმართ, უძრავი ნივთის, მდებარე: ქ. თბილისი, .........., (ნაკვ. 14/...), ს/კ ......., მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და მოსარჩელისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემის მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები:
2. სადავო უძრავი ნივთი ლ.ა–ნის საკუთრებას წარმოადგენს, თუმცა წლების განმავლობაში მოპასუხეები ფლობენ და, მიუხედავად მოსარჩელის არაერთი თხოვნისა, არ ათავისუფლებენ ქონებას, რის შედეგადაც მესაკუთრეს ხელი ეშლება როგორც ქონებით სარგებლობაში, ისე მის განკარგვაში.
მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხე რ.ო–ნმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ლ.ა–ნს ბინა საკუთრებაში რეგისტრირებული აქვს ყალბი დოკუმენტების საფუძველზე. 2016 წლის 09 ნოემბერს ლ.ჩ–სა და ლ.ხ–ს შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ლ.ხ–მა, როგორც მესაკუთრემ, გაყიდა სადავო უძრავი ქონება. როგორც მოპასუხისთვის ცნობილია, ლ.ჩ–მა ლ.ხ–ს ხელი მოაწერინა სხვა შინაარსის დოკუმენტზე, კერძოდ, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე. მოპასუხისთვის ასევე საეჭვოა 2017 წლის 31 აგვისტოს ლ.ჩ–სა და ლ.ა–ნს შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, ვინაიდან ლ.ჩ–ი არის ლ.ა–ნის წარმომადგენელი და ისინი ერთობლივად მოქმედებენ. შესაბამისად, მოპასუხე არ დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას და მიუთითა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება იყო უკანონო.
3.2. მოპასუხე მ.ხ–ვს შესაგებელი არ წარუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; გამოთხოვილი იქნა რ.ო–ნისა და მ.ხ–ვის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, .........., (ნაკვ. 14/..), ს/კ .......... და დადგინდა მისი მესაკუთრე ლ.ა–ნისთვის გადაცემა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
7. სააპელაციო პალატამ სრულიად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7.1. უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, ..........., (ნაკვ. 14/...), ს/კ .........., რეგისტრირებულია ლ.ა–ნის საკუთრებად. საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია 27/10/2022წ. დამოწმებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება.
7.2. ლ.ა–ნის საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ნივთს, მდებარე: ქ. თბილისი, ........., (ნაკვ. 14/...), ს/კ ......... ფლობენ მოპასუხეები.
8. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო პალატამ შემდეგი სამართლებრივი შეფასება მისცა:
8.1. უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი (მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება). შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.
8.2. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონება რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე. მოპასუხეები ფლობენ დასახელებულ უძრავ ნივთს. შესაბამისად, სწორედ მოპასუხეებს ეკისრებოდათ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მათი მფლობელობა მართლზომიერია. აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება კი, მათ სასამართლოს ვერ წარუდგინეს.
8.3. აპელანტები სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად უთითებდნენ, რომ მხარეებს შორის იგივე უძრავ ქონებაზე მიმდინარეობს დავა უფლების დამდგენი დოკუმენტების ბათილად ცნობისა და სასესხო ურთიერთობის დადგენის შესახებ. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მარტოოდენ გასაჩივრების ფაქტი არ აჩერებს საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მოქმედებას, თუ არ დადასტურდა უფლების ნამდვილობის ხარვეზი თავად გარიგების მხარეთა მიერ ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. მანამდე ივარაუდება, რომ რეგისტრაციის შედეგად განხორციელებული ჩანაწერი სწორია და, შესაბამისად, უფლება ნამდვილი. განსახილველ შემთხვევაში, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება არ არსებობდა, შესაბამისად, აპელანტები სათანადო მტკიცებულებებით ვერ ადასტურებდნენ მოსარჩელის საკუთრების უფლების უკანონობას და სადავო უძრავ ქონებაზე მართლზომიერ მფლობელობას.
8.4. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 05 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხის რ.ო–ნის წარმომადგენლის ი.შ–ძის შუამდგომლობა წინამდებარე სარჩელზე საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაში არსებული №2/21794-23 საქმის დასრულებამდე, სადაც მოსარჩელე მხარეს წარმოადგენდა რ.ო–ნი, მოპასუხეებს - ლ.ა–ნი, ა.პ–ვა, ლ.ჩ–ი, ბ.ი–ო, ხოლო დავის საგანს - უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა და სასესხო ურთიერთობის დადგენა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი საქმის წარმოების შეჩერების აუცილებლობას ითვალისწინებს ისეთ შემთხვევაში, როდესაც დავის გადაწყვეტას სამართლებრივად აფერხებს სხვა სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით განსახილველი საქმის გადაწყვეტა. მითითებული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების ვალდებულება პირდაპირ კავშირშია ისეთ საპროცესო ინსტიტუტთან, როგორიცაა მტკიცების ტვირთი და ემსახურება ფაქტების დამტკიცების ვალდებულებისაგან მხარეთა გათავისუფლების მიზანს, სამართალწარმოების ერთ-ერთი პრინციპის – პროცესის ეკონომიის პრინციპის რეალიზაციის უზრუნველყოფას, რაც, თავის მხრივ, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების წინაპირობაა. შესაბამისად, ზემოაღნიშნული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგენილიყო, არსებობდა თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში ობიექტურად შეუძლებელს გახდიდა სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას. ასეთი კავშირი, განსახილველ შემთხვევაში, წინამდებარე საქმესა და მითითებულ საქმეს შორის დადგენილად არ იქნა მიჩნეული.
8.5. რაც შეეხება არგუმენტს, რომ მ.ხ–ვი არ ფლობდა სადავო უძრავ ქონებას და იყო არასათანადო მოპასუხე, სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ 08.02.2024 წელს გაცემული ცნობაზე მოპასუხე მ.ხ–ვის მიერ სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ და მ.ხ–ვის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ 2021 წლის შემდგომ მისი მარწმუნებელი საქართველოში არ იმყოფებოდა. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ 2024 წლის 22 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე ამავე წარმომადგენელმა განმარტა, რომ სამოქალაქო დავაში, რომლის ფარგლებშიც იხილებოდა სადავო ქონებასთან დაკავშირებით დადებული გარიგებების ბათილად ცნობა და რ.ო–ნის მესაკუთრედ ცნობა, მ.ხ–ვი მოწმედ დაიკითხა. შესაბამისად, წარმომადგენლის მიერ დადასტურებული აღნიშნული გარემოებით არასარწმუნოდ იქნა მიჩნეული განმარტება, რომ მ.ხ–ვი 2021 წლის შემდგომ საქართველოში არ ყოფილა; სააპელაციო პალატის განსჯით, მხარემ ვერ დაადასტურა, რომ მოპასუხე მ.ხ–ვს სადავო უძრავი ქონება მუდმივად დატოვებული და გამოთავისუფლებული აქვს. სააპელაციო პალატის განსჯით, მოპასუხე მ.ხ–ვის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების ინტერესიც ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ ის ფლობს სადავო უძრავ ქონებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალწარმოების შედეგით არ იქნებოდა დაინტერესებული. ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე მ.ხ–ვი ფლობს სადავო უძრავ ქონებას.
9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:
9.1. სასამართლოს უნდა შეეჩერებინა საქმისწარმოება სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე 2ბ/6258-24 საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე, ვინაიდან მხარეებს შორის იმავე ქონებაზე მიმდინარეობს დავა ლ.ა–ნის უფლების დამდგენი დოკუმენტების ბათილად ცნობისა და სასესხო ურთიერთობის დადგენის შესახებ. აღნიშნული საქმე პირდაპირ კავშირშია წინამდებარე ვინდიკაციურ სარჩელთან, ორივე მათგანი გამომდინარეობს ერთი და იმავე ფაქტობრივი საფუძვლებიდან და სამართალურთიერთობიდან.
9.2. სასამართლოს დადგენილად არ უნდა მიეჩნია მ.ხ–ვის მიერ სადავო ნივთის ფლობის ფაქტი, ვინაიდან იგი საქართველოში არ იმყოფება, რაც დასტურდებოდა შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული საზღვრის კვეთის დამადასტურებელი დოკუმენტით და იძლეოდა საფუძველს, მოპასუხე მ.ხ–ვი მიჩნეულიყო არასათანადო მოპასუხედ.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
14. საკასაციო საჩივრის ფარგლებში მხარეთა შორის სადავო საკითხს წარმოადგენს კასატორის მხრიდან სადავო უძრავი ნივთის ფლობის მართლზომიერება. კასატორი თავს მართლზომიერ მფლობელად მიიჩნევს იმ არგუმენტით, რომ მოსარჩელის უფლებადამდგენი დოკუმენტები მიაჩნია კანონსაწინააღმდეგო გარიგებებად, რომელთა ბათილად ცნობის მოთხოვნითაც აწარმოებს სასამართლო დავას.
15.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
15.2. შესაბამისად, მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება (იხ. სუსგ. №ას-914-2019, 25.07.2019წ.; №ას-246-246-2018; 20.03.2018წ.).
15.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
16.1. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და არც საკასაციო საჩივრით არ არის შედავებული, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ სადავო უძრავ ქონებას, ფლობს კასატორი რ.ო–ნი. სადავოა მხოლოდ მ.ხ–ვის მიერ სადავო ნივთის ფლობის ფაქტი, სახელდობრ, საქმეზე თანდართული ცნობის თანახმად, მ.ხ–ვს 2021 წლის 30 ოქტომბერს დატოვებული აქვს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და 2024 წლის 08 თებერვლის მდგომარეობით, უკან არ დაბრუნებულა (ტ.1, ს.ფ. 338-339).
16.2. საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ წინამდებარე საქმეზე ლ.ა–ის სარჩელი მ.ხ–ვს ჩაბარებული აქვს სწორედ სადავო მისამართზე დედის, რ.ო–ნის მეშვეობით (ტ.1, ს.ფ. 23); საქმეში დაცული 06.02.2024 წლის მინდობილობით, რომლის ძალითაც მ.ხ–მა წარმომადგენლობის უფლებამოსილება მიანიჭა ი.შ–ძეს, დგინდება, რომ რუსეთის ფედერაციაში მყოფი მ.ხ–ვის მისამართი კვლავაც სადავო მისამართია - ქ. თბილისი, .......... (ტ.1, ს.ფ. 294-296). დასახელებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით ნათელია, რომ მ.ხ–ვს, ფიზიკურად საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნის პირობებშიც, სადავო უძრავ ქონებასთან ფაქტობრივი კავშირი გაწყვეტილი არ აქვს.
16.3. პალატა მოიხმობს საკასაციო სასამართლოს განმარტებას, რომლის თანახმადაც, „მფლობელობისათვის განმსაზღვრელია მფლობელის ნებითი მომენტი, სურვილი, იყოს ნივთის მფლობელი და პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობდეს მას. მფლობელობის იურიდიული ბუნება არ გულისხმობს ნივთთან მხოლოდ ფიზიკურ შემხებლობას. სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა რა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, კანონი განასხვავებს პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელობის ინსტიტუტს.“ (იხ. სუსგ. №ას-184-450-08, 08.07.2008წ.).
16.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 156-ე მუხლის თანახმად, მფლობელობა ითვლება შეწყვეტილად, თუ მფლობელი სამუდამოდ თმობს ნივთს ან სხვა გზით კარგავს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას. დასახელებული ნორმა განსაზღვრავს მფლობელობის შეწყვეტის ორ ალტერნატივას: (1) ნივთის მფლობელის მიერ ნების გამოვლენის საფუძველზე მფლობელობის დათმობას სამუდამოდ ან (2) სხვა გზით ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის დაკარგვას. ამ უკანასკნელ შემთხვევაში კი, მხოლოდ გარდამავალი ხასიათის წინააღმდეგობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის განხორცილებისას არ იწვევს მფლობელობის შეწყვეტას (შდრ. ლ. თორთლაძე, ,,სამოქალაქო კოდექსის კომენტარი“, წიგნი II, თბილისი 2018, მუხლი 156).
16.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
16.6. ვინდიკაციური სარჩელის წინაპირობათაგან პირველი ორის - მოსარჩელის საკუთრების უფლებისა და მოპასუხის მიერ სადავო ნივთის ფლობის ფაქტების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს, ხოლო მესამე წინაპირობის (ფლობის არამართლზომიერება) მიმართ მას ეკისრება მარტოოდენ მითითების ვალდებულება (მრავალთა შორის, იხ. სუსგ. №ას-690-661-2016, 01.09.2016წ.; №ას-1643-2019, 10.01.2020წ.; №ას-1570-2018, 22.11.2018წ.; №ას-1452-2020, 18.02.2021წ). მოსარჩელის მხრიდან აღნიშნული სტანდარტით მტკიცებისა და მითითების ტვირთის დაძლევა განაპირობებს ფლობის მართლზომიერების დამტკიცების ტვირთის მოპასუხეზე გადასვლას.
16.7. მართალია, მოპასუხის მიერ ნივთის ფლობა, ზოგადად, მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა, მაგრამ თუკი მოპასუხე სარჩელისაგან თავს იცავს იმ გარემოებაზე აპელირებით, რომ მან სადავო ფაქტის ფლობა შეწყვიტა, იმ პრინციპიდან გამომდინარე, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ უფრო მარტივი და ობიექტურად მტკიცებადი გარემოების დამტკიცება და მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს (“affirmanti, non negati, incumbit probatio”), მტკიცების ტვირთი განიცდის მოდიფიცირებას იმგვარად, რომ მფლობელობის შეწყვეტის ფაქტის მტკიცებაზე ვალდებულ პირად მოპასუხე გვევლინება.
16.8. სადავო არაა, რომ მ.ხ–ვი საზღვარგარეთ გამგზავრებამდე სადავო ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას ახორციელებდა. პალატის განსჯით, მფლობელობა თავისთავად შეწყვეტილად ვერ მიიჩნევა ისეთი დროებითი გარემოების შემთხვევაში, როგორიცაა საზღვარგარეთ წასვლა, მით უფრო, რომ მისი ოჯახის წევრი - დედა - ახლაც სადავო სახლში ცხოვრობს.
16.9. პალატა განმარტავს, რომ სრულებით შესაძლებელია, პირი ნივთზე ფაქტობრივად ბატონობდეს მასთან უშუალო ფიზიკური კავშირის გარეშეც, მაგალითად, საკუთარი ნივთების მასში განთავსებით, გასაღების ფლობით, მასში დარჩენის შესაძლებლობის თავისუფლებით და ა.შ.. მოპასუხეს მფლობელობის შეწყვეტის დასადასტურებლად სასამართლოსთვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რომელიც პალატას მიიყვანდა დასკვნამდე, რომ მ.ხ–ვმა სამუდამოდ დათმო სადავო ბინის ფლობის შესაძლებლობა და ნებაყოფლობით გამოათავისუფლა იგი. მარტოოდენ საზღვარგარეთ ყოფნის ფაქტი კი, როგორც აღინიშნა, ფლობის შეწყვეტაზე დასკვნის თვითკმარ საფუძვლად ვერ გამოდგება. ამრიგად, დასახელებული ფაქტი მ.ხ–ვის ნაწილში ვერც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას და ვერც მის არასათანადო მოპასუხედ მიჩნევას დაედება საფუძვლად.
17.1. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას საქმის წარმოების შეუჩერებლობასთან მიმართებით, პალატა მიუთოთებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების შეჩერების აუცილებლობა უნდა ვლინდებოდეს იმაში, რომ სხვა სხვა სასარჩელო წარმოების ფარგლებში აღძრული საქმისთვის მნიშვნელობის მქონე დასადგენ გარემოებათა წრეში უნდა შედიოდეს იმგვარი ფაქტები, რომლებიც, ამავდროულად, წინამდებარე საქმისთვისაც მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებად განიხილება. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, სხვა საქმის განხილვა-გადაწყვეტამდე შეუძლებელი უნდა იყოს წინამდებარე საქმის გადაწყვეტა (მრავალთა შორის, იხ. სუსგ.-ები №ას-112-2022, 01.04.2022წ.; №ას-432-2021, 13.10.2021წ.; №ას-1009-2022, 09.03.2023წ.).
17.2. უძრავი ნივთების მიმართ მოქმედ საჯარო რეესტრის ჩანაწერების სისრულის პრეზუმფციას ვერ აქარწყლებს მარტოოდენ ის გარემოება, რომ ვინდიკაციური სარჩელით მოპასუხემ სადავოდ აქცია მოსარჩელის მიერ სადავო უძრავი ნივთის შეძენის კანონიერება, ვინაიდან ასეთი დავის ინიცირების შესაძლებლობა, თეორიულად, ყველა მოპასუხეს გააჩნია შემძენისათვის ნივთზე მფლობელობის გადაცემის გასაჭიანურებლად. იმ პირობებში, როდესაც საკუთრების მოპოვების უკანონობის პრეტენზიას საფუძველს არ უმყარებს სარჩელის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება (თუნდაც კანონიერ ძალაში შეუსვლელი), მხოლოდ სარჩელის წარდგენის ფაქტი ვერ გადასწონის კანონმდებლის ნორმატიული ნებით დაცულ ფაქტს _ რეგისტრირებული საკუთრების სისწორესა და უტყუარობას.
17.3. განსახილველ შემთხვევაში, კასატორებს არ მიუთითებიათ, რომ გარიგებების ბათილად ცნობისა და ნივთის მესაკუთრედ რ.ო–ნის აღრიცხვის მოთხოვნებით წარდგენილმა სარჩელმა სასამართლო განხილვისას ჰპოვა წარმატება და შეასუსტა სსკ 312-ე მუხლით განმტკიცებული რეგისტრირებული მესაკუთრის უფლების უხარვეზობის პრეზუმფცია. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სააპელაციო საჩივარზე თანდართული 21.11.2024 წლის განჩინება სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ მოწმობს, რომ უფლებადამდგენი გარიგებების ბათილად ცნობის თაობაზე აღძრულ სარჩელზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს მხოლოდ მოსარჩელე რ.ო–ნი, რაც, მოცემული ეტაპისათვის, დასახელებული დავის კასატორისთვის წარუმატებლობაზე მიანიშნებს. ხსენებულ სამართლებრივ მოცემულობაში კი, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, გაიზიაროს კასატორის მოსაზრება წინამდებარე საქმესა და №2/21794-23 საქმეს შორის იმგვარად მჭიდრო ურთიერთკავშირის შესახებ, რომ მიკუთვნებითი სარჩელის ფარგლებში დასადგენი გარემოებების გარეშე შეუძლებელი იყოს ვინდიკაციური მოთხოვნის დაკმაყოფილება. ამრიგად, შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ მართებულად იქნა უარყოფილი.
18. ამრიგად, კასატორებმა, სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლეს იმ გარემოების დამტკიცება, რომ ისინი მართლზომიერად ფლობენ სადავო უძრავ ქონებას.
19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. რადგან განხორციელებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს (იხ. სუსგ. №ას-887-2019, 27.12.2019წ.).
20. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები მიუთითებენ.
21. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
22. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
23. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შედეგის გათვალისწინებით, კასატორებს საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე გადახდილი სახელწიფო ბაჟის - 150 ლარის 70%, რაც შეადგენს 105 ლარს, უკან უნდა დაუბრუნდეთ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ.ო–ნის და მ.ხ–ვის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. რ.ო–ნს (პ/ნ ........) და მ.ხ–ვს (პ/ნ .........) დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის (საგადახდო დავალება № 4977, გადახდის თარიღი: 23.07.2025წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“, გადამხდელი: ი.შ–ძე, პ/ნ ..........) 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი