დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 21.05.2026
საქმის ნომერი
ას-1510-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

21 მაისი, 2026 წელი,საქმე №ას-1510 -2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მიქაბერიძე,ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - ე., ე., ა. და ს. გ–ები (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე - მ.ს–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ე. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც 1-ლი მოსარჩელე, აპელატი ან კასატორი), ე. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოსარჩელე, აპელატი ან კასატორი), ა. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესამე მოსარჩელე, აპელატი ან კასატორი) და ს. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეოთხე მოსარჩელე, აპელატი ან კასატორი), გ–ები ასაჩივრებდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ოქტომბრის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 5 მარტის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით, მ.ს–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების თაობაზე აღძრული მოთხოვნა სასამართლოს მიერ უარყოფილი იქნა.

საკასაციო პრეტენზიით, გასაჩივრებული განჩინება მატერიალურ - სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, სახელდობრ:

1.1. კასატორების მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს საქმეში წარდგენილი მტიცებულებები რასაც შედეგად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 16 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. თბილისში, ........... მდებარე უძრავი ქონებიდან 114,97 კვ.მ მეორე მოსარჩელის, 139,64 კვ.მ მესამე მოსარჩელის, სხვენი, შენობა N3, 4, 6, 7 მესამე და მეოთხე მოსარჩელეების თანასაკუთრება, 8.88 კვ.მ. ფართი კი, პირველი მოსარჩელის საკუთრებაა.

4.4. ..........ქუჩა N8-ში მდებარე 93 კვ.მ ფართობის ბინა N1, მოპასუხის საკუთრებაშია, რომელიც თანასაკუთრების უფლებით 4 კვ.მ ტუალეტსაც ფლობს.

4.5. ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე უძრავი ქონება არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

4.6. მოპასუხემ საპემონტო სამუშაოები თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურის თანხმობით დამტკიცებული პროექტის მიხედვით შეასრულა.

4.7. მოსარჩელეების სახლის სახურავი მოპასუხის მიერ საკუთრების შეძენამდე იყო დაზიანებული, კერძოდ, 2023 წლის ნოემბერში პირველმა მოსარჩელემ განცხადებით მიმართა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს და მიუთითა, რომ შენობას ბზარები და სხვა სახის ნაკლოვანებები გააჩნდა, რაც ნორმალური საცხოვრებელი გარემოს შენარჩუნებას ხელს უშლიდა და საჭიროებდა რეაბილიტაციას. განცხადებაზე თანდართული ფოტოებით დასტურდება, რომ თუნუქის გადახურვის გარკვეული ნაწილი სხვა ფერის თუნუქის ზედაპირითაა ჩანაცვლებული.

4.8. სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2024 წლის 23 ოქტომბრის დასკვნის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ექსპერტიზის დასკვნა) თანახმად, თბილისში, ..........ქ. N8-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სახურავი დღეის მონაცემებით დაზიანებულია, კერძოდ, სახურავს ესაზღვრება მეზობლის აივანი, სადაც მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები და აივნის იატაკისა და მოაჯირის ქვემოთ არსებულ სახურავთან არსებულ დაკავშირებაზე, სახურავს აღენიშნება მექანიკური დაზიანება, საიდანაც შესაძლებელია მოხდეს ატმოსფერული ნალექების ჩადინება. ასევე სახურავზე დასაწყობებულია სამშენებლო მასალების ნარჩენები და დგარები, რომელსაც შესაძლებელია გამოეწვია მოწყობილი თუნუქის სახურავის რამდენიმე ლოკაციაზე დაზიანება (გახევა) (იხ. ექსპერტიზის დასკვნა).

4.9. დამოუკიდებელი აუდიტორის ინსპექტირების ანგარიშის თანახმად, თბილისში, ..........ქუჩა N8-ში არსებული შენობის სახურავის დაზიანებით მიყენებული ზარალი - 40 000 ლარია (იხ. აუდიტის შეფასების ანგარიში; მხარეთა ახსნა-განმარტება ს.ფ. 33-42; დამოუკიდებელი აუდიტორის ინსპექტირების ანგარიში).

4.10. ზიანის გამომწვევი კონკრეტული მოტივები არც ერთი საქსპერტო დასკვნით არ დადგენილა.

4.11. დელიქტის შემადგენელი ოთხივე წინაპირობის არსებობა (ქმედება, შედეგი, მიზეზობრივი კავშირი და ბრალი) სარწმუნო და ვარგისი მტკიცებულებებით არ დასტურდება.

5. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უსაფუძვლობა, სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლების ფაქტობრივი წინაპირობების არარსებობამ განაპირობა.

6. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი

დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).

7. კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე.

განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, რომელიც წარმოიშობა პირის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან, დელიქტური ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ანაზღაურების გადახდა, შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო და უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა სახეზეა.

8. საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტებით, კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი წინაპირობების განხორციელებაზე.

თავისთავად დელიქტური პასუხისმგებლობა, როგორც იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე, მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა, რომლის სტრუქტურულ ელემენტს წარმოადგენს მიზეზშედეგობრივი კავშირი და ბრალი.

შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია, გათვალისწინებულ იქნეს მიზეზშედეგობრივი კავშირი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და შედეგს შორის, ანუ მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას (შდრ. სუსგ № ას-809-776-2016, 04.04.2017).

9. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე სადავოდ ხდის ზიანის ანაზღაურებაზე საკუთარი პასუხისმგებლობის საკითხს და აცხადებს, რომ უშუალოდ მის მიერ კანონით დადგენილი ნორმების დაცვით, განხორციელებული სარემონტო სამუშაოების შედეგად მოსარჩელეების სახლის სახურავის დაზიანების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არაა წარდგენილი.

10. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისა და მოპასუხის სტადიებზე გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ერთობლივად შესწავლისა და გაანალიზების გზით დასაბუთებული და კანონიერი განჩინება მიიღო, რომლის საკასაციო წესით გასაჩივრებისას მოსარჩელეებმა ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა და დასკვნები, ვერ გააქარწყლეს ისინი დასაბუთებული საკასაციო შედავებით.

ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს სამართლით მოწესრიგებული ურთიერთობებიდან მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

11. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია, მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

11.1. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმისწარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას. მხარეებს შეუძლიათ საქმისწარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

11.2. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის, ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).

11.3. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები სრულიად თავისუფალი არიან, მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებს ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება დავას.

11.4. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურსამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ.

ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და, პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის წარმომშობი ყველა გარემოება, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, „სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა“, თბ., 2003, გვ.64).

12. ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს, რომელიც სასამართლო პროცესში წარმოადგენს მოსარჩელეს. ზიანის ანაზღაურების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს რეალურად განცდილი დანაკარგების ჯამს. ის არ უნდა ატარებდეს მოვალის მიმართ სადამსჯელო ხასიათს და არ უნდა წარმოადგენდეს საჯარიმო სანქციას, რამეთუ ვალდებულების დარღვევისათვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის არსი მდგომარეობს კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაში და არა მოვალის დასჯაში. ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი მიმართულია ვალდებულების დარღვევის პრევენციისა და მხარეთა ინტერესთა წონასწორობის აღდგენაზე. საჯარიმო სანქციები ქართული სამართლისათვის უცხოა. ზიანის ანაზღაურება გულისხმობს შემდეგი პრინციპების დაცვას: ზიანის სრულად ანაზღაურება; უსაფუძვლო გამდიდრების არდაშვება; ადეკვატურობა; სავარაუდოობა.

13. მიზეზობრივი კავშირი სამართალდარღვევის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია. ანაზღაურდება მხოლოდ ისეთი ზიანი, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედებით იყო გამოწვეული. იმისათვის, რომ მოვალეს დაეკისროს პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, წარმოადგენს თუ არა ზიანი მოვალის მოქმედების უშუალო შედეგს. სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, ,,ანაზღაურდება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი უპირატესობას ანიჭებს უშუალო მიზეზობრივი კავშირის თეორიას. ანუ პირი მხოლოდ მაშინ აგებს პასუხს ზიანისათვის, როცა მისი ქმედება ადეკვატურ კავშირშია დამდგარ შედეგთან/ზიანთან (causa principalis sine qua non) ანუ დამდგარი ზიანი დარღვეული ვალდებულების რეალური და მოსალოდნელი შედეგია და მისი მიზეზობრივი კავშირი ქმედებასთან ობიექტური გადმოსახედიდან დასტურდება. სავარაუდობა სახეზეა, თუ შედეგის დაშვება შეგნებული მოვალის პერსპექტივიდან ობიექტურად შესაძლებელი იყო (შდრ. ჰ. ბიოილინგი, პ. ლუტრინგჰაუსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ცალკეული მოთხოვნის საფუძვლების სისტემური ანალიზი, თბილისი, 2009 წ., გვ. 48).

14. ბრალი სამართალდარღვევის შემადგენლობის უმნიშვნელოვანესი სუბიექტური ელემენტია. ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპი, საყოველთაოდაა აღიარებული სამოქალაქო სამართალში. სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, ვალდებულ პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიყენებული ზიანისათვის. სამოქალაქო სამართალში განასხვავებენ ბრალის ორ ფორმას: განზრახვა (dolus) და გაუფრთხილებლობა (culpa), რომლებიც პირის ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ელემენტებია. ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არსებობის შემთხვევაში, ნავარაუდები სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენის ორიენტირი სახელშეკრულებო თუ არასახელშეკრულებო ზიანის დადგომის შემთხვევაში (სსკ-ის 326-ე მუხლი), განმტკიცებულია სსკ-ის 408.1 მუხლში, რომლის ნორმატიული მიზნიდან გამომდინარეობს, რომ განხორციელდეს იმ ვითარების აღდგენა, რომელიც იარსებებდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების დადგომამდე, ე.ი. ვალდებულების დარღვევამდე.

15. ამდენად, დელიქტური ზიანი განცდილი ზიანის კომპენსირებაში მდგომარეობს, რომელიც მოსარჩელეს მიადგა უშუალოდ მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით. ფაქტობრივ გარემოებებზე მითითება და რელევანტური მტკიცებულებების წარდგენა კი, ერთმნიშვნელოვნად მოსარჩელის საპროცესო ვალდებულებაა.

16. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედების დადასტურების, ასევე ასეთ ქმედებისა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეებს/კასატორებს ეკისრებოდათ. მათ კი, ვერ შეძლეს დაკისრებული მტკიცების ტვირთის წარმატებული რეალიზება, საქმეში სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო.

17. აღნიშნულ მსჯელობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას მიაქცევს მოპასუხის მიერ საქმეში წარმოდგენილ მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხველ შესაგებელზე სადაც აღნიშნულია, რომ შენობა მანამდეც ავარიული იყო და აღდგენა/რეკოსნტრუქციას საჭიროებდა. მოპასუხეს ნაგებობაზე არავითარი „მიშენება“ და „დაშენება“ არ განუხორციელებია. სარემონტო სამუშაოები ჩატარდა ქალაქ თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებისა და მათი მხრიდან თანხმობის მიღების შემდეგ, დამტკიცებული პროექტის მიხედვით, რაც ცხადია არ წარმოადგენს „კანონშეუსაბამო“ და „უნებართვო“ საქმიანობას, როგორც ამას მოსარჩელეები უთითებდნენ.

პალატა ყურადღებას ამახვილებს მტკიცებულებებზე, საიდანაც დასტურდება, რომ აღნიშნული შენობა მანამდეც იყო ავარიული და ის საჭიროებდა აღდგენა/რეკოსნტრუქციას. საყურადღებოა, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი საექსპერტო დასკვნა არ ადგენს ზიანის გამომწვევ მიზეზებს, საპატრულო ეკიპაჟის 2024 წლის 10 ივნისის რეაგირების ოქმითაც არ დასტურდება მოპასუხის ქმედების საფუძველზე მოსარჩელეებისთვის ზიანის მიყენება, უფრო მეტიც 2023 წლის ნოემბერში თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში წარდგენილი განცხადებით პირველი მოსარჩელე თავადვე უთითებდა, რომ შენობას ბზარები და სხვა სახის ნაკლოვანებები ჰქონდა, რაც ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას ხელს უშლიდა და ნაგებობა საჭიროებდა რეაბილიტაციას. განცხადებაზე თანდართული ფოტოებით დასტურდებოდა, რომ განცხადების წარდგენის პერიოდისთვის თუნუქის გადახურვის გარკვეული ნაწილი სხვა ფერის თუნუქის ზედაპირით იყო ჩანაცვლებული.

18. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ საქმეში დაცული მტკიცებულებებით, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად გამოკვეთილია, მოსარჩელეების სახლის სახურავის მოპასუხის მიერ საკუთრების შეძენამდე დაზიანების ფაქტი და საცხოვრებელ სახლის მდგომარეობასთან დაკავშირებით მათი მითითება დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა. დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება კი, შესაძლებელია თუ ზიანი მიყენებულია უშუალოდ მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი და ასევე სახეზეა ზიანის მიმყენებლის ბრალეული მოქმედება. წინამდებარე დავის ფარგლებში კი, დელიქტური პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის სავალდებულო წინაპირობების არსებობა ცალსახად ვერ იქნა გამოვლენილი და სარჩელი მართებულად იქნა უარყოფილი.

19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

20. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივრები დასაშვები იქნებოდა.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

22. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ რუსტამ ა–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2 000 ლარის (საგადასახდო დავალება #32347617858, გადახდის თარიღი 09.03.2026წ), 70% - 1400 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე., ე., ა. და ს. გ–ების საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ე. (პ/ნ ........), ე. (.........), ა. (..........) და ს. (პ/ნ ........) გ–ებს დაუბრუნდეთ რ. ა–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2 000 ლარის (საგადასახდო დავალება #32347617858, გადახდის თარიღი 09.03.2026წ), 70% - 1400 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

ბადრი შონია