დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 30.04.2026
საქმის ნომერი
ას-170-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-170-2026 30 აპრილი, 2026 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - ი/მ ნ.მ–ნი (აპელანტი, მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ.რ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 12 დეკემბერის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, კომპენსაციის დაკისრება, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ნამუშევარი დღეების ანაზღაურება და პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ი/მ ნ.მ–ნი აწარმოებს ქალაქ თბილისში მდებარე საკვები პროდუქტების საწარმოსა და შეკვეთების სერვისების ობიექტის ეკონომიკურ საქმიანობას, ობიექტ ,,Teremok“-ის დასახელებით.

2. მ.რ–სა და მოპასუხესთან დასაქმებულ მენეჯერს შორის 2023 წლის 22 ნოემბერს, კვების ობიექტში, მორიგე ოპერატორის თანამდებობაზე შესაძლო დასაქმებასთან დაკავშირებით, შედგა შეხვედრა. 2022 წლის 22 ნოემბრიდან 2023 წლის 4 დეკემბრამდე, მოსარჩელე დადიოდა ობიექტზე და ასრულებდა გარკვეულ სამუშაოს, რა მიზნითაც მას გადაეცა ტექნიკური მოწყობილობაც, ე.წ. პლანშეტი, რომლის საშუალებითაც იღებდა შეკვეთებს, აფორმებდა მათ ელექტრონულად და ა.შ.

3. მხარეთა შორის წერილობითი ხელშეკრულება არ გაფორმებულა.

4. მ.რ–სა და ი/მ ნ.მ–ნს შორის დაიდო ზეპირი შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული, 1 წლიანი ვადით და მოსარჩელე მის საფუძველზე დასაქმებული იყო კომპანიაში. მ.რ–ის თანამდებობრივი სარგო ი/მ ნ.მ–ნთან მუშაობისას, შეადგენდა ყოველდღიურად ხელზე ასაღებ 50 ლარს.

5. მ.რ–ის თანამდებობრივი სარგო ი/მ ნ.მ–ნთან, მუშაობისას, შეადგენდა ყოველთვიურად ხელზე ასაღებ 1300 ლარს.

6. მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა შეწყდა დამსაქმებლის ინიციატივით, 2023 წლის 4 დეკემბრიდან გაცხადებული ზეპირი ნებით და აღნიშნული გადაწყვეტილება არამართლზომიერია. მ.რ–სა და ი/მ ნ.მ–ნს შორის, არსებობდა შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული 1 წლიანი ვადით და მოსარჩელე მის საფუძველზე დასაქმებული იყო კომპანიაში.

7. ი/მ ნ.მ–ნის მიერ მიღებული 2023 წლის 01 დეკემბრის შრომის შინაგანაწესის მე-6 მუხლით, განსაზღვრულია წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პირობები, კერძოდ მათ შორის 6.2. პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე კანდიდატი ვალდებულია აცნობოს დამსაქმებელს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მას სამუშაოს შესრულებაში ან საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს; ხელმოწერით დაადასტუროს ი/მ ნ.მ–ნის შინაგანაწესისა და მისი თანამდებობისათვის დადგენილი ფუნქცია-მოვალეობების გაცნობა და გაიაროს შრომის უსაფრთხოების და სხვა აუცილებელი ინსტრუქტაჟი, ტრენინგი. საქმეში წარმოდგენილი შრომითი ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრულია ოპერატორის თანამდებობის თანამდებობრივი ინსტრუქცია.

8. მ.რ–ს სამუშაოს შესრულების მიზნით გადაეცა მოწყობილობა ე.წ. პლანშეტი, სადაც სპეციალურ პროგრამაში შეჰყავდა მონაცემები, ამუშავებდა მას, ცვლიდა ინფორმაციას, იღებდა შეკვეთებს, აწვდიდა სამზარეულოს, გასაცემ პროდუქტს აფასებდა ვიზუალურად - ანუ ასრულებდა იმ ფუნქციას, რაც ევალებოდა როგორც მომუშავე ოპერატორს. საქმეში არსებული მიმოწერით დგინდება, რომ მოსარჩელე მუშაობდა მარტოც, ასევე, იგი უთანხმებდა გამოცხადების დროს მენეჯერს. ამ ფონზე სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ მოსარჩელესთან სახეზე იყო მარტოოდენ გაცნობითი სახის ურთიერთობა რამოდენიმე პრაქტიკული მოქმედების შესრულების უფლებით.

9. 2023 წლის 4 დეკემბრის შემდეგ, მ.რ–ს კვების ობიექტში, რაიმე სახის სამუშაო არ შეუსრულებია. ურთიერთობის დასრულების ინიციატორი მ.რ–ი არ ყოფილა.

10. 2023 წლის 11 დეკემბერს მოსარჩელის წარმომადგენელმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაუგზავნა წერილი ნ.ს–ს, როგორც შპს T. G-ის წარმომადგენელს, რომელშიც აღნიშნა, რომ მ.რ–ი დასაქმებული იყო მოპასუხის ობიექტზე დიდი დიღმის ფილიალში, 2023 წლის 22 ნოემბრიდან, სანამ 2023 წლის 4 დეკემბერს, უარი არ უთხრეს შრომითი ურთიერთობის გაგრძელებაზე და ითხოვა საქმის მასალების მიწოდება.

11. წერილის პასუხად, მოსარჩელის წარმომადგენელს 2023 წლის 14 დეკემბერს ეცნობა, რომ ქ.თბილისში, ....... მდებარე საკვები პროდუქტების საწარმოსა და შეკვეთების სერვისების ობიექტის ეკონომიკურ საქმიანობას აწარმოებდა ინდ.მეწარმე ნ.მ–ნი. მითითებულ საწარმოში, ობიექტზე, მ.რ–თან ურთიერთობები წარმოიქმნა მ.წ. 22 ნოემბერს, მორიგე ოპერატორის თანამდებობაზე შესაძლო დასაქმების საკითხთან დაკავშირებით. მოსარჩელემ ითხოვა სამსახურის სპეციფიკის, უნარ-ჩვევების გაცნობის მიზნით, დაუბრკოლებლად, ობიექტზე დასწრება, რაც დაუკმაყოფილდა და ობიექტის პერსონალი უანგაროდ უწევდა მას დახმარებას, პასუხობდა ყველა დასმულ კითხვას, აცნობდა მორიგე-ოპერატორის საქმიანობის სპეციფიკას. მისივე თხოვნით, უნარ-ჩვევების შესწავლის მიზნით, მიეცა შესაძლებლობა შეესრულებინა რამდენიმე პრაქტიკული მოქმედებაც. როდესაც მოსარჩელემ იკითხა მოპასუხის შეხედულება მასთან სამომავლოდ შესაძლო დასაქმების საკითხის განხილვასთან დაკავშირებით, მას ეცნობა, რომ საწარმო მოკლებულია შესაძლებლობას გააგრძელოს მასთან სამომავლოდ სტაჟირების, გამოსაცდელი ვადის ან/და კანონით დადგენილი სხვა რაიმე შრომითი ურთიერთობების ჩამოყალიბება. პასუხით მოსარჩელეს ასევე განემარტა, რომ 2023 წლის 22 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით, მოსარჩელეს მისივე ნებასურვილით, საწარმოსთან გააჩნდა მხოლოდ გაცნობითი და ურთიერთდაკვირვებითი ხასიათის ურთიერთობები. მასთან არ დადებულა შრომითი ან რაიმე სხვა სახის ვალდებულებითი ხასიათის ხელშეკრულება ან ზეპირსიტყვიერი შეთანხმება.

12. 2023 წლის 15 დეკემბერს, მოსარჩელის წარმომადგენელმა, შპს T. G-ის წარმომადგენლობას გაუგზავნა წერილი, რომელშიც მიუთითა, რომ ვაკანსიის საფუძველზე მისი კლიენტი მ.რ–ი გამოცხადდა შპს ,,T. G“-ს ობიექტზე და 2023 წლის 22 ნოემბრიდან იყო დასაქმებული. მას 14 დეკემბრის წერილში მითითებული ნ.მ–ნი არ უნახავს და ურთიერთობა ჰქონდა შპს ,,T.G“-ის ხელმძღვანელობასთან, კერძოდ, მენეჯერის პოზიციაზე დასაქმებულ ა.კ–თან (........ქუჩის ფილიალში) და ხ–თან - გენერალურ მენეჯერთან. შრომითი ურთიერთობაც არა ვინმე ი/მ ნ.მ–ნთან, არამედ შპს ,,T. G“-თან წარმოეშვა.

13. მ.რ–თან სტაჟირება მხოლოდ 4 დღით იქნა შეთანხმებული ზეპირსიტყვიერად, ხოლო 4 დღის გასვლის შემდეგ ჩვეულებრივ გაგრძელდა შრომითი ურთიერთობა, მოსარჩელე ყოველ დღე მიდიოდა სამუშაოდ და 8 საათის განმავლობაში, ისე როგორც ყველა დანარჩენი შტატის თანამშრომელი, ასრულებდა მოვალეობებს, რის გამოც მხარეთა შორის 4 დღის ვადის გასვლის შემდეგ დაიდო უვადო შრომითი ხელშეკრულება. წარმომადგენელმა მოუწოდა ადრესატს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

14. 2023 წლის 19 დეკემბერს, ნ.ს–მა პასუხით აცნობა მხარეს, რომ გაფრთხილებაში მითითებული ადრესატი, შპს ტ.გ., არ წარმოადგენდა მის მარწმუნებელ სუბიექტს. 2023 წლის 01 დეკემბრიდან, ქ. თბილისში, .......... მდებარე საკვები პროდუქტების საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობას აწარმოებს ი/მ ნ.მ–ნი, რომელსაც თავის მხრივ ა.კ–თან დადებული აქვს შრომითი ხელშეკრულება. შესაბამისად, იგი მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს და ან უპასუხოს გაფრთხილების ირგვლივ, ვინაიდან კითხვები მიმართულია სხვა სუბიექტის მიმართ.

15. ი/მ ნ.მ–ნის მიერ მიღებული 2023 წლის 01 დეკემბრის შრომის შინაგანაწესის მე-6 მუხლით, განსაზღვრულია წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პირობები, კერძოდ მათ შორის 6.2. პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე კანდიდატი ვალდებულია აცნობოს დამსაქმებელს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მას სამუშაოს შესრულებაში ან საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს; ხელმოწერით დაადასტუროს ი/მ ნ.მ–ნის შინაგანაწესისა და მისი თანამდებობისათვის დადგენილი ფუნქცია-მოვალეობების გაცნობა და გაიაროს შრომის უსაფრთხოების და სხვა აუცილებელი ინსტრუქტაჟი, ტრენინგი.

16. საქმეში წარმოდგენილი შრომითი ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრულია ოპერატორის თანამდებობის თანამდებობრივი ინსტრუქცია.

17. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 დეკემბრის განჩინების საფუძველზე მოსარჩელეს უარი ეთქვა 2023 წლის 26 დეკემბერს აღძრული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, რომლითაც მოსარჩელე ითხოვდა შპს ,,T. G”-ის მიმართ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, კომპენსაციის, იძულებითი განაცდურისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურებას.

18. ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 17 იანვრის განჩინების საფუძველზე მოსარჩელეს უარი ეთქვა 2024 წლის 12 იანვარს შპს ,,T.G.”-ის მიმართ აღძრული სარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, კომპენსაციის, პირგასამტეხლოს დაკისრებისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, წარმოებაში მიღებაზე.

19. მ.რ–მა, შპს ,,T. G”-ის მიმართ სარჩელი მესამედ აღძრა 2024 წლის 22 იანვარს, ხოლო მისი მიმდინარედ განსახილველი დაზუსტებული სარჩელი ი/მ ნ.მ–ნის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენილია 2024 წლის 18 აპრილს.

20. სოციალურ ქსელში საჯაროდ წარმოდგენილი ვაკანსიით, ალდა ჯგუფი ეძებს ოპერატორს, რომელსაც ევალება შეკვეთების (კერძების) მიღება პროგრამაში (GLOVO, BOLT,WOLT) შეფუთვა და გამზადება კურიერისთვის. მისამართად მითითებულია თბილისი, ......., გლოვოს Cook Room; გრაფიკი მცოცავი: 10:00-18:00/18:00-01:00; ანაზღაურება 50 ლარი დღეში (თვეში დაახლოებით 1300 ლარი); ანაზღაურება გაიცემა თვეში 2-ჯერ ნამუშევარი დღეების მიხედვით.

21. მ.რ–ი 2023 წლის 22 ნოემბრიდან მობილურ აპლიკაცია ,,ვოთსაპში“ აწარმოებდა მიმოწერას ი/მ ნ.მ–ნთან დასაქმებულ, ობიექტის მენეჯერ ა.კ–თან (მიმოწერაში პირის დასახელებაა - A. T.); მიმოწერით დგინდება, რომ მოსარჩელე ცხადდება სამუშაო საათებში, ობიექტში დასახელებით ტ–ი, (,,ტ–ში ვართქო უთხარი და სლოტში შედი გარეთ ხოარ დაიცდი“ ხდება გამოცხადების ზედამხედველობა, შეკვეთებზე მუშაობა, მათ შორის დამოუკიდებლად. მიმოწერაში 2023 წლის 25 ნოემბერს ხსენებულია ე.წ. Cook Room-იც. (,,მ., ქუქრუმში 14 სამზარეულოა, თითოეულს 2-ზე ნაკლები სტაფი არ ჰყავს, პლიუს კურიერები, ამასთან ერთად უმეტესად ყველამ იცის ის რომ არ შეიძლება მანქანის დატოვება“ ). სს ,,თ. ბ–ის“ ტერმინალის საშუალებით განხორციელებულ გადახდაზე ი/მ ნ.მ–ნის მისამართად მითითებულია თბილისი, ........

22. კვების ობიექტ T.ტ–ის ძირითადი მისამართია თბილისი, .......... იურიდიულ პირი სოციალური ქსელში ახდენს ფავორიტ კერძებზე ფასდაკლებით შეთავაზებას Glovo-ს აპლიკაციაში დიღმის ფილიალიდან (მისამართი: დიდი დიღომი, .........) გამოძახების შემთხვევაში.

23. მ.რ–ის სარჩელი წარდგენილია გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დაცვით და იგი არ არის ხანდაზმული.

24. სასარჩელო მოთხოვნა და საფუძვლები

24.1. ი/მ ნ.მ–ნის მიერ მ.რ–თან 2023 წლის 04 დეკემბერს, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გამოვლენილი ნების ბათილად ცნობა;ი/მ ნ.მ–ნისთვის მ.რ–ის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით 15600 ლარის დაკისრება; ი/მ ნ.მ–ნისთვის მ.რ–ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის დაკისრება 2023 წლის 4 დეკემბრიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად ხელზე ასაღები - 1300 ლარის ოდენობით; ი/მ ნ.მ–ნისთვის მ.რ–ის სასარგებლოდ ნამუშევარი 9 დღის გასამრჯელოს, ხელზე ასაღები 450 ლარის ოდენობით დაკისრება; ი/მ ნ.მ–ნისთვის მ.რ–ის სასარგებლოდ მიუღებელი ანაზღაურების დაყოვნების პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველდღიურად ხელზე ასაღები - 450 ლარის 0.07%-ის ოდენობით, 2023 წლის 15 დეკემბრიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

24.2. მ.რ–ი, 2023 წლის 22 ნოემბრიდან დასაქმებული იყო ოპერატორად მოპასუხესთან ერთ-ერთ ფილიალში, მდებარე თბილისში, .......... კვების ობიექტის ფილიალებში ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს მოპასუხე ი/მ ნ.მ–ნი. მხარეები ზეპირსიტყვიერად შეთანხმდნენ, რომ პირველი 4 დღე იქნებოდა გამოსაცდელი ვადა, ხოლო შემდგომში იგი შტატში უნდა ჩაესვათ. შრომითი ანაზღაურება იქნებოდა დღეში 50 ლარი, რაც 26 სამუშაო დღის გათვალისწინებით, ყოველთვიურად შეადგენდა ხელზე ასაღებ 1300 ლარს.

24.3. მოსარჩელემ 2023 წლის 22 ნოემბრიდან 4 დღის გასვლის შემდეგ, გააგრძელა მუშაობა, ასრულებდა მითითებებსა და დავალებებს, ახდენდა შემოსული შეკვეთების პროგრამაში დამუშავებას, ასახვას, მათ შეფუთვას და ა.შ. თუმცა 9 დღის შემდეგაც მოპასუხემ მასთან არ გააფორმა შრომითი ხელშეკრულება. მას შემდეგ, რაც მ.რ–მა მოითხოვა შრომითი ხელშეკრულების გაფორმება, იგი 2023 წლის 4 დეკემბერს, გაათავისუფლეს სამსახურიდან.

24.4. მოსარჩელეს სატელეფონო საუბარი ჰქონდა მის უშუალო მენეჯერთან ა.კ–თან, რითაც დასტურდება, რომ მათ მოსარჩელის კანდიდატურა მოსწონდათ და კმაყოფილები იყვნენ მის მიერ შესრულებული სამუშაოთი. მიუხედავად ამისა, მოპასუხემ მოსარჩელეს

24.5. არ აუნაზღაურა 9 დღის ნამუშევარი თანხა 450 ლარის ოდენობით და ასევე, უკანონოდ მოახდინა მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა.

24.6. 2023 წლის 4 დეკემბერს მოპასუხის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის უკანონო, მხარეთა შორის არსებობდა უვადო შრომითი ხელშეკრულება, რის გამოც მოპასუხის მიერ გამოვლენილი ნება მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტაზე უნდა გაბათილდეს.

25. მოპასუხის პოზიცია

25.1. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, ამასთან მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობაზე და განმარტა, რომ იგი ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, თუმცა არა კვების ობიექტ ,,ტ–ში“. მოსარჩელე არასდროს ყოფილა დასაქმებული მის მიერ მითითებულ პოზიციაზე და მასთან რაიმე სახის შეთანხმება შრომით ურთიერთობაზე არ არსებობს. მოსარჩელე ნამდვილად ასრულებდა გარკვეულ ფუნქციებს 2023 წლის 22 ნოემბრიდან შპს ,,ტ.გ–ის“ ერთ-ერთ ფილიალში, თუმცა რეალურად, მოსარჩელეს უბრალოდ გარკვეული პრაქტიკული მოქმედების შესრულების შესაძლებლობა მიეცა. იგი არ ყოფილა არც სტაჟიორი და არც პრაქტიკანტი, ჰყავდა მეთვალყურე. მას გარემო გააცნო კვების ობიექტის მენეჯერმა ა.კ–მა. მ.რ–ის მოვალეობაში შედიოდა ნავაჭრის დათვლა. მოპასუხე აკვირდებოდა მოსარჩელის მუშაობას, გადასცა მას პლანშეტი, რომლითაც იგი იღებდა შეკვეთებს, აფასოებდა და შემდგომში აწვდიდა კლიენტებს, თუმცა მისი მუშაობა შეფასდა საშუალოზე დაბალ დონედ, რის გამოც მოპასუხემ არ მიიღო გადაწყვეტილება მასთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმებაზე.

25.2. მოპასუხე ასევე აღნიშნავს, რომ სარჩელი ხანდაზმულია, ვინაიდან, 2023 წლის 4 დეკემბრიდან, მოსარჩელეს საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ ვადაში არ მიუმართავს სასამართლოსთვის დამსაქმებლის მიერ მიღებული სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნით. 2023 წლის 26 დეკემბერს, მოსარჩელის მიერ სარჩელი აღძრულ იქნა შპს ,,T.G”-ის მიმართ და არა მოპასუხე ი/მ ნ.მ–ნის მიმართ. მოპასუხის მიმართ სარჩელი აღძრულ იქნა 2024 წლის 09 ოქტომბერს, რის გამოც იგი ხანდაზმულია.

26. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 07 აპრილის გადაწყვეტილებით მ.რ–ის სარჩელი ი/მ ნ.მ–ნის მიმართ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, კომპენსაციის დაკისრების, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების, ნამუშევარი დღეების ანაზღაურებისა და მისი დაყოვნების პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ი/მ ნ.მ–ნის მიერ 2023 წლის 04 დეკემბერს გამოვლენილი ნება მ.რ–თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, გაბათილდა; ი/მ ნ.მ–ს მ.რ–ის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის ანაზღაურება - 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით; ი/მ ნ.მ–ნს მ.რ–ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2023 წლის 04 დეკემბრიდან - 2024 წლის 26 ნოემბრამდე, ყოველთვიურად ხელზე ასაღები 1300 ლარის ოდენობით; ი/მ ნ.მ–ნს მ.რ–ის სასარგებლოდ დაეკისრა ნამუშევარი დღეების გასამრჯელო, ხელზე ასაღები 400 ლარის ოდენობით; ი/მ ნ.მ–ნს მ.რ–ის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი ანაზღაურების დაყოვნების პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველდღიურად ხელზე ასაღები - 400 ლარის 0.07%-ის ოდენობით, 2023 წლის 15 დეკემბრიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ი/მ ნ.მ–ნს მ.რ–ის სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით (მოსარჩელის მიერ ფოსტის მომსახურებისათვის გადახდილი და ფაქტების კონსტატაციის ღირებულება) 207 ლარის და იურიდიული მომსახურების ხარჯის 700 ლარის ანაზღაურება.

27. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

28. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 12 დეკემბერის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

29. საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები

29.1. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

29.2. კასატორის მითითებით, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან მხარეს დარღვეული უფლების აღსადგენად სასამართლოსთვის უნდა მიემართა 04.12.2023 წლიდან 30 დღიან ვადაში, სარჩელი კი წარდგენილია 2024 წლის 12 იანვარს. შესაბამისად, სასამართლოებმა უკანონოდ მიიღეს გადაწყვეტილება, მაშინ, როდესაც სარჩელი წარუმატებელია ხანდაზმულობის გამო.

29.3. უდავოდაა დადგენილი, რომ მხარეებს შორის არ იყო დადებული შრომითი ხელშეკრულება. ასევე, არ იყო ზეპირსიტყვიერი, ან რაიმე ფორმით დავალების ან სამუშაოს შესრულების შესრულების შესახებ შეთანხმება. მოსარჩელე არ იყო შრომითი ვალდებულებით შეზღუდული, არამედ პირიქით, მას ჰქონდა უფლება დაკვირვებოდა საწარმოო პროცესსა და შრომით პოზიციებზე დასაქმებულ პირებზე საკუთარი სურვილით, რათა მისი მიზანი იყო სამუშაოს შესრულების პროცესსა და შესწავლაზე დაკვირვება. ამის მიუხედავად, სასამართლომ მაინც დააკმაყოფილა სარჩელი, მაშინ, როდესაც არავითარი შრომითი ვალდებულება არ არსებობდა მხარეებს შორის.

29.4. ასევე, დარღვევაა ფარული სატელეფონო ჩანაწერების წარდგენაც, რაც უკანონოა და არ უნდა იქნეს გაზიარებული.

29.5. მიუხედავად იმისა, რომ განხილვის პროცესში უდავოდ იქნა დადგენილი არსებითი გარემოებები, რომ მოსარჩელე არ იყო დასაქმებული რაიმე ფორმით, არ იყო შეთანხმებული არც წერილობით და არც ზეპირად რაიმე შრომის პირობები და ვადები; მოსარჩელისთვის დღემდე უცნობია შრომის პირობები, შინაარსი, ანაზღაურების პირობები, სამუშაო საათების გრაფიკი, ზეგანაკვეთური ანაზღაურების პირობები; მოსარჩელეს არ მიუღია ანაზღაურება და არ იყო დასაქმებული. მოსარჩელეს არ აღუძრავს აღიარებითი სარჩელი მხარეებს შორის შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის, დასაქმების ვადის, ანაზღაურების პირობებისა და ოდენობის არსებობის შესახებ, სასამართლომ გაურკვეველი საფუძვლით მიიჩნია მოსარჩელე დასაქმებულად 1 წლის ვადით.

30. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 6 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

31. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის, იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით.

32. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური სან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

33. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

34. საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს, არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

35. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო: ა) განსახილველ შემთხვევებში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

36. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მართებულობის საკითხის შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მხარეთა მიერაა მითითებული შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების ფარგლებში, და რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.

37. წინამდებარე საქმის მთავარი სამართლებრივი საკითხი შეეხება მხარეთა შორის არსებული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან გამომდინარე წარმოშობილი მოთხოვნების: კომპენსაციის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერების, განაცდურის, პირგასამტეხლოსა და ნამუშევარი დღეების ანაზღაურების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ სააპელაციო პალატის მიერ მიღებული განჩინების მართლზომიერების კვლევას.

38. საკასაციო პალატა, პირველ რიგში, იმსჯელებს ხანდაზმულობის საფუძვლით კასატორის მიერ წარდგენილ მოთხოვნის შემაფერხებელ შესაგებელზე (საკასაციო პრეტენზიაზე), რადგან მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნების კლევა ავტომატურად გამოირიცხება,39. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა – ექვს წელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც.

40. საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მიხედვით, დასაქმებულს უფლება აქვს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს მას წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე; დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი; დასაქმებულს უფლება აქვს, წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; თუ დამსაქმებელი დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით არ დაასაბუთებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს, დასაქმებულს უფლება აქვს, 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ხოლო, თუ დასაქმებული მისთვის მინიჭებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის უფლებას არ გამოიყენებს, გასაჩივრების 30-დღიანი ვადის ათვლა დაიწყება მის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან ანუ იმ დღიდან, როდესაც მას სშკ-ის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე წარმოეშვა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის უფლება.

41. საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დასაქმებულის მიერ აღძრული სარჩელის მიღებაზე უარის თქმის ან სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში დასაქმებულს უფლება აქვს, იმავე სარჩელით განმეორებით მიმართოს სასამართლოს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების ან სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მისთვის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

42. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა 2023 წლის 4 დეკემბერს მოპასუხის მხრიდან გამოვლენილი ნების შესაბამისად. ასევე დადგენილია, რომ პროდუქტების საწარმოსა და შეკვეთების სერვისების ობიექტის ეკონომიკურ საქმიანობას აწარმოებდა ი.მ. ნ.მ–ნი.

43. 2023 წლის 15 დეკემბერს, მოსარჩელის წარმომადგენელმა, შპს T. G-ის წარმომადგენლობას გაუგზავნა წერილი, რომელშიც მიუთითა, რომ ვაკანსიის საფუძველზე მისი კლიენტი მ.რ–ი გამოცხადდა შპს ,,T. G“-ს ობიექტზე და 2023 წლის 22 ნოემბრიდან იყო დასაქმებული. მას 14 დეკემბრის წერილში მითითებული ნ.მ–ნი არ უნახავს და ურთიერთობა ჰქონდა შპს ,,T. G“-ის ხელმძღვანელობასთან, კერძოდ, მენეჯერის პოზიციაზე დასაქმებულ ა.კ–თან (....... ქუჩის ფილიალში) და ხ–თან - გენერალურ მენეჯერთან. შრომითი ურთიერთობაც არა ვინმე ი/მ ნ.მ–ნთან, არამედ შპს ,,T. G“-თან წარმოეშვა.

44. მოსარჩელემ სასამართლოს 2023 წლის 26 დეკემბერს მიმართა სარჩელით (შპს ,,T. G”-ის მიმართ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, კომპენსაციის, იძულებითი განაცდურისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნით), რომლის წარმოებაში მიღებაზეც განჩინებით ეთქვა უარი. ასევე, სასამართლოს მიმართა 2024 წლის 12 იანვარს (შპს ,,T. G”-ის მიმართ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, კომპენსაციის, პირგასამტეხლოს დაკისრებისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე), რომელსაც სასამართლოს 2024 წლის 12 იანვრის განჩინებით ასევე უარი ეთქვა წარმოებაში მიღებაზე. საბოლოოდ, 2024 წლის 18 აპრილს მოსარჩელემ წარადგინა დაზუსტებული სარჩელი ი.მ ნ.მ–ნის მიმართ, რომელიც წარმოებაში იქნა მიღებული.

45. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას, რომ სარჩელის წარდგენის მომენტისთვის, მოსარჩელეს დაცული ჰქონდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.

46. რადგან დადასტურებულია, რომ სარჩელი ვერ მიიჩნევა ხანდაზმულად, სასამართლო გადავა კასაციის სხვა არგუმენტების განხილვაზე საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ფარგლებში. ამ კუთხით, კასატორის შედავება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ბათილად ცნობის უარყოფისკენაა მხოლოდ მიმართული იმ დასაბუთებით, რომ მხარეთა შორის არ არსებობდა შრომითი ურთიერთობა.

47. შრომითსამართლებრივ დავებში მნიშვნელოვანია გამოირიცხოს დამსაქმებლის მიერ უფლების ბოროტად გამოყენება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ფუნქციაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაა. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა (სუსგ Nას-1350-2019, 27.11.2019წ.).

48. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, არაერთ საქმეში განმარტა, რომ სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლო პირველ რიგში ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. სუსგ საქმე №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი; №ას-539-539-2018, 21 დეკემბერი, 2018 წელი). მუშაკის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ყოველ კონკრეტულ ბრძანებას თავისი საფუძველი გააჩნია, რაც ამართლებს ან არ ამართლებს მის გამოცემას. ასეთ დროს, სასამართლოს როლი სწორედ ბრძანების საფუძვლის მართლზომიერების საკითხის გამორკვევაა, რაც დასაქმებულის სარჩელის იურიდიული ბედის განმსაზღვრელია (იხ. სუსგ: №ას-1304-2020, 11.06.2021; №ას-151-147-2016,1 9.04.2016).

49. საქართველოში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია სშკ-ის 47-ე და 48-ე მუხლებით, რომელთაგან პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცესუალურ მხარეს. აღნიშნული მუხლების კუმულაციური საფუძვლით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიური ვალდებულება წარმოადგენს იმას, რომ დამსაქმებელს არ უნდა შეეძლოს დასაქმებულის სამსახურიდან გაშვება შესაბამისი და გამართლებული საფუძვლის გარეშე, ამიტომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის იმ რეგულაციებს, რომლებიც სშკ-ის 47-ე და 48-ე მუხლებშია (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი სშკ-ს 37-38-ე მუხლები) მოცემული, აქვთ ერთგვარი ,,შემაკავებელი ეფექტი“, რომლის საფუძველიც არის წინაპირობა შრომის ურთიერთობათა მხარეების თვითნებური, გაუმართლებელი გადაწყვეტილებების აღკვეთისთვის (იხ. სუსგ საქმე №ას-1404-2022, 15 თებერვალი, 2023 წელი).

50. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებების თანახმად, უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს ზემოაღნიშნული საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერების შეფასებისას, არის პროპორციულობისა და გონივრული საფუძვლის პრინციპი. პროპორციულობის, იგივე თანაზომიერების პრინციპი ნიშნავს, რომ კანონის მიზნის მისაღწევად გამოყენებული ღონისძიება უნდა იყოს დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დამსაქმებლის მიერ დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაუმართლებელია ამ უკანასკნელის უფლების დაცვის სხვა საფუძვლების გამოყენება (იხ. სუსგ საქმე Nას-106-101-2014, 02 ოქტომბერი, 2014 წელი; Nას-1183-1125-2014, 13 თებერვალი, 2015 წელი).

51. უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისას, დამსაქმებელმა უნდა იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაში განმარტებულია, რომ საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულისათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში. დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას მნიშვნელოვანია, დადგინდეს, რა ღონისძიებები გაატარა დამსაქმებელმა, რათა უზრუნველეყო დასაქმებულისათვის დაკავებული პოზიციის შენარჩუნება, ცხადია, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მომწესრიგებელი თითოეული საფუძვლის გამოყენებამდე, დასაბუთებული უნდა იყოს მისი გამოყენების წინაპირობა. (იხ. სუსგ-ები: Nას-941-891-2015, 29.01.2016 წ Nას-224-224-2018, 18.05.2018წ; N ას-361-2022, 10.06.2022 წ.) (იხ. სუსგ საქმე №ას-1493-2022, 21 აპრილი, 2023 წელი).

52. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი).

53. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ.).

54. შრომითსამართლებრივ დავებში მტკიცების ტვირთის განაწილების წესი განსხვავებული და თავისებურია. ამ წესის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია, ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი დავის განხილვისას მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურობა განპირობებულია მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობების არსებობით. ამ კატეგორიის დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. აღნიშნული დასკვნა იმ ძირითადი პრინციპიდან გამომდინარეობს, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთან შედარებით გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (შეად. სუსგ-ებს: N ას-922-884-2014, 16.04.2015 წ; Nას-483-457-2015, 07.10.2015 წ; N ას-182-171-2017, 27.12.2019წ; N ას-1429-2020, 18.03.2022წ; N ას-456-2021, 22.03.2022წ; N ას-57-2022, 13.04.2022წ.; Nას-1438-2022, 2.02.2023წ.; №ას-283-2024 26.04.2024წ.).

55. უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მტკიცების ტვირთი სფეციფიურადაა გადანაწილებული შრომითსამართლებრივ დავებში, სადაც თავად შრომითი ხელშეკრულების იერარქიული ბუნებიდან გამომდინარე, აუცილებელია სუსტი და ძლიერი მხარეების პროცესუალური დაბალანსება, რათა შესაძლებელი იყოს არათანაბარ, იერარქიულ დამოკიდებულებაში მყოფი მხარეებისთვის თანაბარი პირობების შექმნა. სწორედ ამიტომ, დადგენილი პრაქტიკის თანახმად, სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების დადასტურების მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს აწევს, რომელმაც უნდა დაასაბუთოს, რომ მიღებული გადაწყვეტილება არ კანონიერია და არ არღვევს დასაქმებულის შრომით უფლებებს. (შდრ სუსგ. №ას-922-884-2014, 16 აპრილი, 2015 წელი; №ას-483-457-2015, 7 ოქტომბერი, 2015 წელი; №ას-182-171-2017, 27 დეკემბერი, 2019 წელი).

56. უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, შრომის კოდექსის 47-ე მუხლი უთითებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებზე არა გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, არამედ ამ ვადის წარმატებით გავლის შემდგომ მხარეთა შორის მე-17 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დადებული შრომითი ხელშეკრულებით წარმოშობილი ურთიერთობისას. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს უშუალოდ შრომის კოდექსის მე-17 მუხლის შინაარსიდანაც, რომელიც საუბრობს გამოსაცდელი ვადის განმავლობაში სამომავლო შრომის ხელშეკრულების დადება - არდადებაზე და იქვე აკონკრეტებს, რომ არსებობს შრომის ხელშეკრულების არდადების მხოლოდ ერთი საფუძველი - პირის შეუსაბამობა შესასრულებელ სამუშაოსთან, რაც გულისხმობს დაკავებულ თანამდებობასთან პირის პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების შეუსაბამობას (შდრ. იხ. საქმე Nას-142-134-2017, 2018 წლის 18 აპრილი).

57. საქართველოს შრომის კოდექსის მე-18 მუხლის თანახმად, სტაჟიორი არის ფიზიკური პირი, რომელიც დამსაქმებლისთვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ ან მის გარეშე, კვალიფიკაციის ასამაღლებლად, პროფესიული ცოდნის, უნარის ან პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად. დამსაქმებელს ეკრძალება სტაჟიორის შრომის გამოყენება იმ მიზნით, რომ თავი აარიდოს შრომითი ხელშეკრულების დადებას. სტაჟიორი არ ანაცვლებს დასაქმებულს. დამსაქმებელს არ აქვს უფლება, აიყვანოს სტაჟიორი იმ დასაქმებულის ნაცვლად, რომელთანაც შრომითი ურთიერთობა შეჩერდა ან/და შეწყდა. ანაზღაურებისგარეშე სტაჟირების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს, ხოლო ანაზღაურებადი სტაჟირების ვადა − 1 წელს. პირს უფლება აქვს, ერთსა და იმავე დამსაქმებელთან ანაზღაურებისგარეშე სტაჟირება გაიაროს მხოლოდ ერთხელ. სტაჟიორისა და დამსაქმებლის ურთიერთობას აწესრიგებს წერილობითი ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებაში დეტალურად უნდა იყოს აღწერილი სტაჟიორის მიერ შესასრულებელი სამუშაო.

58. რადგან კასატორის შედავება შეეხებოდა მხარეთა შორის შრომითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობის საკითხს, უნდა დადგენილიყო, ნამდვილად იყო თუ არა სახეზე ასეთი სახის ურთიერთობა. აღნიშნულის დასადგენად, სააპელაციო პალატამ ფაქტობრივი გარემოებების კვლევისას (კომპანიის მენეჯერის, ა.კ–ის ჩვენების საფუძველზე) მიუთითა, რომ ვაკანტური იყო ოპერატორის პოზიცია. მ.რ–ი ასრულებდა პოზიციისთვის განკუთვნილ ფუნქცია-მოვალეობათა უმრავლესობას, რისთვისაც გადაცემული ჰქონდა ე.წ. პლანშეტიც. ფუნქციების შესრულება დავალებული ჰქონდა სამუშაო უნარ-ჩვევებისა თუ პიროვნული მახასიათებლის შეფასების მიზნით. კითხვაზე თუ რა იქნებოდა შემდეგი ეტაპი, მოწმის პასუხი იყო სტაჟირება, თუმცა მოსარჩელესთან სატელეფონო საუბრისას, იგი მ.რ–ს უკვე სტაჟიორად მოიხსენიებს. კითხვაზე თუ რა განსხვავებული ფუნქციის შესრულება მოუწევდა მას შემდგომ საფეხურზე, დამატებით რისი შეფასება უნდა მომხდარიყო მუშაკის მოქმედებიდან, პასუხი არ იყო კონკრეტული და დაზუსტებული.

59. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე 2023 წლის 22 ნოემბრიდან 2023 წლის 4 დეკემბრამდე პერიოდში ქ.თბილისში, ......... მდებარე საკვები პროდუქტების მწარმოებელ ორგანიზაციაში ასრულებდა გარკვეული ტიპის სამუშაოს. სამეწარმეო საქმიანობა ხორციელდებოდა ,,ტ. გ–ის“ სახელით, თუმცა ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა ი/მ ნ.მ–ნი.

60. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები საკმარისია იმისთვის, რომ სულ მცირე, მხარეთა შორის არსებული ეს ურთიერთობა არ იქნეს მიჩნეული ინფორმაციათა გაცვლის ეტაპად. თუ კი მოსარჩელე უკვე ახორციელებდა გარკვეულ საქმიანობებს ზედამხედველობის ქვეშ, უშუალოდ ასრულებდა დასახელებული ვაკანტური პოზიციისთვის გათვალისწინებულ ვალდებულებათა მნიშვნელოვან ნაწილს, ასევე ასრულებდა მენეჯერის დავალებებს, ცალსახად მიანიშნებს იმაზე, რომ ურთიერთობა არა მხოლოდ ინფორმაციათა გაცვლის, არამედ საქმიანობის შესრულებასაც მოიცავდა, რაც ცდება სშკ-ის მე-11 მუხლით (წინასახელშეკრულებო ურთიერთობა, ინფორმაციის გაცვლა ხელშეკრულების დადებამდე) გათვალისწინებულ შემადგენლობას. ამ კუთხით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის მიხედვით, მხარეთა შორის წერილობითი ხელშეკრულების არარსებობის გამო, ურთიერთობა ვერც სტაჟირების (სტაჟიორად მიღებისთვის განსაზღვრული შესაბამისი აუცილებელი კრიტერიუმების არარსებობის გამო) ან გამოსაცდელი ვადით (მხარეთა შორის არ დადებულა წერილობითი ხელშეკრულება, რაც ასევე გამორიცხავს გამოსაცდელი ვადით სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობას) შრომით ხელშეკრულებად ვერ შეფასდება.

61. ზემოაღნიშნულთან ერთად, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ დაასაბუთა კონკრეტული საქმიანობისა და დავალებების შესრულების ფაქტები, სააპელაციო პალატამ მართლზომიერად დაადგინა, რომ სახეზე იყო ზეპირი წესით დადებული შრომის ხელშეკრულება, ხოლო მისი ასეთი ფორმა ვერ იქნება ურთიერთობის არარსებობის დამადასტურებელი არგუმენტი, რადგან ფორმადაუცველობა დასაქმებულის საუარესოდ ვერ იქნება განმარტებული. რაც შეეხება შეთანხმების ვადას, რადგან მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ის განუსაზღვრელი ვადით არ იყო დადებული, სშკ-ის მე-12 მუხლის შესაბამისად, ივარაუდება, რომ ვადა შეადგენდა 1 წელს.

62. რადგან დადგენილია, რომ მხარეთა შორის ნამდვილად არსებობდა შრომითსამართლებრივი ურთიერთობა, აუცილებელია შეფასდეს თუ რამდენად მართლზომიერად მოხდა აღნიშნული ხელშეკრულების დამსაქმებლის მიერ შეწყვეტა.

63. სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, პირველ რიგში, სასამართლო ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-151-147-2016, 19.04.2016წ.; №ას-145-2019, 05.07.2019წ.). აღნიშნულ შემთხვევაში კი შეუძლებელია ამ კვლევაში არსებითად შესვლა, რადგან არათუ შეწყვეტის გადაწყვეტილება, არამედ თავად შრომითი ხელშეკრულების არსებობაა შედავებული კასატორის მხრიდან.

64. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი, როგორც დამსაქმებელი ვალდებული იყო დაეკმაყოფილებინა დასახელებული მტკიცების სტანდარტი, თუმცა მისი შედავება მხოლოდ მდგომარეობდა შრომითი სამართალურთიერთობის საერთოდ გამორიცხვაში. არ ყოფილა წარდგენილი არგუმენტაცია ან მტკიცებულება ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერების დასადასტურებლად, აქედან გამომდინარე, მოსარჩელის არგუმენტაცია ხელშეკრულების შეწყვეტის არამართლზომიერების შესახებ, მის მიერ წარდგენილი მტკიცების ხარისხის შესაბამისად, დასაბუთებულია. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ სწორად მიიჩნია, რომ 1 წლის ვადით დადებული შრომითი ურთიერთობის არსებობის ფაქტი, მოპასუხის გადაწყვეტილება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტაზე, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე, დაუსაბუთებელია, რის გამოც სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტების, საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების განხილვისა და ერთობლიობაში შეფასების შედეგად, მიიჩნევს, რომ შრომითი ურთიერთობა შეწყდა ლეგიტიმური საფუძვლის მითითების გარეშე.

65. კასატორის შემდეგი შედავება შეეხებოდა კომპენსაციის დაკისრების მართლზომიერებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის მიცემული კომპენსაცია.

66. კომპენსაცია შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერი შეწყვეტის შემთხვევაში, სპეციალური ნორმით გათვალისწინებული დამსაქმებლის პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ზომაა, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს დასაქმებულისათვის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნას, რაც მას სავსებით განასხვავებს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისაგან. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის თვალსაზრისით, უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული სამართლებრივი საკითხი განეკუთვნება სასამართლოს დისკრეციის სფეროს, რა დროსაც, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ შრომით სამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამუშაოს მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამდენად, კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. კომპენსაციის განსაზღვრასთან დაკავშირებით, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ ეს არის პასუხისმგებლობის ზომა, რაც ეკისრება დამსაქმებელს მუშაკის უკანონოდ დათხოვნისათვის და მანვე (კომპენსაციის ოდენობამ) უნდა უზრუნველყოს დასაქმებულის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნა, რითაც კომპენსაცია განსხვავდება ზიანის ანაზღაურებისას პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისგან. საგულისხმოა, რომ სშკ-ის 48.8 მუხლი არ განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას. ამ მოცემულობაში, კომპენსაციის ოდენობა ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით ხორციელდება (იხ. სუსგ საქმე Nას-792-2019, 2021 წლის 18 თებერვალი).

67. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავდეს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონო დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონო დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპენსაცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა.შ. (იხ. სუსგ საქმე №ას-1209-2021, 11 მარტი, 2022).

68. განსახილველ შემთხვევაში, რადგან მოსარჩელე უთითებდა, რომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა არ იძლეოდა სამსახურში აღდგენის შესაძლებლობას, მისი სასარჩელო მოთხოვნა ამ კუთხით კომპენსაციის მიღებით იყო განსაზღვრული, შესაბამისად, რადგან დადასტურდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტაში მოპასუხის არამართლზომიერება, ხოლო სამსახურში აღდგენა თავად მოსარჩელის მიერ არ არის მოთხოვნილი, კომპენსაციის მოთხოვნა მართლზომიერია. რაც შეეხება ოდენობას, სასარჩელო მოთხოვნა 15600 ლარის დაკისრებას გულისხმობდა, საიდანაც სასამართლომ მართლზომიერად, დასაქმებულის ასაკის, დარიცხული ხელფასის ოდენობის, სხვაგან დაუსაქმებლობის, შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადის, დაკისრებული იძულებითი განაცდურის შესაბამისად, ასევე, სამოქალაქო ბრუნვაში სამართლიანობის, წონასწორობის, უსაფუძვლო გამდიდრების დაუშვებლობის პრინციპების გათვალისწინებით 2000 ლარის ნაწილი დააკმაყოფილა.

69. რაც შეეხება იძულებითი განაცდურის მიმართ წარდგენილ შედავებას, რომ მხარეთა შორის არ დადებულა ხელშეკრულება, მოსარჩელე არ მუშაობდა მოპასუხესთან და იძულებითი განაცდურის დაკისრებაც, შესაბამისად, უსაფუძვლოა, საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ აღნიშნული შედავება დაფუძნებული იყო იმ დაშვებაზე, რომ მხარეთა შორის არ არსებობდა შრომითი ურთიერთობა. რადგან სასამართლომ დაადგინა, რომ შრომითი ურთიერთობა ნამდვილია, ასევე დადგინდა, რომ შეწყვეტა დამსაქმებლის მხრიდან არამართლზომიერად მოხდა, წარმოიშობა იძულებითი განაცდურის მოპასუხისთვის დაკისრების საფუძველი.

70. სშკ-ის 48-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის, ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაც. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის მიცემული კომპენსაცია.

71. განსახილველ შემთხვევაში, უკვე დადგენილია, რომ მხარეები შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ, ასევე ქვედა ინსტანციის სასამართლოში დაადგინა, რომ მოსარჩელის მიერ საქმიანობის ფაქტობრივად შესრულების დაწყების გზით, ასევე დამსაქმებლის მხრიდან შემხვედრი ნაბიჯების (სპეციალური აღჭურვილობის გადაცემა, დავალებების მიცემა, სამსახურის გრაფიკში მოსარჩელის ჩასმა) გადადგმით დაიდო შრომითი ხელშეკრულება 1 წლიანი ვადით, ყოველდღიურად ხელზე ასაღები 50 ლარით. 2023 წლის 22 ნოემბრიდან 2023 წლის 4 დეკემბრის ჩათვლით მ.რ–ი ცხადდებოდა მოპასუხის საწარმოში და ახორციელებდა გარკვეული ტიპის ქმედებებს.

72. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი მსჯელობა ცხადს ხდის, რომ არამართლზომიერად მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებამ გამოიწვია მისი მოცდენა, შესაბამისად, დასაბუთებულია მოპასუხისთვის იძულებითი განაცდურის სახით 2023 წლის 4 დეკემბრიდან 2024 წლის 26 ნოემბრამდე პერიოდში ყოველთვიურად ხელზე ასაღები 1300 ლარის დაკისრება.

73. რაც შეეხება ნამუშევარი დღეების მიმართ არსებულ დავალიანებას, საკასაციო პალატა მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, ხელფასი საწარმოში შეადგენდა 1 სამუშაო დღისთვის - 50 ლარს. მოსარჩელე 2023 წლის 26 ნოემბრიდან 8 დღის განმავლობაში ასრულებდა შრომით მოვალეობას მოპასუხის სასარგებლოდ. 1 დღე მას შრომითი მოვალეობა არ შეუსრულებია. დადასტურებულია, რომ ნამუშევარი 8 დღის ხელფასი მოსარჩელეს არ მიუღია, ანუ ჯამურად (8X50=400) 400 ლარის სამუშაო გასწია მოსარჩელემ 8 დღის განმავლობაში, რომელიც არ ანაზღაურებულა, შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ აღნიშნული თანხის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრება მართლზომიერია.

74. დამატებით, მიუღებელი შემოსავლის ნაწილში, მოსარჩელემ მოითხოვა დაყოვნებული თანხის 0.07%-ის მიღება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რადგან დამსაქმებელმა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებაზე უარი თქვა და არ გადაუხადა მოსარჩელეს ნამუშევარი დღეების ქირა, რადგან სახელშეკრულებო სპეციფიკა ამ შემთხვევაში მოსარჩელისთვის თანხის გადაცემას გულისხმობდა, სავსებით მართლზომიერია სააპელაციო პალატის მსჯელობა, მიუღებელი შემოსავლის დაყოვნებისთვის პირგასამტეხლოს სახით 400 ლარის 0.07%-ის გადახდა 2013 წლის 15 დეკემბრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

75. საბოლოოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივრის ფარგლებში კასატორმა ვერ შეძლო შესაბამისი დასაბუთების წარმოდგენა, თუ რატომ უნდა გაუქმდეს აღნიშნული განჩინება, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად დაადგინეს მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივად მართებულად გადაწყვიტეს საქმეში არსებული ყველა სადავო საკითხი, ასევე, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა, ამდენად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი და საკასაციო საჩივრები როგორც დაუშვებლები, უნდა დარჩეს განუხილველი.

76. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი/მ ნ.მ–ნის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. ი/მ ნ.მ–ნს (პ.ნ. ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით ნ.ს–ის (პ.ნ. ........) მიერ გადახდილი (საგადასახადო დავალება (მოთხოვნა) N32184394662; გადახდის თარიღი: 28.02.2026) 178,21 ლარის 70% - 124,747 ლარი; ასევე, ამავე წესით დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით ნ.ს–ის (პ.ნ. ........) მიერ გადახდილი (საგადასახადო დავალება (მოთხოვნა) N31763226633; გადახდის თარიღი: 04.02.2026) 716.54 ლარის 70% - 501,578 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ა. კოჭლამაზაშვილი