დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 11.02.2026
საქმის ნომერი
ას-1547-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.02.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ას-1547-2025

11 თებერვალი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ტ-ო“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 5 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მოსარჩელე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს „ტ-ს“ მიმართ და მოითხოვა შპს „ტ-ს“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისროს 194 732.33 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურება.

2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით, ზიანის ანაზღაურების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი მოპასუხე შპს „ტ-ს“ მიმართ არ დაკმაყოფილდა.

4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 5 მაისის განჩინებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1. 2018 წლის 02 ივლისს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა (შემსყიდველი) და შპს „ტ-ს“ (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N03.01/30/327 ხელშეკრულება, თბილისში, …....., კორპუსი N7-20-ს შორის არსებულ ტერიტორიაზე საზოგადოებრივი სკვერის მოწყობის თაობაზე. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 927 543 ლარით (ხელშეკრულების 2.4.პუნქტი); ხელშეკრულება ძალაში იყო 2020 წლის 4 დეკემბრის ჩათვლით;

2018 წლის 26 ნოემბერს გაფორმებული დამატებითი შეთანხმების თანახმად, დაკორექტირდა ხარჯთაღრიცხვა, რის შესაბამისადაც სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ღირებულება შემცირდა და, ნაცვლად 927 543 ლარისა, განისაზღვრა 925 489,26 ლარით;

6.2. ხელშეკრულების 6.2 მუხლით მხარეებმა განსაზღვრეს შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი, რომლის თანახმადაც, მიღება-ჩაბარების აქტის (მთლიან ან ნაწილობრივ შესრულებულ სამუშაოებზე) გაფორმებისას, შემსრულებელი ვალდებული იყო წარმოედგინა ფორმა N2, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნა შესრულებული სამუშაოებისა და მიწოდებული პროდუქციის ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე, როგორც ხილულ, ასევე - ფარულ სამუშაოებზე, მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდებოდა დადებითი დასკვნების წარმოდგენის შემთხვევაში;

6.3. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყდა ვადამდე, 2019 წლის 6 თებერვალს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის წერილის საფუძველზე, მენარდის მიერ სამუშაოთა დასრულების ვადის 15 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილებაზე მითითებით. ამავე წერილით ადრესატისგან მოთხოვნილ იქნა 925.5 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებისა და ვალდებულების ნაწილის შეუსრულებლობის საფუძვლით;

6.4. საქმეზე უდავო გარემოებაა, რომ საზოგადოებრივი სკვერის მოწყობის სამუშაოების ოთხი ეტაპი მოსარჩელემ ჩაიბარა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2018 წლის 2 ივლისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით (მიღება-ჩაბარების აქტით) და სრულად აანაზღაურა შესრულებული სამუშაოს ღირებულება (ჯამურად 868 898.16 ლარი), კერძოდ:

2018 წლის 30 აგვისტოს, მხარეებმა გააფორმეს მიღება-ჩაბარების აქტი N1, რომლითაც მიმწოდებელმა შემსყიდველს ჩააბარა ქ.თბილისში, ........, კორპ. 7-20-ს შორის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი, რომელთა ღირებულებამ, 2018 წლის 20 აგვისტოს დადასტურებული შესრულებული სამუშაოების აქტისა და აკრედიტირებული საექსპერტო კომპანიის შპს „ს.მ.ჯ–ის“ საექსპერტო დასკვნის შესაბამისად, შეადგინა 211 334.82 ლარი (დღგ-ის ჩათვლით);

2018 წლის 12 ნოემბრის N2 მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად, მიმწოდებელმა შემსყიდველს ჩააბარა ქ. თბილისში, ......., კორპ. 7-20-ს შორის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი, რომელთა ღირებულებამ, 2018 წლის 05 ნოემბერს დადასტურებული შესრულებული სამუშაოების აქტისა და აკრედიტებული საექსპერტო კომპანიის შპს „ს.მ.ჯ–ის“ საექსპერტო დასკვნის შესაბამისად, შეადგინა 237 996.85 ლარი (დღგ-ის ჩათვლით);

2018 წლის 19 დეკემბრის N3 მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, მიმწოდებელმა შემსყიდველს ჩააბარა ქ. თბილისში, ........., კორპ. 7-20-ს შორის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოების მესამე ეტაპი, რომელთა ღირებულებამ, 2018 წლის 14 დეკემბერს დადასტურებული შესრულებული სამუშაოების აქტისა და საექსპერტო კომპანიის შპს „ს.მ.ჯ–ის“ საექსპერტო დასკვნის შესაბამისად, შეადგინა 336 459.7 ლარი (დღგ-ის ჩათვლით);

2018 წლის 28 დეკემბრის N4 მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, მიმწოდებელმა შემსყიდველს ჩააბარა ქ. თბილისში, ........, კორპ. 7-20-ს შორის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეოთხე ეტაპი, რომელთა ღირებულებამ, 2018 წლის 28 დეკემბერს დადასტურებული შესრულებული სამუშაოების აქტისა და საექსპერტო კომპანიის შპს „ს.მ.ჯ–ის“ საექსპერტო დასკვნის შესაბამისად, შეადგინა 83 107.42 ლარი (დღგ-ის ჩათვლით);

2018 წლის 29 დეკემბრიდან 2019 წლის 29 იანვრამდე შესრულებული სამუშაოს მიღებაზე შემსყიდველმა განაცხადა უარი და ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება;

6.5. 2019 წლის 25 თებერვალს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა (შემსყიდველი) და შპს „ა.ჰ.ჯ.პ–სს“ (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N03.01/30/93 ხელშეკრულება. შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა თბილისში არსებული გამწვანებული ტერიტორიების აღდგენა-მოწყობის სამუშაოები;

6.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით, შპს ,,ტ–ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შპს ,,ტ–ს’’ სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 2 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება - 52597.51 ლარის ოდენობით. ასევე, 2018 წლის 2 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების ფარგლებში გამოთხოვილი საბანკო გარანტიის თანხის ანაზღაურება 46380 ლარის ოდენობით, 2018 წლის 2 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული 5%-დან 2,5%-ის ანაზღაურება 21722,45 ლარის ოდენობით, 2018 წლის 2 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების ფარგლებში ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების 52597.51 ლარის 0,05% 2019 წლის 6 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ასევე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შპს ,,ტ–ს’’ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 2018 წლის 2 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული 2,5%-ის - 21722,45 ლარის 0,05% 2019 წლის 6 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის საფუძველზე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ არამართლზომიერად შეწყვიტა მოსარჩელესთან დადებული 2018 წლის 02 ივლისის ხელშეკრულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

6.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით, რომელიც ასევე კანონიერ ძალაშია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი შპს ,,ტ–ს’’ მიმართ, 2018 წლის 02 ივლისს მხარეებს შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის N03.01/30/327 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის პირგასამტეხლოს სახით - 925 ლარის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა;

6.8. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 7 მაისის განკარგულებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას უარი ეთქვა შპს „ტ–ს“ შავ სიაში დარეგისტრირებაზე.

7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის მტკიცების საგანში შედიოდა იმ გარემოების დადასტურება, რომ შპს ,,ტ–მ’’ შემკვეთს პროექტთან შეუსაბამო და უხარისხო შესრულება მიაწოდა, რის შედეგადაც მოსარჩელეს მიადგა 194 732.33 ლარის ზიანი.

8. პალატამ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი იყო და სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ იყო გამხდარი გარემოება, რომ შემსყიდველის მხიდან კონკრეტულ ობიექტთან მიმართებით, ადგილი ჰქონდა ორი სხვადასხვა ტენდერის ფარგლებში განსახორციელებელ სამუშაოთა არასწორ დაგეგმვა-პროექტირებას, რამაც განაპირობა შესრულებული სამუშაოს გარკვეული ხარვეზი. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია გარემოება, იმის შესახებ, რომ მენარდემ არაერთხელ მიმართა შემსყიდველს ხელშეკრულებიდან გამომდინარე საკითხების დაზუსტების მოთხოვნით, მათ შორის - საპროექტო კომპანიასთან საპროექტო დოკუმენტაციის/პირობების დაზუსტების, ხარჯთაღრიცხვის კორექტირებისა და ვალდებულებების შესრულების ვადის გაზრდის მოთხოვნით, აღნიშნული კი ადასტურებდა მოპასუხე მხარის პოზიციის მართებულობას იმის თაობაზე, რომ სამუშაოთა შესრულების პროცესში გამოვლინდა სირთულეები, რომელიც საჭიროებდა შემსყიდველის მხრიდან რეაგირებას და ობიექტურად აბრკოლებდა შპს ,,ტ–ს’’ მიერ ვალდებულების დროულ და ჯეროვან შესრულებას.

9. ყურადღება გამახვილდა შპს „ტ–ს“ 2018 წლის 25 დეკემბრის №2018/12-25/გლდ წერილის შინაარსზეც, რომლითაც მოსარჩელეს ეცნობა, რომ მხარეთა შორის 2018 წლის 26 ნოემბრის შეთანხმების საფუძველზე კორექტირებული ხარჯთაღრიცხვისა და პროექტში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, თითქმის დასრულებული იყო თბილისში, ......., კორპ. №7-20-ს შორის საზოგადოებრივი სკვერის მოწყობის სამუშაოები, ამასთან, თითქმის ერთ თვეზე მეტ ხანს მიმდინარეობდა და 2018 წლის 25 დეკემბერს დასრულდა სხვა ტენდერის ფარგლებში გამარჯვებული კომპანიების მიერ დაახლოებით 400 ძირი ხე-მცენარის დარგვა, 650 მ3-მდე მიწის შეტანა და ბალახის რულონების მოწყობა, რის შედეგადაც ასფალტით მოწყობილ ველო-ბილიკზე, ცენტრალურ ბილიკზე და ბეტონის ფილით მოწყობილ ბილიკებზე (სულ დაახლოებით 4 000 მ2) დაიყარა მიწის ნარჩენები და წარმოიშვა ბალახის გროვები, აგრეთვე დაზიანდა შპს „ტ–ს“ მიერ უკვე მოწყობილი ბორდიურები, ბეტონის ფილები და განათების ბოძებთან დაერთებული კაბელები, შეფერხდა სხვა სამშენებლო სამუშაოების წარმოება. იმ ეტაპისათვის შპს „ტ.“ ასუფთავებდა ტერიტორიას და დაზიანებულ ბორდიურებს, ფილებს და კაბელებს ასწორებდა, ტერიტორიის სრულ დასუფთავებამდე კი ვერ ხერხდებოდა ველო-ბილიკის შეღებვა და დახაზვა; შპს ,,ტ–მ’’ მოითხოვა ამ გარემოების გათვალისწინება შემსყიდველის მიერ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისას, შემსყიდველის მიერ გონივრული ვადის მიცემა, თბილისის მერიის მიერ მითითებული ხარვეზების გამოსწორების მიზნით.

10. დავის განხილვისას, საწინააღმდეგო მტკიცების არ არსებობის პირობებში, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა შპს ,,ტ–ს’’ პოზიცია იმის თაობაზე, რომ შემსყიდველის მხრიდან კონკრეტულ ობიექტზე ადგილი ჰქონდა სხვადასხვა ტენდერის ფარგლებში განსახორციელებელ სამუშაოთა არასწორად დაგეგმვას და პროექტირებას და რომ 2019 წლის 5 თებერვლის ინსპექტირების აქტში ჩამოთვლილი ხარვეზები (უკვე მოწყობილი ბორდიურებისა და ფილების დაზიანება, ბილიკებზე საღებავის გადასვლა, სამშენებლო ნარჩენების არსებობა და სხვა), რომელზეც აპელირებდა მოსარჩელე მხარე, განაპირობა სკვერის გამწვანების მიზნით სხვა კომპანიის მიერ სამუშაოების წარმოებამ, რაც საკმარისი საფუძველი იყო იმისთვის, რომ მოპასუხე შესრულებასთან დაკავშირებით გამოვლენილ ხარვეზებზე პასუხისმგებელ პირად არ მიჩნეულიყო.

11. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2019 წლის 7 მაისის განკარგულებაზეც, შპს ,,ტ–ს’’ შავ სიაში დარეგისტირებაზე უარის თქმის შესახებ, სადაც საგანგებოდ არის მითითებული, რომ ბუნდოვანია, რატომ არ ჩაიბარა შემსყიდველმა ორგანიზაციამ სამუშაოები, რატომ არ დაეყრდნო ს.მ.ჯ–ის ინსპექტირების ანგარიშს და რატომ შეწყვიტა ხელშეკრულება მხოლოდ მის მიერ შედგენილი ინსპექტირების აქტებზე დაყრდნობით; მიმწოდებელს არც კი განესაზღვრა დამატებითი ვადა გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად.

12. სააპელაციო სასამართლომ გაიზირა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხის მხრიდან ნივთობრივად ნაკლიანი შესრულების ფაქტი და მიუთითა, რომ ვინაიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტამდე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული 925 486.26 ლარის ღირებულების სამუშაოებიდან შპს ,,ტ–მ’’ შეასრულა, ხოლო შემსყიდველმა, სამუშაოთა ხარისხზე ყოველგვარი პრეტენზიისა და სხვა ნაკლოვანებებზე მითითების გარეშე, მიიღო 868 898.94 ლარის ღირებულების სამუშაოები, მოსარჩელის აპელირება, მის მიერვე შედგენილ 2019 წლის 5 და 6 თებერვლის ინსპექტირების აქტებით გამოვლენილ N1, N2, N3 და N4 მიღება-ჩაბარების აქტებით განსაზღვრული სამუშაოების უხარისხოდ შესრულებაზე, დაუსაბუთებელი იყო, მით უფრო, როდესაც მოსარჩელე მხარეს აღნიშნულის დასტურად არ ჰქონდა წარდგენილი ნეიტრალური და კვალიფიციური სუბიექტის დასკვნა.

13. 2018 წლის 29 დეკემბრიდან 2019 წლის 29 იანვრამდე შესრულებულ სამუშაოებთან მიმართებით, სააპელაციო პალატამ, საკასაციო სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტა, რომ კანონის რომელიმე დანაწესი ვალდებულების შესრულებულად მიჩნევას იმპერატიულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენას არ უკავშირებს და იმ პირობებში, როდესაც სხვა მტკიცებულებით უტყუარად დასტურდება ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტი, მიღება-ჩაბარების აქტის შეუდგენლობა/ხელმოწერაზე უარი შესრულებული სამუშაოს ნაკლოვანების დამადასტურებელი გარემოებად ვერ განიხილება (იხ. სუსგ-ები: Nას-3232-307-2011; 939-879-2017; ას-614-2019).

14. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მე-6 მუხლით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესზე (6.2 პუნქტის თანახმად, მიღება-ჩაბარების აქტის (მთლიან ან ნაწილობრივ შესრულებულ სამუშაოებზე) გაფორმებისას, შემსრულებელი ვალდებულია წარმოადგინოს ფორმა №2, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნა შესრულებული სამუშაოებისა და მიწოდებული პროდუქციის ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე, როგორც ხილულ, ასევე ფარულ სამუშაოებზე. მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდება დადებითი დასკვნების წარმოდგენის შემთხვევაში) და განმარტა, რომ აკრედიტებული კომპანიის საექსპერტო დასკვნების არსებობის პირობებში, რომლითაც დადასტურებული იქნა, როგორც N1,N2,N3 და N4 მიღება-ჩაბარების აქტებით განსაზღვრული, ასევე 2018 წლის 29 დეკემბრიდან - 2019 წლის 29 იანვრამდე შესრულებული სამუშაოების ხარისხის შესაბამისობა საპროექტო მოთხოვნებსა და საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ სტანდარტებთან, ვერ გაიზიარებდა ნაკლოვანი შესრულების შესახებ მოსარჩელის მტკიცებას, რომლის დასადასტურებლადაც მოსარჩელეს წარმოდგენილი ჰქონდა მხოლოდ მისივე ადმინისტრაციული აქტით შექმნილი ორგანიზაციის - ააიპ ,,თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის’’ მიერ გაცემული დასკვნა, რაც ნეიტრალურ და სარწმუნო მტკიცებულებად ვერ განიხილებოდა.

15. აღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით, პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ მოსარჩელის აპელირება მის მიერ ცალმხრივად შედგენილ 2019 წლის 5 და 6 თებერვლის ინსპექტირების აქტებით გამოვლენილ N1,N2,N3 და N4 მიღება-ჩაბარების აქტებით განსაზღვრული სამუშაოების უხარისხოდ შესრულებაზე, იყო დაუსაბუთებელი და ვერ განაპირობებდა ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის საფუძველიანობას.

16. პალატამ ასევე აღნიშნა, რომ მოსარჩელის პოზიციას მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების არაჯეროვან/ნაკლოვან შესრულებაზე აბათილებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებაც, რომლის თანახმად, უტყუარად და სათანადო მტკიცებულებებით არ დადასტურდა შპს ,,ტ–ს’’ მხრიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ 2018 წლის 2 ივლისის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, რაც მოთხოვნილი პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი გახდებოდა.

17. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

18. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

18.1. კასატორის განმარტებით, მხარეები თავისუფალი ნების საფუძველზე შეთანხმდნენ ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ ხელშეკრულების (N03.01/30/327) არსებით პირობებზე, მათ შორის, განსაზღვრეს ხელშეკრულების ღირებულება, მიმწოდებლის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადა და ასევე, ხელშეკრულების პირობების დარღვევის შედეგებიც. კერძოდ, ხელშეკრულების 10.5 მუხლის ,,ბ’’ პუნქტის მიხედვით - შემსყიდველს შეუძლია მიიღოს ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, თუ მიმწოდებელი სამუშაოების შესრულების ვადას 15 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადააცილებს. შესაბამისად, ვინაიდან აშკარაა მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა და თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე დადებული ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტას, გაუგებარია სასამართლოების მითითება თბილისის მერიის მიერ ხელშეკრულების არაკანონიერად შეწყევტაზე.

18.2. სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ იმ პირობებში, როდესაც საქმეში არ არის წარმოდგენილი შესრულების მიღების შემდეგ გამოვლენილი ნაკლის დამადასტურებელი სათანადო და უტყუარი მტკიცებულებები, ნეიტრალური და კვალიფიციური სუბიექტის დასკვნის სახით, მოსარჩელის აპელირება, მის მიერ ცალმხრივად შედგენილ 2019 წლის 5 და 6 თებერვლის ინსპექტირების აქტებით გამოვლენილ N1,N2,N3 და N4 მიღება-ჩაბარების აქტებით განსაზღვრული სამუშაოების უხარისხოდ შესრულებაზე, დაუსაბუთებელია და ვერ განაპირობებს ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას. კასატორის მითითებით, სასამართლოს დასკვნა გაუგებარია, რადგან ხელშეკრულების 5.1-ე მუხლის მიხედვით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს, ნებისმიერ ეტაპზე, ახორციელებს შემსყიდველი, ხოლო 5.2-ე მუხლის მიხედვით - მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს შემსყიდველის მხრიდან განახორციელებენ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის თანამშრომლები ან/და სამსახურის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირები. შესაბამისად, მაშინ როდესაც, ხელშეკრულება პირდაპირ ითვალისწინებს სამუშაოების მაკონტროლებელ/ინსპექტირებაზე უფლებამოსილ პირებს, სასამართლოს ზემოთ ხსენებული მითითება არღვევს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს.

18.3. ააიპ ,,თბილისის მუნიციპალიტეტის ლაბორატორიისა’’ და მიმწოდებლის წარმომადგენლობის მონაწილეობით განხორციელებული 2019 წლის 5 და 6 თებერვლის ინსპექტირების აქტებით დგინდება, რომ შპს ,,ტაოს’’ მიერ შესრულებული სამუშაოები არის უხარისხო. ამასთან 2018 წლის 31 იანვარს წარმოდგენილი N5 მიღება-ჩაბარების აქტით წარმოდგენილი სამუშაოები იყო პროექტთან შეუსაბამო, რის შესაბამისადაც მიმწოდებელი დაჯარიმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N03.01/30/327 ხელშეკრულების 9.4 პუნქტით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციით. ამდენად, შპს ,,ტ–მ’’ არამხოლოდ დაარღვია მიწოდების ვადა, არამედ მიწოდებული სამუშაოები შეასრულა უხარისხოდ. ამასთან, დამატებითი შეთანხმებით გათვალისწინებული სამუშაოები არ შეესაბამებოდა პროექტს და ხელშეკრულების 10.5 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს ,,ტ–ს’’ ხელშეკრულების პირობების თანახმად, ცალმხრივად შეუწყდა ხელშეკრულება.

18.4. სადავო განჩინების სამოტივაციო ნაწილში სასამართლოს მსჯელობა შესრულებული სამუშაოების არაჯეროვნობის დაუდასტურებლობაზე მოკლებულია არსებით და სამართლებრივ საფუძველს. სასამართლომ სათანადოდ ვერ შეაფასა ის მტკიცებულებები, რომლებიც ცალსახად მიუთითებს მიმწოდებლის მიერ სამუშაოების უხარისხოდ და არაკეთილსინდისიერად შესრულებაზე.

18.5. კასატორი აღნიშნავს, რომ სსიპ ,,თბილისის მუნიციპალიტეტის ლაბორატორია’’ წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის საქმიანობა რეგულირდება შესაბამისი ადმინისტრაციული წესებით და დაყრდნობილია ტექნიკური სტანდარტებით. სწორედ ამ მიზეზით, ლაბორატორიის დასკვნა არა სუბიექტური, არამედ ობიექტურ ფაქტობრივ გარემოებებზე დაფუძნებული ექსპერტული დოკუმენტია, რომლის მიზანიც არა მხარეთა ინტერესების დაცვა, არამედ სიტუაციის ტექნიკური და ინჟინერული შემოწმებაა. ლაბორატორიის დასკვნიდან ცალსახად იკვეთება კონკრეტული დარღვევები - ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობა და სამუშაოების არასათანადო ხარისხი. ეს დასკვნა სრულად არის თანხვედრაში წარმოდგენილ ფოტო-მასალასთან, საიდანაც დგინდება სამუშაოების უხარისხო შესრულება. ამასთან, ინსპექტირების N5 და N6 აქტები ადასტურებს იმავე გარემოებებს და ქმნის სამუშაოების არაჯეროვანი შესრულების შესახებ ერთიან, ობიექტურ სურათს.

18.6. მნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილდეს საჯარო ინტერესზე, კერძოდ, მოცემული ინფრასტრუქტურა სკვერის სახით, ემსახურება როგორც ბავშვებს, ასევე - მოზრდილ ადამიანებს, რაც აჩენს სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის პირდაპირ ვალდებულებას, უზრუნველყონ უსაფრთხო და ხარისხიანი გარემო. ასეთ პირობებში, სამუშაოების უხარისხო შესრულება არა მხოლოდ ხელშეკრულების დარღვევას წარმოადგენს, არამედ საჯარო ინტერესის დაზიანებასაც, რაც სასამართლოს მხრიდან გაცილებით მკაცრს შეფასებას საჭიროებს.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 დეკემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

20. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო: 21. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. 22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ: 23. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

24. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

25. საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია, სააპელაციო სასამართლოს მიერ მოპასუხისთვის, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, ზიანის ანაზღაურების დაკისრებაზე უარის თქმის კანონიერება.

26. საკასაციო პალატის განმარტებით, სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს.

27. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა, მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას გამორიცხავს. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით; რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება სასამართლოს კომპეტენციაა, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.

28. მოსარჩელის განმარტებით, შპს „ტ–მ“ NO3.01/30/327 ხელშეკრულების ფარგლებში, თბილისში, ........, კორპუს N7-20-ს შორის არსებულ ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი სკვერის მოწყობის სამუშაოები განახორციელა პროექტთან შეუსაბამოდ და უხარისხოდ, რამაც განაპირობა 2019 წლის 06 თებერვალს ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა; ხარვეზების გამოსასწორებლად გაფორმდა ხელშეკრულება სხვა კომპანიასთან, რომლის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან - 194 732.33 ლარი არის იმ ზიანის თანხა, რომლის ანაზღაურებაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

29. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნარდობა, როგორც სამუშაოს შესრულების ტიპის ხელშეკრულება, არის კონსენსუალური, ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულება. ნარდობის ხელშეკრულებით მენარდის ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით. კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სსსკ-ის 394-ე მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. იმავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამდენად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (Totalreparation-ის პრინციპი).

30. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. აღნიშნული დანაწესი კიდევ უფრო აზუსტებს 408-ე მუხლში ასახული ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს, კერძოდ, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე, ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება (იხ. სუსგ საქმე Nას-459-438-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი).

31. ვინაიდან საკასაციო პრეტენზია მიმართულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებების არასწორ შეფასებაზე და ამასთან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზი ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების არაჯეროვან შესრულებაზე, საკასაციო პალატა იმსჯელებს მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე.

32. სსსკ-ის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა.

33. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადასტუროს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადასტურების მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).

34. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს. სასამართლო ობიექტურ საწყისებზე მტკიცებულებათა ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის შედეგად ადგენს მათ იურიდიულ ძალას, კერძოდ, განსაზღვრავს თუ რა გარემოების დადგენა ან პირიქით, უარყოფაა შესაძლებელი. აქ, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება მტკიცებულებათა შეფასება მათი უტყუარობის თვალსაზრისით, რისთვისაც საჭიროა ამ მტკიცებულებათა ყოველმხრივი შემოწმება, მათი დაპირისპირება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. მტკიცებულებათა შეფასებას კი პროცედურულად მოჰყვება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა.

35. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ:

- 2018 წლის 02 ივლისს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა (შემსყიდველი) და შპს „ტ–ს“ (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N03.01/30/327 ხელშეკრულება, თბილისში, .........., კორპუსი N7-20-ს შორის არსებულ ტერიტორიაზე საზოგადოებრივი სკვერის მოწყობის თაობაზე. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 927 543 ლარით (ხელშეკრულების 2.4.პუნქტი); ხელშეკრულება ძალაში იყო 2020 წლის 4 დეკემბრის ჩათვლით. 2018 წლის 26 ნოემბერს გაფორმებული დამატებითი შეთანხმების თანახმად, დაკორექტირდა ხარჯთაღრიცხვა, რის შესაბამისადაც სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ღირებულება შემცირდა და ნაცვლად 927 543 ლარისა, განისაზღვრა 925 489.26 ლარით; ხელშეკრულების 6.2 მუხლით, მხარეებმა განსაზღვრეს შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი, რომლის თანახმადაც, მიღება-ჩაბარების აქტის (მთლიან ან ნაწილობრივ შესრულებულ სამუშაოებზე) გაფორმებისას, შემსრულებელი ვალდებული იყო, წარედგინა ფორმა N2, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნა შესრულებული სამუშაოებისა და მიწოდებული პროდუქციის ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე, როგორც ხილულ, ასევე - ფარულ სამუშაოებზე, მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდებოდა დადებითი დასკვნების წარდგენის შემთხვევაში.

- მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყდა ვადამდე, 2019 წლის 6 თებერვალს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის წერილის საფუძველზე, მენარდის მიერ სამუშაოთა დასრულების ვადის 15 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილებაზე მითითებით. ამავე წერილით ადრესატისგან მოთხოვნილ იქნა 925.5 ლარის პირგასამტეხლოს გადახდა, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებისა და ვალდებულების ნაწილის შეუსრულებლობის საფუძვლით.

- საქმეზე უდავო გარემოებაა, რომ საზოგადოებრივი სკვერის მოწყობის სამუშაოების ოთხი ეტაპი მოსარჩელემ ჩაიბარა 2018 წლის 2 ივლისის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით (მიღება-ჩაბარების აქტით) და სრულად აანაზღაურა შესრულებული სამუშაოს ღირებულება (ჯამურად 868 898.16 ლარი), კერძოდ: 2018 წლის 30 აგვისტოს, მხარეებმა გააფორმეს მიღება-ჩაბარების აქტი N1, რომლითაც მიმწოდებელმა შემსყიდველს ჩააბარა ქ. თბილისში, ........, კორპ. 7-20-ს შორის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი, რომელთა ღირებულებამ 2018 წლის 20 აგვისტოს დადასტურებული შესრულებული სამუშაოების აქტისა და აკრედიტირებული საექსპერტო კომპანიის შპს „ს.მ.ჯ–ის“ საექსპერტო დასკვნის შესაბამისად, შეადგინა 211 334.82 ლარი (დღგ-ის ჩათვლით); 2018 წლის 12 ნოემბრის N2 მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად, მიმწოდებელმა შემსყიდველს ჩააბარა თბილისში, ........., კორპ. 7-20-ს შორის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი, რომელთა ღირებულებამ, 2018 წლის 05 ნოემბერს დადასტურებული შესრულებული სამუშაოების აქტისა და აკრედიტებული საექსპერტო კომპანიის შპს „ს.მ.ჯ–ის“ საექსპერტო დასკვნის შესაბამისად, შეადგინა 237 996.85 ლარი (დღგ-ის ჩათვლით); 2018 წლის 19 დეკემბრის N3 მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, მიმწოდებელმა შემსყიდველს ჩააბარა თბილისში, ......, კორპ. 7-20-ს შორის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოების მესამე ეტაპი, რომელთა ღირებულებამ, 2018 წლის 14 დეკემბერს დადასტურებული შესრულებული სამუშაოების აქტისა და საექსპერტო კომპანიის შპს „ს.მ.ჯ–ის“ საექსპერტო დასკვნის შესაბამისად, შეადგინა 336 459.7 ლარი (დღგ-ის ჩათვლით); 2018 წლის 28 დეკემბრის N4 მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, მიმწოდებელმა შემსყიდველს ჩააბარა თბილისში, ......., კორპ. 7-20-ს შორის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეოთხე ეტაპი, რომელთა ღირებულებამ, 2018 წლის 28 დეკემბერს დადასტურებული შესრულებული სამუშაოების აქტისა და საექსპერტო კომპანიის შპს „ს.მ.ჯ–ის“ საექსპერტო დასკვნის შესაბამისად, შეადგინა 83 107.42 ლარი (დღგ-ის ჩათვლით); 2018 წლის 29 დეკემბრიდან 2019 წლის 29 იანვრამდე შესრულებული სამუშაოს მიღებაზე შემსყიდველმა განაცხადა უარი და ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება.

- 2019 წლის 25 თებერვალს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა (შემსყიდველი) და შპს „ა.ჰ.ჯ.პ–სს“ (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N03.01/30/93 ხელშეკრულება. შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა თბილისში არსებული გამწვანებული ტერიტორიების აღდგენა-მოწყობის სამუშაოები;

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით, შპს ,,ტ–ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შპს ,,ტ–ს’’ სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 2 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება 52597.51 ლარის ოდენობით. ასევე, 2018 წლის 2 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების ფარგლებში გამოთხოვილი საბანკო გარანტიის თანხის ანაზღაურება 46380 ლარის ოდენობით, 2018 წლის 2 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული 5%-დან 2,5%-ის ანაზღაურება 21722,45 ლარის ოდენობით, 2018 წლის 2 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების ფარგლებში ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების 52597.51 ლარის 0,05% 2019 წლის 6 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ასევე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შპს ,,ტ–ს’’ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 2018 წლის 2 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული 2,5%-ის - 21722,45 ლარის 0,05% 2019 წლის 6 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის საფუძველზე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ არამართლზომიერად შეწყვიტა მოსარჩელესთან დადებული 2018 წლის 02 ივლისის ხელშეკრულება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი შპს ,,ტ–ს’’ მიმართ, 2018 წლის 02 ივლისს მხარეებს შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის N03.01/30/327 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის პირგასამტეხლოს სახით - 925 ლარის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა;

- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 7 მაისის განკარგულებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას უარი ეთქვა შპს „ტ–ს“ შავ სიაში დარეგისტრირებაზე.

36. ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის ის გარემოება, რომ შემსყიდველის მხრიდან კონკრეტულ ობიექტთან მიმართებით, ადგილი ჰქონდა ორი სხვადასხვა ტენდერის ფარგლებში განსახორციელებელ სამუშაოთა არასწორ დაგეგმვა-პროექტირებას, რამაც განაპირობა შესრულებული სამუშაოს გარკვეული ხარვეზი. მენარდემ არაერთხელ მიმართა შემსყიდველს ხელშეკრულებიდან გამომდინარე საკითხების დაზუსტების მოთხოვნით, მათ შორის საპროექტო კომპანიასთან საპროექტო დოკუმენტაციის/პირობების დაზუსტების, ხარჯთაღრიცხვის კორექტორების და ვალდებულებების შესრულების ვადის გაზრდის მოთხოვნით.

37. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს შპს „ტ–ს“ 2018 წლის 25 დეკემბრის №2018/12-25/გლდ წერილის შინაარსზე, რომლითაც მოსარჩელეს ეცნობა რომ, მხარეთა შორის 2018 წლის 26 ნოემბრის შეთანხმების საფუძველზე კორექტირებული ხარჯთაღრიცხვისა და პროექტში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით თითქმის დასრულებული იყო თბილისში, ........, კორპ. №7-20-ს შორის საზოგადოებრივი სკვერის მოწყობის სამუშაოები, ამასთან, თითქმის ერთ თვეზე მეტ ხანს მიმდინარეობდა და 2018 წლის 25 დეკემბერს დასრულდა სხვა ტენდერის ფარგლებში გამარჯვებული კომპანიების მიერ დაახლოებით 400 ძირი ხე-მცენარის დარგვა, 650 მ3-მდე მიწის შეტანა და ბალახის რულონების მოწყობა, რის შედეგადაც ასფალტით მოწყობილ ველო-ბილიკზე, ცენტრალურ და ბეტონს ფილით მოწყობილ ბილიკებზე (სულ დაახლოებით 4 000 მ2) დაიყარა მიწის ნარჩენები და წარმოიშვა ბალახის გროვები, აგრეთვე დაზიანდა შპს „ტ–ს“ მიერ უკვე მოწყობილი ბორდიურები, ბეტონის ფილები და განათების ბოძებთან დაერთებული კაბელები, შეფერხდა სხვა სამშენებლო სამუშაოების წარმოება. იმ ეტაპისათვის შპს „ტ.“ ასუფთავებდა ტერიტორიასა და დაზიანებულ ბორდიურებს, ფილებსა და კაბელებს ასწორებდა, ტერიტორიის სრულ დასუფთავებამდე კი ვერ ხერხდებოდა ველო-ბილიკის შეღებვა და დახაზვა; შპს „ტ–მ“ მოითხოვა აღნიშნული გარემოებების შემსყიდველის მიერ გათვალისწინება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისას, ასევე, შემსყიდველის მიერ გონივრული ვადის მიცემა თბილისის მერიის მიერ მითითებული ხარვეზების გამოსწორების მიზნით. საკასაციო პალატა, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ 2019 წლის 05 თებერვლის ინსპექტირების აქტში ჩამოთვლილი ხარვეზები (უკვე მოწყობილი ბორდიურებისა და ფილების დაზიანება, ბილიკებზე საღებავის გადასვლა, სამშენებლო ნარჩენების არსებობა და სხვ), რომელზეც მოსარჩელე მხარე აპელირებს, განაპირობა სკვერის გამწვანების მიზნით სხვა კომპანიის მიერ სამუშაოების წარმოებამ, რაც საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ მოპასუხე შესრულებასთან დაკავშირებით გამოვლენილ ხარვეზებზე პასუხისმგებელ პირად არ იქნეს მიჩნეული.

38. მოპასუხის მხრიდან არაჯეროვანი და უხარისხო შესრულების ფაქტის დასადასტურებლად, მოსარჩელე უთითებს 2019 წლის 5 თებერვლისა და 2019 წლის 6 თებერვლის ინსპექტირების აქტებზე, ასევე - გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 2019 წლის 22 თებერვლის N70-01190531008 და 2019 წლის 15 ოქტომბრის N18-00192881195 წერილებზე. 2019 წლის 5 თებერვლის ინსპექტირების აქტის თანახმად, განხორციელდა N03.01/30/327 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ინსპექტირება, რის შედეგადაც გამოვლინდა შემდეგი გარემოებები: ძაღლების მოედანზე დაზიანებული იყო ურნის წარწერა, ლითონის კონსტრუქციის შედუღებები იყო დასამუშავებელი და შესაღები; პარკის მთელს ტერიტორიაზე გარკვეულ ადგილებში ამოვარდნილი ან გაბზარული იყო ფილები, ასევე რიგ ადგილებში გაბზარული იყო ბეტონის ბორდიურები; აუზი და ლითონის ცხაური შეღებილი იყო უხარისხო საღებავით, საკალათბურთო მოედნის ხაზები შეღებილი იყო უხარისხო საღებავებით, პარკის ტერიტორიაზე სკამებისათვის და ძაღლების მოედნისათვის გამოყენებული ხის მასალები დაბზარული იყო; ველოსიპედების ბილიკზე გადასული იყო ფერი, ექსტრემალურ მოედანზე დაზიანებული იყო ბეტონის საფარი; „ლოკოკინას“ არსებული ბეტონის კედლების ნალესი და შესაბამისად საღებავი იყო ჩამოშლილი; ასფალტის საფარის მიმდებარედ ბორდიურები გადაიწია და საფარსა და ბორდიურებს შორის წარმოიქმნა სივრცე, ტერიტორიიდან არ იყო გატანილი სამშენებლო ნარჩენები. 2019 წლის 6 თებერვლის ინსპექტირების აქტის თანახმად, განხორციელდა 2018 წლის 2 ივლისს გაფორმებული №03.01/30/327 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების, შესრულების ინსპექტირება და დადგინდა, რომ შპს ,,ტ–ს“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები არ არის დასრულებული. ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის 2019 წლის 22 თებერვლის ვიზუალურ-ხარისხობრივი მონიტორინგის აქტის თანახმადაც, ლაბორატორიის სამუშაო ჯგუფის მიერ შესრულებული სამუშაოების პროექტთან შესაბამისობისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების დადგენის მიზნით, 2019 წლის 11-15 თებერვალს განხორციელებული ფოტოფიქსაციის და ვიზუალური დათვალიერების შედეგად გამოვლინდა რიგი ხარვეზები. 2019 წლის 15 ოქტომბრის N18-00192881195 წერილის თანახმად, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური იურიდიულ სამსახურს აცნობებს, რომ მათი მიმართვის საფუძველზე, ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ ჩაატარა სკვერის რეაბილიტაციის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ვუზუალური დათვალიერება და ა/ბეტონის საფარის ლაბორატორიული კვლევა, რომელთა შედეგებზე დაყრდნობით სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია შპს ,,ტ–ს’’ მიერ მერიისადმი მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, და ვინაიდან გარკვეულ სამუშაოებზე გარკვეული დროის შემდგომ გამოვლინდა ხარვეზები, შპს ,,ტ–ს“ მიერ არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოების გამოსწორება დაევალა სხვა კონტრაქტორ კომპანიას (შპს ,,ა.ჰ.ჯ.პ–სი''), მასთან 2019 წლის 25 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში; მიყენებული ზიანის საერთო რაოდენობამ შეადგინა 194 732.33 ლარი შესაბამისი დარიცხვების გათვალისწინებით; წინამდებარე მეთოდოლოგია ეფუძნება რიგ შემთხვევაში შპს ,,ტ–თან“ გაფორმებულ კონტრაქტს და რიგ შემთხვევაში შპს „ა.ჰ.ჯ.პ–სთან“ გაფორმებულ კონტრაქტს.

39. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 649-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს საზღაური. სამუშაო მიღებულად ჩაითვლება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს მენარდის მიერ დადგენილ ვადაში. სამუშაოს მიღების ვალდებულება გამოიხატება იმაშიც, რომ შემკვეთმა უნდა შეამოწმოს შესრულებული სამუშაოს შედეგი და თუ მასში აღმოაჩენს ნაკლს, მაშინ ეს გარემოება უნდა გააფორმოს ჯეროვნად. როგორც წესი, სამუშაოს მიღების შესახებ ფორმდება მიღების აქტი, რომელსაც ხელს აწერენ მენარდე და შემკვეთი. თუკი შემკვეთი აღმოაჩენს შესრულებული სამუშაოს ნაკლს, მან ამის შესახებ აუცილებლად უნდა მიუთითოს მიღების აქტში. თუკი შემკვეთი არ შეამოწმებს შესრულებული სამუშაოს ხარისხს და ისე მიიღებს, იგი კარგავს უფლებას, შემდგომში მიუთითოს სამუშაოს ამ ნაკლზე (იხ. ლ. ჭანტურია და სხვები, სამოქალაქო კოდექსის კომენტარის მეოთხე წიგნი, თბილისი 2001, მუხლი 649; ზ. ძლიერიშვილი, ნარდობის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება, 2011, გვ. 305).

40. ზემოაღნიშნული ვალდებულება მნიშვნელოვანია, რამდენადაც შესრულებული სამუშაოს მიღებით შემკვეთი ადასტურებს, რომ მენარდემ ჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო. შესაბამისად, შემკვეთი ამ მოქმედებით კარგავს ნაკლთან დაკავშირებით მოთხოვნის უფლებებს. სამოქალაქო კოდექსის 652-ე მუხლის შესაბამისად, თუ შემკვეთისათვის ნაკეთობის ნაკლი ცნობილია და იგი მაინც მიიღებს მას პრეტენზიის განუცხადებლად, მაშინ შემკვეთს არ წარმოეშობა მოთხოვნის უფლებები ამ ნაკლის გამო. აღსანიშნავია, რომ ეს წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც საუბარია ფარულ ნაკლზე, ასევე თუ შემკვეთი სამუშაოს მიღებისას გააკეთებს დათქმას ნაკლის გამო უფლებების შენარჩუნების შესახებ.

41. წინამდებარე დავის ფარგლებში დადგენილია, რომ 2018 წლის 02 ივლისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N03.01/30/327 ხელშეკრულების ფარგლებში მხარეებს შორის გაფორმებულ იქნა N1, N2, N3, N4 მიღება-ჩაბარების აქტები, ხელშეკრულებით გათვალისწინებული - 211334.82 ლარის, 237996.85 ლარის, 336459.07 ლარისა და 83107.42 ლარის (სულ - 868898.16 ლარი) ღირებულების სამუშაოს შემსყიდველის მიერ მიღების თაობაზე; ხელშეკრულებით გათვალისწინებული 925 486.26 ლარის ღირებულების სამუშაოებიდან შპს ,,ტ–მ’’ შეასრულა და შემსყიდველმა მიიღო 868 898.94 ლარის სამუშაოები (რამაც შეთანხმებული სამუშაოების ღირებულების 93,88%-ს შეადგინა), ოთხივე შემთხვევაში, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მიზნით, ფორმა №2-თან წარდგენილ იქნა შპს „ს.მ.ჯ–ის“ დადებითი საექსპერტო დასკვნები. უფრო ზუსტად, სამუშაოს მიღების თითოეულ ეტაპს წინ უძღოდა უკვე ჩატარებული სამუშაოების შეფასებები, როგორც ხილულ, ასევე - ფარულ სამუშაოებზე. ოთხივე მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერისას სამუშოთა ხარისხსა და სხვა ნაკლოვანებებზე, მათ შორის ფარულ ნაკლზე, შემკვეთს არ მიუთითებია. არ ყოფილა გაკეთებული რაიმე დათქმა შესრულების ნაკლის გამო არსებული უფლებების შენარჩუნების შესახებ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ხელშეკრულების შესრულების ყველა ეტაპზე შპს „ს.მ.ჯ–ის“ დადებით დასკვნას განიხილავდა საკმარისად სარწმუნოდ, რათა ხელი მოეწერა მიღება-ჩაბარების აქტისათვის, თუმცა სამუშაოთა ჩაბარების ბოლო მე-5 ეტაპზე შემსყიდველმა, ხელშეკრულების შესრულების კონტროლის მიზნით, ჩაატარა ინსპექტირება 2019 წლის 5 და 6 თებერვალს, შესრულებულ სამუშაოებში გამოვლენილი ხარვეზები კი, საფუძვლად დაუდო გადაწყვეტილებას, მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერაზე უარის თქმის შესახებ. საგულისხმოა, რომ ინსპექტირების არცერთი აქტი არ შეიცავს მითითებას მასზე, თუ რომელ ეტაპზე შესრულებულ სამუშაოს უკავშირდებოდა ინსპექტირება, ხოლო 2019 წლის 31 იანვრის შპს „ს.მ.ჯ–ის“ მიერ შესრულებული ინსპექტირების ანგარიშის დასკვნითი ნაწილით კი დგინდება, თბილისში, .........., კორპ. №7-20-ს შორის საზოგადოებრივი სკვერის მოწყობის 2018 წლის 29 დეკემბრიდან 2019 წლის 29 იანვრამდე შესრულებული სამუშაოების მოცულობები და ღირებულებები შესაბამისობაშია წარდგენილი ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულთან და შესრულებული სამუშაოს ღირებულება, ინსპექტირების ჩატარების შედეგად, შეადგენს 52 597.51 ლარს; 2018 წლის 29 დეკემბრიდან 2019 წლის 29 იანვრამდე შესრულებული სამუშაოების ხარისხი კი შესაბამისობაშია საპროექტო მოთხოვნებთან, მასში მითითებულ ნორმებსა და საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ სტანდარტებთან.

42. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია - ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. გადაწყვეტილების პრეიუდიციულობა ორმხრივ სავალდებულო აკრძალვას გულისხმობს, რომელიც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი და დადასტურებული ფაქტების სხვაგვარად შეფასებას უკრძალავს სასამართლოს, ხოლო საქმეში მონაწილე პირებს - ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებსა და სამართლებრივ ურთიერთობებთან შედავებას, თუ სხვა საქმეში იგივე პირები ან მათი უფლებამონაცვლეები მონაწილეობენ. სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს აქვთ პრეიუდიციული მნიშვნელობა და ისინი აღარ უნდა დამტკიცდეს ხელახლა სხვა სამოქალაქო საქმის განხილვისას, რომელშიც იგივე მხარეები მონაწილეობენ.

43. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტის პრეიუდიციულობის შემოწმებისას მნიშვნელობა ენიჭება ამ გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივი გარემოების შინაარსს - კერძოდ, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები უნდა ამართლებდეს ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს, ანუ განსაზღვრავდეს მხარის მატერიალურ-სამართლებრივ უფლებებსა და ვალდებულებებს, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების გამოტანას. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ პრეიუდიციული მნიშვნელობის ფაქტები შეუდავებელი ფაქტებია და სასამართლო არ არის უფლებამოსილი, სხვა დავაში მხედველობაში მიიღოს ამ ფაქტების წინააღმდეგ წარდგენილი შედავება, ამას მოწმობს სსსკ-ის 266-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი (იხ. სუსგ-ები: Nას-547-510-2017 , 04.05.2018წ; N ას-15-2020, 11.03.2021წ; N ას-456-2020, 11.11.2022წ.).

44. მოცემულ შემთხვევაში, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით ცალსახად დადგენილია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის საფუძველზე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ არამართლზომიერად შეწყვიტა მოსარჩელესთან დადებული 2018 წლის 2 ივლისის ხელშეკრულება და დააკმაყოფილა მე-5 ეტაპის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების - 52 597.51 ლარის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა. 2022 წლის 12 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით კი დადგენილია, რომ უტყუარად და სათანადო მტკიცებულებებით არ დადასტურდა შპს ,,ტ–ს’’ მხრიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ 2018 წლის 2 ივლისის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, რაც მოთხოვნილი პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი გახდებოდა.

45. მოვლენათა ამგვარი განვითარების გათვალისწინებით და ამავე დროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 2 ნოემბრისა და 2022 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებებით დადგენილი ფაქტების პრეიუდიციულობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა საქმეში არსებული სადავო საკითხი და მიიღო კანონიერი განჩინება;

46. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოსარჩელეს, რომელსაც სასამართლოსათვის იმგვარი პირდაპირი მტკიცებულებები უნდა წარედგინა, რომლებიც ფაქტობრივად მიყენებულ ზიანთან ერთად დაადასტურებდა მენარდის მხრიდან ვალდებულების დარღვევასა და ამ ქმედებასა და ზიანს შორის პირდაპირ მიზეზობრივ კავშირს. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ წინამდებარე საქმეში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დარღვევის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულების სასამართლოსათვის წარდგენა, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.

47. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა საქმეში არსებული სადავო საკითხი და მიიღო კანონიერი განჩინება.

48. საკასაციო სასამართლოს დასკვნით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. 49. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება. 50. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

51. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

52. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

53. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ბადრი შონია

ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე