დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
24 ივნისი 2025 წელი №ას-657-2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე)
ლაშა ქოჩიაშვილი (მომხსენებელი)
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - რ.მ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე - მ.რ–ძე
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 02 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ხელშეშლის აღკვეთა, შენობა-ნაგებობის დემონტაჟი
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. რ.მ–ძემ (შემდგომში მოხსენიებულნი, როგორც „მოსარჩელე“, „აპელანტი“, „კასატორი“) სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მ.რ–ძის (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „მოწინააღმდეგე მხარე“) მიმართ, შემდეგი სასარჩელო მოთხოვნით: აღიკვეთოს მ.რ–ძის მხრიდან რ.მ–ძის მიმართ საკუთრების სარგებლობის ხელშეშლა, გაუთავისუფლოს უძრავი ქონება, კერძოდ, მოშალოს .......... საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული შენობა 04/1-ის 4.33 კვადრატული მეტრი და 01/1-ის 0.32 კვადრატული მეტრი, რომელიც იჭრება მოსარჩელის კუთვნილ ......... საკადასტრო ერთეულის საზღვრებში.
სარჩელის საფუძვლები:
2. მ.რ–ძე არის უძრავი ქონების ს/კ ........ მესაკუთრე, რომელიც რეგისტრირებულია ავტოფარეხად, თუმცა მასში ფუნქციონირებს სილამაზის სალონი. ს.ს.ი.პ. „ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორიის“ დაკვალვის, საველე და კამერული სამუშაოების ჩატარების შედეგად დადგინდა, რომ ........ საკადასტრო ერთეულზე რეგისტრირებული შენობა 04/1-ის ფაქტობრივი ნიშნული იჭრება .......... საკადასტრო ერთეულის საზღვრებში 4.33 კვ. მეტრით, ასევე 01/1 შენობა იჭრება 0.32 კვ. მეტრით. მოპასუხე უარს აცხადებს მოსარჩელის მიწის ნაკვეთის გათავისუფლებაზე, რის გამოც მოსარჩელე იძულებული გახდა, მიემართა სასამართლოსთვის.
მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის კუთვნილი შენობა-ნაგებობა აღნიშნული კონფიგურაციით არის განთავსებული 2002 წლიდან, თუმცა შენობა-ნაგებობის საზღვრები სადავო არ გამხდარა წინა მესაკუთრეებს შორის. მოპასუხემ უძრავი ქონება შეიძინა 2023 წლის 24 მაისს, არსებული მდგომარეობით, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 02 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7.1. ქ. ბათუმი, ......./....... ქუჩა №50/28-ში მდებარე, ....... საკადასტრო კოდის უძრავი ქონება, 2015 წლის 23 აპრილიდან, ირიცხება მ.რ–ძის საკუთრებაში. საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია ბ.მ.ა. „ი–ი ..“-ის 24.03.2015წ. კრების ოქმი.
7.2. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 24.10.2017წ. №1897 ბრძანებით მ.რ–ძის განცხადება დაკმაყოფილდა და ქ. ბათუმში, ......./...... №50/28-ში მდებარე 448.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს.კ. .........), ავტოფარეხის რეკონსტრუქციის მიზნით, მ.რ–ძის სახელზე გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ნებართვის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 30 მარტამდე. შედეგად, 24.10.2017წ. მ.რ–ძეზე გაიცა მშენებლობის სანებართვო მოწმობა №003183.
7.3. ქ.ბათუმი, ......... ქუჩა №26-ში მდებარე, ........... საკადასტრო კოდის უძრავი ქონება, 2023 წლის 31 მაისიდან, ირიცხება რ.მ–ძის საკუთრებაში. საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია 2023 წლის 24 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულება.
7.4. 2023 წლის 24 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებულია, რომ ნასყიდობის საგნის ხარისხი შეთანხმებულია მხარეთა შორის, იგი ნივთობრივად უნაკლოა და მყიდველმა მოიწონა მისი მდგომარეობა.
7.5. ს.ს.ი.პ. ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორიის 2024 წლის 08 თებერვლის ცნობა-დახასიათების მიხედვით, ....... საკადასტრო ერთეულზე რეგისტრირებული 04/1 შენობის ფაქტობრივი ნიშნული იჭრება ....... საკადასტრო ერთეულის საზღვრებში 4.33 კვ. მეტრით. ასევე, 01/1 შენობა იჭრება 0.32 კვ. მეტრით.
7.6. 2002 წლის 04 იანვრის ტექნიკურის პასპორტის თანახმად, მ.რ–ძის საკუთრებაში არსებულ ........ საკადასტრო ერთეულზე რეგისტრირებული 04/1 შენობა (ს/კ .........) და 01/1 შენობა, რომელიც გადასულია მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, იგივე კონფიგურაციით არის წარმოდგენილი, რაც ასახულია ს.ს.ი.პ. ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორიის 2024 წლის 08 თებერვლის ცნობა-დახასიათებაში.
8. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო პალატამ მისცა შემდეგი სამართლებრივი შეფასება:
8.1. მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს სამეზობლო სამართლიდან. უკანონო ნაგებობის დემონტაჟისა და სამეზობლო საზღვარში გამოთავისუფლებული მიწის ნაკვეთის სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170.1 და 172.1-ე მუხლებიდან. სამოქალაქო კოდექსის 174-ე, 176-ე მუხლის თანახმად, მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს. მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება. მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მეზობელ ნაკვეთებზე ისეთი ნაგებობების აშენების ან ექსპლუატაციის აკრძალვა, რომლებიც დაუშვებლად ხელყოფენ ნაკვეთით სარგებლობის უფლებას და ეს იმთავითვე აშკარაა.
8.2. სკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მშენებლობის დროს განზრახვის გარეშე გადასცდა მეზობელი ნაკვეთის საზღვრებს, მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრემ ეს უნდა ითმინოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამის წინააღმდეგ წინასწარ ან შეტყობისთანავე განაცხადა. სააპელაციო პალატის განმარტებით, სსკ-ის 179-ე მუხლი ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მშენებელობის დროს განზრახვის გარეშე გადასცდა მეზობელი ნაკვეთის საზღვარს. საკვანძო საკითხი ამ დროს არის ის, თუ როგორ მოხდა საზღვრის გადაცდენა - განზრახი თუ გაუფრთხილებელი მოქმედების შედეგად. თუ საზღვრის გადასვლა მოხდა განზრახ, მესაკუთრეს შეუძლია დაეყრდნოს 172.2 მუხლს და მოითხოვოს დემონტაჟი. თუ საზღვრის გადაცდენა მოხდა განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის გარეშე, კანონმდებლობა ავალდებულებს მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრეს, ითმინოს მისი მიწის ნაკვეთზე ეს ზემოქმედება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამის წინააღმდეგ წინაწარ ან შეტყობისთანავე განაცხადა. საზღვრის დარღვევა, თუკი ასეთს აქვს ადგილი, ადვილად შესამჩნევი ხდება მეზობელი მესაკუთრისთვის. სწორედ ამიტომ, კანონმდებლობა იმ მესაკუთრისაგან, რომლისათვისაც მნიშვნელოვანია, რომ მისი მიწის ნაკვეთზე არ ჰქონდეს ადგილი მსგავს ზემოქმედებას, მოითხოვს საზღვრის დარღვევის შესახებ მეორე მხარის დაუყოვნებლივ ინფორმირებას შეტყობისთანავე - იმ მომენტში, როგორც კი აღნიშნული მისთვის ცნობილი გახდა. თუკი მესაკუთრემ არა განახორციელა ეს მოქმედება, შემდგომ იგი კარგავს მისი მიწის ნაკვეთზე არსებული კონსტრუქციის დემონტაჟის მოთხოვნის უფლებას.
8.3. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნაგებობა აშენდა ჯერ კიდევ 2002 წელს და წარმოადგენდა ავტოფარეხს, რაც 2015 წელს შეიძინა მ.რ–ძემ, რომლის რეკონსტრუქცია მოხდა მოაგვიანებით, 2017-2018 წლებში და აშენდა სილამაზის სალონი, თუმცა მისი კონფიგურაცია სრულად შეესაბამება 2002 წლის 04 იანვრის ტექნიკურის პასპორტის მონაცემებს, რაც სააპელაციო პალატამ მიიჩნია იმ გარემოების დასტურად, რომ მ.რ–ძის მიერ შენობის რეკონსტრუქციისას საზღვრის გადაცდენის განზრახვას ადგილი არ ჰქონია.
8.4. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაპყრო მოსარჩელის მითითებას, რომ სწორედ 2017 წლიდან, როდესაც დაიწყო აღებული ნებართვის შესაბამისად მშენებლობა, მაშინ დაირღვა სასაზღვრო მიჯნა და ....... საკადასტრო ერთეულზე რეგისტრირებული მოპასუხის შენობა 04/1-ის ფაქტობრივი ნიშნული შეიჭრა მოსარჩელის კუთვნილ ........ საკადასტრო ერთეულის საზღვრებში 4.33 კვ. მეტრით, ხოლო 01/1 შენობა ადრეული წლებიდან იჭრება 0.32 კვ. მეტრით, რაც დასტურდება ს.ს.ი.პ. ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორიის 2024 წლის 08 თებერვლის ცნობა-დახასიათებით. სააპელაციო სასამართლომ შენიშნა, რომ ქ. ბათუმში, ....... ქუჩა №26-ში მდებარე ......... საკადასტრო კოდის უძრავი ქონება, 24.05.2023წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მხოლოდ 2023 წლის 31 მაისიდან არის აღრიცხული მოსარჩელის საკუთრებად, ამასთან საქმის მასალებით არ ირკვევა, რომ წინა მესაკუთრემ რაიმე სახის პრეტენზია განაცხადა სადავო ფართის მშენებლობისას/რეკონსტრუქციისას საზღვრის დარღვევაზე. დასახელებული ფაქტებიდან გამომდინარე, პრეზუმირებულად იქნა მიჩნეული, რომ 2018 წლის მდგომარეობით, მეზობლებმა, განსახილველი სარჩელით სადავო ნაგებობის რეკონსტრუქციაზე, მიაღწიეს შეთანხმებას და ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ ჰქონდათ. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 198-ე და 179.1 მუხლების თანახმად, რ.მ–ძეს უფლება არა ჰქონდა, მოეთხოვა მისი მიწის ნაკვეთზე არსებული კონსტრუქციის დემონტაჟი და ვალდებული იყო, ეთმინა მის მიწის ნაკვეთზე ეს ზემოქმედება.
9. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და, საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:
9.1. არასწორია სასამართლოს მითითება, რომ შენობა №04/1 და შენობა №01/1, რომლის ხელშეშლისგან გათავისუფლებასაც ითხოვს მოსარჩელე მხარე, მოპასუხე მ.რ–ძეს სარგებლობაში აქვს 2002 წლიდან იმ კონფიგურაციით, რა მოცემულობითაც არის ასახული ს.ს.ი.პ. „ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორიის“ დაკვალვის, საველე და კამერული სამუშაოების ჩატარების ცნობა-დახასიათებაში. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, კასატორი უთითებს, რომ 2002 წლიდან 2017 წლამდე აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებული ავტოფარეხი არ კვეთდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთს, არამედ, მხოლოდ 2017 წელს, სილამაზის სალონის მშენებლობაზე აღებული სამშენებლო ნებართვის ფარგლებში წარმოებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებისას, დაარღვია მოპასუხემ სასაზღვრო მიჯნა, შეიჭრა მოსარჩელე რ.მ–ძის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე და დაიკავა 4.33 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.
9.2. არასწორია სასამართლოს მითითება, რომ რ.მ–ძემ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას მოიწონა ნივთის ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომარეობა. კასატორი მიუთითებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩანაწერების მიმათ მოქმედ უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციაზე და უთითებს, რომ მისთვის დოკუმენტებიდან ცნობილი ვერ იქნებოდა შეძენილ უძრავი ქონებაში მეზობლის შეჭრის შესახებ, არამედ, როდესაც აღმოაჩინა დასახელებული ფაქტი, მოითხოვა ხელშეშლის აღკვეთა და დემონტაჟი.
9.3. სასამართლო არასწორად მიიჩნევს, რომ მ.რ–ძე განზრახ არ არის შეჭრილი მეზობლის მიწის ნაკვეთში, არამედ გაუფრთხილებლად აქვს დარღვეული მშენებლობის საზღვრები. კასატორის მითითებით, გადაცდენა მეზობელ ნაკვეთზე იმდენად თვალსაჩინოა, რომ განზრახვა აშკარად გამოკვეთილია, რადგან მ.რ–ძეს მშენებლობის წარმოების ნებართვა გააჩნდა თავის საკუთრებაში არსებულ 10.9 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, თუმცა საკუთრებაში არსებული კვადრატობის დაახლოებით ნახევარი ოდენობის ფართი (4.33 კვ.მ.) მეზობლისგან მიითვისა.
10. 2025 წლის 18 ივნისს კასატორის წარმომადგენელმა მტკიცებულების საქმეზე დართვის შუამდგომლობით მომართა საკასაციო სასამართლოს და განმარტა, რომ ჩაატარა ექსპერტიზა, რომლის დასკვნითაც დგინდება სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი იმ ფაქტის უმართებულობა, რომლის თანახმადაც, მ.რ–ძის საკუთრებაში არსებულ ...... საკადასტრო ერთეულზე რეგისტრირებული 04/1 შენობა (ს/კ ........) და 01/1 შენობა, რომელიც გადასულია მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, იგივე კონფიგურაციით არის წარმოდგენილი 2002 წლის 04 იანვრის ტექნიკურ პასპორტში, რაც ასახულია ს.ს.ი.პ. ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორიის 2024 წლის 08 თებერვლის ცნობა-დახასიათებაში. აღნიშნულის საპირწონედ, ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის 20.02.2025 წლის დასკვნა, რომლის მტკიცებულებად დართვასაც კასატორი მხარე შუამდგომლობს, მოწმობს, რომ ქალაქ ბათუმში, ....../....... ქ. №50/28-ში მდებარე ....... საკადასტრო ერთეულზე რეგისტრირებული 04/1 და 01/1 შენობა-ნაგებობების კონფიგურაცია არ შეესაბამება 2002 წლის 04 იანვარს მომზადებულ ტექნიკურ პასპორტზე ასახული შენობების კონფიგურაციას.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
12. უწინარესად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის შუამდგომლობა საქმეზე მტკიცებულების დართვის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს და მას უკან უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულება - №ა-2888-25 შუამდგომლობაზე დართული ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №001079025 დასკვნა დანართებით, მთლიანობაში „9“ ფურცლად, შემდეგი სამართლებრივი არგუმენტაციით:
13.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. მითითებული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნის, როგორც ახალი მტკიცებულების საკასაციო პალატის მიერ მიღების შესაძლებლობას, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა მოეპოვებინა და სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ის (იხ. სუსგ. №ას-238-229-2013, 22 აპრილი, 2013 წელი).
13.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული პრინციპი - შეჯიბრებითობა - უზრუნველყოფს მხარეებს თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
13.3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიცაა შესაგებელი. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება, მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი.
13.4. კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება გამომდინარეობს 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან (ივარაუდება, რომ შედავებული უნდა იყოს დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტები და არა სამართლებრივი მოსაზრებები, ე.ი. ისეთი ფაქტები, რომელთა არსებობა წარმოშობენ მოთხოვნას), წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები, დამტკიცებულად ითვლება. მოპასუხის მხრიდან არსებითი ხასიათის შედავების შემთხვევაში, მოსამართლემ უნდა მოიძიოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც გამორიცხავს, წყვეტს ან აფერხებს მოთხოვნის განხორციელებას, ხოლო ნორმის წინაპირობების შემოწმება იმავე წესით ხორციელდება. აქაც მნიშვნელოვანია რას პასუხობს მოსარჩელე მოპასუხის არსებით შედავებას, არ არის გამორიცხული მოსარჩელემაც კვალიფიციური პასუხი გასცეს მოპასუხის ამგვარ განმარტებას. ამდენად მოსამართლე ასე უწყვეტად გადადის მოსარჩელის სტადიიდან მოპასუხის სტადიაზე და პირიქით, ვიდრე არ დასრულდება მხარეთა განმარტებების ურთიერთგაცვლის პროცესი, რომლის შედეგადაც უნდა გაირკვეს უდავო და სადავო (მტკიცების საგანში შემავალი) ფაქტები. შესაგებლის შინაარსობრივი მხარე, განსაკუთრებით ფაქტობრივი ნაწილი, გავლენას ახდენს მტკიცების ტვირთზე.
13.5. საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ მოპასუხე საკუთარ შესაგებელს (იხ. შეპასუხება მე-2 ფაქტობრივ გარემოებაზე, ს.ფ. 35) აფუძნებდა, მათ შორის, იმ გარემოებას, რომ სადავო ნაგებობა სწორედ იმ კონფიგურაციით იყო აშენებული, როგორც ამას ითვალისწინებდა 2002 წლის 04 იანვარს გაცემული მიწის ნაკვეთის ტექნიკური პასპორტი. საგულისხმოა, რომ დასახელებული გარემოების გაქარწყლების მიზნით მოსარჩელე მხარეს საპროცესო ძალისხმევა არ გაუწევია - საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დასრულებამდე არ შეწინააღმდეგებია შესაგებელში დასახელებულ ფაქტს შენობის ტექნიკური პასპორტის მონაცემებთან შესაბამისობაზე და არც საპირწონე მტკიცებულების მოპოვებაზე უზრუნია, რითაც მოსარჩელე მხარემ საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოშივე, არსებითად განსახილველად გადაცემის ეტაპიდან, სსსკ 219.1 მუხლის შესაბამისად, დაკარგა ამ გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულების სასამართლოში წარდგენის უფლებამოსილება, რაც, სსსკ 380-ე და 407-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, განაპირობებს ამგვარი მტკიცებულების შექმნისა და ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარდგენის უფლების არარსებობასაც.
14. რაც შეეხება უშუალოდ საკასაციო საჩივრის სამართლებრივ ბედს, საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
15.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
15.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
15.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
16. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172.2 მუხლი, რომლის თანახმადაც, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანით.
17.1. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ არსებობს საკუთრების უფლების დაცვის ორი საშუალება – ვინდიკაციური და ნეგატორული სარჩელები. ნეგატორულ სარჩელს მხარე აღძრავს მაშინ, როცა სხვისი უკანონო მოქმედების გამო, ხელი ეშლება საკუთრების გამოყენებაში. ამ შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მესაკუთრეს უფლებას აძლევს, მოსთხოვოს დამრღვევს ხელშეშლის აღკვეთა. თუ მის მოთხოვნას ეს უკანასკნელი არ დაეთანხმება და ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს. ზემოაღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მესაკუთრეს ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა და ამასთან, ამის რაიმე საფუძველი ხელშემშლელს არ გააჩნია. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა. ნეგატორული სარჩელი მიმართულია უფლების ისეთი დარღვევის წინააღმდეგ, რაც არ არის დაკავშირებული ნივთის მფლობელობის დაკარგვასთან, მაგრამ ხელშემშლელია ნივთის სარგებლობისა და განკარგვისათვის, ე.ი. პირი მოკლებულია ამ უფლებამოსილებათა განხორციელების შესაძლებლობას, რადგან სხვა პირი თავისი მოქმედებით ხელს უშლის მათ რეალიზებას. ამ სარჩელის საფუძველია გარემოებები, რომლებიც აფუძნებენ მოსარჩელის მიერ ნივთის სარგებლობისა და განკარგვის უფლებამოსილებას, ასევე ამტკიცებენ, რომ მესამე პირთა მოქმედება აბრკოლებს მათ განხორციელებას (იხ. სუსგ. №ას-25-2021, 27.04.2021წ.).
17.2. ნეგატორული სარჩელის განხილვისას სასამართლო ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. აღნიშნული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით (იხ: სუსგ. №ას-370-2023, 19.05.2023წ.; №ას-189-2023, 05.04.2023წ.; №ას-778-2019, 05.07.2019წ.; №ას-843-809-2016, 26.10.2016წ.; №ას-1041-998-2016, 12.02.2016 წ.).
17.3. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მესაკუთრეს შეუძლია თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ნივთებით, არ დაუშვას მესამე პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. მესაკუთრეს შეუძლია განახორციელოს პოზიტიური უფლებამოსილებანი, ან ნეგატიური - გამორიცხოს ნებისმიერი მესამე პირის მიერ ქონებით სარგებლობა.
17.4. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში მიუთითებს, რომ სსკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნეგატორული სარჩელი წარმატებულია, თუკი მოსარჩელე დაამტკიცებს, რომ მას ხელი ეშლება საკუთრებით/თანასაკუთრებით თავისუფალ სარგებლობაში და ეს ხელშეშლა არ გამომდინარეობს ლეგიტიმური საფუძვლიდან. საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის უფლება წარმოიშობა მაშინ, როცა არსებობს შემდეგი საფუძვლები: ა) მოსარჩელე არის ნივთის მესაკუთრე; ბ) ნივთი მესაკუთრის მფლობელობაშია; გ) მოპასუხე ხელყოფს ან სხვაგვარად ხელს უშლის მოსარჩელეს თავისი საკუთრებით სარგებლობაში. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა წარმოადგენს. ფაქტის არსებობა კი, როგორც წესი, დადასტურებული უნდა იქნას სათანადო მტკიცებულებებით (მრავალთა შორის იხ. სუსგ. №ას-1250-2018, 21.12.2018წ.; №ას-826-2021, 17.11.2021წ.).
18.1. განსახილველ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ......... საკადასტრო ერთეულზე რეგისტრირებული 04/1 შენობის ფაქტობრივი ნიშნული იჭრება ......... საკადასტრო ერთეულის საზღვრებში 4.33 კვ. მეტრით. ასევე, 01/1 შენობა იჭრება 0.32 კვ. მეტრით. ამრიგად, წარმოშობილია სანივთო სამართლის სამეზობლო ურთიერთობათა მომწესრიგებელი ნორმების გამოყენების აუცილებლობა, რომელთა მიზანიც მეზობლებს შორის არსებული დავების გადაჭრა და მშვიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფაა. სამეზობლო სამართლის ნორმებით დგინდება მეზობელ მიწის ნაკვეთსა ან სხვა უძრავ ქონებაზე დასაშვები ზემოქმედების ფარგლები, „მეზობელი მესაკუთრის“ ვალდებულება. მეზობელი უძრავი ქონების მესაკუთრეებს შორის მრავალგვარი კონფლიქტი შეიძლება არსებობდეს, თუმცა სამეზობლო სამართლის ნორმებში თავმოყრილია მხოლოდ კანონმდებლის მიერ მოსაწესრიგებლად მიჩნეული საკითხები. პრაქტიკაში გავრცელებულია სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის, დაუშვებელი ხელყოფის, სხვის მიწის ნაკვეთზე გადასვლის შემთხვევებთან დაკავშირებული დავები (იხ. თამარ ზარანდია, „სანივთო სამართალი“ , თბილისი, 2019 წელი, გვ. 263) (იხ. სუსგ. №ას-1065-2020, 08.04.2021წ.)
18.2. მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს. მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება [სსკ-ის 174-ე მუხლი]. აღნიშნული ნორმა, რომელიც სამეზობლო თანაცხოვრებისას მესაკუთრეთა ინტერესების დაბალანსებას ეხება, კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების გარდა, მეზობლებს ავალდებულებს, პატივი სცენ ერთმანეთს. ურთიერთპატივისცემა, უწინარესად, თითოეული მესაკუთრის მიერ ქონებით სარგებლობისას, საკუთარ ვალდებულებას ეხება, პატივი სცეს მეზობლის უფლებას, რაც, შესაძლოა, საკუთარი ქონებით სარგებლობის გარკვეულ შეზღუდვაშიც გამოიხატოს. საკუთრება, როგორც ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება, სოციალური მოვლენაა, რომელსაც დაცვა და მეზობელთა შორის ურთიერთობისას მოფრთხილება სჭირდება (იხ. სუსგ. №ას-1046-1007-2016, 03.02.2017წ.).
18.3. სსკ-ის 179-ე მუხლის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მშენებლობის დროს განზრახვის გარეშე გადასცდა მეზობელი ნაკვეთის საზღვრებს, მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრემ ეს უნდა ითმინოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამის წინააღმდეგ წინასწარ ან შეტყობისთანავე განაცხადა. საზღვრის დამრღვევი მეზობელი ვალდებულია გადაიხადოს ფულადი კომპენსაცია, რომელიც ყოველწლიურად წინასწარ უნდა იქნეს გადახდილი.
18.4. სსკ-ის 179-ე მუხლი ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მშენებელობის დროს განზრახვის გარეშე გადასცდა მეზობელი ნაკვეთის საზღვარს. საკვანძო საკითხი ამ დროს არის ის, თუ როგორ მოხდა საზღვრის გადაცდენა - განზრახი თუ გაუფრთხილებელი მოქმედების შედეგად. ნორმის მიზანია, დააბალანსოს მიწის მესაკუთრეთა ინტერესები, როდესაც მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მშენებლობის დროს განზრახვის გარეშე გადასცდება მეზობელი ნაკვეთის საზღვრებს. მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრის თმენის ვალდებულება ანაზღაურდება შესაბამისი ფულადი კომპენსაციით. სსკ-ის 179-ე მუხლი არის ამავე კოდექსის 170-ე მუხლის მოდიფიცირება იმ თვალსაზრისით, რომ მიწის ნაკვეთის მესაკუთრის უფლება მეზობელი მიწის ნაკვეთიდან საზღვრის დარღვევით განხორციელებული მშენებლობით იზღუდება. ნორმის მიხედვით, არსებობს საჯარო ინტერესი, შენარჩუნდეს მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი ნაგებობის ეკონომიკური ერთიანობა, რის გამოც მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს მშენებლობის განმახორციელებელი მეზობლის მიმართ არ აქვს ნაგებობის დანგრევის მოთხოვნის უფლება (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, თბილისი, 2018, გვ. 103).
18.5. ამდენად, კანონი, ერთი მხრივ, იცავს ნაგებობის მესაკუთრის ინტერესებს, ხოლო, მეორე მხრივ, უფლებადარღვეულ მესაკუთრეს ანიჭებს თმენისათვის კომპენსაციის მიღების უფლებას. საკუთრების ბოჭვის ამგვარი წინაპირობა სრულად შეესაბამება საკუთრების ინსტიტუტის სოციალურ არსს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი პუნქტითაა რეგლამენტირებული (იხ. სუსგ. №ას-740-692-2017, 27.10.2017წ.).
19. განსახილველ საქმეში დადგენილია, რომ მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე განზრახ არ გადაცილებულა საზღვარს, სახელდობრ: წარმოდგენილი სიტუაციური გეგმისა (გვ. 20-21) და ტექნიკური პასპორტის (გვ. 65) ურთიერთშედარებით, სხვა, უფრო სპეციალური მტკიცებულების საქმეში არარსებობის პირობებში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ ს.ს.ი.პ. ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორიის 2024 წლის 08 თებერვლის ცნობა-დახასიათებაზე თანდართულ სიტუაციურ გეგმაში ასახული 04/1 შენობისა (ს/კ .........) და 01/1 შენობის კონფიგურაცია არსებითად შეესაბამება 2002 წლის 04 იანვრის ტექნიკურ პასპორტზე დატანილ ნახაზს, მაშასადამე, მიიჩნევს, რომ მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე გადაცდენა წარმოადგენს არა 2017 წლიდან მოყოლებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგს, არამედ, არსებული ფაქტობრივი ვითარება შექმნილია ჯერ კიდევ ავტოფარეხის აგების მომენტში, ესე იგი, სულ მცირე, 2002 წლიდან მოყოლებული.
20. საგულისხმოა, რომ მოსარჩელეს საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე, რომელზედაც გადასულია მ.რ–ძის კუთვნილი ნაგებობა, მოპოვებული აქვს 2023 წლის 31 მაისს, ესე იგი, მას შემდეგ, რაც დასრულდა ავტოფარეხის სილამაზის სალონად გადაკეთების სამუშაოები. საქმეში დაცული არ არის რაიმე მტკიცებულება, რომელიც ნათელყოფს, რომ ავტოფარეხის მომიჯნავე მიწის ნაკვეთის წინა მესაკუთრემ სადავოდ გახადა მის ნაკვეთზე ნაგებობის ნაწილის გადაცდენის საკითხი; შენობის სადავო ნაწილი წლების მანძილზე რ.მ–ძის წინამორბედი მესაკუთრის მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა, რაც მოსარჩელეს ქონების შეძენისას სადავოდ არ გაუხდია, არამედ, ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაადასტურა, რომ ნასყიდობის საგნის ხარისხი შეთანხმებული იყო მხარეებს შორის, იგი ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნეოდა და მყიდველმა მოწიონა მისი მდგომარეობა და ხარისხი (ს.ფ. 85-86). აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს წარმოეშვა სსკ-ის 179.1 მუხლით დადგენილი თმენის ვალდებულება, რის გამოც მისი საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა.
21. ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). სამართლებრივ შეფასებებთან მიმართებით წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზიები კი, არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ დასაშვებობის არცერთ კრიტერიუმს.
22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
23. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამრიგად, კასატორს, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის გამო, უკან დაუბრუნდება მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელწიფო ბაჟის - 150 ლარის 70%, რაც შეადგენს 105 ლარს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ.მ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. რ.მ–ძის შუამდგომლობა საქმეზე მტკიცებულების დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
3. რ.მ–ძეს დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულება - Nა-2888-25 შუამდგომლობაზე დართული ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N 001079025 დასკვნა დანართებით, მთლიანობაში „9“ ფურცლად.
4. რ.მ–ძეს (პ/ნ ........) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის (საგადასახადო დავალება № 4262, გადახდის თარიღი: 03.06.2025წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“) 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი