დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-572-2025 8 მაისი, 2026 წელი,თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – მ.პ–ი, მ.ქ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.თ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება ქონების აუქციონზე რეალიზაციით
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ლ.თ–ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.პ–ის და მ.ქ–ის მიმართ, საზიარო უფლების ქონების აუქციონზე რეალიზაციით გაუქმების მოთხოვნით.
2. სარჩელის საფუძვლები
2.1. მოსარჩელე ლ.თ–ძის თანასაკუთრებაშია ერთმანეთის მომიჯნავედ მდებარე ორი მიწის ნაკვეთი: ს/კ ............ და ს/კ ............ აღნიშნულ უძრავ ქონებებზე, ასევე რეგისტრირებულია მოპასუხეების - მ.ქ–ისა და მ.პ–ის წილობრივი თანასაკუთრება.
2.2. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, თითოეულ მესაკუთრეზე წილები გამოყოფილია შემდეგნაირად: უძრავ ნივთზე ს/კ ......... ლ.თ–ძეზე რეგისტრირებულია 2/12 წილი, მ.პ–ზე – 3/12 წილი და მ.ქ–ზე – 1/6 წილი. უძრავ ნივთზე ს/კ ........ ლ.თ–ძეზე რეგისტრირებულია 1/2 წილი, მ.ქ–ზე – 1/3 წილი და მ.პ–ზე – 1/6 წილი.
2.3. სარჩელის თანახმად, ქონების მესაკუთრეთა წილები ერთმანეთისგან არ იმიჯნება, შეუძლებელია ინდივიდუალურად ფართების გამოყოფა და საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.
2.4. სარჩელის თანახმად, მოსარჩელეს მოპასუხეები არ აძლევენ უფლებას, გამოიყენოს თავის საკუთრება, შევიდეს მიწის ნაკვეთზე, ჩაატაროს აზომვითი სამუშაოები და დაადგინოს, რამდენად შესაძლებელია წილების ერთმანეთისგან გამიჯვნა. მოპასუხეებმა არ დაუშვეს ექსპერტი მიწის ნაკვეთზე, რის გამოც ვერ დადგინდა, შესაძლებელია, თუ არა მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა წილების ერთმანეთისგან გამიჯვნა.
3. მოპასუხის პოზიცია
3.1. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
3.2. შესაგებლის თანახმად, მოპასუხეებს მოსარჩელისთვის არასოდეს შეუშლიათ ხელი საზიარო საგნის სარგებლობაში. მანამ სანამ, სადავო საზიარო საგანი იმ წილობრივი მონაცემებით იქნებოდა რეგისტრირებული, რომლის ამსახველი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ერთვის სარჩელს, მ.პ–ის წილი რეგისტრირებული იყო სტატუსით „გაურკვეველია“. ამ პირობებში საზიარო საგნის ნატურით გამიჯვნის შესაძლებლობის დადგენა შეუძლებელი იყო.
3.3. მ.პ–ის მიერ ადმინისტრაციული წესით დავის წარმოების შედეგად წარმოიქმნა იმის შესაძლებლობა, რომ წილობრივი მონაცემები გარკვეულიყო და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად იქნა მიღებული ის მონაცემი, რაც ასახულია სარჩელზე თანდართულ სარეგისტრაციო დოკუმენტში. შესაბამისად, ყოველგვარი ეჭვი ექსპერტიზის ჩატარებაში მოპასუხეთა მხრიდან არამართლზომიერი და მიზანმიმართული ხელშეშლის თაობაზე, გაქარწყლებულია.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით ლ.თ–ძის სარჩელი მ.პ–ისა და მ.ქ–ის მიმართ, საზიარო უფლების ქონების აუქციონზე რეალიზაციის გზით, გაუქმების შესახებ, დაკმაყოფილდა. გაუქმდა საზიარო უფლება ქონების აუქციონზე რეალიზაციით ლ.თ–ძის, მ.პ–ისა და მ.ქ–ის თანასაკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე მდებარე - ქ. თბილისი .........., ს/კ ........ და ქ. თბილისი, ......... ქუჩა N 23დ, ს/კ ........... ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ აუქციონზე რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხები უნდა გადანაწილებულიყო მესაკუთრეებს - ლ.თ–ძეს, მ.პ–ისა და მ.ქ–ის შორის, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მათი კუთვნილი წილების პროპორციულად.
4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მ.პ–მა და მ.ქ–მა.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.
5.2. სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ საზიარო უფლების გაუქმება ნივთის აუქციონზე რეალიზაციის გზით არ წარმოადგენს მესაკუთრის უპირობო უფლებას. აღნიშნულ უფლებას მესაკუთრე იძენს მხოლოდ მას შემდეგ, რაც სარწმუნოდ დაადასტურებს ნივთის ნატურით გაყოფის შეუძლებლობას (შდრ: სუსგ №ას-331-331-2018, 15 ივლისი, 2019.). ამასთან, პალატამ აღნიშნა, რომ თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის, დაგირავებული ნივთის ან მიწის ნაკვეთის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით. მიწის ნაკვეთის შემთხვევაში გამოიყენება აუქციონზე უძრავი ქონების იძულებით გაყიდვის წესები. თუ დაუშვებელია საზიარო საგნის გასხვისება მესამე პირზე, მაშინ საგანი აუქციონზე უნდა გაიყიდოს მოწილეებს შორის.
5.3. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტების პრეტენზია, რომელიც მიემართებოდა იმ გარემოებას, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა სადავო საზიარო საგნის ნატურით გაყოფის შეუძლებლობა. პრეტენზიის თანახმად, მოცემული საქმის ფარგლებში სასამართლოს ინიციატივით დანიშნული ექსპერტიზის დასკვნა ცალსახად შეიცავდა საზიარო უფლების გაუქმების იმ ვარიანტს, რომლითაც შესაძლებლად იყო მიჩნეული სადავო საზიარო საგნის ნატურით გაყოფა უშუალოდ საცხოვრებელი სახლის ფარგლებში, რის შედეგადაც, მართალია, მიწის ნაკვეთი საერთო სარგებლობის საგნად დარჩებოდა, თუმცა ეს მოცემულობა არ ეწინააღმდეგებოდა საზიარო უფლების გაუქმების სამართლებრივ პრინციპებს და პირიქით, უფრო რაციონალურ შედეგს წარმოადგენდა მესაკუთრეთა უფლებების დაცულობის თვალსაზრისით, მათ შორის, საკუთრების უფლების შენარჩუნების ინტერესის პრიორიტეტული და კონსტიტუციური მნიშვნელობიდან გამომდინარე. ამ პრეტენზიასთან დაკავშირებით, პალატამ განმარტა, რომ საზიარო უფლების საგანს წარმოადგენს მომიჯნავედ მდებარე ორი უძრავი ნივთი. ერთ-ერთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, ექსპერტმა კატეგორიული დასკვნა ჩამოაყალიბა, რომ გამიჯვნა თანამესაკუთრეების წილების შესაბამისად ტექნიკური თვალსაზრისით, სრული იზოლირებით, სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით, მოქმედი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვით, ფუნქციური ღირებულების შემცირების გარეშე შეუძლებელია. მომიჯნავედ მდებარე მეორე ნაკვეთთან დაკავშირებით კი ექსპერტმა აღნიშნა, რომ ს/კ .......... მიწის ნაკვეთს არ გააჩნია დამოუკიდებელი კავშირი საჯარო გზასთან. ნაკვეთში მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ .......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომიჯნავე მიწის ნაკვეთებიდან პირველის (ს.კ..........) სრულყოფილი ექსპლუატაცია, მეორე ნაკვეთის გარეშე (ს.კ............), დავის განხილვის დროისთვისაც შეუძლებელია. მეორე მიწის ნაკვეთი ასრულებს იმგვარ დამხმარე ფუნქციას, რომლის გარეშე პირველი ვერ დაუკავშირდება საჯარო გზას. საჯარო გზასთან კავშირის გარეშე კი საჭირო გახდება აუცილებელი გზის უფლებით სხვა მიწის ნაკვეთის დატვირთვა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს). გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ექსპერტის დასკვნის მიხედვით, ........... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ფაქტობრივი მდგომარეობით განთავსებულია ერთი ერთსართულიანი შენობა-ნაგებობა (შენობა N1), რომელიც მიშენებულია ს/კ .......... მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა N1-ზე და მასში მოხვედრაც შესაძლებელია მხოლოდ ამ უკანასკნელის გავლით. სააპელაციო პალატის განმარტებით, დავის განხილვისას, მოწინააღმდეგე მხარეებს ექსპერტის დასკვნის საწინააღმდეგო არგუმენტები და მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ, მაშინ როდესაც, მათ შეეძლოთ, საპირისპირო გარემოების დასადასტურებლად და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის გასაქარწყლებლად თავადაც წარმოედგინათ რელევანტური მტკიცებულება (სხვა საექსპერტო დასკვნა). ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა და არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
5.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 თებერვლის განჩინება, საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით, გაასაჩივრეს მ.პ–მა და მ.ქ–მა.
6. საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები
6.1. კასატორები ითხოვენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
6.2. კასატორების განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა მითითებული ნორმები.
6.3. კასატორების მტკიცებით, გასაჩივრებული განჩინება უკანონოა, არა მხოლოდ არასწორი სამართლებრივი ნორმების გამოყენების/განმარტების გამო, არამედ იმ კუთხითაც, რომ იგი მიღებულია საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევით, რაც გამოიხატა სასამართლოს მიერ საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების მცდარი სამართლებრივი შეფასებით, ხოლო ნაწილი მტკიცებულებების, უგულებელყოფით.
6.4. კასატორთა აზრით, მოცემული საქმის ფარგლებში სასამართლოს ინიციატივით დანიშნული ექსპერტიზის დასკვნა, ცალსახად შეიცავს საზიარო უფლების გაუქმების იმ ვარიანტს, რომლითაც შესაძლებლად არის მიჩნეული სადავო საზიარო საგნის ნატურით გაყოფა უშუალოდ საცხოვრებელი სახლის ფარგლებში, რის შედეგადაც, მართალია, მიწის ნაკვეთი საერთო სარგებლობის საგნად რჩება, თუმცა ეს მოცემულობა არ ეწინააღმდეგება საზიარო უფლების გაუქმების სამართლებრივ პრინციპებს და პირიქით, უფრო რაციონალურ შედეგს წარმოადგენს მესაკუთრეთა უფლებების დაცულობის თვალსაზრისით, მათ შორის, საკუთრების უფლების შენარჩუნების ინტერესის პრიორიტეტული და კონსტიტუციური მნიშვნელობიდან გამომდინარე.
6.5. მათივე აზრით, ქართული სამართალი იცნობს იმგვარ იურიდიულ მოცემულობებს, როდესაც შენობა-ნაგებობის ნაწილები შესაძლოა ცალ-ცალკე იქნას ინდივიდუალიზებული, მაგრამ მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი საზიარო უფლების საგანს წარმოადგენდეს. ამის მაგალითია მრავალბინიანი სახლი, რომელსაც საკანონმდებლო დონეზე წარმოადგენს იმგვარი შენობა-ნაგებობა, სადაც ორზე მეტი ბინაა, თუმცა მრავალბინიანი სახლისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთი ბინათმესაკუთრეთა საერთო საკუთრებას წარმოადგენს.
6.6. კასატორები მიიჩნევენ, რომ ვინაიდან საზიარო უფლების საგანი ორი დამოუკიდებელი უძრავი ნივთია, რომელთაგან ერთ-ერთი მხოლოდ მიწის ნაკვეთისგან შედგება, შენობა-ნაგებობების გარეშე, ასეთ ვითარებაში, მათი ნატურით გამიჯვნის შეუძლებლობა არ დასტურდება.
6.7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 მაისის განჩინებით, მ.პ–ისა და მ.ქ–ის საკასაციო საჩივარი, მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. შესაბამისად, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
- უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისში, .........., ს.კ.-ით .........., საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელე ლ.თ–ძის და მოპასუხეების: მ.პ–ის და მ.ქ–ის თანასაკუთრების უფლებები, შემდეგი წილობრივი მონაცემებით: ლ.თ–ძის − 1/2 წილი, მ.ქ–ის − 1/3 წილი, მ.პ–ის − 1/6 წილი;
- უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისში, .........., ს.კ.-ით ..........., საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელე ლ.თ–ძის და მოპასუხეების: მ.პ–ის და მ.ქ–ის თანასაკუთრების უფლებები, შემდეგი წილობრივი მონაცემებით: ლ.თ–ძის − 2/12 წილი, მ.ქ–ის − 7/12 წილი, მ.პ–ის − 3/12 წილი;
- სადავო მიწის ნაკვეთები ერთმანეთის მომიჯნავედ მდებარეობს (ს.ფ. 21-22; ს.ფ. 23-24; მხარეთა ახსნა-განმარტება: ს.ფ. 2-15, ს.ფ. 32-39, 05.09.2024 წ. სხდომის ოქმი);
- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტის 2024 წლის 20 მაისის დასკვნით: 1. ქ. თბილისში, .......... ქუჩა N 23 ა-ში მდებარე ........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების გამიჯვნაზე საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა ამ ეტაპზე ვერ იმსჯელებს;
- ქ. თბილისში, ......... ქუჩა N 23 დ-ში მდებარე ......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების გამიჯვნა თანამესაკუთრეების წილების შესაბამისად (ლ.თ–ძე 2/12 წილი, მ.პ–ი 3/12 წილი და მ.ქ–ი 7/12 წილი) ტექნიკური თვალსაზრისით, სრული იზოლირებით, სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით, მოქმედი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვით, ფუნქციური ღირებულების შემცირების გარეშე შეუძლებელია (იხ. ს.ფ. 93-106; მხარეთა ახსნა- განმარტება - 05.09.2024 წ. სასამართლო სხდომის ოქმი).
13. სარჩელის საგანს წარმოადგენს საზიარო უფლების გაუქმება საზიარო საგნის რეალიზაციის გზით. სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლის თანახმად, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამავე კოდექსის 953-968-ე მუხლები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. ამავე კოდექსის 961-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება.
14. სამოქალაქო კოდექსი იცნობს საზიარო უფლების გაუქმების ორ შესაძლებლობას: საზიარო უფლების გაუქმებას ნატურით გაყოფის გზით (სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი) და საზიარო უფლების გაუქმებას საზიარო საგნის რეალიზაციის გზით (სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლი). ეს უკანასკნელი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია (სუსგ. Nას-1441-2018, 08.05.2020წ.).
15. სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის საფუძველზე, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. ამდენად, საზიარო უფლების ნატურით გაყოფისათვის აუცილებელი წინაპირობა არის ის, რომ საგანი უნდა იყოფოდეს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. დასახელებული ნორმა მიუთითებს ორ აუცილებელ პირობაზე, კერძოდ, საზიარო უფლება უქმდება საზიარო საგნის (საგნების) ნატურით გაყოფისას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: 1. საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად; 2. ამგვარი დაყოფის შედეგად არ მცირდება ნივთის ღირებულება. როგორც პირველი, ასევე მეორე ელემენტი უნდა არსებობდეს ერთდროულად იმისათვის, რომ დადგეს ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი, ამასთან, ორივე შემთხვევაში ნატურით გამოყოფილმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ასრულებდა გაყოფამდე (სუსგ. Nას-1217-2018, 13.12.2018წ.; Nას-1389-1309-2017, 30.04.2018წ.).
16. სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, საზიარო უფლების გაუქმება, ნივთის აუქციონზე რეალიზაციის გზით, არ წარმოადგენს მესაკუთრის უპირობო უფლებას. აღნიშნულ უფლებას მესაკუთრე იძენს მას შემდეგ, რაც სარწმუნოდ დაადასტურებს ნივთის ნატურით გაყოფის შეუძლებლობას. საზიარო უფლების გაუქმება წარმოადგენს მოსარჩელის მოთხოვნას, რომლის დისპოზიციური უფლებამოსილება - შეარჩიოს საზიარო უფლების გაუქმების კონკრეტული საშუალება, შეზღუდულია მატერიალური კანონმდებლობით, კერძოდ, დაუშვებელია საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით, თუ შეუძლებელია ყველა თანამესაკუთრის საკუთრების უფლების ღირებულების შენარჩუნება საკუთარი იდეალური წილის შესაბამისად. მხოლოდ ერთი თანამესაკუთრის იდეალური წილის იმგვარი გამოყოფა, რომლითაც დაცულია ამ უკანასკნელის საზიარო საგნის გაყოფამდე არსებული მდგომარეობა (ღირებულება), საზიარო უფლების გაუქმებას, ნატურით გაყოფის გზით, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის კონტექსტში ლეგიტიმურს არ ხდის, თუ დაცული და შენარჩუნებული არ არის სხვა თანამესაკუთრეთა იდეალური წილის მდგომარეობა (ღირებულება) - (იხ. სუსგ 19.03. 2015, საქმე #ას-1147-1094-2014).
17. საზიარო უფლებიდან გამომდინარე, მოთხოვნის რეალიზაცია დამოკიდებულია ამ უფლების მფლობელ პირთა მდგომარეობასა და ინტერესებზე. საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფისას, დასაშვებია საზიარო უფლების მონაწილეთა წილობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზიარო საგნების ერთგვაროვან ნაწილებად დაყოფა შესაძლებელია ღირებულების შემცირების გარეშე.
18. სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისში, ......... ქ. N 23ა, ს.კ.-ით ........., საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელე ლ.თ–ძის და მოპასუხეების: მ.პ–ის და მ.ქ–ის თანასაკუთრების უფლებები, შემდეგი წილობრივი მონაცემებით: ლ.თ–ძის − 1/2 წილი, მ.ქ–ის − 1/3 წილი, მ.პ–ის − 1/6 წილი. უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისში, ......... ქ. N 23დ, ს.კ.-ით ........., საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელე ლ.თ–ძის და მოპასუხეების: მ.პ–ის და მ.ქ–ის თანასაკუთრების უფლებები, შემდეგი წილობრივი მონაცემებით: ლ.თ–ძის − 2/12 წილი, მ.ქ–ის − 7/12 წილი, მ.პ–ის − 3/12 წილი. ამასთან, დადგენილია, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტის 2024 წლის 20 მაისის დასკვნით: ქ. თბილისში, ......... ქუჩა N 23 ა-ში მდებარე ......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების გამიჯვნაზე საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა ამ ეტაპზე ვერ იმსჯელებდა. ექსპერტიზით ასევე დადგინდა, რომ ქ. თბილისში, ......... ქუჩა N 23 დ-ში მდებარე ......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების გამიჯვნა თანამესაკუთრეების წილების შესაბამისად (ლ.თ–ძე 2/12 წილი, მ.პ–ი 3/12 წილი და მ.ქ–ი 7/12 წილი) ტექნიკური თვალსაზრისით, სრული იზოლირებით, სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით, მოქმედი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვით, ფუნქციური ღირებულების შემცირების გარეშე შეუძლებელი იყო.
19. ამავე საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 თებერვლის განჩინებით, დაკმაყოფილდა მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. ექსპერტიზის ჩატარება დაევალა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს. საქმეში წარმოდგენილი 2024 წლის 20 მაისის ექსპერტის დასკვნის კვლევითი ნაწილის მიხედვით, ექსპერტიზის წინაშე დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის მიზნით ექსპერტის მიერ მოხდა უძრავი ქონებების დათვალიერება-შესწავლა და შესაბამისი აზომვითი სამუშაოების ჩატარება. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ფაქტობრივი მდგომარეობით განთავსებულია სამი შენობა-ნაგებობა, რომელთაგანაც შენობა N1 ფაქტობრივად წარმოადგენს ნორმალური ექსპლუატაციის პირობებისათვის დამაკმაყოფილებელ სამსართულიან საცხოვრებელ სახლს, რომლის პირველი სართული წარმოადგენს სარდაფს, შენობა N2 წარმოადგენს ერთსართულიან შენობა-ნაგებობას, რომლის ნაწილი დემონტირებულია და არ არის ნორმალური ექსპლუატაციის პირობებისათვის დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში (ავარიულ მდგომარეობაშია), ხოლო შენობა N3 წარმოადგენს ორსართულიან შენობა_ნაგებობას, რომლის ძირითადი ნაწილი დემონტირებულია და საცხოვრებლად უვარგისია (შენობის შიგნით შეღწევა და აზომვითი სამუშაოების ჩატარება ვერ მოხდა. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე ხსენებული შენობების საერთო ფართის და შემდგომ თანამესაკუთრეების კუთვნილი წილების შესაბამისი ფართების განსაზღვრა ექსპერტმა შეუძლებლად მიიჩნია. ექსპერტმა აღნიშნა, რომ უცნობია თანამესაკუთრეების კუთვნილი წილების გამიჯვნა უნდა მოხდეს მხოლოდ ერთი შენობა-ნაგებობიდან (შენობა N1-დან), რომელიც ფაქტობრივი მდგომარეობით ნორმალური ექსპლუატაციის პირობებისათვის დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია, თუ გამიჯვნა უნდა მოხდეს სხვა პრინციპით. აღნიშნულიდან გამომდინარე დამატებითი ინფორმაციის მოწოდებამდე საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა ......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების გამიჯვნაზე ვერ იმსჯელებდა. ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ ს/კ ......... მიწის ნაკვეთს არ გააჩნია დამოუკიდებელი კავშირი საჯარო გზასთან. კერძოდ ხსენებულ ნაკვეთში მოხვედრა ფაქტობრივი მდგომარეობით შესაძლებელია მხოლოდ ......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით. შესაბამისად დამატებით ასევე უნდა დაზუსტებულიყო გამიჯვნის შემთხვევაში, მისასვლელი გზის მოწყობა შესაძლებელი იქნებოდა თუ არა ......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით.
20. ექსპერტის დასკვნის მიხედვით, გასათვალისწინებელია აგრეთვე ის გარემოება, რომ ქალაქ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ოფიციალურ ინტერნეტ გვერდებზე (http://www.tas.ge - maps.tbilisi.gov.ge) არსებული მონაცემების (ფუნქციური ზონების) მიხედვით ......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 420 კვმ მიწის ნაკვეთი მდებარეობს საცხოვრებელი ზონა 5-ში (სზ-2). ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N 14-39 დადგენილების (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ) მიხედვით საცხოვრებელი ზონა 5-სთვის (სზ-5) განაშენიანების რეგულირების პარამეტრები არის: მიწის ნაკვეთის მინიმალური ფართობი 400 კვ/მ, მინიმალური სიგანე 12 მ, მინიმალური სიღრმე 20 მ. შესაბამისად 420 კვ/მ მიწის ნაკვეთის გამიჯვნის დროს ლ.თ–ძეს კუთვნილი 1/2 წილის შესაბამისი 210 კვ/მ ფართი, მ.პ–ი კუთვნილი 1/6 წილის შესაბამისი 70 კვ/მ ფართი და მ.ქ–ის კუთვნილი 1/3 წილის შესაბამისი 140 კვ/მ ფართი, თანხვედრაში არ მოვა ზემოაღნიშნულ მინიმალურ 400 კვ/მ ფართთან, რა შემთხვევაში სამივე თანამესაკუთრისათვის გამოყოფილი ნაკვეთის ფართი შეიძენს შეუსაბამო მიწის ნაკვეთის სტატუსს. ......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ფაქტობრივი მდგომარეობით განთავსებულია ერთი ერთსართულიანი შენობა-ნაგებობა (შენობა N1), რომელიც მიშენებულია ს/კ ......... მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა N1- ზე და მასში მოხვედრაც შესაძლებელია მხოლოდ ამ უკანასკნელის გავლით. ამასთან ს/კ ......... მიწის ნაკვეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში განთავსებულია ავტოფარეხი, რომლის ძირითადი ნაწილი მოქცეულია გრუნტის ქვეშ და რომელიც აღნიშნული პერიოდისათვის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის. აღნიშნულ მიწის ნაკვეთში მოხვედრა შესაძლებელია დასავლეთ ნაწილში არსებული საავტომობილო გზით, რომლის ნაწილი გადის ......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილების (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ), თავი V (მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობათა განთავსების პირობები, მათი მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრა და მათი ნაწილების საზოგადოებრივ სივრცეში შეჭრა), მუხლი 29 (მიზნები, პრინციპები და გავრცელების ფარგლები), პუნქტი 3-ის მიხედვით ქვეპუნქტი გ - მიწის ნაკვეთზე შენობის განთავსებისას ერთ შენობად ითვლება შენობა, რომელსაც გააჩნია დამოუკიდებლად მომუშავე საძირკვლის კონსტრუქციული სისტემა. ქვეპუნქტი დ - დაუშვებელია ერთი შენობის განთავსება ერთზე მეტ მიწის ნაკვეთზე. მხარეებს ექსპერტის დასკვნის საწინააღმდეგო არგუმენტები და მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ (იხ. ს.ფ. 93-106; მხარეთა ახსნა განმარტება - 05.09.2024 წ. სხდომის ოქმი)
21. საკასაციო სასამართლოს ფაქტობრივად და სამართლებრივად დაუსაბუთებლად მიაჩნია კასატორების პრეტენზია იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა დაედგინა სადავო ქონების აუქციონზე რეალიზაცია და ყველაზე კარგი გამოსავალი უძრავი ნივთის ნატურით გაყოფა იყო. თუმცა, კასატორი ნატურით გაყოფის შესაძლებლობაზე საკუთარ მოსაზრებასაც კი არ გამოთქვამს, დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით ვერ ასაბუთებს პრეტენზიას. გარდა ამისა, საკასაციო საჩივარში მითითებულია არასწორი სამართლებრივი ნორმების გამოყენებისა და საპროცესო ნორმების დარღვევის თაობაზე, თუმცა მხოლოდ შაბლონურად. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ, თანმიმდევრულ და რელევანტურ შედავებას გასაჩივრებულ განჩინებასთან მიმართებით.
22. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან საქმის მასალებში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც გამორიცხულია სადავო ორი უძრავი ქონების მოდავე მხარეთა შორის ნატურით გამიჯვნის შესაძლებლობა, და ამასთანავე, კასატორებს არ წარმოუდგენიათ ამ გარემოების საპირისპიროდ სამტკციებელი მტკიცებულებები, პალატა მიიჩნევს, რომ მეორე ნაკვეთის გაყოფა შესაძლებელია მხოლოდ პირველ ნაკვეთთან ერთად. მეორე ნაკვეთის ფუნქციური ღირებულების შემცირების გარეშე გაყოფის შეუძლებლობის გამო კი, ასევე შეუძლებელია პირველი ნაკვეთის გაყოფა. საზიარო უფლების ნატურით გაყოფა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ არ მცირდება დაყოფის შედეგად მიღებული ნაწილების ფუნქციური ღირებულება, ამასთან, მნიშვნელოვანი სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარების გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ საზიარო საგნის - სადავო მომიჯნავე მიწის ნაკვეთების ნატურით გაყოფა შეუძლებელია, რაც სრულიად მართებულად დადგინდა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ.
23. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობასა და დასკვნებს და დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გააუქმა სადავო ნივთზე საზიარო უფლება, ნატურით გაყოფის შეუძლებლობის გამო და, საზიარო უფლების გაუქმება დაადგინა სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ალტერნატიული გზით - ქონების აუქციონზე რეალიზაციით.
24. 2025 წლის 30 ივნისს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, მ.პ–ის წარმომადგენელმა წარმოადგინა შუამდგომლობა საქმისწარმოების შეჩერების შესახებ, რომელშიც უთითებს, რომ მ.პ–მა სარჩელი აღძრა ლ.თ–ძის მიმართ, სწორედ იმ უძრავ ნივთზე თანასაკუთრების წილობრივი უფლების აღდგენის შესახებ, რომელსაც წინამდებარე საქმეზე საზიარო უფლების გაუქმების სასარჩელო მოთხოვნა უკავშირდება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 279-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმისწარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. აღნიშნული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების აუცილებლობა უნდა ვლინდებოდეს იმაში, რომ სხვა სასარჩელო წარმოების ფარგლებში აღძრული საქმისთვის მნიშვნელობის მქონე დასადგენ გარემოებათა წრეში უნდა შედიოდეს იმგვარი ფაქტები, რომლებიც, ამავდროულად, წინამდებარე საქმისთვისაც მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებად განიხილება. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, სხვა საქმის განხილვა-გადაწყვეტამდე შეუძლებელი უნდა იყოს წინამდებარე საქმის გადაწყვეტა (მრავალთა შორის, იხ. სუსგ.-ები №ას-112-2022; №ას-432-2021; №ას-1009-2022). განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის მიმდინარეობს სხვა დავა, რომლითაც მოთხოვნილია გარიგებების ბათილად ცნობა და უძრავი ნივთის თანასაკუთრების წილობრივი უფლებების აღდგენა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ პუნქტით გათვალისწინებული საქმისწარმოების შეჩერების აუცილებელი წინაპირობები განსახილველ საქმეზე არ არსებობს. წინამდებარე საქმეში წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნები, თავისი არსით, განსხვავდება ამჟამად სხვა სასამართლოში მიმდინარე დავაში არსებული მოთხოვნისაგან. დასახელებულ ორ საქმეს შორის ისეთი კავშირი, რომ სხვა საქმეში გარკვეული გარემოებების დადგენამდე, მიმდინარე საქმის განხილვა შეუძლებელი იყოს, არ არსებობს.
25. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
26. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საქმის განხილვაზე.
28. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
მ.პ–ისა და მ.ქ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად; მ.პ–ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდეს; მ.პ–სა და მ.ქ–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეთ პ. კ–ძის მიერ 13/05/2025წ. №1747135002 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი