დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 22.05.2026
საქმის ნომერი
ას-588-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-588-2025 22 მაისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – დ.ა–ნი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე.გ–ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ანდერძის, განცხადების ბათილად ცნობა, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა (ძირითად სარჩელში); ქონების მესაკუთრედ ცნობა (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის განჩინებით დ.ა–ნის (შემდგომში - „მოსარჩელე“, „შეგებებული სარჩელით მოპასუხე“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი ე.გ–ის მიმართ (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „შეგებებული სარჩელით მოსარჩელე“) ანდერძის, განცხადების ბათილად ცნობის, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; შეგებებული სარჩელი მესაკუთრედ ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა; შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ცნობილ იქნა 2017 წლის 15 თებერვალს გარდაცვლილი (სააქტო ჩანაწერი N01177026306) ე.მ–ის (პ/ნ .......) სამკვიდრო ქონების, მდებარე: ქალაქი თბილისი, დასახლება .........., ს/კ ........, მესაკუთრედ.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. მამკვიდრებელი ე.მ–ი (შემდგომში - „მამკვიდრებელი“) გარდაიცვალა 2017 წლის 15 თებერვალს, რა დროსაც გაიხსნა სამკვიდრო;

2.2. მამკვიდრებლის სამკვიდროს, სამკვიდროს გახსნის მომენტისათვის შეადგენდა უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, ........., ს/კ №........;

2.3. 2017 წლის 12 ივლისს სანოტარო ბიუროს მიმართა მოსარჩელემ, როგორც მამკვიდრებლის კანონისმიერმა მეორე რიგის მემკვიდრემ - დისშვილმა, მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონების მიღების მოთხოვნით. 2017 წლის 14 აგვისტოს სანოტარო ბიუროს მიმართა შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ, როგორც გარდაცვლილი მამკვიდრებლის ანდერძისმიერმა მემკვიდრემ, დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით. ამდენად, ორივე მხარემ კანონით დადგენილ 6-თვიან ვადაში მიმართა ნოტარიუსს სამკვიდროს მიღების მიზნით;

2.4. 2017 წლის 20 იანვარს მამკვიდრებლის მიერ ტექნიკური საშუალებით - კომპიუტერის მეშვეობით შედგენილი იქნა ანდერძი, რომლის თანახმად, მან გასცა შემდეგი განკარგულება, რომ მთელი თავისი ქონება, მათ შორის, მის სახელზე რიცხული ბინა, მდებარე: ქ. თბილისი, .........., უანდერძა შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს (დაბადებული 1989 წლის 09 აგვისტოს, პ/ნ ........). ანდერძი შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არც მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი არსებობს. მამკვიდრებლის მიერ 2017 წლის 20 იანვარს შედგენილი იქნა არა შინაურული, არამედ ტექნიკური (ნაბეჭდი) საშუალებით შედგენილი ანდერძი. ამასთან, მოანდერძე მამკვიდრებელი ადასტურებს, რომ ანდერძის შინაარსი წაიკითხა ამობეჭდილი ფორმითაც, ანდერძი სრულად ასახავს მის ნება-სურვილს და შინაარსი გადმოცემულია სრულად. ანდერძი შესრულებულია ორ ეგზემპლარად და ორივე ეგზემპლარზე ხელმოწერა შესრულებულია მის მიერ, რის შემდეგაც მასზე ხელმოწერები გააკეთეს მოწმეებმა. ანდერძს ხელმოწერით ამოწმებს მოანდერძე - მამკვიდრებელი. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 16 სექტემბრის დასკვნის თანახმად, ანდერძზე ხელმოწერა შესრულებულია მამკვიდრებლის მიერ, აღნიშნული გარემოების უარმყოფელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. მამკვიდრებლის (გარდაცვლილი 2017 წლის 15 თებერვალს, გარდაცვალების სააქტო ჩანაწერი №01177026306) სახელით, 2017 წლის 20 იანვარს ტექნიკური საშუალებით შედგენილი ანდერძის შინაარსი შეესაბამებოდა მოანდერძის ნებას და ხელმოწერა შესრულებულია მამკვიდრებლის მიერ თავისუფალი ნების საფუძველზე. საქმის მასალებით არ დადასტურდა მოანდერძის მიერ ნების გამოვლენის ნაკლი;

2.5. მოსარჩელე არის 2017 წლის 15 თებერვალს გარდაცვლილი მამკვიდრებლის მეორე რიგის მემკვიდრე - დისშვილი და, შესაბამისად, სავალდებულო წილის მოთხოვნაზე არაუფლებამოსილი პირი;

2.6. შეგებებული სარჩელით მოსარჩელე წარმოადგენს 2017 წლის 15 თებერვალს გარდაცვლილი მამკვიდრებლის ანდერძში მითითებულ ანდერძისმიერ მემკვიდრეს. მამკვიდრებელმა მის მიერ შედგენილ ანდერძში შეგებებული სარჩელით მოსარჩელე მოიხსენია როგორც შვილი, რაც სამართლებრივად დადგენილი არ არის, თუმცა, ვინაიდან ანდერძში მითითებულია მემკვიდრის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი), რაც თანხვედრაშია მოპასუხის მონაცემებთან და კანონი შესაძლებლად მიიჩნევს მამკვიდრებლის მიერ სამკვიდრო ქონების დატოვებას გარეშე პირისათვის, რელევანტური აღარ არის მამკვიდრებელსა და შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს შორის კანონისმიერი მემკვიდრეობის (ამ შემთხვევაში მამაშვილობის) საფუძვლების დადგენა.

3. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 1344-ე, 1357.1, 1364-ე, 1403.1 მუხლებით და აღნიშნა, რომ არსებით სადავო ფაქტს წარმოადგენდა ანდერძის ნამდვილობის საკითხი, ხოლო მიუთითებდა რა მის სიყალბეზე, კერძოდ, მოანდერძის ხელმოწერის გაყალბებაზე, აღნიშნულის მტკიცების ტვირთიც მოსარჩელე მხარეს ეკისრებოდა.

4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 09 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, 2017 წლის 20 იანვარს მამკვიდრებლის სახელით შედგენილ ანდერძზე შესრულებულ ხელმოწერასთან დაკავშირებით დაინიშნა კალიგრაფიული ექსპერტიზა და სასამართლო კალიგრაფიული ექსპერტიზის ჩატარება დაევალა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 16 სექტემბრის დასკვნის თანახმად დადგინდა, რომ ხელმოწერა, მამკვიდრებლის სახელით (ტექსტის სახით), განლაგებული, 2017 წლის 20 იანვარს შედგენილ შინაურულ ანდერძზე, მეორე გვერდზე, გრაფაში: „მოანდერძე ე.მ–ი (ტ.2, ს.ფ.148), შესრულებულია ე.მ–ის მიერ. გამოსაკვლევად წარმოდგენილ ანდერძზე, დათარიღებული 20 იანვარი 2017 წლით (1ფ, საქმე N2/31344–17, ტომი II, ს.ფ.148), გრაფაში „მოანდერძე - ე.მ–ი“ განთავსებული „ე.მ–ის“ სახელით შესრულებული ხელმოწერა - არ არის შესრულებული რაიმე სახის ტექნიკური საშუალების გამოყენებით (პრინტერი, სკანერი და სხვა), არამედ შესრულებულია საწერი საშუალებით, კერძოდ, ბურთულიანი კალმით. გამოსაკვლევად წარმოდგენილ ანდერძზე, დათარიღებული 20 იანვარი 2017 წლით (1ფ, საქმე N2/31344-17, ტომი II, ს.ფ.148), გრაფაში „მოანდერძე – ე.მ–ი“ განთავსებული „ე.მ–ის“ სახელით შესრულებული ხელმოწერა - არ არის გადატანილი არც გადამყვანი ქაღალდის მეშვეობით და არც დაწოლის გზით უფერო კვლების შემდგომი გარშემოვლით. გამოსაკვლევი „ე.მ–ის“ სახელით შესრულებული ხელმოწერა არ არის გადატანილი გამჭოლ შუქზე არცერთი შესადარებლად წარმოდგენილი ე.მ–ის ხელმოწერის თავისუფალი ნიმუშიდან, რომლებიც განთავსებულია: სამკვიდრო მოწმობის 2 ცალ ეგზემპლარზე, ორივე მათგანი 27 სექტემბერი 2006 წლის თარიღით, რეესტრის N2-180, მე-3 ფურცლებზე (II ტომი, ს.ფ.61-63 და ს.ფ. 73-75); ოქმზე ანდერძის გამოქვეყნების თაობაზე, 2006 წლის 08 მაისის თარიღით, რეგისტრაციის N1-2187 (II ტომი, ს.ფ.81) და სანოტარო აქტზე სამკვიდრო მოწმობის მიღების შესახებ განცხადების თაობაზე, რეესტრში სარეგისტრაციო N2-143, 2006 წლის 16 აგვისტოს თარიღით (II ტომი, ს.ფ.84). პალატის მითითებით, საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების გზით, უტყუარად დადასტურდა, რომ სადავო ანდერძზე შესრულებული ხელმოწერა ეკუთვნის მამკვიდრებელს. სადავო ანდერძი შედგენილია სსკ-ის 1366-ე მუხლით განსაზღვრული წესით, დაცულია ანდერძის შედგენის ფორმა. აღნიშნულს სადავოდ არც მოსარჩელე ხდიდა. ამდენად, სასამართლომ მართებულად დაადგინა, რომ მამკვიდრებლის მიერ 2017 წლის 20 იანვარს შედგენილი იქნა არა შინაურული, არამედ ტექნიკური (ნაბეჭდი) საშუალებით შედგენილი ანდერძი. ამასთან, მოანდერძე მამკვიდრებელი ადასტურებს, რომ ანდერძის შინაარსი წაიკითხა ამობეჭდილი ფორმითაც, ანდერძი სრულად ასახავს მის ნება-სურვილს და შინაარსი გადმოცემულია სრულად. ანდერძი შესრულებულია ორ ეგზემპლარად და ორივე ეგზემპლარზე ხელმოწერა შესრულებულია მის მიერ, რის შემდეგაც მასზე ხელმოწერები გააკეთეს მოწმეებმა. ანდერძს ხელმოწერით ამოწმებს მოანდერძე - მამკვიდრებელი. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ სადავო ანდერძის, მისი ხელმოწერის ნამდვილობასა და ასევე მასში ასახული შინაარსის მამკვიდრებლის ნებასთან თანხვედრაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობდა. აღნიშნული დასკვნა კი ძირითად სარჩელს საფუძველს აცლიდა.

5. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხე შეგებებული სარჩელით ითხოვდა მის, როგორც ანდერძისმიერი და არა კანონისმიერი მემკვიდრეობიდან გამომდინარე, სადავო უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობას, მამკვიდრებელმა საკუთარი ნების თავისუფალი გამოვლენით განსაზღვრა მემკვიდრე და განკარგა მთელი სამკვიდრო, ხოლო მოსარჩელე არ წარმოადგენდა სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლების მქონე სუბიექტს (სსკ-ის 1371-ე მუხლი), ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით არ გამოიკვეთა იმგვარი გარემოება, რაც მამკვიდრებლის მიერ შედგენილი ანდერძის ნამდვილობას ეჭქვეშ დააყენებდა. ამდენად, შეგებებული სარჩელი ძირითადი მოსარჩელის მიმართ სადავო ქონებაზე შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე საფუძვლიანი იყო, რაც გამორიცხავდა ანდერძის, განცხადების ბათილად ცნობის და ქონებაზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის შესახებ ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

6. სააპელაციო პალატის განმარტებით, სააპელაციო საჩივარი იმეორებდა იმ საფუძვლებს, რაც მოსარჩელე მხარის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მთავარ სხდომაზე იქნა გაცხადებული (მოსარჩელის მხრიდან სადავო გახდა ასევე მამკვიდრებლის ნების გამოვლენის ნამდვილობა ანდერძის შედგენის დროს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ანდერძის გაცემის პერიოდისათვის მამკვიდრებელს ჰქონდა მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე, ანდერძში მითითებულია, რომ აღნიშნული ანდერძით იგი გამოხატავს არამარტო მის ნებას, არამედ ასრულებს დედამისის - მ.მ–ის დანაბარებს, რომელმაც აღნიშნული ქონება უანდერძა იმ მიზნით, რომ ის მემკვიდრეობით გადაეცა მისი შვილიშვილისთვის - შეგებებული სარჩელით მოსარჩელისთვის, ხოლო მ.მ–ის შვილიშვილი არის თუ არა შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, საქმის მასალებით დადასტურებული არ არის. ამასთან, მამკვიდრებელმა იცოდა ქართული ენა, მაგრამ არ იცოდა ქართულად წერა-კითხვა, ხოლო ანდერძს თარჯიმანი არ აწერს ხელს).

7. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარე, რომელიც უთითებს მის სასარგებლო ფაქტზე, მანვე უნდა დაამტკიცოს ეს ფაქტი შესაბამისი მტკიცებულებებით და მასვე ეკისრება ამ მტკიცებულებების ნამდვილობის დადასტურებაც, ხოლო მამკვიდრებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის და ქართული წერა-კითხვის არცოდნის შესახებ, მოსარჩელე მხარის მიერ საქმის მასალებში რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა. ამასთან, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი და საქმეზე მტკიცებულების სახით დართული (იხ. სხდომის ოქმი 12.12.2024წ.) მამკვიდრებლის საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტით - ატესტატით კი ირკვევა, რომ მამკვიდრებელს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ფრიადი შეფასება აქვს.

8. აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ პროცესუალური წესების დარღვევით წარდგენილ ახალ ფაქტობრივ გარემოებებს არ უნდა მისცემოდა სამართლებრივი შეფასება და მათ სასამართლო მხედველობაში ვერ მიიღებდა. სასამართლოს მითითებით, მამკვიდრებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის და ქართული ენის წერა-კითხვის არცოდნის შესახებ დასახელებული ფაქტები მოსარჩელე მხარეს სასამართლოს მოსამზადებელ ეტაპზე არ განუცხადებია.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 3 ივნისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

12. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

13. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

14. საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შემოწმების საგანია ანდერძის ნამდვილობის საკითხი.

15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ფიზიკურ პირს შეუძლია სიკვდილის შემთხვევისათვის თავისი ქონება ან მისი ნაწილი ანდერძით დაუტოვოს ერთ ან რამდენიმე პირს, როგორც მემკვიდრეთა წრიდან, ისე გარეშე პირებსაც [1344-ე მუხლი]. მოანდერძე შეიძლება იყოს სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელსაც ანდერძის შედგენის მომენტში შეუძლია გონივრულად განსაჯოს საკუთარი მოქმედება და ნათლად გამოხატოს თავისი ნება [1345-ე მუხლი]. ანდერძი უნდა შედგეს წერილობითი ფორმით. ამასთან, დასაშვებია წერილობითი ანდერძი სანოტარო ფორმით ან ამის გარეშე [1357.1 მუხლი]. ანდერძის ტექსტი შეიძლება გადმოიცეს საერთოდ მიღებული ტექნიკური საშუალებებით, ოღონდ ხელმოწერილი უნდა იყოს მოანდერძის მიერ. ასეთ შემთხვევაში ანდერძის შედგენა და მოანდერძის მიერ ხელის მოწერა უნდა მოხდეს ორი მოწმის თანდასწრებით, რომლებიც დაადასტურებენ, რომ ანდერძი შედგენილი იყო მათი თანდასწრებით ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მოწმეთა მიერ ანდერძის დადასტურება უნდა მოხდეს მოანდერძის მიერ ანდერძზე ხელის მოწერის შემდეგ დაუყოვნებლივ, მოანდერძისა და ორივე მოწმის თანდასწრებით ანდერძზე სათანადო წარწერის გაკეთებით, მოწმეთა სახელის, გვარისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით [სსკ-ის 1366-ე მუხლი]. ანდერძი ბათილად ჩაითვლება იმ პირობების არსებობისას, რომლებიც იწვევენ გარიგების ბათილობას საერთოდ. საანდერძო განკარგულებები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან კანონს ან საზოგადოებრივ ინტერესებს, აგრეთვე ისეთი განკარგულებები, რომლებიც გაუგებარია ან ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს – ბათილია. ანდერძი სასამართლოს მიერ შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ იგი შედგენილია კანონით დადგენილი წესების დარღვევით, ასევე ისეთ მდგომარეობაში, როცა პირს არ შეეძლო შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა და წარემართა იგი [1403-ე მუხლი].

16. განსახილველ შემთხვევაში 2017 წლის 20 იანვარს მამკვიდრებლის მიერ ტექნიკური საშუალებით - კომპიუტერის მეშვეობით შედგენილი იქნა ანდერძი, რომლის თანახმად, მან გასცა შემდეგი განკარგულება, რომ მთელი თავისი ქონება, მათ შორის, მის სახელზე რიცხული ბინა, მდებარე: ქ. თბილისი, ..........., უანდერძა შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს (დაბადებული 1989 წლის 09 აგვისტოს, პ/ნ .....). ამასთან, მოანდერძე მამკვიდრებელი ადასტურებს, რომ ანდერძის შინაარსი წაიკითხა ამობეჭდილი ფორმითაც, ანდერძი სრულად ასახავს მის ნება-სურვილს და შინაარსი გადმოცემულია სრულად. ანდერძი შესრულებულია ორ ეგზემპლარად და ორივე ეგზემპლარზე ხელმოწერა შესრულებულია მის მიერ, რის შემდეგაც მასზე ხელმოწერები გააკეთეს მოწმეებმა. ანდერძს ხელმოწერით ამოწმებს მოანდერძე - მამკვიდრებელი (იხ. წინამდებარე განჩინების 2.4 ქვეპუნქტი).

17. ამდენად, ანდერძი შედგენილია ტექნიკური საშუალების გამოყენებით, კანონის მოთხოვნათა დაცვით და პრეზუმირებულია, რომ ანდერძი ნამდვილია.

18. პრეზუმფცია, როგორც ვარაუდი ამა თუ იმ ფაქტის შესახებ, მტკიცებას არ ექვემდებარება და თუ იგი არ იქნა უარყოფილი, სასამართლომ უნდა გამოიყენოს პრეზუმირებული ფაქტი. თავის მხრივ, პრეზუმირებული ფაქტის პროცესუალური ბუნება აისახება იმაში, რომ ამგვარი ვარაუდის გაქარწყლება ეკისრება პირს, რომლის წინააღმდეგაც არის მიმართული იგი. ამდენად, ის გარემოება, რომ სადავო ანდერძი არ წარმოადგენდა ნამდვილს, მოსარჩელის სამტკიცებელი გარემოება იყო. გარდა ამისა, მოცემული კატეგორიის დავაში მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დამტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება, რომელიც მან უტყუარი მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-685-655-2014, 2 ოქტომბერი, 2015 წელი; სუსგ საქმე №ას-615-2022, 23 სექტემბერი, 2022 წელი).

19. ამდენად, სადავო ანდერძის ბათილობის წინაპირობების არსებობა მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა, რომლის დადასტურება ამ უკანასკნელს სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების სტანდარტის შესაბამისად (სსსკ-ის 102-ე მუხლი), სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით უნდა უზრუნველეყო (იხ. სუსგ საქმე №ას-802-2021, 27 ივლისი, 2023 წელი), რაც მან ვერ განახორციელა. კერძოდ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 16 სექტემბრის დასკვნის თანახმად, ანდერძზე ხელმოწერა შესრულებულია მამკვიდრებლის მიერ. გამომდინარე აქედან, მამკვიდრებლის სახელით, 2017 წლის 20 იანვარს ტექნიკური საშუალებით შედგენილი ანდერძის შინაარსი შეესაბამებოდა მოანდერძის ნებას და კასატორის პრეტენზია, რომ ანდერძი ყალბია, ვერ იქნება გაზიარებული.

20. საკასაციო საჩივრის ავტორის ძირითადი შედავება არის ის, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ანდერძის შინაარსი და არ დაადგინა, წარმოადგენს თუ არა შეგებებული სარჩელით მოსარჩელე მამკვიდრებლის შვილს.

21. საქართველოს კონსტიტუციის 19.1 მუხლის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. „მემკვიდრეობის უფლების გარანტია ავსებს საკუთრების უფლების გარანტიას და მასთან ერთად ქმნის კონსტიტუციით გათვალისწინებული კერძო საკუთრებითი წესრიგის საფუძველს. საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება ერთად ქმნიან იმ საზოგადოებრივი წყობილების არსებით, ძირითად ელემენტებს, რომლებიც თავის მხრივ ადამიანის კერძო ავტონომიის პრინციპს ემყარება“ (იხ. ბ. ზოიძე, ქართული სანივთო სამართალი, მეორე გამოცემა, თბ., 2003 წ, გვ.7.). ანდერძი არის მამკვიდრებლის ნების გამოხატვის აქტი სიკვდილის შემთხვევაში მისი ქონებრივი აქტივისა და პასივის სხვა პირებისათვის გადაცემის შესახებ. მასში ნათლადაა გამოხატული მემკვიდრეთა თავისუფალი არჩევის შესაძლებლობა (იხ. რ. შენგელია/ე. შენგელია, საოჯახო და მემკვიდრეობის სამართალი, მესამე გამოცემა, თბ., 2019 წ, გვ. 340). „ანდერძი არის მამკვიდრებლის ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად იგი განსაზღვრავს გარდაცვალების შემთხვევაში მისი ქონების გადასვლას მემკვიდრეებზე და ამ შემთხვევაში, ანდერძით მემკვიდრეობა ცვლის კანონით მემკვიდრეობას (სამოქალაქო კოდექსის 1306-ე, 1344-ე მუხლები)“ (იხ: განმარტებითი იურიდიული ლექსიკონი, თბ., 2014 წ, გვ. 44). „ანდერძი გარდაცვლილი პირის ქონების სხვა პირთათვის (როგორც მემკვიდრეების, ისე გარეშე პირებისთვის) გადაცემის ერთ-ერთი ფორმაა“ (იხ. ე. ნანდოშვილი, ანდერძის საფუძველზე წარმოშობილ ურთიერთობათა სამართლებრივი რეგულირება, თბ., 2022 წ, გვ. 28) (იხ. სუსგ საქმე №ას-1059-2023, 14 დეკემბერი, 2023 წელი).

22. სსკ-ის 1344-ე მუხლის მიხედვით, ფიზიკურ პირს შეუძლია სიკვდილის შემთხვევისათვის თავისი ქონება ან მისი ნაწილი ანდერძით დაუტოვოს გარეშე პირებსაც, ხოლო 1307.ბ მუხლის თანახმად, მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ ანდერძით მემკვიდრეობისას – პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, აგრეთვე ისინი, რომლებიც ჩაისახნენ მის სიცოცხლეში და დაიბადნენ მისი გარდაცვალების შემდეგ, მიუხედავად იმისა, მისი შვილები არიან ისინი თუ არა, ასევე იურიდიული პირები.

23. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მამკვიდრებელი ანდერძში მოპასუხეს მიიჩნევს შვილად და ანდერძში მითითებულია მემკვიდრის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და პირადი ნომერი, პირის უნიკალური საიდენტიფიკაციო მონაცემი), რაც თანხვედრაშია მოპასუხის პირად მონაცემებთან. შესაბამისად, ვინაიდან კანონით შესაძლებელია მამკვიდრებლის მიერ სამკვიდრო ქონების დატოვება გარეშე პირთათვისაც, მამკვიდრებელსა და მოპასუხეს შორის ნათესაური კავშირის (მამაშვილობის) დადგენა მოცემული დავის გადაწყვეტისთვის რელევანტური აღარ არის.

24. ამასთან, ვინაიდან მოპასუხე შეგებებული სარჩელით სადავო ქონების მესაკუთრედ ცნობას ითხოვდა, როგორც ანდერძისმიერი მემკვიდრე და ანდერძის სიყალბე მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, ხოლო ეს უკანასკნელი არ წარმოადგენს სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლების მქონე სუბიექტს [სსკ-ის 1371-ე მუხლი: მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნით სავალდებულო წილი, რომელიც უნდა იყოს იმ წილის ნახევარი, რაც თითოეულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა (სავალდებულო წილი)], მართებულია გასაჩივრებული განჩინებით დამდგარი შედეგი, შეგებებული სარჩელი ძირითადი მოსარჩელის მიმართ სადავო ქონებაზე შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე საფუძვლიანია, რაც გამორიცხავს ანდერძის, განცხადების ბათილად ცნობის და ქონებაზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის შესახებ ძირითადი სარჩელის საფუძვლიანობას.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

26. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2500 ლარის 70% – 1750 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. დ.ა–ნის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს დ.ა–ნს დაუბრუნდეს ზ.ბ–ძის მიერ (პ/ნ: ........) 2025 წლის 2 ივნისს №2358 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2500 ლარის 70% – 1750 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი

ა. ძაბუნიძე