დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
14 ნოემბერი, 2025 წელი,საქმე №ას-1092-2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მიქაბერიძე,ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სს „ბ–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - დ.ფ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - საკრედიტო დავალიანების გადახდევინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2016 წლის 21 დეკემბერს, სს „ვ.ბ.ჯ–სა“ (შემდეგში - გამსესხებელი ან კრედიტორი) და ე.შ–ს (შემდეგში - მამკვიდრებელი, მსესხებელი ან მოვალე) შორის N699.1115473.002 საკრედიტო ხელშეკრულება (შემდეგში - პირველი საკრედიტო ხელშეკრულება) დაიდო, რომლის საფუძველზეც საკრედიტო დაწესებულების მიერ 12 043.33 აშშ დოლარის ოდენობით სესხი გაიცა, წლიური 11% სარგებლის დარიცხვით, 2016 წლის 21 დეკემბრიდან 2021 წლის 21 დეკემბრამდე ვადით.
საკრედიტო ხელშეკრულების 2.4.1 ქვეპუნქტით პირგასამტეხლოს დარიცხვისა და გამოანგარიშების წესი განისაზღვრა, კერძოდ, პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე, პირგასამტეხლო, ერთჯერადად 15 აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო, დამატებით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - ვადაგადაცილებული თანხის 1%-ს.
ხელშეკრულების 2.1.8 ქვეპუნქტის შესაბამისად, კრედიტი და მასზე დარიცხული სარგებელი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, თანდართული გრაფიკის შესაბამისად, არათანაბარი გადახდებით უნდა დაფარულიყო.
2. 2016 წლის 21 დეკემბერს, გამსესხებელსა და მსესხებელს შორის N699.1115473..... საკრედიტო ხელშეკრულება (შემდეგში - მეორე საკრედიტო ხელშეკრულება) გაფორმდა, რომლის საფუძველზეც 3 444.21 აშშ დოლარის ოდენობით სესხი, წლიური 11% სარგებლის დარიცხვით, 2016 წლის 21 დეკემბრიდან 2021 წლის 21 დეკემბრამდე გაიცა.
საკრედიტო ხელშეკრულების 2.4.1 ქვეპუნქტით, პირგასამტეხლოს დარიცხვისა და გამოანგარიშების წესი განისაზღვრა, კერძოდ, პირგასამტეხლო პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ერთჯერადად 15 აშშ დოლარს შეადგენდა, დამატებით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე კი - ვადაგადაცილებული თანხის 1%-ს.
ხელშეკრულების 2.1.8 ქვეპუნქტით კრედიტი და მასზე დარიცხული სარგებელი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, თანდართული გრაფიკის შესაბამისად, არათანაბარი გადახდებით უნდა დაფარულიყო.
3. პირველი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის დავალიანებამ 5 403.89 აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 4 984.55 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 248.14 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 171.20 აშშ დოლარია; მეორე საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებაა 1 827.5 აშშ დოლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა - 1 682.09 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელია - 83.46 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 61.95 აშშ დოლარია.
4. 2022 წლის 20 აპრილს სს „ბ–სა“ (შემდეგში - მოსარჩელე, კრედიტორის უფლებამონაცვლე ან უფლებამონაცვლე) და კრედიტის გამცემ ბანკს შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე მოსარჩელე ბანკს კრედიტის გამცემმა სრულად დაუთმო პირველი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოქმნილი მოთხოვნები.
5. 2021 წლის 29 იანვარს ნოტარიუსმა ა.მანიამ სამკვიდრო მოწმობა გასცა, რომლის შესაბამისად, მსესხებლის უფლებამონაცვლეა შვილი, დ.ფ–ი (შემდეგში - მოპასუხე ან მემკვიდრე).
6. საკრედიტო დავალიანების გადახდევინების მოთხოვნით მემკვიდრის წინააღმდეგ კრედიტორის უფლებამონაცვლემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შემდეგ გარემოებაზე მიუთითა: სამკვიდრო მოწმობა მოსარჩელეს მოპასუხისგან 2021 წელს წარედგინა, შესაბამისად, თავდაპირველი მსესხებლის გარდაცვალებისა და მისი მემკვიდრის ვინაობის შესახებ მოსარჩელისთვის ცნობილი იყო, მაგრამ, მიუხედავად ამ ფაქტისა, წინამდებარე სარჩელის გარდა, რომელიც 2024 წელს აღიძრა, მემკვიდრის მიმართ კრედიტორს მოთხოვნა არ წარუდგენია.
შესაბამისად, მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელემ გაუშვა მოთხოვნის წარდგენის 6-თვიანი ვადა და სარჩელი ხანდაზმულია.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით: სარჩელი დაკმაყოფილდა; მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა 2016 წლის 21 დეკემბრის N699.1115473.002 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული დავალიანება - 5 403.89 აშშ დოლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა - 4 984.55 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 248.14 აშშ დოლარია და პირგასამტეხლოა - 171.20 აშშ დოლარი.
ამავე გადაწყვეტილებით, კრედიტორის უფლებამონაცვლის სასარგებლოდ მემკვიდრეს დაეკისრა 2016 წლის 21 დეკემბრის N699.1115473.001-001 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული დავალიანების - 1 827.5 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 1 682.09 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელია - 83.46 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 61.95 აშშ დოლარია.
9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ (მემკვიდრე), რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით: მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
10.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით საქმის მასალებით გამოვლენილ შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
10.1.1. ბოლო გადახდა (310.80 აშშ დოლარი) მოპასუხემ 2022 წლის 1 ივლისს განახორციელა. ვინაიდან ამ დროსთვის მსესხებელი გარდაცვლილი იყო, მხარეები არ უარყოფდნენ, რომ ეს გადახდა უფლებამონაცვლე ბანკში მსესხებლის მემკვიდრის (მოპასუხე) მიერ შესრულდა.
10.1.2. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ბანკის მიერ არ ხდება კონტროლი, ვინ დაფარავს სესხს, ამდენად, ბანკისთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა ვინ შეიტანდა თანხას - მსესხებელი თუ მესამე პირი. ოპერატორს არ გააჩნდა თანხის მიღებაზე უარის თქმის უფლება; ამავდროულად, სასამართლო სხდომაზე ბანკის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ, თუკი ბანკის თანამშრომელთან მემკვიდრეს კომუნიკაცია არ ექნებოდა, სესხის ანგარიშს ის ვერ გაიგებდა და შესაბამისად, ვერც სესხს ვერ დაფარავდა.
10.1.3. მოსარჩელის მითითებით, „არაერთი ზეპირი (სატელეფონო) გაფრთხილების მიუხედავად მოპასუხის მიერ დავალიანების დაფარვა დღემდე არ მომხდარა. სესხზე დაფიქსირებულია ზედიზედ ექვს ვადაგადაცილებაზე მეტი, შესაბამისად, უშედეგოდ იქნა გაშვებული ყველა დამატებითი ვადა, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხეს აღარ სურს სახელშეკრულებო ურთიერთობაში დარჩენა“.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების საპასუხოდ, შესაგებელში მოპასუხე აღნიშნავს, შემდეგს: „სატელეფონო ზეპირი საუბრების ფაქტს ვადასტურებთ, რა დროსაც მოსარჩელე მხარეს მიეწოდა ინფორმაცია ძირითადი მსესხებლის/ მამკვიდრებლის გარდაცვალების შესახებ და ამ ფაქტზე დღემდე მოსარჩელეს არავითარი რეაგირება არ მოუხდენია“.
10.1.4. ზემომითითებული გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის სატელეფონო კომუნიკაცია არსებობდა და არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმის თაობაზე, რომ კრედიტორისთვის მსესხებლის გარდაცვალება მხოლოდ 2024 წლის 18 იანვარს გახდა ცნობილი, როდესაც უფლებამონაცვლე ბანკში მსესხებლის მემკვიდრე თავისი ინიციატივით მივიდა, დედის გარდაცვალების შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ „სურდა სესხზე დეტალების გარკვევა“ (რაც რაიმე სახის მტკიცებულებით არ დასტურდებოდა).
ამდენად, იმ პირობებში, როდესაც საქმეზე გამოიკვეთა, რომ საბანკო კრედიტთან დაკავშირებით ბოლო გადახდა კრედიტორსა და უფლებამონაცვლე ბანკს შორის დადებული შეთანხმების გაფორმებისა და მსესხებლის გარდაცვალების შემდეგ განხორციელდა, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა, რომ მემკვიდრის მიერ 2022 წლის 1 ივლისს სესხზე განხოციელებული გადახდის დროს მოსარჩელემ შეიტყო/უნდა შეეტყო ძირითადი მსესხებლის გარდაცვალების თაობაზე.
10.1.5 ვინაიდან სასამართლომ დაადგინა, რომ მოვალის გარდაცვალების შესახებ უფლებამონაცვლე ბანკმა 2022 წლის 1 ივლისს (როდესაც მემკვიდრემ 310.80 აშშ დოლარის ოდენობით დავალიანება გადაიხადა) შეიტყო/უნდა შეეტყო, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით მოსარჩელემ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 1488-ე მუხლით გათვალისწინებული მემკვიდრეებისთვის პრეტენზიის წარდგენის 6-თვიანი და, ასევე, 1 წლიანი ვადა გაუშვა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავდა.
11. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი მოპასუხემ შემდეგი დასაბუთებით წარმოადგინა.
- საკასაციო საჩივრის თანახმად, არასწორია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ მოსარჩელის მიერ მსესხებლის გარდაცვალების შესახებ 2024 წლის 18 იანვარს შეტყობის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. მოსარჩელემ სასამართლოში წარადგინა მტკიცებულება ელექტრონული მიმოწერის ე.წ. მეილის სახით, სადაც საბანკო დაწესებულების ოპერატორს მემკვიდრის საკონტაქტო მონაცემები გადაეგზავნა. სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია საქმეში დაცული მტკიცებულებები, რომელთა სრულყოფილი გამოკვლევის შესაბამისად თანხის გადახდის მოთხოვნის ვადა გაშვებული არაა და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს (დაწვრ. იხ. საკასაციო საჩივარი).
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 4 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
13. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
14. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ საკასაციო სასამართლოსთვის ისინი სავალდებულოა.
15. საკასაციო სასამართლოს დასკვნით, განსახილველი სარჩელი სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა და დასაბუთებულად დაასკვნა, რომ კრედიტორმა დაარღვია მოვალის მემკვიდრის მიმართ პრეტენზიის წარდგენის ვადა.
ზემოაღნიშნული დასკვნა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადასტურებული და მითითებული ფაქტების ერთობლივად შეფასებიდან გამომდინარეობს, კერძოდ, საკასაციო პალატისთვისაც საყურადღებოა შემდეგი გარემოებები:
1). 2016 წლის 21 დეკემბერს, კრედიტორსა და მოვალეს შორის პირველი საკრედიტო ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც 12 043.33 აშშ დოლარის ოდენობით სესხი, წლიური 11% სარგებლის დარიცხვით, 2016 წლის 21 დეკემბრიდან 2021 წლის 21 დეკემბრამდე გაიცა. საკრედიტო ხელშეკრულების 2.4.1 ქვეპუნქტით პირგასამტეხლოს დარიცხვისა და გამოანგარიშების წესი განისაზღვრა, კერძოდ, პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე, პირგასამტეხლო, ერთჯერადად 15 აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო, დამატებით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - ვადაგადაცილებული თანხის 1%-ს. ხელშეკრულების 2.1.8 ქვეპუნქტის შესაბამისად, კრედიტი და მასზე დარიცხული სარგებელი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, თანდართული გრაფიკის შესაბამისად, არათანაბარი გადახდებით უნდა დაფარულიყო.
2). 2016 წლის 21 დეკემბერს, კრედიტორსა და მსესხებელს შორის მეორე საკრედიტო ხელშეკრულება დაიდო, რომლის საფუძველზეც 3 444.21 აშშ დოლარის ოდენობით სესხი, წლიური 11% სარგებლის დარიცხვით, 2016 წლის 21 დეკემბრიდან 2021 წლის 21 დეკემბრამდე გაიცა. საკრედიტო ხელშეკრულების 2.4.1 ქვეპუნქტით, პირგასამტეხლოს დარიცხვისა და გამოანგარიშების წესი განისაზღვრა, კერძოდ, პირგასამტეხლო პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ერთჯერადად 15 აშშ დოლარს შეადგენდა, დამატებით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე კი - ვადაგადაცილებული თანხის 1%-ს. ხელშეკრულების 2.1.8 ქვეპუნქტით კრედიტი და მასზე დარიცხული სარგებელი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, თანდართული გრაფიკის შესაბამისად, არათანაბარი გადახდებით უნდა დაფარულიყო.
3). პირველი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებამ 5 403.89 აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 4 984.55 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 248.14 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 171.20 აშშ დოლარია, ხოლო მეორე საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებაა 1 827.5 აშშ დოლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა - 1 682.09 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 83.46 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 61.95 აშშ დოლარია.
4). 2022 წლის 20 აპრილს მოსარჩელესა და გამსესხებელ ბანკს შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე გამსესხებელმა მოსარჩელე ბანკს სრულად დაუთმო საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნები.
5). 2021 წლის 29 იანვარს ნოტარიუსმა ა.მ–ამ სამკვიდრო მოწმობა გასცა, რომლის შესაბამისად, მსესხებლის უფლებამონაცვლეა შვილი, განსახილველ საქმეში მოპასუხის სტატუსით ჩართული პირი.
6). ბოლო გადახდა (310.80 აშშ დოლარი) მოპასუხემ 2022 წლის 1 ივლისს განახორციელა. ვინაიდან ამ დროსთვის მსესხებელი გარდაცვლილი იყო, მხარეები არ უარყოფდნენ, რომ ეს შესრულება უფლებამონაცვლე ბანკში მემკვიდრემ (მოპასუხე) განახორციელა.
7). მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ბანკის მიერ არ ხდება კონტროლი, ვინ დაფარავს სესხს, ამდენად, ბანკისთვის სულერთი იყო ვინ შეიტანდა თანხას - მსესხებელი თუ მესამე პირი. ოპერატორს არ ჰქონდა თანხის მიღებაზე უარის თქმის უფლება, თუმცა, ამავე დროს, სასამართლო სხდომაზე ბანკის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ თუკი ბანკის თანამშრომელთან მემკვიდრეს კომუნიკაცია არ ექნებოდა, სესხის ანგარიშს ის ვერ გაიგებდა და შესაბამისად, ვერც სესხს ვერ დაფარავდა.
8). მოსარჩელის მითითებით, არაერთი ზეპირი (სატელეფონო) გაფრთხილების მიუხედავად მოპასუხეს დავალიანება არ დაუფარავს. სესხზე დაფიქსირებულია ზედიზედ ექვს ვადაგადაცილებაზე მეტი, შესაბამისად, უშედეგოდ იქნა გაშვებული ყველა დამატებითი ვადა, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხეს აღარ სურს სახელშეკრულებო ურთიერთობაში დარჩენა. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების საპასუხოდ, შესაგებელში მოპასუხე აღნიშნავს, რომ: სატელეფონო ზეპირი საუბრების ფაქტს ადასტურებს, რა დროსაც მოსარჩელე მხარეს მიეწოდა ინფორმაცია ძირითადი მსესხებლის/ მამკვიდრებლის გარდაცვალების შესახებ და ამ ფაქტზე დღემდე მოსარჩელეს არანაირი რეაგირება არ ჰქონია.
15. საქმეზე გამოვლენილი და ზემომითითებული გარემოებების ერთობლიობაში შეფასება საფუძველს ქმნის დავასკვნათ, რომ 2022 წლის 1 ივლისს მოპასუხის მიერ სესხის გადახდისას მოსარჩელემ შეიტყო ან/და უნდა შეეტყო მოვალის გარდაცვალების თაობაზე.
16. სსკ-ის 1488.1 მუხლის თანახმად, მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად.
კანონის დასახელებულ ნორმაში, საუბარია, არა სასარჩელო ხანდაზმულობის, არამედ პრეტენზიის წარდგენის ვადებზე, რაც განსხვავებული ცნებებია. ამ მუხლით დადგენილი ექვსთვიანი ვადა არის მამკვიდრებლის კრედიტორთა მიერ მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენისა და არა სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ, თუ მამკვიდრებლის კრედიტორებმა ზემოხსენებული ვადის დაცვით არ წარუდგინეს მოთხოვნა მემკვიდრეებს, ისინი კარგავენ მოთხოვნის უფლებას, რაც, შემდგომში, სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იქნება (შდრ. სუსგ №ას-1906-2018, 25.06.2019).
საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ მითითებული ნორმით დადგენილია პრეტენზიის მოთხოვნის წარდგენის ვადა და, არა - სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც, სასამართლოსთვის მიმართვის გზით, კრედიტორს შეუძლია დაიკმაყოფილოს მოთხოვნა. ამ ვადის გასვლის შემდეგ მოვალეს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაზე მითითებით. მოთხოვნა კი, როგორც წესი, წარედგინება უშუალოდ მხარეს. საპრეტენზიო ვადაში მოთხოვნის წარუდგენლობა სასამართლოში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. საპრეტენზიო ვადაში წარდგენილი მოთხოვნა კი, შეიძლება არ დააკმაყოფილოს სასამართლომ, თუ გავიდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და მოვალე მიუთითებს ამის თაობაზე (შდრ. იხ. სუსგ: 07.10.2010, საქმე №ას-143-136-2010; 22.02.2008, საქმე №ას-968-1269-2007).
17. ვინაიდან დადგინდა, რომ მოსარჩელისთვის მოცემულ შემთხვევაში არაუგვიანეს 2022 წლის 1 ივლისისთვის ცნობილი იყო მსესხებლის გარდაცვალების შესახებ, ხსენებული თარიღიდან 6 თვის ვადაში მოსარჩელეს ნოტარიუსისთვის უნდა მიემართა მემკვიდრეთა მიმართ მოთხოვნის წარდგენის პრეტენზიით, თუმცა მას კანონით დადგენილი ქცევის წესის შესაბამისად არ უმოქმედია და აქედან გამომდინარე პრეტენზიის (მოთხოვნის) წარდგენის კანონით დადგენილი ვადა სააპელაციო სასამართლომ კანონშესაბამისად მიიჩნია გაშვებულად.
18. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. შესაბამისად საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს გაანალიზოს და განიხილოს კასატორის ძირითადი არგუმენტები (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
21. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ბ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს „ბ–ს“ (ს/ნ ........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 989 ლარის (საგადასახადო დავალება #0, გადახდის თარიღი - 30.05.2025) 70% - 692.3 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
ბადრი შონია