დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № ას-399-2026 25 მაისი, 2026 წელი,თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ჟ.ტ–ვა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ.კ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 03 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ჟ.ტ–ვამ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ.კ–ის (შემდგომში - „მოპასუხე“, „მოწინააღმდეგე მხარე“) მიმართ, რომლითაც 51 934 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს ერთმანეთთან აკავშირებდათ ბიზნეს საქმიანობა საქართველოში. კერძოდ, შპს „გ“-ის დამფუძნებელი პარტნიორები არიან მოსარჩელის მეუღლე - დ.კ–ძე და მოპასუხე - ვ.კ–ი. ასევე მოსარჩელე იყო მ.პ–ს ინვესტორი, სადაც მშენებლობას ხელმძღვანელობდა მოსარჩელე - ვ.კ–ი.
2.2. სარჩელზე დართული მტკიცებულებები ადასტურებს მოსარჩელისა და მოპასუხის ბიზნეს საქმიანობის ფაქტს და იმ ფაქტს, რომ მოსარჩელეს არაერთხელ აუღია თანხა ჟ.ტ–ვას თანხიდან სესხის სახით, მათ შორის, სესხი გაცემულია შპს „მ.გ–ზე“, სადაც დამფუძნებლები იყვნენ მოსარჩელის მეუღლის დ.კ–ძის დისშვილი თ.ნ–ძე და მოპასუხე ვ.კ–ი.
2.3. ჟ.ტ–ვას, ბიზნეს საქმიანობიდან გამომდინარე, საქართველოში ჰქონდა ფულადი დანაზოგი. იგი იყო ინვესტორი იმ კომპანიებისთვის, რომელშიც ხელმძღვანელ თანამდებობაზე და დამფუძნებლად იყო ვ.კ–იც და მისი ოჯახის წევრიც. ის ფაქტი, რომ ის ნამდვილად იყო ინვესტორი, დასტურდება ფაქტების კონსტატაციის ოქმში თავმოყრილი მიმოწერებით. მშენებლობის ყველა დეტალი, ყველა შესყიდვა, როგორც შპს „გ–ს ..“-ში და შპს „მ.გ–ში, ისე შპს „მ.პ–ში“, თანხმდებოდა სწორედ მასთან. საქართველოში არსებული დანაზოგი მას მიბარებული ჰქონდა მეუღლის დ.კ–ძის დისშვილზე თ.ნ–ძეზე. თ.ნ–ძე მუშაობდა შპს „გ–ს ..“-ში ფინანსურ დირექტორად, სადაც დამფუძნებლები იყვნენ დ.კ–ძე და მოპასუხე ვ.კ–ი. თ.ნ–ძე ასევე მუშაობდა შპს „მ.გ–ში“, სადაც თავად იყო დამფუძნებელი მოპასუხე ვ.კ–თან ერთად.
2.4. სარჩელის თანახმად, თ.ნ–ძემ, 2018 წლის 18 იანვარს, ჟ.ტ–ვას კუთვნილი თანხიდან, ვ.კ–ს სესხად გადასცა 51 934 აშშ დოლარი. სესხს არ ერიცხებოდა სარგებელი და პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის. სესხის დაბრუნების ვადა იყო იმავე წლის აპრილამდე. სარჩელს ერთვის ცხრილი დეტალური ხარჯების ნუსხით. ცხრილს აწარმოებდა თ.ნ–ძე და მასვე ჰქონდა გადაგზავნილი მოსარჩელისთვის სწორედ ჟ.ტ–ვას თანხიდან, რაც მოსარჩელეს არ დაუბრუნებია.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე არ ყოფილა მ.პ–ს ინვესტორი და არც წარმოებულ მშენებლობას ხელმძღვანელობდა. ამასთან, მითითებული კომპანიების შესახებ ინფორმაციას არანაირი მნიშვნელობა აქვს განსახილველი საქმის მიმართ.
3.2. შესაგებლის თანახმად, მოპასუხისათვის უცნობია საქართველოში ჟ.ტ–ვას ბიზნეს საქმიანობის შესახებ, ასევე უცნობია ინფორმაცია იმის შესახებ საქართველოში ჰქონდა თუ არა მას დანაზოგი. მოპასუხის მტკიცებით, არც 2018 წლის 18 იანვარს და არც სხვა დროს ვ.კ–ისათვის თ.ნ–ძეს ჟანა ტემიროვას კუთვნილი თანხიდან სესხად არ გადაუცია 51 934 აშშ დოლარი, შესაბამისად ვერც სესხის დაბრუნების ვადა განისაზღვრებოდა.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ჟ.ტ–ვას სარჩელი მოპასუხე ვ.კ–ის მიმართ. ვ.კ–ს ჟ.ტ–ვას სასარგებლოდ დაეკისრა 51 934 ლარის გადახდა.
4.2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ვ.კ–მა წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომელმაც მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 03 თებერვლის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5.2. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმის მასალებით არ დგინდებოდა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის კუთვნილი თანხის მოპასუხისთვის გადაცემის ფაქტი. სადავო საკითხის გამოსაკვლევად, პალატამ მნიშვნელოვნად მიიჩნია თავდაპირველად დადასტურებულიყო სადავო თანხაზე ჟ.ტ–ვას საკუთრების უფლება, ამის შემდეგ დადგენილიყო ამ თანხის გადაცემის ფაქტი, ხოლო ამ ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, უნდა გამორკვეულიყო დაბრუნებული ჰქონდა თუ არა მოპასუხეს სესხის თანხა.
5.3. თანხის კუთვნილებასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იურიდიული პირის სტატუსზე, როგორც დამოუკიდებელ ორგანიზაციულ წარმონაქმნზე, რომელსაც გააჩნია საკუთარი ქონება (ფინანსები), აქვს სახელი, ჰყავს ხელმძღვანელი პირები და ა.შ. ამასთან, სამართლებრივ ურთიერთობებში, მაგალითად, სესხი, იჯარა და სხვა სამოქალაქო კოდექსით აუკრძალავ ნებისმიერ ურთიერთობაში (და არა მარტო სამოქალაქო სამართლებრივში) მონაწილეობს საკუთარი სახელით, საკუთარი პასუხისმგებლობის ფარგლებით. შესაბამისად, აღნიშნა, რომ კონკრეტული იურიდიული პირის სფეროში, მისი საქმიანობის მიზნებისთვის ნაწარმოები ანგარიშფაქტურებში თუ სხვადასხვა ბუღალტრულ აღრიცხვებში და ცხრილებში დაფიქსირებული თანხები აპრიორად ვერ განიმარტება ვერც დირექტორის, ვერც დამფუძნებლის და სხვა პირის პირად სახსრებად. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან ჟ.ტ–ვა სადავო თანხის დაბრუნებას მოითხოვდა, ისე როგორც ფიზიკური პირი და მოთხოვნას ამყარებდა იურიდიული პირების ფინანსურ დოკუმენტებზე, აღნიშნული არ გამოდგებოდა სადავო თანხის მოსარჩელისადმი კუთვნილების ფაქტის დასადგენად.
5.4. სააპელაციო პალატამ, ასევე, არ გაიზიარა სადავო თანხის მოპასუხისთვის თ.ნ–ძის მეშვეობით გადაცემის ფაქტი და უპირველესად მიუთითა თავად თ.ნ–ძის ჩვენებაზე, რომლითაც მოწმემ არ დააფიქსირა ამ შინაარსის ახსნა-განმარტება, იგი მხოლოდ მიუთითებდა, რომ მან მოახდინა თანხის ჩაწერა, რა თანხაზეც უთხრეს, რომ ვ–ის სესხის თანხა იყო. ამ მიმართებით სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება მიაპყრო საქმის მასალებში წარმოდგენილ სხვადასხვა მტკიცებულებებს, და აღნიშნა, რომ მართალია „WhatsApp“-ის მიმოწერაში იკვეთებოდა მოსარჩელის სურვილი ჟ.ტ–ვასგან სესხის სახით მიეღო გარკვეული თანხა, თუმცა იმის მხედველობაში მიღებით, რომ საქმის მასალები არ შეიცავდა მოსარჩელის უკუკავშირს აღნიშნულ მინაწერებზე, ამასთან იმის გათვალისწინებით, რომ მითითებული თანხის ოდენობა არ იყო თანხვედრაში მოსარჩელის მიერ დასახელებულ სესხის თანხასთან და ასევე იმაზე მითითებით, რომ 11 იანვრის მინაწერის შინაარსი გამორიცხავდა მოპასუხის მიერ თანხის გატანას (პირიქით მითითებულია თანხების ანგარიშზე განთავსება), პალატამ მიიჩნია, რომ ხსენებული არგუმენტები ვერ ამყარებდა სასარჩელო მოთხოვნას და ვერ ადასტურებდა თანხის სესხად გაცემის ფაქტს.
5.5. სააპელაციო პალატამ საქმეში წარმოდგენილ ე.წ. ცხრილში ასახულ ინფორმაციასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მართალია ხსენებულ ცხრილში 11.01.2018 წლის ჩანაწერში მითითებულია - 51 934 ლარი სესხად ვ–ს აპრილამდე, თუმცა აღნიშნულით, შეუძლებელი იყო თანხის სესხად გაცემის ფაქტის დადგენა, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი არ იყო სხვა რელევანტური მტკიცებულება ხოლო ეს ცხრილი კი ემსახურებოდა შპს-ებში განხორციელებულ თანხების ბრუნვას. ამასთან, ამ ნაწილში პალატა დაეთანხმა აპელანტის მსჯელობას, რომ აღნიშნულის გაზიარების შემთხვევაში, გასაზიარებელი უნდა ყოფილიყო აპელანტის არგუმენტიც მასზედ, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს 2018 წლის 12 თებერვალს ამ თანხის ნაწილი - 49 700 ლარი უკან დაუბრუნა, როგორც ეს მითითებულია იმავე ცხრილში (იხ. ცხრილის 12.02.2018წ. ჩანაწერი).
5.6. სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარე (მოსარჩელე) რომელიც ვალდებულების არსებობის თაობაზე აპელირებდა, ამ ვალდებულების არსებობის მთავარი ელემენტის - სესხის გაცემის მტკიცების ტვირთიც მასვე ეკისრებოდა. პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობდა მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების სამტკიცებლად წარმოდგენილი წონადი მტკიცებულებები, შესაბამისად, დაადგინა, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის თანხის სესხად გადაცემის ფაქტი არ დასტურდებოდა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი უნდა გამხდარიყო.
5.7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 03 თებერვლის გადაწყვეტილება, საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით, გაასაჩივრა ჟ.ტ–ვამ.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
6.1. კასატორი მიიჩნევს, რომ მან დასძლია მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი და დაადასტურა, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს, სესხის სახით გადასცა თანხა, რის დასტურადაც კასატორი მოიხმობს საქმის მასალებში წარმოდგენილ ფაქტის კონსტანტაციის მასალებს, თ.ნ–ძის ჩვენებასა და ე.წ. „ცხრილებს“. მისივე მტკიცებით, სადავო თანხის მოსარჩელისადმი კუთვნილების ფაქტი დავის განხილვის არცერთ ეტაპზე სადავოდ არ გაუხდია მოპასუხეს, შესაბამისად სააპელაციო პალატამ დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი, როდესაც ვრცელი მსჯელობა მიუძღვნა სესხის სახით გადაცემული თანხის კუთვნილების გამორკვევას და იურიდიული პირებისა და ფიზიკური პირების ქონებრივი უფლებების განსხვავებულობის კვლევას. კასატორის მტკიცებით, მაშინ როდესაც მოწმის ჩვენება თუ სხვა მტკიცებულებები დაუშვებლად არ ყოფილა ცნობილი და არ ამორიცხულა საქმის მასალებიდან ყოველმხრივ დაუსაბუთებელი იყო სასამართლოს დასკვნა მათ გაზიარებაზე უარის თქმის შესახებ.
6.2. კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან პრაქტიკას (შდრ. იხ. სუსგ. საქმეზე Nას-664-635-2016 და 2/33035-19), ვინაიდან ამგვარი ტიპის საქმეებზე, როდესაც თანხის გადაცემა სადავო არ არის და სასამართლო ვერ ადგენს სასესხო ურთიერთობის არსებობას მაშინ პალატა მოთხოვნას უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ ნორმების გამოყენებით აკმაყოფილებს, რაც განსახილველ შემთხვევაში არ მომხდარა. ამავე არგუმენტის დასასაბუთებლად კასატორი მოიხმობს იგივე მოდავე მხარეებს შორის წარმოებულ სხვა დავებს, სადაც თანხის გადაცემის სამტკიცებლად სწორედ ეს ე.წ. „ცხრილებია“ გამოყენებული, რაც ამ მტკიცებულებისთვის სამართლებრივი ძალის გამოცლის დაუსაბუთებლობას მოწმობს, მით უფრო მაშინ, როდესაც მოპასუხეს ე.წ. ცხრილების სამართლებრივი ძალა სადავოდ არასოდეს გაუხდია და არ მოუთხოვის მისი საქმის მასალებიდან ამორიცხვა.
6.3. კასატორმა ყურადღება მიაპყრო მოდავე მხარეთა შორის „WhatsApp“-ის პლატფორმის საშუალებით განხორციელებულ კომუნიკაციას, სადაც მოპასუხე მოსარჩელეს მიმართავდა 15 000 აშშ დოლარის სესხად მიცემის თაობაზე და აღნიშნა, რომ ამ მიმოწერასთან დაკავშირებით თავად მოპასუხის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ თუ რაიმე თანხა გამოართვა მოპასუხემ მოსარჩელემ დაუბრუნა კიდეც. კასატორი მიიჩნევს, რომ ეს განმარტება ფაქტობრივად ადასტურებს თანხის მიცემას, ვინაიდან თუ არ არსებობდა ვალდებულება მოპასუხე ვერაფერს შეასრულებდა. შესაბამისად, კასატორი ემიჯნება სააპელაციო პალატის მიერ გაკეთებულ იმ შეფასებას, რომ მართალია მოპასუხემ გამოხატა სურვილი გარკვეული თანხა მიეღო მოსარჩელისგან თუმცა მას ამ თხოვნაზე არ გაუცია პასუხი და ასევე სადავო თანხა განსხვავდება მოპასუხის მიერ მოთხოვნილი თანხის ოდენობისგან.
6.4. კასატორმა, ასევე პროცესუალურ შედავება წარმოადგინა და ერთი მხრივ, განაცხადა, რომ მას შეეზღუდა სამართლიანი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება ვინაიდან არ იყო სათანადოდ უზრუნველყოფილი თარჯიმნის უფლებით, ამასთან 2026 წლის 3 თებერვლის სხდომაზე საერთოდ არ ყოფილა წარმოდგენილი თარჯიმანი. გარდა ამისა, კასატორი აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო საქმე, რომელიც კანონიერ ძალაში იყო შესული და ამოწერილი იყო სააღსრულებო ფურცელი, რაც ყოვლად დაუშვებელია.
6.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 4 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
11. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ჟ.ტ–ვა ითხოვდა მოპასუხე ვ.კ–ს მის სასარგებლოდ დაჰკისრებოდა სესხის თანხა - 51 934 აშშ დოლარის ოდენობით, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ხოლო სააპელაციო პალატამ, ახალი გადაწყვეტილებით გააუქმა ეს გადაწყვეტილება და სარჩელი არ დააკმაყოფილა იმ მოტივაციით, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნიდა მოდავე მარეთა შორის სასესხო ვალდებულების არსებობის ფაქტის დადგენის შესაძლებლობას და ამასთან, არ იკვეთებოდა სადავო თანხის მოსარჩელისადმი კუთვნილების ფაქტი. კასატორის პრეტენზია გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმართ უპირატესად მიემართება სასესხო ურთიერთობის არსებობის ფაქტს, ხოლო მეორე მხრივ, იმას, რომ სესხის არარსებობის პირობებში, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა უსაფუძვლო გამდიდრების მომწესრიგებელი ნორმები და მის საფუძველზე დაეკმაყოფილებინა სარჩელი. შესაბამისად, მოცემული დავის საკვანძო საკითხია, მოპასუხისთვის თანხის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის კანონიერების განსაზღვრა, ე.ი. შესამოწმებელია, თუ რამდენად წარმატებულია კასატორის მხრიდან მოწინააღმდეგე მხარის მიმართ ამ მოთხოვნის აღძვრა.
12. საკასაციო პალატა კასატორის პირველ პრეტენზიას არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების არსებობა. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამდენად, სესხის ხელშეკრულების წარმოშობისათვის შემდეგი წინაპირობების არსებობაა საჭირო: ა) გამსესხებელს მსესხებლის საკუთრებაში განსაზღვრული თანხა უნდა ჰქონდეს გადაცემული; ბ) დათქმულ ვადაში მსესხებელი გადაცემული თანხის უკან დაბრუნების ვალდებულებას უნდა კისრულობდეს. სასესხო ურთიერთობის წარმოშობის წინაპირობების მტკიცების თვალსაზრისით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავოობისას სესხის ხელშეკრულების დადების - თანხის გადაცემის ფაქტის დამტკიცების ტვირთი გამსესხებელს ეკისრება (შდრ. სუსგ, Nას-1067-1026-2016, 23.06.2017წ). ამდენად, სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების ტვირთი გამსესხებელს აკისრია. მხოლოდ ამ შემთხვევაში მოქმედებს მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე პრეზუმფცია. ამ პრეზუმფციის გაქარწყლების ტვირთი (ვალდებულების შესრულების ტვირთი) კი, მსესხებელს ეკისრება (იხ. სუსგ, №ას-929-891-2014, 22.04.2015). განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სადავო თანხის მოწინააღმდეგე მხარისთვის გადაცემის ფაქტი სადავოდაა გამხდარი წარმოდგენილი კვალიფიციური შესაგებლით. უდავოა, რომ სარჩელი აღძრულია ფიზიკური პირი ჟ.ტ–ვას მიერ, რომელიც აცხადებს, რომ მისი კუთვნილი დანაზოგის მოპასუხისთვის სესხის სახით მიცემა მოხდა იმ იურიდიული პირების საშუალებით, რომლის ინვესტორიც თვითონ იყო, ხოლო მეწილე - მოპასუხე. თანხის გადაცემის დასტურად საქმის მასალებში წარმოდგენილია ე.წ. ცხრილები, ფაქტის კონსტატაციის მასალები და მხარეთა შორის „WhatsApp“-ის პლატფორმის საშუალებით განხორციელებული მიმოწერა, რომელთა შეჯერებითაც, პალატის აზრით, სადავო თანხის მოპასუხისთვის გადაცემა არ დგინდება.
13. მოცემული საკითხის შეფასებისას, მხედველობაშია მისაღები, სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის დანაწესი, რომლითაც დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს, მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კომპანიის მიერ ფიზიკური პირისათვის სოლიდური თანხის გადარიცხვისას არსებობს პრეზუმფცია, რომლის თანახმადაც, იურიდიულ პირს, როგორც საგადასახადო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოების წინაშე ვალდებულ სუბიექტს, ფინანსური დოკუმენტაციის გამართულად წარმოება ევალება. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ გადაცემული თანხის სამართლებრივი ბუნების დასადასტურებლად არ არის საკმარისი მოსარჩელის მიერ წარდგენილი ე.წ. ფაილი/ცხრილი, რომელიც არ წარმოადგენს რომელიმე კომპანიის ოფიციალურ დოკუმენტს, ასევე მასში თავმოყრილია სხვადასხვა პირების თანხის ბრუნვების ისტორია, თუმცა ისიც დაუდგენელია რამდენად სრულყოფილადაა ეს ისტორია გადმოცემული. ამასთან, მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულმა პირმა, რომელიც თავად ადგენდა ამ ცხრილს (თ.ნ–ძე) მიუთითა, რომ „ეს თანხა ერთმანეთში გაიარეს, ჩემთან მოვიდა უკვე ნაკლული, მე მითხრეს, რომ ეს თანხა არის ვ–ის სესხის თანხა და შესაბამისად მოვახდინე მხოლოდ და მხოლოდ ჩანაწერის გაკეთება“ (13.06.2024 წლის სხდომის ოქმი, 11:14:08 საათი). რაც პალატას უმყარებს რწმენას, რომ თ.ნ–ძემ მოსარჩელის კუთვნილი თანხები კი არ გადასცა მოპასუხეს და შესაბამისი მითითება გააკეთა ე.წ. ფაილში, არამედ მან მხოლოდ მისთვის გადაცემული ინფორმაცია ასახა მასში. თუმცა მას სესხად გაცემის ფაქტიც, რომ დაედასტურებინა, სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის ფარგლებში იგი მაინც ვერ დაადასტურებდა მოდავე მხარეთა შორის ზეპირი სესხის ხელშეკრულების გაცემის ფაქტს. ამასთან, პალატის განსჯით, ხსენებული დოკუმენტაცია სრული და განკუთვნადი მტკიცებულება რომც იყოს, მოსარჩელის და არა მის მიერ დასახელებული იურიდიული პირების კუთვნილების ფაქტი კონკრეტულად იმ თანხაზე, რომლის უკან დაბრუნებასაც მხარე ითხოვს არ დასტურდება, რაც პროცესუალურ სამართლებრივადაც ნიშნავს, რომ არ დგინდება ჟ.ტ–ვას უფლებამოსილება მოპასუხისგან მოითხოვოს სადავო თანხის უკან დაბრუნება, მისი შინაარსის მიუხედავად (სესხი თუ უსაფუძვლო გამდიდრება). აღნიშნული მსჯელობა ემყარება სამეწარმეო სამართლის უმთავრეს - ქონებრივი გამიჯვნის თეორიას, რომლის თანახმადაც იურიდიული პირის ქონება დამოუკიდებელია დამფუძნებლების, პარტნიორების ან აქციონერების პირადი ქონებისგან.
14. გარდა ამისა, გასაზიარებელია სააპელაციო პალატის მიერ განხორციელებული ის მსჯელობაც, რომ მხარეთა შორის „WhatsApp“-ის პლატფორმის საშუალებით განხორციელებული მიმოწერით, მართალია დგინდება მოპასუხის სურვილი მოსარჩელისგან გარკვეული თანხა მიეღო, თუმცა ამ მიმართებითაც საგულისხმოა, რომ მოსარჩელეს არ დაუდასტურებია მოპასუხის თხოვნის შესრულების შესაძლებლობა, მეორე მხრივ კი, თანხა რომელსაც მოპასუხე მოითხოვდა გაცილებით ნაკლებია (15 000 აშშ დოლარი) ვიდრე წინამდებარე სარჩელით იყო მოთხოვნილი (51 900 აშშ დოლარი), რაც სადავო თანხის გადაცემის დასადასტურებლად არარელევანტური მტკიცებულებაა. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მითითებული თანხის ოდენობა არ მოდის თანხვედრაში მოსარჩელის მიერ დასახელებულ სესხის თანხასთან და ასევე იმაზე მითითებით, რომ 11 იანვრის მინაწერის შინაარსი გამორიცხავს მოპასუხის მიერ თანხის გატანას (პირიქით მითითებულია თანხების ანგარიშზე განთავსება), პალატა მიიჩნევს, რომ ხსენებული არგუმენტები ვერ ამყარებენ სასარჩელო მოთხოვნას და ვერ ადასტურებენ სესხის თანხის გაცემის ფაქტს.
15. გარდა ყოველივე ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქმეზე არ დგინდება სესხის ხელშეკრულების ნამდვილობისთვის საჭირო მეორე ელემენტი - სესხის უკან დაბრუნების ვალდებულების კისრება. სწორედ ამ წინაპირობის არსებობას ხდიდა სადავოდ მოწინააღმდეგე მხარე, როდესაც აცხადებდა, რომ სესხის გადაცემის მიზნობრიობა და მის მიერ სადავო თანხის უკან დაბრუნების შესახებ ვალდებულების აღება, საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით არ დგინდება. შესაბამისად, შეკითხვაზე: მოსარჩელის მიერ გადაცემული თანხა წარმოადგენს თუ არა სესხს და იკისრა თუ არა მოპასუხემ მოსარჩელისათვის მისი დაბრუნების ვალდებულება, ნეგატიური პასუხი უნდა გაეცეს.
16. პალატა ასკვნის, რომ სარჩელის დასაკმაყოფილებლად კასატორს სხვა უფრო წონადი მტკიცებულების წარდგენა შეეძლო. ამდენად, მოსარჩელის მხრიდან იმის მტკიცება, რომ სადავო თანხა ყოველგვარი წერილობითი გარანტიების გარეშე, ზეპირი შეთანხმებით ფიზიკურ პირს გადაეცა, ისე, რომ არც თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტია წარმოდგენილი, მხარეთა შორის სასესხო ვალდებულების წარმოშობას საეჭვოს ხდიდა. შესაბამისად, სესხის ხელშეკრულების მომწესრიგებელ ნორმებზე დაყრდნობით სარჩელი სწორად ჩაითვალა წარუმატებლად.
17. რაც შეეხება კასატორის მეორე პრეტენზიას სააპელაციო პალატის მიერ უსაფუძვლო გამდიდრების წესებიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაშიც, კასატორის პრეტენზიას არ აქვს წარმატების პერსპექტივა. სამოქალაქო კოდექსის 976-ე-991-ე მუხლებიდან გამომდინარე, პირის ქონების გაზრდა ან დაზოგვა სხვა პირის ხარჯზე კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე, წარმოადგენს უსაფუძვლო გამდიდრებას და წარმოშობს უსაფუძვლოდ შეძენილის ან დაზოგილი ქონების უფლებამოსილი პირისათვის გადაცემის ვალდებულებას. სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის მიხედვით, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში; ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია თუ, მიმღებს შეეძლო ევარაუდა, რომ შემსრულებელს სურდა თანხის გადაცემა. მოცემული ნორმის ძირითადი არსი ისაა, რომ სხვა პირის ხარჯზე მიღებული სარგებლის უკან დაბრუნების ვალდებულება წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირი ამით გამდიდრდა. თუ გამდიდრების ფაქტი სახეზე არ არის, მაშინ მხოლოდ ქონების დაზოგვა არ წარმოშობს კონდიქციურ ვალდებულებას. „უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილ იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უფლების, უპირატესობის მიღებამდე“... უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი – მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია – ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას“ (შდრ. სუსგ-ები: Nას-112-105-2017, 6.02.2019წ.; Nას-1193-1122-2015, 31.05.2016წ.; Nას-74-71-2016, 25.05.2016წ.; Nას-225-215-2016, 25.05.2016წ.; Nას-184-171-2015, 20.05.2016წ.; №ას-390-390-2018, 15.05.2018წ.).
18. სარჩელის თანახმად, თ.ნ–ძემ, რომელიც მოსარჩელის მეუღლის დისშვილია 2018 წლის 18 იანვარს ჟ.ტ–ვას კუთვნილი თანხიდან ვ.კ–ს სესხად გადასცა 51 934 აშშ დოლარი. სესხის დაბრუნების ვადა იყო იმავე წლის აპრილამდე. მოსარჩელემ ხსენებული ფაქტის დასადასტურებლად სასამართლოს წარუდგინა ფაქტების კონსტატაციის ოქმი, რომელსაც ერთვის ცხრილი დეტალური ხარჯების ნუსხით. ცხრილს აწარმოებდა თ.ნ–ძე და მასვე ჰქონდა გადაგზავნილი მოსარჩელისთვის. მოსარჩელის აზრით, ცხრილით დასტურდებოდა, რომ თ.ნ–ძემ სადავო თანხა სესხად გადასცა ვ.კ–ს სწორედ ჟ.ტ–ვას თანხიდან. სარჩელის ხსენებული საფუძვლებიდან სააპელაციო პალატამ ვერცერთის საფუძვლიანობა ვერ დაადგინა, რაც გაიზიარა საკასაციო პალატამაც. კერძოდ, სადავო თანხის ჟ.ტ–ვას, როგორც ფიზიკური პირის კუთვნილება, არცერთი მტკიცებულებით არ დადგინდა, წარმოდგენილი ფაილი და შესაბამისად ფაქტების კონსტატაციის ოქმიც არარელევანტურად იქნა მიჩნეული, რადგან იგი არ წარმოადგენს რომელიმე კომპანიის ოფიციალურ დოკუმენტს, ასევე მასში თავმოყრილია სხვადასხვა პირების თანხის ბრუნვების ისტორია, თუმცა ისიც არაა დადგენილი რამდენად სრულყოფილადაა ეს ისტორია გადმოცემული. ასევე, თ.ნ–ძემ, სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით მოსარჩელის კუთვნილი თანხის მოპასუხისთვის გადაცემის ფაქტი კი არ დაადასტურა, არამედ აღნიშნა, რომ მხარეებმა ამ თანხის შესახებ მოილაპარაკეს ერთმანეთში და უკვე ნაკლული სახით გადასცეს თ–ს, რის შესახებაც მან ე.წ. ფაილში გააკეთა ჩანაწერი თანხის სესხად გაცემისა და მისი უკან დაბრუნების შესახებ. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოსაყენებლად უმთავრესი ელემენტი - მოპასუხის მოსარჩელის ხარჯზე გამდიდრების ფაქტი, რაც სარჩელს ამ თვალსაზრისითაც დაუსაბუთებელს ხდის.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ წარმოადგინა დასაბუთებული შედავება, კერძოდ, ვერ დაადასტურა, რომ მოპასუხეს სადავო თანხა სესხის სახით გადასცა ან ის, რომ მოპასუხე მის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
20. საკასაციო საჩივარში სხვა პროცესუალურსამართლებრივ არგუმენტებთან დაკავშირებით კი, რომელიც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებას მიემართება, საკასაციო პალატამ უკვე იმსჯელა ამავე საქმეზე წარმოდგენილი კერძო საჩივრის ფარგლებში, ამიტომ წინამდებარე განჩინებაში ხსენებულ არგუმენტებს პასუხი არ გაეცემა. რაც შეეხება შედავებას თარჯიმანის არასათანადო უზრუნველყოფის შესახებ, საკასაციო პალატა უთითებს, რომ კასატორი საქმის განხილვის ყველა ეტაპზე უზრუნველყოფილი იყო ქართული ენის მცოდნე ადვოკატით და ასევე თარჯიმნით, კასატორი არ ასაჩივრებს რომელიმე კონკრეტულ საოქმო განჩინებას, რაც სასამართლოს დეტალურად მისცემდა შესაძლებლობას ემსჯელა თარჯიმნის უფლების სათანადოდ სარგებლობასთან დაკავსირებით, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ მიმართებითაც დაუსაბუთებელია.
21. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
22. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2597 ლარის 70% – 1817,9 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჟ.ტ–ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ჟ.ტ–ვას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ი. მ–ძის მიერ 06/04/2026წ №1953 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 2597 ლარის 70% – 1817,9 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი