არ დაკმაყოფილდა

სამოქალაქო 22.05.2026
საქმის ნომერი
ას-231-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-231-2025 22 მაისი, 2026 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „კ.ი.მ.ჯ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ.ტ.მ–ბა“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 დეკემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო, პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. შპს „კ.ტ.მ–ბის“ წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „კ.ი.მ.ჯ–ის“ მიმართ, რომლითაც მოითხოვა 2019 წლის 23 სექტემბერს, ინტერნეტ პორტალ „p.ge“-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში მითითებული ინფორმაციის ცილისწამებად აღიარება და მათი იმავე საშუალებით, უარყოფის დავალდებულება.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. 2019 წლის 23 სექტემბერს მოპასუხის კუთვნილ ინტერნეტპორტალზე გამოქვეყნდა სტატია, რომელში ასახული ინფორმაციები არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს ცილისწამებას: 1-ელ სტატიაში გამოქვეყნებული პირველი ფაქტი, თითქოსდა „კომპანია კ.ტ.მ–ას“, რომლის ოფიციალური მფლობელი ი.ნ–ძის ქმრის ძმა, ქართული ოცნების აქტიური მხარდამჭერი, ზ.ჩ–ძეა, თაღლითობაში ადანაშაულებენ“ - არ შეესაბამება რეალობას. აღნიშნული დასტურდება შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის 21.02.2024 წლის წერილით. მე-2 სტატიაში შემდგომ განვითარებული მსჯელობა, რომ „კ.ტ.მ–ბის კუთვნილ ერთ-ერთ ქარხანაში (რომელიც სოფელ ........ მდებარეობს), დამონტაჟებულ სასწორზე, სპეციალური მოწყობილობა აღმოაჩინეს, რომლის გამოყენებითაც ჩაბარების დროს ყურძნის წონა ხელოვნურად მცირდებოდა..... თუმცა, მას შემდეგ, რაც გლეხები დაეჭვდნენ და ხმაური ატეხეს, ადგილზე პოლიცია მივიდა, სასწორზე დამონტაჟებული მოწყობილობა აღმოაჩინა და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით დაიწყო, რაც თაღლითობას გულისხმობს“ - ასევე წარმოადგენს არასწორ ინფორმაციას, რადგან კომპანიის მხრიდან ყურძნის წონის ხელოვნურად შემცირების ფაქტი არ მომხდარა. აღნიშნული დასტურდება ასევე გენერალური პროკურატურის ცნობით.

2.2. სარჩელის თანახმად, მოპასუხე შეგნებულად და არაკეთილსინდისიერი მანიპულაციის გამოყენებით აკეთებდა არასწორ დასკვნას, თითქოს დამონტაჟებული მოწყობილობით „კომპანია პოტენციურ მოგებას ზრდიდა“. რეალურად ადგილი ჰქონდა საპირისპირო მოვლენას. სასწორთან დაკავშირებით მომხდარი ფაქტის შემთხვევაში, თავად მოსარჩელე იყო დაზარალებული, ქარხნის ადმინისტრაციამ მიმართა საგამოძიებო უწყებას. თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით დადგინდა, რომ მესამე პირებმა უკანონო ქმედებით, ქარხნის სასწორზე დაამონტაჟეს მოწყობილობა, რომელიც საშუალებას იძლეოდა ტვირთის აწონის დროს მომხდარიყო სასწორის ელექტრონულ მონიტორზე სასურველი წონის დაფიქსირება, წონის ხელოვნურად მომატება. ხოლო 19 და 20 სექტემბერს, ყურძნით დატვირთული სატვირთო მანქანების აწონის დროს, სასწორზე დამონტაჟებული დისტანციურად მანიპულირების გზით, გაზარდეს ტვირთის წონა და დაეუფლნენ კომპანიის კუთვნილ თანხას.

2.3. სარჩელის თანახმად, არასწორია სტატიაში მოცემული ის ინფორმაციაც, თითქოსდა „კ.ტ.მ–ბის“ 100% წილი, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ქართული ოცნების მხარდამჭერს, ზ.ჩ–ძეს ეკუთვნის. თუმცა, კომპანიის მენეჯმენტიდან მიღებული ინფორმაციით, არაოფიციალური მეწილეა ი.ღ–ი, რომელმაც მას შემდეგ, რაც კ.ტ.მ–ას „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში მილიონები მისცა, წილი მოითხოვა და მიიღო კიდეც“. მოსარჩელის მტკიცებით, კომპანიას დაფუძნების დღიდან ჰყავდა მხოლოდ ერთი დამფუძნებელი პარტნიორი, ზ.ჩ–ძე, რაც დასტურდებოდა კიდეც სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერებით.

2.4. მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ მოპასუხემ დაარღვია ჟურნალისტური ეთიკის პრინციპები და გაავრცელა გადაუმოწმებელი, პირისთვის ზიანის მომტანი და რეპუტაციის შემლახავი, არასწორი ინფორმაცია, არ დაელოდა გამოძიების შედეგებს და მიზანმიმართულად და პროვოკაციულად გამოაქვეყნა კომპანიისა და მისი დამფუძნებლის წინააღმდეგ ცრუ ინფორმაცია.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ წარდგენილი მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3.2. შესაგებლის თანახმად, სადავო სტატია არ ყოფილა არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი ან პირისთვის ზიანის მიმყენებელი. იგი ეყრდნობოდა გავრცელებულ და წყაროს მიერ, ჟურნალისტისთვის მიწოდებულ ინფორმაციას, რომელიც ნათლად ჩანდა, როგორც სტატიის სათაურში, ისე პუბლიკაციაში და არსად მტკიცებით კონტექსტში არ იყო მოხსენიებული კონკრეტული ინფორმაცია. ჟურნალისტის განზრახვა არ იყო ვინმეს ცილისწამება, არამედ ინფორმაციის გავრცელება, რომელსაც თან ერთოდა თავად მოსარჩელის მკაფიო პოზიცია, სადაც იგი უარყოფდა აღნიშნულ ინფორმაციას. ამდენად, ჟურნალისტმა სტატიაში ასახა მოსარჩელის პოზიციაც.

3.2. მოპასუხის მტკიცებით, ჟურნალისტი დაცულია კვალიფიციური პრივილეგიით, რადგან ავტორმა მიიღო მის ხელთ არსებული ყველა ზომა, რათა მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ზუსტი ყოფილიყო.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით, შპს „კ.ტ.მ–ბის“ სარჩელი დაკმაყოფილდა: ა) შპს „კ.ი.მ.ჯ–ის“ (ს/კ: ........) მიერ 2019 წლის 23 სექტემბერს ინტერნეტ პორტალ „p..ge“-ზე გამოქვეყნებული სტატია სათაურით - „ვრცელდება ინფორმაცია, რომ ღვინის კომპანია, სადაც ი.ღ–ი არაოფიციალურ წილს ფლობს, გლეხებს ყურძნის ჩაბარების დროს წონაში ატყუებდა“ - გამოქვეყნებული სრული ინფორმაცია მოსარჩელე შპს „კ.ტ.მ–ბის“ (ს/კ: .......) წინაშე აღიარებულ იქნა ცილისწამებად; ბ) მოპასუხეს დაევალა 2019 წლის 23 სექტემბერს ინტერნეტ პორტალ „p.ge“-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში შემდეგი ინფორმაციის უარყოფა: „ვრცელდება ინფორმაცია რომ ღვინის კომპანია, სადაც ი.ღ–ი არაოფიციალურ წილს ფლობს, გლეხებს ყურძნის ჩაბარების დროს წონაში ატყუებდა“ - ინფორმაციის იმავე საშუალებით, კერძოდ, ინტერნეტ პორტალ „p.ge“-ზე საჯარო განცხადების გზით, შემდეგი სახით: „2019 წლის 23 სექტემბერს, ჩვენს მიერ, ინტერნეტ პორტალ პორტალ „p.ge“-ზე, გამოქვეყნებული ინფორმაცია, თითქოსდა „ვრცელდება ინფორმაცია რომ ღვინის კომპანია, სადაც ი.ღ–ი არაოფიციალურ წილს ფლობს, გლეხებს ყურძნის ჩაბარების დროს წონაში ატყუებდა“ - სიცრუეა და არ შეესაბამება სიმართლეს; გ) მოპასუხეს დაევალა 2019 წლის 23 სექტემბერს ინტერნეტ პორტალ „p.ge“-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში შემდეგი ინფორმაციის უარყოფა: „კ.ტ.მ–ბის“ კუთვნილ ერთ-ერთ ქარხანაში (რომელიც სოფელ ........ მდებარეობს), დამონტაჟებულ სასწორზე, სპეციალური მოწყობილობა აღმოაჩინეს, რომლის გამოყენებითაც ჩაბარების დროს, ყურძნის წონა ხელოვნურად მცირდებოდა. კერძოდ: თუ გლეხი ერთ ტონა ყურძენს მიიტანდა ჩასაბარებლად, ........ მდებარე ქარხანაში, კახური ტრადიციული მეურნეობის სასწორით ჩასაბარებელი ყურძნის წონა ბევრად მცირე გამოდიოდა, რითაც კომპანია პოტენციურ მოგებას ზრდიდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც გლეხები დაეჭვდნენ და ხმაური ატეხეს, ადგილზე პოლიცია მივიდა, სასწორზე დამონტაჟებული მოწყობილობა აღმოაჩინა და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით დაიწყო, რაც თაღლითობას გულისხმობს“ - ინფორმაციის იმავე საშუალებით, კერძოდ, ინტერნეტ პორტალ „p.ge“-ზე საჯარო განცხადების გზით, შემდეგი სახით: 2019 წლის 23 სექტემბერს ჩვენს მიერ ინტერნეტ პორტალ „p.ge“-ზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, თითქოსდა „კ.ტ.მ–ბის“ კუთვნილ ერთ-ერთ ქარხანაში, (რომელიც ........ მდებარეობს), დამონტაჟებულ სასწორზე, სპეციალური მოწყობილობა აღმოაჩინეს, რომლის გამოყენებითაც ჩაბარების დროს ყურძნის წონა ხელოვნურად მცირდებოდა. კერძოდ: თუ გლეხი ერთ ტონა ყურძენს მიიტანდა ჩასაბარებლად, ........ მდებარე ქარხანაში, კახური ტრადიციული მეურნეობის სასწორით ჩასაბარებელი ყურძნის წონა ბევრად მცირე გამოდიოდა, რითაც კომპანია პოტენციურ მოგებას ზრდიდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც გლეხები დაეჭვდნენ და ხმაური ატეხეს, ადგილზე პოლიცია მივიდა, სასწორზე დამონტაჟებული მოწყობილობა აღმოაჩინა და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით დაიწყო, რაც თაღლითობას გულისხმობს“ - სიცრუეა და არ შეესაბამება სიმართლეს; დ) ამავე გადაწყვეტილებით, მოპასუხეს დაევალა 2019 წლის 23 სექტემბერს ინტერნეტ პორტალ „p.ge“-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში შემდეგი ინფორმაციის უარყოფა: „კომპანიის მენეჯმენტიდან მიღებული ინფორმაციით, არაოფიციალური მეწილეა ი.ღ–ი, რომელმაც მას შემდეგ, რაც კ.ტ.მ–ას „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში მილიონები მისცა, წილი მოითხოვა და მიიღო კიდეც“ - ინფორმაციის იმავე საშუალებით, კერძოდ, ინტერნეტ პორტალ p.ge-ზე საჯარო განცხადების გზით შემდეგი სახით: - „სიცრუეა და არ შეესაბამება სიმართლეს, თითქოსდა „კომპანიის მენეჯმენტიდან მიღებული ინფორმაციით, არაოფიციალური მეწილეა ი.ღ–ი, რომელმაც მას შემდეგ, რაც კ.ტ.მ–ას „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში მილიონები მისცა, წილი მოითხოვა და მიიღო კიდეც“. ე) მოპასუხეს ასევე დაევალა 2019 წლის 23 სექტემბერს ინტერნეტ პორტალ „p.ge“-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაციის შესახებ ცნობის გამოქვეყნება სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ მისი სარეზოლუციო ნაწილის მითითებით.

4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით, გაასაჩივრა მოპასუხემ.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი.

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

5.2. სააპელაციო პალატამ მოიხმო გამოხატვის თავისუფლებისა და საქმიანი რეპუტაციის დამცავი სამართლებრივი ნორმები, მიუთითა, როგორც ეროვნულ ასევე საერთაშორისო პრაქტიკაზე, რომლის საფუძველზეც დაასკვნა, რომ სადავო სტატია შეიცავდა არსებითად მცდარ ფაქტებს, რომელიც ლახავდა მოსარჩელის საქმიან რეპუტაციას. პალატამ აღნიშნა, რომ ნებისმიერი ლიცენზირებული მაუწყებლის ვალდებულებაა მოსახლეობას მიაწოდოს გადამოწმებული, სრულყოფილი და უტყუარი ინფორმაცია, რათა კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით არ შეექმნათ მცდარი წარმოდგენა. შედეგად, პალატამ ყურადღება გაამახვილა სტატიის სახელწოდებაზე, სტატია იწყება შემდეგი სათაურით „ვრცელდება ინფორმაცია რომ ღვინის კომპანია, სადაც ი.ღ–ი არაოფიციალურ წილს ფლობს, გლეხებს ყურძნის ჩაბარების დროს წონაში ატყუებდა“. შემდეგ სტატიის ავტორი ხაზგასმით, მტკიცებითი ფორმით გადმოსცემდა ინფორმაციას, რომ შპს „კ.ტ.მ–ბას“ თაღლითობაში ადანაშაულებენ. სტატიის ავტორი აღწერდა მოსარჩელის კუთვნილი ერთ-ერთი ქარხნის ტერიტორიაზე მომხდარ შემთხვევას შემდეგი სიტყვებით: „კ.ტ.მ–ბის კუთვნილ ერთ-ერთ ქარხანაში (რომელიც სოფელ ........ მდებარეობს), დამონტაჟებულ სასწორზე, სპეციალური მოწყობილობა აღმოაჩინეს, რომლის გამოყენებითაც ჩაბარების დროს ყურძნის წონა ხელოვნურად მცირდებოდა“. ავტორი აგრძელებდა ამბის თხრობას და კვლავ მტკიცებით ფორმატში განმარტავდა, „რთვლის დაწყებამდე, პოლიცია ყოველთვის ამოწმებდა ხოლმე ქარხნების სასწორს, მაგრამ ამჯერად რატომღაც გამორჩათ. კომპანიამ კი, წითელ ყურძენზე ჩასაბარებელი ფასი გაზარდა, რითაც გლეხები მიიზიდა, თუმცა სასწორზე დამონტაჟებული მოწყობილობით, წონა ხელოვნურად შემცირდა. პალატის მითითებით, მართალია, სტატიის ავტორი ფაქტთან დაკავშირებით უთითებდა კომპანიის პოზიციაზე, თუმცა ავითარებდა საკუთარ მსჯელობას და იქვე უარყოფდა კომპანიის პოზიციის სისწორეს და განმარტავდა „სხვაგვარად რომ ვთქვათ, კახური ტრადიციული მეურნეობის მენეჯმენტის თქმით, იმ ქარხანაში რომლის გახსნას 2014 წელს ღ–ი დაესწრო, ვიღაც შეიპარა და სასწორზე ისეთი მოწყობილობა დაამონტაჟა, რითაც ყურძნის წონა ხელოვნურად იზრდებოდა, რაც ცხადია არადამაჯერებელია, რადგან გლეხები ამ კომპანიის წარმომადგენლებს თაღლითობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ რომ წონაში ატყუებენ“. მოხმობილი სტატიის შინაარსის გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ, როგორც მთლიანად სტატიაში მოყვანილი ინფორმაცია, ასევე სტატიის სათაური იყო მცდარ ფაქტებზე აგებული.

5.3. სააპელაციო პალატამ უდავო გარემოებად მიიჩნია, რომ 2019 წლის სექტემბრის თვეში შპს „კ.ტ.მ–ბის“ კუთვნილ, სოფელ ...........ის ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე ყურძნის ჩაბარების/აწონის დროს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით). საქართველოს შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტს გურჯაანის რაიონული სამმართველოს 2019 წლის 8 ოქტომბრის წერილით დასტურდებოდა, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა თავად მოსარჩელე კომპანიის მენეჯერის - ზ.ჭ–ძის სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე. ასევე უდავო იყო, რომ სადავო პერიოდიდან მოყოლებული არ ყოფილა დაწყებული გამოძიება შპს „კ.ტ.მ–ბის“ მიერ ყურძნის ჩაბარების დროს, კომპანიის ბრალეულობით ყურძნის წონით შესაძლო მანიპულაციისა და შეგნებულად ყურძნის მასის ხელოვნურად შემცირებასთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 23 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგინდა, რომ ის ფაქტი, რაც მოპასუხის მიერ გავრცელებულ სადავო სტატიაშია მოცემული, საერთოდ არ დასტურდებოდა მოსარჩელის მონაწილეობა, ჩადენილია კონკრეტული ფიზიკური პირების მიერ და მათ მიმართ დამდგარი იყო განაჩენი, კერძოდ: დ.ტ–მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ - მ.ც–ძესთან და ზ.ს–თან ერთად. ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მოახერხეს და შეაღწიეს შპს „კ.ტ.მ–ბის“ ღვინის ქარხანაში, სადაც მაღალი ტონაჟობის სასწორზე დაამონტაჟეს დისტანციურად სამართავი მოწყობილობა, რაც იძლეოდა საშუალებას სასწორზე ტვირთის აწონის დროს მომხდარიყო სასწორის ელექტრონულ მონიტორზე სასურველი წონის დაფიქსირება, წონის ხელოვნურად მომატება. 2019 წლის 19 და 20 სექტემბერს ყურძნით დატვირთული სატვირთო მანქანების აწონის დროს, სასწორზე დისტანციურად მანიპულირების გზით, გაზარდეს ტვირთის წონა და დაეუფლნენ შპს „კ.ტ.მ–ბის“ თანხას 13 510,8 ლარს. ამდენად, ორგანიზებული ჯგუფის წევრები: მ.ც–ძე, დ.ტ–ი და ზ.ს–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლნენ შპს „კ.ტ.მ–ბის“ 13 510,8 ლარს.

5.4. პალატამ ასევე ყურადღება მიაპყრო იმ გარემოებასაც, რომ სადავო სტატია მოპასუხემ 2019 წლის 23 სექტემბერს განათავსა ინტერნეტპორტალზე. თაღლითობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გურჯაანის რაიონულ სამმართველოში კი, 2019 წლის 22 სექტემბერს დაიწყო თავად მოსარჩელე კომპანიაში დასაქმებული პირის სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე. მართალია, სადავო სტატიაში ავტორი მიუთითებდა, რომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო თაღლითობის მუხლით, თუმცა სტატია არ შეიცავდა ინფორმაციას შპს „კ.ტ.მ–ბის“ სოფელ ...........ის ღვინის ქარხნის მენეჯერის სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე სისხლის სამართლის გამოძიების დაწყების თაობაზე და სტატიის ავტორი მტკიცებითი ფორმით აწვდიდა მის მომხმარებელს ინფორმაციას, რომ მოსარჩელე კომპანიას თაღლითობაში ადანაშაულებენ და კომპანია, გლეხებს ყურძნის ჩაბარების დროს წონაში ატყუებდა, რაც წარმოადგენდა კომპანიის რეპუტაციის შემლახველი, არსებითად მცდარი ფაქტის, გამიზნულად გავრცელებას და არ ჯდებოდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში.

5.5. გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ არსებითად მცდარ ფაქტს, წარმოადგენდა მოპასუხის მიერ საწარმოს მეწილეების შესახებ ინფორმაციაც, ვინაიდან სამეწარმეო რეესტრის ამონაწერით გავრცელებული სტატიისგან აბსოლუტურად განსხვავებული ფაქტი დასტურდებოდა. ამ მიმართებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან ამონაწერით დასტურდებოდა, რომ შპს „კ.ტ.მ–ბის“ ერთ-ერთ ძირითად ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენდა ყურძნის მოყვანა და ყურძნისგან ღვინის წარმოება. სტატიაში მოყვანილი ინფორმაცია უკავშირდებოდა მოსარჩელის კუთვნილი ქარხნის ტერიტორიაზე მოსარჩელის მიერ გლეხებისგან ყურძნის შესყიდვას. სტატიის შინაარსი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ნეგატიური კონტექსტით ახასიათებდა შპს „კ.ტ.მ–ას“ და ხაზგასმით, ყოველგვარი მტკიცებულებებისა და გადამოწმების საფუძველზე აცხადებდა, რომ სასწორზე დამონტაჟებული მოწყობილობით წონა ხელოვნურად მცირდებოდა და კომპანია ყურძნის ჩაბარების დროს გლეხებს წონაში ატყუებდა. ამდენად, გავრცელებული ინფორმაცია კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე სწორედაც, რომ პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი იყო. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო სტატიაში მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ინფორმაცია წარმოადგენდა ფაქტს და არა სტატიის ავტორის მოსაზრებას.

5.6. პალატამ, ასევე მიუთითა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ცილისწამებასთან დაკავშირებით მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ გავრცელებული განცხადება წარმოადგენდა ცილისწამებას და სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა.

5.7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 დეკემბრის განჩინება, საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით, გაასაჩივრა მოპასუხემ.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

6.1. კასატორმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე¹“ ქვეპუნქტებზე, 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილზე, ასევე 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებზე. მისივე განმარტებით, მოსარჩელემ ვერც საქალაქო და ვერც სააპელაციო სასამართლოში ვერ წარმოადგინა მტკიცებულება იმისა, თუ რა ზიანი მიადგა მას სადავო სტატიის გამოქვეყნებით. საქმეში არ დევს არც ერთი ფაქტი, რომელიც მიანიშნებდა იმაზე, რომ აღნიშნული სტატიის გამოქვეყნებით შპს „კ.ტ.მ–ამ“ რაიმე სახის ზიანი განიცადა. მიუხედავად ამისა, კასატორის მტკიცებით, სასამართლომ ვებგვერდზე „p..ge“-ზე გამოქვეყნებული სტატია ცილისწამებად შეაფასა ისე, რომ არ განუხილავს და არ გაუთვალისწინებია ზიანის ფაქტი. კერძოდ, სასამართლომ არ შეაფასა, რა სახის ზიანი მიადგა მოსარჩელეს სტატიის გამო, და არც მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა ამგვარი მტკიცებულება.

6.2. კასატორი მიიჩნევს, რომ ასეთ ვითარებაში, სასამართლომ, ფაქტობრივად, შეცვალა ცილისწამების დეფინიცია, რომელიც განსაზღვრულია „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის“ პირველი მუხლის "ე" ქვეპუნქტით, სადაც ცილისწამების აუცილებელ შემადგენელ ნაწილად მკაფიოდ არის განსაზღვრული ზიანის არსებობა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, მოხდა კანონმდებლის უფლებამოსილებაში ჩარევა და დამკვიდრდა სამართლებრივი და დემოკრატიული საზოგადოებისათვის მიუღებელი პრეცედენტი, რომლის შედეგადაც საფრთხე შეექმნა დემოკრატიის ერთ-ერთ მთავარ მონაპოვარს - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, რადგან ცილისწამების დეფინიციიდან ფაქტობრივად ამოღებულ იქნა ზიანის ელემენტი.

6.3. გარდა ამისა, კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლო ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისად ჩამოყალიბებულ პრაქტიკასაც, რომლის მიხედვითაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო ცილისწამების შემთხვევებში ყოველთვის განიხილავს ზიანის საკითხს - როგორც მორალური, ისე მატერიალური ზიანის ფორმით - და მას ცილისწამების აუცილებელ შემადგენელ ნაწილად მიიჩნევს. ამრიგად, მოცემული საქმე შეიცავს მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტა ევროპული კონვენციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი, პროგნოზირებადი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას ქვეყანაში.

6.4. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და მისი შეზღუდვა დაუშვებელია. დაუშვებელია პირის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. მიუხედავად ასეთი ცხადი სამართლებრივი რეგულაციისა, სასამართლომ სადავო სტატია მთლიანად ცილისწამებად შეაფასა, მაშინ როცა მასში გამოხატულია ჟურნალისტის შეფასებითი აზრი, მოსაზრება, მსჯელობა და კომენტარი. შედეგად, სასამართლომ უკანონოდ შეზღუდა აზრის თავისუფლება, რომელიც აბსოლუტური პრივილეგიით არის დაცული.

6.5. კასატორი უთითებს, რომ სტატიის მე-7 აბზაცში ავტორი იყენებს ფრაზას: „რაც ცხადია, არადამაჯერებელია“, რომელიც თავისი არსით წარმოადგენს შეფასებით აზრსა და კომენტარს - გამომდინარე გლეხების მიერ გაკეთებული განცხადებიდან. ეს სრულად ჯდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ აზრის დეფინიციაში.

6.6. შესაბამისად, კონსტიტუციითა და კანონით დაცული აზრი, რომლის შეზღუდვაც დაუშვებელია, ვერ ჩაითვლება ცილისწამებად. მიუხედავად ამისა, სასამართლომ მთლიანი სტატია, მათ შორის ავტორის შეფასებითი მოსაზრებებიც, ცილისწამებად მიიჩნია, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის პირველი მუხლის „ბ“ და მე-4 მუხლის პირველი პუნქტი. ამგვარად, სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა.

6.7. გამოხატვის თავისუფლება დაცულია, როგორც ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით, ასევე საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონით“. აღნიშნული კანონის მე-13 და მე-14 მუხლები ადგენს პირობებს, როდესაც პირს შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა ცილისწამებისათვის. ორივე მუხლში ცალსახად ხაზგასმულია ზიანის არსებობის აუცილებლობა. კასატორის მტკიცებით, იმისათვის, რომ პირს დაეკისროს პასუხისმგებლობა ცილისწამების გამო, საკმარისი არ არის განცხადების ან სტატიის შინაარსში მცდარი ფაქტების არსებობა - აუცილებელია დადასტურდეს, რომ ამ განცხადებამ მოსარჩელეს რეალური ზიანი მიაყენა. შესაბამისად, განცხადება, რომელმაც ზიანი არ გამოიწვია, ცილისწამებად ვერ ჩაითვლება. მიუხედავად ამისა, სასამართლომ აღნიშნული კანონი არ გამოიყენა და სტატია ცილისწამებად შეაფასა მაშინ, როცა მოსარჩელე მხარემ ზიანის არსებობის არც ერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, რადგან ასეთი ზიანი საერთოდ არ არსებობს.

6.8. მართალია, სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლზე და ამ მუხლით დაცულ სიკეთეებზე, თუმცა კასატორის მტკიცებით, ცილისწამების შემადგენლობა არასწორად განმარტა და დაეყრდნო მხოლოდ ზოგად დებულებებს. ასევე, არასწორად განიმარტა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის მე-15 მუხლიც - სასამართლომ არ შეაფასა სადავო სტატია კვალიფიციური პრივილეგიის ფარგლებად, მიუხედავად იმისა, რომ ავტორს სტატიის გამოქვეყნების მომენტში არ შეეძლო სცოდნოდა ის ფაქტები, რომელთა დადგენას შემდგომში თვეები და გამოძიება დასჭირდა.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 თებერვლის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შემოწმების მიზნით.

7.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული და მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

9. საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლი).

10. საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404.1 მუხლის პირველი წინადადება). საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი).

11. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის დავის საგანია იურიდიული პირის მიმართ განხორციელებული არსებითად მცდარი ფაქტების გავრცელებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის ფაქტის დადგენა.

12. შესაბამისად, საკასაციო პალატა შეაფასებს, მოსარჩელის შესახებ 2019 წლის 23 სექტემბერს ინტერნეტ პორტალ „p..ge“-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს თუ არა მოსარჩელის სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით დაცულ სფეროში იმგვარ ჩარევას, რასაც სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მოჰყვება. სხვაგვარად, წარმოადგენს თუ არა გავრცელებული ინფორმაცია მოსარჩელის შესახებ არსებითად მცდარი ფაქტების შემცველ, პირისათვის ზიანის მიმყენებელ, მისთვის სახელის გამტეხ განცხადებებს.

13. გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს საფუძველია, რადგან მის გარეშე შეუძლებელია ადამიანის თვითრეალიზაცია - გამოხატვის თავისუფლება თითოეული ადამიანის განვითარების და მთლიანად საზოგადოების პროგრესის აუცილებელი საფუძველია, სწორედ ის ქმნის საზოგადოებაში დემოკრატიული ღირებულებების გაზიარების პერსპექტივას. თავისუფალი სიტყვა იმით ფასობს, ანუ სწორედ იმაში გამოიხატება სიტყვის თავისუფლება, რომ ის მოიცავს არა მხოლოდ ისეთ მოსაზრებებს თუ გამონათქვამებს, რომლებიც ყველასათვის მისაღებია, დადებითად აღიქმება, მთლიანად საზოგადოების ან თუნდაც მისი დიდი ნაწილის, უმრავლესობის აზრს და გემოვნებას ეხმიანება, არ ითვლება საჩოთიროდ, არამედ მოიცავს ისეთ იდეებს, აზრებს თუ გამონათქვამებსაც, რომლებიც მიუღებელია ხელისუფლებისთვის, საზოგადოების ნაწილისთვის თუ ცალკეული ადამიანებისთვის, შოკის მომგვრელია, რომელმაც შეიძლება აღაშფოთოს საზოგადოება, ადამიანები, წყენაც კი მიაყენოს მათ, გამოიწვიოს საზოგადოებაში ვნებათა ღელვა, ასევე იგი მოიცავს კრიტიკას და სარკაზმსაც. ასეთია ტოლერანტობის, პლურალიზმის, შემწყნარებლობის მოთხოვნები, რომლებიც დემოკრატიის საზრდოობისთვის შეუცვლელი წყაროა. ამავდროულად, არც ერთი ადამიანის თავისუფლება არ შეიძლება ეფუძნებოდეს სხვისი თავისუფლების ხელყოფას. ამიტომ გამოხატვის თავისუფლების ზღვარიც სხვათა უფლებებია. გამოხატვის თავისუფლების, როგორც საზოგადოების, ისე ინდივიდის განვითარებისთვის, უდიდესი მნიშვნელობის მიუხედავად, ის არ სარგებლობს თავისთავადი უპირატესობით რომელიმე სხვა კონსტიტუციურ სიკეთესთან მიმართებით. მაშინ როდესაც ამ უფლებით შეუზღუდავად სარგებლობამ რეალური დარღვევის საფრთხე შეიძლება შეუქმნას ამა თუ იმ უფლებას, გამოხატვის თავისუფლებაც შეიძლება შეიზღუდოს და ესეც დემოკრატიის ერთი-ერთი მთავარი წესია. მაშასადამე, გამოხატვის თავისუფლების უდიდესი მნიშვნელობის მიუხედავად, ის არ არის აბსოლუტური და შეიძლება შეიზღუდოს სხვათა უფლებების, მათ შორის, რეპუტაციის დასაცავად (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2016 წლის 30 სექტემბრის №1/6/561,568 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-39,40,44,47).

14. აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად [საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 პუნქტები].

15. ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, გააჩნდეს საკუთარი შეხედულება, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია ან იდეები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ისინი განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს კანონით დადგენილ ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი უწესრიგობის თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა უფლებების ან ღირსების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად, ანდა სასამართლოს ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად [ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-10 მუხლი].

16. გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის „აუცილებლობის“ ძირითადი პრინციპები ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა მრავალ საქმეში. ამ გადაწყვეტილებებში სასამართლომ აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლება ვრცელდება არა მხოლოდ იმ „ინფორმაციისა“ და „იდეების“ მიმართ, რომლებიც კეთილგანწყობით მიიღება, არაშეურაცხმყოფელად არის მიჩნეული ან ინდიფერენტული დამოკიდებულების საგანია, არამედ იმათ მიმართაც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაშფოთებელია. ამიტომ გამოხატვის თავისუფლების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა განსაზღვრული იყოს მკაცრად და მისი გამოყენების საჭიროება სარწმუნოდ უნდა იყოს დადასტურებული. შეზღუდვის გამოყენება უნდა იყოს „აუცილებელი“ დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვა პირთა რეპუტაციის დასაცავად. „აუცილებელი“ კი, სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს „მწვავე საზოგადოებრივ საჭიროებას“ (Handyside v. the United Kingdom (7 December 1976, Series A no. 24), Stoll v. Switzerland ([GC] no. 69698/01, § 101, ECHR 2007-V); Animal Defenders International v. the United Kingdom [GC], no. 48876/08, § 100, ECHR 2013; Morice v. France [GC], no. 29369/10, § 124, 23 April 2015). როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირთა რეპუტაციის დაცვის უფლება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული უფლებაა. სტრასბურგის სასამართლომ არაერთ საქმეში აღნიშნა, რომ ორივე უფლება - გამოხატვის თავისუფლებაც და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაც - თანაბარ დაცვას იმსახურებს. თუმცა, იმისათვის, რომ მე-8 მუხლით დაცული უფლების დარღვევა დადგინდეს, თავდასხმამ პირის რეპუტაციაზე სერიოზულობის განსაზღვრულ ხარისხს უნდა მიაღწიოს (Ärztekammer Fur Wien And Dorner v. Austria, no. 8895/10, § 62, 16 February 2016) (იხ. სუსგ საქმე №ას-625-593-2014, 20 მაისი, 2016 წელი).

17. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა გარკვეული კრიტერიუმები, რომლებიც ამ ორ უფლებას შორის სამართლიანი წონასწორობის უზრუნველყოფის მიზნით ფასდება. აღნიშნული კრიტერიუმებია: (ა) ის წვლილი, რომელიც სადავო განცხადებამ საზოგადოებრივი ინტერესის სფეროში მიმდინარე დებატებში შეიტანა; (ბ) იმ პირის საზოგადოებრივი ცნობადობის ხარისხი, როლი და ფუნქცია, ვისაც სადავო განცხადება ეხებოდა და იმ ქმედებების ბუნება, რომელთა შესახებ ინფორმაციაც სადავო განცხადებაში აისახა; (გ) განცხადებაში ასახულ პირთა ქმედებები განცხადების გამოქვეყნებამდე; (დ) განცხადების გამოქვეყნების ფორმა და მანერა; (ე) რა გზით იქნა მოპოვებული განცხადებაში დაცული ინფორმაცია და რამდენად სარწმუნო იყო ის - აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოს ჟურნალისტებთან მიმართებაში ნათქვამი აქვს, რომ ისინი უნდა მოქმედებდნენ კეთილსინდისიერად, სათანადო ფაქტობრივ საფუძველზე და, ჟურნალისტური ეთიკის წესების შესაბამისად, საზოგადოებას აწვდიდნენ სარწმუნო და ზუსტ ინფორმაციას (Axel Springer AG v. Germany [GC], no. 39954/08, § 93, ECHR 2012). განსაკუთრებით პრობლემურია პირის რეპუტაციის დაცვის მიზნით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, თუ განცხადება, რომელიც პირის რეპუტაციას ეხება, პოლიტიკურია ან გაკეთებულია საზოგადოების ინტერესის სფეროში მყოფ საკითხზე მიმდინარე დებატების პროცესში (Sürek v. Turkey (no. 1) [GC], no. 26682/95, § 61, ECHR 1999-IV; Lindon, Otchakovsky-Laurens and July v. France [GC], nos. 21279/02 and 36448/02, § 46, ECHR 2007-IV; and Axel Springer AG v. Germany [GC], no. 39954/08, § 90, ECHR 2012). საკითხისადმი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობისას გაკეთებულ განცხადებაში გამოვლენილი მტრული დამოკიდებულების გარკვეული ხარისხი (E.K. v. Turkey, no. 28496/95, §§ 79-80, 7 February 2002) და გამოთქმების სერიოზულობაც კი (Thoma v. Luxembourg, no. 38432/97, § 57, ECHR 2001-III) არ ართმევს განმცხადებელს უფლებას დაცული იყოს გამოხატვის თავისუფლებით (Paturel v. France, no. 54968/00, § 42, 22 December 2005) (იხ. სუსგ საქმე №ას-625-593-2014, 20 მაისი, 2016 წელი).

18. სახელმწიფო ცნობს და იცავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ფასეულობებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. ყველას, ადმინისტრაციული ორგანოს გარდა, აქვს გამოხატვის თავისუფლება, რაც გულისხმობს: აზრის აბსოლუტურ თავისუფლებას; პოლიტიკური სიტყვისა და დებატების თავისუფლებას; ნებისმიერი ფორმის ინფორმაციისა და იდეების მოძიების, მიღების, შექმნის, შენახვის, დამუშავებისა და გავრცელების უფლებას; ცენზურის დაუშვებლობას, მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობასა და პლურალიზმს, ჟურნალისტის უფლებას, დაიცვას ინფორმაციის წყაროს საიდუმლოება და საკუთარი სინდისის შესაბამისად მიიღოს სარედაქციო გადაწყვეტილებები [„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლი].

19. პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. თუ პირის პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის ან პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემლახველი ცნობები გავრცელებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მაშინ მათი უარყოფაც უნდა მოხდეს ამავე საშუალებებით. ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ზიანის ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს იმ მოგების სახით, რომელიც წარმოექმნა ხელმყოფს. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად (სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2, მე-3 და მე-6 ნაწილები).

20. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი იცავს პიროვნების პატივს, ღირსებას, საქმიან რეპუტაციას. საქმიანი რეპუტაციის ქვეშ იგულისხმება საზოგადოების მიერ პირის პროფესიული თუ სხვა საქმიანი თვისებების შეფასება, ხოლო მის შელახვას პირის აღნიშნული თვისებების დისკრედიტაცია წარმოადგენს. პირის საქმიანი რეპუტაცია არის საქმიანი ბრუნვის სფეროში კონკრეტული პირის საქმიანი თვისებების, უნარების შესახებ შექმნილი აზრი. ასეთი აზრი საზოგადოებაში, სოციუმში ყალიბდება, რამაც შესაძლებელია განაპირობოს როგორც მისი სამომავლო წარმატება, ისე - წარუმატებლობა (იხ. ს. ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, ჭანტურია (რედ.), 2017, მუხლი 18, ველის ნომერი 44,45).

21. ცილისწამებისათვის, რომელიც განიმარტება, როგორც „არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება“, გათვალისწინებულია სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-15 და მე-16 მუხლებით განსაზღვრული გამონაკლისების გარდა.

22. გამომდინარე იქიდან, რომ კერძო და საჯარო პირების მიმართ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ფარგლები განსხვავებულია და საჯარო პირების თმენის ვალდებულება ბევრად მაღალი, მნიშვნელოვანია, თითოეულ შემთხვევაში სასამართლომ სწორად განსაზღვროს განცხადების ადრესატის სტატუსი. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე კერძო პირის სტატუსის მატარებელია, და აქედან გამომდინარე, მისი მტკიცების ტვირთიც მხოლოდ იმის მტკიცებით შემოიფარგლება, რომ მოპასუხის განცხადება არსებითად მცდარ ფაქტს შეიცავს მის შესახებ და სადავო განცხადებით ზიანი მიადგა.

23. პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა (სადავო პერიოდში მოქმედი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლი).

24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის შესახებ დავის განხილვისას საქმის სწორად გადაწყვეტისათვის გამოხატვის ადრესატის სტატუსის დადგენასთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს იმის დადგენასაც, ვინ არის სადავო განცხადების ავტორი, გამომდინარე იქიდან, რომ გამოხატვის თავისუფლება განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობისაგან. აღნიშნული ვალდებულებები და პასუხისმგებლობა კი განსხვავებულია სხვადასხვა პირებთან, მათ შორის სხვადასხვა პროფესიისა და თანამდებობის პირებთან (მაგ., ჟურნალისტი, ადვოკატი, მოსამართლე, პარლამენტის წევრი და ა.შ.) მიმართებაში (იხ. სუსგ საქმე №ას-622-2022, 05 ივლისი, 2023 წელი).

25. ადამიანის უფლებათა ევროპულ სამართალში კერძო პირთა მიმართ „დასაშვები კრიტიკის“ ფარგლები ყველაზე უფრო ვიწროა, როცა ადგილი აქვს, მათ შორის, უკიდურესად სერიოზულ და, ამავე დროს, სავსებით უსაფუძვლო ბრალდებას. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ, როცა საქმე ეხება პრესის თავისუფლებას და სტატია საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებს შეეხება, ამ ორი ფაქტორის არსებობა კრიტიკის ვიწრო ფარგლების მიუხედავად, უმრავლეს შემთხვევაში სასწორს გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ ხრის (იხ. ე. გოცირიძე, გამოხატვის თავისუფლება ღირებულებათა კონფლიქტში, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და სტრასბურგის სასამართლოს იურისპრუდენციის მიხედვით, თბილისი, 2008, გვ. 355) (იხ. სუსგ საქმე №ას-622-2022, 05 ივლისი, 2023 წელი).

26. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ჟურნალისტების გამოხატვის თავისუფლება დაკავშირებულია სწორი და სანდო ინფორმაციის გავრცელების მოვალეობასთან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ევროკონვენციის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გამოხატვის თავისუფლების განხორციელება განუყოფელია შესაბამისი „ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობისაგან“, რომელიც პრესაზეც ვრცელდება. სწორედ აღნიშნული „ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის“ გამო, მე-10 მუხლის მიხედვით, ჟურნალისტებისათვის მიკუთვნებული დაცვა, როდესაც ისინი აშუქებენ საზოგადო ინტერესის მქონე საკითხებს, ექვემდებარება დათქმას, რომ ისინი მოქმედებენ კეთილსინდისიერად, რათა წარმოადგინონ სწორი და სანდო ინფორმაცია ჟურნალისტური ეთიკის შესაბამისად (Bladet Tromsø and Stensaas v. Norway [GC], no. 21980/93, § 65, ECHR 1999-III; Kasabova v. Bulgaria, no. 22385/03, § 63, 19 April 2011) (იხ. სუსგ საქმე №ას-622-2022, 05 ივლისი, 2023 წელი).

27. იმისათვის, რათა საკასაციო სასამართლომ შეაფასოს, სახეზეა თუ არა ცილისწამების შემადგენლობა, რომელმაც შელახა მოსარჩელის საქმიანი რეპუტაცია, უნდა შეფასდეს, მოპასუხე მხარის სადავო განცხადებები წარმოადგენს ფაქტებს თუ მოსაზრებებს.

28. აზრი არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს [„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი].

29. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ სიტყვა „აზრი“ ფართოდ განმარტებისას გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე. ფაქტი კი, ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ანუ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ფაქტი შევამოწმოთ და ვნახოთ, ის რეალურად არსებობდა თუ არა. სწორედ ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და ნამდვილობასთან მისი შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია. ხშირ შემთხვევაში, აზრები და ფაქტები ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდებიან და მათი გამიჯვნა რთულია. ეს განპირობებულია იმით, რომ გამოთქმის ორივე ფორმა იშვიათად გვხვდება სუფთა სახით. უმთავრესად სჭარბობს სწორედ ისეთი გამონათქვამები, რომლებშიც თავს იყრის როგორც შეფასებითი, ასევე ფაქტობრივი ელემენტები. აზრი ხშირად ეყრდნობა და ეხება ფაქტებს, ფაქტები კი, თავის მხრივ, აზრის საფუძველია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს მათ. ამიტომ ხშირად საკამათო გამონათქვამის, როგორც შეხედულების ან როგორც ფაქტის გადმოცემის, კვალიფიცირების დროს შესაძლებელია გამოთქმის კონტექსტის მიხედვით მისი ცალკეული ნაწილების იზოლირება, მაგრამ ეს მეთოდი გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამით არ იკარგება ან არ ყალბდება გამონათქვამის შინაარსი და ნამდვილი აზრი. თუკი ასეთი იზოლირება შეუძლებელია გამონათქვამის შინაარსის გაყალბების გარეშე, მაშინ ეს გამონათქვამი უნდა ჩაითვალოს მთლიანად აზრის გამოთქმად, ანუ შეხედულებად, შეფასებით მსჯელობად და, შესაბამისად, მთლიანად უნდა იქნას შეყვანილი ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში (იხ. სუსგ საქმე №ას-1278-1298-2011, 20 თებერვალი, 2012 წელი). აზრისა და ფაქტის ერთმანეთთან მჭიდრო კავშირის გამო მათი გამიჯვნა საკმაოდ რთულია, ამიტომ სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი (იხ. სუსგ საქმე №ას-1477-1489-2011, 3 აპრილი, 2012 წელი). ცილისწამების ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი ნიშანია განმცხადებლის მიერ იმ ფაქტების მითითება, რომლებიც რეალობასთან არც ისე შორსაა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე სუბიექტური და, რაც მთავარია, მათი დადასტურება (დამტკიცება) შესაძლებელია (იხ. სუსგ. საქმე №ას-179-172-2012, 1 ოქტომბერი, 2014 წელი).

30. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „კ.ი.მ.ჯ–ის“ მიერ 2019 წლის 23 სექტემბერს ინტერნეტ პორტალ „p.ge“-ზე გამოქვეყნდა სტატია, სადაც გაჟღერებული იყო შემდეგი:

- შპს „კ.ი.მ.ჯ–ის“ მიერ 2019 წლის 23 სექტემბერს ინტერნეტ პორტალ „p.ge“-ზე გამოქვეყნებული სტატია სათაურით - „ვრცელდება ინფორმაცია, რომ ღვინის კომპანია, სადაც ი.ღ–ი არაოფიციალურ წილს ფლობს, გლეხებს ყურძნის ჩაბარების დროს წონაში ატყუებდა“ - გამოქვეყნებული სრული ინფორმაცია მოსარჩელე შპს „კ.ტ.მ–ბის“ წინაშე აღიარებულ იქნა ცილისწამებად; „კ.ტ.მ–ბის“ კუთვნილ ერთ-ერთ ქარხანაში (რომელიც სოფელ ........ მდებარეობს), დამონტაჟებულ სასწორზე, სპეციალური მოწყობილობა აღმოაჩინეს, რომლის გამოყენებითაც ჩაბარების დროს, ყურძნის წონა ხელოვნურად მცირდებოდა. კერძოდ: თუ გლეხი ერთ ტონა ყურძენს მიიტანდა ჩასაბარებლად, ........ მდებარე ქარხანაში, კახური ტრადიციული მეურნეობის სასწორით ჩასაბარებელი ყურძნის წონა ბევრად მცირე გამოდიოდა, რითაც კომპანია პოტენციურ მოგებას ზრდიდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც გლეხები დაეჭვდნენ და ხმაური ატეხეს, ადგილზე პოლიცია მივიდა, სასწორზე დამონტაჟებული მოწყობილობა აღმოაჩინა და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით დაიწყო, რაც თაღლითობას გულისხმობს“. ამავე სტატიაში, ასევე მითითებული იყო, რომ „კომპანიის მენეჯმენტიდან მიღებული ინფორმაციით, არაოფიციალური მეწილეა ი.ღ–ი, რომელმაც მას შემდეგ, რაც კ.ტ.მ–ას „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში მილიონები მისცა, წილი მოითხოვა და მიიღო კიდეც“.

31. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადენილ გარემოებებს, ასევე მათ მიმართ განხორციელებულ სამართლებრივ შეფასებას და მიიჩნევს, რომ როგორც მთლიანად სტატიაში მოყვანილი ინფორმაცია, ასევე სტატიის სათაური არის მცდარ ფაქტებზე აგებული. აღნიშნული დასკვნა ეფუძნება საქმის მასალებში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ არაერთ მტკიცებულებას. სახელდობრ, უდავოა, რომ 2019 წლის სექტემბრის თვეში შპს „კ.ტ.მ–ბის“ კუთვნილ, სოფელ ...........ის ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე ყურძნის ჩაბარების/აწონის დროს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მართლაც დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით). თუმცა საქართველოს შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტს გურჯაანის რაიონული სამმართველოს 2019 წლის 8 ოქტომბრის წერილით დასტურდება, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა თავად მოსარჩელე კომპანიის მენეჯერის - ზ.ჭ–ძის სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე, და არა დაზარალებული მოსახლეობის ან/და სხვა პირების მიერ, რაც იმთავითვე მოწმობს, რომ კომპანია წარმოადგენდა დაზარალებულ მხარეს და არა დამნაშავეს, როგორც ეს გავრცელებული სტატიიდან იკითხებოდა. ასევე უდავოა, რომ სადავო პერიოდიდან მოყოლებული არ ყოფილა დაწყებული გამოძიება შპს „კ.ტ.მ–ბის“ მიერ ყურძნის ჩაბარების დროს კომპანიის ბრალეულობით ყურძნის წონით შესაძლო მანიპულაციისა და შეგნებულად ყურძნის მასის ხელოვნურად შემცირებასთან დაკავშირებით. არც სხვა სისხლის სამართლის საქმეებში ფიქსირდება შპს „კ.ტ.მ–ბა“. უფრო მეტიც, თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 23 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგინდა, რომ ის ფაქტი, რაც მოპასუხის მიერ გავრცელებულ სადავო სტატიაშია მოცემული, საერთოდ არ დასტურდება მოსარჩელის მონაწილეობა, ჩადენილია კონკრეტული ფიზიკური პირების მიერ და მათ მიმართ დამდგარია განაჩენი, კერძოდ: დ.ტ–მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ- ა. ც–თან და ზ.ს–თან ერთად. ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მოახერხეს და შეაღწიეს შპს „კ.ტ.მ–ბის“ ღვინის ქარხანაში, სადაც მაღალი ტონაჟობის სასწორზე დაამონტაჟეს დისტანციურად სამართავი მოწყობილობა, რაც იძლეოდა საშუალებას სასწორზე ტვირთის აწონის დროს მომხდარიყო სასწორის ელექტრონულ მონიტორზე სასურველი წონის დაფიქსირება, წონის ხელოვნურად მომატება. 2019 წლის 19 და 20 სექტემბერს ყურძნით დატვირთული სატვირთო მანქანების აწონის დროს, სასწორზე დისტანციურად მანიპულირების გზით, გაზარდეს ტვირთის წონა და დაეუფლნენ შპს „კ.ტ.მ–ბის“ თანხას 13 510,8 ლარს. ამდენად, ორგანიზებული ჯგუფის წევრები: მ.ც–ძე, დ.ტ–ი და ზ.ს–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლნენ შპს „კ.ტ.მ–ბის“ 13 510,8 ლარს. გარდა ყოველივე აღნიშნულისა, საკასაციო პალატა ასევე, ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზეც, რომ სადავო სტატია მოპასუხემ 2019 წლის 23 სექტემბერს განათავსა ინტერნეტპორტალზე, თაღლითობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება კი გურჯაანის რაიონულ სამმართველოში 2019 წლის 22 სექტემბერს დაიწყო თავად მოსარჩელე კომპანიაში დასაქმებული პირის სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე. მართალია, სადავო სტატიაში ავტორი მიუთითებდა, რომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო თაღლითობის მუხლით, თუმცა სტატია არ შეიცავდა ინფორმაციას შპს „კ.ტ.მ–ბის“ სოფელ ...........ის ღვინის ქარხნის მენეჯერის სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე სისხლის სამართლის გამოძიების დაწყების თაობაზე და სტატიის ავტორი მტკიცებითი ფორმით აწვდიდა მის მომხმარებელს ინფორმაციას, რომ მოსარჩელე კომპანიას თაღლითობაში ადანაშაულებენ და კომპანია, გლეხებს ყურძნის ჩაბარების დროს წონაში ატყუებდა.

32. ზემოთ აღნიშნულისგან განსხვავებით, გაცილებით თვალნათელი და მარტივად დასადასტურებელია, სტატიაში გავრცელებული ის ინფორმაცია, რომელიც მკითხველს მტკიცებითი ფორმით აწვდიდა ინფორმაციას, რომ კომპანიას ჰყავდა არაოფიციალური მეწილე, რომლადაც მოპასუხე ასახელებდა ი.ღ–ს. იქიდან გამომდინარე, რომ სადავო გამონათქვამი მარტივად გადამოწმებადია სამეწარმეო ამონაწერში, და ვინაიდან სტატიის ავტორმა აღნიშნული ფაქტი მის გავრცელებამდე არ გადაამოწმა, იგულისხმება, რომ მან წინასწარი შეცნობით, გაავრცელა არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი განცხადება, რომელიც მოსარჩელე საწარმოს დისკრედიტაციას ემსახურებოდა. აღნიშნული ფაქტის მცდარობა დადასტურებულია საქმის მასალებში წარმოდგენილი სამეწარმეო რეესტრის ამონაწერებით, რომელთა მიხედვით, შპს „კ.ტ.მ–ბას“ დაფუძნებიდან დღემდე ჰყავს ერთი დამფუძნებელი პარტნიორი ზ.ჩ–ძე და სხვა პირი არ ფიგურირებს.

33. საკასაციო სასამართლო არსებით შედავებად ვერ განიხილავს კასატორის პრეტენზიასაც, რომ სადავო გამონათქვამები წარმოადგენდა აზრს, თუმცა მათი ფაქტად მიჩნევის შემთხვევაშიც, არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები, ვინაიდან მოსარჩელე ვერ ადასტურებდა ფაქტების გავრცელებით მიყენებულ ზიანს, რაც ამგვარი კატეგორიის საქმეების განხილვისას აუცილებელია. ამ მიმართებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმიანი რეპუტაცია გულისხმობს საზოგადოების მიერ პირის პროფესიული თუ სხვა საქმიანი თვისებების შეფასებას. პროფესია არის ხელობა, საქმიანობა, სპეციალობა, რომელსაც გარკვეული მომზადება სჭირდება და, რომლითაც ადამიანი თავს ირჩენს, ხოლო საქმიანი რეპუტაცია შესაბამისად გულისხმობს ადამიანის კეთილსინდისიერებისა და პროფესიონალიზმის სტანდარტს, რომელიც მაგალითად, პროფესიული საქმიანობის შედეგად ყალიბდება. აქედან გამომდინარე, საქმიანი რეპუტაციის შელახვა, რასაც სამოქალაქო კოდექსი მე-18 მუხლი ითვალისწინებს, მიმართული უნდა იყოს პირის მიერ განხორციელებული (ან განსახორციელებელი) საქმიანი ოპერაციებისათვის. საქმიანი რეპუტაციის შელახვას კი, პირის ზემოაღნიშნული თვისებების დისკრედიტაცია წარმოადგენს (შდრ. სუსგ: Nას-57-2023, 17 მაისი 2023 წელი). განსახილველ შემთხვევაში მეწარმეთა და არასამეწარმეო პირების რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ შპს „კ.ტ.მ–ბის“ ერთ-ერთ ძირითად ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს ყურძნის მოყვანა და ყურძნისგან ღვინის წარმოება. სტატიაში მოყვანილი ინფორმაცია უკავშირდება მოსარჩელის კუთვნილი ქარხნის ტერიტორიაზე მოსარჩელის მიერ გლეხებისგან ყურძნის შესყიდვას. სტატიის შინაარსი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ნეგატიური კონტექსტით ახასიათებს შპს „კ.ტ.მ–ას“ და ხაზგასმით, ყოველგვარი მტკიცებულებებისა და გადამოწმების საფუძველზე აცხადებს, რომ სასწორზე დამონტაჟებული მოწყობილობით წონა ხელოვნურად მცირდებოდა და კომპანია ყურძნის ჩაბარების დროს გლეხებს წონაში ატყუებდა, მაშინ როდესაც საქმის მასალებით სრულიად საპირისპიროა დადასტურებული. ამდენად, გავრცელებული ინფორმაცია კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე საქმიანი რეპუტაციის შემლახავია.

34. კასატორის პრეტენზია არც იმ ნაწილშია დასაბუთებული, რომელიც ზიანის დაუდასტურებლობის პირობებში, სარჩელის დაკმაყოფილების შეუძლებლობაზე უთითებს. საკასაციო პალატა უპირველესად განმარტავს, რომ იურიდიული პირის დაცულ არაქონებრივ უფლებას წარმოადგენს საქმიანი რეპუტაცია, რომლის შელახვის გამო, არა მორალური, არამედ მატერიალური ზიანის დაკისრებაა შესაძლებელი, ასეთის არსებობის შემთხვევაში (შდრ. სუსგ N3კ/924-01, 26.12.2001, №ას-1052-1007-2014; 30.09.2015). მატერიალურ ზიანის თაობაზე მოთხოვნას კი, წარმოდგენილი სარჩელი არ შეიცავს. ამიტომ, ვინაიდან სადავო შემთხვევაში სარჩელით მოთხოვნილი არ არის მატერიალური ზიანის კონკრეტული ოდენობით ანაზღაურება, რასაც შეჯიბრებითი პროცესის ფარგლებში, სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენა სჭირდება, არამედ მოსარჩელე იურიდიული პირი, ითხოვს მის საქმიანობასთან დაკავშირებით გავრცელებული აშკარა მცდარი ფაქტების უარყოფას, რომელსაც მათ საქმიანობაზე რეპუტაციული ზიანის გამოწვევა შეეძლო. ამდენად, წინამდებარე განჩინებაში მოყვანილი საქმიანი რეპუტაციის დეფინიციიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ იმის დადგენას თუ რამდენად რეპუტაციის შემლახველია გავრცელებული არსებითად მცდარი ფაქტები, არ სჭირდება რაიმე დამატებითი და კონკრეტული სახის მტკიცებულების წარმოდგენა და მისი დადგენა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ფაქტების შეჯერების შედეგად შესაძლებელია. საკასაციო სასამართლოს განსჯით, მოპასუხის მიერ გავრცელებული სადავო გამონათქვამები ჩამოყალიბებულია იმდაგვარად, რომ მკითხველს მოსარჩელის (რომელიც კომერციული იურიდიული პირია) მიმართ მოპასუხის მიერ გამოთქმული მოსაზრებების, სუბიექტური შთაბეჭდილებად აღქმის შესაძლებლობას კი არ აძლევს, არამედ ისინი მიმართულია, როგორც მოსარჩელის დისკრედიტაციისაკენ, ასევე, მისი, საქმიანი რეპუტაციის შელახვისაკენ, რამდენადაც განცხადებები გავრცელებული იყო იმ ძირითადი საქმიანობის თაღლითური გზით წარმოებისკენ, რომელიც მოსარჩელე საწარმოს ძირითადი საქმიანობაა.

35. საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ დაამტკიცა მის მიმართ ცილისწამების ფაქტი, ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებები კი არ არსებობს. გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის შეზღუდვა მოსარჩელის საქმიანი რეპუტაციის დაცვის მიზნით, აუცილებელია და კანონიერ მიზანს ემსახურება. უფლებაში ჩარევის საშუალება ჩარევის მიზანთან - ხელყოფილი უფლების დაცვასთან პროპორციულია. ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი ჩარევა მინიმალური, თანაზომიერი, ეფექტიანი, ეკონომიური და აღსრულებადია, რაც საკასაციო საჩივირის დაკმაყოფილებას გამორიცხავს.

36. საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ კასატორმა ვერ წარადგინა დასაბუთებული პრეტენზია, რაც საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების გზით სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას განაპირობებდა.

37. ვინაიდან საკასაციო საჩივარი უარყოფილია, კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 264.3, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „კ.ი.მ.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 დეკემბრის განჩინება;

3. კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი