გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.04.2025
საქმის ნომერი
ას-155-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.04.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-155-2025 30 აპრილი, 2025 წელი,თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს „თ.ს.კ–ია“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „გ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება, პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „გ–მა“ (შემდგომ - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „თ.ს.კ–იის“ (შემდგომ - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის 129 978 ლარის დაკისრება, აგრეთვე, მის სასარგებლოდ 2023 წლის 8 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გადახდა გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად 259.9 ლარის ოდენობით.

სარჩელის საფუძვლები

2. 2023 წლის 8 თებერვალს მხარეთა შორის დაიდო №03300/30 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა მოპასუხისთვის მემანქანის სხვადასხვა ტიპის ტანსაცმლის მიწოდება. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 129 978 ლარს.

3. მოსარჩელემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულა და მოპასუხეს მიაწოდა შეთანხმებული საქონელი. ხელშეკრულების პირობების თანახმად, საქონლის ღირებულება უნდა გადახდილიყო უნაღდო ანგარიშსწორების გზით, საქონლის მიწოდებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მიუხედავად აღნიშნული ვადის გასვლისა, მოპასუხემ თანხა არ გადაიხადა, რის გამოც მას უნდა დაეკისროს როგორც მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურება, ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.

მოპასუხის შესაგებელი

4. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მისაწოდებელი საქონლის ნაწილი, კერძოდ, მემანქანის ქურთუკები, არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით შეთანხმებულ პარამეტრებს. შეთანხმებული და ფაქტობრივად მიწოდებული ქურთუკების ელვაშესაკრავის ფერის ტონალობა ერთმანეთთან შეუსაბამო იყო. აღნიშნული მიზეზით მოპასუხემ უარი განაცხადა 42 078 ლარის ღირებულების საქონლის მიღებაზე. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელეს არ წარუდგენია 87 900 ლარის (129 978 - 42 078) ანგარიშფაქტურა, მოპასუხე მოკლებული იყო ანგარიშსწორების შესაძლებლობას, რაც, მისი მოსაზრებით, გამორიცხავს მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას.

5. მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ 2023 წლის 17 მარტს, 7 დღის დაგვიანებით, მიწოდებული 56 206 ლარის ღირებულების საქონელზე, ვადის გადაცილების საფუძვლით, დაერიცხა პირგასამტეხლო 1 819.69 ლარის ოდენობით (129 978*7*0.2%). ასევე, 2023 წლის 21 მარტს დამატებით 4 დღის დაგვიანებით მიწოდებული 31 694 ლარის ღირებულების საქონელზე დარიცხულმა პირგასამტეხლომ შეადგინა 590.18 ლარი (73 772*4*0.2%). ხელშეკრულების მოქმედების ვადა დასრულდა 2023 წლის 31 მაისს. ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული ვალდებულების მოცულობა შეადგენდა 87 900 ლარს, ხოლო შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობა - 42 078 ლარს. შესაბამისად, 2023 წლის 21 მარტიდან 2023 წლის 31 მაისის ჩათვლით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მოსარჩელეს მიუწოდებელი საქონლის ღირებულების 0.2%-ის ოდენობით ერიცხებოდა პირგასამტეხლო. დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 5 975.08 ლარი (42 078*71*0.2%). ამდენად, ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის გამო, მოსარჩელეს სულ დაერიცხა 8 384.95 ლარის პირგასამტეხლო.

6. ამავე ხელშეკრულების 8.1 მუხლის საფუძველზე, მოსარჩელეს ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის დამატებით დაერიცხა ჯარიმა მიწოდებული საქონლის ღირებულების 20%-ის ოდენობით, რაც ჯამურად შეადგენს 17 580 ლარს (87 900*20%). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაკავებული პირგასამტეხლოსა და ჯარიმის გამოკლებით, მოპასუხის მიერ გადასახდელი თანხა შეადგენს 61 935 ლარს (87 900 - 1 819.69 - 590.18 - 5 975.08 -17 580).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 129 978 ლარის გადახდა, აგრეთვე, პირგასამტეხლოს გადახდა არაუმეტეს 7 000 ლარის ოდენობით.

8. სასამართლომ მიუთითა, რომ ელვაშესაკრავის ფერი განსხვავდებოდა ქურთუკის ფერისგან, თუმცა აღნიშნული ნაკლი თავისი არსით უმნიშვნელო იყო და არ ამართლებდა მოპასუხის უარს საქონლის ღირებულების ანაზღაურებაზე.

9. მოპასუხის პოზიციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, მოსარჩელის მიერ საქონლის ვადაგადაცილებით მიწოდებისა და ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო უნდა გამოკლებოდა მიწოდებული საქონლის ღირებულებას - 87 900 ლარს და მოპასუხეს მხოლოდ 61 935 ლარის გადახდა უნდა დაკისრებოდა, სასამართლომ აღნიშნული არ გაიზიარა და მიუთითა, რომ, როგორც წესი, მოვალემ, რომელიც ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის ინიციატორია, უნდა ამტკიცოს, რომ გამოვლენილია ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის წინაპირობები და შესაბამისი ვალდებულება ამ გზით შეწყვეტას ექვემდებარება. თავის მხრივ, კრედიტორს ეკისრება იმ ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელია ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის გამორიცხვა.

10. სასამართლოს განმარტებით, იმისათვის, რომ მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნის ჩასათვლელად (გასაქვითად) გამოიყენოს თავისი უფლება, მას შესაბამისი მოთხოვნა უნდა დაეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი ფორმითა და წესით, კერძოდ, სარჩელის ან შეგებებული სარჩელის წარდგენის გზით. შესაბამისად, სასამართლო მხოლოდ შესაგებლის ფარგლებში ვერ იმსჯელებდა იმაზე, წარმოშობდა თუ არა 87 900 ლარის ღირებულების პროდუქციის ვადაგადაცილებით მიწოდება პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.

11. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

13. სააპელაციო სასამართლომ მუქ ლურჯ ქურთუკზე დამაგრებული განსხვავებული შეფერილობის ლურჯ, თუმცა არა მუქი ფერის ელვაშესაკრავებთან დაკავშირებით მიუთითა, რომ აშკარა იყო ნაკეთობის ისეთი უმნიშვნელო ნაკლი, რომელიც არ ამართლებდა აპელანტის უარს საქონლის ღირებულების ანაზღაურებაზე, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 405-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულებაზე უარი დაუშვებელია, თუ ვალდებულების დარღვევა უმნიშვნელოა.

14. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტს მართებულად დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 129 978 ლარის გადახდა. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობები, რის შედეგადაც მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა. ასევე, სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა სრულად შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს.

15. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხის მითითება ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვასთან დაკავშირებით და აღნიშნულ საკითხზე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

16. ზემოაღნიშნული განჩინება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

17. კასატორის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტების ჯამური ღირებულება შეადგენს 87 900 ლარს. შესაბამისად, მოპასუხეს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაეკისრა ხელშეკრულების სრული ღირებულების გადახდა.

18. კასატორის მითითებით, უდავოა, რომ მიწოდებული საქონლის ელვაშესაკრავის ფერი განსხვავდება შეთანხმებული ნიმუშისგან. გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლო ადგენს ნაკლის არსებობას, თუმცა მას უმნიშვნელოდ აფასებს. ამასთან დაკავშირებით სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მიწოდებული ქურთუკები პრაქტიკულად გამოუსადეგარი გახდა. საქონლის მიღებაზე უარის მიზეზს წარმოადგენდა კომპანიის იმ თანამშრომელთა პროტესტი, რომელთაც აღნიშნული ქურთუკები უნდა გამოეყენებინათ, ვინაიდან ნიმუშის შერჩევის პროცესში ისინი უშუალოდ იყვნენ ჩართულნი და თითოეული დეტალი, მათ შორის ელვაშესაკრავის ფერიც, თავად ჰქონდათ შერჩეული. აღნიშნული საფუძვლით თანამშრომლები უარს აცხადებდნენ ქურთუკების გამოყენებაზე, რაც საქონელს დანიშნულებისამებრ გამოყენებისთვის უსარგებლოს ხდიდა.

19. კასატორის მითითებით, სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონელი მიწოდებული იყო ვადის დარღვევით. ამასთან, მოპასუხემ მიმართა მოსარჩელეს და მოითხოვა შემოწმების შედეგად გამოვლენილი წუნდებული ქურთუკების გატანა და წარმოდგენილი ნიმუშის შესაბამისი საქონლით მათი ჩანაცვლება. თუმცა, მოსარჩელემ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ნაცვლად, სასამართლოს მიმართა და ნაკლიანი პროდუქციის მიწოდებისთვის თანხის დაკისრება მოითხოვა.

20. კასატორის განმარტებით, მოპასუხის მხრიდან აღიარებული იყო 87 900 ლარის ღირებულების საქონლის მიღების ფაქტი, თუმცა ანგარიშსწორება ვერ განხორციელდა მოწინააღმდეგე მხარის მიერ აუცილებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის გამო (საგადახდო დოკუმენტაცია, რომლიც უნდა ყოფილიყო მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისი). შესაბამისად, გაუგებარია სასამართლოს მსჯელობა პირგასამტეხლოს დაკისრებასთან დაკავშირებით, ვინაიდან არ არსებობს სსკ-ის 417-ე მუხლის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, კასატორის მოსაზრებით, ვინაიდან ნაკლიანი ნივთის ნასყიდობის შემთხვევაში მყიდველს საფასურის გადახდის ვალდებულება არ წარმოეშობა, მისთვის ამ ნაწილშიც პირგასამტეხლოს დაკისრება უსაფუძვლოა.

21. კასატორი სადავოდ ხდის ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მსჯელობას პირგასამტეხლოს ჩათვლასთან დაკავშირებითაც და მიუთითებს, რომ ვალდებულების შესრულების დათქმული ვადა იყო 2023 წლის 10 მარტი, რომელიც დაირღვა, რაც ცხადყოფს ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადების დარღვევას, აგრეთვე, ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას. კასატორის განმარტებით, პირგასამტეხლოს დარიცხვა კანონიერია, რაც სააპელაციო საჩივარშიც დეტალურად იყო დასაბუთებული, თუმცა სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

22. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

24. სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა ნაწილობრივ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. აღნიშნული პრეტენზიის სამართლებრივი შეფასებისათვის არსებითია იმ გარემოებების სამართლებრივი კვალიფიკაცია, რომლებიც უკვე დადგენილია საქმის მასალებით და რომლებსაც ეყრდნობა სადავო სამართლებრივი ურთიერთობა. კერძოდ, სადავოა მიწოდებული საქონლის ხარისხობრივი შესაბამისობის საკითხი და იმის შეფასება, წარმოშობს თუ არა გამოვლენილი შეუსაბამობა იმგვარ ნივთობრივ ნაკლს, რომელიც გავლენას ახდენს მყიდველის ვალდებულებაზე, გადაიხადოს საქონლის ღირებულება.

25. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა დაკავშირებულია საქონლის მიწოდებასთან, რის გამოც დავის გადაწყვეტისას გამოყენებულ უნდა იქნეს ნასყიდობის მარეგულირებელი ნორმები. კერძოდ, სსკ-ის 477-ე, 487-ე და 488-ე მუხლები გამყიდველს ავალდებულებს, მყიდველს გადასცეს შეთანხმებული ხარისხის, ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი. ამასთან, სსკ-ის 491-ე და 352-ე მუხლები განსაზღვრავს ნაკლიანი შესრულების შემთხვევაში მყიდველის უფლებრივი დაცვის საშუალებებსა და მათ სამართლებრივ შედეგებს, ხოლო 417-ე და 418-ე მუხლები ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლოს გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს. აღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ გამყიდველის ვალდებულებაა მყიდველს გადასცეს შეთანხმებული ხარისხის, დანიშნულებისამებრ გამოსაყენებელი და ნივთობრივი თუ უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი საქონელი.

26. საქმეზე დადგენილია, რომ მხარეებს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა მოპასუხის მიერ უნიფორმების სახელმწიფო შესყიდვა (მემანქანის უსახელო პოლოვერი, მემანქანის საზაფხულო შარვალი, საშემოდგომო შარვალი და მემანქანის ქურთუკი). ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 129 978 ლარით. ამავე ხელშეკრულების №1 დანართით განისაზღვრა მემანქანის ქურთუკის ტექნიკური პარამეტრები, რომლის თანახმად, ქურთუკის ელვაშესაკრავი მუქი ლურჯი ფერის უნდა ყოფილიყო.

27. მხარეებს შორის სადავო არ არის 87 900 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდების ფაქტი. აღნიშნული თანხიდან მოპასუხემ სარჩელი 61 935 ლარის ნაწილში ცნო, ხოლო დარჩენილი თანხა პირგასამტეხლოს ანგარიშში გაქვითულად მიიჩნია. მისი განმარტებით, პირგასამტეხლო მოსარჩელეს დაერიცხა ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისა და საქონლის ვადაგადაცილებით მიწოდების გამო.

28. რაც შეეხება 42 078 ლარის ღირებულების საქონელს, მოპასუხე მიუთითებს, რომ აღნიშნული თანხის ანაზღაურების ვალდებულება არ ეკისრება, ვინაიდან მიწოდებული პროდუქცია იყო ნაკლიანი. ნაკლი, მისი განმარტებით, გამოიხატებოდა იმაში, რომ ელვაშესაკრავის ფერი განსხვავდებოდა ხელშეკრულებით შეთანხმებული ფერის ტონალობისაგან. შესაბამისად, მოპასუხე მემანქანის ქურთუკების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად ასახელებს ვალდებულების არაჯეროვან, კერძოდ, ნაკლიან შესრულებას და მიაჩნია, რომ ხელშეკრულების ამგვარი დარღვევა უთანაბრდება ვალდებულების შეუსრულებლობას, რის გამოც, მისი მოსაზრებით, მყიდველს მემანქანის ქურთუკების საფასურის გადახდის ვალდებულება არ წარმოშობია.

29. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ნივთის ნაკლის მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა შემსყიდველს (სსსკ-ის 102-ე მუხლი), რომელმაც ვერ დაადასტურა ისეთი გარემოებების არსებობა, რომლებიც სსკ-ის 488-ე მუხლის მიზნებისთვის ნივთობრივ ნაკლად შეფასების საფუძველს შექმნიდა. აღნიშნული ნორმის თანახმად, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. ამასთან, ნაკლს უთანაბრდება, თუ გამყიდველი გადასცემს ნივთის მხოლოდ ერთ ნაწილს, სულ სხვა ნივთს, მცირე რაოდენობით ან, თუ ნივთის ერთი ნაწილი ნაკლის მქონეა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნაკლი არსებით გავლენას ვერ მოახდენს შესრულებაზე.

30. განსახილველ საქმეში მოპასუხემ ვერ წარმოადგინა ისეთი უტყუარი, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა, რომ მემანქანის ქურთუკზე ელვაშესაკრავის განსხვავებული ტონალობა არსებითად ამცირებდა ნივთის ვარგისიანობას ან მას ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნობრივი გამოყენებისათვის გამოუსადეგარს ხდიდა.

31. პალატა დამატებით მიუთითებს, რომ სსკ-ის 488-ე მუხლით გათვალისწინებული ხარისხის ცნება მოიცავს ნივთის როგორც ფუნქციურ, ისე ვიზუალურ და ესთეტიკურ მახასიათებლებს, თუ ისინი მხარეთა შეთანხმების შინაარსიდან გამომდინარე მნიშვნელობას ატარებს. თუმცა, ყოველგვარი ტექნიკური თუ ვიზუალური შეუსაბამობა თავისთავად ვერ შეფასდება ისეთ ნაკლად, რომელიც ნივთს ხელშეკრულებით გათვალისწინებული დანიშნულებით გამოყენებისათვის უვარგისს ხდის. ვიზუალური ან სხვა არამატერიალური მახასიათებლის შეუსაბამობა მხოლოდ მაშინ წარმოშობს სამართლებრივად რელევანტურ ნაკლს, როდესაც იგი მხარეთა შეთანხმების არსებით ელემენტს წარმოადგენს ან გავლენას ახდენს ნივთის დანიშნულებაზე, გამოყენებადობასა თუ ხელშეკრულების მიზანზე. კონკრეტული შეუსაბამობა სამართლებრივად რელევანტურ ნაკლად მხოლოდ მაშინ შეიძლება იქნეს მიჩნეული, როდესაც იგი გავლენას ახდენს ნივთის ფუნქციურ დანიშნულებაზე, გამოყენების შესაძლებლობაზე ან იმ შედეგზე, რომლის მიღწევასაც მხარე ხელშეკრულებით გონივრულად მოელოდა. ამდენად, სამართლებრივი შეფასებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ შეუსაბამობის ფორმალურ არსებობას, არამედ მის რეალურ გავლენას შესრულების არსსა და იმ შედეგის მიღწევაზე, რომლის მიღებასაც მხარე ხელშეკრულებით გონივრულად მოელოდა.

32. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის პრეტენზია უკავშირდება მხოლოდ იმ გარემოებას, რომ მემანქანის ქურთუკებზე გამოყენებული ელვაშესაკრავის ტონალობა განსხვავდებოდა ტექნიკურ აღწერილობაში მითითებული მუქი ლურჯი ფერისაგან. ამასთან, არც მოპასუხე ამტკიცებს და არც საქმის მასალებით დასტურდება, რომ აღნიშნული გარემოება გავლენას ახდენდა ქურთუკების ფუნქციურ თვისებებზე, გამძლეობაზე, ტექნიკურ ხარისხზე ან მათ დანიშნულებისამებრ გამოყენებაზე. თუნდაც მიჩნეულ იქნეს, რომ ელვაშესაკრავის ფერი ხელშეკრულებით შეთანხმებულ ტექნიკურ მახასიათებელს წარმოადგენდა, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ აღნიშნული გადახვევა ისეთი მნიშვნელობის იყო, რომელიც ხელშეკრულების მიზნის მიღწევას აფერხებდა ან მყიდველს არსებითად აკარგვინებდა იმ სარგებელს, რომლის მიღებასაც იგი ხელშეკრულებით გონივრულად მოელოდა. შესაბამისად, სადავო გარემოება შეეხება მხოლოდ უმნიშვნელო ვიზუალურ გადახვევას, რომელიც არ ცვლის ნივთის სამომხმარებლო და ფუნქციურ დანიშნულებას და არ ახდენს გავლენას მის დანიშნულებისამებრ გამოყენებაზე.

33. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნივთის ნაკლის სამართლებრივი შეფასება უნდა ეფუძნებოდეს ობიექტურ კრიტერიუმებს, კერძოდ, ამცირებს თუ არა გამოვლენილი ხარვეზი ნივთის ჩვეულებრივ ან ხელშეკრულებით შეთანხმებულ დანიშნულებას, ზღუდავს თუ არა მის ფუნქციურ გამოყენებას და აფერხებს თუ არა იმ მიზნის მიღწევას, რომლისთვისაც ნივთი იყო შეძენილი. შესაბამისად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება არა მომხმარებლის სუბიექტურ უკმაყოფილებას ან ესთეტიკურ შეფასებას, არამედ იმას, იწვევს თუ არა კონკრეტული შეუსაბამობა ნივთის პრაქტიკული ღირებულების, ფუნქციური ვარგისიანობის ან სამომხმარებლო თვისებების არსებით შემცირებას. ამდენად, თუნდაც გაზიარებულ იქნეს მოპასუხის მითითება, რომ ცალკეული თანამშრომლები უარს აცხადებდნენ ქურთუკების გამოყენებაზე, აღნიშნული გარემოება თავისთავად ვერ ადასტურებს ნივთის ფუნქციურ გაუმართაობას ან მისი დანიშნულებისამებრ გამოყენების შეუძლებლობას. თანამშრომელთა დამოკიდებულება წარმოადგენს სუბიექტურ ესთეტიკურ შეფასებას, რომელიც ვერ წარმოშობს სსკ-ის 488-ე მუხლის მიზნებისთვის ისეთი ხარისხობრივი ნაკლის არსებობას, რომელიც ვალდებულების არსებით დარღვევას გაუტოლდება.

34. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ იკვეთება სსკ-ის 405-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ხელშეკრულებაზე უარის თქმის წინაპირობა, ვინაიდან გამოვლენილი ხარვეზი თავისი შინაარსით არ ატარებს არსებით ხასიათს და არ ართმევს მყიდველს იმ სამართლებრივ და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარგებელს, რასაც იგი ხელშეკრულებით გონივრულად მოელოდა. შესაბამისად, არც სსკ-ის 491-ე მუხლით გათვალისწინებული მყიდველის უფლებრივი შედეგები არ წარმოიშობა.

35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეს არ გააჩნდა საქონლის ღირებულების გადახდაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურების დაკისრების თაობაზე სარჩელი კანონიერი და დასაბუთებულია (იხ. სუსგ №ას-596-2020; 29.10.2020წ.; №ას-174-2020; 17.06.2020წ.; №ას-108-2020; 03.06.2020წ.).

36. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ძირითადი ვალდებულება და მოპასუხეს გადასცა შეთანხმებული საქონელი. ამასთან, არ დადასტურდა ისეთი ხარისხობრივი ნაკლის არსებობა, რომელიც საქონლის მიღებას სამართლებრივად გამორიცხავდა ან მოპასუხეს მისი ღირებულების გადახდის ვალდებულებისაგან გაათავისუფლებდა. ამდენად, მოპასუხის მიერ ანგარიშსწორებაზე უარის თქმა ვერ ჩაითვლება სამართლებრივად გამართლებულ ქმედებად და არ წარმოადგენს გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძველს.

37. ასევე უსაფუძვლოა მოპასუხის მითითება მიღება-ჩაბარების აქტებსა და საგადახდო ანგარიშფაქტურებს შორის შეუსაბამობის არსებობის თაობაზე. აღნიშნული გარემოება თავისთავად ვერ გააქარწყლებს საქონლის ფაქტობრივი მიწოდებისა და მიღების ფაქტს, რომელიც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის მიღება-ჩაბარების აქტებით. მიღება-ჩაბარების აქტებსა და საგადახდო დოკუმენტებს შორის არსებული შესაძლო შეუსაბამობა წარმოადგენს დოკუმენტური აღრიცხვისა და ანგარიშსწორების ტექნიკური ხასიათის საკითხს, რომელიც გავლენას ვერ ახდენს საქონლის მიწოდების, მისი მიღების ან შესაბამისი საფასურის გადახდის ვალდებულების არსებობაზე.

38. აღსანიშნავია ისიც, რომ მოპასუხემ სარჩელი 61 935 ლარის ნაწილში ცნო, რითაც თავადვე დაადასტურა, რომ მიღებული საქონლის ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება პრინციპულად არსებობდა. შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტებსა და საგადახდო ანგარიშფაქტურებს შორის არსებული შესაძლო შეუსაბამობის ანგარიშსწორების ვალდებულების გამომრიცხავ გარემოებად მიჩნევა წინააღმდეგობაში მოდის თავად მოპასუხის საპროცესო პოზიციასთან, ვინაიდან მითითებული გარემოების არსებობის მიუხედავად, მან ნაწილობრივ აღიარა მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა.

39. კასატორი სარჩელის მოთხოვნას უპირისპირებს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ შესაგებელს. კერძოდ, მისი განმარტებით, ვინაიდან მოსარჩელემ დაარღვია შესრულების ვადა, ხოლო მიწოდებული პროდუქციის ნაწილის მიმართ ადგილი ჰქონდა არაჯეროვან შესრულებას, მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლების საფუძველზე დაარიცხა პირგასამტეხლო და ჯარიმა, რის გამოც დააკავა გადასახდელი თანხა და ჩათვალა პირგასამტეხლოს ანგარიშში. კასატორის პოზიციით, ვადების დარღვევისათვის მოსარჩელეს დაერიცხა ჯამურად 8 384.95 ლარის ოდენობის პირგასამტეხლო, ხოლო ხელშეკრულების 8.1 მუხლის საფუძველზე დამატებით დაერიცხა 17 580 ლარი. ამდენად, კასატორის მტკიცებით, ასანაზღაურებელი 87 900 ლარის მოთხოვნა უნდა შემცირდეს აღნიშნული თანხების მოცულობით და საბოლოოდ დასაკისრებელი თანხა შეადგენს 61 935.05 ლარს.

40. საკასაციო სასამართლო კასატორის პოზიციას ნაწილობრივ იზიარებს და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს არა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის დასაშვებობა, არამედ იმ საპასუხო მოთხოვნის არსებობა, ოდენობა და საფუძვლიანობა, რომელსაც კასატორი მოსარჩელის მოთხოვნას უპირისპირებს.

41. რაც შეეხება გამყიდველის მიერ მიწოდების ვადის გადაცილების შედეგად მყიდველის სასარგებლოდ გადასახდელ პირგასამტეხლოს, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში კასატორის პრეტენზია საფუძვლიანია. კერძოდ, უდავოა, რომ 2023 წლის 17 მარტს საქონლის ნაწილი მიწოდებულ იქნა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის დარღვევით - 7 დღის დაგვიანებით. ხელშეკრულების 12.3 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო მოუწოდებელი საქონლის ღირებულების 0.2%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. შესაბამისად, აღნიშნული დარღვევისათვის დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 1 819.69 ლარს (129 978*7*0.2%). ასევე დადგენილია, რომ 2023 წლის 21 მარტს დამატებით 4 დღის დაგვიანებით მიწოდებულ იქნა საქონლის დარჩენილი ნაწილი, რის გამოც ხელშეკრულების იმავე დებულების საფუძველზე პირგასამტეხლო შეადგენს 590.18 ლარს (73 772*4*0.2%). ამდენად, ვადის დარღვევისათვის მოსარჩელის მიმართ არსებული პირგასამტეხლოს მოთხოვნა ჯამურად შეადგენს 2 409.87 ლარს.

42. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ ხელშეკრულების ფარგლებში შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენდა 42 078 ლარს და, შესაბამისად, 2023 წლის 21 მარტიდან 2023 წლის 31 მაისის ჩათვლით მოსარჩელეს დამატებით უნდა დარიცხვოდა 5 975.08 ლარის ოდენობის პირგასამტეხლო. წინამდებარე განჩინებით დადგენილია, რომ აღნიშნული საქონელი ფაქტობრივად მიწოდებული იყო, ხოლო მოპასუხის პრეტენზია ეფუძნებოდა მხოლოდ ელვაშესაკრავის ფერის ტონალობასთან დაკავშირებულ შეუსაბამობას. ვინაიდან სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს ისეთ ხარისხობრივ ნაკლს, რომელიც საქონელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული დანიშნულებით გამოყენებისათვის უვარგისს გახდიდა ან მის მიღებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოშობდა, არ არსებობს საქონლის მიუწოდებლად მიჩნევისა და შესაბამისი პირგასამტეხლოს დარიცხვის სამართლებრივი საფუძველი.

43. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას ხელშეკრულების 8.1 პუნქტიდან გამომდინარე 17 580 ლარის ოდენობის ჯარიმის დაკისრების შესახებ. აღნიშნული დებულება ჯარიმას უკავშირებს არა საქონლის არაჯეროვან ან ნაკლიან მიწოდებას, არამედ მის სრულად მიუწოდებლობას. მოცემულ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ სადავო საქონელი, მათ შორის 42 078 ლარის ღირებულების ქურთუკები, მოპასუხეს ფაქტობრივად მიეწოდა. ის გარემოება, რომ მოპასუხე მიწოდებულ საქონელს ხელშეკრულების პირობებთან სრულ შესაბამისობაში არ მიიჩნევს, თავისთავად ვერ აქცევს შესრულებულ ვალდებულებას შეუსრულებელ ვალდებულებად და ვერ გაუთანაბრდება საქონლის მიუწოდებლობას. ამიტომ, ხელშეკრულების 8.1 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გამოყენების წინაპირობა მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს. ამასთან, თავად აღნიშნული დებულება მიუთითებს მოწოდებული საქონლის ღირებულების 20%-ის დაკავებაზე, მაშინ როდესაც კასატორი ჯარიმას ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან ანგარიშობს, რაც ხელშეკრულების შინაარსს არ შეესაბამება.

44. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა იზიარებს კასატორის პრეტენზიას მხოლოდ 2 409.87 ლარის ოდენობის პირგასამტეხლოს ნაწილში და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა აღნიშნული ოდენობით უნდა შემცირდეს, ხოლო დანარჩენ ნაწილში საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა.

45. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

46. სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება ნაწილობრივ და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრება 127 568.13 ლარის გადახდა.

47. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

48. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ვინაიდან კასატორის პრეტენზია 2 409.87 ლარის ნაწილში საფუძვლიანად იქნა მიჩნეული. შესაბამისად, სსსკ-ის 53-ე მუხლის საფუძველზე, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში გაწეული სასამართლო ხარჯების ანაზღაურება 216 ლარის ოდენობით. ამასთან, დავის შედეგის ცვლილებიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟის განაწილებაც უნდა შეიცვალოს და მოპასუხეს, დაკისრებული 2 251.29 ლარის ნაცვლად, სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა დაეკისროს 2 179 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 411-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „თ.ს.კ–იის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 დეკემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს „გ–ის“ სარჩელი შპს „თ.ს.კ–იის“ მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

4. შპს „თ.ს.კ–იას“ დაეკისროს 127 568.13 ლარის გადახდა შპს „გ–ის“ სასარგებლოდ;

5. პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება დარჩეს უცვლელად;

6. შპს „გ–ს“ შპს „თ.ს.კ–იის“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 216 ლარის გადახდა;

7. შპს „თ.ს.კ–იას“, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილში, 2251.29 ლარის ნაცვლად, შპს „გ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2179 ლარი;

8. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე

გიზო უბილავა