დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 30.04.2026
საქმის ნომერი
ას-199-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-199-2026 30 აპრილი, 2026 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (აპელანტი,მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „G.D. ი.გ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 01 დეკემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - უძრავი ნივთით უნებართვოდ სარგებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2013 წლის მარტის მდგომარეობით უძრავი ქონება ს/კ-ის N...........წარმოადგენდა ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას, რომლის დაყოფის შედეგად უძრავი ქონება ს/კ-ის N........... სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაციამდე, წარმოადგენდა სსიპ "გუდაურის განვითარების ფონდის" (ს/კ ........) საკუთრებას, ხოლო 2013 წლის 20 მაისს, ზემოაღნიშნული უძრავი ქონება სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირდა 2013 წლის 08 მაისის ჩუქების ხელშეკრულების, ქ. თბილისის მთავრობის 2013 წლის 16 აპრილის N14.18.448 და ქ. თბილისის მთავრობის 2013 წლის 30 აპრილის N15.22.517 დადგენილებების საფუძველზე.

2. სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" მიერ გამოცხადებულ უპირობო აუქციონზე 2013 წლის 18 ნოემბერს შპს „G.D. ი.გ–მა“ შეისყიდა დუშეთის რაიონში, სოფელ .......... არსებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 1577კვ.მ. არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს/კ ........, რომელიც 2013 წლის 27 დეკემბერს დარეგისტრირდა კომპანიის საკუთრებად.

3. საპრივატიზებო პირობების თანახმად, აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ ყოფილა დატვირთული არანაირი სანივთო ვალდებულებით, ხოლო მისი საკადასტრო გეგმაზე არ ფიქსირდებოდა შენობა-ნაგებობა, და შესაბამისად, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შპს "G.D. ი.გ–ის" საკუთრების უფლების დამადასტურებელი ამონაწერი თავისუფალია ყოველგვარი ვალდებულებებისაგან/მესამე პირთა სანივთო უფლებებისაგან და არ შეიცავს ჩანაწერს მასზე მესამე პირის კუთვნილი შენობა-ნაგებობის ლეგალურად განთავსების თაობაზე.

4. 2016 წლის 06 ივლისს მიწის ნაკვეთ ს/კ .......... დაიყო და შედეგად მიღებული მიწის ნაკვეთი ს/კ ......... წარმოადგენს შპს "G.D. ი. გ–ის“ საკუთრებას, რომლის შესაბამისი ამონაწერი და საკადასტრო გეგმა ასევე თავისუფალია ყოველგვარი ვალდებულებებისაგან/მესამე პირთა სანივთო უფლებებისაგან და არ შეიცავს ჩანაწერს მასზე მესამე პირის კუთვნილი შენობა-ნაგებობის ლეგალურად განთავსების თაობაზე.

5. 2013 წლის 20 მაისიდან 2021 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს საკუთრებაში იყო დუშეთის რაიონში, სოფელ .......... მდებარე მიწის ნაკვეთი ს/კ ........., რომელზე განთავსებული სატრანსფორმატორო შენობა-ნაგებობიდან 24კვ.მ. გადმოდის და ნაწილობრივ იჭრება შპს "G.D. ი.გ–ის" კუთვნილი მიწის ნაკვეთის ს/კ .......... საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ წითელ ხაზებში, რაც 2013 წლის 27 დეკემბრიდან (სადავო ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თარიღი) მოყოლებული დღემდე გრძელდება ხსენებული ნაკვეთის აწ უკვე ახალი მესაკუთრის - მოპასუხის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს "ე. თ. ე"-ს მიერაც.

6. მცხეთის რაიონული სასამართლოს დუშეთის მაგისტრატი სასამართლოს 2023 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა შპს "G.D. ი.გ–ის" სარჩელი შპს "ე. თ. ე"-ს მიერ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაკავებულ 24კვ.მ.-ზე განთავსებული სატრანსფორმატორო შენობის დემონტაჟისა და ნაკვეთის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადმოცემის მოთხოვნით - აღნიშნული გადაწყვეტილება დღეის მდგომარეობით არ არის აღსრულებული.

7. 2021 წლის ოქტომბერში მოპასუხემ ისე გადასცა საკუთრებაში შპს ,,ე. თ. ე''-ს დუშეთის რაიონში, სოფელ .......... მდებარე მიწის ნაკვეთი ს/კ ........., რომ მოსარჩელესთან არსებული დავა გადაწყვეტილი არ ჰქონდა, მიუხედავად მოსარჩელე მხარის არაერთი წერილობითი მიმართვისა.

8. შპს "G.D. ი.გ–ის" საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ს/კ ........- 2014 წელს გაიცა #275 ბრძანება სასტუმროს პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის შესახებ.

9. მოპასუხის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს "ე. თ. ე.“ წლების განმავლობაში იჯარით გასცემდა მიწის ნაკვეთის ს/კ ...... (რომელიც მოიცავს სადავო 24კვ.მ.-ს) მიმდებარედ არსებულ კუთვნილ მიწის ნაკვეთებს და იღებდა მნიშვნელოვან შემოსავალს, ხოლო მოსარჩელე მხარეს 2010 წლიდან აქვს გაიჯარებული ხსენებული ნაკვეთის მიმდებარედ არსებული კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილები, რომელთა ყოველთვიური საბაზრო საიჯარო ღირებულება წლიდან წლამდე იზრდება, ამასთან, სადავო მიწის ნაკვეთი მდებარეობს .......... ერთ-ერთ ყველაზე დიდ სასტუმრო-რესტორნის კომპლექს "გრადუსთან", და შესაბამისად, აღნიშნული ლოკაცია ტურისტულად დატვირთული ადგილია და კომერციულად მომგებიანი - აღნიშნული გარემოება მიუთითებს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ზემოხსენებულ პერიოდში უკანონოდ დაკავებული 24კვ.მ. მიწის ნაკვეთის, როგორც საიჯარო აქტივის მნიშვნელობაზე, რომლიდანაც 2013 წლიდან მოყოლებული შპს "G.D. ი: გ:", ბაზარზე მაღალი მოთხოვნის მიუხედავად, ვერ გასცემს მას იჯარით მესამე პირზე და ვერ იღებს შემოსავალს.

10. შპს "ს.ჯ.კ–ის" მიერ 2023 წლის 14 ივნისს მომზადებული #265 აუდიტორული დასკვნით შეფასდა დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ .......... მდებარე 1,524 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთიდან ს/კ........ 24კვ.მ. მიწის ნაკვეთის ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება და დადგინდა, რომ: 2013 წლისათვის შეადგენს - 2400 ლარს; 2014 წლისათვის შეადგენს - 2568 ლარს; 2015 წლისათვის შეადგენს - 3840 ლარს; 2016 წლისათვის შეადგენს - 4320 ლარს; 2017 წლისათვის შეადგენს - 3936 ლარს; 2018 წლისათვის შეადგენს - 3672 ლარს; 2019 წლისათვის შეადგენს - 3600 ლარს; 2020 წლისათვის შეადგენს - 3360 ლარს; 2021 წლისათვის შეადგენს - 3360 ლარს.

11. ზემოაღნიშნული ქირის ოდენობების გათვალისწინებით, 2013 წლის 27 დეკემბრიდან 2021 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით ხსენებული 24კვ.მ. მიწის ნაკვეთის სრული საიჯარო საფასური შეადგენს 336,083.61 ლარს.

12. შპს “G.D. ი.გ–ი“ წლების განმავლობაში იხდის ქონების გადასახადს იმ ქონებაზე, რომლის განვითარების შესაძლებლობაც არ ეძლევა სადავო ტრანსფორმატორის დემონტაჟის განუხორციელებლობით.

13. სასარჩელო მოთხოვნა

13.1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დაეკისროს 336,083.61 ლარის ანაზღაურება შპს „G.D. ი.გ–ის“ სასარგებლოდ. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დაეკისროს შპს „G.D. ი.გ–ის“მიერ გაწეული სასამართლოს გარეშე ხარჯები, ასევე ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება.

13.2. „G.D. ი.გ–ის“ საკუთრებაში არსებულ, დუშეთის რაიონში, სოფელ .......... მდებარე მიწის ნაკვეთს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე წლების განმავლობაში ფლობდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, მასზე სატრანსფორმატორო შენობა- ნაგებობის განთავსებისა და ექსპლუატაციის გზით.

13.3. 2013 წლიდან მხარესთან არაერთი ზეპირი თუ წერილობითი კომუნიკაციის მიუხედავად, იგი თავს არიდებდა როგორც ნაკვეთის გამოთავისუფლებას, ასევე მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას უძრავი ნივთით 8 წლიანი უნებართვო სარგებლობიდან გამომდინარე. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, მოვმართავთ სასამართლოს დარღვეული საკუთრების უფლების აღდგენის მოტივით და ვითხოვთ დაევალოს მოპასუხე მხარეს მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთით უნებართვო სარგებლობიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება.

14. მოპასუხის შესაგებელი

14.1. მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი, ვინაიდან მიაჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები მოპასუხის პოზიციით, სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს არასდროს უსარგებლია N........ ს/კ-ით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა- ნაგებობით, არ განუკარგავს იგი და ამით არ მიუღია არანაირი შემოსავალი. სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ასევე არ უსარგებლია მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის (ს/კ ............ (წინა კოდი: N..........) ნაწილით და არ მიუღია არავითარი შემოსავალი.

14.2. N.......... ს/კ-ის სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაციამდე, აღნიშნული უძრავი ქონება წარმოადგენდა სსიპ "გუდაურის განვითარების ფონდის" (ს/კ ..........) საკუთრებას, ხოლო 2013 წლის 20 მაისს, ზემოაღნიშნული “უძრავი ქონება სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირდა 2013 წლის 08 მაისის ჩუქების ხელშეკრულების, ქ. თბილისის მთავრობის 2013 წლის 16 აპრილის N14.18.448 და ქ. თბილისის მთავრობის 2013 წლის 30 აპრილის N15.22.517 დადგენილებების საფუძველზე. შესაბამისად, სახელმწიფომ N......... ს/კ-ით რეგისტრირებული უძრავი ქონება საკუთრებად მიიღო/ჩაიბარა იმ მდგომარეობაში რა მდგომარეობაშიც (მათ შორის კონფიგურაციითა და საკადასტრო საზღვრებით) ეს წინა მესაკუთრის ხელში იყო და რა მდგომარეობაშიც იგი ახლაა. ამდენად, სახელმწიფოს საკუთრებაში, 2013 წლის 20 მაისიდან 2021 წლის 19 ოქტომბრამდე, N......... ს/კ-ის არსებობის პერიოდში, მოსარჩელისათვის ზიანის მიყენება, სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბრალეულობა წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.

14.3. მოპასუხის პოზიციით არ დგინდება მოსარჩელის მიერ N.......... ს/კ-ით (წინა კოდი: N.............) რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის ფაქტი. მოსარჩელეს არასდროს გაუცია იჯარით კუთვნილი მიწის ნაკვეთი, რის გამოც, მისი გაუქირავებლობით მიუღებელი შემოსავლის და მაშასადამე ზიანის არსებობა არ დასტურდება. მოსარჩელე არ განმარტავს, რამ შეუშალა ხელი მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემაში. 24 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის გადაფარვის შემთხვევაშიც კი (თუკი აღნიშნული დადასტურდება), არის თუ არა ეს გარემოება 1577 კ.მ. მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის ხელისშემშლელი ფაქტორი. ასევე, რა მიზნით უნდა გაეცა იჯარით ცარიელი (ყოველგვარი შენობა- ნაგებობის არსებობის გარეშე) მიწის ნაკვეთი, რა სამეწარმეო საქმიანობა შეეძლო განეხორციელებინა პოტენციურ მოიჯარეს ამ მიწის ნაკვეთზე. ასევე, თუკი იჯარის ფორმით ვერ განკარგა მხოლოდ 24 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რატომ არ განკარგა დანარჩენი - 1553 კვ.მ მიწის ნაკვეთი. უფრო მეტიც, როდესაც მოსარჩელემ თავის დროზე N....... ს/კ-ით რეგისტრირებული ფართის პრივატიზების მოთხოვნით მომართა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, იგი განცხადებაში, ასევე კრების ოქმში მიუთითებდა, რომ მისი ინტერესი და მიზანი ამ ქონების შეძენისა იყო დაბა .........., მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ ......) მომიჯნავე დამატებით 1577 კვ.მ ფართის შესყიდვა სასტუმროს მშენებლობის მიზნით.

14.4. გარდა ამისა, მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილი ქირავნობის ხელშეკრულებები, მის კუთვნილ ფართებზე, რომელიც მოჰყავს მაგალითად იმის დასადასტურებლად, რომ იგი სადავო უძრავი ქონების გაქირავებით მიიღებდა შემოსავალს, საერთოდ არ წარმოადგენს რელევანტურ და სარწმუნო მტკიცებულებას მიუღებელი შემოსავლის დასადასტურებლად. პირიქით, აღნიშნული ქირავნობის ხელშეკრულება ადასტურებს კონკრეტულ სამეწარმეო სუბიექტებზე კონკრეტული ფართების სათანადო მიზნით გაქირავების ფაქტს, კერძოდ: მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ფართების დამქირავებლები, ამ ხელშეკრულებების თანახმად, არიან შპს "ჯ–ი" და სს "ს–ი" (სულ წარმოდგენილი აქვს ორი იჯარის ხელშეკრულება). მათ კონკრეტული ფართები - შპს "ჯ–მა" 10 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და ზედა სახურავის ნაწილი N..........9 ს/კ-ლით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთიდან, ხოლო სს "ს–მა" ასევე 10 კვმ. მიწის ნაკვეთი N ......... ს/კ-ით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთიდან, იქირავეს მობილური კავშირგაბმულობის განხორციელებისათვის, მასზე მობილური კავშირგაბმულობის ანძის, აპარატურის და ანტენების განთავსების მიზნით.

14.5. შპს "ს.ჯ.კ–ის" 2023 წლის 14 ივნისის დასკვნით დადგენილი საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება წარმოადგენს არალოგიკურ და შეუსაბამოდ მაღალ ფასს. კერძოდ, ამავე დასკვნაში 2013 წლის მდგომარეობით, N........ სკ-ით რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან 1 კვ.მ ფართის საიჯარო ღირებულება 100 ლარი:, მაშინ როდესაც ამავე წელს, სახელმწიფოს მიერ პრივატიზებული იგივე უძრავი ქონების 1 კვ.მ ფართის არათუ საიჯარო, არამედ საპრივატიზებო ფასი, 66 ლარად იყო შეფასებული ექსპერტის მიერ.

14.6. მოსარჩელე მხარეს, სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის არასდროს განუცხადებია პრეტენზია მის მიერ პრივატიზებული ქონების (ს/კ .........) ნაკლის გამო, არ მოუთხოვია ნაკლის აღმოფხვრა (თუკი ასეთს ნამდვილად ჰქონდა ადგილი), საზღვრების კორექტირება, ანდა ხელშეკრულებიდან გასვლა. არავითარი წერილობითი თუ ზეპირი კომუნიკაცია მოსარჩელეს არ ჰქონია სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან, როგორც ამას დავის არსის მოკლე მიმოხილვაში მიუთითებს, არც აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებაა საქმეში წარმოდგენილი. მოსარჩელემ საკუთრებაში მიიღო N......... ს/კ-ით რეგისტრირებული ქონება იმ სახით, როგორც არსებობდა თუკი პრივატიზებამდე მისთვის უცნობი იყო ხელშეშლის/ნაკლის არსებობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), პრივატიზების შემდგომ, 2013 წლის 18 ნოემბრიდან დღემდე, ფაქტობრივად ნაკვეთის დაუფლების შემდგომ, რა დროსაც იგი ობიექტურად უნდა გაცნობოდა და შეეტყო ადგილზე არსებული მდგომარეობა, არ გამოუთქვამს არავითარი პრეტენზია, მათ შორის არც ხელშეშლის აღკვეთა მოუთხოვია მესაკუთრისთვის.

14.7. მოპასუხის პოზიციით, გასულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა, როგორც სამეზობლო თმენის ვალდებულების გამო კომპენსაციის მოთხოვნისათვის, ისე ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნისა.

14.8. თუკი მოსარჩელემ 2013 წლიდანვე იცოდა (და უნდა სცოდნოდა) უფლების დარღვევის შესახებ და ამის გამო, ვერ მიიღო შემოსავალი ქონების იჯარით გაცემის სანაცვლოდ, შესაბამისად, შესაძლო უფლების დარღვევის შეტყობიდან - მოთხოვნის წარდგენამდე გათვალისწინებული 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა გასულია და სარჩელი სრულად ხანდაზმულია. გასულია სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა. გასულია სასარჩელო მოთხოვნის ზოგადი 10 წლიანი ხანდაზმულობის ვადაც - .......... ს/კ-ით რეგისტრირებული ქონების შეძენიდან.

15. მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით, შპს „G.D. ი.გ–ის" სარჩელი დაკმაყოფილდა, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ ........) შპს „G.D. ი.გ–ის" (ს/ნ .........) სასარგებლოდ დაეკისრა 336,083.61 ლარის ანაზღაურება.

16. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა

აღნიშნულ გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 1 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

18. საკასაციო საჩივარი

18.1. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

18.2. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და არასაკმარისად დაასაბუთა განჩინება.

18.3. მოსარჩელე უთითებს, რომ მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე გაცემულია სასტუმროს მშენებლობის ნებართვა. აღნიშნული მშენებლობის განხორციელებაში ხელი ეშლება მოპასუხის საკუთრებაში არსებული ტრანსფორატორის გამო, თუმცა, ვერ დაასაბუთა, თუ როგორ შეაფერხა მოპასუხის საკუთრებამ მოსარჩელე, რომელსაც არ დაუწყია მშენებლობა. აღნიშნულის შესახებ საქმეში არ წარმოდგენილა შესაბამისი სახის მტკიცებულება. ასევე, რადგან მოსარჩელეს უძრავი ქონება ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა, შეეძლო მოთხოვნა წარედგინა სახელშეკრულებო საფუძვლით და არა უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე.

18.4. რაც შეეხება უსაფუძვლო გამდიდრებით დავის განხილვას, არც ამ კუთხითაა სარჩელი წარმატებული, რადგან მოპასუხეს ქონება არ განუკარგავს, არ მიუღია არანაირი შემოსავალი, ამიტომ მოსარჩელე ვერ მიიღებდა ზიანს.

18.5. მოპასუხემ სასამართლოში წარადგინა ექსპერტიზის დასკვნები, რომლითაც ვერ დასტურდებოდა თუ რა უნდა ყოფილიყო ყოველთვიური საიჯარო/საბაზრო ღირებულება 2013 წლის 27 დეკემბრიდან 2021 წლის 19 ოქტომბრამდე. დასკვნის თანახმად, ვერ დადგინდა იჯარის ზუსტი ფასი.

18.6. მოპასუხემ ასევე წარადგინა დამატებითი დასკვნა, რომლის თანახმად დადგინდა, რომ 2013-2021 წლებში აღნიშნული მიწის ნაკვეთის საიჯარო წლიური ფასი 900 ლარია. აღნიშნული მტკიცებულება სასამართლომ დაუსაბუთებლად არ მიიღო და არასაკმარისად შეაფასა ექსპერტიზის პირველი დასკვნა. აღნიშნული კი გახდა არსებითად მცდარი შედეგის დაყენების მიზეზი, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

19. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 27 თებერევლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

20. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის გზით შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

21. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

23. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

27. საკასაციო პალატის კვლევის საგანია კონდიქციური ვალდებულებიდან გამომდინარე, არამართლზომიერად მოსარჩელის უძრავი ქონების სავარაუდო სარგებლობის გამო ზიანის ანაზღაურების შესახებ სააპელაციო პალატის მიერ მიღებული განჩინების მართლზომიერების კვლევა.

28. სსკ-ის 982-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.

29. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში განმარტებულია, რომ სსკ-ის 982-ე მუხლით გათვალისწინებული „ზიანი“ წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, არამედ, საქმე გვაქვს გამდიდრების გათანაბრებასთან. ამ შემთხვევაში ყურადსაღებია, რომ ხსენებული ნორმა მოცემულია უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით, რაც მიგვითითებს ამ ნორმით გათვალისწინებულ ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. აქედან გამომდინარე, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებულ ზიანში იგულისხმება, მიღებულის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი ღირებულების ანაზღაურება, ანუ საქმე გვაქვს არა ზიანის ანაზღაურებასთან, არამედ გამდიდრების გათანაბრების შემთხვევასთან (სუსგ №ას-582-2025, 2.10.2025წ.).

30. ზიანის ანაზღაურების თაობაზე მხარეთა მოთხოვნის საფუძვლიანობის კვლევისას უნდა შეფასდეს სსკ-ის 982-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი შემდეგი ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა: მოსარჩელე უნდა იყოს სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე; მოპასუხე ნივთს უნდა ფლობდეს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე; ადგილი უნდა ჰქონდეს მოპასუხის გამდიდრებას მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისის ხარჯზე. მხოლოდ მითითებული გარემოებების გამოკვლევის შედეგად შეიძლება დასკვნის გამოტანა, არსებობს თუ არა საკუთრების განკარგვის შეუძლებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების/გამდიდრების გათანაბრების საფუძველი (სუსგ №ას-479-2020, 14.12.2021წ.).

31. სსკ-ის 982-ე მუხლის სამართლებრივი ბუნება და მისგან გამომდინარე შედეგები კავშირშია სსკ-ის 164-ე მუხლთან და მასში განმტკიცებულ სანივთო უფლებასთან: ნივთის მფლობელობისას მხოლოდ არაკეთილსინდისიერი მფლობელობა წარმოშობს უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის გამოყენების აუცილებლობას სსკ-ის 982-ე მუხლის საფუძველზე. „არაკეთილსინდისიერმა მფლობელმა უფლებამოსილ პირს უნდა დაუბრუნოს როგორც ნივთი, ასევე მიღებული სარგებელი, ნივთის ან უფლების ნაყოფი. მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს ის ნაყოფი, რომელიც მან ბრალეულად არ მიიღო. ნივთზე გაწეული ხარჯები და გაუმჯობესებანი მას შეუძლია მხოლოდ მაშინ მოითხოვოს, თუ მათ ნივთის უკან დაბრუნების მომენტისათვის უფლებამოსილი პირის გამდიდრება მოჰყვა შედეგად“. სსკ-ის 979-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, „უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით“... ხსენებული ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, „თუ უკან დაბრუნება შეუძლებელია გადაცემული საგნის მდგომარეობის გამო ან, თუ მიმღებს რაიმე მიზეზით არ შეუძლია საგნის უკან დაბრუნება, მაშინ მან უნდა აანაზღაუროს მისი საერთო ღირებულება. ღირებულება განისაზღვრება ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროის მიხედვით.“ ვინაიდან განსახილველ საქმეში სწორედ მიღებულის უკან დაბრუნების ობიექტური შეუძლებლობა იკვეთება, ქონებრივი წონასწორობის აღდგენის მიზნით ხელმყოფს (მოპასუხეს) ეკისრება, რომ მის მიერ დაზოგილი სიკეთე - მოცემულ შემთხვევაში დაზოგილი ქირა (რომელსაც იგი გადაიხდიდა, თუკი მესაკუთრესთან, ან სხვასთან, სამართალურთიერთობაში იქნებოდა) აუნაზღაუროს მესაკუთრეს, რომელმაც ვერ მიიღო შესაბამისი სარგებელი და განიცადა ქონებრივი დანაკლისი (იხ. სუსგ # ას-852-796-2017, 22.09.2017წ; სუსგ-ებს: # ას-472-448-2013,05.12.2013წ; # ას-308-293-2013, 30.05.2017წ; # ას-197-186-2017 -30.05.2017წ.).

32. საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ განცდილი ზიანის ანუ დაზოგილი სიმდიდრის (გამდიდრების) ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს. ზიანის ანაზღაურება, ანუ გამდიდრების გათანაბრება, უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას მოჰყვეს დარღვეული ქონებრივი ბალანსის აღდგენა (იხ: სუსგ Nას-307-291-2011; 24.10.2011წ.)

33. განსახილველ შემთხვევაში, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ მხარეთა შორის არ არსებობს სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომელიც მესაკუთრის მხრიდან ქონების განკარგვის გულისხმობს. ამავდროულად, დადგენილია, რომ მოსარჩელე აღნიშნული ქონების მესაკუთრეა, ხოლო 2013 წლიდან 2021 წლამდე პერიოდში დასტურდება მოპასუხის მიერ აღნიშნული ქონებით სარგებლობის ფაქტი მესაკუთრის თანხმობის გარეშე. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებს სსკ-ის 982-ე მუხლით განსაზღვრულ ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილებას, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში, ცალსახადაა სხვისი ქონების სარგებლობის ხარჯზე საკუთარი ქონების დაზოგვის ფაქტი. ამავდროულად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მისი მტკიცების გაქარწყლებისთვის კასატორის მიერ წარდგენილი არგუმენტი, რომ მოპასუხე არ გამდიდრებულა, არ მიუღია სარგებელი ვერ ჩაითვლება რელევანტურ შედავებად, რადგან ზიანის არსებობა არაა მხოლოდ და მხოლოდ დამოკიდებული ხელმყოფის რეალურ გამდიდრებაზე. გამდიდრება, მათ შორის, გამოიხატება ფინანსური თუ სხვა სახის აქტივის სხვის ხარჯზე დაზოგვის შემთხვევაშიც, რაც წინამდებარე საქმეში სახეზეა.

34. ზიანის ოდენობის მიმართ კასატორის შედავების ნაწილში, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განცდილი ზიანის ანუ დაზოგილი სიმდიდრის (გამდიდრების) ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს. ზიანის ანაზღაურება, ანუ გამდიდრების გათანაბრება, უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას მოჰყვეს დარღვეული ქონებრივი ბალანსის აღდგენა (იხ: სუსგ Nას-307-291-2011; 24.10.2011წ.) ზიანის ოდენობის დადგენის ნაწილში, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მისი სამართლიანი ოდენობის განსაზღვრის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეზეა, რომელმაც უნდა დაასაბუთოს როგორი წესით მოხდება მისი დარღვეული უფლების აღდგენა.

35. საკასაციო პატალა ვერ გაიზიარებს კასატორის შედავებას, რომ დავა წარმოშობილია არა სსკ-ის 982-ე მუხლიდან, არამედ დელიქტური სამართლიდან.

36. სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტური პასუხისმგებლობის წინაპირობებია: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი. დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, პირს (ზიანის მიმყენებელს) ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა (გენერალური დელიქტი). შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს ოთხივე ზემოაღნიშნული წინაპირობა. დაზარალებული, რომელიც მიმართავს სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის (პირის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესების) არსებობის ფაქტი, ასევე მიზეზობრივი კავშირის არსებობა ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს შორის. თავის მხრივ, ზიანის მიმყენებელმა, უნდა დაამტკიცოს თავის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.

37. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 982-ე მუხლით მოწესრიგებული კონდიქციური მოთხოვნა განსხვავდება სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტური მოთხოვნისგან იმით, რომ კონდიქციური მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის ბრალეულობა არ არის რელევანტური კუმულაციური კრიტერიუმი. კონდიქციის დროს სახეზე არ არის ისეთი ქმედება, რაც აკრძალულია. არამედ, ამ შემთხვევაში მთავარია ის, თუ რამდენადაა სახეზე სხვისი სიკეთის ხარჯზე საკუთარი სიკეთის დაზოგვა ან სხვა სახის შეღავათის ან მოგების მიღების ფაქტი. წინამდებარე შემთხვევაშიც, სწორედ სსკ-ის 982-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებაა სახეზე და დელიქტური ზიანის ანაზღაურების საფუძველი გამოირიცხება.

38. რაც შეეხება კასატორის შედავებას, რომ დავა სახელშეკრულებო საფუძვლებიდან და არა უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე უნდა განხილულიყო, რადგან მხარეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს. პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელემ სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ გამოცხადებული აუქციონი მოიგო, რომლის საფუძველზეც, მიიღო მიწა. საპრივატიზებო პირობები გულისხმობდა, რომ ხელშეკრულების ობიექტი უნდა ყოფილიყო უფლებრივად თავისუფალი (დაუტვირთავი) და არ უნდა ყოფილიყო შენობა-ნაგებობა საკადასტრო გეგმაზე. აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ მოსარჩელემ უძრავი ქონება მიიღო უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო მდგომარეობაში - ყოველგვარი ვალდებულებიდან (მათ შორის მესამე პირებისგან) თავისუფალი. შესაბამისად, ცალსახაა, რომ ორივე მხარემ ვალდებულება სრულად, დათქმულ დროში შეასრულეს, შესაბამისად, მათი ურთიერთობა ურთიერთვალდებულებათა შესრულების გამო შეწყდა. წინამდებარე დავა კი არ შეეხება სახელშეკრულებო ვალდებულებათა საკითხს, არამედ უსაფუძვლო გამდიდრების კანონისმიერ საფუძველს, როდესაც მხარეები არ იმყოფებიან სახელშეკრულებო ვალდებულებაში წარსულში არსებული და დასრულებული სახელშეკრულებო ურთიერთობის მიუხედავად. ამავდროულად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიური ხასიათისაა და ის გამოირიცხება თუ კი სახეზეა უფრო სპეციალური მოწესრიგება, როგორიც მაგალითად, სახელშეკრულებო მოწესრიგებაა (რაც მოცემულ შემთხვევაში არაა სახეზე). სწორედ ამიტომ, რადგან სახეზე არაა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე დავა, სუბსიდიური მოთხოვნის დაყენება უსაფუძვლო დამდიდრებიდან გამომდინარე დასაბუთებულია.

39. კასატორის ბოლო არგუმენტი ზიანის ოდენობას შეეხება. მისი მოსაზრებით, შპს „ს.ჯ.კ–ის“ 2023 წლის 14 ივნისის დასკვნით განსაზღვრული საიჯარო ქირის ოდენობა დაუსაბუთებელია და ბაზრის ფასთან შეუსაბამო. საპირისპიროდ წარმოდგენილია ბ.დ–ძის 2023 წლის 26 აგვისტოს დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ უძრავი ქონება 2013 წლისთვის შეფასებულია 105 000 ლარად.

40. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი (შპს „ს.ჯ.კ–ის“ 2023 წლის 14 ივნისის) დასკვნა ინდივიდუალურად, 2013 წლიდან 2021 წლის ჩათვლით აფასებს ნაკვეთის ყოველთვიური საიჯარო ქირის ღირებულებას, რომლის თანახმად, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ჯამურად, 24 კვ.მ. მიწის ნაკვეთის იჯარის საფასური 336 083.61ლარია.

41. ამ კუთხით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმად, წარდგენილი ორი დასკვნის კონკურენციისას უპირატესობა შპს „ს.ჯ.კ–ის“ დასკვნას მიენიჭა, რადგან ბ.დ–ძის დასკვნა მხოლოდ 2013 წლის პერიოდში არსებულ ფასს განსაზღვრავდა და წარმოადგენდა საპრივატიზებო ქონების საწყის ღირებულებას, რაც მინიმალური ღირებულების აღმნიშვნელია და რეალურ საბაზრო ღირებულებას არ განსაზღვრავს. შესაბამისად, კასატორის ამ კუთხით შედავებაც წარუმატებელია, რადგან მას უნდა წარედგინა შესაბამისი სახის შეფასების მტკიცება, რომლითაც ფასის არაგონივრულობას დაადასტურებდა, რაც მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის.

42. საბოლოოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივრის ფარგლებში კასატორმა ვერ შეძლო შესაბამისი დასაბუთების წარმოდგენა, თუ რატომ უნდა გაუქმდეს აღნიშნული განჩინება, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად დაადგინეს მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივად მართებულად გადაწყვიტეს საქმეში არსებული ყველა სადავო საკითხი, ასევე, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა, ამდენად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი და საკასაციო საჩივრები როგორც დაუშვებლები, უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ა. კოჭლამაზაშვილი